Translate

Wednesday, April 27, 2016

ბაბუაწვერას მდელოები - ოთარ ჩხეიძის წიგნზე “შესანდობარნი”

მაია ჯალიაშვილი
            


მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები~ 
  შოთა რუსთაველი
                                                                  “ვადღეგრძელებდეთ ცოცხლებსა, მკვდრისა ვთქვათ შესანდობარი!”
                       ვაჟა-ფშაველაკაი ყმა

კვალს, რომელსაც დიდებული ადამიანები ტოვებენ, ვერასოდეს წაშლის დრო, ვერასოდეს დაფარავს ყოვლისშემძლე მტვერი. ისინი ყოველგვარ სამყაროულ წეს-კანონებს არღვევენ, რომელთა მიხედვითაც, არაფერია წარუვალი. ისინი, გარდაცვლილნი, გონებამუწვდომელ სფეროთა მკვიდრად გადაქცეულნი, კვლავაც ცოცხალთა შორის არიან, მათი მეხსიერების განუყრელი თანამდევნი, წიგნის განზომილებას დროებით შეფარულნი, რომ მკითხველის წარმოსახვაში კვლავაც ისეთივე ვნებითა და სიმძაფრით შემოიჭრან, როგორც მაშინ, როცა ღვთის კაცებივით გამორჩეულნიმიწისა და ცის შუამავლებივით დააბიჯებდნენ ცოცხალთა შორის და ამღელვარებდნენ ნაცრისფერ ყოფას თავიანთი მოღვაწეობითა და შემოქმედებით, თავიანთ არაჩვეულებრივ სიზმარეულ ხილვებს მიწას უსაშველოდ მიჯაჭვულ ადამიანებს უზიარებდნენ, ზეცისკენ გაახედებდნენ  და დააფიქრებდნენ მშვენიერების საიდუმლოებაზე.
მათ მოილიეს წუთისოფელი, გადალახეს მისი მყიფე საზღვრები და მარადისობა გვიქციეს ისევე ხელშესახებად და შესაგრძნობად, როგორც აღვიქვამთ კიაფს შორეული ვარსკვლავებისას, რომლებიც გვარწმუნებენ თავიანთ არსებობაში, თუმცა იმ სინათლის მიღმა, რომელსაც ისინი აფრქვევენ, შეიძლება მხოლოდ  “წმინდა წყვდიადი იყოს”, ყოველგვარ წარმოსახვაზე აღმატებული, შეუმეცნებელი, ღამის დამრღვევი მშვიდი ნათელი კი მხოლოდ მათი ოდესღაც არსებობის კვალი იყოს, ახლა მხოლოდ უსასრულო მოგზაურობის ანარეკლი.
სიკვდილი რომ კარია, სხვა, უცნობ და მიუწვდომელ სამყაროებში, ამას შეიგრნობ ოთარ ჩხეიძის ამ წიგნის კითხვისას. იგი შეგვახვედრებს ადამიანებს, კვლავაც სიცოცხლის ჟინითა და გზნებით რომ შეგვეგებებიან, ფურცელთა მყუდროებას მოარღვევენ და წარმოსახვაში ცოცხლად აღიბეჭდებიან.  
შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა....
სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია,
მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა,
მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან” (შექსპირი, 31- სონეტი).
ემოციური და აზრობრივი ნაკადები, პალიმფსესტივით, დროსივრცის სხვადასხვა შრიდან შემოიჭრებიან და მკითხველის შთაბეჭდილებაში მძაფრად აღიბეჭდებიან. ნოველასავით დაწერილი ყოველი შესანდობარი მხატვრულ-დოკუმენტური პოეტური პროზაა, რომელსაც ოთარ ჩხეიძე თავისი ხელწერით განუმეორებელ ელფერს ანიჭებს. ჩვენთვის ცნობილ ამ ტიპის ტექსტებს შორის ყველაზე მეტად გიორგი შატბერაშვილის ესესვახსენოთ, ვუთხრათ ქებასეხმიანება, რაზიკაშვილებს, გამორჩეულ ოჯახს რომ წარმოაჩენს
მთელი წიგნი რომანტიკული სულით არის გაჟღენთილი, ადამიანთა თანაგრძნობით, სიყვარულით და ყოველივე იმით, რაც ალამაზებს ხშირად გაუსაძლის ყოფას. დასამახსოვრებელია ყოველი პორტრეტი, კოლორიტული სახეები, ფერწერული ტილოებივით რომ თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ არა მხოლოდ ადამიანთა ხასიათებს, გარეგნობის დეტალებს, არამედ მთისა და ბარის, სოფლისა და ქალაქის, დილისა და საღამოს პეიზაჟებს. თხრობა ფერადოვანიცაა და მუსიკალურიც, ხშირად რიტმული და გამოკვეთილი მელოდიურობით აღსავსე. “მე სულ სხვაგვარად დავწერდიო”, _ თვითონვე ამბობს იმ ამბავზე, ვანო ურჯუმელაშვილმა რომ მოაქცია მერე მხატვრულ ქარგაში. ნამდვილი ამბავი ნოველას დაამსგავსა, ოღონდ გმირები იგივე დატოვა: გიორგი ლეონიძე, ოთარ ჩხეიძე, მაშო და თვითონ, მთხრობელი. სწორედ ეს სხვაგვარად წერაა, ოთარ ჩხეიძეს დღემდე მიუბაძველ მწერლად რომ აქცევს. ძალიანაც რომ ეცადო, ვერ გაიმეორებ, რადგან მისი სტილი არა  მხოლოდ გარეგნულ იოლად აღსაქმელ ხვეულებშია საგულვებელი, არამედ უფრო იმ სულში, რომელიც  მონათხრობს უცხო და უცნაური ელფერით მოსავს. “მწერლობაც ეს არის, _ სხვაგვარად წერა არის მწერლობა. სხვაგვარადა. სხვაგვარადა”,_ დასძენს მწერალი და ხვდები, რომ თვითონ მისთვისაც ბოლომდე არ არის შეცნობილი ის საიდუმლო, სხვაგვარად რომ მოათხრობინებს ამბავს.
ამ შესანდობრებში თვითონაც ჩაიხატება სიყვარულითა და სინათლით სავსე თვალებითყოველ საგანსა თუ მოვლენას ყველგანშემღწევი მზერით, კეთილი გულითა და სიბრძნით რომ  მოიხელთებს, შესაფერის სიტყვაშიც მარჯვედ გახვევს, დროს გამოგლეჯს და მარადისობას გადაულოცავს საპატრონოდ და მოსაფრთხილებლად.
ეს შესანდობრები მდიდარი მასალაა ლიტერატურის ისტორიკოსთათვის, მკვლევარებისთვის, იმათთვის, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ ბიოგრაფიული რომანების წერასა თუ რაიმე სახის გამოკვლევის შექმნას წიგნში წარმოჩენილ მწერლებზე.
ნაკაკლნარიჰქვია ერეკლე ტატიშვილის შესანდობარს. მწერალი არღვევს შესანდობრის ტრადიციულ ჩარჩოებს. მკითხველის წარმოსახვაში აცოცხლებს ეპიზოდებს მისი საიდუმლოებებით აღსავსე ცხოვრებიდან. სწორედ ამგვარი საიდუმლოების განცდა დაჰყვება მთელ შესანდობარს. მას უბრალოდ კი არ სურს გახსენება კაცისა, რომელმაც ბევრი რამ ღირებული შექმნა, არამედ მეგობრისა, სულიერი და ხორციელი ნათესავისა, რომელიც, დილით ადრე ამდგარი, “გაიღიმებდა სანდომიანი ღიმილითა, გაიღიმებდა მთელი სახითა და წავიდოდა ნელინელადა, მოკრძალებითა, მორიდებითა, ყვავილები არ გავაღვიძოო”. ეს მოკრძალება ამხელს, როგორ განიცდიდა ერეკლე ტატიშვილი ყოფას მისტერიად და როგორ იყო ჩართული თვითონაც სიცოცხლის უხილავ, მოზეიმე მდინარებაში. მწერალი გვიხატავს აჩეხილ კაკლნარში როგორ ხვდება ერეკლე ტატიშვილი თავის უზრუნველ ბავშვობას და როგორც მარსელ პრუსტისდაკარგული დროის ძიებაშია”, აქაც, დიდედა დარეჯანის გაკეთებული სურნელოვანი და გემრიელი მახოხის გემოს მოჰყვება მოგზაურობა წარსულში. მკითხველიც ცხადად ხედავს სუფთათვალებიან ბიჭს, წიგნით ხელში, განმარტოებულს, შორეულ ხმებსა და ფერებს მიყურადებულსერთადერთმა გადარჩენილმა კაკალმა დაიბუბუნა: “გიცანი, გიცანიოდა გაახსენა ლურჯ საღამოს შეფარებული გაუმხელელი სიყვარული: “ეგებ უჯობდა, არ აჰყოლოდა ზარატუსტრასო”. მკითხველსაც ჩაეღვრება გულში ნაღველი, რომრაც უნდა მომხდარიყო, აღარ მოხდება”. “ეზიარა საკიამუნსა, ნირვანას მისწვდა და იმეორებდა: ნირვანა სრულყოფაა, ნირვანა არყოფნაა”.
მწერალი მხოლოდ ერთ ეპიზოდს ხატავს ერეკლე ტატიშვილის ცხოვრებიდან, სოფელში ჩასული როგორ შეაბიჯებს წარსულში და როგორ ცდილობს ბედისწერის ამოცანის გამოცნობასმაგრამ არაფერს ნანობს, თუმცა აკრთობს ფიქრი: “ეგება მაინც უკეთესი იყო ჩიტების ჟღურტულს აჰყოლოდა ჟღურტული იმის შვილიშვილებისაცა...”. ვინ იცის...  შეიძლება რომელიმე მკითხველმა, რომელიც ამ შესანდობრის კითხვისას საოცარი სევდით დაიმუხტება და სულ სხვანაირად წარმოიდგენს ნირვანაზე შეყვარებულ ერეკლე ტატიშვილს.
ამ წიგნში სხვა შესანდობრის გმირებიც სულ სხვანაირად წარმოუდგებიან მკითხველს, ეს ოთარ ჩხეიძის სიტყვის ფერებია, მისი თხრობის საოცარი ხვეულებია, სევდაცა და ღიმილიც გადამდებია და ამიტომაც ასე ღრმად იჭრება მკითხველის წარმოსახვაში ყოველი ეპიზოდი. ყოველი შესანდობარი ნოველასავითაა, ხან გამკრთალი და ხან გამოკვეთილი სიუჟეტით, ლირიკული ნაკადებით.
გალაკტიონის შესანდობარი (“ცვრიან ბალახზე”) პოეტური პროზაა. მწერალი კონტრასტებით ხატავს პოეტის ერთ ცხოვრებისეულ ეპიზოდს _ გაჩახჩახებულ ცხელ დარბაზში ხორაგით დატვირთულ მაგიდასთან ზის ღიმილიანი გალაკტიონი, მჭევრმეტყველური ქებით დაღლილი, ნაქარგი სიტყვებით თავბრუდახვეული. ის აქაც არის, ამ მოჟრიამულე დარბაზში და სხვაგანაც, სადაც შრიალებს ტოტი ვერხვისა, მთვარე ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით. მკითხველი გრძნობს პოეტის ტყვეობას ადამიანთა შორის, თანაუგრძნობს და სურს, მალე გაეცალოს აქაურობის ჩახუთულ ჰაერს. მწერალი ხატავს, როგორ ელოდება გარეთ მრავალხმით აშრიალებული სამყარო გალაკტიონს, რომ მან სიტყვებად აქციოს ჯერარსმენილი და შეუგრძნობელი. სამყაროს ეს მოლოდინი თავის გამომთქმელთან, მხსნელთან შესახვედრად საოცარ განცდას ბადებს მკითხველში, რომელიც ხედავს, როგორ გაიჭრება პოეტი ტყეში, წარმტაც უცხო ხმებს გამოკიდებული, ჩამოიტოვებს ყოველივე ყოფითსა და ამაოს. იმ დარბაზში ქეიფით მიქანცულნი და ძილს მიცემულნი ვერა, მაგრამ ჩვენ, ოთარ ჩხეიძის სიტყვებით ფხიზელნი, მღვიძარენი და მზერაგახსნილნი ვხედავთ: “პირველმა სხივმა როგორ შეჰხსნა კარები ტყისა, როგორ გამოვიდა გალაკტიონი მთლადგაწუწული, თავითფეხებამდე ცვარითაღვსილი, გულზე მიეკრა ვეება კონა ბალახებისა, ყვავილებისა, სახე შიგ ჩაერგო და ციმციმებდა, ციმციმებდა პირველსხივებში”. ასეთი გასხივოსნებული, შარავანდედიანი, სამყაროს პირველაღმომჩენის სიხარულით მადლგადაფენილი სახით აღიბეჭდება პოეტი მკითხველის წარმოსახვაში.
გიორგი ლეონიძის შესადობარს სულ სხვა სილაღე ახლავს _ დოქიანი კაცის ჩვენება შემოიჭრება მკითხველის წარმოსახვაში, საიქიოსა და სააქაოსაც რომ შეართებს ეს ღვინიანი, სველი დოქი, სოფლის უკუღმა ტრიალს კაცს წაღმა რომ აფიქრებინებს: “საიქიო მხოლოდ მდელოა, სხვა არაფერი, თვინიერ მდელოსი, ვეება მდელოსი, უსაზღვროსი, ნამდვილ უსაზღვროსი, ამა ქვეყნად რომ არც დაესიზმრებათ, ისე უსაზღვროსი, მდელოა და ლურჯი კამკამი, მხოლოდ კამკამი, ნიავიც არის, მკრთალი ნიავი, მკრთალი, ოდნავი, მხოლოდ ბაბუაწვერებს რომ შეათრთოლებს” _ ამგვარი პოეზიით მწერალს შევყავართ გარდასულთა სამყაროში, “სილურჯეში, სიკამკამეში, ბაბუაწვერის საფარველქვეშა წვანან და თვლემენ, თვლემენ ასე მარადიულადა, არც მიეცემიან გამთანგველ ძილსა, არც სიფხიზლეს მიუბრუნდებიან, თვლემენ, აჰყოლიან გაბმულ სიზმრებსა, მოგონებებს ასდევნებიან, ჩვენი ცხოვრებაც იქ სიზმრებად მოლანდებიათ და იციან ყველაფერი, აქ რაც მომხდარა, გაიგებენ კვლავ რაც მოხდება, ღიმი გადაჰკრავთ სასიამოთი, შეჩქვიფდებიან თავზარდაცემითა, ოღონდ ვერ გამოვლენ იმა თვლემიდანა, მაინც ვერ გამოვლენ, თავს ვერ დააღწევენ ვერასოდესა”. ასე ამთლიანებს მწერალი სიკვდილსა და სიცოცხლეს, ისევე განუყოფელს, როგორც დილასა და საღამოს. იქ, “იმა მდელოზე მარადისობისა... არცთუ ვინ იცის, ვინ როდის მოსულა, ვინ ძველი ყოფილა, ახალი ვინა, წამი ყოფილა მარადისობა, მარადისობაც წამი ყოფილა, კამკამი ყოფილა სილურჯისა, საბურველი ბაბუაწვერასი, ნიავი რომ მოჰფენს, მკრთალი ნიავი, ლბილი ნიავი”.
და ასეთი ჰარმონიის, ნეტარების მომგვრელი სიკამკამის განცდა არ ტოვებს მკთხველს მთელი წიგნის კითხვისას.
სალიტერატურო ცხოვრების ფერადოვან სურათებს, ჟურნალმნათობისხმაურიანი რედაქციასა და გულღია რედაქტორს სიმონ ჩიქოვანს, “დახვეწილი გემოვნების ღვთაებრივი ნიჭითმომადლებულს, თავისი ცნობილი მეგობრებით, გვიხატავს მწერალი სიმონ ჩიქოვანის შესანდობარში: “იქ საათები აღარ იცოდნენ, აღარ აღელვებდათ საათები, ჟურნალი აღელვებდათ, ლიტერატურა აღელვებდათ, ბედი ლიტერატურისა, ხელოვნების ბედი აღელვებდათ, აღელვებდათ ენა, ენა ქართული, ენა სალოცავი ჩვენი, სახატე ჩვენი. დიდი ტაძარი სხვა ყველაფერი იქით დარჩენილიყო, ამას განსჯიდნენ, ამაზე დავობდნენ, გარსმოხვეულნი რედაქტორის მაგიდასა”. მკითხველის თვალწინ ცოცხლდება ეპოქა, იმედებით აღსავსე, შურიანი და უნიჭო ადამიანების ინტრიგებით ამღვრეული, მონობისა და მორჩილების სენით დაავადებული, მოღვაწე უანგარო კაცთა გამრიყავი. და თხრობაში უცებ მოვარდნილი ფრაზა მკითხველსაც ისევე სცემს თავზარს, როგორც ოდესღაც ავტორს: “იცი, მომხსნეს! მხოლოდ ეს მითხრა და მწარე ღიმილი აეკიდა სახეზედა. მე სიტყვა დამეკარგა, ვერცრა მივუგე, ვერცრა ითქმოდა, თითქოს მდუმარებაც ჩამოწვა, თუმცა ზიმზიმებდა ხალხი, შემოდგომის დაღვინებული მზე აცხუნებდა იაკობის ეზოსა, თქრიალებდა, ჩუხჩუხებდა წყაროები იაკობისა და გულს იგრილებდა დასიცხული ხალხი, დასიცხული შემოდგომისდაღვინებული მზითა”.
 გიორგი შატბერაშვილის შესანდობარი აგებულია მონატრებულ მეგობართან საუბარზე. მწერალი გაანდობს, თუ როგორ შეიცვალა დროება, როგორ დამდაბლდა და დაბეჩავდა ერთხელ უსამართლოდ აღზევებული და სხვათა დამარბეველი კაცი, თანამდებობითა და სკამის ძალის გავლენით ძალამიცემული: “მაშინ დიდი მოვალეობა აწვა, _ ყურს უწევდა მუსიკოსებსა, თვალიდან წამწამს აცლიდა მხატვრებსა, მეცნიერებს თავში უკაკუნებდა, მწერლებს ქოჩორში ჩაავლებდა ხელსა და მელანში უბუცებდა ცხვირსა, დიდი მოვალეობა აწვა”... მაგრამ დრო გავიდა და მასაც წამოეწია ნელად მავალი, მაგრამ მაინც ყოველი დამნაშავის დამსჯელი ბედისწერის სამართალი. კაცუნას შემოეფლითა მბრძანებლის შესამოსელი და გამოუჩნდა უნიღბო, შეშინებული და დაბეჩავებული სახე. ოთარ ჩხეიძე არ ასახელებს ამ ადამიანის გვარ- სახელს, რადგან, როგორც სახარებაშია, ლეგიონია მისი სახელი. ისინი ყოველთვის არიან, ნიჭიერების დამსამარებელნი და უნიჭოთათვის გზისმიმცემნი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხებულნი, ხოლონათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია” (სახარება იოანესი), რადგან ყოველი კეთილი ღვთის ნაწილია და ასეთი ნაწილიანი იყო გიორგი შატბერაშვილი, თავისი მწერლობითა და საქმიანობით სიყვარულის მქადაგებელი.
ოთარ ჩხეიძისეული განუმეორებელი იუმორითაა სავსეღამის მთევლები”. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეპიზოდი, როდესაც გიორგი ლეონიძის მშფოთვარე, მბორგავი, ვულკანური ამორქვევების მსგავსი ძილის გამო მთელი ღამე მღვიძარე გერონტი ქიქოძესა და ლეო ქიაჩელსდილაბნელზე როგორღაც ჩაძინებულებს, დილით, თვითონ კარგად გამოძინებული პოეტი, გაშლილ სუფრას ბუხუნით რომ დასტრიალებს, ვერ ისვენებს, კიცხავს მეგობრებს, რატომ არ დგებიან, რატომ გვალოდინებენ, რატომ იგვიანებენო:  “ღმერთს დაუსჯია ეგენი აგრე, დროზე რო არ იცოდნენ არაფერიო... აი, ჰო ჰხედავთ, რა უკუღმა ამათთვისა წუთისოფელიო, _ ღამე დღე არის ამათთვისაო, დღე ღამე არისო, წადი და აჰყევი, წადი და იარე ამათ ნებაზეო”.
სევდიან-ღიმილიანი მოთხრობააიშვიათი ნიმუში”, ორი, სრულიად განსხვავებული ზნისა და გატაცების პერსონაჟით. ერთი ისტორიკოსია, მეორე _ ბუნებისმეტყველი, ორივე თავის საქმეზეა შეყვარებული, თავის საქმესა და სამშობლოზე. ამიტომაცაა, რომ გული არ უდგებათ აუდიტორიებში, გარეთ, ბუნებასა და სუფთა ჰაერზე გაჰყავთ სტუდენტები, რათა თვალნათლივ შეაგრძნობინონ: ისტორიკოსმა _ რანი ვიყავით და რანი ვართ, ბუნებისმეტყველმა: რა მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა გვაქვს. მკითხველი ცხადად ხედავს შეგირდებთან ერთად მთებსა და გორაკებზე მოხეტიალე დაუღალავ პროფესორებს. მათი პროტოტიპები ცნობილი მეცნიერები: ისტორიკოსი სერგი მაკალათია და  ბუნებისმეტყველი თედო ჟორდანია არიან.
უცქირეთო. უცქირეთ თუ როგორ ვაშენებდითო, როგორც რო სიმაგრესაო და როგორც რო მშვენიერებასაო, _ ასედაც შეჰხედეთ და ისედაც შეჰხედეთო. აი თუ რანი ვიყავითო, აი თუ რანი უნდა ვიყვნეთ, თუ გვინდა რო ვიყვნეთ და ვიყვნეთო. თავი უნდა დაგვეცვა და თვალიც უნდა გაგვეხარებინაო. მტერი უნდა შეგვეძრწუნებინა და კიდევაც უნდა მოგვეჯადოებინაო. კიდევაც ვაღწევდით, რაც რო გვენება, ვაღწევდითო, ხოლო თუ მაინც თუ ვმარცხდებოდით კიდევაცაო, ისევ ჩვენი მიზეზითაო, ჩვენი, ჩვენივე მიზეზითაო, თუ მაინც ყველა ყრუ აგვიკლებდა, ყველა ყრუიო და ყველა ბლუიო, ყველა კოჭლი და ყველა საჭურისიო, ისევ ჩვენივე მიზეზითაო”, _ ჩააგონებს ისტორიკოსი სტუდენტებს, გონებაში გარდასულ დროთა სურათებს უცოცხლებს და ცხოვრებისეულ, მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებათა გაჩხრეკისაკენ უბიძგებს. მკითხველს გაახსენდება გიორგი ლეონიძის ჩორეხი, ყოველ ქვასა და ლოდში წარსულის სიმბოლურ სახებას რომ ხედავს და გული უკვდება: “მეცოდება ჩემი სამშობლო, საქართველო _ ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი, უსულოდ დანარცხებული”.
მწერალს უნდა, რომ მკითხველმა შეიგრძნოს ამ სრულიად განსხვავებული პერსონაჟების თავისებური მომხიბვლელობა. ერთს დაკარგული აქვს აწმყოს შეგრძნება, რადგან მუდმივად წარსულისკენ იცქირება, გამოფხიზლება, რეალურ დროში დაბრუნება სასოწარკვეთილებაში აგდებს, მეორე _ ბუნებისმეტყველი, აწმყოსაა გამოკერებული, რადგან იმას ასწავლის და შეამეცნებინებს სტუდენტებს, რასაც ხედავენ და ეხებიან. თანვე, ცხოვრებისეულ სიბრძნესაც აზიარებს: “ბუნებისმეტყველების პროფესორი მიუძღოდა და ჰკრეფდა გველებსა, ხვლიკებსა, ჯოჯოებსა, ჰკრეფდა და ჰკრეფდა კიდევ ვინ იცის თუ რაღას არა, ჰკრეფდა და ჰკრეფდა. ჰკრეფდა და იმათაც აკრეფინებდა. და ასწავლიდა თუ როგორ მიჰპაროდნენ, თუ როგორ არ უნდა ჰშინებოდათ, თუ როგორ არ უნდა გაჰქცეოდნენ არაფერსა, მაინც რო ვერაფერს გაექცევითო, ასწავლიდა, ასე ასწავლიდა, რაც რო ერთგანაა, ყველგან ის არისო და რასაც ერთგან რო ვერ შეებრძოლებით, ვეღარ გაუმკლავდებით ვეღარც სხვაგანაო. იქ უნდა იყვეთ, სადაც უნდა იყვეთ, დროზე უნდა იყვეთ, დროზე რო დასწვდეთო”.  
ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ _ ორივეს საზოგადო საქმისთვის, ქვეყნის  უკეთესი მომავლისთვის უძგერს გული, ამისთვის ამზადებენ ახალ თაობას, შრომისა და მშვენიერების  სიყვარულს უნერგავენ. მერე რა, თუ ერთმანეთს გაურბიან და თუ შემთხვევით სადმე გადაიკვეთება მათი გზა და მზერა, უსათუოდ ხიფათს გადაეყრებიან. მოთხრობაში სწორედ ეს შეხვედრა ორი, რადიკალურად განსხვავებული მუხტისა იწვევს  “აფეთქებას” _ ღრუბლებში მონავარდე ისტორიკოსი კლდიდან ჩამოვარდება და ფეხს იღრძობს, ბუნებისმეტყველს კი  ხელიდან იშვიათი ჯიშის გველი გაუსხლტება. ცხოვრება კი დაუდგრომლად მიედინება თავისი ტკბილ-მწარე მიმოქცევებითა და ცრემლიან-სიციალიანი შენაკადებით.
მოთხრობაში ეს ორი განსხვავებული ხმა, ორი სინათლით, სითბოთი და გადამდები ხალისით აღსავსე ენერგეტიკული ველი, ჰარმონიულად ერწყმის სიცოცხლის რიტმს და ამდიდრებს.
ეროვნულ ზნეობასა და ხასიათზეაზღაპარი”. ხარის ამბავს მოგიყვებითო, გვპირდება მწერალი და გვიყვება შთამბეჭდავ, გულშიჩამწვდომ ამბავს გამრჯე და ჭკვიანი ხარებისას, კეთილი პატრონისა და ამღვრეულთვალებიანი ავი კაცისას, სანთლის რქიანი ხარებიცა და ღვთისნიერი კაციც რომ შეიწირა. ზღაპარი  მხოლოდ საფარველია, ერთგვარი ხერხია, რომ მწერალმა მკითხველი კვლავ დააფიქროს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც ერის ზნეობა და ხასიათია. ამაზე ბევრი უფიქრიათ გარდასულ მწერლებსა და მოღვაწეებს, ამ ზღაპარში კი გერონტი ქიქოძე და ლეო ქიაჩელი მსჯელობენ ამ თემაზე და მკითხველსაც ფურცლებიდან გამოჰყვება მარადიული საფიქრალი: “სიავე ეროვნული არ არის. ერი ერთია და ეროვნულიც ისაა, რაც ერთია აგრეთვე. ერთი. სიავეც ერთია. ოღონდ განყენებული ერთია. არავისი ერთი არ არის. თვისობრივი ერთი არ არის. და არც არავისი ერთია. ერთია. ერთსახეა. არც განიფინება. არც დანაწევრდება. უძრავია. განდგომილი. მიუკარები. სიკეთეც ერთია. ერთი. ერთია და მრავალსახეა. განიფინება. დანაწევრდება და ხარობს ცალ-ცალკე; როგორც ნაწილი, ნაწილი მთელისა, და როგორც მთელი. რადგან სახე აქვს თავისი, საკუთარი, როგორც რო ნაწილსა, და სახე იგი სახეა მთელისა. სიკეთისა. სახე იგი მშვენიერია. თავისებურია და მშვენიერია...  ერიც ესაა: სიკეთეა და თავისებური... სიავე არაა მშვენიერი. უსახო არაა მშვენიერი”. 
წიგნში სხვა ადამიანთა შთამბეჭდავი პორტრეტებიცაა წარმოჩენილი, მათ შორის, მიხეილ მრევლიშვილისა, პაოლო იაშვილისა, სანდრო შანშიაშვილისა, სანდრო ახმეტელისა, შალვა დადიანისა, სერგო ზაქარიაძისა, ვახტანგ ქარსელაძისა, ნოდარ ალანიასი, ლევან ასათიანისა და სხვათა.
ასე, ფურცელ-ფურცელ, იმოგზაურებს მკითხველი  მეოცე საუკუნის ქარტეხილიან დროში, უმდიდრესი სულის ადამიანთა სამყაროებში და თვითონაც აღივსება საოცარი ენერგიითა და ყოვლისგადამლახავი სიკეთის რწმენით.
მკითხველის თვალწინ გაცოცხლდება  ქართლის ულამაზეს სოფელ ყელქცეულში მეგობართა წრეში სითბოთი და სიყვარულით გატარებული საღამოები, ღუმელში შემწვარი კომშისა და გოგრის ყვითელი, მოტკბო სურნელით გაჟღენთილი და თავბრუდამხვევი.
მწერალი დროსა და სივრცის ნაცნობსა და უცნობ სანახებში ამოგზაურებს მკითხველს, წარსულის, აწმყოსა და მომავლის მრავალ საჭირბოროტო საკითხზე დააფიქრებს
თაობების ცვლა ბუნებრივი კანონზომიერებაა, მაგრამ რამდენად კეთილგონივრულია მსჯელობა ყოველი ათწლეულის სალიტერატურო თაობაზე? ერთ საღამოს ამაზეც გამართულა კამათი  ყელქცეულის მყუდრო სავანეში, თავადის, როგორც ეძახდა გიორგი ლეონიძე ოთარ ჩხეიძეს, სტუმართმოყვარე სახლში. მწერლის აზრით, “ლიტერატურაში არაფერი არ გადაწყვეტილა დაბადების მოწმობებითა, არც რო წონით გადაწყვეტილა, როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, არა, არაფერი გადაწყვეტილა; არ მოუტანია ისეთი არაფერი არც რო ამ ბოლო ათწლეულსა, იმის წინასაც არაფერი მოუტანია გასაოცარი და უცნაური, არც რო ჩვენში და, არცა რო იქა, დასავლეთშია, _ არა, არაფერი, გამეორების მეტი არაფერი მოუტანია; ცდად თუ ჩაითვლება ზოგი მოდერნი, ექსპერიმენტად თუ ჩაითვლება... მიიწურა თუ იწურება დეჰეროიზაციის ტენდენციები, ხასიათის უარყოფის ტენდენციები, რომანტიზების უარყოფის ტენდენციები რომანში; ზოგი ხასიათი ისევ ისე გამოგვეცხადა, ჩვენი საუკუნის პირველი ათეული წლებიდან რო დაგვხსომებია, ისე ისე, ლამისაა, რო ხელუხლებელი”.
ყველა შესანდობარი განსხვავებულია, რადგან ადამიანები, რომელთა შესახებაც გვიყვება ავტორი, ერთადერთნი არიან და განუმეორებელნი. შალვა დადიანის შესანდობარს კი ასე ასრულებს მწერალი: “ისეთი კარგი საღამო იყო... იმდენი ვინმე გაიხსენეს _ ცხოვრებას რო ავსებდნენ...
ცხოვრება ისევ აღსავსე გახლდა...
ისინი აღარ იყვნენ”.   
ოღონდ ეს წიგნი გვიტოვებს განცდას, რომ ცხოვრება თუ ისევ აღსავსეა, ეს იმიტომაც, რომ წუთისოფლიდან ზესთასოფელს გამგზავრებულნი აქვე არიან, ჩვენ გვერდით და უხილავ მანუგეშებელ და შემწე ჩრდილებად ეფინებიან მოყვასთა გზა-სავალს.

დაბეჭდილია წიგნში: ოთარ ჩხეიძე „შესანდობარნი“, თბილისი, 2014


No comments:

Post a Comment