Translate

Wednesday, April 27, 2016

სულიერების დაკარგული გზები- ოთარ ჩხეიძის “2001 წელი”

მაია ჯალიაშვილი


ცხოვრების სურათიჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ლხინი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირი ჭირილხინი?! რა იქნა ლხინი?! მოვა! მაგრამ როდის?!” — ასე იხატება ჩვენი დრო ოთარ ჩხეიძის ახალ რომანში “2001 წელი.
ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო”, —  ხელს ჩაიქნევდა გურამიშვილი, მაგრამ ცოტა შეეჭვებული იქვე დაუტოვებდა სხვებს გამოსავალს: “თუ არ ბრძენი ენამჭევრიო”.
საუკუნეებში აქა-იქ გამოჩნდებოდნენ ასეთნი.
ჩვენდა ბედად, ახლაც გვყავს ენამჭევრი ბრძენი და გვაქვს 20 წიგნად შეკრული, წვრილად აღნუსხული ქართლის ჭირიალაგ-ალაგ ლხინგარეული. “მატიანე ქართლისა” — ჩვენი დროის მატიანე, რომელიც დღესაც იწერება.
ახალი რომანი “2001 წელი”, როგორც ძველად იტყოდნენ, ხელითა ოთარ ჩხეიძისა და ქართულისა ენისა კარნახით დაწერილი, ქართული სიტყვის შთაგონებით შექმნილი. “სიტყვა იქცა შინაარსადაცა ჩემი ცხოვრებისა. სიტყვა პერსონაჟადაც შემოვიდა ჩემს შემოქმედებაში. სიტყვა წარმართავს სიუჟეტსა”, — ხომ ბრძანებს კიდეც მწერალი ერთ ინტერვიუში.
მწერალმა გულით, სულითა და გონებით იცის ქართული ენის ყოველი ღირსება, იცის და ამიტომაც სტკივა მისი ყოველი ჭრილობა, რომელიმე უცხო, უაზრო, უძარღვო და ცარიელი სიტყვით მიყენებული.
ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებების კითხვისას გრძნობ, თურმე როგორ მოგშიებია, მოგწყურებია, მოგნატრებია ქართული სიტყვის სურნელი.
მწერალი კი ენის გატლანქებას ჩივის, იქნებ იმიტომაც, რომ ამაღლებულობა და სულიერება გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან. “მეტ ლაზათს მოითხოვდა ამაღლებული. მეტსა. და მეტსა. ხელოვნებაში ულაზათო გზით ვერ ივლიდა ადამიანი. ვერა. ვერა. ვერ ივლიდა. ვერა. ვერ გატლანქდებოდა. ხოლო ეს მოდერნი. სიახლეო. ეს მამაცხონებული. სხვა რომ არაფერს არა ნიშნავს თუ არა სიტყვის გატლანქებასა თუ არა ბგერის გატლანქებასა თუ არა ფერის გატლანქებასა თუ არა სცენის გატლანქებასა, გატლანქებასა ეკრანისასა. ტელევიზიისაესაა რო იშვა. და კაა გვარიანი ტლანქი რამ იშვა. თითქოს სხარტიცაო. შემაშფოთებლადა. ღმერთმა ნუმც გაზარდოს, ლაზათი თუ ვერ მოიგვარა”.
და, რაც მთავარია, “სიტყვამ ღირსება დაკარგა”.
ქართულ სიტყვას ღირსებას აღუდგენს ოთარ ჩხეიძე თავისი რომანებით. რაც გულისხმობს ქართული მწერლობის ღირსების აღდგენასაც.
“2001 წელირომანია ამ ჟანრის კანონების დაცვით, მაგრამ იმდენად თავისებურია და განსხვავებული, რომ შეიძლება ვისაუბროთ ქართულ სინამდვილეში ახალი ტიპის რომანზე, რომელიც ოთარ ჩხეიძემ შექმნა. “2001 წელიჰგავს ამ მწერლის სხვა რომანებს, მაგრამ არსებითად გამოირჩევა სხვათაგან. აქ მხოლოდ მხატვრულისა და დოკუმენტურის სინთეზი არ იგულისხმება, არამედ თანამედროვეობის, მიმდინარე პროცესების ორიგინალური, უჩვეულო ფორმით გამოხატვა.
მწერალი არ აჰყვება სიუჟეტის ხლართებს: “აჰყვეს, ვისაც ენებოს. აჰყვეს, აჰყვეს. აქ მხოლოდ ერთი ამბავია. რომანი ერთი ამბავია. ტრაგედია ერთი ამბავია”. და აქ რადგან სიტყვამ მოიტანა, მწერალი საგულისხმო დაკვირვებასაც გვთავაზობს: “ტრაგედია შექსპირმა დაშალა. ტრაგედიამ შექსპირის მიმართ იძია შური. კომედიებადა დგამენ ტრაგედიებსა შექსპირისა. სტურუა ჰო და სარდაფის თეატრიცა. აკომედიებს და ამასხრებს ჰამლეტსაცა. მაცდური. მაცდური. ედემი რო დააკარგვინა, სხვას რაღას არ დამართებს ადამიანს?! რაღას აღარა!”
ჰოდა, რაც დამართა მაცდურმა ადამიანს — “2001 წელშიცის არის წარმოჩენილი. “მასხრად რო იქცნენ. გმირები. გამასხრდა ქვეყანაცა. გამასხრდა. გაქილიკდა. გააბუჩდა”.
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ და არ მახსოვდა, მქონდა იგი თუ მომაგონდაო”, — წუხდა გალაკტიონი. რაც ეოცნებებოდა, იმ სამშობლოს თუ გულისხმობდა, თავისუფალსა და ღირსეულს.
ოთარ ჩხეიძის სამშობლო თავისუფალია, მაგრამ ღირსებააყრილი და ტალახიანი. “ისევ უკუნეთზე გადავდექით”, — წერს რომანის წინათქმაში მწერალი. ადამიანმადაჰკარგა გზანი სულიერებისა და ტალახის ბინადრად იგულა თავი, მიწიერი ტალახისა, მიწიერი ტალახისა, სამუდამოდ”. ისევ იქა ვართ, იმ წუმპესა და ტალახში, საიდანაც ილიამ ლუარსაბ თათქარიძე ამოათრია, მაგრამუფრო უარესად გვაქვს საქმე: “სულიც. სულიც ამოთხვრილა ტალახში. ამაოა ცდაი ყოველი, ვერ გადარჩება სუფთად ვერავინა. ყველა მოთხვრილა და ყველასა თხვრის, ყველა შებილწულა და ბილწავს ყოველსა, თვით ამაღლების სურვილსაცა თხვრის. განწმენდილს შეჰბღალავს, ყველა შეჰბღალავს და ყველას შეჰბღალავს. ვაი წმინდათა ანუ მოსურნეთა სიწმინდისათა!  2001 წელი, ახალი ათასწლეული, იგივე ტლაპოი, იგივე ტალახი, იგივე ჭირი მოუშორებელი. გარედან ჭირი, შიგნით ჭირი. ვაგლახ იმედთა აღუსრულებელთა!.. ვაგლახ სიკეთეო ძლეულო და ატალახებულო”, — აი, ასე, ბიბლიური წინასწარმეტყველივით მოთქვამს მწერალი ქვეყნის დაქცევასა და შებღალვას.
რომანშიც ასე მოთქმით გადმოშლის ჩვენს უბადრუკ ყოფა-ცხოვრებას, ღვთისგან მიტოვებულსა და გავერანებულს. “სად არის ის ერთი, — დამჭკვიანებელი. გამსულელებელი რო უამრავია?!.. უამრავი!.. უამრავი!.. ღმერთო დიდებულო რას ერჩი ხალხსა!.. არც არაფერსა. გადაუდგა. ხალხი. და ვეღარას აგებინებს. ღმერთი”.
მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო,” — კი მოიმარჯვებდა გონიერ ანდაზას ილია, მაგრამ სიფრთხილისათვისშეკაზმულ ცხენსაცგვერდით ამოიყენებდა: “ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთო”. თუმცა, კარგად მოეხსენებოდა, პიროვნული და საზოგადო რომ არ გაეყო ერთმანეთისგან არაფერს.
ოთარ ჩხეიძე უკან აღარ იხევს და სწორედაც რომპირთან აქვს საქმე”. “ვინც თუ რამან შეაწუხოს, მოუაროს ყველამ თვისსაო”, — შოთა რუსთაველის სტრიქონს ეპიგრაფად წაუმძღვარებს რომანს და მიანიშნებს თვითმხილებაზე.
პირები კი, რეალურნი, თანამედროვენი, ჩვენი დროისანი მრავლად არიან დახატულნი რომანში, თავის თავსაც, რა თქმა უნდა, იოლად იცნობენ დალაფის სროლასაცარ დაიზარებენ. ასე მოხდა, როდესაც 1994 წელს გამოვიდა ოთარ ჩხეიძის რომანიარტისტული გადატრიალება” — 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ამსახველი გრანდიოზული ტილო.
მოვუსმინოთ თვითონ მწერალს: “შეშფოთდა მწერალთა კავშირი. გულმოდგინედ ნამზადი ყრილობა მოიწვია და ორი ბრალდება წაუყენაარტისტულ გადატრიალებასა”: I. მოვლენის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და არ შეიძლება რომანის დაწერა ასე მოკლე დროშიო და II — წიგნი კერძო გამომცემლობამ გამოსცაო. აი მწერალთა კავშირი, აი, ყრილობა, აი პრობლემები!.. მე იმ ყრილობას არც დავსწრებივარ, ყურადაც არ ვიღე რჩევანი იმისი თუ თეორიული წიაღსვლები, მოვადევნეთეთრი დათვიცა”, “ბერმუდის სამკუთხედიცა”, “2001 წელიცა”. მოგერიებაც რო მიხდებოდა უმართებულო თავდასხმებისა”.
თითქოს დრო არ გასულიყოს და ილიას სიტყვები არ ჩაგვესმოდეს: “თუ მაინცდამაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან”. “მე მიყივლია და გათენდება თუ არა, — ეგ ღმერთმა იცის!”
ოთარ ჩხეიძე ჩვენი დროის ჭირთა შორის ახალ რომანში ახალი ლეკის გზას ხატავს. ქართველისთვის გურამიშვილის პოეზიიდან მეხსიერებაში მკვიდრად ჩარჩენილს ახალი ფერებით გააცოცხლებს. დრო გასულა, თაობები შეცვლილან, ჭირი კი მაინც იგივე დარჩენილა. “შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელფეხს მომიდვეს გენიაო”.
რომანის მთავარი გმირი უშანგია, ერთი ჩვეულებრივი ქართველი, ღირსებითა და ნაკლით, საქმის მკეთებელი, .. საქმოსანი, ანუ ბიზნესმენი. ამ სიტყვასაც ჩაუკვირდება მწერალი. “საქმოსნებსაოქართულად ითქმოდა, სწორადაც ითქმოდა. სოციალიზმმა დაამახინჯა: ქართულიც დაამახინჯა. საქმეც დაამახინჯა. დაამახინჯა ქართველი კაციცა. შრომას გადააჩვია. ვისაც რო შერჩა შრომის უნარისაქმოსანიც დაარქვესა. საციმბიროდ გაამწესეს. ცალი წვერი მოჰპარსესა. ჯერ ისევ ტანში სცრის საქმოსანიბიზნესმენიომოიშველიებენ. იყოს ბიზნესმენი”.
უშანგიც გაიტაცეს, მერე გამოიხსნეს. ოღონდ, ან ვინ გაიტაცა, ან ვინ გამოიხსნა, არ იცის და ამის გარკვევას გადაწყვეტს თვითონ. სიუჟეტური ქარგაც ამ ამბის გარშემო იშლება. მთავარი პერსონაჟი კი ჩვენი დროა, ჩვენი დროის ადამიანებითა და პრობლემებით.
უშანგი გამოგონებული პერსონაჟია, ოღონდ უკვე კარგად ნაცნობი რომანიდანთეთრი დათვი”. ეს ოთარ ჩხეიძის ჩვეული ხერხია. ხშირად გადაჰყავს პერსონაჟები რომანიდან რომანში. ამითაც ჰკრავს ის ერთ მთლიან ციკლსქართლის მატიანეს. რომანში ჩვენი თანამედროვენიც გვხვდებიანკარგად ნაცნობნი პრესიდან თუ ტელევიზიიდან. ვინც ქმნის თუ შლის დღევანდელ პოლიტიკას, ეკონომიკას, საზოგადოებრივ ყოფასა თუ კულტურას. ყველანი გადამრჩენლის, სახელმწიფოს მშენებლის ნიღაბს რომ იფარებენ და გაჰკივიან:
რეფორმა გადაარჩენს საქართველოს”,
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”,
სპორტი გადაარჩენს…”, “ფესტივალები…”, “კინო…” და კიდევ ათასი რამე. ოღონდ ეგ არის, გადარჩენილი საქართველო რომ მაინც არსად ჩანს.
ოთარ ჩხეიძეც განცვიფრებულა: “რამდენი რამ გადაარჩენსრამდენი. რამდენი. კიდევ რამდენი. რაღა აშინებს საქართველოსა. არც არაფერი. ვინა თქვა შიში?! ქართველი და შიში?! საქართველო და შიში?!”
და ისევ ძველი სიმღერა წამოგვაგონდება: “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!” ტრაგიკომიკური ვითარებაა. გააჩნია ვინ შეხედავს და როგორ. გარეგანი თვალისთვის სასაცილოა, გულის თვალისთვის კი შესაზარი. მწერალი გულის თვალებით ხედავს და ხატავს, მისი ირონია და სატირაც ცრემლგარეულია. აი, რომ იტყვიან, სიმწრისაგან ეცინებაო. “რა იციან, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარეაო” (აკაკი).
არადა, იბერიაში დარწეულა ცივილიზაციის აკვანი. აქ დამარხულა პირველი ევროპელი. მას შემდეგ მილიონობით წლები გასულა, მაგრამ რა შეიცვალა? 2001 წელს რა ხდება აქ, საქართველოში? მწერალი ხედავს: “იმდენს მაინც ვერ მიმხვდარა. არა ჰკლას კაცი. ვერა. ვერა. ჯერაც ვერ მიმხვდარა. თუმცა ღმერთს მაინც მადლობა შევწიროთ რო: აღარა სჭამს. კაცსა. კაცი. ჰკლავს და არა სჭამს!.. ჰკლავდა იმიტომა, რომ შეეჭამა. ჰკლავს და აღარა სჭამს. აი პროგრესი. აი ცივილიზაცია მილიონობით წლების შემდგომ. გმადლობ შენ უფალო! კიდევ წლები მილიონობითა და აღარც მოჰკლავს. მილიონობითა. მილიონობითა”.
სხვა რა დაგვრჩენია, ლოდინის გარდა, მაგრამ მწერალს არ ეიმედება არც ლოდინისა. “დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესოო. საკითხავი ოღონდ ესეც არის. დედამიწა გასძლებს მანამდისა. მზე გასძლებს: სიცოცხლე. სიცოცხლე. გასძლებს სიცოცხლეი. ოზონის გარსი რო გაფხრეწილა. რო ითუთქება სიცოცხლეი. დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესოოამაოდ თუ მოხველ. ამაოდ თუ იტანჯე”.
ეს სასოწარკვეთილი ამოძახილიამაოდ თუ მოხველ, ამაოდ თუ იტანჯემთელ რომანს გაჰყვება გაუქარვებელი ეჭვივით. არად აგდებენ ადამიანები ღვთისგან მონიჭებულ უპირველეს მადლსსულს.
დაქცევაც რო გაადვილებულიყო. ზე მოქცევაცა. ოღონდ პარტია გაგეკვაჭა”. “ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისაოსხვადასხვა ეგონათ. ერთია იგი. აქ გაერთიანებულა. ყოველშემთხვევაში”.
ქართველთა დაქცევით კირუსეთი ხეირობდა”. მწერალი წარმოაჩენს ამ ავი მეზობლის ფარულ ზრახვებს, ხშირად ლამაზად შენიღბულს, თავის დროზე ვორონცოვის მიერ ოსტატურად გამოცდილს. ასე, მაგალითად, დღემდე ვერ გამოსულა ქართველი ინტელიგენცია იმ სიბრმავიდან, რასაც რუსული კულტურის მოჩვენებითი კეთილგანწყობა ჰქვია. მწერალი კი ამჯერადაც გვაფრთხილებს: “რასაც რო იარაღით დაიპყრობდნენ, პუშკინს დაუყენებდნენ დარაჯადა”. რუსულ იმპერიულ პოლიტიკას დღემდე არ შეუცვლია მეთოდები. იმათი კულტურული მეგობრობა დღესაცრუსული იარაღისნიღაბია და სხვა არაფერი. “ერთი რამ არ შეიცვლებოდა არასოდესა: არ მოეშვებოდა მოსკოვი წამებასა საქართველოსი. არა. და არა. არა. და არა”.
ქართველთა ყოფის ძირფესვიანი მოჩხრეკაა რომანი. მწერალი გულმოდგინედ უტრიალებს თავისი ერის ნაკლსა და უბედურებას, იქნებ სადმე რაიმე გამოსავალი უპოვოს ამ ჩახლართულ ვითარებას, სადაც, როგორც თვითონ წერს: “გაპატრიოტდა ყველა უეცრადა. გამოჯეკილი კომუნისტიცა ანუ ავაზაკიცა ღვთის პირისაგან. შეჩვენებული. უეცრადა. ერთბაშადა. ერთპირიანადა. ცრუცა. მართალიცა. ალალიცა. მზაკვარიცა. ერთგულიცა. მოღალატეცა. ქურდიცა. პატიოსანიცა. ნამუსიანიცა. უნამუსოცა. გონიერიცა. უგნურიცა. სულელიცა. ყეყეჩიცა. პიტალო გიჟიცა. ვეღარ გაარჩევდი მართალსა და მრუდსა. აენთებოდნენ რო ერთნაირადა. აქაქანდებოდნენ ერთნაირადა. გაჰკიოდნენ ერთნაირადა. მამულიო. ენაო. სარწმუნოებაო. გაჰკიოდნენ უფრო შმაგადა ის ხელისუფლება რო პირქვე დაამხეს. ჩაჰქოლეს და თან ჩაატანეს ენაცა. მამულიცა. სარწმუნოებაცა. გაჰკიოდნენ. და გაჰკიოდნენ. ვინ ვის აჯობებდა. ვინ ვის აუხვევდა თვალსა”.
აპოკალიფსი სხვა უარესი რაღა იქნება.
და ამ ყველაფერს ჩანთქავს რომანის საოცარი რიტმი. რიტმი ოთარ ჩხეიძისა, მისი სტილის განმაპირობებელი. თავბრუდამხვევი, უმცირეს ნიუანსებამდე გათვლილი რიტმი. ამიტომაც არის ოთარ ჩხეიძის მხატვრული ტექსტის ერთი სტრიქონიც რომ გამოტოვო, უცებ ამოვარდები, გამოირიყები, რიტმი აღარ გაგაჩერებს, მოგისვრის ნაპირისკენ. მერე ისევ თავიდან უნდა შეხვიდე თხრობის ამ დიდ ოკეანეში.
თვითონაც კარგად მოეხსენება ეს მწერალს. ამიტომაც აფრთხილებს მკითხველს: “ერთი სტრიქონიც რომ გამოტოვო, ვეღარ გაიგებ ვეღარაფერსა. ვერა. ვეღარა. ბევრნაირია მკითხველიცა. ბევრნაირიცა. და ერთნაირიცა. ფსიქოანალიზმმაც გაიტაცა ერთნი. ბევრნი ვერა. ვერც გაიტაცა. ვერც აიყოლია. მხოლოდ ის მოასწრო, ცუდი რამ დამართა რომანსა: გაამსუბუქა. გააშიშვლა. გადააქცია ჩამოთვლადა შემთხვევებისა. მოზრდილი წერილები ჟურნალისტებისა რომანებად გამოგვიცხადდა”.
ოთარ ჩხეიძის სტრიქონების მდინარება ღონიერია, მიჯრით მოწყობილი. დატეხილი. ერთსიტყვიანი წინადადებები. ხშირი წერტილები, მაგრამ მაინც მსუბუქი. გიორგი ლეონიძეს შეიძლება ამაზე ეთქვანაზი გრიგალიო”.
ოთარ ჩხეიძის სტილზე ფიქრისას რატომღაც იმპრესიონისტები მახსენდება, უფრო ზუსტად, პუანტილისტები, წერტილოვანი ტექნიკით ჰაეროვან პეიზაჟებს რომ ქმნიდნენ. მათ შორის, პოლ სინიაკი, უპირველეს ყოვლისა.
ოთარ ჩხეიძის სტილით შექმნილი ტექსტები ერთდროულად შემცველია წარმავალისა და წარუვალისა, მარადიულისა. თითქოს ხელიდან გისხლტება შთაბეჭდილება, თანვე მკვიდრად ჩაეწერება წარმოსახვაში. ამწუთიერი და მარადიული აქ უცნაურად ერწყმის ერთმანეთს. ცხოვრების ნერვიული რიტმი, აძაგძაგებული პულსაცია ყოფისა და კლასიკური სიმშვიდე ერთდროულად წარმოჩნდება.
ეს არის მოზაიკური ნახატი ცხოვრებისა, სადაც უთვალავი ფერია ჭახჭახაცა და მშვიდიც. და ამ გრანდიოზულ ფერწერულ ტილოზე 2001 წლის ყველა მნიშვნელოვანი თუ, ერთი შეხედვით, წვრილმანი მოვლენა დაუტევია მწერალს. თხრობა თანვე სავსეა დროში ჩაღრმავებებით, რაც აფართოებს რომანის დრო-სივრცულ არეალს და კონკრეტულ სახეებს სიმბოლურ მნიშვნელობებს ანიჭებს. ასე რომ, არა მხოლოდ ქართველ მკითხველს, არამედ ნებისმიერი ერისას, შეუძლია ჩაიხედოს ამ რომანის სარკეში და თავისი თავი დაინახოს, დაინახოს გულის უფსკრულები და იქ დატრიალებული ვნებათა ქარიშხლები.
იქმნება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი მხატვრული სისტემა, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთს განაპირობებს. ეს არის მიზეზ-შედეგების სრულყოფილად წარმოჩენილი ჯაჭვი, სადაც ერთმანეთს ებმის პანკისისა (წინათპანტისი .. პანტიანი) და კოდორის ხეობები, პარლამენტი და ჟურნალისტები, ყაჩაღები და ჩინოვნიკები, აფხაზეთი და სამაჩაბლო, გამტაცებელნი და გატაცებულნი.
რომანის მთავარი გმირი თავის გამტაცებელთა მისაკვლევად ფუნდუკებს ხსნის გომბორში. ქისტაურის, მატანისა და დუისის გზები უნდა დაზვეროს. იქნებ უპოვოს ძაფი ამ ჩახლართულ კვანძს, ქვეყანას სასიცოცხლო სისხლის მოძრაობას რომ უფერხებს. სათავისო და საზოგადო ამ ძიებაში ერთმანეთს ეწვნისგამტაცებელთა საცალფეხო ბილიკები უნდა გაჩხრიკოს. “დიდ ამბებში რო ჩახლართულიყო. ფუნდუკიანადა. ეგონა მხოლოდ შურსიძიებდა. შეურაცხჰყვეს რო: რო მოიტაცეს. შურსიძიებდა. ვინთუ გამოიხსნა, იმასაც მიაკვლევდა. ეს იყო. ესა. ეს უნდოდა. და ეს ეგონა. მცირე რამ ეგონა”.
გამტაცებლებისთვის უნდა მიეგნო და გამოეხსნა სხვა ტყვეები. უიმედო ბრძოლაში ჩაება უშანგი ყაჩაღებისა და პოლიციის წინააღმდეგ ერთდროულად, მაგრამ ამ გატაცებების მიღმა მწერალი ხედავს მთავარს: “ნარკოტიკები შემოდიოდა. შემოდიოდა და გადიოდა. ეს იყო, რაც იყო: რო გადიოდა. ეს აგულისებდა დასავლეთსა. თორემ თუ აქ დარჩებოდა ნარკოტიკები. და მხოლოდ ქართველი ტყვეები თუ იქნებოდნენ გროზნოს ბაზარზედა: ის ამისთვის თავს არ აიტკივებდა. დასავლეთი. მამა უცხონდა!.. უცხონდეს ის დმანისელი წინაპარიცა!.. დერეფანი დერეფანიააბრეშუმის გზა აბრეშუმის გზაა”. და ნახეთ როგორ მოებმის ამ აბრეშუმს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი: “აბრეშუმი აბრეშუმია. ტანიც მშვენიერი გამოინაკვთება აბრეშუმშია. შხამიც გამოეხვევა მშვენივრადა. უმშვენიერესად გამოეხვევა. უმშვენიერესადა”. სწორად ეს შენიღბული შხამი სწამლავს ქვეყანას, დუხჭირსა და უბედურს.
რომანში ერთი საინტერესო პერსონაჟიც გაიელვებს. სულხან-საბაოლოგი, იქნებ მწერალი ამ პერსონაჟით თავის თავს ჩაახატავს რომანის ტილოში ირონიული შტრიხებით. თვითონ ხომ ჩვენი დროის მეიგავეა, მართლაც, ახალი ფორმით, მაგრამ სულხან-საბას სულისკვეთებით რომ ქადაგებს სიკეთესა და სიყვარულზე: “შეიძლება დაივიწყო ყველაფერი. ყველაფერი. ყველაფერი. შესდგე წიხლითა ყველაფერსა. შეიძლება. ადამიანი რო ხარ, ეს მაინც არ უნდა დაივიწყო”.
სულხან-საბას უცნობი იგავ-არაკიაო, “და აწვიეს იგი მოსკვიტიანნი”, რადგან ეგვიპტეში სარკოფაგი აღმოაჩინეს, გახსნეს და ვერ მიხვდნენ მუმიის ვინაობას. მოსკვიტიანნი კი, იგივე მოსკოველნი, უცებ გაერკვნენ საქმეში, მუმიასთან შესულნი მალე ხელდასისხლიანებულნი გამოვიდნენ, ტუტანხამონ II ყოფილა ეგ ფარაონიო. მეცნიერებს გაუკვირდათ, ვერ იჯერებდნენ, მოსკვიტიანებმა არ დაიზარეს, გაგიმეორებთ ჩვენს ხელოვნებასო. “არაო, — მოისმა ხმა განწირულისა, — ეგენი აღარ მომაკაროთო. მართალიაო. ტუტანხამონი გახლავართო”.თუ სულხან-საბას იგავია, მაგ დროს ჩეკისტებს რა უნდოდათო? მწერალი კი არ გაიკვირვებს: “უტეხი. შეუპოვარი, შეიარაღებული კითხვარითა უპასუხოთი: როდის იყო მოსკოვი სხვანაირი. როდის არ იყო ჩეკისტურიო. ვერას მიუგებდნენ ისტორიკოსები. ისტორიაში ვერ ჰპოვებდნენ საწინააღმდეგოსა. ხოლო სადასტუროს მრავალს ჰპოვებდნენ არქეოლოგები. გამოკვლევებს აქვეყნებდნენ უახლესსა: მოსკოვი ძვლებზე აშენებულიყო. მრავალი ერის ძვლებზე”.
სხვა იგავებსაც ჰყვება სულხან-საბაოლოგი, შეგონებებსაც მოაყოლებს: “წვრთას ნუ დაიზარებ, სულმოკლეობა ნუ წაგძლევს, უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქმ, თვარა ბოლოს დაინანებ”.
დღეს ხშირად გაიგონებთ, მწერალმა ერის წინამძღოლობის ფუნქცია დაჰკარგა, მწერალი და ხალხი ერთმანეთს დაშორდაო. ეს მაშინ იქნებოდა მართალი, მწერალს ცუდი წიგნი რომ დაეწერა. ხოლო თუ კარგი წიგნია, ის ყოველთვის დარჩება ერის მოძღვრად და წინამძღოლადოღონდ სულიერ განზომილებაში.
ოთარ ჩხეიძის ეს რომანიც მკითხველს წვრთნის და სულიერად ზრდის, გამოცდილებას სძენს. თუმცა ყველას თავისი ბედისწერა აქვს, მწერალი მაინც შეეწევა მკითხველს ტკივილისა და უბედურების გაცნობიერებაში. მართალია, ყველას თავისი ლოდი აქვს სიზიფესავით მწვერვალზე ასატანი, მაგრამ სხვისი გონიერი რჩევა-დარიგება დიდი ნუგეშია.
თვით უმძიმესი ხვედრიც კი უფრო ადვილი ასატანია შეცნობის შემდეგ” (ალბერ კამიუ). მწერალი ერის უბედურების შეცნობას მიესწრაფვის, რათა გასაძლები და ასატანი გახადოს ცხოვრება, რათა უბედურებას აღემატოს ადამიანი. იყოს ტრაგედია, რომელიც განწმენდს და აამაღლებს ადამიანს.
ტრაგიკულია ეს რომანიც. ბედისწერის ულმობელი დაღით აღბეჭდილი. სახიერ სიმბოლოს ქმნის მწერალი ზარნაშოს სახით. მთავარ გმირს რომ აჰკიდებია თავისი ბნელი შემოძახილით. ედგარ პოს ყორანივით შემოდის შთაბეჭდილებაში ეს ზარნაშოც.
ერთი კაცი და ხალხი.
ერთი კაცი და ბრბო.
ერთი კაცი და ბედისწერა.
ერთი კაცი და ცხოვრება.
ერთი კაცი და ქვეყანა.
ეს ერთი კაცი ამჯერად მწერალია. მისი მარტოობა დაერთკაცობამრავლისმეტყველია და ტრაგიკული ყოველთვის და ჩვენს დროშიც, რომანის — 2001 წლის ტალახიან დროშიც. თუმცა, თვითონ დრო მაინც სუფთა და წმინდა გამოდის ყოველთვის, რადგან ყოველ დილას ახლიდან იშობა, როგორც რომანშია: “შეფერილიყო რო აღმოსავლეთიცა. შეფერილიყო. შევარდისფერებულიყო. ოდნავა. ოდნავა. სიმწვანეც რო გადაჰკრავდა. ისიც ოდნავა. სილურჯეც. სიშავეცა. სიწითლეცა. ოდნავ. ყველაფერი. რო შეირწყმოდა საოცარ ფერადა. იშლებოდა. ეფინებოდა. ელოდა ცისკრის დაბადებასა”.
ამიტომაცაა, რომ რომანი ისეთი ნათელი მოლოდინით სრულდება, რომელიც აუცილებლად გულისხმობს დასაწყისს:
ჭირი იქა. ლხინი აქა.
ქატო იქა. ფქვილი აქა.


დაბეჭდილია წიგნში: ოთარ ჩხეიძე „2001 წელი“

No comments:

Post a Comment