მაია ჯალიაშვილი
„მიწასთან, წყალთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად, ფული მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, სტიქიად, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად უწევს ანგარიშს“, _ წერს იოსიფ ბროდსკი წერილში „დოსტოევსკის
შესახებ“ (ბროდსკი 2009: 14). მისი აზრით,
„კაცობრიობის უმრავლესობა სწორედ ამას ესწრაფვის _ მიაღწიოს ნორმალურ ადამიანურ პირობებს“. იგი დოსტოევსკის („რომლის შემოქმედებაშიც ადამიანური ფსიქიკის ლაბირინთი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს“), მაგალითზე წარმოაჩენს, როგორ იქცევა ფული
გარკვეული ეპოქისა და ადამიანური ურთიერთობების წარმომჩენ-მახასიათებლად. განია ივოლგინი ეუბნება თავად მიშკინს: „ფულია ყველაფერზე საზიზღარი
და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს
ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს“
(„იდიოტი“). ბროდსკი წერილში წარმოაჩენს,
რა მნიშვნელოვანი იყო თვით დოსტოევსკისთვის ის თანხა, რომელსაც ნასტასია ფილიპოვნა
(„იდიოტი“) ასეთი გულგრილობით შეაგდებს ბუხარში.
კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ ფული გაჩენის დღიდან იქცა ერთგვარ კერპად
და იმგვარი გამძლეობა გამოიჩინა, რომ დღესაც არ აკლია თაყვანისცემა და მოწიწება. საუკუნეების განმავლობაში იცვლება ფულის ფორმა,
ხარისხი და სხვა თვისებები, მაგრამ რჩება როგორც გაცვლისა და დაგროვების მთავარი
საშუალება. მის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაც უცვლელია. ადამიანი ფულთან
აკავშირებს თავისუფლებას,
დამოუკიდებლობას, ძალაუფლებას, საზოგადოებრივ სტატუსს, კეთილდღეობას და ღირსებას. ფული, როგორც ეკონომიკური
კონცეპტი, საუკეთესოდ წარმოჩნდება ლიტერატურაში. სახარებისეული „30 ვერცხლი“,
იუდას სულიერი დაღუპვისა მიზეზი, იქცა ფულის სიყვარულის, როგორც ადამიანური
სისუსტის გამომხატველ პარადიგმად. კურტ
ვონეგუტი თავის რომანში „სასაკლაო #5“ წერს: „კილგორ ტრაუტს ერთი წიგნი ფულმსხმოიარე ხეზეც აქვს დაწერილი. ფოთლების მაგიერ იმ ხეზე ოცდოლარიანი კუპიურები იზრდება; ყვავილების მაგიერ - ობლიგაციები, ნაყოფად ბრილიანტებს ისხამს. ის ხე ადამიანებს იზიდავს, რომლებიც მერე მის ძირში ხოცავენ ერთმანეთს და ხესაც სასუქი არ აკლდება“
(ვონეგუტი 2015: 65).
ფრედერიკ
ბეგბედერმა თავის რომანში „99 ფრანკი“ კარგად წარმოაჩინა, როგორ შეიჭრა ფული ადამიანური
ყოფის საფუძველში. მისი აზრით, დეკარტისეული „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსობ“ დღეს
ასეა შეცვლილი: „ვხარჯავ, ესე იგი, ვარსებობ“.
„ფულის ქონას მხოლოდ ეს აზრი აქვს: თავისუფალი ხარ და შენი დრო შენ გეკუთვნის“, _ წერს მიშელ უელბეკი ერთ ინტერვიუში (უელბეკი 2011:
10). დრო, მოცალეობა, აუცილებელია შემოქმედისთვის, ამიტომაც ვერ გაძლო ვაჟა-ფშაველამ
ილიას „ივერიის“ რედაქციაში და რამდენიმე დღეში გაიქცა. ილიამ იცოდა მისი ფასი და ხელფასს
მაინც უხდიდა.
ემილ ზოლამ
1891 წელს დაწერილ რომან „ფულში“ კარგად წარმოაჩინა, როგორ მართავს ფული
საზოგადოებას, როგორ ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს და რა გავლენას ახდენს
ადამიანის ფსიქიკაზე.
სტენდალი ერთ ესეში წერს: „მდიდარს შეუძლია მშვიდად იყოს, მას ყველგან
კარგად მიიღებენ. პარიზში სახელშელახულ და ყველასგან შეჩვენებულ მილიონერს მშვიდად
შეუძლია რომში გაემგზავროს. აქ მას თავისი ფულის ოდენობის შესაბამისად მიაგებენ პატივს“
(სტენდალი 2013: 44).
„რად გამომრიყე, ღმერთო, ამ ბუღალტრების საუკუნეში“,
_ ჩივის კონსტანტინე სავარსამიძე, „დიონისოს ღიმილის“ მთავარი პერსონაჟი, საკუთარი
თავის შემეცნებისთვის სულიერსა და მატერიალურ გზებზე მოხეტიალე, ეროპის დიდი ქალაქების
ხორციელ კომფორტსა და სულიერ უდაბნოებს ზიარებული
(გამსახურდია 1992: 63). ბუღალტერი მისთვის ანგარიშიანობის, პრაგმატულობის სინონიმია. საქართველოში კი ფულს
ყოველთვის ერთგვარი ამრეზით ეკიდებოდნენ.
ამ ყოველივეს კარგად აანალიზებს ევროპელი ჰექსლეი, ნიკო
ლორთქიფანიძის ნოველის პერსონაჟი, როდესაც ქართველ ელის ამერიკელი ბრომლეის ფულის შოვნით
გატაცებასა და ქართველთა ბუნებაზე ესაუბრება („შელოცვა რადიოთი“): „ქრისტეს მოციქულებმა,
უბრალო მებადურებმა დაიპყრეს ქვეყანა თავიანთი გატაცებით, თავდადებით და რად გიკვირთ,
რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის.
ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი... იგი გატაცებულია პოლიტიკური,
მეცნიერული, მხატვრული იდეებით. როგორც თქვენ არა გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი,
ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეთჰოვენი , კანტი... თქვენ მხოლოდ ნახევარი გულით ეკიდებით
სიმდიდრეს, დოვლათს _ ამერიკელები „ნახევარი გულით“ ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას,
პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა, ჩვენთვის პირველია _ მეფობა
სიდიდრეზე... თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და
ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, როგორ გადაიტანეთ ამდენი მრავალგვარი უბედურება... მაკვირვებს,
როგორ გადარჩით ამდენ მტერს, მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული
იბრძოდით არსებობისთვის _ ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი _ ევროპული გატაცება მეცნიერებით,
პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი _ სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი _ თქვენთვის
მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულისა“ (ლორთქიფანიძე 2000 : 121).
ეს შეფასება კარგად წარმოაჩენს ქართული ლიტერატურის
პერსონაჟთა დამოკიდებულებას ფულის შოვნისა
თუ დაგროვების მიმართ.
ქართველი მკითხველისთვის სამაგალითო რაინდები ზიზღით
უყურებენ ვაჭრებს ქართველთა ეთიკურ-ესთეტიკურ „ბიბლიაში“, საუკუნეთა განმავლობაში მორალისა
და გემოვნების განმსაზღვრელ „ვეფხისტყაოსანში“.
პოემაში ვაჟკაცობა და
ფულის სიყვარული ერთმანეთს უპირისპირდება. მდიდარ რაინდებს არ
მოსწონთ ფულის მშოვნელი ვაჭრები, რადგან მათთვის ფული მიზანია, რაინდებისთვის კი _ მხოლოდ საშუალება. ეს
კარგად წარმოჩნდება სარაინდო რომანების პაროდიაში,
სერვანტესის „დონ კიხოტშიც“: დონ კიხოტი მედუქნეს ეუბნება:
`არც თუ
სადმე წამიკითხავს, მოგზაურ რაინდებს თან ფული
ეტარებინოთო. ამაზე მასპინძელმა უთხრა, ძალიან სცდებითო. მართალია, რომანებში ამის შესახებ არას ამბობენ, მაგრამ ეგ
იმიტომ, რომ
ისეთ ჩვეულებრივ საგანზე, როგორიც ფული და
საცვალი ტანისამოსია, არ შეშვენით ილაპარაკონო. მაგრამ ეს იმას
როდი ნიშნავს, რაინდებს არც
ერთი გააჩნდათ და არც
მეორე: პირიქით, მე დანამდვილებით ვიცი, რომ
ყველა მოგზაური რაინდი, რომელთა საგმირო საქმეებით სავსეა უამრავი რომანი, მუდამ და ყველა შემთხვევისათვის, კარგად გატენილ ქისას, სუფთა პერანგებს და ჭრილობისათვის კოლოფით მალამოს ატარებდა თან“ (სერვანტესი1994 : 34).
„შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად
სარომან“, _ ამ ასი ათასს იოლად გასცემს მდიდარი ავთანდილი, რომელსაც თანაბრად აქვს
მატერიალურ-სულიერი ქონება. მას ჰგვანან პოემის სხვა პერსონაჟებიც, რომლებიც უხვად
გასცემენ, რადგან „ზღვათაცა შესდით და გაედინების“. ქონების ფლობა სწორედ გაცემას
გულისხმობს: „დება რა სავარგულია“.
ქონების კარგად მოხმარების აუცილებლობა წარმოჩნდება სულხან-საბას იგავ-არაკებში („ძუნწი
ვაჭარი“, „ძუნწი და ოქრო“ და სხვ.) ძველი ქართული ლიტერატურის არაერთი მაგალითიც
კარგად მოწმობს სულიერი და ხორციელი „პატივის“
შეზავების აუცილებლობას.
მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მწერლობაში გამოჩნდნენ პერსონაჟები, რომელთათვისაც
ფული მატერიალურ-სულიერი კომფორტის საყრდენადაც
იქცა. ისინი სხვადასხვა გზით შოულობენ ფულს
და სიმდიდრეს თავიანთი არსებობის მიზნად აქცევენ. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია ბახვა
ფულავა, გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯის“ (1890 წ.) მთავარი გმირი, რომლის პრაგმატიზმი, ანგარიშიანობა, მოხერხებულობა მკითხველს
წარმოუჩენს ახალ რეალობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად კაპიტალის
დაგროვების აუცილებლობას. ლავრენტი არდაზიანის
„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, გიორგი ერისთავის „გაყრა“, გიორგი წერეთლის
„პირველი ნაბიჯი“ და სხვ. _ ფულიან
პერსონაჟებს, ხშირ შემთხვევაში, უკულტურო და უზნეო ადამიანებად წარმოაჩენენ და და მკითხველსაც
მათ მიმართ ანტიპათიურად განაწყობენ.
მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავის პირით ასე
გამოკვეთდა, ამ თვალსაზრისით, მეცხრამეტე საუკუნის მწერალთა ბრალეულობას: „ჩვენს მამა-პაპებსაც
სძულდათ
ფულიანი
ხალხი.
მეცხრამეტე
საუკუნის
მწერლობაც
ასეთი
ზიზღით
და
შხამით
არის
სავსე.
გაიხსენე,
როგორ
გაამასხრეს
ვაჭარი
გიორგი
ერისთავმა,
ცაგარელმა,
ანტონოვმა
და
ასმა
სხვა
მწერალმა.
გინდა
გაიგო
ღრმა
მიზეზი
ასეთი
სიძულვილისა?
ინებე:
ადამიანს
სძულს
ყოველივე,
რაც
არ
ეხერხება
და
არ
ძალუძს,
ესე
იგი,
მას
ეზიზღება
საკუთარი
თავის
უძლურება,
უმწეობა
და
ჩამორჩენა!
მორჩა
და
გათავდა!
ამიტომ
მოხდა,
რომ
ფულიანების
მახვილს
ჩვენ
დავუპირდაპირეთ
ჩვენი
აზნაურული
ფარი
_
დენდობა
და
რაინდობა,
ესე
იგი,
ფუქსავატი
ცხოვრება,
მფლანგველობა,
ყოყოჩობა,
კუდაბზიკობა,
ნებამოშლილი
ადამიანის
უძლური
ამპარტავნება
და
ღატაკის
ჭექა-ქუხილი“ (ჯავახიშვილი 2011: 127).
ქართული ლიტერატურის პერსონაჟებს შორის გამოირჩევა ოთარაანთ ქვრივი, რომელიც
უპირისპირდება საზოგადოებაში გამეფებულ ფულის კერპად ქცევას. „ფული რა არის? ხელის
ჭუჭყია“, _ამბობს იგი და, ამგვარად, ფულის ჭუჭყთან გაიგივებით ის მთლიანად აუფასურებს
მის საზოგადოებრივ ღირებულებას. ჭუჭყი აბინძურებს და ამცირებს ადამიანს და ამიტომაც
მოსაშორებელია, ჩამოსარეცხია. და თუ ფული მაინც
საჭიროა „გუბერნატორამდე მისასვლელად“ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ეს მაინც
სათვალავში ჩასაგდები არ არის. სამაგიეროდ, ყველაფერზე აღმატებულია ღირსება: „ტყუილუბრალოდ
რომ არ დავეჩაგვრინე, ცოტაა?!“ (ჭავჭავაძე 2012: 145). და ეს რიტორიკული კითხვა გულისხმობს
პასუხს, რომ სწორედ ესაა მთავარი _ არავის მისცე უფლება დაჩაგვრისა. ოთარაანთ ქვრივი
საზოგადოებისთვის ერთგვარი მარგინალია, ინდივიდუალური შეხედულებებითა და დამოკიდებულებებით.
იგი საზოგადოების გაჯანსაღებისთვის „მებრძოლ“ რაინდს ემსგავსება, ამიტომაც შეადარეს
იგი კრიტიკოსებმა „კაბაგადაცმულ ილიას“ .
მიუხედავად ფულის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებისა,
მან იცის მისი ყადრი. იგი შემოსავალს ხუთ ქისაში ანაწილებს, გონიერი ქალი თვითონ
ადგენს ამგვარ წლიურ ბიუჯეტს, რომელშიც არა მხოლოდ შემოსავალ-გასავალია
გათვალისწინებული, რაციონალური გათვლებით, არამედ ერთგვარი ირაციონალური ქისაც
აქვს_ საქველმოქმედო _ მეხუთე ქისა, (სახელად „შიოს მარანი“,იგივე, „ფარსიღას
ქარვასლა“), რომელშიც უანგარიშოდ, (რაც სხვა ქისებისგან მორჩება), ინახავს ფულს
გლახაკების გასაკითხავად. „ვაღმერთებ სიგიჟეს, ისეთ სიგიჟეს, როცა არ გენაღვლება წარმატება, ფული, ძალაუფლება და მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობ“, _ წერს თანამედროვე ესპანელი მწერალი
გუსტავო მარტინ გარსო (გარსო 2010: 9).
ფულის მიმართ ქართველთა ერთგვარი აგდებული
დამოკიდებულება ირონიულად ამხილა მიხეილ ჯავახიშვილმა, როცა თეიმურაზ ხევისთავს „ჯაყოს ხიზნებში“ ათქმევინა:
„ქართველს
სულივით
უყვარს
ფული,
მაგრამ
უძირო
სიძულვილით
სძულს
და
ეზიზღება
ფულიანი
კაცი,
ესე
იგი
ფულის
შოვნის
ხერხი,
ესე
იგი,
ვაჭრობა
და
მრეწველობა.
ხოლო
ვაჭრობისთვის
და
მრეწველობისთვის
საჭიროა
დიდი
თაოსნობა,
გარჯა
და
მომჭირნეობა,
ესე
იგი,
ორის
შოვნა
და
ერთის
დახარჯვა,
ესე
იგი,
თავდაჭერილი,
დინჯი
და
ანგარიშიანი
ცხოვრება,
სულისა
და
ხორცის
დისციპლინა,
ესე
იგი,
შრომა და ნებისყოფა“ (ჯავახიშვილი 2011: 128). ფულის, როგორც საზოგადოების ფინანსური საყრდენის,
მიმართ ინტერესი ყოველთვის წარმოჩნდება
ყველა დროისა და ხალხის ლიტერატურაში.
დავით კლდიაშვილის მოთხრობებში („დარისპანის
გასაჭირი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ქამუშაძის გაჭირვება“ და სხვ.) ფული აქტიურად
შემოიჭრება, როგორც ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბედს. „კაი ფულით კაი გვარიშვილის კაცს ვიშოვი“,
„სანამ ფულით ჯიბას არ გაუტენი, ქალს აღარავინ თხოულობს“ _ ამბობს ბესარიონი. „ფული
სადაა, სად? სად იშოვოს ეს ოხერ-ტიელი?!“, _ მოთქვამს საკუთარ თავსა და მთელ სამყაროზე
შემომწყრალი სოლომანი. ლუარსაბ თათქარიძეც, როდესაც სუტკნეინა უყვება
„მზეთუნახავი“ საცოლის შესახებ, პირველ რიგში, ეკითხება: ფული რამდენი აქვსო?
„კაცია-ადამინის?!“ სხვა ეპიზოდში კი ჯვრისწერისას დავითი ათ თუმნად „ყიდის“ ძმას.
მერაბ მამარდაშვილი თავის ერთ
ლექციაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ: „ფული არის რეალობა, რეალური კონცეპტი, რომელიც გულისხმობს გადახდის აუცილებლობას; ფულის გამოყენება იცის ხალხმა. ადამიანებმა იციან, რომ ფულითა და ბაზრის მეშვეობით ხდება გაცვლა-გამოცვლითი ურთიერთობის დამყარება ერთი მეორესთან. ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნორმა, რითაც ხალხმა იცხოვრა და ცხოვრობს. ეს ყოველდღიურობა საოცარი მოვლენაა, თავისთვისაა, იდეოლოგიურად არ არის დატვირთული. თუ აქვს რაიმე დატვირთვა, ეს უმალ ადამიანური მოთხოვნილებების ბუნებრივი განხორციელებაა, გარკვეული მიმართებაა საკუთარ თავსა და სიცოცხლეს შორის. ამ მიმართებაში ადამიანები ერთმანეთს შეიცნობენ, პატივს სცემენ და ავლენენ თავიანთ ადამიანურ ღირსებას; ეს არსებობის ერთგვარი ღირსებაა მოცემული ცხოვრებისეულ ფორმაში“ (მამარდაშვილი 1998: 17).
ფულთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ქართული ლიტერატურის პერსონაჟებს, რა თქმა უნდა,
ბევრ რამ აქვთ საერთო მსოფლიო ლიტერატურის
გმირებთან.
1897 წელს აკაკიმ მოთხრობა „ქართული
ფულის თავგადასავალი“ დაბეჭდა „აკაკის კრებულში“. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ვერცხლის
მონეტაა, რომელიც მკითხველს მოუთხრობს სხვადასხვა ადამიანის ხელში როგორ გადადიოდა
და რა ემართებოდა. მოთხრობა იგავურ-ალეგორიული ხასიათისაა და კარგად წარმოაჩენს ფულის
როლს საზოგადოებაში, აგრეთვე იმასაც, როდის რა ღირებულება ენიჭება მას, როგორი ურთიერთობა
აქვს ზნეობასთან: „პატარა ვარ, მაგრამ რაცა ვარ, სულ წმინდა ვერცხლი ვარ. ლითონად ჩვენს
ქვეყანაში ვარ გაჩენილი, ფულად კი ზარაფხანაში მომჭრეს და ტოლ-ამხანაგებიც ბევრი მყავდა.
თვალი დაუდგეს სიბერეს, რომ ხორცსაც აკლებს და ფერსაც უკარგავს ყველაფერს, თვარა პირველ
ხანებში ჩემს სანახაობას არა სჯობდა რა: ცით მოწყვეტილს ვარსკვლავსავით გამქონდა კაშკაში,
ხელისხელსაგოგმანებელი გადავდიოდი და გადმოვდიოდი აქეთ-იქით. ბევრის მნახველი ვარ,
კიდევ უფრო მეტის გამგონე, მაგრამ ყველა რომ მოვთვალო, სად წავა“ (წერეთელი 2015:
252).
ფული თავის თავგადასავალს იწყებს მაშინ, როდესაც მეფე ერეკლემ ახალ წელს
ის დედოფალ დარეჯანს აჩუქა. მან კი _ თავის მიერ დაწინაურებულ უგვარო ოსეფა ყორღანაშვილს, რომლის
ხელიდან მკურნალი ქვრივის ხელში გადაინაცვალა. ამ ქალმა კი შვილის გამოსაჯანმრთელებლად
ფული ღვთისმშობლის ხატს შესწირა. აქ, ხატის უკან, მთელი წელიწადი იდო და „თვალყურს
ადევნებდა“ იქაურობას. ამგვარი „მოგზაურობა“
აკაკის საშუალებას აძლევს დაგვიხატოს, როგორც ცალკეულ ადამიანთა ხასიათები, აგრეთვე
საზოგადოების ზნეობრივ-მატერიალური მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, როგორ
აღწერს ფული ეკლესიის ძველსა და ახალ გარემოს: „მაშინდელი ეკლესია ოქრო-ვერცხლით თუმცა
მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ სიწმინდე კი დიდი იყო შიგ. მაშინდელ მღვდელს მღვდლობა ეტყობოდა
და ერიც ერსა ჰგავდა. განუწყვეტელი წირვა-ლოცვა
იყო და საყდარი მლოცველებით ივსებოდა ... გალავნის შიგნიდან, თვალ-მარგალიტიც რომ ყოფილიყო,
ვინ რას გაიტანდა. საყდარში ხომ ყოველგვარი სამკაული ხელშეუხებელი იყო. ათასში ერთხელ
მღვდელი თუ მოჰკიდებდა ხელს რომელსამე სამკაულს გასაწმენდად, მაშინაც მხოლოდ ლოცვითა
და ამბორებით. ბოლოს კი ამასაც გადაეჩვივნენ: ხატის მადლსა და სასწაულს კი აღარ უყურებდნენ,
უფრო მის მინანქარსა და ოქრომჭედლობას სინჯავდნენ. იმათ რომ აღარ ეპუებოდნენ, მე ვინღა
გამიტანდა! ერთმა ურჯულომ მტაცა ხელი და ორთაჭალის ბაღებში ამომაყოფინა თავი!“ (წერეთელი
2015: 254-255). ფული „ჩივის“ სიწმინდიდან როგორ აღმოჩნდა ორთაჭალის ჭუჭყსა და ნაგავში,
როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში, ისიც შენიშნა, რომ ქართველის ჯიბეში დიდხანს არ აცლიდნენ
ყოფას, ბოლოს 10 წლის ამგვარი ბრუნვა-ტრიალის შემდეგ ვაჭრის ხელში აღმოჩნდა და დიდი
ხანი გაატარა კიდობანში დამწყვდეულმა. ფული გვიყვება კიდობანში მომხდარი დავა-კამათის
შესახებ. ქაღალდის ფულები თავს ამეტებდნენ ლითონის, ვერცხლის თუ ოქროსას, ისინი „თავზე
ასხდნენ“ მონეტებს და თავიანთ აღმატებულ ღირსებას ცხარედ ასაბუთებდნენ. აქ ჩართულია
იუმორისტული ამბავი, რომელიც ამხელს სომეხთა მისწრაფებას ყყველაფერი მიისაკუთრონ. ქაღალდის
ფული ყვება, როგორ მივიდა სომხეთის მეფესთან ვაზირი და შესთავაზა ქაღალდის ფულის გამოშვება,
რადგან ოქრო და ვერცხლი გაძვირდა: „რა ვუყოთ, რომ ფული გაძვირდა? თქვენ მათ მაგივრად
ქაღალდი გამოაჭრევინეთ და ზედ დააწერეთ, რომ ფულად გავიდესო... უბრძანე და გავა! „ასი!
გნაციო!“ უთხრა სომხურად, ე.ი. „თქვი და გავაო“ (წერეთელი 2015: 256). ეს გადაიღეს
სხვა ხელმწიფეებმაც, გადარჩა ქვეყანა განსაცდელს და ქაღალდის ფულსაც „ასიგნაცია“ დაერქვაო.
საგულისხმოა ერთი ოქროს ფულის მოყოლილი ამბავი. მის მონათხრობში კიდევ
ერთხელ წარმოჩნდება აკაკის პატივისცემა ვორონცოვის მიმართ. მისი აზრით, ვორონცოვმა
ბევრი კარგი რამ გაუკეთა ქართველებს, ხელი შეუწყო კულტურის აღორძინებას. მანვე დააჯერა ქართველები ვაჭრობის
განვითარების აუცილებლობაში. მოთხრობაში გაჩენილ კითხვას, როგორ გაგრძელდება ქართული
ფულის ბედი საქართველოში, აკაკის უიმედო პასუხი მოჩანს. ჩვენი ვერცხლის მონეტა ბოლოს
აღმოჩნდება განათლებული და საქმიანი ახალგაზრდის ხელში, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ
ქონებას დაახარისხებს, ჩვენს ნაცნობ მონეტას კი, როგორც ახალ დროში გამოუყენებელს,
ღილად დაიკერებს სახელოზე. აკაკის სურვილია,
სიმდიდრე და განათლება ერთმანეთს დაუკავშირდეს. საგულისხმოა, რომ ამ მოთხრობაში მდიდარი
და განათლებული ახალგაზრდა ხუთმანეთიანი ოქროთი ერთი წლით იწერს ჟურნალ „კრებულს“. აკაკი პოემაში
„რუსეთუმე“ ირონიულად წარმოაჩენს რუსეთში განსწავლულ ახალგაზრდას, რომელმაც ფულის მოხმარება
არ იცის.
ივანე გომართელი მეცხრამეტე
საუკუნის საზოგადოებრივი-პოლიტიკური ყოფის
მიმოხილვისას იმასაც აღნიშნავდა, როგორ გადმოიღო ქართველმა არისტოკრატიამ რუსეთიდან
ევროპული ცხოვრების გარეგნული მხარე: „ახალი გასართობები, ახალი დროსტარება ჩვენს არისტოკრატიას ძალიან მოეწონა. ევროპული დროსტარებისათვის
კი პური და ღვინო აღარ იყო საკმარისი, ფული
გახდა სჭირო. თავადაზნაურობა მოაწვა ქალაქ-ადგილებს, გაიგო ფულის გემო და, აი, სწორედ
აქედან იწყება არისტოკრატიის დავალიანება და სწრაფი გაღატაკება“ (გომართელი 2012
164). ივანე გომართელის აზრით, არისტოკრატია იმასაც მიხვდა, რომ: „ფულის უმთავრესი
თვისება ის არის, რომ მან გაძღომა არ იცის, არ ფუჭდება და რაც მეტი გექნება, მით უკეთესია“
(გომართელი 2012: 163).
გერმანელ ფილოსოფოსი და სოციოლოგი გეორგ
ზიმელი თავის ნაშრომში „ფულის ფილოსოფია“
(1900 წ.) წერს, რომ
„თავისთავად ფულს, როგორც გაცვლის უბრალო საშუალებას, არანაირი თვისება არა აქვს,
მაგრამ თავისი სხივებით მსჭვალავს ვაჭრობისა და მოხმარების მრავალფეროვნებას და
პოტენციურად აერთებს საკუთარ თავში საყოფაცხოვრებო ყოფის ფერების სიმდიდრეს,
მსგავსად თეთრი ფერისა, რომელც სპექტრის ყველა ფერს მოიცავს. ფულში
კონცენტრირებულია უსაზღვრო რაოდენობის
ფუნქცია (ზიმელი 1996: 303).
უფულობას
განიცდიდნენ არა მხოლოდ პერსონაჟები, არამედ ღარიბი ქართველი მწერლები, მაგალითად,
ვაჟა-ფშაველა წერდა: „რა ვქნა,
ძმაო, თუ ეს მიწა არ ვჩიჩქნე და პური არ მოვიყვანე, ყველანი მშივრები დავიხოცებით,
რადგან ჩემი პოეტობა – მწერლობა ნავთის და მარილის ფულს ძლივს მაძლევს”, - უთქვამს
ვაჟას თავის მეგობარ ა. შამანაურისათვის. ხშირად ამბობდა თურმე ვაჟა: „მთელი ჩემი ცხოვრება
პარადოქსია: როცა ვხნავ – პოეზიაზე ვფიქრობ, როცა ლექსებს ვწერ – პრაქტიკულ საქმეებს
ვსაზრიანობ. ხან ერთი მიშლის ხელს, ხან მეორეო“ (ქართული ლიტერატურის ისტორია 1982:
443)
ამიტომაც დღემდე არ გაცვეთილა და გამაფრთხილებლად გაისმის
სერვანტესის ფრაზები: „ერთი უდიდესი ცდუნება ისაა _ აზრი შთააგონო კაცს, ვითომ იგი
შემძლეა შეთხზას და დასტამბოს წიგნი, რომლისგანაც იმდენ დიდებას მოიხვეჭს, რამდენსაც
ფულს, და იმდენ ფულს, რამდენსაც დიდებას“ (სერვანტესი 1994: 6). თუმცა, ამ „ცდუნების“ შედეგად არაერთი დიდი
მწერალი დაიბადა. „იმისთვის, რათა ადეკვატურად გავიაზროთ ჩარლზ დიკენსის მიერ ფულის, კლასის და ბურჟუაზიული სუბიექტურობის აღწერა, უნდა გამოვიკვლიოთ: როგორი ზემოქმედება მოახდინა დიკენსის მამის დაპატიმრებამ (ვალების გადაუხდელობის გამო) მწერლის დამოკიდებულებაზე ფულისა და სამუშაოს მიმართ; დიკენსის მანიპულაციები ბაზარზე თავისი ნაწარმოებებით: როგორი რეაქცია ჰქონდა მას საზოგადოების დამოკიდებულებასა და რეკლამაზე (სახელის მოხვეჭის მიზნით); რამდენად განსაზღვრა გასაღებაზე ზრუნვამ მწერლის მანიაკალური შრომისმოყვარეობა; დიკენსის ზრუნვა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ; შესაძლოა, აგრეთვე, განხილულ იქნას დიკენსისა და მისი შემოქმედების მიმართება სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიული და იმპერიალისტური ეკონომიკისა და ვიქტორიანულ ინგლისში მიმდინარე კლასობრივი პროცესებისადმი“ (ოსტინი,
ვუდმანსი 2005: 3).
ფული ხშირად განსაზღვრავს წიგნის შექმნის, გამოცემისა
თუ მისი შემდგომი სიცოცხლის ბედს, თუმცა იმის მაგალითებსაც ვხვდებით, როდესაც ავტორები ჰონორარის გარეშე ქმნიან და გამოსცემენ
თავიანთ ნაწარმოებებს. „ივანე მაჩაბელს უაღრესად მძიმე პირობებში უხდებოდა
დაძაბული შემოქმედებითი შრომა. იგი ზოგჯერ იძულებული იყო ჰონორარზეც კი უარი ეთქვა
თავისი თარგმანების გამოცემისას. ვალერიან გუნიას შემდეგი საგულისხმო სიტყვა წაუწერია
„ჰამლეტის“ მაჩაბლისეული თარგმანის ერთი ეგზემპლარის სატიტულო ფურცელზე: „1886 წელს,
როცა ვასო აბაშიძემ გადმომცა სრულს ჩემს განკარგულებაში ჟურნალი „თეატრი“ (ეს იყო
1886 წლის მეორე ნახევარი), მე ვანო მაჩაბელთან (ივანე გიორგის ძე მაჩაბელი) ძალიან
დაახლოებული ვიყავი და თანდათან შევუდექი მის ცდუნებას – შევაგულიანე შექსპირის თარგმნად.
მართლაც, სამი თვის შემდეგ სამი მოქმედება უკვე გადმომცა და მეც „თეატრში“ მას ნაწილ-ნაწილ ვბეჭდავდი. თარგმანი რომ დაასრულა
ვანომ, ცალკე წიგნად გამოვეცი ექვთიმე ხელაძის დახმარებით. სტამბის ვალი ექვსი თვის
ვადით გამიგრძელდა. ასი ეგზემპლარი ვანოს მივეცი ჰონორარის სახით. რა თქმა უნდა, გროში
ფული კი არ აუღია. სულ მუქთად დაარიგა ნაცნობებში“ (ქართული ლიტერატურის ისტორია 1982:
570).
ფულის სიყვარულის კვალდაკვალ
გამოწვეული სიძუნწის არაერთი მაგალითია მსოფლიო
და ქართულ ლიტერატურაში (მოლიერის „ძუნწი“, გიორგი წერეთლის „ძუნწი“ და სხვ.). მერაბ მამარდაშვილი თავისი ლექციაში ამის
თაობაზე საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს: „სიძუნწე. ესაა ფულთან დამოკიდებულების წესი, რის საშუალებითაც ადამიანმა, რომელსაც ძუნწს ვუწოდებთ, თავისი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარა. მისი პრობლემები გარდაიქმნა თვისებად და სამყარო მისთვის შესაძლებელი გახდა, რამდენადაც იგი ძუნწია. ეს პრობლემები შეიძლება სექსუალურიც იყოს და გამოვლინდეს ამ სუბიექტის ფულთან დამოკიდებულებით. ე.ი ფული ის საგანია, რომელშიც მოხდა ზოგიერთი ფსიქიკური, ბავშობაში არსებული იმპულსების, მოძრაობების და ლტოლვების კონცენტრირება. მათ ამ საგანში მოიყარეს თავი, შემდეგ ცნობიერებას გაეცალნენ და ახლა ამ ადამიანში, და არა ვინმე სხვაში, რეალიზდებიან ფულთან მისი დამოკიდებულების სახით, რასაც ჩვენ აშკარად ვხედავთ და ვამბობთ: ეს კაცი ძუნწია. შეიძლება შემოვაბრუნოთ პრობლემა, შეიძლება ავიღოთ ის, რასაც ჩვენ ზედაპირზე ვხვდებით, და წავიდეთ უკან მომხდარისკენ, როგორც მასალისკენ, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია კვანძი გავხსნათ. ამისათვის საჭიროა ორი წანამძღვარი. ჯერ ერთი, სიძუნწე ან აგრესია არ უნდა განვიხილოთ როგორც მზა თვისება, როგორც ახსნის საბოლოო ინსტანცია. მეორე, სიძუნწეს ან აგრესიას უნდა მივანიჭოთ საზრისი: აი, რას ნიშნავს მოცემულ შემთხვევაში სიძუნწე ან აგრესია. ესე იგი საჭიროა დავინახოთ საზრისისეული წარმონაქმნი იმ მნიშვნელობით, რომ რაიმე თვისება გავიგოთ, როგორც მხოლოდ სიმპტომი“ (მამარდაშვილი 1998: 21).
ცხოვრება ბრძოლაა და აქაც,
როგორ ომში, ფული მთავარი იარაღია, თუმცა არის მორალურ-ზნეობრივი და სახელოვნებო ღირებულებები,
რომელთა შესანარჩუნებლად მაღალი სულიერება,
რწმენა და ნიჭია საჭირო, როგორც ვაჟა-ფშაველა ათქმევინებს თავის ალტერეგოს, ალუდა ქეთელაურს:
„მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა“.
მიხეილ ჯავახიშვილმა თავისი
წერილი „როგორ ვმუშაობ“ ასე დაასრულა: „ნაპოლეონი ამბობდა, ომის მოსაგებად ჯერ ფულია
საჭირო, მერმე ფული და ბოლოს ისევ ფულიო. მეც ვიტყვი: სალიტერატურო გამარჯვებისთვის
ჯერ კარგი ქართულია საჭირო, მერმე კარგი ქართული და ბოლოს ისევ კარგი ქართული“ (ჯავახიშვილი
2011: 362). თუმცა, სალიტერატურო გამარჯვება
არ ნიშნავს მიმდინარე რეალურ დროში გამარჯვებას, არამედ გამარჯვებას იმ
განზომილებაში, რომელშიც სამყაროული კანონები არსებობას წყვეტენ და ფულიც კარგავს ძალაუფლებას.
დამოწმებული ლიტერატურა
ბროდსკი 2009: ბროდსკი
იოსიფ, დოსტოევსკის შესახებ, ჟურნ. „არილი“,
#9, თბილისი, 2009
გამსახურდია 1992: გამსახურდია
კონსტანტინე, „დიონისოს ღიმილი“,თხზ. 20 ტომად, ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „დიდოსტატი“,
1992
გომართელი 2012: გომართელი
ივანე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, წიგნში „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, ჩემი რჩეული, გამომცემლობა
„პალიტრა L , თბილისი, 2012
ვონეგუტი 2015: ვონეგუტი
კურტ, სასაკლაო #5, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი 2015
ზიმელი 1996 ზიმელი გეორგ,
რჩეული, ტ.II . გამომცემლობა „იურისტი“, მოსკოვი, 1996
ზოლა 2014: ზოლა ემილ, ფული, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი,
2014
ლორთქიფანიძე ლორთქიფანიძე
ნიკო, „შელოცვა რადიოთი“ (ნიკო ლორთქიფანიძე 2000: 120).
მამარდაშვილი
1998: მამარდაშვილი
მერაბ, ლექციები
ფსიქოანალიზის შესახებ,
მშვიდობის, დემოკრატიისა
და განვითარების
კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი
1998
გარსო 2010: გუსტავო მარტინ
გარსო, ინტერვიუ, ჟურნ. „არილი“, 24 ივლისი,
თბილისი, 2010
სერვანტესი 1994: სერვანტესი მიგელ, „დონ კიხოტი“, პირველი და მეორე ნაწილი, გამომც.
„სერვანტესის საზოგადოება“, თბილისი, 1994
ოსტინი, ვუდმანსი 2005: მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი, ლონდონი-ნიუ-იორკი, 2005
http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/
სტენდალი 2013: სტენდალი,
სიყვარულის შესახებ. გამომცემლობა „უსატრი“, თბილისი 2013
უელბეკი 2011: უელბეკი
მიშელ, ჟურნ. „არილი“, #1, თებერვალი,თბილისი, 2011
წერეთელი 2015: წერეთელი
აკაკი, ქართული ფულის თავგადასავალი. წიგნში: აკაკი წერეთელი, მხატვრული პროზა, ტ. VI, გამომცემლობა „საქართველოს
მაცნე“, თბ. 2015
ჭავჭავაძე 2012: ჭავჭავაძე ილია, ჩემი რჩეული,
ტ.2, გამომცემლობა „პალიტრა L“,თბილისი,
2012
ქართული ლიტერატურის ისტორია
1982: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 5, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი,
1982
ჯავახიშვილი 2011: ჯავახიშვილი მიხეილ, „ჯაყოს ხიზნები“, ჩემი რჩეული, ტ.3, გამომცემლობა
„პალიტრა L“, თბილისი, 2011
ჯავახიშვილი 2011: ჯავახიშვილი
მიხეილ, როგორ ვმუშაობ, ჩემი რჩეული, ტ.7,
გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2011
No comments:
Post a Comment