Translate

Saturday, April 16, 2016

აქტიური სწავლების სტრატეგიები


მაია ჯალიაშვილი
                  
                      

სწავლების მრავალ მეთოდსა და ხერხს შორის  პედაგოგიკის მეთოდიკის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიური სწავლების სტრატეგიებს. რომლებსაც განსაკუთრებით ნაყოფიერი შედეგები აქვს სწავლების ყველა საფეხურზე და ყველა საგანში. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ სტრატეგიას, რადგან იგი გულისხმობს სწავლების პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების  ერთობლივი ძალისხმევით მიღებას. ეს სტრატეგია საშუალებას აძლევს მასწავლებელს, განავითაროს კლასის ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესების გამოვლენას, ნებისმიერ მოსწავლეში თვითშეფასების ამაღლებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
ამერიკელმა სოციოლოგებმა საგულისხმო და საინტერესო  კვლევა ჩაატარეს იმის გამოსავლენად, თუ რა ტიპის წყაროებიდან რა მოცულობით იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მათ მოიწვიეს  სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები, რომელთაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ.  მათ შესთავაზეს ათი კითხვა მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. გამოკითხულთა მხოლოდ ათმა პროცენტმა უპასუხა ყველა კითხვას.
ამ ექსპერიმენტმა უბიძგა მკვლევრებს, გამოეტანათ შემდეგი დასკვნა: სკოლა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია, წარმატებით ასწავლის მხოლოდ ერთს ათიდან. როგორც უნდა ვეცადოთ, სკოლაში კარგად, ნაყოფიერად სწავლობს მხოლოდ 10 პროცენტი. რატომ? კვლევებმა აჩვენეს, რომ  ადამიანი მხოლოდ 10 პროცენტს იმახსოვრებს წაკითხულიდან, 20 პროცენტს  _ მოსმენილიდან, ხოლო 30  პროცენტს _ ნანახიდან.
გამოკვლევამ წარმოაჩინა, რომ 50%  გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, მაგალითად, როდესაც ვნახულობთ ფილმებს, ვათვალიერებთ გამოფენას, მივდივართ ექსკურსიაზე.
საგულისხმოა, რომ 70% გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვლაპარაკობთ, მაგალითად, გამოვთქვამთ ვარაუდებს, თვალსაზრისებს დისკუსიის დროს. მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება 90%, როდესაც  ვსაუბრობთ და ვმონაწილეობთ რეალურ პროცესში, თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ დასკვნებს, ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს.

მოსწავლე იმახსოვრებს:

10%-ს

წაკითხულიდან

წიგნი, სახელმძღვანელო, ბეჭდური მედია
20%
მოსმენილიდან
ლექცია, ზეპირი ახსნა
30%
ნანახიდან
ილუსტრაცია, სლაიდები
50%
ნანახისა და მოსმენილისგან
ფილმი, გამოფენა, ექსკურსია
70%
საუბრიდან
დისკუსია
90%
საუბრიდან, მოქმედებიდან
რეალური მოქმედებების იმიტაცია

მკვლევართა აზრით, ამის ახსნა ძალიან მარტივია: ადამიანთა მხოლოდ  ათ პროცენტს აქვს უნარი ისწავლოს წიგნის კითხვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ ათ პროცენტს მიესადაგება ტრადიციული სწავლების მეთოდები, დანარჩენ ოთხმოცდაათ  პროცენტსაც შეუძლია სწავლა, მაგრამ არა წიგნის კითხვით, არამედ სხვა გზით, თავისი მცდელობებით, რეალური გამოცდილებით, გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობით. ასე რომ, ყველა ადამიანს შემეცნებისა და განვითარების  სხვადასხვა საშუალება აქვს.
ამ ყოველივეს გათვალისწინება აუცილებელია, რათა პედაგოგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.  მან უნდა იზრუნოს და გაამრავალფეროვნოს თავისი სწავლების პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა გზა შესთავაზოს ახალი ინფორმაციის აღსაქმელად, გასაგებად, გასაანალიზებლად, ძველისა და ახალი მასალის დასაკავშირებლად, შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.
სწავლების აქტიური მეთოდები მოსწავლეს ახალ პოზიციაში აყენებს, როდესაც ის აღარ არის, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „პასიური ჭურჭელი“, რომელსაც ჩვენ ცოდნით ვავსებთ, არამედ ის აქტიურდება და საგანმანათლებლო პროცესში იღებს მონაწილეობას. ადრინდელი სასწავლო გამოცდილების მიხედვით, მოსწავლე მთლიანად ექვემდებარებოდა მასწავლებელს, დღეს კი მოსწავლისგან პედაგოგი მოელის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას, შემოქმედებითობას.
სწავლების აქტიური მეთოდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ჯგუფური მუშაობის ფორმას. აქტიური მეთოდების ტექნოლოგია ეფუძნება ერთობლივ მოქმედებას და მიმართულია იმისკენ, რომ:

·         ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთი შეავსონ და გაამდიდრონ თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;
·         მოახერხონ ერთობლივი მოქმედებების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო-შემეცნებითი პროცესების გააქტიურებას;
·         შეძლონ კომუნიკაცია, ურთიერთობა, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია შესასრულებელ დავალებათა განაწილება, თვალსაზრისთა გაზიარება და ურთიერთგაგება;
·         შეძლონ პრობლემის გადასაწყვეტად მოქმედების ხერხების გაზიარება;
·         შეძლონ ურთიერთგაგება, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა ჩართულობას ჯგუფში და ინდივიდუალური უნარების მაქსიმალურ გამოვლენას;
·         გამოხატონ რეფლექსია, რომლის საშუალებითაც წარმოჩნდება მონაწილის პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებაზე, შეცდომის შემთხვევაში კი, მოქმედების შესწორების უნარი.

აქტიური მეთოდები გულისხმობენ სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენებას. თამაშის პედაგოგიკა კრებს იდეებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფში ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თვალსაზრისთა ურთიერთგაცვლას, კონკრეტული პრობლემების გაგებას და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც აღიარებულია, თამაშს ენიჭება დამხმარე ფუნქცია სწავლების მთელ პროცესში.
თამაშის პედაგოგიკის ამოცანაა წარმოადგინოს მეთოდიკა, რომელიც ჯგუფურ მუშაობას ეხმარება და ქმნის ატმოსფეროს, რომლის წყალობითაც მონაწილენი თავს გრძნობენ კომფორტულად და დაცულად. ყოველ მათგანს აქვს შეგრძნება, რომ მის თვალსაზრისს, იდეას პატივს სცემენ, შეიძლება შენიშვნა მისცენ, გააკრიტიკონ, არ მიიღონ, მაგრამ ამას ისე გააკეთებენ, რომ აზრის გამომთქმელს არ დაამცირებენ, არ დასცინებენ, ღირსებას არ შეულახავენ.
თამაშის პედაგოგიკა მასწავლებელს ეხმარება მონაწილეთა  სხვადასხვა უნარის გამოვლენის შესაძლებლობის რეალიზებაში. მონაწილეეებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ განცდები, ემოციები, დაიხმარონ ჟესტ-მიმიკა და ყველა გზითა და ხერხით გამოავლინონ საკუთარი თავი ისე, რომ არ ჰქონდეთ სიმორცხვისა და გაუბედაობის განცდა. მათ უნდა დაძლიონ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიში, იყვნენ ლაღნი და კეთილგანწყობილნი ჯგუფის ყველა წევრის მიმართ. ნდობით მოეკიდონ ყოველ ახალ მონაწილეს და საშუალება მისცენ, თავი იგრძნოს ჯგუფის სრულყოფილ წევრად.
ამგვარი მუშაობა დაარღვევს ბევრ უსარგებლო და სწავლების შემაფერხებელ  სტერეოტიპს, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერებაშია ჩამოყალიბებული. ეს ტექნოლოგია მოსწავლეს უმაღლებს თვითშეფასებას, მატებს სითამამეს, თავდაჯერებულობას, გამბედაობას და ჰგვრის  იმ სიხარულს, რომელიც მოაქვს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, ამ მინისაზოგადოებაში თვითდამკვიდრების განცდას.
თამაშის პედაგოგიკის პრინციპებია:
1. საკუთარი ნებით მონაწილეობა;
2. შეჯიბრებისთვის თავის არიდება და დადებითი ემოციების გამოვლენის შესაძლებლობა;
 3. გამოყენებული ფორმის მრავალფეროვნება;
4.  ყურადღების გამახვილება კომუნიკაციის ყველა დონეზე.
აქტიური მეთოდიკის სტრატეგიებზე დღეს ბევრი თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფიქრობს, მათ შორისაა სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი პროფესორი დევიდ კოლბი ხელმძღვანელობს.  მკვლევართა აზრით, ადამიანი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ 1/8 ჩანს წყლის ზედაპირზე, 7/8 კი წყლის ქვეშაა დაფარული. ხომალდების უმეტესობა, რომლებიც ოკეანეებში დაცურავენ, აისბერგის სწორედ ამ უხილავი ნაწილის მსხვერპლი ხდებიან. პედაგოგთა წარუმატებლობის დიდი წილი მოდის იმაზე, რომ  სასწავლო პროცესში ისინი ხშირად ივიწყებენ ხოლმე მოსწავლის გრძნობებსა და ემოციებს.
სწავლების აქტიურ მეთოდებს შორის ცნობილია თამაშის ორგანიზების შემდეგი ფორმები: „ყინულმჭრელი“, „გადაწყვეტილებათა ხე“, „ცარიელი სავარძელი“, „6 х 6 х 6“, „იდეების ხალიჩა“ და სხვ.
მეთოდი „ყინულმჭრელი“ ხშირად გამოიყენება ნაკლებად ნაცნობ ადამიანთა დასაახლოვებლად (წარდგენა, ინტერვიუ). კლასში, სადაც მოსწავლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, ეს მეთოდი გამოიყენება ემოციური განწყობის ასამაღლებლად.
აქტიური მეთოდიკა გულისხმობს სწავლებას ჯგუფებში, რომელთა შემადგენლობა ყოველ ჯერზე იცვლება. ჯგუფებად დაყოფის მეთოდიკა კი გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი თავიდანვე აყალიბებს  ჯგუფის შედგენის პრინციპებს. ჯგუფში არ უნდა იყოს 9 მოსწავლეზე მეტი. პედაგოგმა უნდა იზრუნოს, რომ ჯგუფებად დაყოფის მეთოდიკაც გაამრავალფეროვნოს და საინტერესო გახადოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწილდეს ჯგუფები „საუკეთესოებისა“ და „უარესების“ მიხედვით. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ჯგუფს ყოველთვის ერთი და იგივე ლიდერი არ ჰყავდეს.
ყოველ გაკვეთილზე ახალი შემადგენლობის ჯგუფები უნდა შეიქმნას. მიზანი ისაა, რომ მოსწავლეები შეეჩვიონ საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებას, შეიძინონ საერთო თვალსაზრისის შექმნის უნარი, შეძლონ ურთიერთობა იმ ადამიანთანაც, რომელთანაც არ არიან კეთილგანწყობილნი, ან რაიმე უთანხმოება აქვთ.  მოახერონ ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა ახალი იდეების შესაქმელად.
მეთოდიკა „გადაწყვეტილებების ხე“ _ ამ მეთოდიკას იყენებენ არაერთმნიშვნელოვანი და რთული სიტუაციების დროს. მასწავლებელი მუშაობის  დაწყებამდე წარმოაჩენს პრობლემას, რომელსაც  შემდეგ ჯგუფებში განიხილავენ. იგი წინასწარ ამზადებს ცხრილებს ყოველი ჯგუფისთვის. მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე მიცემული აქვთ დავალება, რომ გაეცნონ იმ საკითხებს, კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც მოცემული პრობლემის გადასაჭრელად დასჭირდებათ. გაკვეთილზე კი მოსწავლეები ყოველმხრივ განიხილავენ პრობლემას, დაწვრილებით აანალიზებენ მისი გადაჭრის სხვადასხვა გზას, ყოველი გადაწყვეტილების პლუსებს და მინუსებს (უპირატესობასა და ნაკლს) გამოავლენენ და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღებენ საერთო გადაწყვეტილებას. ყოველი ჯგუფი დავალების შესრულებისას  ავსებს ცხრილს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჯგუფის მუშაობის პროცესს:

პრობლემა
+უპირატესობა
1.
2.
3.
-ნაკლი
1.
2.
3.
საერთო გადაწყვეტილება

             მეთოდიკა 6X6X6 („ექვსჯერ ექვსი“). ამ მეთოდიკით მუშაობა ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ყოველი ჯგუფი ასრულებს დამოუკიდებელ დავალებას. მუშაობის პროცესში მონაწილეები იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, ამასთანავე, ყოველი მათგანი ემზადება იმისთვის, რომ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მიღებული შედეგები  შემდგომ ახალ ჯგუფში სხვებს გაუზიაროს.
მეორე ეტაპზე ახალი ჯგუფები  იქმნება და პირველი ეტაპის მონაწილე ყველა ჯგუფშია. თავიდან ყოველი მონაწილე წარმოადგენს წინა ჯგუფში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, შემდგომ კი ჯგუფი ასრულებს ახალ დავალებას. ეს საშუალებას აძლევს პედაგოგს, რომ ერთი საკითხი სხვადასხვა რაკურსით გაანალიზებინოს მოსწავლეებს და ურთიერთთანამშრომლობით მიღებული დასკვნები გააზიარებინოს.
სადისკუსიო მეთოდიკას განეკუთვნება „ცარიელი სავარძელი“. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გადაწყვეტილება მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიიღონ.  ეს მეთოდი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარს ავითარებს, ასწავლის დასაბუთებას, ზუსტი და შესაბამისი არგუმენტების მოხმობის აუცილებლობას, დამაჯერებელ დასაბუთებას, კითხვების დასმის ხელოვნებას, დისკუსიის კულტურას, ააქტიურებს მონაწილეთა დიდ რაოდენობას.
ამ მეთოდის შესრულების ტექნოლოგია ასეთია: წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებული ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სხვადასხვა თვალსაზრისი გაანაწილეთ 3-4 სკამზე.  ერთგან კი დაწერეთ მხოლოდ კითხვის ნიშანი. მონაწილენი ეცნობიან ამ ყოველივეს. ვისაც მოცემულისგან განსხვავებული შეხედულება აქვს დადგება კითხვისნიშნიან სკამთან. ასევე განაწილდებიან სხვა სკამებთან და შეიქმნება ჯგუფები. შემდეგ ჯგუფში განიხილავენ ამ საკითხს და აირჩევენ ლიდერს, რომელიც მათს თვალსაზრისს წარმოადგენს და დაიცავს დისკუსიაზე. დისკუსიის მონაწილენი სხდებიან წრეზე. დისკუსიას იწყებენ იმ ჯგუფის მონაწილენი, რომლებიც პირისპირ სხედან. მასწავლებელი დგამს კიდევ ერთ სკამს იმისთვის, ვისაც გაუჩნდება აზრის გამოთქმის სურვილი. ამას ჰქვია ცარიელი სავარძელი, რომელზეც ჯდომა მხოლდ ერთ წუთს შეიძლება. მასწავლებელი, რომელიც დისკუსიას უძღვება, როგორც კი მოისმენს ყველაზე მნიშვნელოვან დასაბუთებას, დისკუსიას ამთავრებს.
„იდეების ხალიჩა“ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდიკაა, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად მონაწილენი 3-4 ჯგუფად იყოფიან.
პირველ ეტაპზე ხდება პრობლემის გააზრება. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: რატომ არსებობს ეს პრობლემა? ყოველ ჯგუფს ურიგდება ფერადი მისაწებებელი ფურცლები. მოსწავლეები უპასუხებენ შემოთავაზებულ კითხვას, მაგალითად: რატომ არის სკოლაში სწავლა ძნელი? ჯგუფი პასუხს წერს ფერად ქაღალდზე და აკრავს „იდეების ხალიჩაზე“.
მეორე ეტაპი გულისხმობს გადაწყვეტილების მისაღებად გზების ძიებას. რა შეიძლება შეიცვალოს? ყოველი ჯგუფი დაწერს  ამ კითხვაზე საკუთარ პასუხს ფერად ფურცელზე და გააკრავს დაფაზე.
მესამე ეტაპზე მონაწილეები  ინდივიდუალურად მოქმედებენ. მათ უნდა უპასუხონ კითხვას: რას გავაკეთებ მე არსებული სიტუაციის შესაცვლელად?
მეოთხე ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი იდეების შეფასებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.  მონაწილემ უნდა აარჩიოს  პრობლემის გასაწყვეტის ის გზა, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად მიაჩნია.

აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა  ყოველი მეთოდის გამოყენების წინ მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა არჩეული მეთოდი კონკრეტულ გაკვეთილს და წინასწარვე წარმოიდგინოს სავარაუდო შედეგი. 

დაბეჭდილია ჟურნალში : „მასწავლებელი“, #1, 2016

No comments:

Post a Comment