მაია ჯალიაშვილი
თანამედროვე
ქართული რომანი გამოირჩევა თემატური თუ ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ძიებებით. სოციალურ,
ფილოსოფიურ, პოლიტიკურ პრობლემებს ავტორები ანტიუტოპიით, და მისი უფრო გამძაფრებული
ფორმით, დისტოპიითაც გამოხატავენ, მაგალითად, ლაშა ასათიანის „ხვალის ქრონიკები“, ჯაბა
ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და სხვ. ამ ტიპის რომანებს შორისაა დიმიტრი უჩანეიშვილის
„კოშკი“, რომლის გამოგონილ სულიერ-მატერიალური
სივრცეებში მოგზაურობისას მკითხველი კიდევ ერთხელ დაფიქრდება ადამიანური არსებობის
აზრსა და მიზანზე. `ვეკითხები საკუთარ თავს,
_ მაინც რა არის შენი რელიგია? _ და თავადვე ვუპასუხებ _ ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა _ ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ. ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან~, _ წერს მიგელ დე Uუნამუნო.
ჭეშმარიტების ძიება ბევრმა აქცია სიცოცხლის საზრისად და რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიმართლე? დრო-სივრცეში ისარივით გასროლილი ეს შეკითხვები დიდი ხანია ადამიანის სულს, გულსა და გონებას ბზარავენ და აღძრავენ ძიებისათვის. რა არის ჭეშმარიტება? _ იოანეს სახარებაში პილატემ ჰკითხა იესოს და პასუხი ვერ მიიღო. პილატე პარადიგმაა დაეჭვებული ადამიანისა, რომელსაც, ორ სიმართლეში გახლართულს, გზა ვერ უპოვია. ერთ სიმართლეს იესო უკარნახებს, მეორეს _ საზოგადოება. პილატემდე კი თომამ
იგივე ჰკითხა იესოს და პასუხი მიიღო: `სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე~ (იოანე 14, 4-6).
ორი სიმართლის გზაჯვარედინზე მდგომი ტრაგიკული პიროვნება უხვად არის დახატული მსოფლიო ლიტერატურაში. უპირველესად, ჰამლეტი გვახსენდება, ყოფნა-არყოფნის მტანჯველი დაეჭვებულობით. ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა
ალხასტაიძე ორი სიმართლის საზღვარს დაუეჭვებლად გადალახავენ, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად.
ჭეშმარიტების ძიების სულით არის გამსჭვალული დიმიტრი უჩანეიშვილის ანტიუტოპიური მხატვრული ტექსტი `კოშკი~. ეს არის ფილოსოფიურ-იგავური ნაწარმოები, რომელშიც მწერალი რელიგიურ, ფილოსოფიურ და, ზოგადად, კულტურის სიმბოლოებსა და პარადიგმებს იყენებს თავისი სათქმელის მკითხველამდე მისატანად. ეს სათქმელი კი მარად აქტუალურია: როგორ დავაღწიოთ თავი იმ მტანჯველ გაორებას, რომელსაც
სულიერსა და ხორციელს, მატერიალურსა და წარმოსახულს, რეალურსა და იდეალურს, წარმავალსა და მარადიულს, ხრწნადსა და უკვდავს შორის გაჩენილი უფსკრული
ბადებს.
როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი? ამ კითხვაზე საპასუხოდ აღძრულ უამრავ მრავალმნიშვნელოვან პასუხს შორის
ერთი ამგვარიც შეიძლება იყოს: ადამიანმა უნდა შექმნას ისეთი საზოგადოება, რომელშიც შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას, იქნება თავისუფალი და სამართლიანი.
ამ ოცნებამ იდეალურ სახელმწიფოზე, რომელიც დაეფუძნება ზნეობას, სიკეთეს,
სამართლიანობას, კეთილდღეობას,
დაბადა კლასიკური უტოპიური ნაწარმოებები: პლატონის `სახელმწიფო~ იქნება ეს თუ თომას მორის `უტოპია~.
ისტორიამ დაამოწმა უტოპიის რეალობაში განხორციელების შეუძლებლობა და შეიქმნა ანტიუტოპიური რომანები, (მათ შორის, ოლდოს ჰაქსლის `საოცარი ახალი სამყარო~, ჯორჯ ორეულის `1984~, `ცხოველთა ფერმა~, რეი ბრედბერის `450 ფარენჰაიტით, ფილიპ დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ
ცხვრებზე?“ და სხვ), რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანთა გადაულახავ სულიერ-ზნეობრივ წინააღმდეგობებს,
მათ შორის, მათს ბედს ტოტალიტარულ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, ტექნიკური ცივილიზაციის მიღწევები ჰომო საპიენსმა გამოიყენა არა ადამიანის საკეთილდღეოდ, არამედ ძალადობისა და სისასტიკის
ახალი ფორმების დასამკვიდრებლად. ეს კარგად წარმოჩნდება, მაგალითად, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ბესტსელერად ქცეულ ანტიუტოპიურ ტრილოგიაში `შიმშილის თამაშები~.
რა მოელის კაცობრიობას? ბიბლიური წინასწარმეტყველებები სამყაროს ნგრევასა და განახლებას ჰპირდებიან. აქტუალურია ტექნოლოგიური `აპოკალიფსიც~, რომელიც, აგრეთვე, ადამიანური სამყაროს კატასტროფასა და სრულ გარდაქმნას მოასწავებს.
XXI საუკუნეში ადამიანთა მომავალზე წარმოდგენა ხელოვნებაშიც სულ უფრო უცხო და რადიკალურ ფორმებში ვლინდება. დიმიტრი უჩანეიშვილის ეს რომანი დისტოპიაა, რადგან მასში დახატულია
ზნეობრივად დეგრადირებული მომავლის საზოგადოება, რომელსაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოუტანა.
საგულისხმოა, რომ ავტორი ხედავს გლობალიზაციის დამღუპველ შედეგებს და ხატავს რეალობას, როდესაც მთელ დედამიწაზე (რომანის მიხედვით, დედამიწისქვეშეთში) ერთი სახელმწიფო, ერთი ენა და ერთი იდეოლოგიაა.
რომანში კაცობრიობის დაღუპვისა და გადარჩენის იდეები ერთმანეთს გადაეწვნება. ერთი მხრივ, არის ზნედაცემული სამყარო, მეორე მხრივ, მხსნელი, რომელიც იბადება იმისთვის, რომ თავისუფალი სიცოცხლის იდეა გადაარჩინოს.
ავტორს მკითხველი გადაჰყავს 2350 ¬წელში. ადამიანთა რაოდენობამ არნახულ რაოდენობას მიაღწია, დაიწყო თავისუფალი მიწის ძიება, წაიშალა საზღვრები, `ერთმანეთში აირია, აითქვიფა და აიზილა მთელი ერები“. რომანში მოთხრობილია, როგორ აქცია სასიცოცხლო რესურსების ძიებამ ადამიანები მგლებად. გამოსავლის ძიებამ დაბადა ახალი იდეა დედამიწის გადარჩენისა: ხალხი მიწისქვეშეთში გადაასახლეს. 2350 წლისთვის დედამიწა დაცარიელდა: `ადამიანი აღარ იყო არც ხმელეთსა და არც წყალზე, თუმცა არსებობდა ლეგენდა, რომ სადღაც, კავკასიონის მთებში, ხუთასამდე ადამიანი განაგრძობდა ცხოვრებას და ტყესა და გამოქვაბულებს აფარებდა თავს“. ადამიანები შთანთქა ქვესკნელმა. ლეგენდა ხუთას კავკასიელზე ირეკლავს საქართველოს, როგორც მხსნელის, პარადიგმას, რომელიც სასულიერო ტექსტებიდან იღებს სათავეს, უპირველესად კი, იოანე ზოსიმეს `ქება და დიდება ქართულისა ენისაი~ გვახსენდება. ზვიად გამსახურდიას ცნობილი ნაშრომი `საქართველოს სულიერი მისია~ ამ იდეითაა გამსჭვალული. მისი აზრით, კავკასიასთანაა დაკავშირებული ძველბერნული მითები პრომეთესა და არგონავტების შესახებ. პრომეთემ ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და კავკასიონზე მიაჯაჭვეს. `პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა“ (ზვიად გამსახურდია, `საქართველოს სულიერი მისია~).
რომანში დახატულია როგორ ცხოვრობს ახალი, მიწისქვეშეთის ადამიანი, შეცვლილ რეალობაში. მან შექმნა „მიწისზედას ანალოგური ქალაქები ქუჩებით, ტრანსპორტით, სკოლებით, ბანკებით და ა.შ. ...ერთადერთი რამ იყო განსხვავებული: ამ ქალაქებში მზე არასოდეს ამოდიოდა“. ყველაზე ტრაგიკული სწორედ მზის ამოუსვლელობაა. მზე ხომ სინათლის, სიკეთის, სულიერების, ღვთიურის განსახიერებაა. ასე რომ, რომანში ვხედავთ ხთონურ, ბნელეთის სამყაროს, რომელშიც სულიერებისაგან მთლიანად განძარცული ადამიანები ცხოვრობენ. მათ აღარ სჭირდებათ
ღმერთი, რადგან აღარ აქვთ კავშირი ზეციურთან, ნათელთან, ღვთაებრივთან, მარადიულთან.
რომანის მთავარი გმირი ადამ ზეცუბო (კოდირებული გვარ-სახელით) ამ ქვესკნელის სამყაროს მეგაპოლისში_ჰელიქსში ცხოვრობს. ჰელიქსი პირდაპირ მიანიშნებს ჯოჯოხეთზე (ინგლისური სიტყვიდან: Hell). ქალაქი 7-დონიანია და რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მით მეტი განცდაა ჯოჯოხეთისა _ სიღატაკე, შიმშილი, პროსტიტუცია, კრიმინალი _ ტემპერატურის ზრდასთან ერთად მატულობს. რა თქმა უნდა, გადაძახილია დანტეს `ღვთაებრივი კომედიის~ ჯოჯოხეთთანაც.
მწერალს აინტერესებს, როგორ წარიმართება ადამიანის ბედი განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში. მისი წარმოდგენა მომავალზე აპოკალიფსურია. მიწისქვეშეთში გადასახლებულნი უსახო, ურასო, უსულო, უღმერთო ადამიანები არიან, რომელთაც მითად და ლეგენდად ახსოვთ დედამიწაზე, `ზემოთ~ ცხოვრება. ზღაპარივით ჰყვებიან, რომ დედამიწაზე ორი მზე ანათებს, რომ ადამიანს ფრენა შეეძლო და სუფთა წყლისა და ჯანსაღი ჰაერის წყალობით დიდხანს ცოცხლობდა. ავტორი წერს, რომ `მომდევნო თაობებსაც, რომლებმაც მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ ცის ქვეშ არსებობის ამბები, ოცნება ისევე სისხლხორცეულად ჰქონდათ შეთვისებული, როგორც წინაპრებს, როგორც ერთ დროს ებრაელ ერს, რომელმაც ოცდაექვსი საუკუნე ატარა ოცნება აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესახებ~.
რომანში წარმოჩენილია ერთი პერსონაჟის სიმბოლურ-ალეგორიული თავგადასავალი. ნაწარმოების სხვადასხვა თავში იხატება გმირში გაღვიძებული ზეცნობიერის განვითარების ეტაპები. ამას შეესაბამება ნაწარმოების ყოველი თავის სიმბოლური სახელწოდებაც: აისი, დღე.
ეს გმირი ადამ ზეცუბოა. როგორც აღვნიშნეთ, მის სახელსა და გვარში კოდირებულია მისი მისია _ გადაარჩინოს თავისუფლების იდეა. ის ადამია, ღვთის ხატად და მსგავსებად შექმნილი, ე.ი. თავისუფლებით დასაჩუქრებული. ზე _ ადამიანში ღვთაებრივზე, სულზე მიანიშნებს. ადამ ზეცუბო 22 წლის განმავლობაში პირველად დაფიქრდა საკუთარი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, როცა სამსახურში სამი დღე ავადმყოფობის გამო ვერ წავიდა. სამი დღე ავადობა, სიმბოლურად, მიანიშნებს
თვითჩაღრმავებასა (ბიბლიურ იონას სამი DდღეE ვეშაპის მუცელში ყოფნა, იესოს სამდღიანი დაფვლა) და განახლებაზე, ერთგვარ ხელახლა დაბადებაზე.
კოშკი მისი სხეულია, გარემოა, საზოგადოებაა, რომელშიც დატყვევებულია მისი სული. ვინ იხსნის? ხსნის გზის ძიებას ბიძგს
აძლევს სიზმარი (იგივე, ხილვა). მას ესიზმრება დედამიწის ის ადგილები, სადაც, გადმოცემით, მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. მერე დრიმქორდერით (სიზმრის ჩამწერით) იწერს, რათა რეალურად ნანახს შეადაროს.
მწერალი მთავარ პერსონაჟს გვიხატავს, როგორც ბავშვობიდან გამორჩეულს იმით, რომ მუდამ სვამს კითხვას: რატომ? Cogito ergo sum_ ვფიქრობ, მაშასადამე,
ვარსებობ (დეკარტი). ადამ ზეცუბო ბანკის მოხელეა. მისი ცხოვრების ყოველი წუთი აწყობილ-გაანგარიშებულია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მოხდა. ისევ წამოუტივტივდა საყვარელი მივიწყებული კითხვა: რატომ? რატომ გახდა ბანკირი? ეს მისი რეალური არჩევანი იყო თუ მოჩვენებითი? პროფესიის არჩევანმა თვით საბანკო საქმის ღირებულებაზე დააფიქრა და ინტერნეტში პასუხის პოვნას შეეცადა. მალე აღმოაჩინა წიგნის, `პლანეტის უდიდესი ფალსიფიკაცია”, ავტორი ფრიდმენ ფულტონი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას თავდაყირა აყენებდა: `საბანკო საქმე ვიღაცების მიერ იყო მოგონილი კონკრეტული ფენისა თუ ჯგუფის გასამდიდრებლად და არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა~. ძიება განაგრძო და ისეთ რამეს მიაგნო, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი წარმოდგენა ყველაფერზე: `ფრიდმენ ფულტონი, საბანკო სისტემის მოსისხლე მტერი, იმავდროულად, მის აპოლოგეტად გვევლინებოდა~.
ამგვარი დეტექტიური ფანდებით ავტორი მკითხველის ცნობისმოყვარეობას ძაბავს და მოლოდინით მუხტავს. ზეცუბოს ვერ აეხსნა ადამიანის მსოფლმხედველობის ამგვარი რადიკალური ცვლილება. როგორ შეეძლო ადამიანს ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისის მტკიცება. ზეცუბოს აწუხებდა კითხვა: სინამდვილეში ვინ იყო ქოენი და როდის ამბობდა სიმართლეს? ადრე თუ ახლა? ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებულმა დასკვნამ ზეცუბო შოკში ჩააგდო: ორივე თვალსაზრისი (ურთიერთგამომრიცხავი) მართალი იყო.
საბანკო საქმის შესახებ ორმა სიმართლემ ზეცუბო სხვა აღიარებულ ჭეშმარიტებებზეც დააფიქრა და მიხვდა: სრული ქაოსი და აბსურდი გამეფებულიყო დედამიწელთა ცნობიერებაში. იგი `ახალ რეალობაში აღმოჩნდა~. ამან მის სულში ამბოხი დაბადა. ადამ ზეცუბო პირველად დაეჭვდა საკუთარ ცხოვრებაში: სწორ გზას ადგა თუ არა, უნდა ეკეთებინა თუ არა ის საქმე, რომელსაც პროფესია ავალდებულებდა. ეს იყო მისი თავისუფალი არჩევანი თუ ვიღაცის ძალადობის შედეგი? იყო თუ არა თავისუფალი?
რომანში წარმოჩენილია თვითშემეცნების საფეხურები. ადამ ზეცუბო ყველაფერს გაყიდის და ამოვა დედამიწაზე, რათა იხილოს ჭეშმარიტი სინათლე. საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში ზეცუბოს შთაბეჭდილებების გადმოსაცემად მწერალი იყენებს დღიურის ფორმას. გმირის ჩანაწერების სტილი სრულიად განსხვავდება მთხრობლის სტილისაგან, უფრო ლაღი, ექსპრესიული, ხატოვანია. მზის სხივებით განათებული სამყარო ცვლის მის აღქმას და გამოხატვის ფორმასაც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზეცუბო ყოფილი საქართველოს ტერიტორიაზე ამოდის და ხედავს საოცარ ბუნებას, აქ ის პირველად იხილავს ვენახებს და იგემებს ყურძენს, სიმბოლურად, ყურძნის წვენი ღვთაებრივ სიბრძნესთან ზიარებას გამოხატავს. ეს ერთგვარი ინიციაციაა. მასში, როგორც ჭურჭელში, ჩაიღვრება ახალი ცოდნა, რომელიც მიწისქვეშეთში ჩასულმა სხვებს უნდა გადასცეს.
აქ ის ხვდება თავის მომავალ მეგობარს, ვინსთონს, რომელიც, მასავით, მზეხილულია. იგი ყოფილი ისტორიკოსია და ახლა დედამიწის ნათესების მცველად მუშაობს: `ერთ დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც კი წამიკითხავს და დამიწერია, ტყუილი იყო. არსებობდა თუ არა იულიუს კეისარი? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის საერთოდ არსებობდა, ხოლო თუ არსებობდა, მაღალი ალბათობით შემიძლია განვაცხადო, რომ ისეთი არ იყო, როგორც ეს პლუტარქესა და სვეტონიუსს აქვთ წარმოდგენილი ...მე არ მსურდა გამეგრძელებინა და უნებურად ამ გლობალური გაყალბების მონაწილე გავმხდარიყავი. ამიტომ სამყაროს გავერიდე~.
დედამიწაზე ყოფნის ეპიზოდები დატვირთულია სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით. მუხა, ხიდი, ხილი, წყალი და სხვ. მიანიშნებენ ზეცუბოს სულიერ განვითარებაზე, მის ქვეცნობიერში აღმოჩენილ კავშირებზე წინაპრებთან, ღვთაებრივ სამყაროსთან. შვიდი დღე დაყო მან დედამიწაზე და ესეც მიანიშნებს ახალი ცოდნის მიღების სრულყოფაზე. ამ ეპიზოდის კულმინაციაა შუაღამის მზის, იგივე ღვთის, ხილვა: `იგი ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ უკუნი ღამე იყო, ზეცუბომ იხილა მზის ამოსვლა, იხილა გარიჟრაჟი და მიხვდა, რომ ახლა, ამ წუთს იწყებოდა ყველაფერი. ხელები გაშალა, მუშტებად შეკრა და ხმამაღლა თქვა: “მე უნდა შევცვალო წესრიგი.” ისევ ქვესკნელში ჩაბრუნებული ზეცუბო ახალი ადამიანია, რომელიც იწყებს სხვების გამოღვიძებას: `ისე მოურიდებლად ფიქრობდა სამყაროული წესრიგის შეცვლის შესახებ, თითქოს ამ მისიით ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო აღჭურვილი~.
ქვესკნელის გლობალური სახელმწიფო, ორმაგი სიმართლეზე დაყრდნობილი,
ხალხის `პროფესიონალიზაციისა~ და, ამის კვალდაკვალ, `დებილიზაციის~ გზით სრულად აკონტროლებს ყველას ცხოვრებას. სწორედ ამ სისტემის დანგრევას განიზრახავს ზეცუბო. `ამ ფსევდოსიმართლეთა ლაბირინთში გზის გაკვლევა ჩვეულებრივი ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ~. `მუდამ… ფიქცია... ფიქცია... … ფიქცია... … ფიქცია... … ფიქცია... … ფიქცია... … ფიქ-ცია... … ფ-ი-ქ-ც-ი-ა... … ფ-ი-ქ-ც-ი-ა... … უეცრად თავად სიტყვების შესახებ დაფიქრდა~.
სიტყვებიც იცვლებიან რეჟიმების შესაბამისად, ისინი ახალ მნიშვნელობებს იძენენ. სხვათა შორის, ამ თემაზე შესანიშნავად წერს თანამედროვე ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი
ესეში: `ყველა ენა საკუთარი თვალით იყურება~: `ნებისმიერი დიქტატურა, მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე, ათეისტური თუ რელიგიური, ენას თავის მსახურად იხდის~. მწერლის აზრით, ენის საშუალებით დიქტატურის გამყარებაცაა შესაძლებელი და მისი დემონტაჟიც. მწერლის აზრით, ენა არც ერთ დროებაში არ ყოფილა პოლიტიკური ნაკრძალი, რადგან მას ვერ გამოაცალკევებ იმ პოლიტიკური ქმედებებისაგან, ერთი ადამიანი მეორის მიმართ რომ სჩადის.
რომანში მოთხრობილია, რა დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოაყალიბებს ადამ ზეცუბო კონგრესს, როგორ ცდილობს
ხალხის გათავისუფლებას ორმაგი მორალის ტყვეობიდან, როგორ მოიპოვებს მხარდაჭერას და მთელ მიწისქვეშეთს ჩაუნერგავს `ზემოთ~ ამოსვლისა და ჭეშმარიტი მზის ხილვის წყურვილს. ზეცუბო უპირისპირდება ხელისუფლებას, რომელიც მის დასამარცხებლად აყალბებს აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც. ჰელიქსის ცხოვრება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ ირეკლავს საბჭოური, ტოტალიტარული რეჟიმის სინამდვილესაც. ხალხის გამარჯვება არჩევნებში ტყვეობიდან თავდაღწევაა, თუმცა `ზემოთ~ ამოსვლის იდეა კვლავ იდეად რჩება.
მწერალი გვიხატავს ზეცუბოს აღზევებასა და კრახს. გათავისუფლებულმა ადამიანებმა კვლავ მოინატრეს ორმაგი მორალი, რომელიც ცხოვრებას უადვილებდა. ცნობიერებიდან ვერ ამოიშალა წარსულის კვალი. `რატომ მოქმედებდა მრავალსიმართლის, რეალურად კი სიყალბის, მოდელი ასე უზადოდ?~ ზეცუბოს აქვს იმგვარი განცდა, რაც დამახასიათებელი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ხალხის ხსნას დაისახავენ მიზნად: `იხილა საკუთარი თავი. ის მარტო იყო, მარტო - გამგეობის წინააღმდეგ, მარტო - ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მარტო - სიტყვების, მარტო - საკუთარი თავის წინააღმდეგ, მარტო ამქვეყნად~.
ზეცუბო ისევე მოულოდნელად ქრება ცხოვრების ასპარეზიდან, როგორც გამოჩნდა. ვინსთონი აქვეყნებს მის შესახებ წიგნს: `ადამიანის ჭეშმარიტი სახე~, ზეცუბოს წინასიტყვაობით, რომელშიც ვკითხულობთ: `თავდაპირველად ადამიანი იყო მართალი... იგი ამბობდა, რომ მკვლელი იყო მკვლელი... შემდეგი ადამიანი სიმართლის თქმისთვის დასაჯეს. მას სიმართლის შიში გაუჩნდა... იგი არ ამბობდა, რომ მკვლელი იყო მკვლელი, თუმცა არც საწინააღმდეგოს ამბობდა და ჩუმად იყო. მას შემგუებელი, კონფორმისტი შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი შემდგომი ადამიანი უკვე პირქუშ აცხადებდა, რომ მკვლელი არ იყო მკვლელი. მას ცრუობა და ცილისწამება შეეძლო, შეეძლო დანაშაულისთვის ხელის დაფარება. ის იყო ცრუ. ასეთმა ადამიანმა ყველაზე დიდხანს იბატონა დედამიწაზე, თუმცა მისი ზეობაც დასრულდა, რადგან შეიქმნა თანამედროვე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მკვლელი არის მკვლელი, მაგრამ იმავდროულად ამბობს, რომ იგი მკვლელი არ არის. ის არ ტყუის. მას ორივე სიმართლის სჯერა. ეს სრულყოფილი ადამიანია”. რა თქმა უნდა, მწერლისთვის ეს არის უკუნი (სწორედ ასე ჰქვია ბოლო, მეოთხე თავს), ერთგვარი ჩიხი, საიდანაც გზა არსაით არ მიემართება.
ამ ეპიზოდებში ირეკლება ჩვენი დრო, რომელიც კვლავაც დაღდასმულია წარსულის მოურჩენელი სულიერი ტრავმებით. მწერლის აზრით, უნდა არსებითად გარდაიქმნას ადამიანი, რომელსაც ამისათვის დრო, ნებისყოფა და რწმენა სჭირდება. როგორც ცნობილია, დაცემა უფრო იოლია, ვიდრე წამოდგომა. ადამიანის ზნეობრივი გაკეთილშობილების სიძნელეს ხედავს მწერალი და საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს კაცობრიობის მომავალს, თუმცა მკითხველს მაინც რჩება განცდა იმისა, რომ ადამიანი, როგორც რობაქიძე წერს `ჩაკლულ სულში~, მოინატრებს ღმერთს, დაადგება გზას მის საპოვნელად და, ორმაგ მორალს თავდაღწეული, აღიარებს ერთადერთ სიმართლეს.
----
წყარო (გამოქვეყნებულია): 1. 31 მარტი, 2022, http://mastsavlebeli.ge/?p=32832
No comments:
Post a Comment