მაია ჯალიაშვილი
რა ხდება მაშინ, როდესაც რეალობა და ილუზია ისე გადაეწვნება ერთმანეთს, რომ მათ შორის საზღვრები ირღვევა? როდესაც ადამიანი იხლიჩება, ორდება და ვეღარ გაურკვევია, რა არჩევანი გააკეთოს, უპირატესობა რომელს მიანიჭოს_ ირაციონალურსა თუ მატერიალურს? ადამიანის სულის ურთულეს, ბნელსა და ამოუცნობ ლაბირინთებში მიგვიძღვება თანამედროვე ახალგაზრდა ავსტრიელი მწერალი ლაურა ფროიდენთალერი, რომლისთვისაც არიადნეს გორგალი წარმოსახვა და სიტყვაა. იგი თავისი ფსიქოლოგიური რომანით „მოჩვენებათა ამბავი“ ცდილობს გაერკვეს, რა ემართება ადამიანს, როდესაც იდენტობის განმსაზღვრელ ღირებულებებში ეჭვი შეეპარება, როდესაც საყრდენებს კარგავს და ამ ქაოსურ, აბსურდულ სამყაროში მობორიალე ატომად იქცევა. საგულისხმოა, რომ ავტორმა ამ ნაწარმოებისთვის 2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.
რომანის მთავარი გმირი ანა აბსურდის ადამიანად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან დაეჭვებულია აბსოლუტურად ყველაფერში, მათ შორის, საკუთარ თავსა, ახლობელ ადამიანებსა თუ სამყაროში. მის ეგზისტენციას თითქოს ფუნდამენტი ეცლება. მისი მდგომარეობა გვახსენებს დოსტოევსკის შემდეგ ფრაზას: „თუ სტავროგინს სწამს, მას არ სწამს, რომ სწამს და თუ არა სწამს, არა სწამს, რომ არა სწამს“ (დოსტოევსკი „ეშმაკნი“). სწორედ ეს სტრიქონები წარუმძღვარა ალბერ კამიუმ თავის ცნობილ ესეს „აბსურდული ადამიანი“. ლაურა ფროიდენთალერი კარგად ხატავს, რა აქცევს ადამიანს მარტოსულად, რატომ ვერ ახერხებს უმწეობის გადალახვას, როგორ იქცევა გარემო უდაბნოდ, როგორ იპყრობს ყველასა და ყოველივესგან გაუცხოების განცდა. ცხოვრებაში ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ანას დაკარგულობის მიზეზი კი სიყვარულში დაეჭვებაა. ერთი მხრივ, მის ცხოვრებაში არის მუსიკა, თავისი აბსტრაქტულობით, ირაციონალიზმით, მშვენიერებით, მეორე მხრივ, ცოლქმრულ ურთიერთობაში გაჩენილი ღალატის ბზარები. მუსიკა მას გზას უხსნის იმ შორეული ჰორიზონტებისაკენ, სადაც ყოველგვარი მატერიალური საზრუნავი ფერმკრთალდება და ქრება, მხოლოდ მეტაფიზიკურის შეგრძნებაა, სიმშვიდისა და ჰარმონიის სისავსით. მუსიკალურ ბგერათა გრადაციებითა და მოდულაციებით ანა იჭრება უცნობ სამყაროში, სადაც არ სჭირდება გაერკვეს არსებობის აზრსა და მიზანში. მუსიკის სივრცეში ყოველივეს თავისი ფუნქცია და დანიშნულება გააჩნია, რაც რეალურ ცხოვრებაში ასე აკლია ადამიანს. ანა მასწავლებელია და ცდილობს ბავშვებსაც შეაყვაროს მუსიკა, ასწავლოს მუსიკალური განზომილების უცნობ ლაბირინთებში ხეტიალი, მუსიკა უქციოს უჩვეულო, განუმეორებელ თავგადასავლად. თვითონაც ცდილობს, რომ ეს საქმე რუტინად არ ექცეს და გამუდმებით ეძიოს რაღაც ახალი, მაგრამ, რადგან აბსურდის გმირად მივიჩნევთ, მისთვისაც უმთავრესად იქცევა შეგრძნება, რომელიც კამიუმ ამგვარ კითხვად ჩამოაყალიბა: „ღირს თუ არა სიცოცხლე იმად, რომ ადამიანმა ბოლომდე გალიოს“. კამიუმ ამ კითხვის საპასუხოდ სიზიფეს მითს მიმართა. მან სიზიფე აბსურდის პარადიგმულ გმირად მიიჩნია. სიზიფე აღიარებს ცხოვრების ტანჯვას, რადგან გამუდმებით მიაგორებს ლოდს მწვერვალისკენ, თან ისიც იცის წინასწარ, რომ ისევ ჩამოუგორდება. მაშ. რაღა აძლევს ძალას? კამიუ ფიქრობს, რომ ეს ძალა უბედურების, ყოფის აბსურდულობის აღიარებასა და მასზე მაღლა დგომაშია. მწვერვალზე განცდილი ბედნიერების რამდენიმე წამი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სიზიფემ თავისი მარადიული რუტინა გააგრძელოს. ანასთვის ამგვარ რუტინად ცოლქმრული ცხოვრება ქცეულა. სიყვარულით შექმნილ ოჯახს რაღაც დაემართა. საკუთარი საქმეებით დაკავებულ ანასა და მის ქმარს შორის მანძილი გაჩნდა, რომელიც თანდათან და ისე სწრაფად გაიზარდა, რომ უფსკრულს დაემსგავსა და ახალი რეალობა, ერთგვარი პარალელური სივრცე გააჩინა.
ლაურა ფროიდენთალერი, როგორც მთხრობელი, საინტერესო ნარატიულ სტრატეგიებს მიმართავს იმისთვის, რომ მკითხველმა გმირის გაორებულობით გამოწვეული ტრაგიზმი მთელი დრამატულობით აღიქვას. ანას წარმოსახვით შექმნილი რეალობა, მოჩვენებათა განზომილება მკითხველს გამუდმებული ეჭვის ქვეშ აყენებს. ნამდვილია თუ წარმოსახული ის, რასაც ანა განიცდის? კითხვისას დაძაბულობას ქმნის და ცნობისმოყვარეობას ძაბავს მოლოდინი, რომ ანამ ქმარი ღალატში უნდა ამხილოს, თუმცა ეს არ ხდება. ეს ღალატი კი წარმოსახულისა და რეალურის მყიფე ზღვარზეა. ქალის ფიქრის ნაკადები იმგვარ მორევს ქმნიან, რომელიც გაურკვევლობას ბადებს. მწერალი შესაძლებელ რეალობასაც ისე ხატავს, როგორც ჩვეულებრივს, ყოფითი ყოველდღიურობის ნაწილს. ამიტომაც ეუბნება ანა მეგობარს: „სავსებით შესაძლებელია, რომ მე ერთ მოჩვენებასთან ერთად ვცხოვრობ“.
ანას თომასის ერთგულებაში არასოდეს ეპარებოდა ეჭვი. კაცის პრაგმატული, რაციონალური დამოკიდებულება ყოველივესთან თითქოს არ ტოვებდა საყვარლისკენ რომანტიკული სწრაფვისთვის ადგილს. ანას სულს, გულსა და გონებას უნდა აეხსნა ცოლქმრული სიცივის მიზეზი, შესაბამისად, უნდა ყოფილიყო სითბოს წყარო, რომელიც თომასის გაყინულ გულს გაათბობდა. როგორც ჩანდა, ეს ანას აღარ შეეძლო. ამიტომ, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა, მიმზიდველი სხვა ქალი, რომელიც ანას ჩაანაცვლებდა. თომასის ურთიერთობა საყვარელთან, მასთან ერთად სეირნობა, კაფეებში სიარული თუ შინ გამართული ვნებიანი სასიყვარულო სცენები ანას თვალწინ მიმდინარეობს. მკითხველიც ამ ყოველივეს თანადამსწრეა. ტროას ცხენის ალუზიით მწერალი ზუსტად წარმოაჩენს ანას ცნობიერებაში გაჩენილ საბედისწერო ბზარებს: „თომასში ინახება სხვასთან გატარებული შაბათ-კვირა, სიხარული, საყვედურები, დამამშვიდებელი სიტყვები, მოფერებითი სახელები, ის ტელეფონის ნომერი, ის მისამართი. ის გოგო ამ ტელეფონშია დამალული. თომასი გამალებით ამოძრავებდა თითებს და რაღაცას წერდა. ანამ მისი თითებიდან მზერა ახლა სახეზე გადაიტანა. თვალების უპეები მოშვებული ჰქონდა კაცს, გამოუძინებლობისგან შიგადაშიგ ამოყავისფრებული. ყოველდღე ამ ტელეფონით შემოჰყავდა თომასს ის გოგო ბინაში. ეს ტელეფონი ტროას ცხენივითაა, რომელსაც თომასი გამუდმებით თვალყურს ადევნებდა. თუ კაცს ღრმად ჩაეძინებოდა, გოგონა საიდუმლო ფანჯარას გახსნიდა და ბინის სიბნელეში შემოიჭრებოდა. ანას თვალწინ ედგა გოგოს სახე: დამცინავი, ცნობისმოყვარე. თომასს შეეძლო დიდხანს უძილოს გაეძლო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაეძინა?“ ანასა და თომასის ურთიერთობა ისეთივე დაფარული სიძულვილით სავსე ხდება, როგორც ავგუსტ სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაშია“. სიძულვილის ნოტებით ივსება მათი დიალოგების ქვეტექსტები, რომლებიც უფრო ღრმავდება და არაფრისმთქმელი, ფერდაკარგული სიტყვებიც ვადაგასული გაცვეთილი მონეტებივით წკარუნობენ.
ანას ბუნება უყვარს, მათი ტბისპირა სახლი მისი ერთგვარი ნავსაყუდელია, სადაც სიმშვიდით ივსება, ენერგიას იკრებს. ყვავილებსაც ხშირად ყიდულობს. ამ თვალსაზრისით, ვირჯინია ვულფის მისის დოლოვეი შეიძლება მოგვაგონდეს. ამ რომანშიც არის ქაოსური ფიქრის ნაკადები, რომლებსაც მარტოსული ანას თვალთახედვის არეში სეირნობისას შემოჭრილი საგნები, ხეები, სახლები იწვევენ: „სეირნობისას სხვა აღარაფერი აინტერესებდა, ტკბებოდა ხის კენწეროების, ტყის, ბორცვების, მდელოების და ჰორიზონტის ყურებით და თავს შინ გრძნობდა. ისევე, როგორც გაკვეთილის ბოლოს პოულობდა საკუთარ თავს ბახის მუსიკის დაკვრით“. ბახის მუსიკას მოაქვს სწორედ იმ წესრიგის, კოსმოსის შეგრძნება, რასაც იწვევს ადამიანური ურთიერთობების მოუწესრიგებლობა, ქაოსი. ანა ხედავს გაუცხოებულ ადამიანებს, რომელთაც „დაღლილობა ემჩნეოდათ. ჯიბიდან ტელეფონს იღებდნენ და შიგ თავჩარგულნი აგრძელებდნენ გზას“.
ანას ცხოვრებაც იქითკენ მიდის, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს გრეგორ ზამზასავით გაიღვიძებს, როგორც ხოჭო, არც თვითონ და არც თომასს არ გაუკვირდება (კაფკას „მეტამორფოზა“), პირიქით, თომასისთვის ეს შეიძლება ცოლისგან თავდახსნის საუკეთესო გზაც აღმოჩნდეს. ამაზე ირიბად შეიძლება მიანიშნებს ეპიზოდი, როდესაც თომასი ანას სახეზე სიბერის ნიშანს, ნიკაპზე ამოსულ ბეწვს შეამჩნევს. ეს ნიუანსი თითქოს მთლიანად აქრობს სიყვარულის ესთეტიკას, რომელიც რაიმე ნაკლის შემჩნევას და, მით უმეტეს, ამგვარად სააშკარაოზე გამოტანას გამორიცხავს.
რომანის დასაწყისში ერთი მრავალმნიშვნელოვანი დეტალი შესანიშნავადაა დახატული: „ანა იდგა, როგორც მადონას ქანდაკება თავის ნიშაში. იდგა მაყურებლისკენ ზურგით, სახით კედლისკენ. მაგრამ ეს არ იყო კედელი. მოპირდაპირე სახლის რომელიმე ჩაბნელებულ ფანჯარაში ვინმე რომ მდგარიყო, ანას სახეს დაინახავდა. სამხრეთის გამოქვაბულებში მადონას ქანდაკებები მინითაა დაცული, მათ ფერხთით კი პლასტმასის ყვავილები აწყვია“. ეს ერთგვარი სტატიკური, უმოძრაო კადრი მისი ცხოვრების მეტაფორად იქცევა. იგი ხელოვნურ ყვავილებად აღიქვამს თომასის სიყვარულისა თუ პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს, რომელთაც მაცოცხლებელი სითბო და ენერგია გამოცლილი აქვთ. ჩვენ, მკითხველები, ვხედავთ ანას ამგვარად, თავისივე გამოგონილი თუ რეალური ტანჯვისა და ტკივილის ტყვეს, საიდანაც თავდასაღწევი გზა ვერ უპოვია. მის უმწეობას კარგად გამოხატავს დედისთვის დასმული კითხვა: „ერთ დროს ხომ ვიყავი ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლო ცხოვრებაში მიზანი დაესახა და მიეღწია კიდეც მისთვის?“. დედის თანხმობა მას ძალას ვერ მატებს, რადგან წარსული და აწმყო ერთმანეთს ისე დაშორებია, როგორც ცა და დედამიწა.
ანას რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრების კონტექსტში სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს ჩიტი: „აი, უკვე ოთხი წელია ანა გაკვეთილის ჩატარებისას პატარა ბაღს გასცქერის. ფანჯარა ოდნავ შეღებულია. ერთი ჩიტი ყოველთვის ერთსა და იმავე მუსიკას იმეორებს“. რის გამომხატველი შეიძლება იყოს ეს მუსიკა, თუ არა თავისუფლებისა. ანას სწორედ ეს აკლია_ ნამდვილი თავისუფლება. პოლ ვალერის სიტყვები გვახსენდება: „ჩიტივით მსუბუქი უნდა იყო და არა ბუმბულივით“. ერთი შეხედვით, ძლიერი და დამოუკიდებელი ანა სინამდვილეში ბუმბულივით მსუბუქია, გარემოებათა ქარი საითაც დაუბერავს, იქით რომ მიექანება. ეს ყოველდღიური წესრიგი მასში დათრგუნვილობის განცდას ამძაფრებს. ოცწლიანი ქორწინება მისთვის არა მხოლოდ ხორციელად, არამედ, უპირველესად, სულიერად უნაყოფო აღმოჩნდა. ყველაზე სახიფათო კი ისაა, რომ თომასსა და მას შორის გაჩენილი გულგრილობა რაღაც ამოუხსნელ იდუმალ ფუნქციას იძენს. ორივესთვის მოსაწყენია ამგვარი ყოფა, მაგრამ არც გაყრაზე ფიქრობენ. მხილებისა და საკუთარი უსუსურობის აღიარებას გულისხმობს თომასის ასეთი შემფასებლური აღიარება: „სინამდვილეში, _ ჩაილაპარაკა მან, _ ჩვენ ერთი მოსაწყენი მეშჩანები ვართ“. მეშჩანობა, უპირველესად შეზღუდულ ინტერესებსა და ვიწრო თვალთახედვას გულისხმობს“. ანა მშობლიური ფრანგული კულტურის დახვეწილობითა და სინატიფით ცდილობს თომასის გერმანული პრაგმატულობის დაძლევას, მაგრამ ვერ ახერხებს.
ფინალურ ეპიზოდში მკითხველი გაურკვევლობის განცდით ტოვებს გაუცხოებულ ცოლ-ქმარს. სააღდგომოდ ნაყიდმა იებმა დროებითი სიცინცხლე, სურნელი და ფერადოვნება შემოიტანა ოჯახში. ტბისპირა სახლი კი ისევე მოჩანს, როგორც ზღაპრისეული ილუზია, რომელიც ანასთვის მხოლოდ იმის გამომხატველია, რომ ახლა უკვალოდ გამქრალი სიყვარული ნამდვილად იყო და მისი აკორდების კვალს მეხსიერება ჯერ კიდევ ინახავს. ქართველ მკითხველს მაია მირიანაშვილის ამ მშვენიერი თარგმანით შესაძლებლობა აქვს, თვალი მიადევნოს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ევროპაში.
--------
წყარო (გამოქვეყნებულია): „მასწავლებელი“, 14 აპრილი, 2022, HTTP://MASTSAVLEBELI.GE/?TAG=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
HTTP://MASTSAVLEBELI.GE/?P=32954
1
No comments:
Post a Comment