მაია ჯალიაშვილი
აკაკი წერეთელი თავისი
შემოქმედებით სამყაროს (წუთისოფლის) თავისებურ მოდელს ქმნის, რომელშიც განსაზღვრავს
ადამიანის დანიშნულებას, არსებობის აზრსა და მიზანს. აკაკის „ქებათა ქების“ სწავლებისა და განხილვისას კარგი
იქნება, თუ მასწავლებელი გააქტიურებს ღირებულებათა (ფასეულობათა) კონტექსტს, თავიდანვე
დასვამს კითხვებს და გამართავს დისკუსიას:
1.
რა ღირებულებები, ფასეულობები აქვს თანამედროვე ადამიანს?
(მათ შორის, მასწავლებელს, მოსწავლეს და სხვ.).
2.
რომელია
მარადიული და წარმავალი ღირებულებები, რა განსხვავებაა მათ შორის?
3.
დროთა
განმავლობაში იცვლება თუ არა ღირებულებები?
ამ კითხვებზე პასუხისას
მოსწავლეებს შეეძლებათ მოიხმონ მაგალითები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, გაიხსენონ
კონკრეტულ პერსონაჟთა ქცევა და შექმნან ერთგვარი მოდელები. მაგალითად, როგორც ამას
აკეთებს ვაჟა-ფშაველა ლექსში „კაი ყმა“. ამ
ლექსის შესახებ უფრო იოლია მსჯელობა შემდეგი კითხვების მიხედვით:
1.
რა ღირებულებები
აქვს კარგ ყმას (ე.ი. რას აფასებს, რის მიხედვით ცხოვრობს)?
2.
პოეტის
აზრით, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მისი თანამედროვენი (შეიცვალა თუ არა კარგი ყმის
ქცევის მოდელები)?
3.
დღეს
რომელია ამ ღირებულებათაგან აქტუალური?
თემის გააქტიურებისათვის, კარგი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა ღირებულებათა სისტემის შესახებ მსჯელობა. რუსთველი
პროლოგსა და „ავთანდილის ანდერძში“ ფორმულებივით გამოკვეთს რაინდის ქცევის „კოდექსს“
და შემდეგ პერსონაჟები პრაქტიკულად ასხამენ ხორცს ყოველივეს, ასევე პოემის ცალკეულ
აფორიზმშიც ხატოვნად და ლაკონიურად წარმოჩნდება
ის იდეალები, რომლებისკენაც ისწრაფვიან პერსონაჟები, რათა იყვნენ კაცები და
ადამიანები (კაცობა გააზრებულია, როგორც გარკვეულ ღირსებათა ქონება, ხოლო ადამიანობა,
როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების ხსოვნა, უკვდავ სულზე ფიქრი, თავისუფალი არჩევანის
აუცილებლობა და სხვ.).
აკაკი წერეთლის ლირიკული გმირის პათოსიც ისეთივეა, როგორიც
ვაჟას „კაი ყმისა“. აქაც ქებათა ქება შესხმულია იმ ღირსებებისთვის, რომლებიც ადამიანს
უნდა გააჩნდეს, რათა სრულყოფილად იცხოვროს. როგორც ილია ურჩევს თავის პერსონაჟს: „ვითა
მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“ („კაცია-ადამიანი?!“).
ვინ არის აკაკის ამ ლექსის ლირიკული გმირი?
არსებობის აზრსა და მიზანზე დაფიქრებული, ინტელექტუალური, წიგნიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეალების ღირებულებების
გამოსახატავად მიმართავს ბიბლიურ ალუზიებს, რემინისცენციებს.
ზემოთ
ნახსენები მცირე დისკუსიის შემდეგ შეიძლება ასეთი
კითხვის დასმა:
რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?
მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ აღიქვამენ ბედნიერებას, მასწავლებლის დახმარებით
გააფართოებენ ბედნიერების მნიშვნელობას. ილაპარაკებენ პირად გამოცდილებაზე, თვითონ
მათ რა ანიჭებთ ბედნიერებას. გაიაზრებენ ამ ცნების ერთგვარ მოუხელთებელ ბუნებას, ფარდობითობას.
შეიძლება რეიტინგის გაკეთებაც _ ცნობილ ლიტერატურულ გმირებსა და თანამედროვეებს რა ანიჭებთ სიხარულს, ბედნიერებას.
აკაკის ლექსში შემოაქვს თრობის კონცეპტი, როგორც ბედნიერების
სინონიმისა. თრობა ერთგვარი ექსტაზია, როდესაც
ადამიანი ივიწყებს პრობლემებს, ყოველდღიურ წვრილმანებს, ტკივილს და მთელი არსით შეიგრძნობს
იმ ნეტარებას, რასაც რაიმეზე ფიქრი, რაღაცის კეთება თუ ვიღაცასთან შეხვედრა ანიჭებს.
ამ თვალსაზრისით, შეიძლება მოსწავლეებს წავაკითხოთ შარლ ბოდლერის „თრობა“, რომელშიც
გამოკვეთილია, რომ ადამიანმა ყოველდღიურ რუტინას, დროს, წარმავლობას შეიძლება თავი
დააღწიოს არა მხოლოდ ღვინით, არამედ პოეზიით, ქველმოქმედებით, სიყვარულით და კიდევ
ათასი სხვა რამით (წადილისამებრ):
„სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით“.
აკაკის ლექსში, რა თქმა უნდა, ლირიკული გმირი ისწრაფვის
შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო, გაიაზროს არსებობის აზრი და მიზანი. სწორედ ამ
ეგზისტენციალურ კონტექსტში გაიაზრება ის ღირებულებები,
რომლებსაც პოეტი წარმოაჩენს. ის „თვრება“ რწმენით, ბუნების მშვენიერებითა და სიყვარულით.
ამ სამი კონცეპტის დახმარებით ეზიარება სამყაროს ჰარმონიულ ერთიანობას და თავს მის
ნაწილად აღიქვამს.
მისთვის სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც ადამიანს
გამოცნობისკენ უბიძგებს. პირველ რიგში, ამ საიდუმლოს ის ბუნებაში შეიგრძნობს. ამიტომ
კითხვა შეიძლება დაისვას ასე:
ლირიკული გმირი
რატომ და როგორ აქებს ბუნებას?
ლირიკული გმირისთვის ბუნებასთან სიახლოვე, მასში ჩაწვდომა
არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება (ამ კითხვაზე
პასუხისას მასწავლებელი გაახსენებინებს მოსწავლეებს იმ ლექსებსა თუ მოთხრობებს, რომლებშიც
ასეთივე გზნებით არის წარმოჩენილი ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი სიამოვნება, ნეტარება
(ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვ.) მოსწავლეები იმსჯელებენ ლირიკულ გმირთა განწყობილებებზე, ფიქრთა ნაკადებზე,
რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობისას უჩნდებათ.
რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ბარათაშვილის „ჩინარი“
უნდა გაიხსენონ: რომელშიც პოეტი წერს:
„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ
შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“
(„ჩინარი“).
აკაკი წერეთელი
არა მხოლოდ აქებს ბუნებას, არამედ ცდილობს მკითხველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს აზიაროს,
ეს არის შეგრძნება ღვთისა, რომელმაც სამყარო
შექმნა „უთვალავი ფერითა“. ბუნება მისთვის
ერთგვარი მედიუმია, რომელიც ღვთაებრივი სამყაროსკენ, საკუთარი სულის სიღრმეებისაკენ
გზის გაკვალვაში ეხმარება.
ამგვარად, ლექსში გამოიკვეთება: ბუნება, როგორც თავისთავადი
ღირებულება და, თანვე, დიდი საიდუმლოს მატარებელი. სწორედ ბუნება შეაგრძნობინებს ლირიკულ
გმირს ღვთის არსებობს. ასეთი თვალსაზრისი პოეტურად გრიგოლ ორბელიანმა გამოთქვა „სადღეგრძელოში“:
“ღმერთო ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს ფერით უთვალავ მშვენებას“ . თავის დღიურებში კი
„მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“
აღწერა, როგორ ჩამოვიდა ეტლიდან დარიალის ხეობის მშვენიერებით მოხიბლული, როგორ გაშალა
ხელები და დაიწყო მხურვალე ლოცვა; „აროდეს არ მილოცნიეს ესრედ გულსმოდგინედ და ესრედ მხურვალებით, ვითარ მას წამსა“. ჩემთვის ეს შთამბეჭდავი ეპიზოდია, რომელიც მოწმობს
პოეტის გულწრფელობას, როცა ის ამ თემაზე წერს თავის ლექსებში.
აკაკის ლექსში ლირიკული
გმირი ამგვარად გამოხატავს თავის აღტაცებას:
„ვიშ, ამ საღამოს,
მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
რა უცნაურად,
მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,
რომ საიდუმლო,
სასიქადულო,
კაცსაც ბუნების შეატყობინოს
და, სადაც ჭკუა სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!
რა არის ეს საიდუმლო? რა ქმნის ამ ჰარმონიას?
ამ ჰარმონიის წყარო უფალია. ადამიანს ბუნება ასწავლის
გზას ღვთისაკენ. ბუნებაც „მახარებელია“ ღვთისა.
ლექსში ბიბლიური დავითის 148-ე ფსალმუნის სტრიქონების
რემინისცენციებია: „აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და
ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი“.
მოსწავლეებისთვის ცხადი იქნება მარადიული ღირებულება
ბუნებისა და ადამიანის ერთიანი ჰარმონიული არსებობის აუცილებლობასა. ე.ი. გამოიკვეთება
ლირიკული გმირისთვის ამ ღირებულების მარადიულობა. ბუნებამ მას შეაგრძნობინა ღვთაებრივთან
კავშირი:
„საიდუმლოდ ვცნობ,
რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..
რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა?!“
ბიბლიური ალუზია დაეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ
„შესაქმე“, სამოთხისეული არსებობა, ადამიანის უშუალო კავშირი ღმერთთან, ცოდვით დაცემა
და ამ პარადიგმათა საშუალებით უფრო ღრმად გაიაზრონ ლექსის სამყარო.
თემა შეიძლება გაიშალოს და გაიმართოს დისკუსია თანამედროვეობის
კონტექსტში, მოსწავლეებმა იმსჯელონ პირად დამოკიდებულებაზე ბუნებასთან. შეიძლება სწორედაც
აკაკის ამ ლექსმა უბიძგოს განსხვავებული ფიქრისა და ინტერპრეტაციისაკენ.
აკაკი საგანგებოდ უსადაგებს სათქმელს ამაღლებულ სტილს,
ლექსიკას, მხატვრულ სახეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს იმაზეც იმსჯელოს,
ზოგჯერ თემა როგორ უკარნახებს ავტორს გამოთქმის თავისებურებას, გარკვეული ლექსიკისა თუ ინტონაციის, რიტმის შერჩევას
(ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითია „თორნიკე ერისთავის“ ის ეპიზოდი, როდესაც თორნიკე კათალიკოსს ესაუბრება. ამ თავში პოეტი 8-მარცვლიან რიტმს ცვლის 10-მარცვლიანით, რათა მუსიკალური
ფონის შეცვლით მკითხველმა უფრო ღრმა შეიგრძნოს
განსასჯელ თემათა განსხვავებულობა).
ლექსის ფონად საღამოა შერჩეული, რომელიც უფრო ამძაფრებს
იდუმალების შეგრძნებას. ღამით მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ნაკადებით გამოიკვეთება
ცა, დედამიწა კი ბნელდება, ე.ი. ზეციური უფრო შესამჩნევი ხდება. მძაფრდება სმენაც,
თითქოს ლირიკული გმირი ისმენს კოსმიურ მუსიკას. ყოველივე ერთმანეთს ეხმიანება და იქნება
ზეციური ქორალი. ორკესტრის ჰარმონიული მრავალხმიანობით
იმსჭვალება ყოველივე. ეს მუსიკალურ-ფერწერული
პოეტური ხატები ქმნიან ლექსის ენერგეტიკულ ველებს, რომლებიც მკითხველის წარმოსახვას
ააქტიურებენ:
„ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.
ძალთა დიდება, შექმნათა ქება,
არს საიდუმლო მათი ვედრება.
ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება
და ეს ბანია „ქებათა-ქება“.
პოეტი ყურადღებას ამახვილებს „ყვავილთა ენაზე“ და ქმნის
მშვენიერ მეტაფორას. ბუნება ცდილობს მასთან დალაპარაკებას იდუმალ ენაზე: „ყვავილთა ენა - არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“. ყვავილი
სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს გვახსენებს ბარათაშვილის სტრიქონებს: „და ვით გუნდრუკსა
სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).
ამგვარად, ბუნება წარმოჩნდება, როგორც გზა, ხიდი ღვთაებრივისკენ.
ეს ღამეული ზეციური შუქი თითქოს განწმენდს ლირიკული გმირის დღისეული საზრუნავების მტვრისაგან
დალაქავებულ გულს, გონებას, სულს და ისევ გაახსენებს: „საიდუმლოდ ვცნობ, / რომ არის კაცში ღვთისა ხატება!.“
ეს არის „გაღვიძება“, რაღაც ისეთის დანახვა, რასაც დღის
სინათლე უშლიდა ხელს. თუ ფიზიკური ძილი და
გამოღვიძება ბუნებრივად მონაცვლეობს, სულიერ გამოღვიძებას ადამიანის ძალისხმევა სჭირდება.
ასეთი გამოღვიძებული ლირიკული გმირი გამოკვეთს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას,
ეს არის ღვთის რწმენა. ამ კონტექსტში შეიძლება
აკაკის სხვა ლექსების გახსენებაც (მაგალითად, „სულიკოსი“).
არის თუ არა დღეს ღვთის რწმენა ისეთივე მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც იყო
აკაკისთვის?
მოსწავლეები ამ თემაზე იმსჯელებენ ზოგადადაც და თავიანთი
გამოცდილებითაც (თუ კლასში სხვა რელიგიის აღმსარებელნი ან ათეისტები არიან, ისინიც
წარმოაჩენენ თავიანთ თვალსაზრისებს). კარგი
იქნება რწმენის სიძნელეზე ილიას „განდეგილის“ ან სხვა ტექსტის მოხმობა (ჰაგიოგრაფიული
ნაწარმოებების გახსენება).
ლექსში შემოიჭრება ლირიკული გმირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი
ღირებულება_ სიყვარული, რომელიც მისთვის რწმენისგან
განუყოფელია („ღმერთი სიყვარულია“ (იოანე, 4,8). ლექსის ანალიზის დასრულებისას, როცა
ეს ნაწილები ისევ უნდა შეერთდეს მკითხველის
გონებაში -
ერთგვარი სინთეზი განხორციელდეს-
მოსწავლეები გაიაზრებენ ლირიკული გმირისთვის ამ სამივე ღირებულების განუყოფლობას.
როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ღვთის სიყვარული,
ის ხომ გამოუთქმელია, როგორც რუსთველი ამბობს:
„ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“; ამიტომაც ლექსში შემოიჭრება სოლომონის
„ქებათა ქების“ ალუზიები. მასწავლებელმა შეიძლება წაიკითხოს ფრაგმენტები, რომლებშიც
სოლომონი ქალის მშვენიერების ხოტბა-დიდებით წარმოაჩენს ღვთის სიყვარულს: „აჰა, მშვენიერი
ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები“ (1, 15). პარალელი შეიძლება გაივლოს დავით გურამიშვილის
„ზუბოვკასთან“, სუფიზმთანაც (მასწავლებელი თუ ნახავს, რომ მოსწავლეებს ეს თემა დააინტერესებთ).
როგორ განიცდის ლირიკული გმირი სიყვარულს და როგორ გამოხატავს?
„შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა...
შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა,
რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო... “.
მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს სიყვარულის თემაზე
დაწერილ ლექსებს, მათ შორის, უპირველესად, ბარათაშვილისას („რად ჰყვედრი კაცსა“, „არ უკიჟინო
სატრფოო“) და ისინი დაინახავენ, როგორ ეხმიანებიან
პოეტები ერთმანეთს, როგორ ცდილობენ მსგავსი შეგრძნებების განსხვავებული ფორმით გამოხატვას.
საინტერესო იქნება გედის მეტაფორა-სიმბოლოზე ყურადღების
გამახვილებაც, ამ ნატიფ, დახვეწილ, გრაციოზულ ფრინველზე არსებული პოეტური ლეგენდის
გააქტიურება (შემდეგ ეს მსჯელობა გალაკტიონის პოეზიის შესწავლისას გამოადგებათ).
იმისთვის, რომ თავისი საყვარელი ქალის პოეტური ხატება
შექმნას, მისი მშვენიერება შეაგრძნობინოს მკითხველს, ავტორი მისთვის იდეალური სამი
ისტორიული პიროვნების სახეს აცოცხლებს. მისი იდეალები არიან: ნინო, თამარი, ქეთევანი. ამიტომაც შეყვარებულში სწორედ მათ ანარეკლებს დაეძებდა
და ხედავდა (კარგი იქნება ისტორიული ექსკურსი სამივე პიროვნების გასახსენებლად):
„როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმაში შენათხზ-შეერთებულად“.
საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, მოსწავლეებს დღეს
თუ ჰყავთ იდეალური ისტორიული პიროვნებები,
რომელთა მიბაძვაც სურთ. მათი რომელი ქცევა ხიბლავთ და სხვა ამგვარი.
ფინალში პირველი სტრიქონების გამეორებით აქცენტირდება
სამების ერთიანობა (ბუნება, ღმერთი, სიყვარული)
(რა თქმა უნდა, „სულიკოს“ ეხმიანება -აკაკი
ბაქრაძის ინტერპრეტაციით, ამ ლექსშიც ბუნება
მიუძღვება ღვთისაკენ, ლირიკული გმირი სწორედ
ვარდის, ბულბულის, ვარსკვლავის მშვენიერ სახეებში აღმოაჩენს სიყვარულის ღვთაებრივ კანონსა
და ღმერთს).
აკაკის ამ ლექსის ესთეტიკის, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო, შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის კონტექსტის ანალიზის
გზით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ, დროთა განმავლობაში რა ღირებულებები რჩება და
რა იცვლება. რა არის ის საბაზისო, ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებიც ადამიანის ღირსეულ
არსებობს განსაზღვრავენ და განაპირობებენ.
-------
წყარო (გამოქვეყნებულია): „მასწავლებელი“, 21 თებერვალი, 2022, http://mastsavlebeli.ge/?p=31948
No comments:
Post a Comment