Translate

Tuesday, September 6, 2022

თანამედროვე ქართული მოთხრობა: ტექსტი და სინამდვილე

 

მაია ჯალიაშვილი

 

დაბეჭდილია „ლიტერატურულ გაზეთში“,  15 ოქტომბერი, 2021 წელი,  გვ.3

 

„ლიტერატურული საქართველოს“ ანკეტა

ანკეტის კითხვებს უპასუხებს მაია ჯალიაშვილი

 



 

1.            თქვენი აზრით, როგორ აისახება თანამედროვე ქართულ მოთხრობაში დღევანდელობა, პიროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემები?

 

დღევანდელობა რთული და წინააღმდეგობრივი ფენომენია, სავსე პოლიტიკურ-კულტურული გზაჯვარედინებით, რომლებსაც ქმნის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ამ  სხვადასხვა ტიპის მორალურ-ზნეობრივ ქარტეხილებს ქართული მოთხრობაც ასახავს. მათში წარმოჩნდება პიროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემები, გაუცხოება, უსიყვარულობა, სოციალური სიდუხჭირე, ემიგრანტობა და ლტოლვილობა, სამოქალაქო დაპირისპირებანი, ომები, გენდერი, დისკრიმინაცია, ძალადობა, ერთი სიტყვით,  ყველა ის თემა, საკითხი, პრობლემა, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური მატერიალური თუ  მეტაფიზიკური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის შენაკადია. მასში ტრადიციულად წარმოჩნდება ადამიანი, თავისი ტკივილითა და სიხარულით, ტრაგიკული ბედითა თუ ეგზისტენციალური დრამებით. მოთხრობა საქართველოში პოპულარული ჟანრია, ამიტომ დღეს ბევრი წერს.  ქართველ მწერალს აინტერესებს, ზოგადად, ადამიანი, ამიტომაც თამამად ქმნის წარმოსახულ დრო-სივრცეებს, მოქმედება გადააქვს რეალურ თუ გამოგონილ ტოპოსებში. ნებისმიერი ქრონოტოპი ხომ იმისთვის სჭირდება მწერალს, რათა ადამიანის მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი ბუნება წარმოაჩინოს. თუ ოთარ ჭილაძის ერთ ცნობილ სტრიქონსაც გავიხსენებთ: „ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“- უნივერსალურობასთან ერთად, ქართულ მოთხრობაში პერსონაჟი წარმოჩენილია ეთნოფსიქოლოგიის კონტექსტებში (წეს-ჩვეულებების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გათვალისწინებით).

 

 

 

2.            რა თემებს უნდა მიაქციონ ავტორებმა ყურადღება?

 

ადამიანის სულიერ-მატერიალურ არსებობასთან დაკავშირებული ყველა თემა მნიშვნელოვანია, ამიტომ მწერალმა ის უნდა ასახოს, რის მაღალმხატვრულად გარდასახვასაც შეძლებს. მთავარია, რომ  დამაჯერებელი მხატვრული რეალობა შექმნას, ისეთი, რომელიც მკითხველის სულსა, გულსა და გონებაზე იმოქმედებს, ააღელვებს, დააფიქრებს, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნებისკენ უბიძგებს.  ფუნდამენტური თემები ჰომეროსიდან დღემდე არ იცვლება. აქილევსს, ოდისევსს, გილგამეშს, დონ კიხოტს, ავთანდილს, ჰამლეტსა თუ რასკოლნიკოვს იგივე უცვლელი ადამიანური საფიქრალი აქვთ, რაც დღევანდელ ადამიანს: ეს არის, სიყვარულის, სიძულვილის, ღალატის, ერთგულების, სიკეთის, ბოროტების, შურისძიების, ძალაუფლების და სხვა უამრავი თემა. თემებზე ფიქრისას ფოლკნერის სანობელო სიტყვა მახსენდება: „დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარიადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.

  მსოფლიო ლიტერატურიდან თუ გავიხსენებთ შესანიშნავ მოთხრობებს, მაგალითად, გი დე მოპასანის „ფუნთუშას“, გაბრიელ გარსია  მარკესის „სანტას“, ხულიო კორტასარის „აქსოლოტლს“,აკუტაგავა რიუნოსკეს „უსიერ ტყეში“, მარგერიტ  იურსენარის „მერცხლების ღვთისმშობელს“, ბორხესის „განშტოებულ ბილიკთა ბაღს“,  ლეონიდ  ანდრეევის „ბენ-ტოვიტს“ და სხვა უამრავს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მათში წარმოჩენილი თემები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა. ადამიანი წარმავლიდან მარადისობისკენ მიმავალ ბეწვის ხიდს მიუყვება. ამ ცხოვრების ხიდზე განცდილ ათასგვარ იმედსა და ძრწოლას, შიშსა და რწმენას სხვადასხვა რაკურსით, პერსპექტივით, განსხვავებული კომპოზიციით, სტრუქტურით, თვალთახედვით ასახავენ დღევანდელი ქართველი ავტორებიც.  

 

 

 

3.            როგორ წარმოგიდგებათ ავტორის, როგორც პროზაიკოსის, ინტელექტუალური და მოქალაქეობრივი სახე: მასში ლიტერატურული უფრო მეტია თუ ცხოვრებისეული?

 

ავტორის ინტელექტუალური და მოქალაქეობრივი სახე მისსავე ნაწერებში წარმოჩნდება. მწერლის ნაფიქრ-წარმოსახულ სამყაროს ლიტერატურა და ცხოვრება თანაბრად კვებავს და ასაზრდოებს. მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ რადგან ხელოვანია, ორმაგ ცხოვრებას ეწევა. როცა წერს, ავტორად გადაიქცევა და ქმნის სხვა სამყაროს, რომელშიც თავის რეალურსა თუ გამოგონილ გამოცდილებას წარმოაჩენს პერსონაჟთა ხასიათებსა თუ ამბებში. ხშირად მკითხველი პერსონაჟს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველ პირში ჰყვება ამბავს, ავტორთან აიგივებს, ამიტომ იხუმრა კონსტანტინე გამსახურდიამ: „კონსტანტინე სავარსამიძის ცოდვებს მე ნუ ამკიდებთო“. მწერლები ხანდახან თავიანთ დოკუმენტურ ჩანაწერებში, პუბლიცისტურ წერილებსა, ესეებსა თუ ინტერვიუებში გამოხატავენ ხოლმე თავიანთ პიროვნულ დამოკიდებულებას პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების მიმართ, რაც მკითხველთა გარკვეული ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა ეს მაინც დროებითია. თავის დროზე, ზურგი შეაქციეს  კნუტ ჰამსუნსა თუ ეზრა პაუნდს ჰიტლერის სიმპათიის გამო, მაგრამ ეს ხანმოკლე „გაუგებრობა“ იყო. მწერალი  მხატვრული შემოქმედებით ამბობს თავის სათქმელს, გამოხატავს იმ იდეოლოგიურ, რელიგიურსა თუ მორალურ-ზნეობრივ წინააღმდეგობებს, რომლებიც ცოცხალი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.

ავტორის მოქალაქეობრივ სახეზე ფიქრისას ვაჟა-ფშაველას „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ გვახსენდება. დღესაც აქტუალურია ეს თემა.   ვაჟას აზრით, მწერალი პატრიოტიზმთავისი ენის და ერის სიყვარულ ამჟღავნებს: „გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა. შექსპირი, სერვანტესი, გოეთე და სხვა გენიოსნი თავიანთი  თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელ კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ნამდვილი მწერლისთვის, როგორც სტაინბეკი ამბობს, მთავარია ასახოს ადამიანი თავისი გამჟღავნებული თუ პოტენციური შესაძლებლობებით. ამისთვის კი მას ერთადერთი, მაგრამ უძლიერესი, რეალური და თან მისტიკურ-საკრალური იარაღი აქვს- სიტყვა: „ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის პერიფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა.

 

 

4.            თქვენი დაკვირვებით, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოთხრობაში მწერლის ავტობიოგრაფია?

 

რა თქმა უნდა, ყველა ავტორი იყენებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ავტობიოგრაფიული დეტალები, გაცნობიერებულად თუ უნებურად, ათასნაირად სახეცვლილნი, ტრანსფორმირებულნი იჭრებიან პროზაში. ცხოვრება ხომ არა მხოლოდ მატერიალური ბიოგრაფიას, არამედ ფიქრების თავგადასავლებსაც მოიცავს, რომლებიც მთავარი და მნიშვნელოვანია რაიმეს შესაქმნელად.  ავტობიოგრაფიაში რეალურად არ ჩანს ავტორის სულიერი ცხოვრება. ზოგიერთი მწერლის ნაწერი, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ძალიან ავტობიოგრაფიულია. ქმნის პროცესში თანაბრად მონაწილეობს გამოცდილება, ალღო, ინტუიცია, რეალურად  ნანახ-განცდილი და წარმოსახული.  წარმოსახვასთან ერთად, მწერლის შთამაგონებელია ავტობიოგრაფიაც, ის რეალური ამბები, პროტოტიპები, რომლებიც მხატვრულ განზომილებაში სახეს იცვლიან.  მიხეილ ჯავახიშვილი ამ კითხვას: „რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები?“ _ ასე უპასუხებდა:  „ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს, მაგრამ ის ვერ შექმნის ცოცხალ ტიპს... დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს... ძალიან ბევრი მივლია, მინახავს, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება“.

კონსტანტინე გამსახურდია წერდა, რომ 1914-23 წლებში საგანგებოდ იმოგზაურა საფრანგეთსა, იტალიასა და გერმანიაში, რადგანაც ისეთი რომანი უნდოდა დაეწერა, რომლის არენად, საქართველოს გარდა, ეს სამი დიდი კულტურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო: „მე არა მწამს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ფანტაზიისაგან გამოკვებილი ხელოვნება. მუდამ სინამდვილისაგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არც ერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არც ერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია. პოეტური გამოგონება ყოველთვის უსისხლო და უსხეულო გამოვა, თუ მას მიწიერების ნელსურნელება არ გადაჰკრავს (მხოლოდ ესაა: ქვესკნელში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა სავარსამიძის ჯოჯოხეთად ჩასვლა მაინც აღვწერე). მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი. დედაჩემის გარდაცვალებამ დამსხვრეული ჩონგური დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმაალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე ზარები გრიგალში. მარიო ვარგას ლიოსა წერს: „პერუდან რომ არ წავსულიყავი, ალბათ ერთი უბრალო, შაბათ-კვირას საკითხავი მწერალი ვიქნებოდი. უნდა ვაღიარო, რომ კულტურის დაუვიწყარ გაკვეთილებს საფრანგეთს ვუმადლი“.

როგორც ვხედავთ, თვითონ მწერლები ანიჭებენ მნიშვნელობას რეალურად განცდილ-ნანახს, თუმცა, ჩემთვის, მკითხველისთვის,  უმნიშვნელოვანესია მხატვრული ტექსტი და ავტორის ბიოგრაფია ნაკლებად საინტერესოა.

 

5.            როგორ იხატება თანამედროვე ქართველის კრებითი სახე, მხატვრული ტიპი?

 

თანამედროვე გლობალურ სამყაროში ადამიანებიც უფრო მეტად დაემსგავსნენ ერთმანეთს.  ქართველის კრებითი სახე ისეთივეა, როგორიც  ფრანგის, იტალიელის, ესპანელისა თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლისა. რაც უფრო კრებითია სახე, მით უფრო უნივერსალურია. თანამედროვე  ქართველის ხასიათიც ხშირად  იმის მიხედვითაც იხატება, თუ საქართველოს რომელ კუთხეში ხდება მოქმედება. მეცხრამეტე საუკუნეში აკაკი წერეთელმა თავის ლექციებში „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ საინტერესო ეთნოფსიქოლოგიური პორტრეტები  წარმოაჩინა და ამგვარად შეეცადა რუსთველისეულ პერსონაჟთა არა უცხოური, არამედ ქართული წარმომავლობის დასაბუთებას. როგორც ვიცით, შემდეგ ეს შეხედულებები ილია ჭავჭავაძემ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: „ფალსტაფს, რომელიც შექსპირს ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობის გუდად გამოუხატავს, განა ათასს მსგავსს ვერ მოვუპოვებთ ჩვენს საქართველოში?! ჩვენში ტყუილებისა და კვეხნა-ბაქიაობისა ასეთი ფალავნები არიან, რომ თვითონ ფალსტაფი, _ ეგ ზოგადი ტიპი ცრუ და მკვეხარა კაცისა, _ ტაშს დაუკრავს მოწონებისას და შეგირდად მიებარება. ნუთუ ეს გარემოება ნებას მისცემს ვისმეს თქვას: შექსპირმა ფალსტაფით ქართველები გამოსახაო“.

 დღესაც მწერალმა ადამიანი ისე უნდა დახატოს, რომ მასში ნებისმიერი ერის ადამიანმა საკუთარი თავი იცნოს, თანვე გამორჩეული, უნიკალური ნიშან-თვისებებიც უნდა შესძინოს, რათა ისეთი პერსონაჟები შექმნას, რომელთა სახელის ხსენება მაშინვე წარმოგვადგენინებს მათ ვიზუალურად თუ ხასიათის თვისებებით. ასეთთა შორის არიან:  მარიტა, ფუფალა, ციციკორე, კაროჟნა, ლუარსაბ თათქარიძე, ვასიკო, შალვა და გრიშა კეჟერაძეები, გურანდუხტი და სხვა უამრავნი გიორგი ლეონიძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ინანიშვილის, ნუგზარ შატაიძის, გოდერძი ჩოხელის, რეზო ინანიშვილის, რეზო ჭეიშვილის, თამაზ ბიბილურის, ჯემალ ქარჩხაძის,  მაკა ჯოხაძის და სხვა უამრავი შესანიშნავი ქართველი პროზაიკოსის მოთხრობათა  სამყაროებიდან, მდიდარი წარმოსახული განზომილების სოფლებიდან და ქალაქებიდან.

 

 

6.            ხედავთ თუ არა შინაგან კავშირს თანამედროვე ქართულ მოთხრობასა და ქართულ კლასიკურ (მე-19 – მე-20 საუკუნეების) პროზას შორის?

 

ვფიქრობ, ღრმა  შინაგანი კავშირია თანამედროვე ქართულ მოთხრობასა და ქართულ კლასიკურ (მე-19 – მე-20 საუკუნეების) პროზას შორის. ელიოტის აზრით,  ტრადიცია  ფართო მნიშვნელო­ბის ცნებაა. ის მემკვიდრეობით არ გადეცემა, კარგ მწერალს აქვს შეგრძნებაა დროისა და წარმავლობისა, – ორივესი ერთად,  და სწორედ ეს   ანიჭებს ტრადიციულობას, აგრეთვე, მძაფრად შეაგრძნობინებს ადგილს დროსა და თანადროულობაში. ყველა საუკუნის ქართული მოთხრობისთვის დამახასიათებელია  ადამიანის დემონური და ანგელოზური ხასიათების ხატვა, ფსიქოლოგიზმი, რელიგიურ-იდეოლოგიური, პოლიტიკურ-სოციალური კონტექსტებით. მეცხრამეტე საუკუნის მოთხრობა იწერებოდა რეალისტური მეთოდებით, ერთგვარი ნეორომანტიკული ელფერით (ეკატერინე გაბაშვილი, ნიკო ლომოური, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი), შემდგომ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, ქართულ მოთხრობაში შემოიჭრა ლირიკული ნაკადები, მეტი მისტიკა და სიმბოლიკა, ქვეცნობიერში ჩაღრმავება, ადამიანის სულის ბნელი მხარეების მხატვრული ანატომია (შიო არაგვისპირელი, ჭოლა ლომთათიძე, ვასილ ბარნოვი). მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მოთხრობა მოდერნისტული ესთეტიკით იქმნება, ჩნდებიან ახალი ტიპის გმირები მოდერნულ გარემოში, მხატვრული ტექსტის გეოგრაფიული არეალიც ფართოვდება, პერსონაჟები სცდებიან საქართველოს საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, ჩნდება ურბანული ლანდშაფტები, იჭრება გაუცხოების, სამყაროდან ღმერთის განდევნით გამოწვეული ტკივილის გამოსახვა, ნიცშეანური იდეები, ფროიდიზმი,  უახლესი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური კვლევების ანარეკლი, ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს პერსონაჟთა გამრავალფეროვნებაზე, თხრობის ტექნიკაც იცვლება, მკითხველთან დისტანცია იზრდება, უფრო ელიტარულ-ინტელექტუალური ხდება (სიმბოლისტური მოთხრობები, გამსახურდიასა და რობაქიძის ექსპრესიონისტული ნოველები, ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტული მოთხრობები), საერთო კონტექსტს ამრავალფეროვნებს  მიხეილ ჯავახიშვილის ნეორეალისტური მცირე პროზა. მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში, „მოთვინიერებული მწერლობა“ ჩნდება, სოცრეალიზმის პრინციპებით იქმნება ფსევდოლიტერატურა, მოთხრობები, რომლებშიც წარმოჩნდებიან სოციალიზმის მშენებელი ყალბი პათოსით გამსჭვალული გმირები.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, 60-70-80-იანი  წლებიდან,  კვლავ დიდი ცვლილებები ხდება, რეალიზმში იჭრება  მეტაფორულობა, იგავურობა. მწერლები ათასნაირ გზას ეძებენ და ახერხებენ ცენზურის პირობებში გამოხატონ არაიდეოლოგიზირებული ზოგადსაკაცობრიო იდეალები (სოსო პაიჭაძე, გიორგი ბაქანიძე, მერაბ აბაშიძე, გია ლომაძე, ბადრი ჭოხონელიძე, ვლადიმერ სიხარულიძე, ვაჟა გიგაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნაირა გელაშვილი, მაკა ჯოხაძე, ქეთი ნიჟარაძე, ანა მხეიძე და სხვ.).

90-იანი წლებიდან პოსტმოდერნისტული მოთხრობები იწერება, ჩნდება თხრობის ახალი ტექნიკა, დროის შესაბამისი ესთეტიკა იქმნება და სხვ. გვხვდება ნარატივისა თუ პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვის იმგვარი ექსპერიმენტები, რომლებიც დღესაც 21-ე პირველ ოცწლეულში, მთავარი მახასიათებელია, ვგულისხმობთ, დაშლილ  კომპოზიციას, მკრთალ სიუჟეტს, ლირიკულ ნაკადთა სიჭარბეს, ენობრივ-სტილურ ძიებებს.  

 

7.            რა განსხვავებაა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქვეტექსტურ სტილსა და დღევანდელ თავისუფალ სტილს შორის?

 

თანამედროვე ქართული მოთხრობა ეკლექტური ფენომენია. ის შეიცვალა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების ანალოგიურად, ვგულისხმობთ პოსტმოდერნისტულ ძიებებს თხრობის სტრუქტურის, ამბების გადმოცემის, კომპოზიციის, პერსონაჟთა ხატვის თავისებურებებისა და, ზოგადად, სათქმელის გამოხატვის თვალსაზრისით. დღევანდელი თავისუფალი სტილი, ქვეტექსტურობასთან ერთად (რომელიც მკითხველის ინტერპრეტაციის კვალდაკვალ ღრმავდება) გულისხმობს ჟანრების ერთგვარ აღრევას, მოზაიკურობას, მონტაჟურობას.  ნარატივის მრავალფეროვნება ისედაც უცხო არ იყო მეოცე საუკუნის ლიტერატურისთვის, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ეს უფრო გაღრმავდა, თამაშის ელემენტების ფუნქციური მნიშვნელობები გაიზარდა. თანამედროვე ქართული მოთხრობაც ირეკლავს  კულტურის სანახაობრივ ელემენტებს, კარნავალურობას,  ეპოქის კატაკლიზმებს, სოციალ-პოლიტიკურ და კულტურული გარემოს, პაროდიულ-სატირულ ნაკადებს. მოთხრობის ავტორები მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ თანამედროვე მკითხველის გემოვნებასა და ინტერესებს. მთელ მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკამ, ხელოვნების კომერციალიზაციამ ლიტერატურასაც ახალი ამოცანები დაუსახა,

თანამედროვე ქართველი მწერლები მოთხრობაში  თხრობის ტრადიციულსა და ნოვატორულ ხერხებს,  პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ თხრობის ტექნიკას, ორმაგ კოდირებას, ირონიულ-პაროდიულ ნაკადებს, ინტერტექსტუალობას იყენებენ; ჟანრულ ექსპერიმენტებს მიმართავენ; მათში წარმოჩენილია რეფლექსიები საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე მწვავე სოციალ-პოლიტიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებზე; მნიშვნელოვანი და აქტუალურია ძველი და უახლესი ისტორიული გამოცდილებით მიღებული ტრავმების, განსაკუთრებით, საბჭოთა ეპოქის, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური გადააზრება; სამოქალაქო დაპირისპირებანი, აფხაზეთისა და აგვისტოს ომები, ადამიანის ბედის, მისი არჩევანის, ჰუმანიზმის კრიზისისა და მისი გადალახვის თემები; ტექნოლოგიური პროგრესისა და კულტურის ურთიერთმიმართება; ეგზისტენციალურ და ონტოლოგიურ საკითხებზე აქცენტირება, ანდერგრაუნდი, ნარკოტიკები, მარგინალური გარემო და პერსონაჟები, გენდერი და სხვადასხვა ტიპის უმცირესობათა პრობლემები, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების სატირული ასახვა და სხვ.

როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელი მწერლობა, როგორც, ზოგადად, ხელოვნება, კომერციალიზებულია. ამიტომ მწერლები ცდილობენ ისეთ თემებზე იმგვარად წერას, რაც მათი გამოცემების ტირაჟს გაზრდის. ამ საკითხზე პოლ ვალერის მახვილგონივრული მსჯელობა დღესაც აქტუალურია: „დაუფიქრდით, რაა საჭირო იმისთვის, რომ თავი მოაწონო სამ მილიონ მკითხველს. პარადოქსი:  საჭიროა გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმისთვის, რომ თავი მოაწონო მხოლოდ და მხოლოდ ასიოდე კაცს.   მაგრამ, ის, ვინც მილიონებს მოსწონს, ყოველთვის კმაყოფილია თავისი თავით, მაშინ, როდესაც ის, ვინც მხოლოდ ასიოდე კაცს მოსწონს, თავისი თავით მეტწილად  უკმაყოფილოა“. ასეთი კმაყოფილნი და უკმაყოფილონი დღესაც არიან.

ხელოვანისთვის მთავარი ნიჭია, რომელსაც ინტელექტი ეხმარება თხრობისა და გამოსახვის ახალი ტექნიკის ძიებაში. ამიტომაცა არის, რომ ჯოისის დუბლინელების ციკლის მოთხრობები თან ჰგავს ტრადიციულს, თან არსებითად განსხვავდება. მწერალმა იცის, როგორ წერდნენ მეცხრამეტე  საუკუნის მწერლები და ცდილობს რაღაც განსხვავებული ნიუანსებით გამდიდრებას. აქ არ არის „ულისეში“გამოყენებული, ე.წ. მითოლოგიური მეთოდი, ან ქვეცნობიერი ნაკადების სიჭარბე, არც ინტერტექსტუალობითა და ალუზიებითაა დატვირთული, მაგრამ განსხვავდება ყოველივე იმისგან, რაც მანამდე იწერებოდა.

 

8.            როგორ აფასებთ თხრობის თანამედროვე მანერასა და სიუჟეტის განვითარების ტექნიკას?

 

თხრობის „თანამედროვე მანერა“ შეიძლება პირობით ცნებად მივიჩნიოთ. მკითხველისთვის თანამედროვეა ის მანერა, რომლითაც მწერალი მას ააღელვებს, დააფიქრებს, ემოციურ-ინტელექტუალურ სიამოვნებასა თუ სიხარულს ანიჭებს. დღეს არიან მწერლები,  რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ ფორმის ძიებას, თხრობის ტექნიკის გადახალისებას, ამ ძიებაში ხანდახან მივიწყებული ძველის აღორძინებაც სიახლედ წარმოჩნდება ხოლმე.  დღეს ხშირად გვხვდება მოთხრობა-გამოცანები, ფილოსოფიური იგავების სტილში დაწერილი მცირე პროზა.  ზოგი ბორხესისეულ სტილს ირჩევს, ზოგი_ მარკესისეულს, ზოგი _ ლავკრაფტისეულს,  ზოგი _ჰემინგუეისას, ზოგი _ დოსტოევსკისას და ა.შ. მოთხრობის კომპოზიციის, სიუჟეტური ხაზების, სტრუქტურის, თხრობის სისტემის ელემენტების უკვე იმდენი „კანონი“ თუ „პრინციპი“, „სტრატეგია“ შექმნეს ცნობილმა მწერლებმა, რომ ნებით თუ უნებურად, თანამედროვე მწერალს ვიღაცის მსგავსი სტილი გამოსდის. ახლა მთავარია, ამ სტილურ მრავალფეროვნებაში, თხრობის თავისუფლებასა და ექსპერიმენტებში მწერალმა მთავარი არ დაკარგოს, სათქმელი გამოხატოს და სიცარიელე არ ასახოს, არამედ მრავალფეროვანი ცხოვრება, თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულება წარსულთან, აწმყოსთან, მომავალთან, წარმავალსა თუ მარადიულ თემებთან.  ზოგი წერს ტრადიციული მკითხველის გემოვნების გათვალისწინებით, ზოგი კი, უმბერტო ეკოსავით, „ახალი ტიპის მკითხველის“ შექმნას ცდილობს. დღეს მოთხრობაც ერთგვარ მეტაჟანრულ ტექსტად წარმოჩნდება, რომელიც არღვევს  კლასიკური მოთხრობისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებს.

 

 

9.            გაკმაყოფილებთ პროზის ენა, ანუ ქართული როგორც ასეთი?

 

როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი „ენა“ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვთქვათ, - მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე“. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინა, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის. ასე შეიძლება ვიცნოთ დავით კლდიაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, რევაზ ინანიშვილის, ნუგზარ შატაიძის, არჩილ სულაკაურის, გოდერძი ჩოხელის,  ოთარ ჭილაძის, ჯემალ ქარჩხაძის და სხვათა ენა (მეოცე საუკუნის ქართული პროზა, ამ თვალსაზრისით, ძალიან მდიდარია).

ენობრივი თვალსაზრისით, ქართულ პროზაში დღესაც დიდი მრავალფეროვნებაა. ხშირად იგრძნობა ე.წ. ჟურნალისტური (ხატოვანებისა და ექსპრესიისაგან, ხშირად აზრისაგანაც დაცლილი) ენის მომძლავრება.   მოდურ მწერლად“ შეიძლება იქცეს ავტორი, რომელიც თამამად იყენებს ერთგვარ ტაბუდადებულ  ლექსიკას, ჟარგონს, სკაბრეზს, სლენგს, ვულგარულ გამოთქმებს, ბილწსიტყვაობას, მაგრამ მოდა სწრაფად იცვლება. ნებისმიერი ლექსიკური ერთეული, დიალექტიზმი, ჟარგონი, არქაიზმი თუ სხვა რამ _ მწერალმა ფუნქციურად და არა „სამშვენისად“ უნდა გამოიყენოს. ნაირა გელაშვილის, მაკა ჯოხაძის, ბესიკ ხარანაულის (პროზის), კოტე ჯანდიერის, ლაშა იმედაშვილის, მიხო მოსულიშვილის,  აკა მორჩილაძის, ირაკლი სამსონაძის, არჩილ ქიქოძის, გურამ ოდიშარიას, ირაკლი ჯავახაძის... (ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს) ენობრივი სტრატეგიები ისეთი მიზანდასახულია, რომ ვეღარც ამჩნევ, რადგან ენა სათქმელის ღრმად და შთამბეჭდავად გამოსახატავადაა გამოყენებული.

 

10.          რამდენად მოქმედებს პროზაში ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ფაქტორი?

 

მსოფლიო ლიტერატურას თუ გადავავლებთ თვალს, არსებითად არ მოქმედებს პროზაში ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ფაქტორი. ახალგაზრდები გარდაიცვალნენ გურამ რჩეულიშვილი, ჯემალ თოფურიძე, აკუტაგავა რიუნოსკე, იუკიო მიშიმა, ქრისტოფერ მარლო, ლერმონტოვი, ემილი ბრონტე და სხვა მრავალი. შემოქმედი გამოცდილებას მხოლოდ ცხოვრებისგან არ იღებს. ის პირად გამოცდილებად აქცევს არა მხოლოდ იმას, რასაც საკუთარი თვალი-ყურით დაინახავ-გაიგონებს, არამედ კაცობრიობის მთელ გამოცდილებას (ისტორიით, ფილოსოფიით, მხატვრული ლიტერატურით, მატერიალურ-კულტურული ძეგლებით და სხვა. გადმოცემულს) ისე  გადაადნობს წარმოსახვაში, რომ სულაც აღარ სჭირდება „გარეთ გასვლა“, დიდხანს ამქვეყნად ყოფნა იმისთვის, რომ   სიცოცხლე მთელი თავისი მრავალფეროვნებით შეიგრძნოს და გამოხატოს.  ერთი ისაა, რომ რაც მეტხანს იცოცხლებს  მწერალი, მეტის შექმნას შეძლებს. მაგალითად, გოეთემ „ფაუსტის“ მეორე ნაწილი რომ დაწერა, ოთხმოცს იყო გადაცილებული. ხელოვნებას ნიჭით დაჯილდოებული სული ქმნის, რომელსაც  ასაკი არა აქვს.

 

11.          თქვენთვის მისაღებია თუ არა მწერლების თაობებად დაყოფის ტენდენცია: ,,დებიუტანტები“, ,,ახალგაზრდები“, ,,გამოცდილები“, ,,ცოცხალი კლასიკოსები“ და ა. შ.

 

ვფიქრობ, არაფრის მომცემია თაობებად დაყოფის ტენდენცია. ერთიან ლიტერატურულ პროცესს არა თაობები, არამედ ინდივიდუალური მწერლები ქმნიან. ცოცხალი კლასიკოსი თუ გამოცდილი მწერალი რამდენიმე თაობას მოიცავს. ,,დებიუტანტები“  და  ,,ახალგაზრდა“_  მხოლოდ იმისთვის შეიძლება გამოიყენო, რომ კრიტიკა შეარბილო. რა თქმა უნდა, ლიტერატურის ისტორიის კვლევის თვალსაზრისთ, ამ ცნებებსა თუ ტერმინებს თავიანთი ფუნქცია და გამოყენება აქვთ. მკითხველისთვის კი სულ ერთია, რომელ თაობას მიაკუთვნებენ მწერალს. სრულიად ვიზიარებ ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისს ამის შესახებ:   ამისთანა სიტყვები, როგორც ძველი და ახალი თაობა, ცაიე და ფუყე სახელებია და დროა თავის პატრონს ჩაბარდნენ და საიდამაც მოსულან, იქ წავიდნენ..... ეხლანდელს დროში, როგორც წინანდელშიაც, მოქმედბენ ახალნიც და ძველნიც... დროა თავი დავანებოთ ამ გაცვეთილს სახელებს და მოვიკითხოთ მარტო ის, გუშინ რას ვდევდით ძველნიცა და ახალნიცა და დღეს რასა ვდევთ; რას ითხოვდა წინა დღე და რა პასუხი მისცა დღევანდელმა.

 

12.          სად უფრო ხშირად კითხულობთ მოთხრობებს - ბეჭდვით ლიტერატურულ გამოცემებში, ინტერნეტსა თუ წიგნებში?

 

დღეს უფრო ხშირად ინტერნეტში ელექტრონულად გამოცემულ წიგნებს ვკითხულობ.

 

13.          ბოლო დროს ვისი მოთხრობები მოგეწონათ?

 

ძალიან მიხარია, რომ დღეს  განსხვავებული სტილის, ესთეტიკის, თხრობის მანერის, მსოფლმხედველობის მწერლები გვყავს. ბოლო დროს არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის მოთხრობა წავიკითხე და მომეწონა. ჩამოთვლა რომ დავიწყო, გრძელი სია გამოვა.

 

14.          დაასახელეთ თანამედროვე (მოქმედ) ქართველ პროზაიკოსთა ხუთეული.

 

ზოგადად, არ მიყვარს, რეიტინგები, ათეულები და ხუთეულები, ამიტომ, მაპატიეთ, თავს შევიკავებ ჩამონათვალისაგან.

 

 

 

დაბეჭდილია „ლიტერატურულ გაზეთში“,  15 ოქტომბერი, 2021 წელი,  გვ.3

 

                            

 

 

No comments:

Post a Comment