მაია ჯალიაშვილი
„დედამიწაზე გაცილებით მეტი ბედნიერებაა, ვიდრე გგონია,
მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისათვის ისინი დაფარული რჩება“, _ ასე არიგებს ტილტილსა
და მიტილს სინათლე მორის მეტერლინკის ცნობილ პიესაში „ლურჯი ფრინველი“. მწერალმა სინათლე
პიესის მთავარ პერსონაჟად აქცია. შობის ღამეს,
რომელიც „მზიან ღამედ“ გადაიქცევა, როცა სასწაულები
ხდება, სინათლე ბავშვებს მშვენიერ მანათობელ ქალწულად მოევლინება და იდუმალ, უხილავ
განზომილებაში გაუძღვება, რომელიც ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ვერ ვხედავთ, რადგან სულიერი
თვალი დახშული გვაქვს. მხატვრული ლიტერატურა
სწორედ სულიერ თვალს უხელს მკითხველს და აჩვენებს გზას, რომელსაც „ბედნიერების ბაღნარში“
მიჰყავს.
მწერალი სიმბოლისტური ფანტასმაგორიით პატარებსაც და
დიდებსაც შთააგონებს, რომ სიცოცხლე ბედნიერებაა.
ლურჯი ფრინველი სულია და ადამიანი მას
ხედავს და
შეიგრძნობს მაშინ, როცა უყვარს, როცა ვიღაცას უანგაროდ შეეწევა, როცა ახსოვს, როცა
გაკვირვება და აღტაცება შეუძლია. თუმცა ბედნიერებაც ნაირგვარია, მოჩვენებითი მატერიალურ
სამყაროს განეკუთვნება, ნამდვილი კი სულიერს.
ერთ ეპიზოდში მწერალი ხატავს მდიდრულ სასახლეს, აქ შეკრებილან და ღრეობენ: მდიდრად ყოფნის ბედნიერება, მესაკუთრედ ყოფნის, სმისა
და ჭამის ბედნიერება. ამათ გარდა, „ქოთანივით ყრუ“ არაფრის ცოდნის ბედნიერება,
აგრეთვე, თხუნელასავით ბრმა არაფრის კეთების
ბედნიერება, საჭიროზე მეტი ძილის ბედნიერება,
რომელსაც აქვს „უმაქნისი ხელები და ატმის ჟელეს
მსგავსი თვალები“. ამ დროს ჩნდება ენით გამოუთქმელი
წმინდა, ღვთაებრივი, ვარდისფერი ჰარმონიული
და მსუბუქი შუქი. დარბაზის სქელი წითელი ქსოვილები და ვარდები ქრება, მათ მიღმა კი
გამოჩნდება ჰაეროვანი თავისუფლებისა და სიმშვიდის
ზღაპრული ბაღი, ყოველივეს „სიცინცხლე თითქოს უშორეს თვალსაწიერზე განავრცობს
თვით ნეტარების იდეას“. გამუდმებული ღრეობის მაგიდა უკვალოდ ინთქმება უფსკრულში. მსუქან
ბედნიერებათა ფარჩა და ხავერდი, გვირგვინები და მათთან ერთად მხიარული ნიღბებიც
და სტუმრებიც გამსკდარი ბუშტებივით თვალსადახელშუა იფუშებიან, გონს მოდიან, ერთმანეთს
შეჰყურებენ, თვალებს ახამხამებენ ამ უცნობი
თვალისმომჭრელი შუქით დასხივებულნი ახლა ხედავენ
ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან_ შიშვლები, საძაგლები, მოფლაშულები, უბადრუკები, ყველას სირცხვილისა
და შიშის ყვირილი აღმოხდება.
სინათლე ამგვარად ყველას დაანახვებს მოჩვენებით ბედნიერებათა ყალბ თვალისმომჭრელობას და „საგანთა ჭეშმარიტებას“
აზიარებს. ბავშვები ხედავენ იმ უამრავ ნამდვილ ბედნიერებას, რომლებიც შეგიძლია შეიგრძნო,
თუ სინათლეს ჩაიღვრი თვალებში: ბავშვობის ბედნიერება, მშობლების, ახლობლების სიყვარულის
ბედნიერება, ლურჯი ცის, ტყის, გაზაფხულის ბედნიერება. „ვარსკვლავების ამოსვლის ნახვის
ბედნიერება“, წვიმის, ზამთრის, კერიის ბედნიერება, უმანკო აზრების ბედნიერება, ცვარში
შიშველი ფეხებით რბენის ბედნიერება (გალაკტიონი
გვახსენდება: „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?“).
მეტერლინკი ხატავს მანათობელ,
ანგელოზურ
ფიგურებს, რომლებიც განასახიერებენ
დიდ სიხარულებს, ესენი არიან: სამართლიანად
ყოფნის დიდი სიხარული, რომელიც იღიმება ყოველთვის, როცა უსამართლობა
გამოსწორებულია.
კეთილად
ყოფნის სიხარული _ „ყველაზე ბედნიერი, თუმცა ყველაზე სევდიანიც, რომელსაც ძალიან უშლიან ხელს, რომ არ წავიდეს
უბედურებებთან მათ სანუგეშებლად“.
დამთავრებული
სამუშაოს
სიხარული, აზროვნების
სიხარული,
გაგების
სიხარული,
რომელიც
„მუდამ ეძებს
თავის ძმას _ ვერაფრის გაგების ბედნიერებას“.
მეტერლინკის აზრით, უდიდეს სიხარულებს შორის გამოირჩევა
„ყოველივე მშვენიერის ხედვის სიხარული, ყოველდღიურად კიდევ რამდენიმე სხივს რომ უმატებს აქ
გამეფებულ სინათლეს“. აქვეა სიყვარულის უნარის ოქროსფერი დიდი სიხარული, რომელსაც მთლიანად ვერასოდეს დაინახავ. მწერალი
ცალკე წარმოაჩენს „დედობრივი
სიყვარულის შეუდარებელი სიხარულს“.
„გამოღვიძებული“ ბავშვები და მკითხველიც ბედნიერები
არიან, რადგან შეიმეცნეს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა, რომელიც არასოდეს სრულდება,
რომ „მკვდრები“ ცოცხლები არიან, სანამ გვახსოვს, რომ ლურჯი ფრინველი ყოველთვის გასხლტება
ხელიდან, რადგან სწორედ მისი დევნაა სიცოცხლე; აგრეთვე, მისი ძიების, პოვნისა და დაკარგვის
ბედნიერება, რათა შევიგრძნოთ, რომ ყოველი დასასრული მხოლოდ ილუზიაა, მის მიღმა კი ნამდვილი
დასაწყისია, სიხარულის მოლოდინის თანხლებით,
აი, რატომ იყო გიორგი ლეონიძის ჩამოძონძილი ელიოზიც
მუდამ თვალებგაბრწყინებული. მას სჯეროდა, რომ
ბედნიერებას იპოვიდა („ნატვრის ხე“). მოთხრობაში ვკითხულობთ: „ნაზი გულის ადამიანი
იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების
ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული
სინამდვილისაგან. ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე
დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა
იორი, დაღალა ბადე“ . „ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას
მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ
ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც
ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე
ჩამოგეცლება სამუდამოდ!“. ამიტომაცაა, რომ გიორგი ლეონიძე გვაჯერებს: „პოეტები მხოლოდ
ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან, პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი
ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!“
ბორხესის ერთი მინიატურის ბრძენი პარაცელსუსი მასთან
მისულ, ჭეშმარიტების მაძიებელ ჭაბუკს უკან გააბრუნებს, რადგან ხედავს, რომ იგი ჯერ
კიდევ გარეთ ეძიებს ალქიმიურ ქვას, რომელიც „ოქროდ გადააქცევს ბუნების ყველა ელემენტს“.
პარაცელსუსის აზრით კი, „ეს გზაა თვითონ ქვა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ, ქვა არის თვითონ.
თუ ამ სიტყვის მოსმენა არ ძალგიძს, მაშინ ვერაფერს გაიგებ. ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე
მიზანს წარმოადგენს“. ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ მზისქვეშეთში ყოველივე
მოკვდავია, რასაც უარყოფს ბრძენი და ეუბნება: „მაშ, სად ვართ ჩვენ? რა გგონია, მამაზეციერი
სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ
იმის ვერ გაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით!“
(„პარაცელსუსის ვარდი“). ჭაბუკი მოტანილ ვარდს ცეცხლში აგდებს, შეჰყურებს დაფერფლილ ყვავილს და
არ სჯერა ბრძენისა, რომელიც დარწმუნებულია,
რომ „ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი სახე იცვლება. ერთი ჩემი სიტყვა და შენ კვლავ იხილავდი მას“. ბრძენს შეუძლია, მოიხმოს ის, რასაც „მოიხმობდა მამაზეციერი,
როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას და უხილავ სამოთხეს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც
პირველი შეცოდების გამო დაფარულია ჩვენგან“.
ყმაწვილი ვარდის აღდგენის ხილულ სასწაულს ითხოვს, მაგრამ უარს იღებს. რადგან ჯერ არ
განუცდია სიტყვის ძალა, რომლითაც საკუთარი სულის უხილავი კარის შეღება შეუძლია. ამიტომაც
ბრძენმა უკან გააბრუნა. თვითონ კი „მყუდროდ
მოკალათდა საკარცხლულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა. და აღმოცენდა
ვარდი“.
ჰემინგუეის სანტიაგო, მოხუცი მამაცი მებადური, დაჭერილი
უზარმაზარი თევზის ზვიგენებისგან დაცვას რომ ცდილობს („მოხუცი და ზღვა“) საკუთარ თავს ასე იმხნევებს:
„ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია,
კარგია, როდესაც კაცს ბედი სწყალობს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ჩემს საქმეს მარჯვედ
ვაკეთებდე, ხოლო როდესაც ბედი გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, მზად შევხვდები მას“.
ამიტომაც „დაესიზმრა მოხუცს ზღვის გრძელი, ყვითელი ნაპირი. ნახა, როგორ გამოვიდა ბინდბუნდში
შამბნარიდან პირველი ლომი, მას სხვებიც მოჰყვნენ. მოხუცი ნიკაპით დაეყრდნო ღუზაზე დაბმული
გემის ქიმს; ხმელეთიდან საღამოს ნიავი უბერავდა; მოხუცი ელოდებოდა, გამოჩნდებოდნენ
თუ არა კიდევ ლომები, და სრულიად ბედნიერი იყო“. სანტიაგო საკუთარი ფიქრების ნაკადებში
ცდილობს გზის გაკვლევას:
„ნუ თვლემ და საჭეს მიხედე. შეიძლება კიდევ გეწვიოს
ბედნიერება.
_ ნეტამც მეყიდა პატარა ბედნიერება, თუ სადმე ჰყიდიან,
_ თქვა მოხუცმა.
_ რით იყიდი? _ ჰკითხა მან თავის თავს, _ განა დაკარგული
ჭვილთით, გატეხილი დანით და დასახიჩრებული ხელებით ბედნიერებას იყიდი?
_ ვინ იცის! აკი გინდოდა გეყიდა ბედნიერება იმ ოთხმოცდაოთხი
დღით, ზღვაზე რომ გაატარე. სხვათა შორის, კინაღამ მოგყიდეს ბედნიერება... არ არის საჭირო
ფიქრი ყოველგვარ სისულელეზე. ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს
მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი, რა სახითაც უნდა ყოფილიყო და
ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ. ნეტავ, ჩირაღდნების დაფიონს დავინახავდე,
_ გაიფიქრა მან. _ ძალიან ბევრი რამ გსურს ერთბაშად, ბერიკაცო. მაგრამ ახლა მხოლოდ
ჩირაღდნების დანახვა მსურს და სხვა არაფერი“.
„ჩირაღდნების დაფიონს“ დაინახავს საინტიაგო და ყველა
ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ბედნიერება და სიხარული ყველგანაა, მთავარია, მათი
დანახვა შეგეძლოს. ამ დანახვას ადამიანს მხატვრული ლიტერატურა ასწავლის, ზემოთ ნახსენებთან
ერთად კიდევ უამრავი მწერალია, რომლებიც „დაწერილი სიტყვის ბედნიერებას“ განიცდიდნენ, მიუხედავად იმისა, გადარჩებოდა თუ
არა, მიაღწევდა თუ არა ეს სიტყვა მკითხველის გულამდე. და კიდევ: ყველა ადამიანი იმ
სიხარულს ხედავს, რომელიც მას აბედნიერებს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენი
ბედნიერება სხვისას არ „ემთხვევა“, უბრალოდ, „ლურჯი ფრინველის“ მოსახელთებლად ყველამ
თავისი გზა და ბილიკი უნდა მონახოს.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=29853 მაია ჯალიაშვილი
No comments:
Post a Comment