მაია ჯალიაშვილი
იმ შემოქმედთა
შორის, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში თავიანთი მეამბოხე სულისკვეთებით ქმნიდნენ
ექსპერიმენტულ პოეზიას, ცვლიდნენ და გარდაქმნიდნენ ტრადიციულ ფორმებს, ამრავალფეროვნებდნენ
გამოთქმის ხელოვნებას, გამოირჩეოდა ბელგიელი ემილ ვერჰარნი. მას მოდერნიზმის, კერძოდ,
ფრანგული სიმბოლიზმის ესთეტიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ცისფერყანწელები მასაც „კერპად“ მოიხსენიებენ, სხვა ფრანგ პოეტებთან ერთად, ამიტომაც ხშირად გაიელვებს
მისი სახელი მათ პოეზიასა თუ ესეებში. მას,
ერთი მხრივ, ვიქტორ ჰიუგოს მემკვიდრედ მიიჩნევენ, როგორც უბრალო ადამიანის ტკივილის
გამომხატველს, ამავე დროს, ანათესავებენ ამერიკელ უოლტ უიტმენს, კოსმოსური „ყნოსვის“
შემოქმედს, რომელმაც თანამედროვეობის სული გამოხატა.
ემილ ვერჰარნის
პოეზიაში სამყაროში გამძაფრებული დაპირისპირება
კულტურასა და ცივილიზაციას შორის განსაკუთრებული შთამბეჭდაობით წარმოჩნდა, ქალაქის
უდაბნოები, გაუცხოება, ეგზისტენციალური სიცარიელე, დანტესეული ჯოჯოხეთის სიმძაფრით იხატება მის პოეზიაში, ამიტომაც მოიხსენია
გალაკტიონმა ამგვარად:
„როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,
ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,
თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,
გიგანტი ცეცხლით მოანდამატე“ („ისევ ეფემერა“).
ჟურნალ „ცისფერი ყანწების“ პირველსავე მანიფესტურ წერილში ტიციან ტაბიძემ იგი ახალი დროის გამორჩეულ პოეტად
დაასახელა: „ძველი პატრიარქალური კულტურა ირღვევა. ეს სიკვდილი ძველი ქვეყნის გამო
იტირა ბელგიელმა პოეტმა ემილ ვერჰარნმა წიგნში: „სოფელნი აჩრდილნი“. ქალაქი მბრძანებლობს.
ახალი ფუტურისტების ტერმინოლოგიით, თანამედროვე კულტურა წარმოადგენს უზარმაზარ ქალაქს,
ლონდონს, ნიუორკს, ჰამბურგს, სადაც ტრუბები მაღალია ტაძრებზე, სადაც ცოფიანად მიქრიან
ავტომობილები და გასაფრენად დარაზმულან ცეპელინები. აქ დრო არ არის უკან მოხედვის,
აქ შეიქმნა წუთის კულტი. პოეტის შეგნება დამძიმდა რუხი რკინის ქალაქით და ამოხეთქა
ახალ უცნობ სიმღერაში“ („ცისფერი ყანწები“, #1,1916).
მართლაც, ემილ ვერჰარნის პოეზიაში რკინის დრო იხატება,
ქალაქი-ქიმერები თუ ქალაქი-ფანტომები მთლიანად იპყრობენ სივრცეებს და ადამიანის სულს
ფრინველივით გალიაში გამოამწყვდევენ. პოეტი
გრძნობს იმ დიდ საფრთხეს, რომელიც მოაქვს ტექნოლოგიურ პროგრესს. ის გამოხატავს გაუყუჩებელ
ტკივილს, რომელსაც იწვევს ულმობელი დრო. ის არ გაურბის მტანჯველ რეალობას და მას პოეტურ
სახეებად გარდაქმნის.
პაოლო იაშვილმა თავის ცნობილ ტრიპტიხში (მალარმე, ვერლენი,
ვერჰარნი), რომელიც „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერში დაიბეჭდა, ერთი ლექსი მას უძღვნა,
რომელშიც ერთი პოეტი კარგად შეიგრძნობს სულით მონათესავე მეორე პოეტის წარმოსახვათა
სიმძაფრეს, მეტაფიზიკურ გაუსაძლისობას:
„შენი კივილი მკვეთრია ვით ცხელი შურდული,
შენს სასახლეში ყეფს წითელი საშინელება,
ჭვარტლიან ბაღში აღტაცება არ გეძნელება.
შენ ხარ მხედარი შეშლილი და გზა დაბურდული.
სახრჩობელები, კვამლი, სისხლი, სახე ქურდული.
მშიერთა ურდო, რკინის კვნესა, მზის დაბნელება.
ვერჰარნ! ვიხრჩობით! ცეცხლის ზღვაში რა გვეშველება („ვერჰარნ“).
პაოლო იაშვილის ლექსშიც ოცნებისა და მშვენიერების, როგორც
სულიერების საყრდენთა, გამოცლა ყოფისთვის ტრაგიკული სიმძაფრით, მრავალმნიშვნელოვანი
სიმბოლოებით იხატება. ვერჰარნი, როგორც შეშლილი მხედარი, ვეღარ იგნებს გზას და მისი
კივილი ისეთივე მძაფრია და ყველგანშემღწევი, როგორც ედვარდ მუნკის ცნობილ ფერწერულ
ტილოზეა გამოხატული.
პაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ პირდაპირ
ეხმიანება ვერჰარნისეულ სულისკვეთებას. აგრეთვე,
ლექსიდან „წერილი დედას“ („და დავიკუნტები/
ქალაქის ქუჩებში მე _ სალახანა“) უთუოდ შემოესმება მკითხველს ვერჰარნისეული
ქალაქების ხმაურთა ექოები. ამ ლექსის ლირიკული გმირიც დამფრთხალია ურბანულ ქიმერათა
თავდასხმებით და წარმოსახვით სოფლისკენ მიისწრაფვის, როგორც გადარჩენისა და სიმშვიდის ნავსაყუდლისკენ.
ემილ ვერჰარნი ეძიებდა და ქმნიდა თავისუფალი ლექსის
განსხვავებულ ტექნიკას, ცდილობდა ახალი რიტმული ინტონაციებით აღებეჭდა და გადმოეცა
ტექნიკური ცივილიზაციის გავლენა ადამიანზე;
დაეხატა ადამიანის გაუცხოება ქარხნების, ფაბრიკების, თვითმფრინავების, ავტომობილების,
მათი დამაყრუებელი ხმაურის ფონზე. მისი პოეზიის ერთგვარი ატონალური
მუსიკა და უჩვეულო ფერადოვნება კარგად ხატავდა ეპოქასა და ადამიანებს.
ემილ ვერჰარნი 1855 წლის 22 მაისს დაიბადა ანტვერპენთან
ახლოს, სენტ-ამენში, როდენბახთან ერთად სწავლობდა გენტეს კოლეჯში, შემდეგ ლუვენის უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 15 წლიდან წერდა ლექსებს, ამიტომ მისი არჩევანიც ლიტერატურისკენ
გადაიხარა, გატაცებული იყო ფლამანდიელი მხატვრებით, შემდეგ წიგნებიც დაწერა რემბრანდტსა
და რუბენსზე. სწორედ მათი ფერწერით არის შთაგონებული
მისი ადრინდელი ლექსები. 1883 წელს ლექსების პირველი კრებული „ფლამანდიური ლექსების“
სახელწოდებით გამოსცა. ლიტერატურათმცოდნეთა შეფასებით, ეს პოეზია გამოირჩეოდა პლასტიკურობითა
და სკულპტურულებით, ფერთა სიმდიდრითა და სიმკვეთრით. მის ლექსებში იხატებოდა გლეხი
თავისი ყოველდღიურობით, მიწისა და პურის სურნელით გაჟღენთილი ჰაერით; ნათელი მზიანი
ფერებით სავსე, ალისფერისა და თეთრის დომინანტობით. სიცოცხლის ამ ზეიმში ის პატრიარქალური
ყოფის დაისსაც ამჩნევდა და გამოხატავდა. აქ იგრძნობოდა რენესანსული ესთეტიკა, ფორმის
სიმწყობრე, სონეტის სიყვარული. 1886 წელს გამოსცა
კრებული „ბერები“. აქ არის რწმენით სავსე ლექსები, თანვე იგრძნობა სულიერების რყევის,
კატაკლიზმების წინათგრძნობა (ნიკო სამადაშვილის სტრიქონები გვახსენდება: „უსინანულოდ
ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები“). ემილ ვერჰარნის შემდეგ კრებულებში კი
იმძლავრა სიმბოლისტურმა ესთეტიკამ („საღამოები“ (1888); „ნანგრევები“ (1888), „შავი
ჩირაღდნები“ (1891). როგორც კრიტიკოსები მ. მიხალსკაია და ნ. ელიზაროვა წერენ: „ამ
ლექსებში მარადიული საყოველთაო სიცივე და წყვდიადია“ (http://20v-euro-lit.niv.ru/20v-euro-lit/elizarova-mihalskaya-izl/emil-verharn-1855-1916.htm).
მისი კრებულები
„ავადმყოფი მინდვრები“ „ლანდური სოფლები“ (1893) წარმოაჩენენ სოციალურ კატაკლიზმებს,
ახალი დროის დადგომას, რომელსაც მოჰქონდა გადაულახავი წინააღმდეგობები. უმნიშვნელოვანესი
იყო, აგრეთვე, კრებული „ქალაქები-რვაფეხები“ (1896), რომელშიც, როგორც კრიტიკოსები
აღნიშნავენ, იხატება ქალაქი-ურჩხულები, რომლებიც შთანთქავენ ყოველივეს, რითაც სული
საზრდოობს. 1899 წელს გამოსცა კრებული „ცხოვრების სახეები“, რომელშიც თავისუფალი ლექსის
ფორმით წარმოაჩინა ქალაქური ცხოვრების თავბრუდამხვევი რიტმები. მას ორი პიესაც აქვს დაწერილი: „გარიჟრაჟები“ და
„მონასტერი“ (1898-1899). მასვე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე კრებული, რომლებიც მეოცე
საუკუნის პირველ ათწლეულში გამოსცა. მაგალითად, „ომის ალისფერი ფრთები“- ამ კრებულში
პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ტრაგიზმი წარმოაჩინა. ვერჰარნი 1916 წელს რუანში გარდაიცვალა.
ქალაქმა-რვაფეხამ ჩანთქა, თითქოს შური იძია. პოეტი ბედისწერამ მატარებლის ბორბლებქვეშ
შეაგდო და ასე დაღუპა.
ტიციან ტაბიძე ლექსში „უაბჯარონი“ წარმოაჩენს ახალი ეპოქის მიერ გარდაქმნილ სივრცეს,
როგორც „დაწყევლილსა და და შხამიან“ ბაღს, როგორც უდაბნოს, რომელიც გადამწვარი
ქალაქების ბოლით ბინდავს მზერას, მოულოდნელად ჩნდებიან პოეტი-კენტავრები, პოეტი-რაინდები
და თავიანთ პოეზიას მწვანე მოლივით აფენენ გზადაბნეულთათვის:
„... და მე ხანდისხან მეჩვენება
ვითომ სამყარო
ბაღია დიდი, დაწყევლილი
და შხამიანი.
მძიმე მხედარნი, შუბლშეკრული
და უაბჯარო
მოჰქრიან: რემბო, ერედია,
ემილ ვერჰარნი“.
„როგორ აბრუებს დამწველ შხამით
ყვავილები სულს?...
თითქო მორბიან გიჟი რბენით
აქ კენტავრები.
ცხელი უდაბნო უფრო ცხოველს
უძახის წარსულს
და ცას ეწვება, როგორც ძველ სახლს
ცეცხლში ყავრები“.
სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ემილ ვერჰარნის პოეზიის მცირე
ნიმუშებია თარგმნილი. ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში „პეიზაჟი უკუღმა“ წერს ლიტერატურაში
წარმოჩენილი ახალი ტენდენციების შესახებ, განსაკუთრებით, ყურადღებას მიაქცევს, როგორ
იცვალა ფერი პეიზაჟის გამოსახვის ფორმამ: „დღეს სიმბოლიზმის და ფუტურიზმის ხანაში პეიზაჟი,
ანუ ლანდშაფტი, სრულიად შეიცვალა. ბუნების ადგილი დაიკავა ქალაქმა. თვითონ ბუნება,
როგორც ლანდშაფტი, კარგავს თავის პირველყოფილ სახეს. მაგალითად, ვერჰარნის „მეოცნებე
სოფლებში“ პეიზაჟი მოცემულია, როგორც მოჩვენება. ობიექტური ლანდშაფტი თანდათან ტოვებს
პოეზიას“..... ქალაქის ლანდშაფტი ტრაგიკული, როგორც პანაშვიდი, მოგვცა ვერჰარნმა თავის
„ლონდონში“, სადაც მატროსები ხედავენ ქუჩის წუმპეში თავის დამხრჩვალ ორეულებს („პეიზაჟი
უკუღმა“).
ეს ლექსი თვითონ ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა, რომელშიც
ვერჰარნი ქალაქ ლონდონს კითხულობს, როგორც მრავალშრიან ტექსტს, რომელსაც აქვს თავისი
ზედაპირული და ქვეტექსტური შინაარსები. ლონდონი არის ლირიკული გმირის თვალით დანახული სივრცე, რომელიც
„მოწყენის ქიმერებითაა“ სავსე. იგი თითქოს
ორმაგი ხედვის პერსპექტივას იყენებს, ხედავს
და ხატავს ქალაქს ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურ ჭრილებში, ზემოდან, გარედან და შიგნიდან.
ქალაქის მძიმე სუნთქვა ჩაესმის მკითხველს, თითქოს ჟანგბადი არ ჰყოფნის, გაჭვარტლული
ფილტვები კი ვეღარ უმკლავდებიან „მწვავე კვამლს“. დროის ულმობლობა აქ სიმბოლისტებისთვის ჩვეული სახეებით წარმოჩნდება,
ლირიკული გმირის სულს სპლინი ტანჯავს. ქალაქი სიკვდილის მაცნედ გადაიქცევა. ლექსის
ექსპრესიულობა შთამბეჭდავია, ვიზუალური ხატებს ერწყმის ქალაქის ხმა და სუნი, რომლებიც
ერთიანობაში ქმნიან ფანტასმაგორიის განცდას:
„ჩემო
ოცნებავ! ლონდონია იგი რკინისა,
სად
ჩაქუჩის ქვეშ გახელებით კვნესის ლითონი,
საიდან
მოდიან ხომალდები უვარსკვლავო გზით
რომ
გადალახონ ოკეანე უცნობ ქვეყნისთვის.
და სადგურების მწვავე კვამლი, სადაც
ციმციმებს
ვერცხლისფერ ცეცხლით სევდიანი გვიანი
გაზი.
სადაც მოწყენის ქიმერები ბღავიან დროზე
თვით ვესტმინსტერის ძველ საათის ულმობელ
ხმაზე“
(ვალერიან გაფრინდაშვილის თარგმანი).
ემილ
ვერჰარნის ლექსების უჩვეულო ესთეტიკა მკითხველს თვითჩაღრმავებისკენ უბიძგებს, სულიერი
კრიზისის დაძლევის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ თემებზე დააფიქრებს.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=30799 -მაია ჯალიაშვილი
No comments:
Post a Comment