კაცის „გაადამიანურების“, უკეთესად გარდაქმნის წყურვილით, ვნებითა და რწმენით სავსე გურამ დოჩანაშვილი დონ კიხოტივით გამოდიოდა შინიდან, „მაღალი სოფლიდან“ და დომენიკოსავით
მოგზაურობდა ქვემო, მატერიალურ სამყაროში. უამრავ ნიღაბს ირგებდა, რომელთა მიღმა ირეკლებოდა ქრისტესეული სახე, შინაგანად განათებული და უხილავ შარავანდედიანი. თავისი შემოქმედებით ეხმიანებოდა
ყველა პრობლემას, რომლებიც მითოლოგიური დროიდან დღემდე აწუხებს კაცობრიობას. უახლოეს პოლიტიკურ-კულტურულ მოვლენებს მხატვრულ განზომილებაში დაშიფრულად წარმოადგენდა, ისე, რომ ნამდვილი მკითხველი, ვასიკო კეჟერაძისნაირი, აუცილებლად მიუხვდებოდა სათქმელს. 1989 წელს დაწერილ მოთხრობაში კი „ორნი აქა-იქ“ პირდაპირ, შეუფარავად წარმოაჩინა მოუშუშებელი ჭრილობა, 9 აპრილის ტრაგედია. ფრთხილი, გაბედული მონადირესავით ჩაუსაფრდა მოვლენებს და მოიხელთა იმ დღის ყველა მნიშვნელოვანი წუთი და წამი. სწორედ მონადირის ნიღაბი მოირგო მწერალმა ამ პატარა მოთხრობაში და ადამიანთა სულები
ისე შთამბეჭდავად მოინადირა, რომ მკითხველის თვალწინ კითხვისას ცოცხლდება 9 აპრილის სისხლიანი დღე, თანაც არა მხოლოდ სააქაო, არამედ საიქიო. ეპიგრაფადაც გამოიტანა „მონადირის“ სიტყვები: „ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი“.
9 აპრილს მხეცურად
მოკლული გოგონას სულის სამოთხეში ზეასვლის სურათით იწყება მოთხრობა: „-ძალიან გეტკინა, შვილო?_იქა ჰკითხეს. ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, და ერთადერთი სამხმოვანება გაისმოდა“. გოგონას თავს ევლებიან ღვთისმშობელი, წმინდა ნინო, ანგელოზები და წმინდანები:
„დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი, რა ხანმა განვლო, მაგრამ შვილის ნალურსმნალები ისევ სტკიოდა იესოს დედას, ვინც ადრე, აქა, გაოგნებული შესცქეროდა ბრბოს, გაავებულ, სიმწრით დაღმეჭილ სახეებს, რომ უსასრულობამდე უკეთესი ძე კაცისაი მოუვიდათ და იხილეს, იხილეს, ნახეს, დაიჯერეს და ამიტომ სიმწრით გაჰყვიროდნენ: „ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!“. 1989 წლის 9 აპრილსაც კვლავ ჯვარს აცვეს ქრისტე, კვლავ
„აჯანყდნენ“ სიბნელის მოციქულები, მაგრამ უცოდველ გოგონათა უმანკო მსხვერპლმა ისევ გადაარჩინა სინათლე. ამიტომაც გაიელვებს მოთხრობაში სურათი: „იესომ, ჯვარზე გაკრულმა, ზედ მოკვდომის წინ ვეღარ მოითმინა და დაიჩივლა, ასე წამოსცდა: ,,ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“
სამყაროს მთლიანობაში წარმოიდგენს მწერალი, სიძულვილის ჯოჯოხეთი და სიყვარულის
სამოთხე თანაბარი ინტენსივობით იხატება. აქ _ დანტესეული ჯოჯოხეთია, კბილთა ღრჭენით, ურჩხულად ქცეული, სახედაკარგული საბჭოთა ჯარისკაცებით, სისხლმოწყურებულნი საწამლავითა და ალესილი ბარებით რომ დასდევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჩეხენ ბავშვებს, ქალებს, განსაკუთრებით, ყველაზე უმწეოებს. იქ _ იქაც დანტესეული სამოთხეა, უმშვენიერეს ყვავილებად გადაშლილი ადამიანებით, უხვი სინათლის ჩქერებითა და ნეტარებით, „სამხმოვანების“ გონებისწამღები მუსიკით და სიხარულის
დამათრობელი სურნელით, სადაც „სიყვარული ატრიალებს მზეს და ვარსკვლავებს“. მოთხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მონტაჟის ტექნიკით შესრულებული სულისშემძვრელი სურათები. მწერლის მიერ მაგიური ძალმოსილებით შექმნილ სიტყვიერ ნახატში სააქაო და საიქიო კონტრასტულ სივრცეებს ქმნიან. აქ 9 აპრილის ბნელი დღის სურათებია, უღვთოდ დაჩეხილი სხეულებით, სისხლში ჩახშობილი თავისუფლებით, ჯალათი ჯარისკაცებით. იქ სამოთხეა,
შვებითა და სიხარულით. ორივე თანაბარი
ენერგეტიკით იხატება, გურამ დოჩანაშვილისეული
განუმეორებელი ხელწერით, როდესაც სიტყვები ისე მიმოიხრებიან, რომ
გადიან ჩვეული მნიშვნელობების საზღვრებიდან და რაღაც უცნაურის, აქამდე განუცდელის შეგრძნებებს ბადებენ. ავტორი თავისი საყვარელი მწერლის,
მარიო ვარგას ლიოსას პარალელური თხრობის ტექნიკით ხატავს მატერიალურ-სულიერ სივრცეებს.
მოთხრობას ორი გმირი ჰყავს: 9 აპრილის დემონსტრაციაზე გამოსული,
თავისუფლების წყურვილით სავსე ბედნიერი გოგონა და რუსი ჯარისკაცი, თავისუფლების ჩახშობის წყურვილით ანთებული უბედური და
უბადრუკი ჯალათი სტასიკი. სახელიც საგანგებოდ უსახური და უფერული შეურჩია მწერალმა, რადგან
ის საბჭოთა რეჟიმის სტატისტიკის ერთეულია მხოლოდ და არა პიროვნება. მოზაიკურ ნახატში გამოიკვეთება სტასიკის მხეცად „ტრანსფორმირების“ სურათები, საბჭოური სისტემის მიერ მისი გაწვრთნა, „მანქურთად“ და „ჰომო სოვეტიკუსად“ ჩამოყალიბება, მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებისაგან, სინდისისაგან განძარცვა,
რათა მერე რუსთაველზე ტანკებით შეიარაღებული გამოსულიყო და თავისუფლება თვალის დაუხამხამებლად მოეკლა,
კვლავაც ისეთივე მონური თავგამეტებით შეესრულებინა იროდის ბრძანება, როგორც სახარებისეული ჰეროდეს ჯარისკაცებმა ამოწყვიტეს ბავშვები. იროდი, რა თქმა უნდა, გენერალი იგორ როდიონოვია, ქართველის ტრავმირებული მეხსიერებაში შავი ასოებით ჩაწერილი ერთ-ერთი ჯალათი, თბილისში დანიშნული კომენდანტი, რომლის ბრძანებითაც აღსრულდა
მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტა.
მოთხრობაში სატირულად იხატება საბჭოური სივრცე, ყალბი იდეალებითა და გამოთაყვანებული ბელადებით, როგორც რობაქიძე იტყოდა, სადაც „დემოკრატია კი არა,
დემონოკრატია“ იყო სისტემის საფუძველი.
მწერალი ხატავს, დაჩეხილი გოგონა როგორ „აფრინდა“ ზეცაში: „და უხილავ მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა, მაშინაც კი ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და, კიდევ კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე ეწერა: -რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი...“.
გიორგი ლეონიძის მარიტას სიკვდილი გვახსენდება: „საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო. ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილი ხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ! იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო...“ („მარიტა“).
მწერალი შთამბეჭდავი ორიგინალურობით ხატავს სამოთხისეულ სურათებს: „ბაღი იყო რომ, როგორი მერე... არსად ენახა ასეთი უცხოდ ფერადოვანი ყვავილები, ბაღი იყო რომ, რა მოხატული, სურნელი იდგა. იქა, მეორეს არცერთი ჰგავდა, და ყოველისგან, ახალ-ახალი სურნელისთვის თუ დაიხრებოდა, საოცრება რამ ამოდიოდა, მოტივტივებდა: ხან საოცნებო ხმები ამოჩქეფდა, ხანაც ნახატებს ხედავდა დიადს, ზოგისგანაც კი, ისე მართალი და სწორად ძნელი, სანუკვარი სიტყვები ესმოდა, ამ სიდიადით ითრგუნებოდა და მაინც, მაინც მაღლდებოდა ერთი პატარა ქართველი გოგონა, ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო? იაკობი. გოგონამ ყური ნეტარებით მიუგდო და, წამოიძახა: სწორედ ახლახან გვასწავლიდნენ... ცურტაველია არა? ცურტაველია, შვილო. ცოტათი იქით ყვავილი იდგა? გონიერი და შემართული, წმინდა ნინოსკენ მორჩილად და მოწიწებით თავდახრილი მაინც, ყვავილი კი არა, უფრო ყვავილის დიდი ხე იყო, დაბინდული რამ შვინდისფერი გადაჰკვროდა, როგორ ნათობდა, კრძალვით ასცქეროდა გოგონა, და ამას, დეიდა წმინდა ნინო? მაგას, დავითი“.
ისინი, ვინც გოგონას იდენტობას, მის ქართველობას განსაზღვრავენ, ყველანი აქ არია, მწერლები, მოღვაწენი, მეფენი
და მხედართმთავარნი; გოგონა კიდევ ერთხელ იგრძნობს „ერთი რამის სიყვარულს,
დაფარვა რომ სჭირდება“ და გააცნობიერებს, რომ აქაც ზეციურ საქართველოშია, რადგან „უსამშობლოდ არავინ არა ხარ“. მოთხრობიდან მომდინარე თავბრუდამხვევ სურნელსა და მუსიკას შეიგრძნობს მკითხველიც: „დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? - ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...“ - სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა. ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა - ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“ - ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი. და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალაგ კი – ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა - ,,რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა“ - სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი...იმ სიბრძნის ბუჩქთან შეჩერებულიყო გოგონა, ხარბად ისუნთქავდა“.
მოთხრობაში გრილი მღვიმეცაა დახატული: „გრილი, საამო, წყნარი, თითქოსდა სევდასავით, მაგრამ სევდა კი არა, განუზომელი უბედურება და ჩუმი ვაება ტრიალებდა იქ, მღვიმის კედლებზე სუფთა წვეთები მოჟონავდა, და გოგონა როგორც კი შევიდა, მთლად დაიცვარა მღვიმის კედლები, ჟონვამ იმატა, დაცხა, და რაღაც მშობლიური რომ იგრძნო გოგონამ, პატარა პეშვი შეუშვირა ჩამონაჟონს, სახეზე მოისვა, ყოველი წვეთი ეფერებოდა, მალამოდ შეეჟღინთა, არადა, მხოლოდ მლაშე კი არა, ცხარეზე ცხარე და მდუღარე წვეთები იყო, დეიდა წმინდა ნინო, ასეთი ცხელი, რაა? ეგ დედაშენის ცრემლებია, შვილო“. ზეციურ საქართველოში წმინდა ნინომ გოგონას ქართველი ერის სიღრმეები შეამეცნებინა: „სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო. ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც. ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა... და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა“.
მკითხველი უმაღლესი მართლმსაჯულების მოლოდინშია. რა ელით დამნაშავეებს? როგორ განისჯებიან?
მწერალი ხატავს, როგორ მიჰგვრიან გოგონას დასასჯელად ლოთობისა და ფუტურო ცხოვრებისაგან დაბერებულ გარდაცვლილ სტასიკს. „თადარიგში გასული კაპიტანი სტასიკ წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ვიტიას გამონაცვალი უცნობი ფერის პალტო ეცვა, ოცდაათი კაპიკი ჰქონდა ჯიბეზე.
- შენი მკვლელია, შვილო.
- მე მკვლელი არ ვარ! - წამოიძახა სტასიკმა, - მე მხოლოდ პრიკაზს ვასრულებდი!... ეგენი დავკაში მოყვნენ...
მე... ამან მომკლა, იქა? - იკითხა გოგონამ....ყველანი, დუმდნენ.
ის სამხმოვანებაც კი, მარადიული, ახლა დადუმებულიყო; არაფერი უბიძგებდა არსაითკენ, მხოლოდ თავისით უნდა გამოეტანა მსჯავრი, უმწეოდ მიმოიხედა გოგონამ და, წმინდა ნინოს ვაზის ნასხლევს რომ მოჰკრა თვალი, წამოიძახა: გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო! რკინის თითები გაკვირვებისგან მოუდუნდა უცხო პირქუშს!..კარგად დაფიქრდი. გთხოვთ, აპატიოთ, შეხედეთ, რა უბედურია... ღრმად დაფიქრებულიყო ყველაზე დიდ ქალბატონი, წმინდა მარიამ-ღვთისმშობელი, დიდი მარიამი, მზე.
გოგონასათვის, და თავისათვისაც, სიხარულის ცრემლი სდიოდა“.
ისეთი ფინალია, მკითხველის კათარზისს რომ იწვევს, რაც ასე ეოცნებებოდა გურამ დოჩანაშვილს. ამგვარი დასასრული მით უფრო რთული უნდა ყოფილიყო მისთვის, რადგან ეს მოთხრობა 1989 წელს დაწერა. მიხეილ ჯავახიშვილი გვახსენდება, 1924 აგვისტოს სისხლში ჩახშობილი აჯანყების კვალდაკვალ
ამავე წლის სექტემბერ-ოქტომბერში რომ დაწერა „ჯაყოს ხიზნები“: „სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებულიო“. ასეთივე გმინვა მოისმის ამ მოთხრიდანაც, თანვე გვეფინება მიტევების მადლი.
შენდობის გამორჩეული მაგალითებით სავსეა ქართული და მსოფლიო ლიტერატურა. ცოდვის შენდობა
ღვთაებრივი სამყაროსკენ, სულიერი სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზაზე აყენებს ადამიანს. ის არის „გაადამიანების“ მთავარი პირობა. მიტევება შობს სიყვარულს, რომელსაც სიძულვილის დამარცხება შეუძლია.
მიტევება ქრისტიანული ცხოვრების მთავარი კანონია, „მამაო ჩვენოში“ ამგვარად გამოთქმული:
„და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. გურამ დოჩანაშვილისთვის, როგორც ერთ ინტერვიუში ამბობს, „მთავარი შემოქმედი სულიწმინდაა. ის შთაგაგონებს და შენ ხდები გამტარი“, ამიტომ სულიწმინდის შთაგონებით წერდა და გოგონას სახეში არა მხოლოდ ქრისტე და ტარიგად შეწირული უმანკო სული, არამედ თვითონაც ირეკლება ცრემლიანი თხოვნით: „მიუტევე, რამეთუ არა იციან, რას იქმან“.
ერთ ინტერვიუში ამასაც ამბობს გურამ დოჩანაშვილი: „ყველაფერს ეშველება, ოღონდ სულს არ მოედოს ჟანგი. ჟანგზე სულხან-საბას, თუ გახსოვთ როგორ აქვს ნათქვამი, რკინის გესლიაო. ჯერ ისედაც ედება ადამიანის სულს ჟანგი და ახლა ყოველდღიურად უმატებენ ძალადობისა და უხამსობის ამდენი ჩვენებით“.
მიხეილ ჯავახიშვილი წერს:
„ნეტარ იყვნენ ტანჯულნი მხატვრული სიტყვისათვის რამეთუ მათი არს გული ყოველთა მკითხველთა“ („გივი შადური“).
სწორედ ასეთი ტანჯულია გურამ დოჩანაშვილი,
რომლის მარადიული
სასუფეველი მკითხველთა გულებშია.

მიხეილ ჯავახიშვილი წერს: „ნეტარ იყვნენ ტანჯულნი მხატვრული სიტყვისათვის რამეთუ მათი არს გული ყოველთა მკითხველთა“ („გივი შადური“). სწორედ ასეთი ტანჯულია გურამ დოჩანაშვილი, რომლის მარადიული სასუფეველი მკითხველთა გულებშია.
წყარო: მაია ჯალიაშვილი - http://mastsavlebeli.ge/?p=29316
No comments:
Post a Comment