Translate

Wednesday, December 29, 2021

სხვადყოფნის მისტერია

  მაია ჯალიაშვილი

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟია, რომლებიც საკუთარ თავსა, საზოგადოებასა თუ სამყაროსთან შეურიგებლობის, კონფლიქტის გამო სხვად გადაიქცევიან (მაგალითად, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“). ეს ტრანსფორმაცია ხან გაცნობიერებულია, ხან  არა, ხან ილუზიურია და ხან კი ნამდვილი. ეს ზღაპრისეული, მითოლოგიური გარდასახვანი რეალისტურ თხრობას მაგიური, ჯადოსნური ელემენტებით ამდიდრებენ, მწერლისეულ სათქმელს სიღრმეს სძენენ და მკითხველზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ.

 ხულიო კორტასარის მოთხრობების რეალობაშიც ისე ბუნებრივად იჭრება მაგიური და ფანტასმაგორიული, როგორც ეს სამხრეთამერიკული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი.  მოთხრობა „აქსოლოტლსაც“ აქვს სიურრეალისტური ელფერი. საკუთარი თავისა და სამყაროსაგან  გაუცხოებული ადამიანი გადაიქცა თევზად, კერძოდ, აქსოლოტლად. ამ თვალსაზრისით, გვახსენდება გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილებიც“, თუმცა აქ „გადაქცევის“ მცდელობაა მხოლოდ. ამ მოთხრობაშიც პერსონაჟი საზოგადოებასთან უთანხმოების გამო გადაწყვეტს გაცლას, რადგან ხედავს გაუფასურებულ მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს, უიდეალო, უღირს ყოფას, სულიერებისაგან დაცლილ ყოველდღიურობას. ამ ეგზისტენციალური კრიზისის  კონტექსტში,  რა თქმა უნდა, გოდერძი ჩოხელის ეს მოთხრობაც  ჩაეწერება. მთავარი გმირი გამიხარდაი ასე ხსნის თავის თევზად „გარდასახვის“ მოტივაციას: `დღეის მერე მე ხალხთან საქმე აღარა მაქვს. მე აღარა მსურს ადამიანად ყოფნა იქ, სადაც არც სიმართლე გადის, არც შრომა ფასდება და კაცს კაცად არ გთვლიან. მე მიყვარდა ადამიანები, მაგრამ აღარ მიყვარან. აღარ მიყვარან იმიტომ, რომ აღარა ვარ ადამიანი. მე თევზი ვარ და თქვენთან საერთო აღარაფერი მაქვს~…თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ. სიკვდილისა კი არ მეშინია. იმიტომ, რომ სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.     სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს“ („თევზის წერილები“). გოდერძი ჩოხელის ეს მოთხრობა მდიდარია არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო, არამედ კონკრეტული პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტებით. საბჭოთა საზოგადოების ძალადობა პიროვნულ თავისუფლებაზე, მის კოლექტივის წევრად „გადაქცევის“ მცდელობაზე ამ მოთხრობაში გამიხარდაის, უბრალო გლეხის, უჩვეულო პროტესტს აწყდება. მისი ქცევა და სიკვდილი ხალხის შეძვრას, დაფიქრებას იწვევს. მწერლისეული დასკვნა კი ასეთია; სიცოცხლე და ადამიანად ყოფნა ღირს, რადგან მას შეუძლია ნებისმიერ „ფასად“ იყოს თავისუფალი. ეს ფასი ადამიანს ყოველ დროში აქვს „გადასახდელი“, ოღონდ ყველა ეპოქაში თავისებურად მოდიფიცირებული.

გმირები, რომლებიც პიროვნულ არჩევანს აკეთებენ, ჰუმანურ ღირებულებებს აღიარებენ,  საზოგადოებას უპირისპირდებიან, იღვიძებენ და პლატონისეული „გამოქვაბულიდან“ გამოდიან, რადგან ჭეშმარიტი სინათლის მხილველთ უმეცრების სიბნელეში არამცთუ აღარ სურთ დაბრუნება, არამედ აღარც შეუძლიათ  (ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ მასპინძელი“, რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და სხვ).

კორტასარის მოთხრობა კი იმით იქცევს ყურადღებას, რომ  მკითხველს გაურკვევლობის ბურუსს უქმნის. თავდაპირველად ადამიანი მოგვითხრობს თავის თავგადასავალს, მაგრამ ბოლოში მკითხველი იბნევა და აღარ იცის, ვისი ამბავი მოისმინა, კაცისა, რომელიც თევზად გადაიქცა, თუ თევზისა, რომელიც კაცად ტრანსფორმირდა. ეს ჩინური ფილოსოფიის ერთ მაგალითს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „კაცს  ესიზმრებოდა, რომ   პეპელა იყო, გამოღვიძებული კი დაეჭვებული იტანჯებოდა, აღარ იცოდა,  ვინ იყო,  ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ   ადამიანი იყო“.  

თევზი ქრისტეს სიმბოლოა და შემთხვევითი არ უნდა იყოს ადამიანის გარდასაქმნელად სწორედ მისი არჩევა, თანაც წყლის სივრცესაც შემოაქვს თავისი პალიმფსესტური შრეები. წყალი ხომ მითოლოგიურად განახლების, აღორძინების სიმბოლოა. წყალში დანთქმული თუ მდინარის ნაპირას განმარტოებული  პერსონაჟებიც გვახსენდება  (ტარიელი, თარაშ ემხვარი, „ფიქრნი მტკვრის პირას“ ლექსის ლირიკული გმირი და სხვ.)

ხულიო კორტასარის მოთხრობის გმირი პირველ პირში ჰყვება ამბავს. პირველივე ფრაზებიდან დაეუფლება მკითხველს შეცბუნება: „იყო დრო, როცა ბევრს ვფიქრობდი აქსოლოტლებზე. ხშირად მივდიოდი ბოტანიკური ბაღის აკვარიუმში და საათობით მივშტერებოდი, ვაკვირდებოდი მათ სუსტ საცოდავ მოძრაობებს. ახლა მეც აქსოლოტლი ვარ“.  სამყაროს განსხვავებული რაკურსით დანახვაც ნაცნობია ლიტერატურისთვის, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე გვეუფლება შეცბუნების განცდა, ასეა ამჯერადაც.  სიცოცხლის განცდა  ამ მხატვრულ განზომილებაშიც უცნაურ შეგრძნებებს იწვევს, რადგან  გადიხარ ნაცნობი  სასიცოცხლო  სისტემიდან, რომელშიც დაიბადე და ყველაფერი შენ გარეშე მოძრაობს. შენი ჩაურევლობის გარეშეც სიცოცხლე ჩვეულად განაგრძობს მდინარებას.  კორტასარის მოთხრობაში რეალობა ირაციონალურ-მისტიკური ელფერითაა შემოსილი, ამიტომაც ვეღარ არკვევ რეალურ-ირეალურის საზღვრებს.   

„რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა?“_ წერს ვაჟა-ფშაველა. ეს ფილოსოფიური ლექსის ლირიკული გმირი ეგზისტენციის, ამქვეყნიური არსებობის გამართლების საზრისის ძიების გზას მიჰყავს სხვად, ამ შემთხვევაში, გარდასახვის ოცნებამდე. ამგვარად თითქოს თავს დააღწევს უბადრუკ ყოფას, „უპატრონობას“, „სულ მუდამ ფხიზლად ყოფნის“ აუცილებლობას, სიკვდილის შიშს, მიაგნებს სიცოცხლის აზრსა და მიზანს, დატკბება სიცოცხლის მშვენიერებით  („მზის მოტრფიალე ვივლიდი, სიკვდილის გამაწბილადა“), ჩაერთვება ბუნების ციკლურ მარადიულ ყოფაში („ცაშივე ამიტაცებდა“, „გავიხარებდი“), მოემსახურებოდა სიცოცხლეს, მოკვდებოდა და აღდგებოდა ოზირისივით. ამიტომ ასეთი ნაწარმოებები ყოველთვის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილება.

სხვად გარდასახვის მისტერიას აქვს, როგორც ზედაპირული იმპულსები, სხვადასხვა ტიპის საბაბი, მაგალითად, კონკრეტული კონფლიქტი საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, სამყაროსთან, აგრეთვე, არაცნობიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაბადებით გამოეყო ბუნებრივ სამყაროს და ახლა კვლავ უბრუნდება იმ წიაღს. გარდასახვის სახით ცოდვის გამოსყიდვის საშუალება აქტუალურია ინდურ-ბუდისტურ რელიგიებში. ბერძნულ სამყაროში ბევრია ისეთი არსება, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის შერწყმაა, მაგალითად, კენტავრი,  ნიმფა, ქალთევზა, ქიმერა და სხვა (ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ გარდასახვების ერთგვარი მხატვრული ენციკლოპედიაა).

რატომ არ უნდათ პერსონაჟებსა  და ლირიკულ გმირებს ადამიანად ყოფნა ან რა გზას ირჩევენ ისინი ტყვეობისაგან თავდასახსნელად? ამის არაერთი მაგალითია მსოფლიო ლიტერატურაში. უპირველესად, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ გვახსენდება, რომლის გმირი, გრეგორ ზამზა, სწორედ გაუცხოებამ,  უსიყვარულობამ, საზრისისაგან დაცლილმა ყოველდღიურმა რუტინამ გადააქცია ხოჭოდ. ამ გარდასახვით კი მწერალმა მკითხველს ადამიანური ყოფის აბსურდულობა კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა.

რას გვიყვება ხულიო კორტასარის აქსოლოტლი, რით ჰგავს და განსხვავდება სხვა გარდასახული გმირებისაგან? ამ მოთხრობაში მეტი ფანტასმაგორია და მისტიკაა, ვიდრე სხვაგან. ეს იმ რიგის მოთხრობაა, იდუმალებით მოცული რომ შეიძლება ვუწოდოთ. იქნებ აქაც მოქმედებს არაცნობიერი ფროიდისეული ეროსისა და თანატოსის იგივე, სიყვარულისა და სიკვდილის ურთიერთსწრაფვა, ან იქნებ რაც გიყვარს, მოგწონს, იმად ქცევა გინდა.

ხულიო კორტასარის უსახელო გმირის ცხოვრებაში მოულოდნელად იჭრება აქსოლოტლი. ამ სახეობის თევზების  ერთი საათის განმავლობაში  ყურებამ გმირი შეძრა ისე, რომ ამ მათ გარდა სხვა არაფერზე ფიქრობდა. იგი დაინტერესდა მათი ცხოვრებით, ენციკლოპედიებში მოძიებული მასალით, ისინი მექსიკური, სალამანდრას ტიპის  ამფიბიები იყვნენ. ის ამჩნევდა მათ პატარა ვარდისფერ აცტეკური სახეებს. ამის შემდეგ ის ყოველდღე დადიოდა აკვარიუმში, თითქოს უხილავი ჯაჭვით სამუდამოდ დაუკავშირდა ამ თევზებს. მან მალე შეამჩნია, რომ ისინი ოქროსფერი თვალებით ყველას აკვირდებოდნენ, ვინც კი მიუახლოვდებოდა. ხანდახან სირცხვილსაც კი გრძნობდა, რადგან  ასე უცერემონიოდ აშტერდებოდა. იმისთვის რომ უკეთ შეესწავლა,  ყურადღება შეაჩერა ერთ-ერთ აქსოლოტლზე,  რომელიც „15-სანტიმეტრიან ხვლიკს წააგავდა, პატარა ვარდისფერი სხეული ჰქონდა, თითქოს გამჭვირვალე (ჩინური შუშის ფიგურებს მივამსგავსე) და თევზის საოცრად მოხდენილი კუდი. მას ხერხემლის მთელ სიგრძეზე განლაგებული გამჭვირვალე ფარფლები უერთდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება საოცრად მოხდენილი მოყვანილობის ფეხებმა მიიპყრო _ ერთი ბეწო თითებმა და ადამიანის მსგავსმა ფრჩხილებმა“.

მათი ყურება მთხრობლისთვის ერთგვარ მედიტაციად იქცა. ის ფიქრით მიდიოდა ადამიანური არსების სიღრმეებისკენ და იქ უფსკრულებსა თუ ლაბირინთებში იკარგებოდა. მასზე მაგნიტურ, მომაჯადოებელ ზემოქმედებას ახდენდა თევზის ოქროსფერი, არაფრისმთქმელი უსიცოცხლო  თვალები, მაგრამ სწორედ მათი გზით მიემართებოდა უცნობი, საშიში, მაგრამ მიმზიდველი სიღრმეებისაკენ. ეს თვალები იქცა მისთვის სხვა სამყაროში გასასვლელ კარად: „აქსოლოტლის თვალები მესაუბრებოდნენ  და ამ სამყაროს სრულიად ახალ განსხვავებულ ხედვას მიცნობდნენ“.  ისინი წარმოიდგინა თავისივე სხეულის მონებად, რომლებიც უსასრულო ჩუმ უფსკრულში მიექანებოდნენ სიმშვიდისა და იმედის ძიებაში. ისინი თითქოს მზერით ევედრებოდნენ, გადაგვარჩინეო.  მათ თვალებში გრძნობდა შემაძრწუნებელ სისპეტაკეს, რაც თავს დამნაშავედ აგრძნობინებდა. ისინი თავიანთი ოქროსფერი თვალებით  თითქოს უმხელდნენ, როგორ უჭირდათ  აკვარიუმში ყოფნა, მაგრამ თანვე საოცრად მშვიდად ეგუებოდნენ ბედს: „ვცდილობდი, გამეგო მათი ნებისყოფის საიდუმლო, სადაც დრო და სივრცე ამ უმოძრაო გულგრილ სამყაროში შთაინთქმებოდა“. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ისინი რაღაცის თვითმხილველნი და მსაჯული იყვნენ. ნელ-ნელა იგრძნო, როგორ იტანჯებოდა მათი ტკივილით, როგორ შეიგრძნობდა აკვარიუმის შხამს. თითქოს მათ ჰქონდათ რაღაც სამარადისო წყევლა,  რომელიც ჯოჯოხეთის უფსკრულისაკენ მიაქანებდათ. აკვარელის მინაზე კაცისა და თევზის სახეები მიეყრდნობიან და უხილავად ხდება ადგილთა შენაცვლება. მთხრობელი უკვე აქსოლოტლია. ტრანსფორმაცია  ბედისწერის ხელით სრულდება. ის ახლა აკვარიუმშია, თევზია  და კაცს აკვირდება, რომელთანაც უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. მან ახლა იცის, რომ აქსოლოტლებიც ფიქრობენ ადამიანებივით, მათაც თავიანთი სამყარო აქვთ. გმირი გრძნობს, რომ „ცოცხლად დაიმარხა აქსოლოტლის სხეულში“. კაცი კი, აქამდე რომ ერთგულად მოდიოდა, დაიკარგა, მაგრამ აქსოლოტლს სჯერა: „ის ჩვენ შესახებ აუცილებლად დაწერს, დაწერს ამბავს აქსოლოტლებზე“. ასე შემოიყვანა საკუთარი თავი კორტასარმა თხრობაში. აქსოლოტლიცა და მთხრობელიც მისი ალტერ ეგოები არიან. ის თვითონ ცდილობს მხატვრული სიტყვის საშუალებით სამყაროს, ბუნების საიდუმლოთა გამოცნობას მასთან შრწყმის გზით, თან ადამიანად ყოფნის ტკივილს გამოხატვას. ამგვარად, მწერალი ამ იგავური მოთხრობით კიდევ ერთხელ შეეხმიანა ზოგადსაკაცობრიო  გაუცვეთელ თემას: ადამიანთ გაუცხოებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩინა.



 წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=29576   მაია ჯალიაშვილი

 

No comments:

Post a Comment