Translate

Thursday, January 7, 2016

ფროიდი და იხვნისკარტა (ნოველა)

მაია ჯალიაშვილი

ეს ნოველა შარშან დავწერე ერთი კონკურსისთვის:
მოთხრობა იხვნისკარტაზეა, რომელსაც ეგონა, რომ შენ გგავდა. ჰო, შენ, ახლა გაბადრულ თუ მილეულ მთვარესავით რომ დაჰყურებ მონიტორს მთელ ქვეყნიერებაზე გაბრაზებული თუ შეყვარებული.

იხვნისკარტას იმიტომ კი არ ეძახდნენ, რომ დიდი ცხვირი ჰქონდა, მართლა იხვნისკარტა იყო, ოღონდ ეს მხოლოდ თვითონ იცოდა. იმ დილასაც ჩვეულებრივ ადგა, ოღონდ ეგ იყო, არაჩვეულებრივად ისაუზმა. ტაფაზე ჯერ ერბო ააშიშხინა, მერე იმერული ყველის სამი ნაჭერი ჩადო, სამი კვერცხი მიყოლებით ჩაახალა და შეწვა, ულამაზესი და უგემრიელესი შანთრაქი გამოუვიდა.
მაცივრიდან ალუბლის ჭრიანტელი გამოიღო, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით დაუმზადა დედამ, რომელსაც ეჭვადაც კი არ გაუვლია, რომ შვილი იხვნისკარტა ჰყავდა. დედას უყვარდა ალუბალი, პატარა ეზოში ორი ხე ედგათ, იხვნისკარტასა და მისი დის სახელზე დარგული. დახუნძლული მწიფე ალუბლების ნახვას არაფერი სჯობდა. მერე დედა თავისი ხელით კრეფდა და რაღაში აღარ იყენებდა: შემწვარ ქათამს მის წვენს ასხამდა, ალუბლის ლიმონათს ამზადებდა, კოქტეილშიც ურევდა, ნამცხვრებს რთავდა. გუშინ კურკაგაცლილი ალუბალი ხელით დაჭყლიტა, საცერში გაატარა, წყალი დაამატა, კიტრი წვრილად ჩააჭრა და ახლა ჩვენი იხვნისკარტა მიირთმევდა.
ყველას ჩვეულებრივი ადამიანი ეგონა, თვითონაც დაიჯერებდა ამას, რომ არა სარკე, რომელიც ყოველ ჯერზე დაუნდობლად ამხელდა მის ნამდვილ ვინაობას. სულ ერთი იყო, სად ჩაიხედავდა, შინ, პატარა სარკეებში თუ მაღაზიების უზარმაზარ ვიტრინებში.
ერთხელ, ბავშვობაში, მესამე კლასში რომ იყო, მასწავლებელმა თქვა, ეს ბავშვი კუპიდონს ჰგავსო. არავინ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. თანაც ეს უცხო მასწავლებელმა თქვა, შემთხვევით, რაღაც საქმეზე მოულოდნელად რომ შემოაღო კარი. მარიამ მასწავლებელს რაღაცნაირი სიმორცხვე აესახა სახეზე, ქალი იყო, ძალიანაც მკაცრი, ბუზის ხმას მართლა გაიგონებდი, ხელებს უკან დააწყობინებდა ბავშვებს და სიმღერის გაკვეთილზე ერთხმად ამღერებდა: „ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო...“. მერე სულ უნდოდა ამ არაგვის ნაპირების ნახვა, მართლა ისეთი ლამაზი იყო თუ არა, ნახა, როგორ არა, ეგეც ნახა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც, კვაზიმოდოსა და ესმერალდას ამბავიც მაშინ პირველად წაიკითხა, ისე რა, მოეწონა, უზარმაზარ წიგნად მოეჩვენა, უფრო ნახატები მოსწონდა, ბებომ ურჩია, ურჩია კი არა, დააძალა, მოისყიდა, ყოველ 50 ფურცელზე ფულს აძლევდა. ეს კიდევ იმ ფულით საღეჭ რეზინებს ყიდულობდა, უცხომარკის მანქანების ფოტოებიან ქაღალდებს აგროვებდა. მერე ვიღაცამ საკმაოდ დიდი დროის ნაჯაფი მოჰპარა სკოლაში.
ახლა ლამბორჯინი ჰყავს. ერთადერთი ერთგული და უღალატო მეგობარი. როცა ლამბორჯინშია, ცა და ქვეყანა მისია. ულამბორჯინოდ არაფერია, არც იხვნისკარტა.
ჰო, იქ ვიყავით, პარიზში რომ ჩავიდა და პირველად ეს ტაძარი ნახა, ღვთისმშობლისა. ჯერ ეს ნახა და მერე არაგვის ნაპირები. მაგრამ, სიმღერაში რომ იყო, ის განცდა მაინც ვერ გაიმეორა. საერთოდ, მერე სულ ეს უნდოდა, პირველი შთაბეჭდილებისა თუ განცდის გამეორება - სულ ერთია, ეს განცდა სიხარულს ჰგვრიდა თუ ტკივილს. ვეღარ იმეორებდა და ქმნიდა ასლებს.
მერე მიხვდა, რომ ასლების სამყაროში ცხოვრობდა. თვითონაც ასლი იყო. ასე იქნებოდა ალბათ მალე, როცა კლონებს შექმნიდნენ. იქნებ უკვე შექმნეს კიდეც და ჯერ არ იცოდა. მერე რა, კლონს რა, არ ექნებოდა სული და შთაბეჭდილებები? ასე ფიქრობდა იხვნისკარტა, სხვებს რომ ადამიანი ეგონათ. რას იფიქრებდნენ იხვნისკარტები, რომ ეს ენახათ, ეს არავინ იცოდა. ავსტრალიაში ჯერ არ თუ ვერ ემოგზაურა. არც გეგმავდა. ისე უცნაური ცხოველი კი არის ეს ჩვენი იხვნისკარტა, თან ძუძუმწოვარაა და თან კვერცხებსაც დებს. გაბრტყელებული სხეული აქვს, მოკლე – ფეხები. აპკით გაერთიანებული თითები, გრძელი და ბრტყელი რქოვანი ნისკარტი. თან რბილი კანი აქვს და თან უხეში.
სოციალურ ქსელში სასუფევლის სურათი გამოჩნდა. ჰო, ტელესკოპით გადაღებული ფოტოაო. შორს ნისლებში მოჩანს ქალაქი, განათებულ-გაბრწყინებული. ნეტარ არიან მორწმუნენი. ისინი დაცინვასაც ისევე აიტანენ, როგორც ქება-დიდებას. მე ვიკითხო, ვინც არც ურწმუნო ვარ და არც მორწმუნე, უფრო სწორედ, ორივე ერთად, ალბათ იმიტომ, რომ იხვნისკარტა ვარ, - გაიფიქრა ჩვენმა გმირმა, მთავარმა, ამ მოთხრობაში მაინც.
ჰო, კუპიდონიაო, იმ უცხომ მასზე თქვა მაშინ, კიდევ, გოგოა თუ ბიჭიო, ესეც იკითხა. თვითონ ჟურნალის პრიალა ყდებზე გამოსახულ კინომსახიობს ჰგავდა. კლასში ყველას შარვალი ეცვა. იჯდა და სულ არ დაუნახავს ალბათ, კაბა ეცვა თუ შარვალი. მაინც ასე იკითხა: გოგოა თუ ბიჭიო. შერცხვა. ის მივიდა და თავზე ხელი გადაუსვა. იმ ხელისაგან მოგვრილი სითბო და ჟრუანტელი ისეთი ხავერდოვანი იყო, ისეთი, მერე უნდოდა გაემეორებინა, ვიღაცისგან კიდევ ეგრძნო მსგავსი რამ, აღარ გამეორებულა. ისიც აღარასოდეს უნახავს, ან ნახა და ვეღარ იცნო. ჰო. ესეც შეიძლება. ადამიანები ისე იოლად ივიწყებენ სახეებს, თვითონაც, მაგრამ როგორი იყო ის სითბო და ჟრუანტელი, რომელსაც სახელი მაშინ დაარქვა, ოღონდ გამოუთქმელად და ვეღარ იმეორებდა. კუპიდონი! კუპიდონი!– დაუწყეს დასვენებაზე დაცინვა. კუპიდონი - ეს სახელი კარგა ხანს შერჩა. ლაჟვარდისფერი თვალები ჰქონდა და ოქროსფერი კულულები. ასე იყო. მერე გადაივიწყეს. თან სწყინდა და თან მოსწონდა, მერე შეეჩვია, როგორც იმ მარიაჭიასავით წითელკოპლებიან ჩაის ჭიქას, დეიდამ რომ აჩუქა დაბადების დღეზე.
ხანდახან იმასაც ფიქრობდა, იყო თუ არა ადამიანი, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ გაორება შეეძლო, არამედ გასამება, გაათება და გაასებაც კი. მისი სხეულის ყოველი ნაწილი თითქოს დამოუკიდებლად ფიქრობდა და იქცეოდა კიდევაც. ამას დავუმატოთ გულის, სულისა და გონების გამუდმებული, დაუსრულებელი შეხლა-შემოხლა ისეთ გაცვეთილსა და შაბლონურ თემებზე, როგორებიცაა: რისთვის ვარსებობ? რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? ჰო, იყო გამონაკლისებიც. როცა მხოლოდ იხვნისკარტა იყო და მეტი არაფერი. მაშინ მშვიდდებოდა, სხეულიც ემორჩილებოდა. მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა: მოსწყურდებოდა - შეესვა, მოშივდებოდა - შეეჭამა.
ყოვლისმცოდნე ენციკლოპედია წვრილად აღუწერდა საკუთარ წარმომავლობასა და ფესვებს, კარგი იყო, აბა რა, მერე, როცა ისევ ადამიანად იგრძნობდა თავს, სად უნდა ეჩხრიკა თავისი მამა-პაპათა ძვლების ისტორია, მერე ეს სულიერი მისწრაფებანი, სურვილები და ვნებანი, განდიდების მანია, ისტორიაში დარჩენის წყურვილი, დიდი საქმეები, განა ცოტა იყო საფიქრალი. ვიღაც ფილოსოფოსი ქადაგად დავარდნილიყო და ამტკიცებდა მატერიის არარსებობას, ვიღაც მსმენელი თავხედურად ურჩევდა ერთ ადგილას მაგრად ეჩქმიტა, რომ მიმხვდარიყო, რა სისულელესა და უაზრობას აფრქვევდა, მაგრამ რა გინდა, აუდიტორია გასუსულიყო, პირი დაეღო და მშიერი მხეცივით ნთქავდა ლუკმა-ლუკმა გადმოგდებულ სიბრძნეს, მათ შორის, ასეთსაც, რომ ჩვენ ვიღაც უცნობი ინტელექტის ექსპერიმენტი ვიყავით.
ჰო, რა გამოდის, ფიქრობდა იხვნისკარტა, მე ვიღაცის გონებაში ვარსებობ? აბა, რატომ შემიძლია ჭამა, სმა და გამრავლება? და მსგავს ფიქრებში გახლართული სულ უფრო და უფრო მეტ სასოწარკვეთილებას გრძნობდა, მაგრამ არც ეს გრძელდებოდა დიდხანს. მისი ფიქრი ჭრიჭინასავით დახტოდა ერთი საგნიდან მეორეზე, ერთი მოვლენის შუაგულიდან მეორეში ისე ამოჰყოფდა თავს, ვერც კი ხვდებოდა, საიდან და როგორ. ინტერნეტი ამ ნახტომების საუკეთესო ტრამპლინი იყო.
სამუშაო, ოჯახი, საზრუნავი, საზრუნავი, საზრუნავი - საზრუნავი, საზრუნავმა, საზრუნავს - ატრიალე ნებისმიერ ბრუნვაში. მე უნდა ვიზრუნო, შენც, მანაც, იმანაც... ყველა ზრუნავს და შრომობს. შრომას შეუქმნია ადამიანი, თურმე. იხვნისკარტას კი აღარ უნდოდა ეზრუნა არაფერზე. ისე უნდოდა ეცხოვრა, დამტკბარიყო ცაში ფრინველთა ცქერით და ფოთოლთა შრიალისთვის მიეგდო ყური. მიხედეთ ფრინველებსო. თვითონ თუ მიხედა, რა მერე? ველის შროშანებზე ლაპარაკობდა და მთები უყვარდა. ჩიტის ჭიკჭიკი? ჰო, რამდენი ხანი იყო, ჩიტის ჭიკჭიკი არ გაეგონა. ამ დილას ცაში ყვავი დაინახა, ალბათ ის იყო. არც მისი ყრანტალი გაეგონა. სად იყვნენ ჩიტები? ნუთუ ქალაქიდან სოფლად გადასახლება გადაეწყვიტათ. თვითონაც ხომ არ წასულიყო? აუხდენელი ოცნება იყო: მდინარის ნაპირი და ქოხი – მეტი არაფერი – ეს ისეთი სანეტარო საფიქრი იყო, წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა, მაგრამ სად იყო ეს სამოთხე? არსად.
ცათამბჯენის რომელიღაც სართულზე მინებიან კაბინეტში იჯდა, მონიტორს მიშტერებოდა. დროდადრო თვალს მიადევნებდა, როგორ დაქროდნენ თანამშრომლები ფურცლებით ხელში, ვიღაც შემოდიოდა, ვიღაც გადიოდა. უბერებელი ხელოვნური პალმები და ნაირნაირი უსურნელო ყვავილები სიცივესა და გულგრილობას აფრქვევდნენ.
გულგრილობა - აი, რა იყო ყველაზე კარგი წამალი. იმ დღესაც ბლომად ჩაყლაპა, მერე საიტებზე, ბლოგებსა და ათასნაირ ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთში დაიწყო ხეტიალი, პოლიტიკისა და სოციალური ამბების ჭაობიდან ძლივს ამოვიდა, მერე ისე გაყვითლდა, ეგონა, ვეღარასოდეს დაიბრუნებდა ადამიანურ ფერს, მკითხავებისა და ჯადოქრების საიტებიც მოინახულა და ისეთი სიმაძღრის განცდა ჰქონდა, ტუალეტში გაიქცა და ერთიანად ამოიღო ნაყლაპ-ნასუნთქი. ჰო, ისევ. ცალ-ცალკე იყო სხეული, გული, სული და გონება.
ამ დღეს თავისი ვინაობის გასარკვევად სახელგანთქმულ ექიმთან გაეშურა. კაბინეტში შესვლამდე შეუხედავმა მდივანმა, თმები საგანგებოდ ისე რომ დაევარცხნა, მისი ვარცხნილობა შეგემჩნია და არა მისი სახე, ნახევარი საათი მოსაცდელში აყურყუტა და, ბოლოს, როცა შინ წასვლას აპირებდა, უთხრა, რომ ექიმი ფროიდი ელოდებოდა. მანამდე მოასწრო და მაგიდაზე უწესრიგოდ დაყრილი ჟურნალები დაათვალიერა, ერთ-ორ სტატიასაც გადახედა, მარსზე სიცოცხლის არსებობას რომ ასაბუთებდნენ, და კარი გამოაღო. პირველად მიდიოდა სახელგანთქმულ ფსიქიატრთან და ღელავდა. აქამდე რომ მოეღწია, დიდი დავიდარაბა გამოიარა, ნაცნობები, ნაცნობთა ნაცნობები და კიდევ მათი ნაცნობები შეაწუხა და აჰა, როცა მის კაბინეტში უნდა შესულიყო, როცა მტანჯველი მოლოდინი დასასრულს უახლოვდებოდა, უკან გამობრუნება მოუნდა. შესვლამდე უზარმაზარ სარკეში შეათვალიერა თავი, თითქოს ეუცხოვა, მაგრამ ახლა ამის გარკვევის დრო არ არ ჰქონდა.
ფროიდმა დაღლილი მზერა ესროლა და ვიწრო ტახტზე მიუთითა, დაბრძანდითო. მერე მის საქმეს ჩახედა, მდივანმა ხუთწუთიანი დაკითხვისას რომ შეადგინა. დიდი ვერაფერი მონაცემები იყო: ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა და ჩივილები.
ფროიდს თვალები ჩასწითლებოდა და ახლა რომელიღაც გაურკვეველ მხეცს მიაგავდა, მსხვერპლის დასაგლეჯად რომ ემზადებოდა. დაჯიჯგნა კიდევაც გემრიელად. დააძინა, გააღვიძა, მერე ისევ დააძინა და გააღვიძა, ჰიპნოზში მყოფი გრძნობდა მდინარის გრილ ნაპირებს, თავის მყუდრო სოროს, სხვა იხვნისკარტას სითბოს და ერთ რომელიღაც მიუღწეველ წამში თითქოს იმ ხელის შეხებაც უნდა ეგრძნო (ბავშვობიდან რომ ახსოვდა და ენატრებოდა), ჰა და ჰა, იწყებოდა ჟრუანტელის რიტმი, იძაბებოდა სხეულის ყოველი ნაკვთი და ესწრაფოდა იმას, წლების წინ განცდილს, მაგრამ ფროიდის ხრინწიანმა ხმამ გამოაფხიზლა. ექიმს ოფლი ესხა შუბლზე, თვალებიც უფრო ჩასწითლებოდა და ახლა უფრო მიაგავდა მტაცებელს.
კანტი წაიკითხე, - გამოუწერა ფროიდმა. სწორედ ასეთი იდუმალი და თან მრისხანე ტონით უთხრა ადრე მოძღვარმა, პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ წაეკითხა, როცა მორიგი ცოდვა ჩურჩულით აღიარა. აღარ ახსოვდა, მერამდენედ კითხულობდა ამ წერილს. ცოდვას კი ისევ სჩადიოდა, სხვა რა გზა ჰქონდა, ადამიანი იყო. დაეცემოდა და ადგებოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს დაეცემოდა და ვეღარ ადგებოდა, ესეც არა თავისი, არამედ ბედისწერისა თუ ღვთის ნებით.
ჯოისი წაეკითხა, ფოლკნერი, უელბეკი წაეკითხა, ფამუქი წაეკითხა, სარამაგოც, თვით პლატონიც, რუსთაველი და რამერუმეები ჰო და ჰო... კანტის წაკითხვა რაღა იყო, ადგებოდა და წაიკითხავდა, პავლეს შემდეგ ამ გაჭირვებასაც გადალახავდა.
ჰო, ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, მანამდე „როგორ გავხდე მილიონერიც“ წაიკითხა, კლუბშიც გაწევრიანდა (ლამბორჯინი მამისგან დარჩა, მამა ჰა და ჰა უნდა გამხდარიყო მილიონერი, მაგრამ ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლამ დაღუპა - დედის ვერსია სრულიად დამაკმაყოფილებელი ჩანდა). მერე ბედნიერების ათას რომელიღაც გასაღები წაიკითხა, საბოლოოდ, ერთ გასაღებსაც ვერ მიაგნო. მერე ავტორსაც შეხვდა, ბედნიერების არაფერი ეტყობოდა. არც იმ წიგნის დამწერი ყოფილიყო მილიონერი, რჩევებს რომ უხვად არიგებდა, ათას ხრიკსა და ხერხს, მეთოდსა და სტრატეგიას სთავაზობდა გასამდიდრებლად.
კანტი არ დაგვავიწყდეს... ჯერ ფეხს ითრევდა, მერე იფიქრა, რაც არის, არისო, ადგა და წაიკითხა. ფენომენებისა და ნოუმენების ნისლში გაეხვია, ძილის წინ კითხულობდა, ვერ ვიტყვით, რომ ძილს უფრთხობდა, პირიქით, ჩქარა მიდიოდა სიზმრის საუფლოსკენ, ეგ იყო, ამ იძულებით წაკითხვაში აღარავინ არაფერს უხდიდა, ტკბილი ბებოსავით, ამ კითხვამ რომ წამოატივტივა, ყოველ გვერდზე მას ხედავდა, მის ფუმფულა სხეულს, კალთაში რომ ეკარგებოდა და ძლივს პოულობდა.
ამასობაში სადილის დროც მოვიდა. იქვე ახალგახსნილ რესტორანში ჩავიდა. უყვარდა ეგზოტიკური და ლამაზად გაფორმებული საჭმელები. ჯერ სალათა მიირთვა -სტაფილოთი და ვაშლით, ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეზავებული, მზესუმზირისა და გოგრის მარცვლებით მორთული. მერე შემწვარი ხოხობი მოუტანეს, შეწითლებულ გვერდებს ქუდიანი სოკოები ამშვენებდა. აქა-იქ მოციცქნა მხოლოდ. უგუნებოდ იყო. ისევ სასურველმა „ოსობუკომილანურად“ გამოუკეთა გუნება. თვითონაც გააკეთა ერთხელ: ხორცის ნაჭრები ფქვილში კარგად ამოავლო და კარაქში შეწვა. როცა ერთი მხრიდან შეიწვა, გადააბრუნა და წვრილად დაჭრილი ხახვიც ჩაამატა. რომ დაიბრაწა, ღვინო დაასხა, რამდენიმე წუთში კი ბულიონიც დაამატა. წამოადუღა, ცეცხლს დაუწია მინიმუმამდე და თავდახურული ხარშა დაახლოებით საათ-ნახევარს. საბოლოოდ, სოუსი რომ შესქელდა, დაამატა ნიორი, ოხრახუში, ლიმონის ცედრა და მარილი. შენც შეგიძლია, სცადო, მკითხველო, მიუხედავად სქესისა, ასაკისა და ინტერესებისა.
მერე მაღალყელიანი ფუჟერით წითელი ღვინო დააყოლა. სრულიად დანაყრებული იყო. ისევ დაუბრუნდა თავის მინიან ბუნაგს ოცდამერომელიღაც სართულზე და გაგრძელა ხეტიალი ინტერნეტის ვრცელსა და მშთანთქავ სამყაროში. და სწორედ მთქნარებამდე მისულს წინ ამოუცურდა „იხვისკარტა ვახშმად“ - ავსტრალიელი აბორიგენების რეცეპტი.
მერე იყო გზა შინისაკენ – შინ კი, შენც რომ იცი, იმ გაცვეთილი და მომაბეზრებელი რიტუალებით. მაგრამ იყო რაღაც განსხვავებულიც:
და გადაწყვიტა ვახშმად იხვნისკარტა მოემზადებინა. მაგრამ სად ეშოვა იხვნისკარტა? საძებნი რა ჰქონდა, თვითონ იქვე არ იყო? რეცეპტის მიხედვით, ადუღებულ წყალში ჯერ დაჭრილი ხორცი უნდა მოეხარშა, მერე შეეწვა და სანელებლებით შეეზავებინა. სულ ეს იყო. თუ თვალი შენი გაცდუნებდეს... - მოაგონდა და თქვა: მაცდუნა. ამოიგდო და ჩააგდო ქვაბში. თუ ხელი შენი გაცდუნებდეს... თქვა: მაცდუნა. მოიჭრა და ისიც ქვაბისკენ მოისროლა. თუ გული შენი გაცდუნებდეს... თქვა: მაცდუნა. ამოიჭრა და ჩააგდო ქვაბში....
დილას დედა საშინელი დამწვრის სუნმა გააღვიძა. გული დასწყდა. ახალთახალი ქვაბი იყო, საუკეთესო ხარისხისა, მრავალფუნქციური, ეგ იყო მხოლოდ ლაპარაკი არ შეეძლო. აფსუს! –თქვა დედამ და ქვაბის ძირზე მიმწვარ-დანახშირებული ნარჩენები სანაგვეში ჩაყარა.

No comments:

Post a Comment