Translate

Thursday, January 28, 2016

კულტურის კოდები_ აკაკი წერეთლის “აღმართ-აღმართ” სწავლებისათვის



მაია ჯალიაშვილი

აკაკი წერეთელი ლექსების სტრუქტურის მოდელირებისას იყენებდა კულტურის კოდებს (რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულსა თუ მითოლოგიურს), რომელთა დეკოდირებაც საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად გავიაზროთ ამა თუ იმ ლექსის სათქმელი. ამჯერად, ამ პრინციპით წარმოჩენილია აკაკი ლექსი "აღმართ-აღმართი”.

ამ ლექსში ყურადღებას იქცევს ცალკეული სახე-სიმბოლო, რომლებიც შეიძლება კოდებად გავიაზროთ. ესენია: აღმართი, დაღმართი, მზე, სხივი, სიცოცხლე, სატრფო, სერი, ია-ვარდი, ჭინჭარი და სხვ.
რეზო ყარალაშვილი წერილში "მხატვრული ნაწარმოების აღქმა” მსჯელობს იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების გაგება. მისი აზრით, "ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოდელს წარმოადგენს. ამდენად, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადეკვატურად აღვიქვით და გავიგეთ ნაწარმოები, როდესაც ჩავწვდებით ამ მოდელის ხასიათს. ხოლო მოდელი ვლინდება ნაწარმოების სიუჟეტის, ტროპების, თხრობითი სტილის, კომპოზიციისა და სხვადასხვა კოდის ერთობლიობაში, რომელთა მეშვეობითაც მოწოდებულია ინფორმაცია. ნაწარმოები, ერთი მხრივ, თვითონ იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა იყოს იგი წაკითხული, ხოლო, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ტექსტმა მკითხველის წარმოსახვაში ადეკვატური დაკონკრეტება განიცადოს, მკითხველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნის მარაგი, რომელიც კითხვის პროცესში რეაგირებას მოახდენს ტექსტის სიგნალებზე და ხორცს შეასხამს მხატვრულ სინამდვილეს”. შესაბამისად, რაც უფრო განსწავლული და მდიდარი ერუდიციის პატრონია მკითხველი და დეკოდირების რაც უფრო მეტ ხერხს ფლობს იგი, მით უფრო დიდ ინფორმაციას მიიღებს ის მხატვრული სისტემიდან და მოდელის აღდგენის მით უფრო მეტი შესაძლებლობაც ექნება”.
1876 წლის 1 იანვარს სოფ. ახალგორში აკაკი წერს ლექსს "აღმართ-აღმართ”. საგულისხმოა, რომ ახალი წლის პირველსავე დღეს აკაკი ლექსით ეგებება, თითქოს მთელ წელიწადს პოეზიას დაიბედებს. ლექსით აღებს მომავალი წლის შეუცნობელ კარს. ახალი წელი მისთვის ახალი აღმართია ცხოვრების გრძელსა და რთულ გზაზე, მაგრამ ამ ლექსით მომავლისკენ კი არა, უფრო წარსულისკენ იყურება პოეტი, თუმცა, როგორც ალბერ კამიუ იტყოდა, წარსული იმედის მეორე ფორმაა.
ლექსის დასაწყისში ნახსენებ აღმართს ბოლოს დაღმართი შეენაცვლება. ზოგადად, სიმბოლურად შეიძლება ლექსი ცხოვრების ერთგვარ მოდელადაც გავიაზროთ, რადგან ცხოვრება აღმართ-დაღმართების მონაცვლეობაა, მაგრამ ამ ლექსის სათქმელი კიდევ უფრო ღრმაა.
პოეტი პირველივე სტრიქონებიდან მიგვანიშნებს აღმართ-აღმართ სიარულის სიძნელეს:
"აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა”, _ ამ სტრიქონებს დავით წერედიანი "პირწმინდად, ღვთის ბოძებული ლირიკული იმპულსით” შექმნილად მიიჩნევს. იგი წერს: "ისევ აზრით მოუხელთებელი ინტიმი და ლირიკული ვიბრაცია. შესასრულებლად ძნელია, მაგრამ მისახვედრად საკმაოდ იოლია, განწყობილება რა მხარეს უნდა წარიმართოს: თუ დადებითი ემოციისკენ არ წავა, მსუბუქი სევდის საზღვარს მაინც არ უნდა გადასცდეს. გონება კი მაშინვე თავის მკაცრ ულტიმატუმს აყენებს: რა დროს დადებითი ემოციაა, რა დროს მსუბუქი სევდაა, სამშობლო თავზე გვენგრევა! და დაუყოვნებლივ შემოდის დამდაბლებული, ლეჩაქახდილი სატრფო-სამშობლოს ალეგორია”.
აღმართ-აღმართ სვლა სულიერი სრულყოფილების გზას გულისხმობს. პოეტი ნელა, მაგრამ ჯიუტად მიუყვება აღმართს, სიმბოლურად, ღვთისკენ მიემართება. მთაზე, სიმაღლეზე ასვლა ხომ პარადიგმულად სწორედ ამას გულისხმობს. გავიხსენოთ დავით მეფსალმუნე: "უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა? რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა”.
ეს ფსალმუნი პოეტურად გარდათქვა გრიგოლ ორბელიანმა, რომელიც ღვთისკენ სწრაფვას ადამიანის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევდა:
"ვინ აღვიდეს მთასა მაღალსა მას მთასა წმიდასა/, სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა?/_სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,/ ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკიცხვად/ და სიყვარული შეიწყალა ცთომილი ვნებით”.
სერზე შედგომა, ამოსუნთქვა მიანიშნებს სულიერი ზრდის გარკვეულ საფეხურს. შორს რჩება მიწა, ყოფითობა, რომელთანაც დაკავშირებულია ათასგვარი სურვილი, ხორციელი ტანჯვა. სული იშვებს, ამიტომაც წერს აკაკი: "სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა” (წერეთელი 2010: 99).
ჭმუნვის ალის განელება, აკაკის ლექსის მიხედვით, ხორციელი ყოფის დაძლევამ გამოიწვია. პოეტის მზერა მიწას მოსწყდა და ზეცისკენ მიიმართა. სხეული სიხარულით აივსო:
"მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე ვგრძენ, / სიკვდილმა ვერ მაშინა”.
მზე, ტრადიციულად, ღვთის ხატია. გავიხსენოთ, იოანე საბანისძე რას წერს ამის თაობაზე: "მზე სიმართლისა ეწოდა, რამეთუ თქუა წინასწარმეტყველმან: "და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისაითა, მზე იგი სიმართლისაი, რომელსა აქუს კურნებაი ქუეშე ფრთეთა მისთა”, რამეთუ იგი არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა”.
სიმაღლეზე, ღვთის სიახლოვეს, რა თქმა უნდა, მზის სხივების, მისი მადლის შეგრძნება უფრო ძლიერია. პოეტი განიცდის სიხარულს, ახალ სიცოცხლეს, რომელიც ღმერთშია: "ხოლო ცხოველი არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე, ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის” (პავლე მოციქული).
ამიტომაც არის, რომ პოეტს სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან სიკვდილი სხეულთან არის დაკავშირებული. სული კი არ კვდება, ის მარადიულობასთან არის წილნაყარი, რადგან ღვთის ნაწილია. ამ დროს უცნაურ თრთოლას განიცდის პოეტი მთელი არსებით:
"შემიდუღდა მაშინ სული და გული,/ იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”.
უცნაური ცეცხლი გიზგიზდება ამ დროს პოეტის გულში, ცეცხლი არა დამწველი, არამედ განმწმენდი და ამამაღლებელი. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” აღწერილია ეპიზოდი, როდესაც წმინდა გრიგოლი თავის სენაკში ლოცულობს. ამ დროს დეკანოზი მნათეს გააგზავნის მასთან ცისკრის ჟამს, რომ გაიგოს, გრიგოლს სძინავს თუ ღვიძავს. მნათე რომ მივიდა სენაკთან, გაოგნდა და შეეშინდა, რადგან დაინახა, რომ ცეცხლის დიდი შუქი გამოდიოდა სენაკიდან: "და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაი დიდძალი შინაით გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ხმა-ყო, ვითარმედ:
_ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!
ჰრქვა მას დეკანოზმან:
_დუმენ, შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისაი განმანათლებელი”.
სულში ამგვარი განმწმენდი ცეცხლის აგზნებისას პოეტი უცნაურ თანხმობას გრძნობს სამყაროსთან: "ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო” და სწორედ ამ დროს: "სიმართლის ხმა შეუპოვრად გაისმა”. სიმართლის ხმა ღვთის ხმაა.
ამ სტრიქონებში ლექსის აღმავალი ტონი კულმინაციას აღწევს. პოეტი ტკბება, იშვებს და ნეტარებს სულიერი სიმაღლის შეგრძნებით, მაგრამ უცებ ბზარი ჩნდება: "ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე”. სული ცის სანახებს მიეახლა, მაგრამ პოეტი მთლიანად მაინც ვერ მოსწყდა მიწას. ფეხქვეშ კვლავ იგრძნო მიწის სიმძიმე. რა მოხდა? თითქოს უკვე დაძლეული ჰქონდა პროზაული ყოფითობა, აღარაფერი აკავშირებდა თუ აჯაჭვავდა მიწას, მაშ რამ გამოიწვია მისი მზერის დაღმა შემობრუნება, რატომ მოსწყვიტა ცასა და მზეს თვალი?
"ვთქვი, ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე”. პოეტმა ტკივილით იგრძნო, რომ ცხოვრებას, საკუთარ ხალხს ვერ მოსწყდებოდა, რადგან მასთან აკავშირებდა მამულიშვილის მოვალეობა. ერის ბედის წინაშე პასუხისმგებლობა ვერ მისცემდა მას მარტო, ცის სიმაღლეზე, მწვერვალზე ნეტარი ბედნიერების უფლებას. თვითონ კი იშვებდა, მაგრამ სამშობლო?
"და ვიფიქრე: ჩემი სატრფო სად არი?” სატრფო ქართული ლიტერატურის ტრადიციული კოდია, რომანტიკოსთა მიერ დამკვიდრებული. აკაკი ამ კოდს ხშირად იყენებდა თავის პოეზიაში. ეს კითხვა გამოფხიზლებასავით არის. იმ სიმაღლეზეც კი ბოლომდე არ დავიწყებია ერის ბედი და მის წინაშე საკუთარი მოვალეობა. კი გადაწყვიტა, რომ განდგომოდა ცხოვრების ჭაობს და მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე ეფიქრა, მაგრამ "მიწამ” არ მოასვენა. პოეტმა "მარტო კაცად” ვერ შეძლო სიცოცხლე, ვერ დაივიწყა ქვეყანა, საზოგადოება, მოყვასი, ვერ მოიშორა ფიქრი სატრფოზე _ მამულზე, რომელსაც ხან "ნისლი ჰბურავს” და ხან "დღე უდგას სადარი”, მწვერვალზე ასულს არ დავიწყებია სამშობლოს გასაჭირი, ამიტომაც:
"გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!/ გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა?”
ამის შემდეგ პოეტი აანალიზებს ქვეყნის მდგომარეობას. რეალურად, საქართველო უგუნურ ქალწულს მიაგავდა, რომელიც გულუბრყვილოდ მინდობოდა მოყვრის სახით შენიღბულ მოძალადე რუსეთს და იხიბლებოდა: "ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი”.
სულიერი სიმაღლით მოგვრილი ნეტარება სადღაც გაქრა, გაცამტვერდა. პოეტმა დაღმა ჩამოსვლა დაიწყო, რომ გამოეფხიზლებინა "სატრფო” და შეეგნებინა მისთვის საფრთხის საშიშროება: "მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები,/ ნუ გგონია იქ ია და ვარდები”.
"ია და ვარდები” მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი, უპირველესად, სამოთხის ხატია. ამავე დროს, თავისუფლების სიმბოლოა. საქართველოს მატერიალური კეთილდღეობა (რუსეთი ჰპირდებოდა: უპირველესად, მტერთაგან დაცვასა და სიმშვიდეს) ვერ იხსნიდა სულიერი სიკვდილისაგან, რადგან მხოლოდ თავისუფალ ქვეყანას შეეძლო გადარჩენა და განვითარება. ჭინჭარი კი აკაკი წერეთლის შექმნილი კოდია_პოეტური სიმბოლოა, რომელიც ფარული საფრთხის მნიშვნელობისაა. გარეგნულად ჭინჭარი ჩვეულებრივი მცენარეა, მაგრამ მხოლოდ მიკარებისას შეიგრძნობა მისი სიმწარე და სისუსხე. ასე რომ, ქვეყანაც იოლად ტყუვდებოდა მოყვრულად მოსული მტრის, თუ ცხვრის ქურქში გახვეული მგლის ფარისევლური დაპირებებითა და ალერსით.
საქართველოსთან დამოკიდებულების ამ ორგემაგობასა თუ მრავალმნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მაჯამური რითმაც, რომელიც არა მხოლოდ კეთილხმოვანებას მატებს ლექსს, არამედ აზრობრივადაც ამკვეთრებს სათქმელს. "ვარდები”, როგორც არსებითი სახელი, მშვენიერია და ამაღლებული, მაგრამ ვარდები _ როგორც ზმნა _ სახიფათოა და დამღუპველი.
სამწუხაროდ, ამაო გამოდგა ძახილი, ვედრება. პოეტმა და ქვეყანამ ერთმანეთს ვერ გაუგეს, თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ ("არ მისმინა მწუხარებით დადაგულს” _ აქ არის გადაძახილი ილიას ლექსთან: "მშობელი შობილს არას მეტყოდა” ("ელეგია”).
ამ სატკივარს პოეტი არა მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებებით, არამედ პუბლიცისტური წერილებითაც გამოხატავდა. ამავე, 1876 წლის 13 თებერვალს გაზეთ "დროებაში” წერდა შეწუხებული პოეტი: "დარი, ავდარი, გათენება, დაღამება, შიმშილი, გაძღომა, დაძინება, გაღვიძება და ისევ დაძინება! აი, ჩვენი ყოველდღიური მოვლინება! საზიზღარის ერთფერობით, გულსაკლავის ერთგვარობით მივლაყუნობთ საუკუნო უფსკრულისკენ. საბრალო ჩვენო დამწვარო მხარე! რა ხარ და რას მოელი? რად გინდა ცოცხალ_მკვდრობა? სიცოცხლე ან სიკვდილი? მაგრამ ვინ უნდა გამოგიყვანოს მაგ ღრმა ძილისგან? ძველებმა თუ ახლებმა? ძველებს თვის პური მოუჭამიათ, ძალა მილევიათ... მაგრამ ახლა რა უნდა ვთქვათ ახლებზე? რა იმედი უნდა გვქონდეს მათგან? მომავალი ხომ მათ ხელშია! მრავლდება მათი რიცხვი, მაგრამ... მაგრამ... ოჰ, უმჯობესია დავსდუმდეთ”. პოეტი დადუმებას არჩევს, რადგან სიტყვებით გულის წუხილის გამოხატვა ჭირს. მართალია, საზოგადოებას ხანდახან ააღელვებს ხოლმე რაიმე შემთხვევა, მაგრამ „ეს ღელვა რომ რამე დიდი მიზნისა და საზოგადო ინტერესების ბრალი იყოს, ოჰ, რა სანეტარო იქნება, მაგრამ ვაი, რომ კერძო და ჭიანჭველური ანგარიშების ბრალია”.
აქ ზუსტად არის შეფასებული მაშინდელი საზოგადოების კერძო, ყოფითი საზრუნავები ასეთი ტევადი და მახვილგონივრული გამოთქმით: "ჭიანჭველური ანგარიშები”. ამიტომაც არის, რომ პოეტის სიხარულს ტანჯვა ენაცვლება. მას სხვანაირად არც შეეძლო ცხოვრება. ხომ წერს კიდეც ლექს "მუხამბაზში”:
"რას მიქვიან პირადი მწუხარება?/მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!”
პირადული საქმე, სამწუხარო თუ სასიხარულო, არ არსებობდა მისთვის. ყველაფერზე წინ ქვეყნის, საზოგადო საქმეს აყენებდა. ამიტომაც ვერ გაძლო სიმაღლეზე ნეტარებაში, ჭეშმარიტი სიხარული ქვეყანასთან ერთად უნდა განეცადა. ერი კი უზნეობის ჭაობში იყო ჩაფლული. სული არც ახსოვდა, მხოლოდ ხორცზე ზრუნავდა. გათითოკაცებულ ქართველობას აღარც აღელვებდა ერთიანობის სურვილის დაკარგვა. რუსეთიც ოსტატურად ახერხებდა მისი ყურადღების მთლიანად მატერიალურ საზრუნავებზე გადატანას (ეს შესანიშნავად დახატა ილიამ "მგზავრის წერილებში”, როდესაც სამშობლოს ბედზე მოფიქრალ მგზავრს ოხვრით წამოსცდება: რა უნდა ვქნაო? სწორედ ამ დროს შემოსული ფეხმოტეხილი „სალდათი" ურჩევს: ჩაი უნდა დალიოო).
პოეტი ფიქრობს, რომ სჯობს, თავის ქვეყანასთან ერთად დაეშვას დაღმართზე, ვიდრე მის გარეშე აღმართზე ბედნიერება მოიპოვოს. მან იცის, რომ გზა, რომელსაც მისი ქვეყანა ადგას, ცისკენ, მზისკენ არ მიიმართება, არამედ სიბნელისაკენ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს:
"იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,/ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით”.
თუ სიკვდილია, ბარემ თავის ერთან ერთად დაიღუპოს, რადგან ვერ შეძლო მისი ჭაობიდან ამოყვანა. "დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად ის” _ პოეტისთვის ეს "დავიწყება” ყველაზე უფრო მტკივნეულია. დაივიწყოს ცა, მზე, სიმაღლე, გზა უფლისაკენ _ ეს ხომ სიკვდილზე უარესია, მაგრამ სხვა არჩევანი გამორიცხულია. სიხარული თითქოს დანაშაულადაც კი ეჩვენება. "ხელდაკრეფით განისვენე მარადის”, _ ამბობს სასოწარკვეთილი პოეტი და თითქოს სამარისკენ მიასვენებს თავის თავს.
ნიცშე წერდა: "არა მწვერვალი, ფერდობია საშინელი! ფერდობი, სად თვალი ძირს დაექანება და ხელი მაღლით მწვერვალს ეჭიდება. მაშინ ბრუის გული თავისი მარჩბივი ნებითა. ჰე, მეგობრებო, ამოიცანით ჩემს გულშიც ნება მარჩბივი ესე, ესეა ფერდობი ჩემი და ხიფათი ჩემი, რომ თვალი მაღლით ისწრაფვისდა ჩემს ხელს ჰსურს მოეკიდოს და დაეყრდნოს სიღრმეს” ("ესე იტყოდა ზარატუსტრა”).
ამ ლექსის ლირიკული გმირი აღმართზე ჯიუტად მიმავალი და მწვერვალისკენ მაცქერალი სიზიფესაც მოგვაგონებს, მძიმე ლოდით რომ მიუყვება გზას. მართალია, მისი ბედი წინასწარ განსაზღვრულია, ლოდი აუცილებლად დაუგორდება, მაგრამ ის იმედს მაინც არ მოიშლის. ეს სვლა სიმაღლისკენ, ერთდროულად, მისი ჯილდოცაა და სასჯელიც. "მარტო მწვერვალებისკენ მიმართული მზერა კმარა კაცის გულის ასავსებად. სიზიფე ბედნიერად უნდა მიგვაჩნდეს” (ალბერ კამიუ).
"აღმართ-აღმართის” ლირიკული გმირი შეიძლება სიბრძნის, ჭეშმარიტების, ადამიანობის და, ამგვარად, "გრაალის” მაძიებელ გმირადაც მივიჩნიოთ. როგორც თომას მანი თავისი რომანის "ჯადოსნური მთის” მთავარ პერსონაჟს, ჰანს კასტორპს, "გრაალის რაინდად” მოაზრებდა და კითხვაზე, რა არის გრაალი, პასუხობდა; გრაალი არის ადამიანის იდეა, პირველი წინათგრძნობა ახალი მომავალი ადამიანობისა, რომელმაც ავადობისა და სიკვდილის უღმესი შეცნობის ბრძმედში გამოიარა. გრაალი –ეს საიდუმლოა, მაგრამ ადამიანად ყოფნაც –ასეთივე საიდუმლოა. თავად ადამიანიც ხომ გამოცანაა და ადამიანურობის საფუძველში მუდამ დევს ამ გამოცანის წინაშე ქედმოხრა”.
ასე პესიმისტურად შეხვდა აკაკი წერეთელი 1876 წლის 1 იანვარს. ამ დროს იგი 36 წლის იყო, სოცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე, წინ კიდევ დიდი ტკივილები ელოდა, არც სიხარულს დაიშურებდა მისთვის განგება, მაგრამ მისი დაბზარული სული ვერასოდეს გამრთელდებოდა.

წყარო: http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=929

No comments:

Post a Comment