Translate

Saturday, December 19, 2015

მწერლის შურისძიება

მაია ჯალიაშვილი




მხატვრული ლიტერატურა მრავალ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის, იმგვარსაც, როდესაც პერსონაჟებისა და მოთხრობილი ამბების გზით მწერალი შურს იძიებს იმ ადამიანებზე, რომელთაც რაიმე სახის ტანჯვა და ტკივილი მიაყენეს, დაამცირეს და შეურაცხყვეს. ეს შურისძიება თეთრი ფურცლების განზომილებაში უსისხლო და უმტკივნეულოა, თუმცა ავტორს ეხმარება ვენდეტაზე მტანჯველი ფიქრის ბორკილებისგან გათავისუფლებაში. მკითხველთა თაობები ჩხრეკენ და ეძიებენ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებით იმპულსებს, ბიოგრაფიის დეტალებს აანალიზებენ, ავტორის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს უკირკიტებენ და ამ გზით ცდილობენ მისი ჩანაფიქრის გაშიფვრას, თუმცა ბევრი რამ მაინც დაფარული რჩება. მკითხველს ისღა რჩება, მოთმინებით დაელოდოს იღბლიან „გამომცნობელს", თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი საიდუმლოებები არ აბრკოლებენ მხატვრული ტექსტის აღქმასა და გააზრებას, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველს უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს, მწერლის ხელნაწერებში ჩაკარგულ დაფარულ მნიშვნელობებს მოაქვთ სულ სხვაგვარი განცდა. როგორც სახარება ამბობს, არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს. მწერლებსაც დროდადრო შეიპყრობთ ხოლმე საკუთარი „ცოდვების" გამხელის სურვილი, მართალია, ისინი თავიანთ ნაკლს და ხინჯს პერსონაჟთა დაშიფრულ სახეებს აფარებენ, მაგრამ ხანდახან იმ საიდუმლოსაც უმხელენ ხოლმე მკითხველებს, თუ რა იყო ამა თუ იმ პასაჟისა თუ პერსონაჟის შექმნის იმპულსი.

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟია, რომელთა პროტოტიპების შესახებ თვითონ ავტორებმა დაგვიტოვეს ინფორმაცია. ზოგის შთაგონების წყარო კი მკითხველთა ინტერპრეტაციების საგანი გახდა.
ორჰან ფამუქი თავის წიგნში „სხვა ფერები" ერთ პატარა თავს სწორედ ამ თემას უძღვნის. ამ თავს „ლიტერატურული მართლმსაჯულება" ჰქვია. მწერალი იხსენებს ბავშვობაში ერთმა თანატოლმა ბიჭმა ჰასანმა როგორ ესროლა შურდულით ქვა და თვალთან გაარტყა. ფამუქი გაიზარდა და დაავიწყდა, როგორც იტყვიან, მაგრამ ასე არ მოხდა. ჰასანმა მის წიგნებში ამოყვინთა და ბოროტების განსახიერებად იქცა. მისი რომანების უმრავლეს ბოროტ პერსონაჟებს ჰასანი ჰქვიათ. მოსწავლეობისას ერთი მოძველბიჭო თანაკლასელი ჰყოლია, რომელიც დასვენებაზე ჩაგრავდა და აწვალებდა. იმ ბიჭი მსუქანი იყო და ამის გამო მუდამ ოფლიანობდა. წლების მერე, როცა მწერალმა უარყოფითი გმირები შექმნა, ეს ოფლიანობა დამღასავით გადასცა.
ფამუქი იგონებს, როგორ არ უყვარდა, როდესაც დედას ხორცის საყიდლად მიჰყვებოდა, რადგან საოცრად ეშინოდა ყასბებისა, რომლებიც დასისხლიანებული ხელებითა და დანებით სულ რაღაცას ატყავებდნენ, ჭრიდნენ და ანაკუწებდენ. მათზეც იძია შური: „ჩემს ნაწარმოებებში ყასბები უკანონოდ ხოცავენ ცხოველებს და სისხლიან, შავ-ბნელ საქმეებში მონაწილეობენ".
მწერალი ამგვარ შურისძიებას „უმანკო სამართლიანობას" უწოდებს. მკითხველმა ამ აღიარების შემდეგ უკვე იცის, თუ რატომ ხშირად არიან მის რომანებში უარყოფითი პიროვნებები ბანკირები, მასწავლებლები, ჯარისკაცები და უფროსი ძმები. ასე გარდაისახნენ ჯალათებად, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო დალაქები, რომლებიც პატარა ორჰანს უსულგულოდ ჭრიდენ თმას.
ცხენები კი განსაკუთრებით უყვარდა ყოველთვის, ამიტომაც მის ნაწარმოებებში ისინი „საუკეთესო როლებს" ასრულებენ. ისინი „მგრძნობიარენი, ფაქიზები, სევდიანები, სპეტაკები, და, ხშირ შემთხვევაში, ბოროტების მსხვერპლნი არიან".
„ბოროტებას მე მარტო ვებრძვი და ამას ძალიან ჩემეულად ვაკეთებ, ისე, რომ მკითხველი ვერც კი ამჩნევს და ამგვარ შურისძიებას ლამაზად მიიჩნევს! _ წერს იგი. მისი აზრით, ლიტერატურული სამართლიანობა თავის მწვერვალს საბავშვო წიგნების დასასრულსა და სათავგადასავლო კომიქსებში აღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გმირი ბოროტებას ამარცხებს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „ეს დარტყმა ამისთვის და ამისთვის... ეს კი ამისათვისო". მწერალი მკითხველს ამასაც გაუმხელს: „მე, როგორც რომანისტი, ერთ ასეთ ხერხს ვიყენებ: მანამ ვწერ ბოროტი ჰასანის ან ყასბის მიერ ჩადენილი ყოველი საზიზღარი საციელის შესახებ, სანამ მათ პანიკა არ მოიცავთ, ხელიდან დანას არ გააგდებენ და ატირებულები მაღაზიის დალაგებას არ დაიწყებენ. „გემუდარები, ძმაო, ასე მკაცრად ნუ მექცევი. მე ცოლ-შვილის პატრონი ვარ!".
თუმცა მწერალმა იცის, რომ შურისძიება შურისძიებას ბადებს. მის ნაწარმოებებში ავებად არიან გამოყვანილი ძაღლები, რომლებიც რატომღაც მას მთელი ცხოვრება დევნიან. რომანებშიც ასე დახატა, ისინი მწერალთა სულიერად ახლოს მყოფ გმირებს ყოველ კუთხე-კუნჭულში უსაფრდებიან და შიშის ზარს სცემენ. ძაღლებმაც თავისებურად იძიეს შური, თითქოს მისტიკურად იგრძნეს მწერლის შურისძიების შესახებ: „ორი წლის წინ რვა თუ ცხრა ძაღლმა „მაჩქა-პარკის" კუთხეში მიმიწყვდია და თავს დამესხა. გეგონებოდათ, ჩემი წიგნები წაკითხული ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ლიტერატურული სამართლიანობის სახელით მათ დასჯას ვითხოვდი, რადგან ისინი ხროვად დაეხეტებიან ყველგან, განსაკუთრებით სტამბოლის ქუჩებში".
მწერალი გარდა ამ სამაგიერო შურისძიებისა, სხვა რამეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ლიტერატურული მართლმსაჯულება სხვა საფრთხესაც შეიცავს, თუ თავის ნებაზე მიუშვი, შეიძლება არა მხოლოდ წიგნი, ნაშრომი, არამედ, თავად ცხოვრებაც კი დაგინგრიოთ: „შურისძიება ლამაზადაც შეიძლება. ამგვარმა შურისძიებამ შეიძლება მხოლოდ გაალამაზოს თქვენი წიგნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღაც ახლოს ყოველთვის ჩასაფრებულები არიან ძაღლები, რომლებმაც ხელოვანი ნებისმიერ წუთს შეიძლება მიიმწყვდიონ კუთხეში და თავიანთი ბასრი კბილები ჩაასონ".
ფამუქი ფიქრობს, რომ სწორედაც მკითხველი უბიძგებს მწერალს შურისძიებისკენ. მას სურს ცხოვრებისეული უსამართლობა მხატვრულმა სიტყვამ გადალახოს და დაძლიოს: „ისინი ელიან, რომ ხელოვანი ყოველთვის შურს იძიებს ბოროტებაზე".

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=315



No comments:

Post a Comment