Translate

Friday, January 29, 2016

მსახიობის დაბრუნება

მაია ჯალიაშვილი 
                             
                                     
                    ყოფნა? არყოფნა? საკითხავი აი, ეს არის!
                                                            ჰამლეტი
                                                                                
                                                              

იმ დღეს,  10 დეკემბრის  სუსხიან ჩუმ საღამოს, თავისუფალი თეატრის სცენაზე   პრემიერა გაიმართა _ `თამაშით შეპყრობილი~.  ბოლოს ამ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორის, ვანო ხუციშვილის შესანიშნავი სპექტაკლი `თოჯინების სახლი~ (ჰენრიკ იბსენის პიესა) ვნახე. დღემდე არ გამნელებია შთაბეჭდილება.
ახლაც არ მიმტყუნა მოლოდინმა.
ახლაც გულშემატკივარი მაყურებელი ვიყავი.
სპექტაკლის ბოლოს მეც აღტაცებული ტაშს ვუკრავდი მსახიობებს, რეჟისორსა და პიესის ავტორს.
შინ მობრუნებული კი დავფიქრდი:
რა ქმნის ისეთ კარგ სპექტაკლს, როგორიც `თამაშით შეპყრობილია~?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბოლოს დავასკვენი ისედაც საყოველთაო ჭეშმარიტება:   
1. კარგი პიესა;
2. კარგი რეჟისორი;
3. კარგი მსახიობი.
პიესა სპექტაკლად იქცა და დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში, რადგან `სამეული~ ბედნიერად შეხვდა ერთმანეთს.
პიესის ავტორი: ნონა კუპრეიშვილი, აქამდე მას ვიცნობდით, როგორც შესანიშნავ ლიტერატურათმცოდნეს, ქართული ლიტერატურის მკვლევარს, დახვეწილი გემოვნებისა და მაღალი ინტელექტის მეცნიერს, ახლა გავიცანით, როგორც საინტერესო შემოქმედიც.
რეჟისორი: თინათინ ჭაბუკიანი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი, დადგმული აქვს  არაერთი სპექტაკლი გორისა და ქუთაისის  სახელმწიფო თეატრებში (. თაბუკაშვილის ,,შენკენ სავალი გზები, . როზოვის ,,გზაში, . ნახუცრიშვილის ,,ჭინჭრაქა, . ჭილაძის ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, . კრიბის ,,ჭიქა წყალი), 30-მდე ტელე-ზღაპრის რეჟისორია, გადაღებული აქვს ფილმები: `შვიდფერა ყვავილი~, ,,კაპუნიას დღესასწაული, ,,ჩვენ მშვიდობა~; დოკუმენტური ფილმები: `ცარიელია სახლი~ (ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, წმ. ანდიას მართლმადიდებლურ ფესტივალზე დაჯილდოვდა მთავარი პრიზით), `ხილული სასწაულები~ (ეძღვნება არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძეს), ,,ხიდები სამშობლოსკენ(ორივე ფილმმა მიიღო იმავე ფესტივალის სიგელ-გუჯარი) და სხვ. ამჟამად ასწავლის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში
მსახიობითენგიზ წულაია, მიხეილ თუმანიშვილის ნამოწაფარი, თეატრს დიდი ხნის გამომშვიდობებული.
სცენასა და მაყურებელს არ ჰყოფდა ფარდა და მაყურებელს ექმნებოდა განცდა, რომ ეს სცენა ცხოვრების ნაწილი იყო. სინათლე უცებ ჩაქრა და როცა განათდა, სიბნელიდან თანდათან გამოიკვეთა ოთახი, ერთი უბადრუკი და ღარიბული საცხოვრისი, შესაბამისი საწოლითა და ტანსაცმელსაკიდით... სცენის ყოველი დეტალი მეტყველებდა აქ მცხოვრებ ადამიანთა უსაშველობასა და უბედურებაზე. გამთოშავი სიცარიელის შეგრძნებას ხანდახან არღვევდა ტელეფონის ზარის წკრიალი, რომელსაც სცენაზე შემოჰქონდა აბსურდული ყოფის გულგრილი ხმები, ხმები, რომლებიც უფრო ამძაფრებდნენ ამ ბინაში მცხოვრებთა მარტოსულობასა და მიუსაფრობას.
საწოლში იწვა კაცი, უფრო სწორედ ,,ნაკაცარი. სპექტაკლის მთავარი გმირი, რომლის მონოლოგებითაც დაიხატა თამაშით `შეპყრობილი~, სცენასა და როლებს მონატრებული და ამის გამო დაავადებული კაცის სულიერი პორტრეტი, თანვე _ ულმობელი დრო, რომელიც არად აგდებს კაცის ნიჭიერებასა და პატიოსნებას.
იქვე _ ყველაფერზე გულაყრილი და უნიათ ქმარზე გამწყრალი ცოლი, უზარმაზარი ჩანთებით საშოვარზე წასასვლელად გამზადებული.
ერთი სიტყვით, სცენაზე მეფობდა ცარიელი და დამთრგუნველი, ღირსების შემლახავი მატერიალური ყოფა, ყოველგვარი სულიერების ჩამკვლელი და დამარბეველი.
სპექტაკლის პირველივე  წუთებიდან, ცოლ-ქმრის ძუნწი დიალოგებიდან გამოიკვეთა, რომ  მაყურებლის თვალწინ გათამაშდებოდა დრამა, რომელიც ბედისწერასთან დამარცხებულ ადამიანს  გაგვაცნობდა. ბედისწერის ხსენებამ არ დაგაბნიოს, მკითხველო, ვიცი, რომ წაგიკითხავს ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს პიესები, შექსპირი, რაღა თქმა უნდა... და გაიფიქრებ, რომ ბედისწერა რა სახსენებელია ყოფით პრობლემებთან ბრძოლაში. ლუკმაპურის ძიებაში დაკარგული ადამიანი იდეალებს ვერ გამოეკიდებამაგრამ, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, მართალია, კატა ვეფხვი არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად მას ჰგავსო. პატარა  სცენაზე პატარა ადამიანის გულშიც შეიძლება დატრიალდეს ქარიშხალი და ის ტრაგიკულ გმირად, სწორედაც ბედისწერასთან დამარცხებულ გმირად წარმოჩნდეს.
ასეთია ამ პიესის მთავარი პერსონაჟი _ ცხოვრებასთან უშეღავათო ბრძოლაში დამარცხებული. ზემოთ ნაკაცარი ვახსენეთ, ახლა დავამატებთ, ის ნამსახიობარია, საკუთარი ადგილი თუ ფუნქცია რომ ვეღარ უპოვია და თავს ზედმეტად, დაკარგულად მიიჩნევს. არადა, მისი მონოლოგები ამხელს მის სულიერ სიფაქიზეს, ხელოვნების სიყვარულს, სამსახიობო გამოცდილებას, ადამიანის სურვილთა და მისწრაფებათა ბნელი ხვეულების ცოდნას
ამ მცირე სცენაზე მაყურებლის თვალწინ სასწაული ხდება. ავადმყოფი კაცი, სიკვდილზე რომ ფიქრობს და დასამარხი ფული ადარდებს, უცებ გამოცოცხლდება.
უკიდურესი მატერიალური და სულიერი გაჭირვებისას ადამიანში იფეთქებს სასიცოცხლო ენერგია. პიესის ავტორმა ამ ენერგიის გამოსავლენად არაჩვეულებრივ ხერხს მიაგნო _ მან მსახიობს ერთბაშად რამდენიმე როლი ათამაშებინა სხვადასხვა სპექტაკლიდან. ამან მონოლოგებს მეტი სიცოცხლე შესძინა. სცენაზე ფერები გააჩინა. მსახიობს კი შესაძლებლობა მისცა ნიჭის სრულყოფილი გამოვლენისა. მაყურებლის თვალწინ ფენიქსივით ფერფლიდან აღორძინდება ადამიანი, მერე ითამაშებს როლს და ისევ ჩაიფერფლება და მერე ისევ აღდგება ახალი როლისთვის. ეს კი უბრალოდ როლები როდია _ არამედ ნამდვილი ცხოვრება. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლება ეპიზოდები ქართული და მსოფლიო თეატრალური კლასიკისა. ორივე შთამბეჭდავი და ახლობელია ქართველი მაყურებლისთვის: შექსპირის უბედური მეფე ლირიცა და კლდიაშვილის გაჭირვებული დარისპანიც.
პიესის გმირი ქალი, მსახიობის  უსახელო ცოლი (აღსანიშნავია, რომ მსახიობიც უსახელოა) თვითონ ცხოვრებას განასახიერებს, ევას, რომელიც მკაცრია და უშეღავათო. გმირების ამგვარი უსახელობა თითქოს ხაზს უსვამს მათ უაზრო ყოფასა და არაფრობას. ცოლის ეპიზოდურ როლს მსახიობი მაია ლომიძე ასრულებს, რომელიც ისეთი ბუნებრივია, გეგონება, პირდაპირ ქუჩიდან შემოიყვანეს. ასეთივე ეპიზოდური როლი აქვს მსახიობ თემურ ხუციშვილსაც, თუმცა მასაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და  ამაღლებულისა და მდაბალის თანაარსებობის ტრაგიკულობას წარმოაჩენს.
`უნდა წავიდე, სხვა გზა არა მაქვს~, _ ამბობს ცოლი. `სხვა გზა არა მაქვს~ ამხელს ამ ოჯახის გაუსაძლის ყოფასმაგრამ სწორედ ამ უგზოობისას გამოჩნდება `გზა~ გადარჩენისა. კაცის გონებაში მოულოდნელად დაიბადება პროტესტი: `ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა~. ამას  აკაკი ხორავას ინტონაციით წარმოთქვამსცხადია, პიესის ავტორის აზრით, მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია შეუტიოს საზარელ რეალობას და შეეწინააღმდეგოს მის ამღვრეულ მდორე დინებასამიტომაცაა, რომ ლოგინზე მისვენებული უფერული გაუპარასავი კაცი უცებ აკაკი ხორავასავით ამეტყველდება. მისი ხარხარიც მეფისტოფელურია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხაზგასმაა იმ უჩვეულო ენერგიაზე, რომელიც ამ გათელილი კაცის გულში მოზღვავდება და ფეხზე წამოაყენებს.
პიესასა და სპექტაკლშიც ჩნდება სარკე, თავისი სიმბოლური მნიშვნელობით, ის ჩვენი გონების სიღრმეს ირეკლავს, ის ნამდვილ მეს გვაჩვენებს. სხვა დროს შეიძლება ეს კაცი ამ სარკეს შეეძრწუნებინა, რომელიც სასტიკი შეუბრალებლობით აჩვენებდა ნამდვილ სახეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სარკემ მიძინებული კაცის გამომაფხიზლებლის ფუნქცია იტვირთაკაცში გაჩნდა სარკეში დანახული სახისგან გაქცევის, განსხვავებულობის სურვილი. ეს სურვილი კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სულში დიდი ძვრები გაჩენილიყო.
პიესაში კიდევ ერთი სიმბოლოა _ ესაა ჭექ-ქუხილი, რომელიც კაცის სულიერ მშფოთვარებას, მის ამბოხს გამოხატავს. საზოგადოდ, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჭექა-ქუხილი სიმბოლოა დიდი ცვლილებისა, სამყაროს გარდასახვისა, ადამიანის ხელახლა შობისა. სწორედ ეს ხდება მაყურებლის თვალწინ. აქვე ვიტყვით, რომ სპქტაკლი გაფორმებულია კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის მუსიკით.
სცენაზე უბრალო ადამიანი გარდაისახება მრავალ ნიღბად. თითოეულ ნიღაბს თავისი ამბავი, ისტორია, თავისი სიცოცხლე აქვს. ამ სხვადასხვა ნიღბად გარდასახვის პროცესში კაცი აღმოაჩენს ცხოვრების საზრისს, იპოვის საკუთარ დაკარგულ მეს და ამგვარად შესძენს სიცოცხლეს ღირებულებას.
უბადრუკ ოთახში (რომელიც 90-იანი წლების საქართველოს სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთერთგვარი სასწაული ხდება, ცხოვრების სცენიდან განდევნილი კაცი სცენას უბრუნდება, არა ვინმეს დახმარებით, არა რეალურ სცენას, არამედ წარმოსახულს, მაგრამ რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვარი ირღვევა, თუ ნამდვილი მსახიობი ხარ, თამაშით შეპყრობილი, მაშინ ყველგან ითამაშებ, მაყურებლით გადაჭედილი, უზარმაზარი ძვირფასი ჭაღებით გაჩახჩახებული მდიდრული დარბაზის სცენაზე თუ ჩამოხეულშპალერიან სიღარიბისაგან დახრულ და ჩამობნელებულ ცივ ოთახში. აქ თვითონ ღმერთია მაყურებელი  და ვის შეუძლია მასზე უკეთესად ადამიანის ნიჭის შეფასებაამიტომაც ასე თამამდება ცხოვრებისგან გათელილი ადამიანი, ასე იმართება წელში, ასე მაღლდება და აშიშვლებს სულს, რომელზედაც უამრავ ნაიარევს ამჩნევს მაყურებელი და მის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება, თითქოს ჩუმად ეხმიანება სცენაზე მსახიობს და ამხნევებს: მაშ, ითამაშე, ლაღად და თავისუფლად! მოირგე სხვადასხვა როლი და საკუთარ თავს დაუმტკიცე, რომ შენი არსებობა გამართლებულია.
სწორედ ეს ხდება სცენაზე. უხილავი ძაფები იბმება მსახიობსა და მაყურებელს შორის, მათ თითქოს ერთმანეთის გულისცემა ესმით და  ამ თანაგრძნობიდან იბადება სიყვარული, რომელიც ასე აკლია სამყაროს!
რეჟისორი თინათინ ჭაბუკიანი მინიმალისტური რეჟისურით ქმნის საოცარ სცენურ ატმოსფეროს. ჩანს, მას ადარდებს ადამიანის ბედი ამ გაუცხოებულ სიყვარულსმოკლებულ სამყაროში, ამიტომაც ყოველივეს ადამიანს უქვემდებარებს, ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს დაეძებს ჩვენ თვალწინ, როცა შინ მარტო დარჩენილი ადრე ნათამაშევი როლების გახსენებას იწყებს და თამაშობს _ თამაშობს მთელი არსებით, თავგამეტებით, ყოველი ნერვით. ამიტომაცაა, რომ უცებ სცენაზე ჩნდებიან სხვადასხვა პიესის პერსონაჟები და სცენაც ივსება ათასგვარი ხმით... არადა, აქ მხოლოდ ერთი მსახიობია.
ერთი მსახიობი და სხვადასხვა როლი _
შავ-თეთრი ოთახი და ნიღბების მოულოდნელი მრავალფეროვნება.
მონოლოგები, რომლებიც ცხოვრების ავ-კარს ირეკლავენ: სიყვარულს ადა სიძულვილს, სიკეთესა და ბოროტებას, სიხარულსა და ნაღველს.
ეს მსახიობი თენგიზ წულაიაა, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია ნამდვილ სცენაზეის, მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე, 25 წლის განმავლობაში სცენის მიღმა დარჩა. სცენისა და ცხოვრების მიღმაც, რადგან თეატრისა და ცხოვრების სცენა მის წარმოსახვაში ერთმანეთს გადაეწნა, ამიტომ აებნა თავგზა, ამიტომ გამოეცალა საყრდენი, ამიტომ დაკარგა ოჯახის  (შესაბამისად, ქვეყნისპატრონის ფუნქცია. ამიტომ შეულახეს ღირსება, ვერ ამოიღო ხმა და ვერ ამოუდგა დაბეჩავებულ ცოლს გვერდში, თავისი შვილების გადასარჩენად დამამცირებელ ყოფას შეჭიდებულს, ნამცხვრების ცხობით რომ გაჰქონდა თავი. ვერ დაიცვა მეუღლე (შესაბამისად, ოჯახი, შესაბამისად, ქვეყანა) 90-იანი წლების ზნედაცემულობისა და სიბინძურისაგან.
საგულისხმოა, რომ პიესაში პალიფსესტივით წარმოჩნდება უახლესი წარსულის შავბნელი სურათები: ქვეყანაში გამეფებული ძალადობა, პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი, გაუფასურებული ადამიანი (შესაბამისად, გაუფასურებული ქვეყანა).
ზოგი ავტორი უამრავ სიტყვას დახარჯავდა და უამრავ ეპიზოდს შექმნიდა მთავარი გმირის სულის ლაბირინთების წარმოსაჩენად.
ამ პიესაში კი ორიოდ ფრაზით (კაცის მონოლოგიდან) იხატება მისი სულის ბნელი უფსკრულები, საიდანაც თავი ვერ დაუღწევია.
მკითხველისა თუ მაყურებლისთვის ნაცნობი იქნება კაცის მონოლოგებში გამჟღავნებული სასაყვედურო ინტონაციები უკმაყოფილო მარჩენალი ცოლისა თუ უმადური შვილების მიმართ (რომელთა უკმაყოფილებასა თუ უმადურობას თვითონვე კვებავს და ასაზრდოვებს თავისი ბედსშეგუებულობითა და მცონარობით).
პიესაში მრავალი საგულისხმო დეტალია, რომლებიც ზუსტად წარმოაჩენენ კაცის შინაგანი სულიერი ძვრების მდინარებას. ეს პიესის ავტორისა და რეჟისორის ერთობლივი დამსახურებაა. სწორედ რეჟისორმა ბოლომდე გაითავისა, ანუ თეატრის ენაზე აამეტყველა ეს პრობლემატიკა და იგი ზუსტად მიგნებული აქცენტებით გამოკვეთა.
ერთ ეპიზოდში მსახიობი კაცი გადასახადის ქვითრებიან ყუთში შემთხვევით წააწყდება  ახალგაზრდობის ფოტოებს, რომლებშიც მისი სასცენო ცხოვრებაა აღბეჭდილი, ის ბედნიერი დრო, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის შექებით შეთამამებული თამაშობდა სხვადასხვა როლს. წარსული მოულოდნელად და ერთბაშად შემოიჭრა ცხოვრებაში და კაცის მიძინებულ თავმოყვარეობას გასაღვიძებლად უბიძგა.
წარსული ხომ არსად არ ქრება, როგორც მარსელ პრუსტი ამბობს, ის საგნებს შეეფარება. ამ შემთხვევაში, ფოტოებს შეფარებულმა წარსულმა აწმყოში შემოაღწია და კაცს სასიცოცხლო ენერგია მისცა გარდასაქმნელად, ოთახის ჩახუთულ-ჩაკეტილი სივრციდან თავდასაღწევად.
მას თითქოს გონება გადაეწმინდა და იგრძნო, თავის ხსნას გარედან კი არ უნდა დალოდებოდა, არამედ საკუთარ არსებაშივე გაეღვიძებინა ჩამქრალი ღირსების ვულკანები _ ეს კი ადრე ნათამაშევი ან საოცნებო როლები იყო.
მნიშვნელოვანი და საგულისხმო სწორედ ესაა ამ პიესასა და სპექტაკლშიხელოვნების გზით ადამიანის მეორედშობის მისტერიის ჩვენება.
ეს, მართლაც, დიდი საიდუმლოა _ გარდასახვის გზით ახლადშობა.
პიესა პირობითად სამფაზიანია _ გამოღვიძება სხეულებრივი ძილიდან _ სიცოცხლე, მოძრაობა სხვადასხვა ნიღბის მორგება და თამაში _ხელოვნებაში ახლადშობა (ის უკვე სხვა კაცია_ ღირსებამოპოვებული და დაუმორჩილებელი).
ჩვენ თვალწინ გარდაისახება კაცი ჯერ პეტრუჩიოდ (შექსპირის `ჭირვეულის მორჯულება~) ხორცშესხმულ სიბრიყვეს, ტიკინას, ჭირვეულ კატარინას `რქებს რომ მოუგრეხს~, სიმბოლურად ეს ცხოვრებისთვის რქების მოგრეხაა, მისი დამორჩილება. მერე  ჯერ სხვა  ნიღბებსაც მოირგებს, ნიღაბთა ცვლაში დროდადრო რეალობაში ბრუნდება, ბრაზდება შვილებზე (ერთ-ერთი მსახიობობასაც რომ გაბედავს და იმ სცენაზეც შეადგამს ფეხსმას რომ დიდი ხანია დაავიწყებინეს), არამკითხე ცოლსა და შემოძარცულ ნათესავ-მეგობრებზე, სამშობლოზე. უნდა ითქვას, ეს ემოციურად დატვირთული მონოლოგები, იმავდროულად, ქართული სიტყვის სიყვარულითაა გაჟღენთილი. ამ თვალსაზრისით, უდავოდ გამორჩეულია ეს პიესა, რადგან მაყურებელი სცენაზე ხედავს არა მხოლოდ მსახიობის შესანიშნავ ჟესტ-მიმიკას, პლასტიკას, არამედ ისმენს დახვეწილსა და მოქნილ ქართულ ენას _ ეპიზოდების შესაბამისად შერჩეული ლექსიკით. ლიტერატურული თვალსაზრისით გამორჩეულ მონოლოგებს შორის ერთ-ერთი ისაა, რომელშიც გმირი სამშობლოს საყვედურობს: `ჩემო ავო დედინაცვალო, შენ, სწორედ შენ ამიწეწე სული, შენ დამიკარგე მოსვენება, შენ ამომახტუნე საკუთარი სხეულიდან და წარმართული მსხვერპლივით ასად დაკეპილი მომომფანტე ამ მშვენიერ მინდორ-ველებზე, მთებსა და ხეობებზე, ანკარა წყაროებსა და ჩანჩქერებზე, ბაღებსა და ვენახებზე... დამაიმედე, მომიშინაურე, შემდეგ კი გამწირე და მიმატოვე...~
ამიტომაც იყო ასეთი გადამდები გმირის სულიერი ტკივილი, ის ყოველი მაყურებლის გულს არხევდა და კვალს ტოვებდა.
სცენიდან ექოსავით გაისმოდა გაუსაძლისი კითხვა, ყოფნა-არყოფნასავით გადაუჭრელი: როგორ შეიძლება დააღწიოს თავი `ყოველდღიურობის შმორს~?
ჩანს, რომ პიესის გმირს წაკითხული აქვს წიგნები გენიოსთა დაწერილი, რომლებშიც ქართველთა სულიერ-ზნეობრივი ნაკლი და ღირსებაა გაჩხრეკილ-გაანალიზებული. მის გონებაშია დალექილი ნანახი და განცდილი_ ყოველივე, მათ შორის, ის გონებამხვილური დაკვირვებაც, რომ ცხოვრება თეატრია და ჩვენ, ყველანი უხილავი რეჟისორის შერჩეულ როლებს ვთამაშობთ, თანვე აქვეა მწარე რეალობა, რომელიც შეგაგრძნობინებს, რომ აღარ ხარ კაცი, არამედ არარაობა. როგორ უნდა გაუძლო ამ ყოველდღიურობის, წარმოსახულისა თუ რეალურის, შემოტევებს? და მას ეუფლება აპოკალისფსური ნგრევის ხილვის წყურვილის განცდა, რათა პირისაგან მიწისა აღიგავოს უზნეობა, ძალადობა და სისასტიკე. მას სურს თავი დააღწიოს ცხოვრების უფსკრულს და მაღლა ამოღწევისთვის მსხვერპლად საკუთარი ხორცით კვებოს ზემსწრაფი ფასკუნჯი _ სულის სიმბოლო. ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება ახალი ნიღაბი მეფე ლირისა _ შთამბეჭდავი მონოლოგით: `მოვარდი მეხო, დედამიწის შემარყეველო/ და გააბრტყელე ეს ქვეყანა, ბურთივით მრგვალი~.
პიესისა და სპექტაკლის ფინალი ერთმანეთისგან განსხვავდება.
პიესაში ხსნის მოლოდინი ისევ მიღმაა_ გარედან!
მკითხველი პიესის ბოლოს გაურკვევლობის ბურუსში ეხვევა რა ეშველება ამ ნიჭიერ, კეთლშობილ კაცს, ნუთუ ისევ უნუგეშოდ დაიფერფლება?
პიესაში კი ხსნა ჩანს _ ის ადამიანის სულიდან ამოიზრდება. აქ ფერფლიდან ფენიქსივით აღმდგარი მსახიობი ჩანს, რომელიც შეიძლება ისევ დაიფერფლოს, მაგრამ ისევ აღდგება.
თენგიზ წულაიას სცენაზე დაბრუნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ
ნიჭს დრო ვერ ახუნებს.
ის ისეთი ნამდვილია სცენაზე, ისეთი ლაღი, თამამი, გულწრფელი და დამაჯერებელი... მაყურებლისთვის კი სულ ერთია, რამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა სცენაზე. თუმცა სულ ერთი არ არის ის ამბავი, რომ თინათინ ჭაბუკიანმა, ნიჭიერმა რეჟისორმა ხელი გაუწოდა თავის ძველ მეგობარს  და სცენაზე დააბრუნა.
მაყურებელს  ის აღელვებს, რაც სცენაზეა.
თავისუფალი თეატრის პატარა სცენა ჯადოსნურად ფართოვდება, იზრდება და და თითქოს მთელ სამყაროს მოიცავს, რადგან, ერთი საათის განმავლობაში აქ გამოჩნდებიან შექსპირის, იბსენის, კლდიაშვილის უკვდავი თეატრალური პერსონაჟები.
და კიდევ ერთხელ წარმოჩნდება, რომ თუმცა არაფერია ცისქვეშეთში ახალიახალია ყოველი ადამიანის განცდა და შეგრძნება სიხარულისა თუ ტკივილისა.
ადამიანი ტანჯვისთვის გაჩენილა.
მაგრამ ადამიანს შეუძლია ამ ტანჯვიდან ხელოვნების უმშვენიერესი ყვავილების შექმნა.
ეს ყვავილები   მაცოცხლებელი ფერითა და სურნელით _ ამჯერად როლებია, რომლებსაც მსახიობი  ქმნის და რომლებიც ქმნიან მსახიობს.
ასე ბრუნდება სცენაზე მსახიობი _ თენგიზ წულაია.
ასე გულშემატკივრობს მას მაყურებელი.
იმედია, მას სხვა როლებშიც ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment