Translate

Saturday, December 5, 2015

ქართველები „უცხოს“ თვალით

 მაია ჯალიაშვილი




მოგზაურ პერსონაჟებს კარგად იცნობს მკითხველი. ჯემალ ქარჩხაძის ბართოლომეო (მოთხრობა „ანტონიოსა და დავითის" მთავარი პერსონაჟი) ჰგავს და განსხვავდება კიდევაც მათგან. მას კალამი არ გაურბის უცხო ქვეყნებში ნანახ-გაგონილის დაწვრილებით აღწერაზე, რაც სავსებით მოსალოდნელი და ბუნებრივი იქნებოდა, არამედ აინტერესებს ერთი ამბავი, თანაც კოლხეთში, საქართველოში მომხდარი. მწერალი ბართოლომეოს სწორედ საქართველოში ამოგზაურებს და ამ გზით, უცხოს თვალით, ხატავს ქართველთა ზნე-ჩვეულებებს. არც ამგვარი ხერხია ლიტერატურისთვის უცხო, მაგრამ ჯემალ ქარჩხაძე ახერხებს, არავის მიებაძოს და იყოს თავისებური (ამავე ხერხს იყენებს იგი მოთხრობაში „რაჰათ-ლუხუმი").

მწერალი მთავარ მთხრობელ-მოგზაურს თავიდანვე მოუპოვებს მკითხველის კეთილგანწყობას. მართალია, ის პირველ პირში ჰყვება ამბავს, მაგრამ საკუთარი თავის განსჯისას არ არის ნარცისული და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე წარმოაჩენს ნაკლსა და ღირსებას. რატომ წერს მოგზაურობის წიგნს? პირველ რიგში, მას არ უნდა, ცოდნა-გამოცდილება სხვათათვის გაუზიარებელი დარჩეს, სახელი და დიდება კი არად მიაჩნია: `წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, თუ კაცმა რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვინმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება~.

მწერალს კარგად მოეხსენება, რა ძალა აქვს უცხოს თვალს, მშობლიურის უცხოსეულ შეფასებას, ამიტომაც მთავარ მთხრობელად სწორედ უცხოს ირჩევს, იტალიური ჟღერადობის სახელით. თუმცა მის ქვეყანას არ აკონკრეტებს, მიანიშნებს ევროპაზე. რატომ? უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში კარგად არიან ცნობილი იტალიელი მოგზაურები: ქრისტეფორე კასტელი, არქანჯელო ლამბერტი, იოსაფატ ბარბარო, ჯოვანი არიო ანჯიოლელო, ჯაკობო გასტალდი, ავიტაბილე პიეტრო, რომელთაც საქართველო მართლაც აღწერეს თავიანთ წიგნებში და, მეორეც, უცხოელის მიუკერძოებელი თვალით დანახული ქართველთა ზნეობის ღირსება-ნაკლოვანებათა შეფასება უფრო უმტკივნეულოდ აღსაქმელი, დამაფიქრებელი და საგულისხმო იქნებოდა.

ქართველთა ზნეობის შესახებ არაერთ ქართველსა თუ უცხოელ მწერალს, მოგზაურსა თუ მეცნიერს დაუწერია. ქარჩხაძისეული შეფასებები გაგვახსენებს იმ დისკუსიასაც, რომელიც გურამ ასათიანის წიგნის, `სათავეების~, გამოქვეყნებას მოჰყვა. მაშინ აკაკი ბაქრაძე `მკვახე შეძახილით~ გამოეხმაურა და საყურადღებო დასკვნები შემოგვთავაზა. ჯემალ ქარჩხაძის მოგზაურს ჯერ კიდევ მანამდე მოეწონება და შეუყვარდება საქართველო, სანამ იქ წავა. მისი აზრით, ქართულ სახელებს `ტკბილი და სევდიანი სურნელი ასდით~. საქართველოში წამოსვლამდე ბართოლომეომ იმ ორიოდე ქართველის გაცნობა გადაწყვიტა, მის ქვეყანაში რომ გადახვეწილიყვნენ. მწერლისთვის ეს `გაცნობა~ საშუალებაა, თანამოძმეთა ღირსება-ნაკლი დაგვანახვოს. ქართველებს მაღალი თანამდებობები უჭირავთ, მაგრამ საკუთარი წარმომავლობის გამხელას უფრთხიან, ეშინიათ თანამდებობა არ დაკარგონ. ამ თვალსაზრისით, უფრო გულღია აღმოჩნდა მეკუბოვე, რომელმაც ენაც კი შეასწავლა ბართოლომეოს. საგულისხმოა, რომ ეს კაცი სულ საქართველოში დაბრუნებაზე ლაპარაკობს და ოცნებობს, სამშობლოს გახსენებაზე ცრემლებსაც აღვარღვარებს, მაგრამ დაბრუნებას მაინც ვერ `ახერხებს~. საქართველოში ჩამოსული ბართოლომეო ყურადღებას ამახვილებს ქართველთა თვალტანადობაზე, ქალების სილამაზეზე, განსაკუთრებით ბავშვების ანგელოზურ მშვენიერ სახეებზე. შეუნიშნავი არ დარჩება ქართველთა ხელმოკლეობა. თვალში მოხვდება ის, რომ აქ უცხოელებს რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით უყურებენ. ერთი უცხოელის აზრს მეტ ფასს სდებენ, ვიდრე ასი თავისიანისას, თუნდაც ასივე ბრძენი და საქმეში კარგად ჩახედული იყოს. რაც ყველაზე საოცრად მიაჩნია, ის არის, რომ ქართველნი ამგვარად სწორედ ისეთ საკითხებში იქცევიან, რაც მათ აშკარად უკეთ იციან. ბართოლომეომ ისიც შეამჩნია, რომ აქ განსაცვიფრებლად მღერიან და ისე არიან გაწაფული მელექსეობაში, მგონი თვით ჰომეროსსაც ტოლს არ დაუდებენო. ქართველი მთავარი ბართოლომეოს თანამემამულეთა გაუტანლობაზე გულახდილად უყვება: `შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა თან, გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი, ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო... ერთმანეთსა ვჭამთ~. საგულისხმოა მისი ეს დაკვირვებაც: `ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას ერთ მუშტში უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები, როგორიცაა ღალატი და თავდადება, სიძულვილი და სიყვარული, ლაჩრობა და სიმამაცე, ბოროტება და სიკეთე~.

მწერალი, რა თქმა უნდა, თანამედროვეობას ეხმიანება. სხვადასხვა დიალოგში ის დაუფარავად საუბრობდა საქართველოს კრიზისულ `ზნეობრივ ეკოლოგიაზე~: `ჩვენი განთქმული პატრიოტიზმი ფარსად იქცა, ჩვენი ცნობილი თავმომწონეობა-თვალთმაქცობად, ჩვენი მომხიბლავი არტისტიზმი _ ტაკიმასხრობად, ჩვენი ღირსეული სიამაყე ბაქიაობად. ჩვენ კვლავ მივადექით პროვინციალიზმის ჭაობს, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ტიტანური მეცადინეობის წყალობით ამოვედით. ჩვენმა ცრუმხატვრულობამ, ცრუპათეტიკამ, ცრუეროვნულობამ, ცრუპუბლიცისტიკამ, ცრუმორალმა ჩვენვე წაგვლეკა~. ეს ციტატა თავისი ტონალობითა და რიტორიკით ძალიან ჰგავს ბართოლომეოს დისკურსს, ასე რომ ეს პერსონაჟი მწერლის ალტერ ეგოა.

განსაკუთრებით საგულისხმოა მოთხრობის ერთი დეტალი. სოფელში, რომელთა მცხოვრებნი ავაზაკ დავითს შიშით მონურად ემორჩილებიან, არ მღერიან, არადა, ქართველებს სიმღერა უყვართ ჭირსა და ლხინში, მაშ რა ხდება? რისთვის დასჭირდა თხრობაში ამგვარი დეტალის შემოტანა ავტორს? აი, აქ გამოჩნდა მისი ორიგინალურობა. მისი აზრით, `დანაშაულის გრძნობა ლოდივით აწვათ და სინდისი ქენჯნიდათ. ეს ხალხი ყველგან და ყოველთვის მღერის, დამარცხებულიც მღერის, მშიერ-მწყურვალიც მღერის, შიშველ-ტიტველიც მღერის, ობოლ-ოხერიც მღერის, სიკვდილმისჯილიც კი მღერის. მხოლოდ ის ვერ მღერის, ვისაც სინდისი სუფთა არა აქვს~. მაგრამ როდესაც ტყუილი ხმა გავრცელდა დავითის სიკვდილისა და სოფელმა შვება იგრძნო, სიმღერაც მაშინვე გაისმა.

მოთხრობის დასაწყისშივე მწერალი მიათითებს თავის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ მითზე. ეს არის მისტიფიკაცია წიგნისა, შეიძლება ითქვას, რომ მითისა. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მოთხრობის დრო-სივრცეში არსებობს და, უპირველესად, დამაჯერებლობის ხარისხის გაზრდის ფუნქცია აკისრია. დოკუმენტალობის ილუზია მნიშვნელოვანია მკითხველის გულისყურის დასაპყრობად. ეს არის ვითომ ნაწყვეტი მთავარი მთხრობელის მიერ დაწერილი წიგნიდან, რომელსაც ჰქვია: `ისტორიები და ზნეჩვეულებანი, ანუ აღწერა ქვეყნებისა, რომლებიც ღვთის შეწევნით მშვიდობიანად მოიარა მოგზაურმა და ვაჭარმა ბართოლომეო დ’ ანიტიმ, მოთხრობილი ხსენებული დ’ანიტის მიერ დაწვრილებით და შეულამაზებლად~.

ეს შეიძლება, სიმბოლურად მიანიშნებდეს ჯემალ ქარჩხაძის მთელ შემოქმედებაზე, რომლის გაცნობისა და მთლიანად წაკითხვა-შეცნობის წადილი მკითხველს სწორედ ამ ნაწყვეტის წაკითხვამ უნდა გაუჩინოს. ეს არის ერთი ამბავი იმ უამრავ სხვა ამბავთაგან, რომლებიც მის შემოქმედებაშია გაბნეული. სხვაგან სხვა პერსონაჟები და სხვა დრო-სივრცული გარემო იქნება, მაგრამ მთხრობელი იქნება იგივე, ოღონდ სხვა სახელით. მთავარია, რომ ასახვის მანერა იგივე იქნება, იქაც ნანახ-გაგონილს შეხვდება მკითხველი და მწერალს მინდობილი აღარაფერში დაეჭვდება. ეს დაუეჭვებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ მკითხველმა გულში დაიმარხოს და დაიცვას ხშირად საკამათოდ ან აბუჩად აგდებული ზნეობრივი ღირებულებები: `ამქვეყნად ცოდვილს ისე არ დევნიან, როგორც უცოდველს~.

მწერალს არასოდეს ღალატობს ალღო, ზომიერების გრძნობა, `ახსოვს~ თავისი ვინაობა და არ ირგებს მქადაგებლის როლს. ფოლკნერი წერდა: `მწერლობის დანიშნულებაა, შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას... მწრლის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს~.

დაბეჭდილია: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=311

No comments:

Post a Comment