მაია ჯალიაშვილი
აკაკი მინდიაშვილის წიგზე `მე ვარ იესო, რომელსაც მდევნი~
სულიერება, სიბრძნე და სიყვარული ის საყრდენებია, რომლებიც ქმნიან აკაკი მინდიაშვილის, თანამედროვე თეოლოგისა და ლიტერატორის, წიგნების მრავალფეროვან სამყაროს. ჩვენი დროის ცივილიზაციის თავბრუდამხვევ რიტმში ჩართულ ადამიანს, მატერიალურ ღირებულებებზე მიჯაჭვულს, ხანდახან ზეცისკენ, ღვთიური გზა-კვალის შესამეცნებლად უბიძგებს მტანჯველი განცდა საკუთარი არსებობის მიზნის გაურკვევლობისა, მაშინ იღვიძებს იდუმალი მონატრება შორეულისა, რომელიც მას ტკივილთან ერთად ჩუმ სიხარულადაც ჩაეღვრება გულში, რომ მარტო და მიტოვებული არ არის ათასგვარი საცდურით სავსე ქვეყნიერებაზე, რომ ვარსკვლავები `მარადისობის ჭუჭრუტანებია~, როგორც ნიკო სამადაშვილი იტყოდა, რომ გონებისთვის მიუწვდომელი კანონზომიერების შემოქმედი ქმნის სიცოცხლეს და დრო-სივრცის უსასრულობის მომცველი `მზიანი ღამე~ მის არსებობასაც უკვდავების წყურვილითა და იმედით ავსებს.
ვინა ვარ? სად ვარ? საიდან მოვდივარ და საით მივდივარ? ეს ის თანამდევი კითხვებია, რომლებზე პასუხის ძიებასაც შეიძლება მთელი სიცოცხლე შეალიო და მაინც ვერ იპოვო. აკაკი მინდიაშვილის წიგნები კი მკითხველს ეხმარება ამ კითხვების ლაბირინთიდან თავდაღწევასა და სწორი გზის პოვნაში. ამ წიგნებში ადამიანი წარმოჩნდება ორ განზომილებაში: წარმავალსა და მარადიულში. შესაბამისად, ერთი მხრივ, იხატება მედინი დრო, რომლის მდინარებაში მოჩანან ეგზისტენციალური ტკივილები და ყოფით საზრუნავებს შეჭიდებული ადამიანები, მეორე მხრივ, ბიბლიური დრო, რომელიც ღვთის საუფლოს, ანგელოზებს, წმინდანებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს წარმოაჩენს. ასე იბმება კავშირი მიწიერსა და ღვთაებრივს შორის და ავტორის ფიქრი, ერთდროულად, მარადიულსა და წარმავალ პრობლემებს დასტრიალებს.
აკაკი მინდიაშვილის წიგნების სათაურების ერთი თვალის გადავლებაც ცხადყოფს ავტორის ყოვლისმომცველ თვალსაწიერს და სურვილს, ღვთის ნებითა და შემწეობით და იმ უხილავი მადლის წყალობით, რომელიც ყოველ მორწმუნეს უშურველად მიეცემა, გზა გაუკვალოს მკითხველებს ჭეშმარიტებისაკენ, სულის ცხონებისაკენ. ეს წიგნებია: `მე ვარ იესო, რომელსაც მდევნი~ (2014), `ღმერთს მეც ვუყვარვარ~ (2013), `გზა გულიდან უფლისაკენ~ (ორ ნაწილად, 2013), `სულს ნუ ჩავიქრობთ~ (2012), `სიკვდილიდან უკვდავებისკენ~ (2012), `კრიზისი~ (2010), `სად ვეძებოთ ბედნიერება~ (2010), `მოდით ჩემთან~ (2010), `შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე~ (2008), `ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია~ (2008), `ჩვენთან არს ღმერთი~ (2008), `მწუხარეთა ნუგეშისათვის~ (ორ ნაწილად, 2006, 2008). `საუფლო დღესასწაულები~ (განმარტება) (2006, 2004. 1998), `აბორტის ცოდვის, ჯოჯოხეთისა და ნუგეშის შესახებ~ (2005), `ღვთაებრივი და ეროვნული~ (1996).
აკაკი მინდიაშვილი შესანიშნავი ლიტერატურათმცოდნეა, ამას ადასტურებს მისი წიგნები: `ქრისტიანულ-რელიგიური მოტივები აკაკის შემოქმედებაში~ (2003), `ყოველდღიურობის მიღმა~ (ლიტერატურული წერილები თანამედროვე ქართული პროზის შესახებ, 1986), `მოგზაურობა მეხსიერების სამყაროში (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები და ლიტერატურისმცოდნეობითი ნაშრომები ქართული პოეზიისა და პროზის შესახებ, თბ. 1996).
ის არაჩვეულებრივი მთარგმნელიცაა და ეს კარგად ჩანს მის ნათარგმნ წიგნებში: წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკი, მთავარეპისკოპოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საღვთისმეტყველო ნაშრომები: `მეცნიერება და რელიგია~ და `სულის სამშვინველ და სხეული~ (2003) და წიგნი `დავუჯეროთ თუ არა სიზმრებს~.
მის ნაწერებში, ზოგადად, ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ განსასჯელი თემების მრავალფეროვნება, აზროვნების სიღრმე, რელიგიურ-ფილოსოფიური განზოგადებანი, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა, თანამედროვე პოლიტიკურსა, კულტურულსა და სოციალურ საკითხებში განსწავლულობა, არამედ ის ენობრივი დახვეწილობა, რომელიც დამახასიათებელია ამ ავტორისთვის. სწორედ ეს ენა, თან ხატოვანი და თან სადა, წარმოაჩენს მას, როგორც ჩვენი დროის გამორჩეულ მჭევრმეტყველსაც. ვისაც მოუსმენია მისი ლექციები, გადაცემები (საპატრიარქოს ტელევიზია `ერთსულოვნებასა~ და რადიო `იბერიაში~), დაგვერწმუნება, რა შთამბეჭდავია მისი მეტყველების სტილი, რომელიც შეაძლებინებს ნაფიქრი სიტყვებით ისე გამოხატოს, რომ მკითხველის გულსა, სულსა და გონებაში ღრმა კვალი დატოვოს. ამიტომაცაა, რომ მისი მოსმენაც და მისი წიგნების კითხვაც მკითხველს აძლევს სულიერ საზრდოს, რომელსაც ასე მოკლებულია დღევანდელი საზოგადოება.
ამ წიგნებში წარმოჩენილია დრო, გამთლიანებული წინაპრებითა და თანამედროვეებით, გამოკვეთილია დროის უწყვეტობის აუცილებლობა როგორც თითოეული ადამიანის, ასევე ერის, სახელმწიფოს თავისუფალი არსებობისათვის.
აქვე იმასაც ვიტყვით, რომ აკაკი მინდიაშვილი ძმა გახლავთ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილისა, გამორჩეული ღვთისმსახურისა, რომელიც სიტყვითა და საქმით თავდაუზოგავად იღწვის იმისთვის, რომ საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რწმენას მოჰქონდეს ადამიანებისთვის ხსნის იმედი და იმგვარი ბედნიერების განცდა, რომელსაც ვერანაირი მატერიალური შეჭირვება ვერ ჩრდილავს.
ამჯერად აკაკი მინდიაშვილის წიგნს `მე ვარ იესო, რომელსაც მდევნი~ (2014) წარმოვადგენთ. მასში თავმოყრილია წერილები ადამიანური ყოფის, რწმენისა და ურწმუნოების, ცოდვისა და მადლის, სიძულვილისა და სიყვარულის, სიკეთისა და ბოროტების, ხსნისა და წარწყმედის, ანგელოზურისა და ეშმაკეულის, სინანულისა და უსირცხვილობის, სინდისის ქენჯნისა და თავხედობის, ამპარტავნებისა და თავმდაბლობის, შემწყნარებლობისა და შურისძიების, პატიებისა და სინანულის, ერთი სიტყვით, ყველა იმ უმნიშვნელოვანესი თემების შესახებ, რომლებიც ჩვენი ყოფის თანამდევია და ჩვენს მეობას განაპირობებს.
მრავალმნიშვნელოვანია წიგნის სათაური. `მე ვარ იესო, რომელსაც მდევნი~
_ ეს სიტყვები უთხრა დამაბრმავებელი ნათლით მოსილმა ქრისტემ, რომელიც ქრისტიანების დასარბევად დამასკოსაკენ მიმავალ სავლეს გამოეცხადა. ეს ხილვა საფუძველი გახდა სავლეს პავლედ გარდაქცევისა. წიგნის წაკითხვისას გვეუფლება განცდა, რომ ასე ვდევნით, ჩვენ ყველანი, ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს ჩვენივე ცოდვებით გულებიდან და ვიხშობთ ყურს, რათა არ მოგვწვდეს ხმა უჟამო დრო-სივრცის გამჭოლი ხმისა: `რაისა მდევნი მე?~
წიგნს წამძღვარებული აქვს ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებიდან, რომელშიც წარმოჩენილია ქრისტიანობის არსი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველი როლი ყოველი ქართველის ცხოვრებაში: `რადგან ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას, იგი სხვა დინებით მიდის, რომელსაც სინდისის ქენჯნის გარეშე უშფოთველად მიუყვება ადამიანთა დიდი ნაწილი ისე, რომ ვერც აცნობიერებს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად.
ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფევლისა ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს... ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რათა სულის ცხონება მოვიპოვოთ~. ავტორი პატრიარქის ქადაგებებს არაერთხელ მოიხმობს საკუთარი თვალსაზრისის განსამტკიცებლად და მკითხველის დასარწმუნებლად.
სულის ცხონება _ ეს ამთლიანებს და ამტკიცებს აკაკი მინდიაშვილის ამ წიგნს, რომელშიც თანამედროვეობის აქტუალური პრობლემებია წარმოჩენილი. ჯერ კიდევ როდის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე მიმართავდა სოკრატე თანამოქალაქეებს დიდი გულისტკივილით: „პატივცემულო მეგობრებო, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქის, ათენის მოქალაქენო, აგრერიგად გამოჩენილნო თქვენი გონიერებითა და ძალაუფლებით, ნუთუ არ გრცხვენიათ, ასე ხელაღებით რომ იბრძვით ფულის მოხვეჭის, თქვენი პრესტიჟისა და რეპუტაციის გასამყარებლად, მაშინ, როცა სიმართლისა და სიბრძნის დასაცავად და თქვენი სულის საცხონებლად არავითარი ზრუნვისა და წუხილის ნიშნები არ გეტყობათ?“
აკაკი მინდიაშვილი ხედავს, რომ დღესაც, მეგაპოლისების ეპოქაში, არნახული ტექნიკური მიღწევების ვითარებაში, არ ეტყობათ ადამიანებს სულის საცხონებლად ზრუნვის ნიშნები. მისი მოსწრებული თქმით, `დღევანდელი კაცობრიობის შემეცნების საზღვრები ფართოვდება, მაგრამ სიყვარულის, ანუ ბედნიერების საზღვრები, ვიწროვდება~. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა დღეს ბედნიერებას მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭას უკავშირებს: `ფული მართავს ადამიანს და არა ადამიანი _ ფულს~. წერილში `თანამედროვე მსოფლიოს დიქტატორის შესახებ~
იგი წარმოაჩენს მატერიალურ სიმდიდრეს, როგორც თანამედროვეთა უპირველეს კერპს, უმთავრეს საფიქრალს. ამ თემას იგი რელიგიურ-ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავს და მსჯელობაში ბუნებრივად შემოიჭრება ფიქრი მიწიერსა და სულიერ სიმდიდრეზე, მოწყალებასა და გაცემაზე. ძველი თუ ახალი აღთქმისეული შეგონებებითა და განმარტებებით ავტორი თვალნათლივ წარმოუჩენს მკითხველს, თუ როგორ იქცა ფულის სიყვარული, როგორც პავლე მოციქული იტყოდა, `შენიღბულ კერპთაყვანისმცემლობად~: `დღევანდელი ადამიანი იმ უგუნურ მშენებელს ემსგავსება, რომელიც სახლს აშენებს ქვიშაზე და არა კლდეზე, ჩვენს შემთხვევაში, ფულზე და არა ქრისტეზე~. ამ გამალებული მშენებლობისას კი ივიწყებენ უხრწნელ ზეციურ საუნჯეებს, რომლებიც, როგორც ერთგული მეგობრები, მარადისობაშიც გაგვყვებიან, გვიშუამდგომლებენ, შეგვეწევიან ღვთის წინაშე~.
ავტორი ვერცხლისმოყვარეობის არაერთ მაგალითს იხსენებს (რა თქმა უნდა, იუდასა და მისთანებს) და ადამიანებს არწმუნებს, რომ გამდიდრდნენ, მაგრამ, უპირველესად, `ღვთითა და ღვთისმოსაწონი საქმეებით~ (ლუკა, 11,5). მათეს, ლუკას, მარკოზის, იოანეს სახარებები, აპოკალიფსი, დავითის ფსალმუნები, სოლომონის `ეკლესიასტე~ და იგავები და სხვა წმინდა წიგნები ავტორისთვის მთავარი სააზროვნო წყაროებია. ამ წიგნებიდან უხვად მოაქვს შეგონებები, რომლებიც მკითხველს აჯერებენ სულიერი სიმდიდრის მოპოვების აუცილებლობაში.
თანამედროვე მკითხველისთვის, რომელიც ხედავს, ფულის დიდ ძალას საზოგადოებაში, აქტუალური რჩება კითხვა: სიმდიდრე ბოროტებაა? ამ კითხვას ზედმიწევნით, უხვი მაგალითით პასუხობს ავტორი. რაც საგულისხმოა, მისი პასუხი არ არის მზა, არამედ მკითხველი თვითონ მიჰყავს გარკვეულ დასკვნამდე, მიმოატარებს ეჭვისა და გაურკვევლობის ბილიკებზე. ძიების ამ გზაზე გამოცანასავით აღმართულ ქრისტეს ნათქვამ ალეგორიას: `უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში~ (მათე
12, 23-24) იგი მრავალმხრივ უტრიალებს. მოიხმობს ეკლესიის მამათა საინტერესო და საგულისხმო განმარტებებს. მკითხველი სიტყვების მრავალმნიშვნელოვნების, სიტყვების სიმბოლურობის, სიტყვათა აზრობრივი სიღრმეების არსსაც ეზიარება.
მაგალითად, ნემსის ყუნწი ნიშნავს თურმე კუტიკარს (პატარა ჭიშკარს), რომელიც ძველად ქალაქის კარიბჭეში იყო დატანებული და ადამიანს მხოლოდ მოხრილს შეეძლო გავლა, ხოლო აქლემს, `უდაბნოს ხომალდს~ _ უდიდესი ტანჯვით. არაბები ასეთ კუტიკარს დღესაც `ნემსის ყუნწს ეძახიან~. წიგნში მოხმობილია ღვთისმეტყველ განმმარტებელთა მეორე ახსნაც, აქ იგულისხმება ხომალდის მსხვილი ბაგირი, რომელიც წვრილად დაშლილი თუ გაეტევა ნემსის ყუნწში, რაც იმას ნიშნავს, რომ მდიდარმა ქონება მცირე ნაწილებად უნდა გასცეს, რომ სასუფეველში შევიდეს. კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ავტორი ბიბლიიდან ცნობილი მდიდარი ადამიანების მაგალითებსაც იშველიებს და დაასკვნის: `იობი უმდიდრესი ადამიანი იყო, მაგრამ ცათა სასუფევლის მკვიდრი გახდა. აბრაჰამიც უმდიდრესი ადამიანი იყო, სოლომონიც, მაგრამ ღვთის მეგობრებად იწოდებიან. მდიდარი იყო იოსებ არიმათიელიც. მაგრამ არც ერთი არ იყო მონა სიმდიდრისა და სულში ინახავდნენ უანგარობას~, რომ `სიმდიდრე თავისთავად ღვთის წყალობაა~.
აკაკი მინდიაშვილის წერილები იმგვარადაა დაწერილი, თითქოს ცოცხლად ურთიერთობს მკითხველთან. მსჯელობისას ხშირად მიმართავს ასე: `ძვირფასო~, რაც ერთგვარად ანელებს მხილების მკაცრ პათოსს, დიდაქტიკურ ტონს და ავტორს მკითხველის თანამგრძნობელად და გულშემატკივრად წარმოგვიჩენს. თანაც, ყოველთვის, თვითონაც ხალხში გულისხმობს საკუთარ თავს და არასოდეს გამოაცალკევებს, როგორც შეუმცდარს. პირიქით, ბევრი შეგონებისა და დარიგების მიღმა იგულისხმება საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება. ეს ყოველივე კი ამცირებს მანძილს ავტორსა და მკითხველს შორის, რომელიც ხშირად ეჭვის თვალით უყურებს ზნეობასა და მაღალ იდეალებზე მქადაგებელს, თუ არ იგრძნობს რომ მქადაგებელი თვითონვეა აღმასრულბელი იმ ცხოვრებისეული ღვთისმოსაწონი წესებისა, რომელთა შესახებაც ასე ენაწყლიანად საუბრობს.
ამ წერილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელია ის, რომ ავტორი ყოველთვის წარმოიდგენს, სავარაუდოდ, რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს საღვთისმეტყველო საკითხებში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს და თვითონვე სვამს კითხვას. მაგალითად, სიმდიდრეზე მსჯელობისას შეიძლება ვინმემ იკითხოს: თუ ყველაფერი, სამყაროს მატერიალური სიმდიდრე ღვთის საკუთრებაა, მაშ, ჩვენი რაღაა? ავტორის პასუხი ზედმიწევნით სრული და გასაგებია. მკითხველის დასარწმუნებლად უამრავი მაგალითით განმტკიცებული, ეს მაგალითები მოყვანილია არა მხოლოდ წარსულის ცნობილ მოღვაწეთა, წმინდა მამათა თუ მოციქულთა ცხოვრებიდან, არამედ თანამედროვეთა ყოფიდანაც.
მკითხველთა ნაწილში გაჩენილ სასოწარმკვეთ კითხვასაც: სად არის ჩვენი ხსნა, რაში უნდა ვეძიოთ იმედი? რაზე ან ვისზე უნდა დავამყაროთ ჩვენი სასოება? _ მოძებნილი აქვს დამაჯერებელი პასუხი. ამ შემთხვევაში, ავტორი კაცობრიობის უდიდესი მოძღვრისა და მასწავლებლის, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს მოიხმობს: `ეკლესია საიმედო ზღუდეა. თუ ამ ზღუდის შიგნით ხარ, მაშინ სულიერი მგელი, ანუ სატანა, ხელს ვერ გახლებს. თუ გარეთ გახვალ, ე.ი. ქრისტეს და მის წმინდა ეკლესიას მოსწყდები და უეკლესიოდ იცხოვრებ, მოგიტაცებს და გაგანადგურებს. მაშ, ნუ აარიდებ თავს ქრისტესა და მის წმინდა ეკლესიას _ ამქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია~.
ავტორი საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად უხვად მოიხმობს მოციქულთა, წმინდა მამათა შეხედულებებს, აგრეთვე, `დიდაქეს~, რომელშიც თორმეტი მოციქულის ჩამოყალიბებული კანონებია მოცემული.
მნიშვნელოვან კითხვათაგან, რომლებიც დღეს საზოგადოებას აღელვებს, ერთ-ერთია, უნდა სჯეროდეს თუ არა ადამიანს ბედისწერისა? ამ თემაზე წიგნში ვრცელი წერილია. ავტორი მიმოიხილავს, თუ რას ნიშნავს თავისუფალი ნება, როგორ მჟღავნდება ის ყოფაში, რა არის წინასწარ განსაზღვრული და რა _ ადამიანზე დამოკიდებული. ავტორი იმოწმებს პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან ამ თემაზე გამოთქმულ თვალსაზრისებს და მკითხველს ზედმიწევნით განუმარტავს. აქ სწორედ ეს ახსნა-განმარტებებია მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ჩვეულებრივი მკითხველი სიღრმისეულად ვერ იაზრებს ამა თუ იმ საკითხს, ან კიდევ თავისი ცოდნისა და სულიერების შესაბამისად იგებს. ამიტომაც ყოველთვის გასათვალისწინებელია ავტორის რჩევა: `წმინდა მამათა შეგონებით, ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს და გვასწავლის და არ ვაიძულოთ ბიბლია, ისე ილაპარაკოს და ისე გვასწავლოს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი თავად ღმერთი გვესაუბრება~.
ადამიანები ხშირად ხედავენ წინააღმდეგობას იმაში, რომ თუ ღმერთმა წინაწარ განსაზღვრა ყველაფერი,
სადღაა ადამიანის თავისუფალი არჩევანი? მათეს სახრებაში ხომ წერია, რომ არც ერთი ბეღურა არ დაეცემა მიწაზე ღვთის ნების გარეშე, თავზე თმებიც კი დათვლილია (მათე 10,29-31). ავტორი მკითხველს უხსნის, რომ აქ მხოლოდ მოჩვენებითი წინააღმდეგობაა, `ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი, ყოვლადკეთილი, ყოვლადკაცთმოყვარე და ყოვლისმცოდნე ღმერთი~ ადამიანის თავისუფალ ნებას ძალას არ ატანს: `სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდეთ წინ, კურთხევა და წყევლა. და აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ~ (II სჯ.). სიცოცხლე ღვთის მოძღვრებაში მკვიდრობა და ამ მოძღვრების მიხედვით ცხოვრებაა. მსჯელობისას ავტორი იმოწმებს იოანე დამასკელს, ნეტარ ავგუსტინეს, პავლე მოციქულს და დაასკვნის, რომ `ღმერთს ყველას ცხონება სურს, ყველს გადარჩენა სწყურია, მაგრამ არა ჩვენი თანამონაწილეობის გარეშე~.
მსჯელობისას ავტორი მოიხმობს წმინდანთა ცხოვრებიდან მაგალითებს, რომლებიც ცხადყოფენ ღვთის განგებულებისა და ადამიანის თავისუფალი ნების არსებობას. ერთი ასეთი მაგალითია ეფრემ ასურის ცხოვრებიდან ის შემთხვევა, როდესაც მან ეჭვი შეიტანა ღვთის სამართლიანობაში, თუმცა მალე გაუნათდა გონება, ერთმანეთს დაუკავშირა სხვადასხვა მოვლენა და დაასკვნა, რომ ყოველი სასჯელი იყო გამოძახილი მის მიერ ჩადენილი, მაგრამ დავიწყებული ცოდვისა. ამგვარმა ფიქრმა გამოიწვია მისი `სულიერი მიწისძვრა~, როგორ ავტორი წერს ხატოვნად და სრულიად შეიცვალა.
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დილას ასტროლოგიურ კალენდარში ჩახედვით იწყებს. რადიო, ტელევიზია, ბეჭდური და ელექტრონული მედია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები _ სავსეა ინფორმაციებით, თუ რას აუწყებენ ვარსკვლავები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. შექმნილია უამრავი ბლოგი, რომლებზეც განთავსებულია ათასგვარი სტატია ასტროლოგიური წინასწარმეტყველებების შესახებ. ყოველივე ეს კი ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესსა და დაბნეულობას, მატერიალურ საგნებსა და მოვლენებზე მიჯაჭვულობას. სწორედ ამ აქტუალურ თემას ეხება წერილი `ასტროლოგიის, ანუ ვარსკვლავთმისნობის შესახებ~. ავტორი ამ პრობლემასაც მრავალმხრივ განიხილავს. მსჯელობისას, უპირველესად, ეყრდნობა წმინდა წერილს, წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის, წმინდა მამათა სწავლებას, წმინდა მსოფლიო კრების დადგენილებებს, დიდი სჯულის კანონს, წმინდა საღვთო გადმოცემებს, ასევე,
სარწმუნო მეცნიერულ დასკვნებს. ავტორი მოიხმობს წმინდა იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს: `ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა~ (10, 2-3). ავტორს მოჰყავს ბიბლიიდან არაერთი მაგალითი, როდესაც ასტროლოგიურმა, ე.წ. `საიდუმლო ცოდნამ~ დაღუპა ხალხი, მათ შორის, ბაბილონელები.
წერილში მხილებულია დღეს ცნობილი ასტროლოგების, პავლე და თამარ გლობების ანტიქრისტიანული ნააზრევი, წარმოჩენილია, თუ როგორ უკავშირდება ადამიანი ამგვარი ცრურწმენებით დემონებსა და დაცემულ სულებს, როგორ გადაუხვევს საღვთო გზიდან წარსაწყმედლისკენ მიმავალ მოჩვენებით ფართო გზაზე. ავტორი მდიდარ მასალას მოიხმობს ძველი აღთქმიდან, იმოწმებს მოსეს, დანიელს, ესაიას, იერემიას, სოფონიას და სხვა წინასწარმეტყველებს, ახალ აღთქმას, ტერტულიანეს და დაასკვნის: `ციურმა სხეულებმა თავიანთი არსებობით ღვთის სიბრძნე და მისი დიადი ძალა უნდა დაამოწმონ~. რა თქმა უნდა, ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები თავიანთ ზეგავლენას ახდენენ დედამიწაზე და აქ მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანთა ბედს განსაზღვრავენ.
იგივე თემაა განხილული წერილში `ისევ ასტროლოგიის შესახებ~, რომელშიც ავტორი მკითხველის სავარაუდო კითხვას თვითონვე სვამს: თუ ასტროლოგია დემონური ხასიათისაა, მაშინ სწორედ მოგვებმა, ანუ ვარსკვლავთმრიცხველებმა ვარსკვლავის გამოჩენით როგორ გაიგეს ის, რომ ქრისტე იშვა ბეთლემში? ამ საინტერესო კითხვას მოჰყვება ავტორის არაჩვეულებრივი მსჯელობა, მაგალითებით, ახსნა-განმარტებებით. იგი წმინდა მამების, იონე ოქროპირის, იოანე დამასკელის, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის და სხვა წმინდა მამებზე დაყრდნობით თვალნათლივ ასაბუთებს, როგორ უნდა გაიგოს მკითხველმა სახარების ეს ეპიზოდი. მკითხველი მოიხიბლება მსჯელობის სიღრმით, ხატოვანებით, ასოცაციური აზროვნების სიძლიერით. მოყვანილი არგუმენტები ისეა შერჩეული, რომ ყოველი შემდეგი აძლიერებს წინას და, საბოლოო ჯამში, მკითხველს არანაირი ეჭვი აღარ რჩება იმისა, რომ სახარებისეული ვარსკვლავი არ იყო უბრალო ციური სხეული, არამედ ღვთის ნებით მოვლენილი გონიერი ძალა, წმინდა ანგელოზი.
წერილში განხილულია აგრეთვე მეტად საინტერესო და პოპულარული თემა სვეტიცხოვლის ტაძრის კედელზე გამოსახული ზოდიაქოების შესახებ. ავტორის აზრით, უარსაყოფია ამ ფრესკის ყოვლადმკრეხელური და ცრუ-ასტროლოგიური ახსნა-განმარტებები და ის მოსაზრებაც, ვითომდა ქრისტემ თორმეტი წმინდა მოციქული ზოდიაქოს თორმეტი ნიშნის მიხედვით შეარჩია. ავტორი მკითხველს ურჩევს, გაეცნოს დეკანოზ ბიძინა გუნიას ამ თემაზე დაწერილ წიგნს `სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტი _ ზოდიაქოს რკალი~. წერილში, აგრეთვე მხილებულია ნებისმიერი სახის მკითხაობა და ახსნილ-განმარტებულია ამ საქმიანობის დემონურობა.
ამავე თემას ეხმიანება წერილები: `ჯადოსა და ჯადოქრობის შესახებ~ და `თამბაქოს, ანუ `ნელი მკვლელის~ შესახებ, რომლებშიც წარმოჩენილია, როგორ იღუპავს ადამიანი სულს, როდესაც მხოლოდ მატერიალური სამყაროს კანონებით, ხორციელი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და, ნებით თუ უნებურად, გაცნობიერებულად თუ უვიცობით, ეშაკს უკმევს საკმეველს, აღვიძებს საკუთარ არსებაში ბნელსა და ბოროტს და დემონებს უვარდება ხელში.
აკაკი მინდიაშვილის მსჯელობა არასოდეს არ არის სწორხაზოვანი. ერთი თემის განხილვისას შემოიჭრება მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, ასე რომ, მისი მსჯელობა ყოველთვის მრავალფეროვანია და ამომწურავი. მსჯელობისას განხილულია საწინააღმდეგო თვალსაზრისებიც, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მისი ნაწერები შეუნელებელი ინტერესით იკითხება.
რა წარმოქნის ერესს, მწვალებლობას, განხეთქილებას, სექტას, სხვადასხვა ცრუმოძღვრებას? ავტორი ამ მნიშვნელოვანსა და რთულ კითხვებზე პასუხობს წერილში `ცრუქრისტიანულ სწავლებათა შესახებ~. იგი ასეთი ხატოვანებით წარმოაჩენს ყოველგვარ ცრუსწავლებათა შემოტევას თანამედროვეობაში: `ქარები გამალებით სცემენ და ეკვეთებიან ხოლმე კლდეს, მაგრამ ქარები მიდიან და მოდიან _ ესაა ქარების თვისება_ მოვიდნენ და წავიდნენ, კლდე კი მტკიცედ და შეურყევლად დგას.
ასევეა ცრუ სწავლებანიც, ქარებივითაა _ მოდიან, ეკვეთებიან ეკლესიას, რომელიც უფალმა კლდესა ზედა დააფუძნა და ქარების მსგავსად, ცრუმოძღვრებანიც მიდიან. ეს კლდე უმტკიცესია, სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა და აჰა, უკვე ორი ათასი წელია მტკიცედ და შეურყევლად დგას~, რომელსაც `ბჭენი ჯოჯოხეთისანი~ ვერ ერეოდიან (მათე, 16,18).
წერილში მოხმობილია წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა და წმინდა მოციქულ პავლეს სწავლებანი, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ათასგვარი ცრუმოძღვრებისაგან, ცხვრის ტყავში გახვეულ მგელთაგან, რომელნიც ღვთის სახელით მკრეხელობენ და ადამიანს ჭეშმარიტების გზიდან გადაახვევინებენ. მარადიული მღვიძარება, წმინდა წიგნების კითხვა, სულიერ მოძღვართაგან დარიგებების მოსმენა და შესრულება, ერთი სიტყვით, ქრისტიანული ცხოვრების წესის აღსრულება მთავარი ფარი და საჭურველია.
ავტორი სვამს კითხვას: ჩვენ რა გვმართებს ქრისტეს წმ. მოძღვრების უარმყოფელთა და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ? პასუხი ლაკონური, ამომწურავი და, რაც მთავარია, სიყვარულით, თანაგრძნობით სავსეა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის, რომელიც ხშირად ლოცვას კი არა, ძალადობას მიმართავს ამგვარ გზასაცდენილთა მიმართ. ქრისტიანს კი მართებს: `ჭეშმარიტების ქადაგება, სიცრუის მხილება, ლოცვა მტერთათვის და ლოცვა ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთათვის, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარმყოფელთათვის, ჩვენი შეცდომილი დებისა და ძმებისათვის, მამაებისა და დედებისათვის, შვილებისა და შვილიშვილებისათვის, ანუ, ბოროტის წილ სიკეთის მიგება, რადგან შურისგება უფლის ძალაუფლებაშია, რომელიც ამბობს: `ჩემია შურისგება და მე მივაგებ~ (2სჯ.32,35).
ამავე თემას ეხმიანება წერილი `ტოლერანტობის ანუ შემწყნარებლობის შესახებ~. მასში მრავლად არის მოხმობილი ჩვენთვის ცნობილი და უცნობი მაგალითი ქრისტიანული შემწნარებლობისა საქართველოს ისტორიიდან, თანამედროვეობიდან, განმარტებულია, რას ნიშნავს ნამდვილი და არა მოჩვენებითი ტოლერანტობა. ავტორი მკითხველს შეახსენებს წმ. პეტრე მოციქულის სიტყვებს: `მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენ შორისაა, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებითა და ღვთისათვის სათნოდ~ (პეტრე 5,1).
სხვადასხვა წერილში არაერთგზის შეახსენებს ავტორი მკითხველს, რომ ქრისტიანობა ეროვნული ცნობიერების საფუძველია, ამიტომაც რწმენის რღვევა პირდაპირ აისახება ქართველისთვის, (და ნებისმიერი ერის წარმომადგენლისთვის), ყველაზე მნიშვნელოვან ფენომენზე, ეროვნულ იდენტობაზე, რომელიც დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. ამგვარ საფრთხეს გრძნობდნენ ქართველი მწერლები და მოღვაწენი, განსაკუთრებით, ილია, აკაკი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი. ამ შემთხვევაში, ავტორი მოიხმობს აკაკის ლექსის (`ნინოობა~) სტრიქონებს:
`ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
ქართველი აღარ სწერია~.
`საუკუნო ცეცხლი~ (მათე 25.41), `გარესკნელის ბნელი~ (მათე 25.30), `ცეცხლის გეჰენია~ (მათე 5.22) _ და სხვა ამგვარი სიტყვებითაა წარმოჩენილი ბიბლიაში საუკუნო წარსაწყმედელი, რომელიც შიშსა და ძრწოლას იწვევს მორწმუნეებში, მაგრამ ადამიანს სურს მეტი შეიტყოს სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ. წმინდა წერილის ცალკეული პასაჟი, ამ თვალსაზრისით, განმარტებას მოითხოვს, რათა უბრალო მკითხველმაც შეძლოს, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. სწორედ ეს ფუნქცია ენიჭება აკაკი მინდიაშვილის წიგნში გამორჩეულ წერილს `ჯოჯოხეთის შესახებ~, რომელიც ყურადღებას იქცევს საღვთისმეტყველო საკითხების ღრმა ცოდნითა და გააზრებით. ავტორი ყოველმხრივ განიხილავს ამ თემას, მოიხმობს ბიბლიის ეპიზოდებს, წმინდა მამათა ნააზრევს, წმინდა გადმოცემებს და მკითხველის თვალნათლივ წარმოუჩენს, ჯოჯოხეთის, როგორც არამატერიალური სუბსტანციის, გონებისმიუწვდომელი ფენომენის არსს. იგი მკითხველს ურჩევს წმ. იოანე ოქროპირის შეგონების გათვალისწინებას: `მოდი, ნუ უარვყოფთ გეჰენიის არსებობას, რათა მასში არ აღმოვჩნდეთ... მოდი, ყოველგვარ განმარტებათა გარეშე ვირწმუნოთ იგი და მუდმივად ვიფიქროთ და ვისაუბროთ მის შესახებ, მაშინ ცოდვებშიც ასე იოლად და სწრაფად აღარ ჩავცვივდებით. უმწარესი წამლის მსგავსად, ჯოჯოხეთის საშინელი სატანჯველების მუდმივი ხსოვნა განკურნავს და აღკვეთს ჩვენში ყოველგვარ ბოროტებას~.
როგორც ცნობილია, სახარებაში არაერთ მაგალითია ღვთის ერთგული ქალებისა, რომლებსაც არ გადაუხვევიათ ქრისტეს გზიდან და ბოლომდე ზიდეს რწმენის მძიმე ჯვარი. რა როლი და ფუნქცია აქვს ქალს ბიბლიის მიხედვით, ამის შესახებ მსჯელობს ავტორი წერილში `ურცხვი ქალების შესახებ და შესახებ იმისა, რომ ქრისტე მკაცრად ამხელდა მამაკაცებს, მაგრამ არა _ ქალებს და რომ ქრისტე გასცა კაცმა და რა ქალმა~. მასში უამრავი ქალის ცხოვრებაა წარმოჩენილი, მათ შორის, ისეთებისაც, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ადამიანთა დაღუპვაში, მაგალითად, დალილამ – სამსონის დაღუპვაში, ჰეროდიამ და სალომეამ _ იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთაში, ეგვიპტის კარისკაცის, ფოტიფარის ურცხვმა ცოლმა – იოსების საპატიმროში ჩაგდებაში და სხვ. მაგრამ აქვეა მაგალითები მენელსაცხებლე დედათა, მარიამ მაგდალინელისა, რომელსაც აღდგომის შემდეგ პირველს ეჩვენა უფალი, სისხლმდინარე დედაკაცისა, ქრისტეს სამოსლის შეხებით რომ განიკურნა, სამარიტელი დედაკაცისა და იმ ქალებისა, გოლგოთისკენ მიმავალ ესოს რომ მიჰყვებოდნენ და არც ჯვარცმისას მიუტოვებიათ უფალი ღმერთი. ავტორი ამ თემაზე განსაკუთრებით იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს, რა მნიშვნელოვანია ქალის როლი საზოგადოების ზნეობრივი სიწმინდისა და მომავალი თაობის აღზრდაში.
ქალის თემა ავტორისთვის მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც აბორტის საკითხზე მსჯელობს. ამ მტკივნეული თემის შესახებ მას არაჩვეულებრივი წიგნიც აქვს დაწერილი `ღმერთს მეც ვუყვარვარ~. ამ წიგნში კი ერთი წერილია `აბორტის შესახებ~. მასში ვკითხულობთ, რომ `თანამედროვე მეცნიერებამ დადასტურა ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ დედის წიაღში განაყოფიერებისთანავე ჩაისახება ადამიანი – ხატი ღვთისა. და ნათქვამიდან გამომდინარე, აბორტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ პერიოდში _ ეს გახლავთ მკვლელობა, დარღვევა ღვთის მცნებისა, ღვთის კანონისა: `არა კაც ჰკლა~. ავტორისთვის აბორტი ღვთის წინააღმდეგ ამბოხია, რომელიც ანადგურებს დედასაც და ერსაც, რომელსაც ცოდვები ამ გზითაც უმრავლდება.
ავტორს მკითხველის დასარწმუნებლად, რომ აბორტი მკვლელობაა, მოაქვს მაგალითები სხვადასხვა მეცნიერის ნაშრომიდან, გინეკოლოგ-პროფესორთა პრაქტიკიდან. იგი მოყვანილი მაგალითებით ცხადყოფს, რომ მუცლადმყოფი ჩვილი უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომლის მოსპობა დემონური საშინელებაა.
თანამედროვე საზოგადოებაში სხვა ცრურწმენებთან ერთად, საკმაოდ გავრცელებულია რწმენა სიზმრისა. დავუჯეროთ თუ არა სიზმრებს ან რა სახის სიზმრები არსებობს? ამ თემაზეა წერილი `სიზმრების შესახებ~. ავტორი იხსენებს იმ სიზმრებს, რომელთა შესახებაც საუბარია ბიბლიაში, მათ შორის, მსჯელობაა ძველი აღთქმის ადამიანთა, ეგვიპტის ფარაონის, მეფე აბიმელიქის, ბაბილონოს მეფის _ ნაბუქოდონოსორის და ლაბანის, Dდანიელ წინასწარმეტყველის, იოსებ მშვენიერის სიზმართა შესახებ. ახალი აღთქმიდან მოყვანილია მართალი იოსების, პილატეს ცოლის, პავლე მოციქულის ღვთივმომადლებული სიზმრები. წმინდა მამათა განმარტებებზე დაყრდნობით, ავტორი თვალნათლივ წარმოუჩენს მკითხველს სიზმრის მრავალმნიშვნელოვანი ფენომენის არსს, თუ როგორ განირჩევა ერთმანეთისგან, სიზმარი _ წინასწარმეტყველება, სიზმარი – ხილვა, სიზმარი
_ დემონის ხიბლში ჩავარდნა და სხვ. წერილში მოყვანილია ცოცხალი მაგალითები ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებიდანაც, რომლებიც ეშმაკებმა სწორედ სიზმართა მეშვეობით აცდუნეს. `მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა პაისი მთაწმინდელი გვირჩევს, რომ სიზმრებს არ შეიძლება მნიშვნელობა მივანიჭოთ, განურჩევლად იმისა, როგორი იქნება იგი _ სასიამოვნო თუ არასასიამოვნო~. ავტორი დაასკვნის, რომ `სიზმართდაჯერება და ყველანაირი მცდელობა, როგორმე შეიძინო სიზმართგანმარტების უნარი, უაღესად ცოდვიანი და უგუნურია~. სიზმრებთან დაკავშირებული საგულისხმო საკითხები უფრო დაწვრილებით განხილულია აკაკი მინდიაშვილის წიგნში; `დავუჯეროთ თუ არა სიზმრებს~.
`მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამაჩემი მევენახეა~, _ამბობს უფალი (იოანე 15,1). ქრისტეს პირველი სასწაული კანაში წყლის ღინოდ გადაქცევას უკავშირდება. ვაზი და ვენახი ქართველობასთანაცაა გაიგივებული, მით უფრო სამწუხაროა ის სენი, რომელსაც მემთვრალეობა ჰქვია. წერილში `მემთვრალეობის შესახებ~ ავტორი საუბრობს, თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას პიროვნებისა და საზოგადოებისათვის. მისი აზრით, გადამეტებული სმა ღვთისადმი მტრობა და უღმერთობის გამოხატულებაა. ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს პავლეს შეგონება, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი ნებადართულია ადამიანისთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია (I კორინთელთა, 10,23). მისი აზრით, ქართველობა თავისი მავნე ჩვევებით, ხშირად ემსგავსება უძღებ შვილს, რომელიც გართულია მატერიალურ სიამოვნებათა ძიებაში და უგუნურად ფლანგავს მამისგან ბოძებულ საუნჯეს, მაგრამ ერთხელაც იქნება, დადგება დრო სინანულისა და მამის სახლისკენ მოხედვისა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ძნელი, ვიწრო, მტანჯველი გზა შინისაკენ, რომელიც მამის პატიებით დასრულდება.
მთავარია შვილმა როგორმე იპოვოს საკუთარ თავში ძალა წამოდგომისა და იმ ნაბიჯების გადადგმისა, რომლებიც ხსნის გზაზე დააყენებენ. ავტორი მკითხველს სთავაზობს წმინდა დიმიტრი როსტოველის ქადაგებას `მემთვრალეობის ათი მწარე მტევანი~, რომელიც დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა თარგმნა. მაში წარმოჩენილია,
თანდათან როგორ დასცემს მემთვრალეობის დემონი ადამიანს, სულიერად გააპარტახებს, ღვთის მცნებებს დაარღვევინებს და ჯოჯოხეთისკენ გზას გაუყენებს. წერილში ძველი და ახალი აღთქმის მაგალითებით წარმოჩენილია ღვინისა და ვენახის სიმბოლური მნიშვნელობა, მათი სიწმინდე, ყურადღება გამახვილებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარზე, ქართველთა მხსნელზე. მოყვანილია წმინდა მამათა დარიგებანი _ ყოველივე ეს მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს მემთვრალეობაზე, როგორც სულის წარსაწყმედზე.
როგორ უნდა შევიმოსოთ ან რა მნიშვნელობა ენიჭება მატერიალურ სამოსს ჩვენს ცხოვრებაში? დღეს მოდის თემა ყველაზე აქტუალურია, უამრავი ჟურნალი, სატელევიზიო არხი და ამ საქმის ექსპერტი ყოველდღიურად ურჩევს ადამიანებს რა ჩაიცვან და დაიხურონ სხეულის უფრო მეტად გასალამაზებლად, მაგრამ ძალიან იშვიათად, ან საერთოდ ვერ მოჰკრავთ ყურს, რომ ვინმე საჯაროდ მატერიალურზე უფრო სულიერ სამოსზე ამახვილებდეს ყურადღებას. სწორედ ამ თემაზეა წერილი `მოდისა და სამოსის შესახებ~, რომელშიც მრავალმხრივაა ახსნილ-განმარტებული სამოსის ნამდვილი და ყალბი ღირებულება. წერილში წარმოჩენილია, რა ემოსათ ჩვენს პირველმშობლებს, ადამსა და ევას, სამოთხეში, რა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა მათ შემოსვას, საუკუნეთა განმავლობაში, როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება სამოსის მიმართ და დღეს რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ზღვარგადასული მოვლა-პატრონობა სხეულისა, მისი მორთვა-მოკაზმვა, ადამიანს აჯაჭვავს აწმყოს, წარმავალ წუთისოფელს და საერთოდ ავიწყებს მარადისობას, ღვთის სამსჯავროს, რომელზედაც ადამიანი მხოლოდ სულიერი შესამოსელით წარსდგება. მოდასთან ერთად, კიდევ რა ღირებულებები წარმართავენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას? ამის შესახებ უფრო დაწვრილებით საუბარია აკაკი მინდიაშვილის წიგნში `დროების სული და ახალგაზრდობა~.
ავტორი მოიხმობს წმ. ნილოს ათონელის წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანთა ცოდვების გამო, დრო დაჩქარდება, შეიკუმშება, რომ ბოლო ჟამის ადამიანებს მადლი განეშორებათ: `გონება დაუსნეულდებათ და ქალების გარჩევა კაცებისაგან მათი ურცხვი და უტიფარი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო გაძნელდება~.
წიგნში ავტორი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემასაც წარმოაჩენს. ის თვითონ არის ლექტორ-მასწავლებელი და სიღრმისეულად იცნობს დღეს სკოლებსა უმაღლეს სასწავლებლებში რას და რა მეთოდებით ასწავლიან. წერილში `დედ-მამის მაგინებელთა და შვილების მაწყევართა შესახებ~ დღევანდელობის მწვავე და მტკივნეულ თემებზეა მსჯელობა. ავტორი არკვევს, რა არის მიზეზი ახალგაზრდობის გინებისმოყვარეობისა და ბილწსიტყაობისა. მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ თავი და თავი აღზრდაა, საოჯახო და საგანმანათლებლო. წერილში `უღირსი შვილების შესახებ~ უამრავი მაგალითის მოხმობით წარმოჩეილია, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. აქვე წარმოჩენილია ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისიც, რომ მარტოოდენ სისხლით ქართველობა არ ნიშნავს ჭეშმარიტ ქართველობას: `რა სარგებელი ექნება ჩვენთვის, ვთქვათ, წმ. ვახტანგ გორგასლის, წმ. გრიგოლ ხანძთელის, წმ. თამარის, წმ. დავითის, წმ. ასი ათასი ქართველი მოწამისა და ექვსი ათასი წმინდა გარეჯელი ბერის, წმ. სამასი არაგველის, მარაბდის ველზე მომწყდარი ცხრა ათასი წმ. გმირი ქართველის, შოთა რუსთაველის, სულხან-საბას, დავით გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, ასიათასობით `უსახელო უფლისციხელის~ შთამომავლობას, თუ ჩვენ თავად არ მივყვებით ქრისტესმიერ გზას, რომელსაც ჩვენი მაღალღირსეული წინაპრები მიჰყვებოდნენ~.
ეს წიგნი, როგორც წვეთი ზღვაში, ისე წარმოაჩენს აკაკი მინდიაშვილის სხვა წიგნების არსსაც, მისი ინტერესების მრავალმხრივობას, საღვთისმეტყველო და რელიგიურ-ფილოსოფიურ განსწავლულობას, სხვათათვის ახსნა-განმარტების ნიჭს, მჭევრმეტყველებას, მსჯელობის შთამბეჭდავ სტილს.
ეს წიგნი (და აკაკი მინდიაშვილის სხვა წიგნები)
არა მხოლოდ საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ნებისმიერი მკითხველისთვის, უბრალო ქრისტიანისა თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევრისთვისაც,
რადგან მასში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია ახსნილ-განმარტებული, ზღვა მასალაა მოხმობილი და გაანალიზებული. იგი გონების საზრდოცაა და სულისაც. ეს ყოველივე რწმენის განმტკიცებისთვისაცაა და ქრისტიანული რწმენის არსში გასარკვევადაც.
ეს წიგნი ღვთისმსახურებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ქადაგებას დიდი ძალა აქვს, ეკლესიაში მისული მრევლი მღვდელს უსმენს და სჯერა მისი ყოველი სიტყვისა. კარგი ქადაგება პირობაა ადამიანის რწმენის გაძლიერებისა. ეს წერილები კი ენათესავება ქადაგებებს, რომლებიც მკითხველს გზას უკვალავენ საღვთო ჭეშმარიტებასთან მისაახლოვებლად და მარადისობის სუნთქვის შესაგრძნობად.
რა თქმა უნდა, ამ წერილში სრულად ვერ წარმოვაჩინეთ აკაკი მინდიაშვილის ნააზრევის სიღრმე და მრავალფეროვნება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მკითხველთა ფართო წრისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ეს სულის მარგებელი წიგნები. წერილს კი აკაკი მინდიაშვილის სიტყვებით დავასრულებთ: `მართალია, ეკლესია არსებობს დედამიწაზე, მაგრამ მიმართულია ზეცისკენ _ ცათა სასუფევლისკენ ¬_ ზეციური ეკლესიისკენ, იგი ცხოვრობს დროში, მაგრამ სუნთქავს მარადისობით!
როდესაც ტაძარში – ღვთის სახლში შევდივართ, დროიდან შევდივართ მარადისობაში, როდესაც ვტოვებთ ტაძარს, ვბრუნდებით დროში. ასე რომ, წარმავალ დროშივე უნდა ვისწავლოთ სუნთქვა მარადისობით. სწორედ ეს სუნთქვა, მარადისობის ჟანგბადი აკლია დღეს ყველაზე მეტად ამ პრაგმატულ, მერკანტილურ და ნეოწარმართულ ეპოქაში თანამედროვე ხელოვნებას, მწერლობას, პოლიტიკას და, საერთოდ, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს~.
დაბეჭდილია ჟურნ. „საგურამო“, #1, 2015.გვ. 57-65
No comments:
Post a Comment