Translate

Monday, November 9, 2015

ედგარ პოს მასტერკლასი



მაია ჯალიაშვილი
                                                       
                                        
             


მწერლებს, კრიტიკოსებსა თუ მკითხველებს არაერთხელ განუსაზღვრავთ ნამდვილი ლიტერატურის  შეფასების კრიტერიუმები, თუმცა საგანგებოდ ამ საქმისთვის შექმნილი სხვადასხვა მეთოდი თუ სტრატეგია მაინც ვერ მოიცავს და ამოწურავს მხატვრული სისტემის რაობასა და ღირსებას. ყველაფერი მაინც გულის, გონებისა და სულის საოცარი ნაზავიდან წარმოიშობა: ემოცია, შთაბეჭდილება, ფიქრი და კიდევ რაღაც გამოუთქმელი ნეტარების შეგრძნება, რომელსაც „ქაღალდის პერსონაჟთა“ ცხოვრებისა და განცდებისგან ვიღებთ.
ყველა ვიღაცისთვის წერს, შეიძლება ფართო აუდიტორიის ან მკითხველთა მცირე წრისთვის, ან მხოლოდ ერთისთვის, მაგრამ წერისას ითვალისწინებს მოსალოდნელ პასუხს, განცდას, ფიქრსა და ემოციას. წინასწარ ჩაფიქრებულმა მიზანმა შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ ირაციონალურ შემოქმედებით წვას ყოველთვის ჩრდილივით ახლავს რაციონალური „გათვლა“. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ედგარ პო, რომლის შემოქმედებასაც დღეს მთელი პლანეტა იცნობს.
წერილში, რომელსაც „კომპოზიციის ფილოსოფია“ დაარქვა, იგი ერთგვარ მასტერკლასს უტარებს პოეტებს (ახალბედებსა თუ გამოცდილთ), თუ როგორ უნდა განისაზღვროს წინასწარ მომავალი მხატვრული ტექსტის კომპონენტები, რათა სიტყვამ სრულყოფილად შეძლოს თავისი პოტენციალის ზედმიწევნით სრულად გამოვლენა და მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილების, ზემოქმედების მოხდენა. ამ შემთხვევაში, ნიჭი, რა თქმა უნდა, თავისთავად იგულისხმება. რაც შეეხება მუზას, როგორც აკაკიმ იხუმრა ერთხელ, ამ მსჯელობაში თვალსაც ვერ მოვკრავთ. თხზვისას წარმოქმნილი ექსტაზი გულისხმობს იმ ღვთაებრივი ძალების თანამყოფობასაც, რომლებიც მიწიერ ადამიანს ზეციური  „კარიბჭეების გახსნაში“ შეეწევიან, თუმცა მთელი ძალისხმევა მაინც თვით მთხზველზეა, როგორც რუსთველი ამბობს, „ბედი ცდაა“. სწორედ ამ მცდელობას აქცევს ედგარ პო უდიდეს ყურადღებას.
ედგარ პო მკითხველს უტარებს მასტერკლასს, როგორ შეიძლება შექმნა ისეთი ზემოქმედების ლექსი, როგორიცაა „ყორანი“, რომლიდანაც მთელი მოდერნისტული ლიტერატურა „გამოვიდა“.
პო ამჯობინებს ისეთნირ თხრობას, ამბის, ემოციის გადმოცემას, როდესაც მოსალოდნელი შედეგი წინასწარ იცის. უპირველესად, შემოქმედმა უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება იყოს ორიგინალური. მისი აზრით, ეს მკითხველთა ცნობისწადილის გაღვივების ყველაზე  ნათელი და იოლად მისაწვდომი ხერხია.  მისი სამიზნე ერთდროილად უნდა იყოს: გული, ინტელექტი და სული. შემდეგ იწყება არჩევა _ რა უნდა იყოს ორიგინალური: ფაბულა თუ ინტონაცია? რომელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს?
პო ავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ლიტერატურაშია: არა გვაქვს დეტალური, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი მოქმედება, თუ როგორ მიაღწია შედევრმა სრულყოფილებას.  ის გამორიცხავს „ექსტაზურ ინტუიციას“ და უკვირს, რატომ ერიდებიან პოეტები, თავიანთი დაუხვეწავი, აბურდული ფიქრების ლაბორატორიის გამოაშკარავებას. ამ დანაკლისის შესავსებად წერილში წარმოაჩენს საყოველთაოდ აღიარებული „ყორნის“ ანალიზსა და რეკონსტრუქციას, რათა მკითხველი დაარწმუნოს, რომ „მის კომპოზიციაში არაფერია შემთხვევითი ან ინტუიციური და რომ თხზულება თავიდან ბოლომდე მათემატიკური სიზუსტითა და სიმკაცრით არის გათვლილი“.
მაშ, ასე: პომ გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ლექსი, რომელიც დააკმაყოფილებდა ორი აუდიტორიის: ხალხისა და კრიტიკოსთა ­_ გემოვნებას. დღესაც ხელოვნებისთვის ეს ყველაზე აქტუალური და რთული ამოცანაა. პირველ რიგში, იგი დაფიქრდა ლექსის სიდიდეზე. მიიჩნია, რა რომ საჭიროა ერთიანი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ძლიერი მღელვარება ხანმოკლეა და დროში ვერ გაიწელება, ამიტომ ერთხელ დაჯდომაზე წასაკითხი სიდიდე შეარჩია (108 სტრიქონი).
შემდეგ დაისახა მიზანი: ყოფილიყო ყველასთვის გასაგები და აღსაქმელი ის მშვენიერება, რომელსაც ლექსით გამოხატავდა. მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო სიცხადე და უბრალოება. პოსთვის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ინტონაციის შერჩევა: „ყოველგვარი მშვენიერების უმაღლესი გამოვლენა მუდამ ცრემლს ადენს მგრძნობიარე მკითხველს, ამიტომაც მელანქოლია ყველაზე უფრო კანონზომიერია პოეტური ინტონაციებიდან“. ლექსის აგებისას საყრდენად გამოიყენა რეფრენი, ბგერითი და აზრობრივი მონოტონურობის აღმძვრელი, სიამოვნების გამომწვევი ერთგვარობა. მან გადაწყვიტა შთაბეჭდილება იმით გაეძლიერებინა, რომ ბგერითი მონოტონურობა შეენარჩუნებინა, მაგრამ აზრი გამუდმებით შეეცვალა. მაგრამ როგორი ინდა ყოფლიყო რეფრენი? უმჯობესი იქნებოდა მოკლე, სხარტი ერთსიტყვიანი რეფრენი. ასე რომ, ლექსი სტროფებად უნდა ყოფილიყო დაყოფილი და ყოველი სტროფი რეფრენს დაესრულებინა  _ ხმოვნებისა და მჟღერი თანხმოვნებით შედგენილს. ასე აირჩია სიტყვა „აღარასოდეს“ (Nevermore): „არსებითად, სიტყვამ თვითვე აღმომაჩენინა თავი“.
ახლა საჭირო იყო მოეძებნა საბაბი ამ სიტყვის ხშირ გამოყენებისა. მაგრამ ვის შეიძლება ეს სიტყვა ეთქვა ხშირად და მონოტონურად? ამან სიძნელე წარმოშვა:  გონიერი არსება ამას არ იზამდა და სავსებით ბუნებრივად დაიბადა იდეა თუთიყიშის შემოყვანისა, თუმცა შემდეგ იგი შეცვალა ყორანმა, რომელსაც ასევე „შეუძლია ლაპარაკი“.  ასე გაჩნდა იდეა ყორნისა, ავის მომასწავებელი ფრინველისა, მონოტონურად რომ იმეორებს ერთ სიტყვას ყოველი სტროფის დასასრულს მელანქოლიური განწყობის ლექსში.
ყველა მსგავსი თემიდან რომელი უნდა ყოფილიყო ყველაზე მელანქოლიური? რა თქმა უნდა, სიკვდილი. სწორედ ეს თემა იყო „ყველაზე მელანქოლიური და თან ყველაზე პოეტური“, თანაც ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც „სიკვდილი მშვენიერებას უკავშირდება“ _ „ყველაზე უკეთ ამას სატრფოდაკარგული მიჯნურის ბაგენი იღაღადებენ“. შემდეგ დარჩა საფიქრალი: როგორ დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის მგლოვიარე მიჯნური და ყორანი, ერთსა და იმავეს _ „აღარასოდეს“ _ რომ იმეორებს. ეს სიტყვა მას უნდა ეთქვა მიჯნურის ყოველი კითხვის საპასუხოდ. რადგან გამორიცხული იყო ყორნის გონიერება,  მისი „აღარასოდეს“ უნდა დატვირთულიყო იმ განსხვავებული შინაარსით, რომელსაც მიჯნურის სხდასხვაგვარი კითხვა გამოიწვევდა.  
ყორნისა და მიჯნურის შეხვედრის ადგილად პომ საგანგებოდ შეარჩია არა გაშლილი სივრცე ტყისა ან ველისა, სადაც მისი  გამოჩენა შეიძლება ბუნებრივი ყოფილიყო, არამედ ჩაკეტილი ოთახი, ქარიშხლიანი ღამე. ყორანი ქარისაგან გაღებულ ოთახში შემოფრინდება პატრონისგან დასწავლილი ერთადერთი სიტყვით, რომელიც მიჯნურის გონებასა, გულსა და სულში სასოწარმკვეთი მრავალმნიშვნელობით იტვირთება. ავტორმა წინასწარ დაგეგმა, როგორ გადააქცევდა ამ სიტყვას სიმბოლოდ, რომელსაც მკითხველი იდუმალი, მისტიკური სამყაროს რაეალობაში შემოწღევის განცდა უნდა გამოეწვია.  პომ პირველად კულმინაცია მოიფიქრა, ბოლო სტროფი, ადამიანური ყოფის ტრაგიკულობის გამომხატველი. მიჯნურის კითხვაზე, შეხვდება თუ არა  სულთა სამყაროში თავის მიჯნურს, რომელსაც ანგელოზური სახელი, ლენორი, ჰქვია, ყორანი გულგრილად და ცივად, გამყინავი ხმით უპასუხებს: აღარასოდეს! ამ კულმინაციამდე პომ მოიფიქრა სხვა კითხვებიც, რომლებიც კიბისებურად მაღლდებიან, მარტვილის თვითგვემის დარად, სრულ ნეტარებას რომ პოულობს ტანჯვასა და წამებაში, ამ თვითგვემით მიჯნური თითქოს ამართლებს თავის ასებობას, სატრფოს გარეშე სიცოცხლეს.
საგულისხმოა, რომ პომ ლექსის ყველა დეტალი ზედმიწევნით შეარჩია, რათა არ ყოფილიყო რომელიმე რითმასა თუ რიტმას თვითნებურად „მოყოლილი“. მაგალითად, ყორანი დასვა ათენას (პალადას) ბიუსტის თავზე.  ჯერ ერთი, სიტყვის მუსიკალურმა ჟღერადობამ მოხიბლა, მეორე, ბიუსტის მარმარილოსა და ბუმბულის კონტრასტს მაიქცია ყურადღება, თანვე მიჯნურის განსწავლულობას გაუსვა ხაზი, წიგნებში რომ ეძიებდა არსებობის მიზანს, ჭეშმარიტებას, ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხებს.  მან თავიდანვე უკუაგდო ფანტასტიკურობა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მკითხველს არ დაეკარგა რეალურობის შეგრძნება, ამავე დროს ჩრდილივით უნდა დაფენილიყო  საშიში და საბედისწერო მისტიკურობის განცდა, რომ ყოველივეს წარმართავს ბნელი ძალა, რომელსაც ვერავინ დააღწევს თავს: „და ყორანი აღარ მიფრინავს, კვლავ ზის პალადას თეთრ ბიუსტზე, ჩემი ოთახის კარს ზემოთ და მისი თვალები მოჰგავს დემონის თვალებს, როცა ოცნებობს და ლამპის შუქი, მის ზურს უკან რომ იღვრება, მის ჩრდილს იატაკზე აფენს. და ჩემი სულიც ამ ჩრდილიდან იატაკზე რომ დაცურავს, აღარ წამოდგება _ აღარასოდეს“.  
პომ გადაწყვიტა ვერსიფიკაციული ორიგინალურობისთვისაც მიექცია ყურადღება და ბეჯითი ძიების შედეგად, უკვე არსებულის ყარყოფის კვალდაკვალ, მოიფიქრა ერთ სტროფში სხვადასხვა მარცვლიანი სტრიქონების თავმოყრა და იმგვარი ეფექტების გამოყენება, რომელთაც წარმოშობდა რითმისა და ალიტერაციის სიუხვე. მართლაც, მან ამ „გათვლებით“ შეძლო მკითხველის მოჯადოება, სიტყვის შინაგანი მაგიისა და ენერგიის გამოვლენა.
„ყორნის“ მიმართ ინტერესი  ქართულ ლიტერატურაში მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე არ განელებულა, ამას მოწმობს მისი არაერთი თარგმანი, რომლებიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ ერთად შეკრიბა და ცალკე წიგნად გამოსცა (ერთი შედევრის ოცდაერთი ქართული თარგმანი). მასში მკითხველი შეხვდება „ყორნის“  სხვადასხვა სტილის, გემოვნების, ნიჭისა და ინტელექტის, პოეტური სტილისა და მანერის მთარგმნელებს: ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონ ტაბიძეს და სხვა თანამედროვე ავტორებს. ამ წიგნს თან ახლავს ზემოხსენებული მასტერკლასი ედგარ პოსი „კომპოზიციის ხელოვნება“ (პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანი).
ამგვარ მასტერკლასებს შემოქმედებს გულუხვად სთავაზობს გალაკტიონი, რომლის უამრავ ხელნაწერში ჩანს რაციონალური მუშაობის  კვალი შედევრების შექმნის გზაზე, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რჩება დიდი აფეთქების მსგავსად, იმ პირველი ბიძგის იდუმალება, რომელიც მხატვრულ სახეებს დროისა და სივრცის გონებამიუწვდომელი განზომილებებით სავსე  გაშლილ,  სიცოცხლით სავსე, მფეთქავ სამყაროდ აქცევს.

დაბეჭდილია: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=299

No comments:

Post a Comment