Translate

Sunday, October 22, 2023

ბავშვური თავისუფლების გემო (ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერის, რეზო ინანიშვილის მოთხრობათა მიხედვით)

 



           ბავშვებისთვის მშობლები ის სარკეები არიან, რომლებშიც არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სამყაროს ხედავენ, მათგან სწავლობენ სიცოცხლის უმარტივესსა და ურთულეს კანონებს, მათი გზით შეიცნობენ უნივერსალურ კანონზომიერებებს, თუმცა გაუცნობიერებლად. მხოლოდ მოზრდილ ასაკში გაიაზრებს ადამიანი მშობლების როლსა და ფუნქციას საკუთარი პიროვნებისა თუ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში. „მშობლის“ როლში ხშირად გამოდიან ბებიები და პაპები, ნათესავები თუ გარემო და საზოგადოება. მხატვრულ ლიტერატურაში არაერთი მაგალითია გოგონებისა თუ ბიჭებისა, რომლებიც დედისა თუ მამის მოსაწონებლად თავს არ ზოგავენ, რადგან ისინი მიაჩნიათ ჭეშმარიტების საზომად. ამგვარად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეზიარებიან კულტურას, მორალურ ღირებულებებს, ქცევის მოდელებს. ამჯერად რამდენიმე პატარა ბიჭი გვინდა გავიხსენოთ, დიდი გული რომ აქვთ და მზად არიან ცხოვრებას შეეჭიდონ. ჯეკ ლონდონის მოთხრობის, „საკრამენტოს ნაპირებზე“, პატარა ბიჭი უდიდეს სიმამაცეს გამოიჩენს, სხვა ადამიანებს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად გადაარჩენს, მაგრამ მხოლოდ იმაზე სწყდება გული, რომ მამას ეს ყოველივე არ დაუნახავს: „ბიჭი კმაყოფილი იყო, ამაყობდა თავისი საქციელით, სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა და რახან ეშმაკობისა არაფერი ეცხო, არც იმის ეშინოდა, საკუთარ თავს გამოსტყდომოდა ამაში. ერთ რამეზე კი სწყდებოდა გული _ნეტავ მამა მაინც ყოფილიყო შინ და ყველაფერი დაენახაო“. ეს მოთხრობის ფინალური ფრაზებია. მანამდე კი ვეცნობით მას ერთი ჩვეულებრივი დღის რაღაც მონაკვეთში, რომელმაც ის „კაცად“ აქცია, მიახვედრა, რომ ცხოვრებაში მთავარი გამბედაობა და სხვისი შეწევნის მზადყოფნაა, რომ ნამდვილი სიხარული ისაა, როცა ხედავ, შენმა გულადობამ სხვა ადამიანები განსაცდელისგან იხსნა. გარეგნობაში გამკრთალი ცეცხლისფერი მის ცეცხლიან გულს შეესაბამება: „ჯერისაც მამასავით წითური თმა, მკვირცხლი თვალები და ჭორფლიანი კანი ჰქონდა“. მას პატარა ჯერის ეძახდნენ, რათა დიდი მამა ჯერისაგან განესხვავებინათ. მთელი მოთხრობა კი იმაზეა, ქარიშხლიან დღეს, საშინელ ავდარში, როგორ გადაიყვანა მდინარე საკრამენტოზე საბაგირო გზით ცოლ-ქმარი, როგორ გადალახა შიში,  ტკივილი, მაგრამ მაინც შეძლო ყოველივეს გამკლავებოდა.  მას აქვს ხატი, რომელსაც ჰბაძავს, ეს მამამისია, რომლის არყოფნაში მის მაგივრობას სწევს, მის როლს ასრულებს. ამ შემთხვევაში, მამა-შვილის ურთიერთობა ჰარმონიულია, მაგრამ ხანდახან საქმე რთულდება, როდესაც ბავშვის მიერ შექმნილი წარმოდგენა მამაზე  სინამდვილეს არ შეეფერება.

უილიამ ფოლკნერის მოთხრობაში „ცეცხლისწამკიდებელნი“ სწორედ ამგვარი ვითარებაა. ბიჭს უყვარს მამა და აღმერთებს, ცდილობს, მის მხარეს იყოს სულ, მაგრამ წინააღმდეგობა მაშინ ჩნდება, როდესაც ბიჭის ანგელოზურ სულს სისხლი ვერ ჯაბნის. მიუხედავად მცირე ასაკისა, და, შესაბამისად, ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ის გრძნობს, მამის სისხლი ჩქეფს მასში: „სისხლი, რომლის ამორჩევა მისთვის არავის უკითხავს. სისხლი, უნდოდა თუ რა, მემკვიდრეობით რომ მიიღო. სისხლი, მის გაჩენამდე რომ ჩქეფდა მრავალი ადამიანის ძარღვებში და იღვრებოდა, ვინ უწყის, სად და რა ძალადობის, მხეცობისა და თუ ვნებათა ღელვის ჟამს“. მას აწუხებს, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობას იგრძნობს მშობელთან, მის გზას მაინც ვერ გადაუხვევს. ეს წინააღმდეგობა კი ნელ-ნელა გამოიკვეთება. პირველად მაშინ, როდესაც ბიჭი გრძნობს, რომ მამა მისგან მოსამართლესთან ტყუილის თქმას მოითხოვს. ბიჭს მამის გარდა, კიდევ ერთი ხატი აქვს_ ეს არის პოლკოვნიკი სარტიროსი, რომლის პატივსაცემადაც დაურქმევიათ მისთვის ეს სახელი. ფოლკნერი მისთვის ჩვეული ოსტატობით აღგვიწერს პატარა ბიჭის სულში ატეხილ ქარიშხალს. ის ხედავს, რომ მამა „დამნაშავეა“, ცეცხლს უკიდებს სხვის ქონებას და მერე სხვას აბრალებს, მაგრამ მაინც იცავს:  „მას უნდა, რომ სიცრუე ვთქვა, _გაიფიქრა ბიჭმა და კვლავ შეიპყრო დარდმა და სასოწარკვეთილებამ, _მეტი რა გზა მაქვს, უნდა ვიცრუო“.  როცა სხვა ბავშვმა დაუძახა მამამისს ცეცხლისწამკიდებელი, მაშინვე თავს დაესხა და ცხვირ-პირის დასისხლიანების ფასად შეეცადა მამის ღირსების დაცვას. მწერალი ხატავს მას, როგორც ჩვეულებრივ პატარა ბიჭს, მაგრამ თანვე ისეთ შტრიხებს გამოკვეთს, რომ მკითხველს უჩვეულოსთვის ამზადებს, მაგალითად, როცა ბიჭი ღამით ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მამას უკან მიჰყვება, მასში რაღაც ქვეცნობიერი ცვლილება ხდება. ის მამის სხეულს ბრტყელ, სისხლდაშრეტილ ლანდად აღიქვამს, რომელიც თითქოს თუნუქისაგან იყო გამოჭრილი. ამ მხატვრული სახით მწერალი ქვეტექსტურად მიგვანიშნებს, რომ ბიჭი გრძნობს, მამამისსს სული აქვს დაკარგული, ამიტომ მის კვალს მიყოლა მისთვისაც დამღუპველი იქნება. ეს არ არის გზა, რომელიც თავისუფლებისკენ მიდის. ბიჭი კი თავისუფლებას ესწრაფვის, ეს სიცოცხლის ენერგიაა მასში, რომელიც ვერანაირ ჩარჩოსა და ბორკილს ვერ ეგუება. ამიტომაც არის, რომ ერთხელ, როდესაც უფსკრულის თავზე ლერწამზე თამამად ჩამოკიდებული გაქანდ-გამოქანდა, „უეცრად დაეუფლა მარადისობასავით უსასრულო წამი, გამაოგნებელი რომ იყო თავისი საოცარი მნიშვნელობით, თითქოს ჟამთა სრბოლიდან ამოვარდნილიყო“. ამ პატარა ბიჭის გულში წარმავლობა და მარადისობა შესჭიდებია ერთმანეთს და ბიჭი გრძნობს, რომ მარადისობის მხარეს უნდა დადგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტებას, მამის სახით მოვლენილს, უნდა განუდგეს. მას აწუხებს, რომ შუაში იხლიჩება, თითქოს ორი ცხენის ძუაზე გამობმული.  გონიერი გული მის უმწიფარ გონებას გაქცევის არჩევანსა თუ ალტერნატივას სთავაზობს. მან ისიც არ იცის, რომ მამაცი მამის ხატი ყალბია, რომ მამამისი ომში წავიდა არა სიმამაცისთვის, არამედ ნადავლის ჩასაგდებად, „ხოლო ვის გაძარცვავდა, მტერსა თუ მოყვარეს, მისთვის სულერთი იყო“. ბიჭი რთულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, გაუსხლტება მშობელთა შემბოჭველ ხელებს, გააფრთხილებს ადამიანებს, რომ მათ ბეღელს ცეცხლს უკიდებენ და გაიქცევა. მის გაქცევას მწერალი უმშვენიერესი ბუნების ფონზე ხატავს. ბიჭი დილას ბორცვის თემზე მჯდარი ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფლების გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა, სინათლის მწვერვალს შეეხო: „იგი ბორცვიდან დაეშვა ქვემოთ, შავად აქოჩრილი ტყეებისაკენ, საიდანაც ისმოდა ჩიტების ჟღურტული, მათი ვერცხლივით წკრიალა ხმები, გაზაფხულის ღამის ამღერებული გულის ხშირი, ძალუმი ძგერა. ბიჭი უკან არ იხედებოდა“. ასოციაციურად ცოცხლდება ბიბლიური პარადიგმა, უკან მიხედვა აქვავებს. ბიჭი ძველი სამოსივით იხდის მამის ბნელ გავლენას, მის მორჩილებას და სინათლის გზას ადგება.

საინტერესო ფსიქოლოგიური ვითარება აქვს დახატული რეზო ინანიშვილს მოთხრობაში „13 წლის ბიჭი“, როდესაც ნათესავებისგან გამოქცეულ ბიჭს გულადად რომ მიიჩქარის შინისაკენ, წინ ღამის ტყე გადაეღობება. ის ვერ გადალახავს შიშს და რცხვენია ამისა, გრძნობს, რომ კიდევ უნდა გაიზარდოს, რათა ძალა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის დაცვისა: „სულ ცოტა ხნის წინ კი გმირად გრძნობდა თავს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი რამე დაიწყო, რაზედაც ვერც ერთი მისი ამხანაგი ვერ ამოიღებდა ხმას. ვერ შეძლო ამ საქმის თავის მობმა და ნელ-ნელა, მწარედ ჩამოსდიოდა სირცხვილის ცრემლი გაციებულ ლოყებზე. მკითხველი გრძნობს, რომ ეს ბიჭი ამ უმწეობას შემდგომში აუცილებლად გადალახავს, რადგან ჩანს, რომ მას საკუთარ თავთან ბრძოლა შეუძლია.

რეზო ინანიშვილის მოთხრობაში „უშიშარი ბიჭი იოსება“ დახატულია, ერთი შეხედვით, ყოველივეს მსხვრევისა და განადგურებისკენ მიდრეკილი ბიჭი იოსება, „პატარა ავი ეშმაკი“,  რომელსაც ერთი შემთხვევა თვალს აუხელს, გამოაღვიძებს და სწორ არჩევანს გააკეთებინებს. ერთხელ ყვავებს დაუბუმბლავი ბახალები დაუხოცა, რადგან ავი და ანჩხლი დედამისი ყვავების ჩხავილს აბრალებდა ფეხის დასხლტომას.   მოხუცი ეფემია პატარა ბიჭის   წინაშე ბედისწერასავით აღიმართა და გააფრთხილა: „არ გეშინიან, რომ დედაშენი ჩავარდეს ეგეთ დღეში, როგორშიც ეგ ყვავები არიანო?! _ მე არაფრისა მეშინიანო, _ ამაყად მიუგო იოსებამ, _ უარესს ვუზამ, ვინც კი დედაჩემს აწყენინებს, მე არაფრისა მეშინიანო! _ არ შეიძლება, არა, შვილო, ეგრეო, _ და წავიდა დედამკვდარიანთ დიდი ბებერი სინანულის თავის ქნევით“.  მიუხედავად ამ გოროზი სიჯიუტისა და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობისა, პატარა ბიჭის სიბნელისკენ მიდრეკილ გულში მინავლებულმა სინათლემ თავისი ძალა გამოაჩინა. ფიქრი კი ღამით სიზმრად იქცა: „წუხელ სიზმარში ის მკვდარი ბახალები დედაჩემს ეწყო წინა, დიდები, დაბერილები. დედაჩემი ტიროდა და იმ ბახალებსა ჰკოცნიდა. ერთი ბახალა მითომ ჩემი და იყო, ეთერა, ისიც ტიტველი, მკვდარი“. სიზმარმა კი ბიჭს თავისუფლების გზაზე ბოროტებისაგან განდგომის საბოლოო ნაბიჯი გადაადგმევინა, თანატოლთა თვალწინ მან თავი დაისაჯა: „როდესაც  _ აემ მარცხენათი ამოვსხი ის ბახალები ბუდიდან. ეხლა, მე რომ თვითონვე დავისაჯო თავი, ხო აღარაფერს დაუშავებს დედაჩემსა და ჩემ დას ღმერთი? ... მან ელვასავით სწრაფად ჩამოიკრა ხელისგულზე ქვის ფხიანი ნატეხი და ხელი ისევ მაღლა ასწია. ჩვენ შევხედეთ და შევძრწუნდით, _ უუხ, შენი! _ ხელისგულიდან თრთოლით მოსდიოდა ალისფერი მბრწყინავი სისხლი და დაკლაკნილ ტოტებად ჩამოსდევდა მაჯაზე“. მკითხველს აინტერესებს, ცხოვრებაში რას იზამენ ასეთი ბიჭები, რომლებმაც სიყმაწვილეშივე განიცადეს სულიერი მეტამორფოზა. სხვა მოთხრობებისგან განსხვავებით, აქ არის ამის პასუხიც. მწერალი  მკითხველის ნაცვლად სვამს კითხვას და თვითონვე უპასუხებს:    ახლა სად არის ის იოსება? ათას ცხრაას ორმოცდასამი წლის შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს გერმანელმა მეავტომატეებმა მოკლეს უკრაინის მიწაზე, როცა იერიშზე მიმავალი ქართულად ყვიროდა: „მიდიი! მიდი, ბიჭო, მიდიი!..“.

ასეთი მოთხრობებით (ჩვენ მხოლოდ ორიოდე გამოვარჩიეთ) ჯეკ ლონდონი, რეზო ინანიშვილი და ფოლკნერი მოზარდების სულში დატრიალებულ ქარიშხლებს გვიხატავენ და წარმოგვიჩენენ,  რა ბნელ და რთულ წინააღმდეგობებს გადალახავენ ბავშვები, რათა თავიანთ არსებაში სიყვარულის, სინათლისა და სიკეთის საწყისები გადაარჩინონ.  ამიტომაც წერს რეზო ინანიშვილი თავის მოგონებაში „ჯანი როდარზე“: „ბავშვებს, პატარა ბავშვებს, პირველ რიგში, უნდა ჩავუნერგოთ სიბრალულის გრძნობები-მეთქი. ამ პრინციპით არის დაწერილი მსოფლიოს ყველა საუკეთესო საბავშვო ქმნილება _ ანდერსენის ზღაპრები, ალისა საოცრებათა ქვეყანაში,  პინოქიო, ნელო და პატრაში, შვლის ნუკრის ნაამბობი, გიქორი და სხვა მრავალი. ბავშვებს უნდა ებრალებოდეთ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები. ბავშვები უნდა ზრუნავდნენ მათი სიკეთისათვის.

-------------------------------------------------------

წყარო: დაბეჭდილია: https://mastsavlebeli.ge/?p=37711


No comments:

Post a Comment