Translate

Thursday, November 23, 2023

რანაირ მტკივა...

მაია ჯალიაშვილი

                      

             (ტარიელ ხარხელაურის პოეტურ კრებულზე იქ, მიღმა...”, 1998)

 

     რანაირ მტკივა, ბეჭისთავს რომ ქვითინებს ქარი”,_იტყვის ტარიელ ხარხელაური და გაუჩნდება ბზარები რეალობის ჰორიზონტებს. ეს ქარი ააქანავებს სამყაროს, ახდის საბურველს და მკითხველის თვალწინ წარმოაჩენს ახალშობილივით უმანკოსა და ცინცხალს, პოეზიაში განწმენდილსა და გაკეთილშობილებულს. ტკივილი თითქოს ნათებას იწყებს და მის სიკაშკაშეში გამოიკვეთება პოეტის ნიღაბმოხსნილი სული. წამოიშლებიან სიცოცხლის მიღმა მიმსწრაფი ნატანჯი ფიქრები და და მოსაწყენი ყოფა უცნაური ხმაურითა და ფერებით აივსება. პოეტთა თაობების მიერ ნაგვემი და გაცვეთილი ქარი ახალ სახეს იძენს, იგი იხატება, როგორც პოეტის საფლავი, მზეზე აქანავებული. ამ მოხეტიალე საფლავიდან ხშირად აყირავებული მოჩანს ცხოვრება. ქარში გადასხეულებული პოეტი თითქოს საფლავიდან იშვის, როგორც ემბაზიდან ენერგიაშემატებული, ევლება კლდის მწვერვალებს, საჯიხვეებს, “უსასრულობას უსხეულდება”.

        ამ პატარა კრებულიდან მთელი სამყარო შემოგვყურებს მირიადი თვალებით. ნისლივით მიუყვება ჭალებსდღეთა სიფერმკრთალითგაბეზრებული პოეტი, მიჰყვება ღამის ბინდის ძახილს და ხვდება სასწაულს. მზერაგახსნილს ქვეყნის მეორე პირი წარმოუდგება_ხელუხლები და პირველყოფილი, ჩაესმის იდუმალი ხმები და სულს ეუფლება სიმშვიდე:

        დაჰნათის მთვარე

        ამორკალულ ყვავილთა ზურგებს,

       და ლეგა ღრუბლებს

       საჯიხვეზე მიაფენს ქარი”.

    ქართველ პოეტთაგან ბუნებამ მხოლოდ რამდენიმე რჩეულს გადაუშალა გული სამიჯნუროდ. უამრავნი კი მხოლოდ მოძალადეებად დარჩნენ და ამიტომაც პოეზიაში ცოცხალი პეიზაჟების ნაცვლად დეკორაციები მოხვავდა. ასე გადადიოდა ლექსიდან ლექსში სუნთქვაამოცლილი, უმოძრაო ხედები. ვაჟას ღირსეული მემკვიდრის. ტარიელ ხარხელაურის, პოეზიაში კი თითქოს წვიმა გადაუვლით გადახუნებულ ფერებს და ცოცხლდებიან. აქ ბუნება კი არა, ყოფა იქცევა დეკორაციად, ხოლო ბუნება_სრულყოფილ მსახიობად, რადგან ხელოვნება მაინც თამაშია და ოსტატობაც ამ თამაშის წესების ფლობაშია.

          ტარიელ ხარხელაურის ეს პატარა წიგნი გვაოცებს სწორედ დახვეწილი თამაშით_მოულოდნელი სახეებით რომ დამუხტულან სტრიქონები. ხშირად გვეგებება უჩვეულო. ხსოვნას აწუხებს ქარის ქროლაზე ჩაშლილი ყაყაჩო, პოეტს სტკივა მეხდაცემული ელდა, ელვაგაფატრული ღრუბლები. ყოფითობაზე ამაღლბული, რაღაცნაირად განწმენდილი ტკივილები ხიბლავს მკითხველს, მოსწონს მთის წვერზე ანთებული გვირილისხელა ვარსკვლავი, ჭალაში განმარტოებული თეთრი ცხენი და მარტოობის ამგვარი გამჟღავნება:

          შუბლთან გრილმა გამოჟონა ოფლმა,

           როგორ მიმძიმს, ცაო, მარტოდ ყოფნა”.

    თითქოს სამყარო დაცარიელებულა ადამიანებისგან და დარჩენილან მთები, ღრუბლები, ყვავილები, ნისლები. დიდებულია პოეტის ეს მარტოობა ღამის ბინდში. მისი მზერა ირეკლავს მერცხლის ბუდეებს, ჟამით გაფითრებულ ვერხვებს, ზეცის თავანებს. აქ არის ცხოვრება ლექსით. წუხილის სიმთვრალიდან იმზირება ამღვრეული სიცხადე:

          ცას მივადგი გაოფლილი შუბლი,

           ცა ცივია

           მძიმეა და ცივი.

           შორით ლანდი ჩამოვიდა ღრუბლის,

           ცას მივადგი გაოფლილი შუბლი,

           კივის ქარი,

           ქარი კივის,

           კივის...”

       სიცივის, კივილისა და ქარის შეწყვილებიდან ამოხეთქავს გულის გამყინავი მუსიკა, ჟრჟოლა დაუვლის მკითხველსაც გულში შემოვარდნილი უსასობის შიშით.

       ხან ისეთი წამლეკავია მარტოობა, ჯოჯოხეთურად აუტანელი, სიკვდილშიც რომ სწვდება ადამიანს და თავისი სასტიკი ბრჭყალებით ღადრავს:

           მომტვერისფერო ჩამოვჭერ გზები

            მდუმარე წავდექ მკვდართა ქვეყანას.

            მათ შორის ჩემი შევნიშნე ძვლები,

            სულ მარტო რიყის პირას ეყარა”.

      პოეტი წარმოსახვით არღვევს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას, რომ ტანჯვა გაიხანგრძლივოს. აი, საიქიოც: “მკვდრები თავ_თავის ლოდებზე ისხდნენ და მოუხმობდნენ ყმუილით სულებს”. შემზარავია და მიუსაფარი სიკვდილიდან სიცოცხლის ხმობა, ამიტომაც შემობრუნდება სიცოცხლისკენ პოეტი და თუმცა მოჩვენებითი და წარმავალი, მაგრამ მაინც სასურველი ზეიმის მასკარადში შედის მოგონილი სიხარულით.

       თუმცა, ერთგან წამოსცდება სიცოცხლე მდარეაო”, მაინც მისი პოეზია სხვას ამტკიცებს:

        განთიადს გაჰკაწრავს კრიახი გნოლის,

         მთა_მთა, ალაგ-ალაგ ნისლები აფენია.

         თითქოს ლომს ჩაუკრავს სივრცისთვის ტორი,

         ისეთი ნათელია”.

      პოეტმა იცის, რომ სიცოცხლე არ შეიცნობა მხოლოდ ცრემლებით, ამიტომაც ცდილობს სიხარულითაც მისი საიდუმლო კარიბჭეების გაღებას. ამ დროს ვგრძნობთ პოეტის ენერგიასა და ტემპერამენტს, საკუთარ თავში დაუტევნელობას. ცასა და მიწას ეხეთქება, იშლება, იფანტება, მერე ისევ შეიკრება და გამთლიანდება. სტრიქონებში შემოაქვს სივრცე და შორ მწვერვალებთან შეგუბებული მაცოცხლებელი ჰაერი.

     ეს ლექსები გვაჯერებს, რომ შეიძლება შვლის პირველქმნილი სინაზით სავსე ნაფეხურები დააჩნდეს მტვრიან და ტალახიან ყოფას. მართლაც, იწმინდება გონება და მთვარე ბუნების სწორფერ, მკერდსავსე დიაცად გარდაისახება. მერე პოეტი გაიტაცებს ამ მთვარესცისიერი სიფერმკრთალიდანდა პოეზიაში შედგება მათი მისტიკური ჯვრისწერა. პოეტი არ სჯერდება სამყაროს ისეთს, როგორიც არის და გარდაქმნის, საკუთარ წარმოსახვაში გამოტანჯავს და მერე გამოიტანს გარეთ პოეტურ ხატებად. აქთოვლქვეშ გამომწყვდეული წყალი ბუტბუტებს”, “დღე მთებს ენარცხება და ასე ჰლევს სულს”.

         აქ მკითხველი ისეთ ემოციებს ეზიარება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ვერასდროს განეცადა. პოეტთან ერთად უსმენსიდუმალ ხმებსდა იოლად გადააქცევს უსახურებას სილამაზედ. ეს კი მიიღწევა პოეტური ხედვის რაკურსის ცვალებადობით. სამყარო ხან ქარს დაუმორჩილებელი ფოთლის მზერაში ირეკლება, ხან წვიმაში, კლდის პირს ჭადრის სიჯიუტეში, ხან თოვლის სითეთრეში, ხან შემკრთალი ბეღურის ხმაში, ხან ცის მხარს შემხმარი მზის თვალებში, ხან ნისლმობურული ზღვის სილურჯეში. ნიავი კი არ დაქრის, კლდეებს ცრემლებს უშრობს.

        უღიმღამო, უფერებო ყოფა ირღვევა პოეზიით, მისი შარვანდედი დაეფინება პროზაულ გარემოს და გაკეთილშობილდება ირგვლივ ყველაფერი. მიწა თითქოს ცას მიუერთდება და იქმნება საოცარი ჰარმონია:

           ღმერთო, შემინდე,

            ვარსკვლავებიანი ცა

            კალოზე დაგდებული კევრი მეგონა”.

        პოეტი ხვდება, რომ სიცოცხლის საზრისი ყოველდღიურობის ამაღლებულობაშია, ყოფის ღირებულება კი მთვარის მიერ მდინარეზე გადაფენილი იფნების ნაგრილია და ნიავით აშრიალებული მძინარე ეზო. პოეტს მხოლოდ პოეზია აგრძნობინებს სამყაროს გაუბზარავ ერთიანობას.

        ჩვენი ნაცნობი ქვეყანა სულ სხვანაირი შემოგვეფეთება ამ ლექსებიდან და ცოტა ხნით გვავიწყდება წვრილმანი, პირადი ტკივილები, ხინჯიანი და ნაკლოვანი_ლამაზდება და მშვენიერის ნათელში წარმოჩნდება.

         ცა შრიალებდა, ვით იალქანი,

          შრიალებდა და ნიამორობდა.

          ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი,

         და დავუტოვე შიში ნაპრალებს.

          ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდნი

          და თოვლიან მთებს გადააფარეს”.

     ამ ლექსებიდან უსაზღვროს მოლოდინი შემოიჭრება, როგორც გულისმწაღები ამონაკვნესი ფლეიტისა. მასში შერწყმულია უფლის, იდუმალის, უცნობის ხილვის სურვილი. სიცოცხლე განიცდება, როგორც ტკბილ-მწარე მოლოდინი. ეს არის შორეულისკენ სწრაფვა და, იმავდროულად, შიში მასთან მიახლებისა. ტანჯვა და ვაება გადაწონის შეხვედრის სიხარულს. ღამის ტაძარში იშვებს პოეტი, გრძნობს, როგორ თრთიან ვარსკვლავები, ნესტიან სულის მღვიმეში შეხიზნულა მარტოსული და ნისლიანი თვალებიდან მოჭირხლულ ცრემლებს აფრქვევს. მკითხველი განიცდის სიყვარულს_მის უხილველობაში, მის სრულყოფილებაში, მის დამაბრმავებელ სიწმინდეში:

         საფლავთა შორის დადიოდა ნალევი მთვარე,

          და შეჰყინვოდათ მწუხარება ხმელ ტოტებს ვარდის,

          მე ხომ მიყვარდი, დედოფალო, ისე უსახო,

          როგორიც ჩემმა უძინარმა გონებამ შეგქმნა,

          მე ხომ მიყვარდი,

          ხომ მიყვარდი...”

    თითქოს ზარები რეკენ სამრეკლოდან და საღვთო ტრფიალებაში გამოიკვეთება ღვთისმშობლის სინათლიანი მზერა. იდება ხიდი პოეტის გულიდან ზეცამდე და სხეულს, როგორც დათოვლილ ყვავილს, დაეღვრება სითბო ულევად.

       აქ შთაბეჭდილება შთაგონებას იწვევს. პოეტის განცდებთან თანაზიარობა კი მკითხველის კათარზისს ედარება. იგი საიდუმლოს ზიარება. გოეთეს დარად, ოსკარ უაილდიც კათარზისს ესთეტიკურ ფენომენად მიიჩნევდა და არა ზნეობრივად. სწორედ ასე განიწმინდება მკითხველის სული ამ ლექსებში წარმოდგენილი მშვენიერი ხილვებით, ხატებით, მუსიკით, ფერებით:

            ვეფერე, იას ვეფერე,

           მკერდზე რომ ნამი ეფინა.

           მთებზე ტორტმანით ვიარე,

           ვლოკე ღრუბელთა ლანდები,

           არ გამოუჩნდა იარებს

           წყლულზე მალამოს დამდები.

           ცა ვარდისფერად შევფერე,

           ქარი ქარაფზე ვამალე

           და ისევ იას ვეფერე,_

           ჩემი ტკივილის სამარეს.

      ამ ფერებაში მკითხველიც გადასხვაფერდება. გული განეწმინდება და განეწყობა მშვენიერების თაყვანისცემისათვის.

       პოეტი ხშირადსაკუთარ თავში დაეხეტებადა მკითხველსაც დაატარებს თავისი სულის ყრუ ხვეულებში, მიუდგომელ მღვიმეებში, სადაც ცალ-ცალკე დაყუდებულან მისი სხვადასხვამეები”, ხშირად ერთმანეთისთვის უცხონი. ერთი თუ იის ფერხთით დამხობილა და ფოთლებს უკოცნის, მეორეს შურისძიება ისე მოსწყურებია, ნისლიც სისხლად ეჩვენება, გულიც სიკვდილს დახარბებია და ასეთ წუთებში წამოსცდება პოეტს:

         მაშ, გულის ბორგვა რის მაქნისია, ხანდახან სისხლით თუ არ იჯერე”.

      სხვამესთვისკი სიამაყეს ამოუშანთავს თვალები და თავის სათაყვანებელ ქარსაც კი არ აძლევსმკერდზე გადავლის უფლებას”.

      პოეტს არ სჭირდება ყალბი გრიმასები, რადგან მისთვის პოეზია ის შუაღამეცაა, როცა ყველამ ნიღაბი უნდა მოიხსნას და თავის თავს პირისპირ შეხვდეს. სწორედ ამგვარი მოულოდნელი შეხვედრისას ჩნდება შეუბრალებელი მხილება:

        და აგვდის სუნი შემზარავი,

        გახრწნილი მძორის...

        კომბოსტოს მწნილი,

        დაბალი შუბლი,

        სახლის ზღურბლს ვერგამცდარი ფიქრი

        და არფერი, არაფერი ამაზე იქით”.

  ეს არაფერი მაინც ლექსად არის ნაქცევი, რადგან რიტმი და რითმა სულს სხვაგვარად აშფოთებს.

        პოეტი თანაბრად არის მიწაზეც და ზეცაზეც. თითქოს დაჭიმულია გახლეჩამდე და მაინც ვერც ერთს ვერ თმობს. ნატურალისტის ფუნჯით იხატება მძიმე მოძრაობები_ ცხვრის გატყავება, სისხლიანი ხელების შარვალზე გაწმენდა, ნაწლავთა გაფეშხოვება, ხორციანი ქვაბის ცეცხლზე შემოდგმა. თითქოს სუნთქვასაც კი აძნელებს ქვაბიდან ამოვარდნილი ოხშივარი. მკითხველსაც გადაედება სახემოძმარული ღვთისავარის ჯავრი და გვესმის ციდან მიწაზე დახეთქების ხმა. მაგრამ პოეტი თითქოს ხანმოკლედ ჩამოისვენებს, ფრთებს გაისწორებს და ისევ ზეცას შეეხიზნება:

        როცა მინდვრები,

         მწვანე მინდვრები

         აინისლება მოიისფეროდ.

         შენ მომინდები,

         შენ მომინდები,

         შენ მომინდები, ჩემო სიმღერავ”.

      ნიშნეულია, რომ თითქმის არც ერთ ლექსში არ არის ჩაკეტილი, შემოზღუდული სივრცე, ჰაერით არის გაჟღენთილი სტრიქონები. ეს მოწმობს პოეტის სულის მისწრაფებას, დაარღვიოს სხეულის ზღუდე და გაიშალოს უკიდეგანოდ და სამყარო განიცადოს როგორც თავის სხეული, ან თავისი სახლი.

      პოეტი ხშირად აღმოაჩენს ხოლმე ისეთ შეხამებას, რომელიც იწვევს საოცარ ემოციას. თითქოს იმპრესიონისტის უცნობ ნახატს წააწყდით და მოგხიბლათ ელვარე ფერების მოულოდნელმა შერწყმამ:

         წითელ ყაყაჩოსთან თავდახრით

          დამდგარა კვიცი...

          ნეტავ თუ იცის,

          როგორ უხდებიან ერთმანეთს!”

   კვიცისა და ყაყაჩოს ურთიერთმოხდენა მკითხველს თვალწინ სამყაროს იდუმალ კავშირებს გადაუშლის.

     ამ ლექსებში ხშირად საგნებს ეკარგებათ პირველადი მნიშვნელობები და ახალ პოეტურ ღირებულებას იძენენ. პოეტური მზერის სინატიფე უმნიშვნელოსა და უსახურს სილამაზედ აქცევს. ერთ ლექსში მტვერში ჩაგდებული ღილის ნატეხი, მოგონებათა ნისლით გამთბარი, ძვირფას თვალივით ენთება.

      ქართულ პოეზიაში პატრიოტიზმის გამოხატვის ფორმები გვარიანად დეგრადირდა. მოჭარბდა სენტიმენტალური სატრფიალო ახსნა_განმარტებები, სათამადო პათეტიკა. ტარიელ ხარხელაურის პოეზიაში კი ეს სიყვარული ჩუმად ყვავის:

          ნაკვერჩხლებს თვალებში

           ჩაიმტვრევს თოლიგე

         და სერზე გადგება

         სული სძრავს მგმინავი.

          აკეცილ ნაბდებზე

          ქარები გმინავენ,

           ჩადგება მუხებთან

           ცრემლს ჰჟონავს კლდესავით,

           საფეთქლებს უბზარავს

          მამული მკვნესარი”.

      ფესვების ტკივილი ამოხეთქავს სტრიქონებიდან, ამაოდ შებღავის პოეტი წარაფებით დამავალ მზეს, სველ თვალებს მუხლისთავებით იწმენდს, დარდით დასეტყვილი ამაზრზენად აყმუვლებულ დროს უსმენს და თვალებში შეყრილი ნარ-ეკლით მზერაშეშლილი მოთქვამს და დაფარფატებს პეპელასავით, სამშობლოს დარად უიღბლო:

          და ჩემი ქვეყნის ხერხემალს

           მივეცრემლები სიფრთხილით,

           პაპათა ნასახლარებში

           მარტოდმარტოღა ვქვითინებ...”

     ქვეყნის ხერხემალს მიცრემლებული პოეტის სახე შთამბეჭდავად ამხელს პოეტის ტკივილიან სათქმელს.

ამ ლექსებში დროდადრო გვხვდებიან ადამიანები, მაგრამ რაღაცნაირად გამორჩეულები. თითქოს სიზმრიდან მოსულნი, არარეალურნი. შუაღამის ფონზე, როცა მთელ სოფელს სძინავს, წარმოგვიდგება მოხუცი საბა, რომელიც სიკვდილს ელის. და მისი ეს მოლოდინი ამხელს სამყაროში კაცის სიმარტოვეს.

       პოეტი გრძნობს ხეების, მთების, ყაყაჩოების დამოკიდებულებას ერთმანეთსა და თვითონ მისადმი. ამიტომაც გულგრილად ვერ ჩაუვლის თუნდაც  ბალახის პაწაწკინტელა ღეროს, აუცილებლად შენიშნავს:

        წვიმს.

         კლდეზე გადმომდგარა ცირცელი,

         ისეთნაირად მიცქერის,

         თითქოს მე მოვლიე მისი წილი სამზეო”.

      პოეტს არ უნელდება ბუნების მონატრების გრძნობა. მასთან არის, მაგრამ მაინც არ ბეზრდება, პირიქით, უმძაფრდება უფრო ახლოს მისვლის წყურვილი, რადგან ამგვარად აღმოაჩენს თავისი არსებობის გამართლებას, ბუნება ასწავლის მას ლამაზად სიცოცხლეს. ამიტომაც არის, რომ ამ პოეზიაში თვით ჩვეულებრივი ემოციებიც კი უცნაურად ბრწყინავენ:

           და ტალღებზე მზე ქანაობს ტივივით,

            ნელი, ოდნავ შესამჩნევი ქარია,

            ღრუბლის ჩრდილმა ჩაიარა მაღლობი,

            შენ არ ჩანდი, არსად, ჭიამარია,

            შენ არ ჩანდი და უშენოდ ვნაღლობდი”.

       ეს არ არის ყოფითი, მიწიერი ნაღველი, ეს პოეტური, ერთგვარად ესთეტიზირებული ნაღველია. ეს დარდი ამშვენებს კაცს და პოეტად აქცევს. ასეთი წმინდა განცდებით უხვად არის გაჯერებული ტარიელ ხარხელაურის ლექსები.

            სიბნელემ ფერი იცვალა,

             მთვარე რომ ენთო, ჩაქრა,

             არცა ვინ არ შემიწყალა,

             რა ვქნა”.

       ესრა ვქნაარ გულისხმობს მოძრაობას, შფოთიან ფაციფუცს, ამაოებასთან შეხლა-შემოხლას. პოეტი იმგვარ სიმშვიდეს ელტვის, ბუნებას რომ თან სდევს_აყვავებისა თუ ჭკნობისას. მგვარად იქარვებს წარმავლობის შიშს. ხვდება, რომ წუთისოფლის ბორბალი დაუდგრომლად მაინც იტრიალებს, იფიქრებს თუ არ თვითონ ამაზე. დასკვნაც, რომარარაისგან არაფერი არ წარმოქმნილა”, ანრაც არ იწყება, არასოდეს არცა მთავრდება”,_წერტილის დასმაა სამყაროს რაციონალური გზით შემეცნებისთვის. მხოლოდ პოეზიის, მშვენიერებად გარდაქმნილი სიცოცხლის გზით იხსნება საიდუმლო. ეს პატარა კრებული კიდევ ერთხელ ამხელს ირეალური, პოეზიის, მშვენიერების განზომილების არსებობას.

     ეს კრებული იმასაც ამტკიცებს, რომ ტარიელ ხარხელაურს ბევრი პოეტივით არ დაემართა სენი საკუთარი თავის გადამღერებისა. პირიქით, ახალ ინტონაციებს, სათქმელის ახლებურად გამოხატვის ამოუწურავ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. იქ, მიღმა... პოეზიის საუფლოში კიდევ ბევრი რამ დაყურსულა პოეტის ჯადოსნური თვალების შევლების მოლოდინში.          კრებულს ახლავს ამირან არაბულის მშვენიერი წინასიტყვაობა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, თუ როგორ უხდება კარგ პოეტს კარგი მკითხველი.

---------------------------

დაბეჭდილია წიგნში: მაია ჯალიაშვილისიცოცხლის საიდუმლო“ (ლიტერატურული წერილები), თბ. 2009

 

 

 


No comments:

Post a Comment