Translate

Tuesday, February 14, 2023

ლავანდის სიზმრები (გაბრიელე დიხლერის რომანი)

 

მაია ჯალიაშვილი


სამყარო ხმების, ფერებისა და სურნელის ნაირგვარი ვარიაციითა და გრადაციებითაა სავსე.  „ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!“
_წერს სოლომონი „ქებათა-ქებაში“ (2, 13) და თითქოს შეიგრძნობ იმ იდუმალ, გამოუცნობსა და მიმზიდველ სურნელს, რომელიც მეტაფიზიკური განზომილებისაკენ მიგიძღვება. არის რაღაც ირაციონალური, მისტიკური, შეიძლება ვთქვათ, საბედისწეროც, როდესაც რომელიმე უცხო სურნელი ადამიანის გულს, სულსა და გონებას დაიპყრობს და  თავის ნებაზე ათამაშებს.  

თანამედროვე გერმანელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, გაბრიელე დიხლერის რომანში „ლავანდის სიზმრები“ მთავარი თემა სწორედ სურნელით განსაზღვრული ბედისწერაა, რომელიც პერსონაჟებს  როლებს ურჩევს  და  იმ ნაცნობსა და თანვე უცნობ უცნობ სპექტაკლში ათამაშებს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. მარსელ პრუსტის რომანში „სვანის მხარეს“თავბრუდამხვევი  სურნელით სავსე ეპიზოდებია, რომლებიც მთავარ გმირს საკუთარი თავისა თუ სამყაროს და, რაც მთავარია,  დაკარგული დროის პოვნაში   ეხმარება.

პატრიკ ზიუსკინდმა ჟან-ბატისტ გრენუილი (რომან „სუნამოს“ მთავარი გმირის) სახით, როგორც პიტერ აკროიდი შენიშნავს, „სურნელების ვამპირი“ შექმნა, რომელიც  ადამიანებს სურნელის სულს ართმევდა და ამ ეშმაკეული გზით მომაჯადოებელ სუნამოებს ქმნიდა.

„ლავანდის სიზმრები“ სურნელის თემაზე დაწერილი მელოდრამატული რომანია, რომელიც მკითხველს სიყვარულის გზებზე ამოგზაურებს. მწერალი დეტექტივის ფანდების გამოყენებით უცნობ ადამიანებს ერთმანეთს შეახვედრებს და ეჭვის, ვნების, სიხარულისა და ტკივილის თანხლებით ცხოვრებას შეამეცნებინებს. სუნამო, რომანის მთავარ პერსონაჟებთან ერთად, თხრობის ინტრიგას ქმნის. სწორედ ის ხდება იმპულსი იმისა, რომ იულია შინიდან გავიდეს და ამ ოდისეით, უპირველესად, დაკარგული თავი იპოვოს.

თხრობისას მწერალი გამუდმებით ქმნის დაძაბულობას, მოლოდინის ჰორიზონტს აფართოებს, რათა მკითხველი გამოცნობისა თუ შეცბუნების ელდით პერსონაჟთა მოქმედებისა თუ ფიქრების ნაკადებში აქტიურად ჩართოს და აღწერილი მოვლენების თანამონაწილედ აქციოს. იულია დედის ზარდახშაში ნაპოვნი წერილის ავტორის საძებნელად საფრანგეთში ჩადის, სადაც პროვანსის პატარა ქალაქში პარფიუმერიის საიდუმლოებებს ეზიარება. ცხოვრება მას ახალ გამოცანებს სთავაზობს, გამოცნობის პროცესში კი ის არ მხოლოდ დედის ყოფილ  საყვარელს, არამედ თავის ნამდვილ სიყვარულს, ნიკოლასსაც ხვდება. ნაირგვარი სურნელი კი, ყვავილებისა, ბალახებისა, ხეებისა, წვიმისა და მზისა, დღისა და ღამისა,  ცისა და მიწისა თხრობას შლეიფივით თან დაჰყვება.

ფრანგი პარფიუმერისა და ავტოკატასტროფაში დაღუპული დედის სასიყვარულო ამბების ძიებისას იულიას თვალწინ თვითონ ცხოვრება გადაიშლება აქამდე შეუმჩნეველი ნიუანსებით. მდიდარი წარმოსახვის იულია, რომელიც  მხატვარ-დიზაინერია, რეალობას ილუზიით ამრავალფეროვნებს, ეს ეხმარება მას დედის წარსული სასიყვარულო ლაბირინთის ხვეულებში თავისუფლად იაროს და არიადნეს ძაფად ის სურნელი გამოიყენოს, რომელიც  ბნელში ნათელივით მიუძღვება.

რომანში კინოკადრებივით ენაცვლება ეპიზოდები ერთმანეთს. მწერალი ცალკეულ დეტალებს ისე ამუშავებს და ამონტაჟებს, რომ მკითხველს არ უნელდება დაძაბული ცნობისმოყვარეობის განცდა. ახალგაზრდა გერმანელი ქალისთვის დედის ჩახლართული  ამბების  გამორკვევა მოულოდნელად სხვა, უფრო ღრმა მიმართულებას იძენს და იდენტობის ძიებად გადაიქცევა, რაც მსუბუქ თავგადასავალს ტრაგიკულ ნიუანსებს სძენს და ბედისწერის ძალასაც უფრო  გამოკვეთს.

დედის ავტოკატასტროფაში დაღუპვა იქცა მისთვის ერთგვარ ეგზისტენციალურ ინფორმაციად, რომელმაც მისი აზროვნება შეცვალა. მან თავის დალაგებულ, ერთი შეხედვით, ბედნიერ ცხოვრებას ეჭვის თვალით შეხედა. ოჯახი, მეგობარი, სამსახური, შეყვარებული _  ყოველივე ეს, რაც მას ცხოვრების მთავარ საყრდენებად მიაჩნდა, თითქოს შეირყა და  ფიქრის ახალი ჰორიზონტები გამოაჩინა.  ფრანკი, იულიას საქმრო, ამჩნევს იულიას მოულოდნელ მეტამორფოზას და ცდილობს სიტყვებით გამხნევებას, თუმცა ვერაფერს აღწევს, რადგან, ამ შემთხვევაში, ეს გარეგანი დახმარება ქალს მაშველ რგოლად ვერ ექცევა. მან თვითონ უნდა გაიკვლიოს გზა უცნაურად და საბედისწეროდ აბობოქრებულ ცხოვრების ზღვაში და ნაპირსაც დამოუკიდებლად მიაღწიოს. მხოლოდ ამგვარად გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც გარემოებებმა ჩააყენა.

იულია იცვლის თავის ყოველდღიურ სამოძრაო სივრცეს, თითქოს გადის  რუტინული ყოფის ჩარჩოებიდან. საფრანგეთში წასვლა მისთვის საკუთარი თავის ახალი რაკურსით შეხედვის შესაძლებლობას აჩენს. ეს განსხვავებული პეიზაჟები, ჰაერი მას გონების თვალს უხელს და ისეთ რაღაცებს დაანახვებს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა. ამგვარად, მწერალი ქალის სულის სიღრმეებსაც ფსიქოლოგიური ნიუანსებით დაგვანახვებს. ის ახერხებს, რომ მკითხველი მთავარი გმირების მღელვარების თანამონაწილედ აქციოს.  „შეყვარებულები და შეშლილები ზოგჯერ ირაციონალურად მოქმედებენ“, _ ეუბნება მეგობარი ქალი მარენი იულიას. მართლაც, იულია გულის კარნახს უფრო მიჰყვება, ვიდრე გონებისას, რადგან გრძნობს, რომ  შემთხვევითობად წოდებულ მოვლენებს უხილავი ძაფები აკავშირებთ ერთმანეთთან და ხანდახან სწორედ მისტიკური თამაშობს უდიდეს როლს ცხოვრებაში.

იულიას თვითჩაღრმავების გზაზე უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური დეტალია დედის სიკვდილში საკუთარი თავის დადანაშაულება. სინდისის ქენჯნა მას არ ტოვებს და ეს სულიერი ტკივილი მისი კათარსისის დასაწყისად იქცევა, სწორედ ეს შეგრძნება იქცევა მძლავრ იმპულსად, რომ მან გარეგანი მზერა შინაგან სამყაროში, სულისკენ  მიმართოს.

რომანში ორი ოჯახი პარალელურად იხატება, იულიასი და ნიკოლასისა. ამ ფონზე გერმანული და ფრანგული კულტურების განსხვავებულობისა და მსგავსების ურთიერთგადაკვეთის წერტილებიც წარმოჩნდება.  ძალიან საინტერესოა ფრანგი პარფიუმერის, ანტუან ლეფორის სახე, მის მიერ აღქმული სამყაროს ფერადოვნება. „გეგონება ვიღაცას ვედროებით ყვითელი საღებავი გადაუსხამს სამხრეთ საფრანგეთისთვის“, _ გაიფიქრებს აღტაცებული ანტუანი, როდესაც მიმოზებით გადაყვითლებულ ბორცვებს გახედავს. ამ მცენარეთა მოტკბო სურნელი და უდარდელად მოთამაშე ბეღურები მას ბავშვობას ახსენებენ. მწერლისთვის კი ეს ხერხია, კარგად დაგვანახვოს, როგორ იქცა ის  სურნელებათა ექსპერტად, სუნამოების შემქმნელად. სხვადასხვა სურნელით თრობა მას ენით გამოუთქმელ ნეტარებას ანიჭებდა და  ეს ნიჭი მან თავის ხელობად აქცია.  მკითხველიც ესწრება სხვადასხვა არომატის შერწყმით ახალი მომაჯადოებელი სურნელის შექმნის პროცესს.  აღწერილი პასაჟების სიღრმეებიდან ღვარად მოედინება ჟასმინისა თუ ლავანდის სურნელი.

საინტერესოა ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე მხატვარ ნიკოლასის სახე. მიუხედავად მამის დიდი სურვილისა, მან პარფიუმერობას მხატვრობა არჩია, თუმცა იულიასთან შეხვედრა, მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოთა ძიება და სხვა მოულოდნელი ამბები მასაც ბევრ რამეზე დააფიქრებს. იულიასა და ნიკოლასის სიყვარული კი სუნამოებთან დაკავშირებულ ახალ იდეებს ბადებს. ნიკოლასი მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და დახვეწილ, მდიდრულ, მაცდურ  სურნელს შექმნის, რომელიც  ნაზი სიყვარულისა და იმედის სასიამოვნო განცდებს აღძრავდა.  

რომანში სურნელი თითქოს ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების სურვილს, თანვე, პიროვნული   ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ მარტოობის წყურვილის გაღვიძებასაც. ის მედიტაციისთვის მშვენიერ მეტაფიზიკურ სივრცეს ქმნის. კამილე ეუბნება იულიას, რომ ლავანდის ლილისფერ ყვავილთა სურნელს  შეუძლია  არა  მხოლოდ სიმშვიდის, არამედ ჯადოსნურ სიზმართა გამოწვევაც.  ეს რომ მხოლოდ მითი და ლეგენდა არ არის, იულია თვითონაც გამოცდის, ლავანდის სიზმარს ნახავს, რომელიც ცხოვრებას გადაეწვნება, ყოველდღიურ ხიფათებს გადაალახვინებს და ბედნიერებასთან შეახვედრებს.

რომანის ბოლოს მწერალი თან დაურთავს „სამადლობელს“, რომელშიც კარგად წარმოჩნდება ის იმპულსები, რომლებმაც მას  „სურნელოვანი“ სასიყვარულო ამბების შეთხზვისკენ უბიძგა: „მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ბებიას ბაღი აღმოვაჩინე, სურნელის შეყნოსვა ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად იქცა: იასამნების და ვარდების, ახლად დაკრეფილი მარწყვის, თვით მიწის სუნისაც კი. მოგვიანებით კი, სუნამოებმა დამანახვა სამყარო თავისი მრავალფეროვნებით. სურნელების საოცარმა შეგრძნებამ და სიყვარულმა  შთამაგონა ამ რომანის დაწერა. ანტუან ლეფორსა და მის ვაჟ ნიკოლასზე საჭირო ინფორმაცია მოვიძიე ჟან-კლოდ ელენის წიგნში „სუნამო _ გზამკვლევი სურნელთა სამყაროში“. მართლაც, სასწაულია, იმდენი საინტერესო მასალის მოძიება შეიძლება არომატებზე“. „ლავანდის სიზმარი“  შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა.

რომანის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს მიხაკის, ვარდის, ვანილის, მიმოზას, ჟასმინის და სხვა ნაცნობ-უცნობ ყვავილთა სასიამოვნო  სურნელის  ნაკვალევი რჩება სულსა, გულსა და გონებაში.

-----------------

წყარო: დაიბეჭდება ელექტრონულ გამოცემაში  mastsavlebeli.ge

 


 #თანამედროვე#რომანი#გაბრიელე#დიხლერი#მაიაჯალიაშვილი#მაიამირიანაშვილი

 

No comments:

Post a Comment