Translate

Wednesday, February 1, 2023

ტყის მითოპოეზია (ფოლკნერის „დათვი“)

 

მაია ჯალიაშვილი

 


 




ფოლკნერის შემოქმედებაში ადამიანური „გულის ჭიდილის“ პრობლემები მორალურ-ზნეობრივ კონტექსტებშია წარმოჩენილი. მწერლისთვის მნიშვნელოვანია დახატოს, რა ცვლილებებს იწვევს ადამიანში სინდისის  ხმის მინავლება. ხანდახან ნებით თუ უნებლიე  ყურის წაყრუება იმ შემაშფოთებელი, გამომაფხიზლებელი იმპულსისთვის, რომელიც ადამიანს გულგრილობის ძილს არ აცლის და გამაღიზიანებლად რეკს, როდესაც რაიმეს შეამჩნევს, რასაც ადამიანის სულის შემღვრევა შეუძლია.

ფოლკნერის მოთხრობა „დათვი“ მრავალმხრივ გამორჩეული ნაწარმოებია, მაგრამ მასში მთავარი განგაშის ხმაა, რომლითაც მწერალი ცდილობს მკითხველი მოახლოებული კატასტროფის შესახებ გააფრთხილოს. მწერლობასა და მეცნიერებაში დიდი ხანია, დარისხულია ზარები, რომლებიც ადამიანს ეკოლოგიურ საფრთხეთა შესახებ ატყობინებენ, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდება ბუნების გაჩანაგება-გაპარტახება, მისთვის სულის წართმევა. ხელოვნურად გაშენებული ტყეები და ბაღები დედამიწის ფილტვებს თითქოს შვებას აძლევენ, მაგრამ უმთავრესი მაინც ბუნებრივად არსებული მდიდარი გარემოს შენარჩუნებაა.

ამ მითოპოეტური მოთხრობა „დათვის“ მთავარი გმირი ტყეა, თავისი უცნაურად მომაჯადოებელი ხმებითა და სურნელით. მისი კითხვისას, რა თქმა უნდა,  უპირველესად, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გაგვახსენდება, მის პოეზიასა და პროზაში დახატული ბუნების ცოცხალი სულით. ფოლკნერისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთი გიგანტური ნაბიჯებით წინმიმავალ მატერიალურ-ტექნიკურ პროგრესს გამოკიდებულმა ადამიანმა არ დაკარგოს კავშირი პირველყოფილ სამყაროსთან. მართალია, ღმერთმა ადამიანის სახით, „სამყაროს გვირგვინი“ შექმნა, მაგრამ მასზე ადრე  სწორედ ცა და მიწა, მცენარეები, ფრინველები და ცხოველები გააჩინა. „ზემხედველი“ ადამიანები, რომელთაც არ დავიწყებიათ ის ენა, რომელზეც ბუნება ლაპარაკობს, ცდილობენ გახლეჩილ-გაორებული  ადამიანური ბუნების გამთლიანებას, იმის დანახვებას, რომ ბუნებას მოწყვეტილი კაცი საბრალოა და დაღუპვისათვის განწირული.

მოთხრობაში მწერალი იმ ზნეობრივ იდეალებს წარმოაჩენს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში გზამკვლევებად უნდა იქცეს. მთავარ პერსონაჟად ის ხატავს გონიერსა და უშიშარ დათვ ბენს, ტყის მეუფეს, მცველს, რომელიც თავის სამეფოს იცავს მონადირეებისაგან. ის გრძნობს, რომ მთავარი საფრთხე სწორედ ადამიანებისგან მოდის, ამიტომ მედგარ წინააღმდეგობას უწევს, მასზე  განხორციელებულ შეტევებს სასტიკი შურისძიებით უპასუხებს და უკან არ იხევს. ადამიანსა და დათვს შორის გამართული ორთაბრძოლების ასპარეზი კი ტყეა, თავისი მრავალფეროვანი ხმებითა და მომაჯადოებელი იდუმალი სურნელით. თექვსმეტი წლის ბიჭის, აიკის, გადასახედიდან იხატება მოვლენები. ბიჭისთვის დიდებთან ერთად ნადირობა საინტერესო, სახიფათო, გულისშემძვრელი თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს. მწერალი კი ამ ნადირობას მოზარდის თვითჩაღრმავების იმპულსად აქცევს. დათვ ბენზე ფიქრი, მასთან მეტოქეობა მას ეგზისტენციალურ თემებზე დააფიქრებს, ისეთ კითხვებს გაუჩენს, რომლებზე პასუხების მოძიებას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა, მაგრამ კითხვების დასმა სიცოცხლეს აზრს სძენს.  

ბებერი დათვი ბენი თავისი უცნაური ქცევით და მამაცი ძაღლი ლომა მას ბუნების   საიდუმლოთა სიღრმეებისკენ მიუძღვებიან და სამყაროს უზოგადესი ჭეშმარიტებისა თუ უნივერსალური, ფუნდამენტური კანონების აღმოჩენისკენ უბიძგებენ:  „ბებერი ბენი განსაკუთრებული დათვი იყო (ქომპსონი მას დათვების მეფეს ეძახდა) და ამიტომ მას მეტსახელი კი არ შეერქვა, არამედ ნამდვილი სახელი ეწოდა, ისეთი სახელი, რომელსაც თვით კაციც კი არ იუკადრისებდა“.

ნადირობა, მითოლოგიურად, გააზრებულია, როგორც დემონურ ძალთაგან განწმენდის გზა. ასეა ეს უძველეს მხატვრულ ნაწარმოებებში, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანშიც“. ბიჭისთვისაც დათვზე ნადირობა საკუთარ სულზე ნადირობად იქცა. ამიტომაც: „ბიჭს ეგონა, რომ ისინი მიდიოდნენ არა ირმებისა და დათვის მოსაკლავად, არა სანადიროდ, არამედ ყოველწლიური შეხვედრისათვის ბებერ დათვთან, რომლის მოკვლის იმედი სრულიადაც არა ჰქონდათ. ორი კვირის შემდეგ ისინი ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ“. აიკმა დაინახა ის, რასაც დიდების გაუხეშებული სული ვეღარ ხედავდა და აღიქვამდა, რადგან სულისა და გონების თვალი ჰქონდათ დახშობილი.  ბიჭი მონადირეთა საუბრებს გაფაციცებით უგდებდა ყურს და გრძნობდა კანონზომიერებას, რომ  ძაღლებს, დათვებს, ირმებს,  თითქოს ტყის გონიერი სული მოიხმობდა და  ყველას თავის ადგილ მიუჩენდა  „მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისათვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებდა და არც არავის იბრალებდა), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისათვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისათვის“.

ბიჭი მთელი არსებით გრძნობდა და „თითქოს უკვე ჭვრეტდა იმას, რის მიწვდომასაც ჯერ კიდევ ვერ შეძლებდა ვერც გრძნობით, ვერც გონებით: დასაღუპავად განწირულ უღრან ტყეს“. მწერალი გულისტკივილით აღწერს,  ადამიანები კიდეებიდან როგორ ღრღნიან ამ ტყეს, განუწყვეტლივ როგორ აქუცმაცებენ მას სახნისებითა და ნაჯახებით, „თითქოს  ეშინიათ მისი იმიტომ, რომ იგი უღრანი და უდაბურია“.

მოთხრობის მიხედვით, გასაოცარი ის იყო, რომ ამ მხარეში მრავლად იყვნენ   ერთმანეთისთვის უცნობი და უსახელო ადამიანები, მაგრამ  ბებერი დათვის სახელი ყველამ იცოდა. მათთვის „ეს დათვი უბრალო მოკვდავ მხეცად კი არ დათარეშობდა ტყეში, არამედ გარდასულ დროთაგან მოღწეულ დაუოკებელ ანაქრონიზმად, ძველი ველური ცხოვრების სიმბოლოდ, აპოთეოზად“. ამ ველური ცხოვრების წიაღში შემოჭრილი ადამიანები ზიზღითა და შიშით გაცოფებული იქნევდნენ ნაჯახებს და  ისე  ირეოდნენ, „როგორც ჯუჯები მთვლემარე სპილოს ფეხებთან. ბებერი დათვი გამოიყურებოდა დაუძლეველ და მარტოსულ არსებად, უშვილო ქვრივად, უკვდავ მოხუც პრიამოსად, ვინც მეუღლე დაკარგა და ყველა თავის შვილზე მეტხანს იცოცხლა“.

რა თქმა უნდა, ადამიანების ასეთი გაშმაგებული სურვილი, როგორმე მოიხელთონ დათვი ბენი, ჰერმან მელვილის მობი დიკს ადევნებულ, ლამის ჭკუიდან შეშლილ  კაპიტან აქაბს გაგვახსენებს. თეთრი ვეშაპიცა და დათვიც ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებია იმ ღვთაებრივისა, რომელსაც ასე სდევნიან თანამედროვე ადამიანები  თავიანთი ყოფიდან.

ერთადერთი, ვინც აიკის თანამზრახველია ამ სულიერ თავგადასავალში, ეს ბებერი სემია, რომელმაც იცის, რომ დათვ ბენის სიკვდილთან ერთად დამთავრდება და გასრულდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მისთვისაც და სამყაროსთვისაც. მართლაც, ასე ხდება დათვს მოკლავენ თუ არა, სემიც კვდება: „მერე დათვი სულ წამოდგა უკანა ფეხებზე, კაციც და ქოფაკიც თან აზიდა, შემობრუნდა, ორჯერ თუ სამჯერ ადამიანივით გადადგა ნაბიჯი ტყისაკენ და მიწას დაენარცხა. დათვი არ მოღვენთილა, ქედი არ მოუხრია, დაეცა როგორც მოჭრილი ხე“.  შთამბეჭდავია ის ეპიზოდები, რომლებშიც ეს ამბები წარმოჩნდება.

მოთხრობაში მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი განუწყვეტლივ იძაბება. ბებერი სემი ბიჭს ასწავლიდა, რომ შიში სამარცხვინო კი არა, ბუნებრივი იყო, მაგრამ სიმხდალე არ უნდა გამოეჩინა:  „ტყის მხეცი შენ ხელს არ გახლებს, სანამ მას გასაქცევი აქვს ან სანამ არ იგრძნობს, რომ შენ მხდალი ხარ“. თუ პირველი წლებიდან მისი მასწავლებელი იყო სემ ფადერსი, ხოლო ტყის პირის კურდღლები და ციყვები _ მისი საბავშვო ბაღი, უღრანი ტევრი _ ბებერი დათვის სამყოფელი _ მის უნივერსიტეტად იქცა, ხოლო ეს ხვადი დათვი, ოდითგანვე უცოლო და უშვილო, უმემკვიდროდ გადაგებული, მისი ალმა მატერ გახდა“.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ეპიზოდი, როდესაც მწერალი ხატავს როგორ მარტო წავიდა  ბიჭი  ტყეში, კომპასი და საათიც გზაში დატოვა, გზა დაებნა, მაგრამ, რაც ყველაზე გასაოცარია, გზის გაკვლევასა და გადარჩენაში მოთვალთვალე დათვი დაეხმარა. ბიჭმა მიწაზე ვიღაცის აღბეჭდილი საგანგებო კვალი, ორკაპა ანაბეჭდები შენიშნა.  წყნარად, დინჯად გაჰყვა ამ „თითქოს ციდან ჩამოცვენილ ღრმულებს, სანამ ისინი არ წაიშალა და სამუდამოდ არ დაიკარგა მათი ნასახი. მიდიოდა დაუღლელად, უყოყმანოდ და უშფოთველად, ოდნავ სული ეხუთებოდა, გული მაგრად უცემდა, თითქოს ჩაქუჩივით ურტყამდა. ბიჭი უეცრად პატარა მდელოზე გავიდა. უღრანი ტყე უხმაუროდ დაიძრა მისკენ და შექუჩდა, ხეებად და ბუჩქებად ჩამოყალიბდა. მზის სხივებზე საათი და კომპასი აბრჭყვიალდა. ამ დროს ბიჭმა დაინახა დათვი. არა, დათვი არსაიდან არ მოსულა, იგი იქ იყო და ახლა, შუადღის პაპანაქებაში, მზის ლაქებში გამოჩნდა უძრავი, გამოჩნდა არა საოცრად უზარმაზარი, როგორიც ესიზმრებოდა, არამედ ისეთი, როგორიც ცხადად ესახებოდა, შესაძლოა, რამდენადმე უფრო დიდიც (სიდიდეს საერთოდ ამცირებდა აჭრელებული ჩრდილოვანი ფონი). დათვი იდგა და შეჰყურებდა ბიჭს, მერე გაინძრა, აუჩქარებლად გაემართა მდელოსკენ“. ამ პასაჟის წაკითხვის შემდეგ ძლიერდება განცდა, რომ შესაძლებელია დათვის მრავალმნიშვნელოვან სიმბოლოში ღვთის სახეც დავინახოთ, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას გამუდმებით დევნიან და ჯვარს აცვამენ.

მოთხრობაში ფოლკნერის საყვარელი თემა ტყის ფონური სიმღერასავით გუგუნებს, ყრუდ, მაგრამ გასაგონად. სად იკარგება დრო, თუ მხოლოდ იმისთვის უჩინარდება, რომ გაგვეთამაშოს, მეხსიერებაში მუდმივად ამოყვინთოს და შეგვახსენოს თავისი მარადიულობა. ბიჭი გრძნობს, რომ ყველაფერი ისე გაქრება, როგორც სემის საყვარელი შაქარყინული. მწერლის საფიქრალი ფილოსოფიურ სიღრმეს იძენს: „ბიჭი უკან გამობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ყოველივე ეს გაქრება, არა, კი არ გაქრება, გარდაიქმნება იმად, რასაც აითვისებს აურაცხელი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელმაც ჯადოსნური ბილიკებით დაქარგა ამ უმზეო ადგილების ბნელი ნიადაგი. ეს აურაცხელი სიცოცხლე, განაბული, ჩასაფრებული, ყოველი ტოტიდან და ყოველი ფოთლიდან უთვალთვალებს, როგორ ბრუნდება ბიჭი უკან, როგორ ტოვებს გორაკს“.

ბიჭი  და მასთან ერთად მკითხველიც გრძნობს  სამყაროს კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც, სიკვდილი არ არსებობს, არამედ გარდაქმნა და გარდაცვალება, გამუდმებული მეტამორფოზაა ყოველივესი, რაც სუნთქავს: „აქ აკლდამა არ არის, არც სემი, არც ლომა. მკვდრები არ არიან, ისინი უძრავად კი არ წვანან მიწის ქვეშ, არამედ თავისუფლად მოძრაობენ მიწაში და მიწასთან ერთად. ისინი უთვალავ დანაწევრებულ, მაგრამ ცოცხალ ნაწილაკად შედიან ფოთლებსა და ტოტებში, იმყოფებიან ჰაერსა და მზეში, წვიმასა და ცვარში, წყვდიადში, რკოში, მუხაში, ფოთოლში და ისევ რკოში, დაისში, განთიადში, კვლავ დაისსა და ისევ განთიადში; უკვდავნი და მთლიანნი თავიანთ სიმრავლესა და დანაწევრებულობაში; ასევე ბებერი ბენიც. ისინი დაუბრუნებენ მას თათს, უეჭველად დაუბრუნებენ და კვლავ გამოიწვევენ ორთაბრძოლაში“.

მოთხრობის  მითოპოეტური სივრციდან გამოარღვევს ბუნების ხმები და საგაზაფხულო განახლების იმედი მკითხველსაც გადაედება, რომელიც გრძნობს, მწერლის ერთგვარი ნიღაბი-დათვი, ამხელს დაუმორჩილებელი ადამიანის მოუთოკავ ენერგიას, სიცოცხლის წყურვილსა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას. ეს თავისუფლება კი სამყაროსთან, ბუნებასთან განუყოფელ ერთიანობაშია.


--------------------------

წყარო:   ინტერნეტგაზეთი „mascavlebeli.ge, - 10 იანვარი, 2023 წელი, http://mastsavlebeli.ge/?p=35228&fbclid=IwAR34wLyOICKfOgeIQQfsk5hv8KEhr5fq8vm8sE_j_0r91dGH2iQ9RIA2TN8

 

1.       #ფოლკნერი#დათვი#მაიაჯალიაშვილი

No comments:

Post a Comment