Translate

Wednesday, February 1, 2023

ტყის მითოპოეზია (ფოლკნერის „დათვი“)

 

მაია ჯალიაშვილი

 


 




ფოლკნერის შემოქმედებაში ადამიანური „გულის ჭიდილის“ პრობლემები მორალურ-ზნეობრივ კონტექსტებშია წარმოჩენილი. მწერლისთვის მნიშვნელოვანია დახატოს, რა ცვლილებებს იწვევს ადამიანში სინდისის  ხმის მინავლება. ხანდახან ნებით თუ უნებლიე  ყურის წაყრუება იმ შემაშფოთებელი, გამომაფხიზლებელი იმპულსისთვის, რომელიც ადამიანს გულგრილობის ძილს არ აცლის და გამაღიზიანებლად რეკს, როდესაც რაიმეს შეამჩნევს, რასაც ადამიანის სულის შემღვრევა შეუძლია.

ფოლკნერის მოთხრობა „დათვი“ მრავალმხრივ გამორჩეული ნაწარმოებია, მაგრამ მასში მთავარი განგაშის ხმაა, რომლითაც მწერალი ცდილობს მკითხველი მოახლოებული კატასტროფის შესახებ გააფრთხილოს. მწერლობასა და მეცნიერებაში დიდი ხანია, დარისხულია ზარები, რომლებიც ადამიანს ეკოლოგიურ საფრთხეთა შესახებ ატყობინებენ, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდება ბუნების გაჩანაგება-გაპარტახება, მისთვის სულის წართმევა. ხელოვნურად გაშენებული ტყეები და ბაღები დედამიწის ფილტვებს თითქოს შვებას აძლევენ, მაგრამ უმთავრესი მაინც ბუნებრივად არსებული მდიდარი გარემოს შენარჩუნებაა.

ამ მითოპოეტური მოთხრობა „დათვის“ მთავარი გმირი ტყეა, თავისი უცნაურად მომაჯადოებელი ხმებითა და სურნელით. მისი კითხვისას, რა თქმა უნდა,  უპირველესად, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გაგვახსენდება, მის პოეზიასა და პროზაში დახატული ბუნების ცოცხალი სულით. ფოლკნერისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთი გიგანტური ნაბიჯებით წინმიმავალ მატერიალურ-ტექნიკურ პროგრესს გამოკიდებულმა ადამიანმა არ დაკარგოს კავშირი პირველყოფილ სამყაროსთან. მართალია, ღმერთმა ადამიანის სახით, „სამყაროს გვირგვინი“ შექმნა, მაგრამ მასზე ადრე  სწორედ ცა და მიწა, მცენარეები, ფრინველები და ცხოველები გააჩინა. „ზემხედველი“ ადამიანები, რომელთაც არ დავიწყებიათ ის ენა, რომელზეც ბუნება ლაპარაკობს, ცდილობენ გახლეჩილ-გაორებული  ადამიანური ბუნების გამთლიანებას, იმის დანახვებას, რომ ბუნებას მოწყვეტილი კაცი საბრალოა და დაღუპვისათვის განწირული.

მოთხრობაში მწერალი იმ ზნეობრივ იდეალებს წარმოაჩენს, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში გზამკვლევებად უნდა იქცეს. მთავარ პერსონაჟად ის ხატავს გონიერსა და უშიშარ დათვ ბენს, ტყის მეუფეს, მცველს, რომელიც თავის სამეფოს იცავს მონადირეებისაგან. ის გრძნობს, რომ მთავარი საფრთხე სწორედ ადამიანებისგან მოდის, ამიტომ მედგარ წინააღმდეგობას უწევს, მასზე  განხორციელებულ შეტევებს სასტიკი შურისძიებით უპასუხებს და უკან არ იხევს. ადამიანსა და დათვს შორის გამართული ორთაბრძოლების ასპარეზი კი ტყეა, თავისი მრავალფეროვანი ხმებითა და მომაჯადოებელი იდუმალი სურნელით. თექვსმეტი წლის ბიჭის, აიკის, გადასახედიდან იხატება მოვლენები. ბიჭისთვის დიდებთან ერთად ნადირობა საინტერესო, სახიფათო, გულისშემძვრელი თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს. მწერალი კი ამ ნადირობას მოზარდის თვითჩაღრმავების იმპულსად აქცევს. დათვ ბენზე ფიქრი, მასთან მეტოქეობა მას ეგზისტენციალურ თემებზე დააფიქრებს, ისეთ კითხვებს გაუჩენს, რომლებზე პასუხების მოძიებას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა, მაგრამ კითხვების დასმა სიცოცხლეს აზრს სძენს.  

ბებერი დათვი ბენი თავისი უცნაური ქცევით და მამაცი ძაღლი ლომა მას ბუნების   საიდუმლოთა სიღრმეებისკენ მიუძღვებიან და სამყაროს უზოგადესი ჭეშმარიტებისა თუ უნივერსალური, ფუნდამენტური კანონების აღმოჩენისკენ უბიძგებენ:  „ბებერი ბენი განსაკუთრებული დათვი იყო (ქომპსონი მას დათვების მეფეს ეძახდა) და ამიტომ მას მეტსახელი კი არ შეერქვა, არამედ ნამდვილი სახელი ეწოდა, ისეთი სახელი, რომელსაც თვით კაციც კი არ იუკადრისებდა“.

ნადირობა, მითოლოგიურად, გააზრებულია, როგორც დემონურ ძალთაგან განწმენდის გზა. ასეა ეს უძველეს მხატვრულ ნაწარმოებებში, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანშიც“. ბიჭისთვისაც დათვზე ნადირობა საკუთარ სულზე ნადირობად იქცა. ამიტომაც: „ბიჭს ეგონა, რომ ისინი მიდიოდნენ არა ირმებისა და დათვის მოსაკლავად, არა სანადიროდ, არამედ ყოველწლიური შეხვედრისათვის ბებერ დათვთან, რომლის მოკვლის იმედი სრულიადაც არა ჰქონდათ. ორი კვირის შემდეგ ისინი ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ“. აიკმა დაინახა ის, რასაც დიდების გაუხეშებული სული ვეღარ ხედავდა და აღიქვამდა, რადგან სულისა და გონების თვალი ჰქონდათ დახშობილი.  ბიჭი მონადირეთა საუბრებს გაფაციცებით უგდებდა ყურს და გრძნობდა კანონზომიერებას, რომ  ძაღლებს, დათვებს, ირმებს,  თითქოს ტყის გონიერი სული მოიხმობდა და  ყველას თავის ადგილ მიუჩენდა  „მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისათვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებდა და არც არავის იბრალებდა), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისათვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისათვის“.

ბიჭი მთელი არსებით გრძნობდა და „თითქოს უკვე ჭვრეტდა იმას, რის მიწვდომასაც ჯერ კიდევ ვერ შეძლებდა ვერც გრძნობით, ვერც გონებით: დასაღუპავად განწირულ უღრან ტყეს“. მწერალი გულისტკივილით აღწერს,  ადამიანები კიდეებიდან როგორ ღრღნიან ამ ტყეს, განუწყვეტლივ როგორ აქუცმაცებენ მას სახნისებითა და ნაჯახებით, „თითქოს  ეშინიათ მისი იმიტომ, რომ იგი უღრანი და უდაბურია“.

მოთხრობის მიხედვით, გასაოცარი ის იყო, რომ ამ მხარეში მრავლად იყვნენ   ერთმანეთისთვის უცნობი და უსახელო ადამიანები, მაგრამ  ბებერი დათვის სახელი ყველამ იცოდა. მათთვის „ეს დათვი უბრალო მოკვდავ მხეცად კი არ დათარეშობდა ტყეში, არამედ გარდასულ დროთაგან მოღწეულ დაუოკებელ ანაქრონიზმად, ძველი ველური ცხოვრების სიმბოლოდ, აპოთეოზად“. ამ ველური ცხოვრების წიაღში შემოჭრილი ადამიანები ზიზღითა და შიშით გაცოფებული იქნევდნენ ნაჯახებს და  ისე  ირეოდნენ, „როგორც ჯუჯები მთვლემარე სპილოს ფეხებთან. ბებერი დათვი გამოიყურებოდა დაუძლეველ და მარტოსულ არსებად, უშვილო ქვრივად, უკვდავ მოხუც პრიამოსად, ვინც მეუღლე დაკარგა და ყველა თავის შვილზე მეტხანს იცოცხლა“.

რა თქმა უნდა, ადამიანების ასეთი გაშმაგებული სურვილი, როგორმე მოიხელთონ დათვი ბენი, ჰერმან მელვილის მობი დიკს ადევნებულ, ლამის ჭკუიდან შეშლილ  კაპიტან აქაბს გაგვახსენებს. თეთრი ვეშაპიცა და დათვიც ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებია იმ ღვთაებრივისა, რომელსაც ასე სდევნიან თანამედროვე ადამიანები  თავიანთი ყოფიდან.

ერთადერთი, ვინც აიკის თანამზრახველია ამ სულიერ თავგადასავალში, ეს ბებერი სემია, რომელმაც იცის, რომ დათვ ბენის სიკვდილთან ერთად დამთავრდება და გასრულდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მისთვისაც და სამყაროსთვისაც. მართლაც, ასე ხდება დათვს მოკლავენ თუ არა, სემიც კვდება: „მერე დათვი სულ წამოდგა უკანა ფეხებზე, კაციც და ქოფაკიც თან აზიდა, შემობრუნდა, ორჯერ თუ სამჯერ ადამიანივით გადადგა ნაბიჯი ტყისაკენ და მიწას დაენარცხა. დათვი არ მოღვენთილა, ქედი არ მოუხრია, დაეცა როგორც მოჭრილი ხე“.  შთამბეჭდავია ის ეპიზოდები, რომლებშიც ეს ამბები წარმოჩნდება.

მოთხრობაში მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტი განუწყვეტლივ იძაბება. ბებერი სემი ბიჭს ასწავლიდა, რომ შიში სამარცხვინო კი არა, ბუნებრივი იყო, მაგრამ სიმხდალე არ უნდა გამოეჩინა:  „ტყის მხეცი შენ ხელს არ გახლებს, სანამ მას გასაქცევი აქვს ან სანამ არ იგრძნობს, რომ შენ მხდალი ხარ“. თუ პირველი წლებიდან მისი მასწავლებელი იყო სემ ფადერსი, ხოლო ტყის პირის კურდღლები და ციყვები _ მისი საბავშვო ბაღი, უღრანი ტევრი _ ბებერი დათვის სამყოფელი _ მის უნივერსიტეტად იქცა, ხოლო ეს ხვადი დათვი, ოდითგანვე უცოლო და უშვილო, უმემკვიდროდ გადაგებული, მისი ალმა მატერ გახდა“.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ეპიზოდი, როდესაც მწერალი ხატავს როგორ მარტო წავიდა  ბიჭი  ტყეში, კომპასი და საათიც გზაში დატოვა, გზა დაებნა, მაგრამ, რაც ყველაზე გასაოცარია, გზის გაკვლევასა და გადარჩენაში მოთვალთვალე დათვი დაეხმარა. ბიჭმა მიწაზე ვიღაცის აღბეჭდილი საგანგებო კვალი, ორკაპა ანაბეჭდები შენიშნა.  წყნარად, დინჯად გაჰყვა ამ „თითქოს ციდან ჩამოცვენილ ღრმულებს, სანამ ისინი არ წაიშალა და სამუდამოდ არ დაიკარგა მათი ნასახი. მიდიოდა დაუღლელად, უყოყმანოდ და უშფოთველად, ოდნავ სული ეხუთებოდა, გული მაგრად უცემდა, თითქოს ჩაქუჩივით ურტყამდა. ბიჭი უეცრად პატარა მდელოზე გავიდა. უღრანი ტყე უხმაუროდ დაიძრა მისკენ და შექუჩდა, ხეებად და ბუჩქებად ჩამოყალიბდა. მზის სხივებზე საათი და კომპასი აბრჭყვიალდა. ამ დროს ბიჭმა დაინახა დათვი. არა, დათვი არსაიდან არ მოსულა, იგი იქ იყო და ახლა, შუადღის პაპანაქებაში, მზის ლაქებში გამოჩნდა უძრავი, გამოჩნდა არა საოცრად უზარმაზარი, როგორიც ესიზმრებოდა, არამედ ისეთი, როგორიც ცხადად ესახებოდა, შესაძლოა, რამდენადმე უფრო დიდიც (სიდიდეს საერთოდ ამცირებდა აჭრელებული ჩრდილოვანი ფონი). დათვი იდგა და შეჰყურებდა ბიჭს, მერე გაინძრა, აუჩქარებლად გაემართა მდელოსკენ“. ამ პასაჟის წაკითხვის შემდეგ ძლიერდება განცდა, რომ შესაძლებელია დათვის მრავალმნიშვნელოვან სიმბოლოში ღვთის სახეც დავინახოთ, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას გამუდმებით დევნიან და ჯვარს აცვამენ.

მოთხრობაში ფოლკნერის საყვარელი თემა ტყის ფონური სიმღერასავით გუგუნებს, ყრუდ, მაგრამ გასაგონად. სად იკარგება დრო, თუ მხოლოდ იმისთვის უჩინარდება, რომ გაგვეთამაშოს, მეხსიერებაში მუდმივად ამოყვინთოს და შეგვახსენოს თავისი მარადიულობა. ბიჭი გრძნობს, რომ ყველაფერი ისე გაქრება, როგორც სემის საყვარელი შაქარყინული. მწერლის საფიქრალი ფილოსოფიურ სიღრმეს იძენს: „ბიჭი უკან გამობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ყოველივე ეს გაქრება, არა, კი არ გაქრება, გარდაიქმნება იმად, რასაც აითვისებს აურაცხელი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელმაც ჯადოსნური ბილიკებით დაქარგა ამ უმზეო ადგილების ბნელი ნიადაგი. ეს აურაცხელი სიცოცხლე, განაბული, ჩასაფრებული, ყოველი ტოტიდან და ყოველი ფოთლიდან უთვალთვალებს, როგორ ბრუნდება ბიჭი უკან, როგორ ტოვებს გორაკს“.

ბიჭი  და მასთან ერთად მკითხველიც გრძნობს  სამყაროს კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც, სიკვდილი არ არსებობს, არამედ გარდაქმნა და გარდაცვალება, გამუდმებული მეტამორფოზაა ყოველივესი, რაც სუნთქავს: „აქ აკლდამა არ არის, არც სემი, არც ლომა. მკვდრები არ არიან, ისინი უძრავად კი არ წვანან მიწის ქვეშ, არამედ თავისუფლად მოძრაობენ მიწაში და მიწასთან ერთად. ისინი უთვალავ დანაწევრებულ, მაგრამ ცოცხალ ნაწილაკად შედიან ფოთლებსა და ტოტებში, იმყოფებიან ჰაერსა და მზეში, წვიმასა და ცვარში, წყვდიადში, რკოში, მუხაში, ფოთოლში და ისევ რკოში, დაისში, განთიადში, კვლავ დაისსა და ისევ განთიადში; უკვდავნი და მთლიანნი თავიანთ სიმრავლესა და დანაწევრებულობაში; ასევე ბებერი ბენიც. ისინი დაუბრუნებენ მას თათს, უეჭველად დაუბრუნებენ და კვლავ გამოიწვევენ ორთაბრძოლაში“.

მოთხრობის  მითოპოეტური სივრციდან გამოარღვევს ბუნების ხმები და საგაზაფხულო განახლების იმედი მკითხველსაც გადაედება, რომელიც გრძნობს, მწერლის ერთგვარი ნიღაბი-დათვი, ამხელს დაუმორჩილებელი ადამიანის მოუთოკავ ენერგიას, სიცოცხლის წყურვილსა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას. ეს თავისუფლება კი სამყაროსთან, ბუნებასთან განუყოფელ ერთიანობაშია.


--------------------------

წყარო:   ინტერნეტგაზეთი „mascavlebeli.ge, - 10 იანვარი, 2023 წელი, http://mastsavlebeli.ge/?p=35228&fbclid=IwAR34wLyOICKfOgeIQQfsk5hv8KEhr5fq8vm8sE_j_0r91dGH2iQ9RIA2TN8

 

1.       #ფოლკნერი#დათვი#მაიაჯალიაშვილი

Tuesday, September 6, 2022

ფშავის სინდრომი

 

მაია ჯალიაშვილი

                


ხელოვნებას რომ შეუძლია შეძრას, შეცვალოს ადამიანი, ეს არაერთ მხატვრულ ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ჩვენი წარმოდგენები, რომლებიც მუსიკის, ფერწერის, ლიტერატურის გავლენით იქმნება, გარემოსაც გადაასხვაფერებენ. მეცხრამეტე საუკუნის 10-იან წლებში სტენდალმა იტალიაში იმოგზაურა. შემდეგ აღწერა, რას განიცდიდა შედევრებთან შეხვედრისას. სწორედ მისი შთაბეჭდილებების წიგნის, „ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში“, მიხედვით, ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინი _ სტენდალის (იგივიე, ფლორენციის) სინდრომი. ადამიანს ისე იპყრობს მღელვარება, როდესაც ნაოცნებარ ხელოვნების ნიმუშს უყურებს, რომ ერთგვარ ექსტაზში შეიძლება ჩავარდეს, თავბრუ დაეხვეს, ჰალუცინაციები გაუჩნდეს და გულის შეტევაც კი დაემართოს. როდესაც სტენდალმა მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის საფლავები ნახა, გულისცემა გაუხშირდა. ჯოტოს შედევრების თვალიერებისას არარაობად მიიჩნია ყოველივე,  მთელი ძალით იგრძნო ყოველდღიური ყოფის ამაოება. უფიცის მუზეუმიდან  გამოსვლისას დაბარბაცდა, თითქოს სასიცოცხლო ენერგია დაეშრიტა. ხანდახან კი, პირიქით, ენერგიის უცნაური მოზღვავების შეგრძნება ჰქონდა.

იმის მიხედვით, თუ წინასწარ რა განწყობა და წარმოდგენა აქვთ ადამიანებს წმინდა ადგილებზე, ქალაქებზე, გრძნობენ უცნაურ ცვლილებას მათი მონახულებისას. ამის კვალდაკვალ გაჩნდა სხვა ტერმინებიც:  პარიზის, იერუსალიმის და სხვა სინდრომები.  ჰემინგუეი წერს: „ბედმა თუ გაგიღიმა და ახალგაზრდობისას მოხვდი პარიზში, მერე სადაც არ უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი განუყრელი დღესასწაულია, რომელიც მუდამ თან გახლავს“. ამიტომაც აქცია მან ეს  სინათლის ქალაქი თავისი მხატვრულ-დოკუმენტური პროზის,  „განუყრელი დღესასწაულის“,  მთავარ პერსონაჟად. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ყველაზე ცოცხალ  ფერადოვან პარიზის ქუჩებსა და კაფეებში ხეტიალისას მკითხველი ჰემინგუეისთან ერთად შეხვდება სკოტ ფიცჯერალდს, ეზრა პაუნდს, ჯეიმს ჯოისს, მის სტაინსა და სხვა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანებს, რომლებთანაც სამუდამოდ გააიგივებს ამ ქალაქს და პარიზში ჩასულს აუცილებლად ექნება განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სილვია ბიჩის დაარსებულ წიგნების  მყუდრო მაღაზია-ბიბლიოთეკაში „შექსპირი და კომპანია“ ჯეიმს ჯოისის სილუეტსაც დალანდავს.  მას ხომ საღამოობით უყვარდა აქ შემოვლა. შთამბეჭდავია ამ წიგნის ფინალური ფრაზები: „პარიზი არასოდეს არ გათავდება და ვისაც იქ უცხოვრია, ყველას თავისებურად ახსოვს იგი. ჩვენ მუდამ ვბრუნდებოდით ხოლმე იქ,  როგორადაც არ უნდა შევცვლილიყავით, და როგორადაც არ უნდა შეცვლილიყო თვითონ პარიზი, რა ძნელიც არ უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრა. პარიზი ღირს კიდეც ამად, და რაც შენ მისთვის მიგიზღავს, სამაგიერო მთლიანად მიგიღია. ისეთი იყო პარიზი იმ დროს, როცა ჩვენ ძალიან ღარიბები და ძალიან ბედნიერების ვიყავით“  (ვახტანგ ჭელიძის თარგმანი).

გალაკტიონის  დღიურში ჩაწერილი პარიზული შთაბეჭდილებებიც   გვახსენდება: „მე ვცხოვრობდი სიზმარში. ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე. პარიზის კონგრესი გრძელდებოდა ხუთი დღე. ის [ერთი წამი] ხუთი დღე გამოცოცხლდა და ხუთი ათას წელიწადზე გაამრავლა ცხოვრება, რომელიც მე მომცა ბედმა!“ (1935 წ. http://galaktion.ge/?page=Diaries&id=6814). ლია სტურუას სიურრეალისტური ხატებიც წამოტივტივდება გონებაში   წიგნიდან „ბედნიერი სიჩუმე“, რომელსაც გავეხმაურეთ კიდეც წერილით „ლია სტურუას რომანი პარიზთან“.  ეს მაგალითები პარიზის სინდრომის თვალსაჩინოებისთვის მოვიხმეთ.

რეზო ინანიშვილის ერთი ნოველა კი ადასტურებს იმას, რომ „ფშავის სინდრომიც“ არსებობს. რა თქმა უნდა,  ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიყვარულით გაჩენილი. ჩარგალში ჩასვლა, იმ სახლისა და გარემოს ნახვა, სადაც ვაჟა ცხოვრობდა და  ქმნიდა,  დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, ვინც ვაჟას შემოქმედებით აღფრთოვანებულია.  მაგრამ რასაც რეზო ინანიშვილი მოგვითხრობს, ეს შთაბეჭდილებაზე ბევრად  მეტია. ნოველას  „ფშავლები“ ჰქვია. ექსპოზიცია ასეთია: „ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე.  ეს ისეთი მოგონებაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, ამიტომაც აქცია მწერალმა ისეთ ამბად, რომ ნამდვილად გაიწკრიალებს მკითხველის გულშიც.  რეზო ინანიშვილისეული ლაკონიზმით, თანვე ფერადოვნებით, დეტალების გამოკვეთილი ხატვით, სრულყოფილი უბრალოებისა და სისადავის ესთეტიკით წარმოსახვაში ცოცხლდება ჩარგალი _ სასკოლო  ექსკურსიის განუყოფელი ღირსშესანიშნაობა. რამდენჯერაც უნდა ნახოს ადამიანმა, ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილება პალიმფსესტივით რჩება და  ზედ წაფენილი ახალი განცდებით ვერასოდეს ბოლომდე ვერ წაიშლება.

ნოველაში მთხრობლის თვალით ვხედავთ  ყოველივეს. ეს მთხრობელი მწერლის ალტერ ეგოა: „ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი.

ამ უთავბოლოდ დაწყობილ, ერთმანეთისთვის შეუფერებელ ნივთთა ჩამონათვალში (მაგალითად, წიგნები და რკინეული და სხვ.) აბსტრაქტული „მოწყენილობა“ ყველაზე ამოვარდნილია, ის  მატერიალურ საგანთა შორისაა მოხსენიებული. ამიტომ  25-ე კადრივითაა, რომელიც შეიძლება უცებ ვერ შენიშნო, მაგრამ მაინც ჩაიბეჭდება გონებაში, თუკი, რა თქმა უნდა, იქ მოიძებნება მისთვის ადგილი. ამ კადრს მაჰიპნოზირებელი ძალა აქვს, ის ქვეცნობიერზე მოქმედებს და ისეთ იმპულსებს აღვიძებს, რომელთაც გონება მაშინვე ვერ გაიაზრებს. ეს მოწყენილობა სულის პურია, ფიქრისა და ოცნების აღმძვრელი.  კარგად წერს ტერენტი გრანელი: „შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი / უხილავი ბაღების სილურჯე იყოს“ („მე და გაფითრება“).

ამ მოწყენილობის, სხვა უჩვეულო რამეზე ფიქრის, „გაგრძელებაა“  „მკლავმაგარი“ ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც  უთუოდ აღაზას და ლელას „ჩამომავალია“. მთხრობელი და ქალი სრულიად შეუფერებელნი არიან, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სამყაროს ეკუთვნიან, მაგრამ რაღაც მიზიდულობის  ნაპერწკალი მოულოდნელად იელვებს. მკითხველის მოლოდინიც იძაბება, დიდი თუ არა, პატარა დრამის, ან მელოდრამისთვის მაინც იქმნება განწყობა.

ამის შემდეგ თითქოს ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს თხრობა, მაგრამ ვხედავთ, რომ რაღაც უჩვეულო ხდება მთხრობლის თავს. ფშავი თავისი მისტიკური ძალებით ზემოქმედებს. აქ ვაჟას შემოქმედებით გარდაქმნილი მეტაფიზიკური გარემოა. ამიტომ  მთხრობელიც კარგავს იგივეობას საკუთარ თავთან. მას „ფშავის სინდრომი“ ემართება. რაც იმას გულისხმობს, რომ მასში პოეტი იღვიძებს.  ვიღაცამ ზემოდან, მის არსებაში, როგორც დაცარიელებულ ჭურჭელში,  ჩაასხა მათრობელა  კამკამა სასმელი პოეზიისა.   ჯერ იმით დაიწყო მისი „ამოვარდნა“ ყოფის ჩვეულებრივი განზომილებიდან, რომ ლექსიკა და ინტონაცია შეეცვალა: აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად.   ამას მოჰყვა უფრო დიდი ცვლილება.  ის უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც ვაჟას კაი ყმა მოიქცეოდა. ამიტომ აღარ გვიკვირს მისი ასეთი გარდაქმნა: „გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე.  მისი იდენტობა ახლა უკვე ფშავითაც განისაზღვრება.

ის, რაც მთხრობლის სულსა, გულსა და გონებაში ხდება, რა თქმა უნდა, გარედან არ ჩანს. ამიტომაც ფშაველი ქალისთვის ის ჩვეულებრივი ინტელიგენტია, ქალაქიდან ჩამოსული,  აქაურობისათვის უცხო, ზედმეტი და შეუფერებელი. ამიტომაც „ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით. შეიძლება ვთქვათ, რომ გარემოს თვითმპყრობელმა ძალამ  მთლიანად ჩაანაცვლა ქალაქური ცხოვრების წეს-კანონები აქაურით, ფშაურით, ჩარგლური სულისკვეთებით: „ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, დავდგით ძირს, დიდი მადლობაო, მაგრამ ვიგრძენი, ტომრის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა. – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა. მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც.  

ქალიც ხვდება, რომ რაღაც გარდაქმნა მოხდა ამ უცხო კაცში. თითქოს ინტუიციურად იგრძნო, რომ ახლა ის აქაურებს დაემსგავსა, მათიანად იქცა. ამიტომაც წეღან ხელოვნურად, საგანგებოდ სტუმრისთვის შერჩეული ფრაზა და ინტონაცია დაივიწყა. ნიღაბი მოიშორა და ფშაველი ქალის სახე დაიბრუნა: „ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: – მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან! ამ სიტყვებმა, ფშაური კილოკავის ამ სურნელმა მაგნიტივით მიიზიდა მთხრობელი.

რასაც მწერალი აღწერს შემდეგ, ეს არის ექსტაზური მდგომარეობა, როდესაც მთლიანად იშლება რეალობა და ადამიანი ირაციონალურ სივრცეში ინაცვლებს: „მე მთვრალივით ვიყავი, პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი, ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, და ამ სიტყვებმა, ამძმისავ!“ ხომ მუხლები მომკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი.

„ფშავის სინდრომის“ საუკეთესო მხატვრული აღწერაა. მართლაც, არაჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, თან სისადავით, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვისა და სამკაულის გარეშე  გვიხატავს რევაზ ინანიშვილი ამ  ამოუხსნელ ფენომენს, სულის უფსკრულში მიმდინარე ძვრებს.  მთხრობელი იქცევა „სხვად“. დაახლოებით ის ხდება, რაც უძველეს მისტერიებში შელოცვებით მიიღწეოდა.  ქურუმი  იწყებდა ისეთ რიტმულ, ამაღლებულ მეტყველებას, რომელიც ადამიანებს ღვთაებრივის სიახლოვის განცდას უქმნიდა. ამიტომ  ჩვენი „ღიმილიანი, ალერსიანი, სევდიანი“ გმირი  სათქმელს  თამამი შაირით ამბობს:

ქმარი სადა გყავს, ბეჩავი,

მარტოს რად გიშვებს შარასა“.

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა.

არავინ მაიპარავსა“.

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

რათ გინდა ეგეთი კაცი,

მე გამამყევი ხარასა“.

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

შენ უთხარ აეგ სათქმელი,

ჩემს არ იჯერებს არასა.

მკითხველიც აღტაცებულია პერსონაჟებივით. ქალი რასაც  და როგოც ამბობს, ეს მისთვის ბუნებრივია. მთხრობლისთვის კი _ უჩვეულო  და დაუჯერებელი. ვაჟას სამყარომ აქ, ფშავში, თავისი ჯადოსნური ძალა გამოავლინა. მთხრობელში  მოკვდა ყოფითი ადამიანი და დაიბადა პოეტი. თითქოს უხილავმა ძალებმა უცნობ, მაგიურ  სპექტაკლში მცირე ხნით ფშაველი ათამაშეს. ამ მდგომარეობას სჭირდებოდა „განმუხტვა“ და სწორედ ეს ფუნქცია შეასრულა სიცილმა, რომელმაც მოულოდნელად იფეთქა, როგორც მომხდარი მოვლენის ბედნიერების გამომხატველმა ძახილის ნიშანმა: „მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, უკვე უგრძნობლად ვიყავი მთვრალი, მაგრამ აღარ დამცალდა.

ნოველის  ბოლოს მხატვრული სიტყვით მოგვრილი კიდევ ერთი სასიამოვნო  გაოცება ელის მკითხველს. ფშავის „მითური“ სივრციდან სავსებით რეალური ფშაველი გამოჩნდება. ეს წამიერი „დამიწება“ მწერალს კონტრასტებისთვის სჭირდება. მიუხედავად რეალისტური ხატვისა, მკითხველს მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ეს ყველაფერი სხვა განზომილებაში ხდება: „მოვიდა ის ჭინჭარში დარჩენილი, წვერგაუპარსავ, ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უარესად ბოლომოღებული, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე. ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას. ფშავლის ეს ფერწერულ-ვიზუალური „წაშავება“ წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში საოცარ ექსპრესიას ქმნის და სიზმარეულის განცდას აღძრავს.

მკითხველიც გრძნობს, რომ მის წინაშე რეზო ინანიშვილმა ფშავის სამყაროს  საიდუმლო კარი გააღო. იქიდან კი პოეზიის ქარები შემოიჭრა. მაგრამ გაელვება დიდხანს ვერ გაგრძელდება. მისი ღირებულებაც ეს არის.  ამიტომაც: „დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.  წამი  შეჩერდა იმ დროს, როდესაც მთხრობელმა ქალს აღტაცება ლექსის სტრიქონებით  გამოუხატა. ამ  წამმა ვაჟას პოეზიის უსაზღვროება დაიტია. შემდეგ დრო დაუბრუნდა თავის ჩვეულებრივ, წუთისოფლურ მდინარებას. ამ წამზე ასე იტყოდა აკაკი წერეთელი:

„ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია“ („რაც არ იწვის, არ ანათებს“).

ვაჟა-ფშაველას მხატვრულმა სამყარომ ფშავი  მითოპოეტურ სივრცედ აქცია, სადაც თუ ერთხელ შეხვალ, იქიდან აუცილებლად  განსხვავებული, ახლადშობილივით გამოხვალ, პოეზიის მადლით განწმენდილი, რადგან როგორც თვითონ წერს:

„მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:

მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცას _ ვარსკვლავების ჯარია,

დილით მზე მანათობელი,

ღამის გუშაგი მთვარია“ („სიმღერა“).

-------

წყარო: 1.   მაია ჯალიაშვილი,   ფშავის სინდრომი, 28 ივლისი, 2022, „მასწავლებელი“;  http://mastsavlebeli.ge/?p=33812

#რეზოინანიშვილი#ფშავი#ქართულილიტერატურა#მაიაჯალიაშვილი

#