მაია ჯალიაშვილი
„მინდა ჯურღმულში შევიხედო,
ადამიანის სულის ჯურღმულში“.
„მღვიძარება“
`უდიდესი სიამოვნება ძალაუფლება ან ვნებათა დაცხრომა კი არა, ადამიანებზე დაკვირვებაა”, _ ამბობს ზურაბ ლავრელაშვილის რომან „მღვიძარების“ ერთი პერსონაჟი. ვფიქრობთ, ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მწერლობის არსს და ზურაბ ლავრელაშვილიც თავისი შემოქმედებით შესანიშნავ დამკვირვებლად წარმოგვიდგება. მიხეილ ჯავახიშვილი კარგი მწერლის ერთ-ერთ თვისებად სწორედაც დაკვირვებას მიჩნევდა: „ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებსო”. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში უდავოდ გამორჩეულია ზურაბ ლავრელაშვილი. მას აქვს თავისი თხრობის სტილი, ექსპრესია, ამბების
გადმოცემის საინტერესო მანერა. იგი თავისი ნაწარმოებების ენობრივი ქსოვილით, მდიდარი ლექსიკით, ზუსტად წარმოაჩენს
თანამედროვეობის სულისკვეთებას, მეტაფიზიკურისაგან დაცლილ რაციონალურ სამყაროს,
იდენტობადაკარგული ადამიანის კრიზისს.
რომანის სათაურის მრავალმნიშვნელოვნებასთან ერთად ყურადღებას იქცევს ეპიგრაფიც. ეს არის ფსევდოაპოკრიფული სახარებიდან ის ფრაგმენტი, გეთსიმანიის ბაღში იუდა ამბორით რომ გასცემს უფალს. მაცხოვარი იუდას მარადის გამცემად წარმოაჩენს. ასე რომ, თავიდანვე მწერალი მიანიშნებს სახარებისეული ამბების მარად გამეორებაზე ყოველდღიურობაში და მკითხველს წასაკითხი ამბების სიმბოლური და ალეგორიული აღქმისთვის განაწყობს. ადამიანთა
მოჩვენებითი და ფარისევლური რწმენა იუდას ღალატს ემსგავსება. კანონიკურ სახარებებში აღწერილ ამ ეპიზოდს წინ უძღვის ამბავი, თუ როგორ წაიყვანა ქრისტემ გეთსიმანიის ბაღში პეტრე და ზებედეს ორივე ძე და უთხრა: “სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”. ლოცვის შემდეგ დაბრუნებულს მოწაფენი ჩაძინებული დახვდა, ასე განმეორდა სამჯერ. მაშინ უთხრა: “თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და და კაცის ძეE მიეცემა ცოდვილთ ხელში” (მათე, 26, 36_45). მარკოზის სახარებაში იმავე ეპიზოდის აღწერისას ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: “იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში, სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური” (მარკოზი, 14, 38). რომანის სათაური სწორედ ამ ეპიზოდის კონტექსტში გაიაზრება. მარადის მღვიძარე უნდა იყოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის გადაძახილი ქრისტეს სხვა იგავებთანაც, უპირველესად, „ათ ქალწულთან“. სიძის მოლოდინში ჩაძინებულ ხუთ უგუნურ ქალწულს სამოთხის კარი ჩაეკეტა და ვეღარ გახდა
ქორწილის ღირსი.
როგორ შეიძლება მარადის მღვიძარების მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, რომელსაც კი აქვს რწმენა და სურვილი ცხონებისა თუ გადარჩენისა, მაგრამ სულის ძალა და ნებისყოფა ღალატობს. სწორედ ამ შინაგან ბრძოლაზე, ვნებებსა და სულიერ მისწრაფებებს შორის წინააღმდეგობაზეა ეს რომანი. როგორ ეჭიდებიან სხვადასხვა მხარეს ადამიანს გული, სული და გონება, რა ძნელია მათი მორიგება, შეთანხმება, სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის მოპოვება. ასე რომ, რომანი ერთი პერსონაჟის სულიერ ცვალებაზეა, ამიტომაც ტექსტი ლირიკულ აღსარებას წააგავს. რომანს წრიული სტრუქტურა აქვს. დასაწყისი დასასრულს იმეორებს, ოღონდ ახალ განზომილებაში.
რომანს ერთგვარი სიმბოლურ-მისტიკური დასაწყისი აქვს. პერსონაჟი იბადება ჩვენ თვალწინ, როგორც მოცემული მხატვრული დრო-სივრცის „შემოქმედი“, რადგან იგი Mმთხრობელი-პერსონაჟია და მისი თვალთახედვით გადმოცემულ ამბებს მივადევნებთ თვალს. სიბნელიდან გამოდის მისი სახება, თუმცა მწერალი აღნიშნავს, რომ დაუსაბამო სიბნელე და სინათლე ერთმანეთს ჰგავს, ან ერთი და იგივეაო. დასაწყისი და დასასრული _ “ორივე ბნელში მყოფობს”. ეს თვალსაზრისი შესაქმის დასაწყისს იმეორებს: “ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი” (დაბადება, 1, 2-3). სიბნელისა და სინათლის იდუმალი სიღრმეები გალაკტიონსაც აწამებდა: “წმინდა ნათელში ამბობს ჰეგელი,/ წმინდა სინათლის დიად ბადეში, / ისე ცოტაა გასაგებელი,/ როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში”.
„კმარა“_გაისმის უჩინარი ხმა, რაც სიმბოლურად მიანიშნებს ძველის უარყოფაზე, ახლის დაწყების სურვილზე. ამავე დროს, ამ სიტყვაში ირეკლება აქამდე განვლილი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი. დასაწყისშივე იქმნება მტანჯველი სიმბოლო დროის წარმავლობისა: დიდი ციფერბლატიანი საათი, რომლის გრძელი ქანქარა ჩამოხრჩობილის თოკს ჰგავს და ზედ ვიღაც ჰკიდია: “რომელსაც თუ კარგად დააკვირდები, იოლად იცნობ, მაგრამ სწორედ ეს გაშინებს”. პერსონაჟის ხილვაში აღიბეჭდება მისი სულიერი მდგომარეობა. დროის მკაცრ მდინარებაში ის საკუთარ თავს ვერ მოიხელთებს. აქ გადაძახილია გამსახურდიას ნოველასთან “მკვდართან შეხვედრა”. გმირი ქალაქგარეთ ტყეში გადაეყრება ხეზე თოკით ჩამოხრჩობილს. შინ მისული კი გაიაზრებს, რომ ის სწორედ თვითონაა: “ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღედაღამ და გამვლელ-გამომვლელს ვეღრიჯებით: “ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო”.
რომანის დასაწყისშივე იქმნება ის რიტმი და კოლორიტი, რომელიც შემდეგ მთელ ტექსტს გაჰყვება. მთავარ გმირს სურს თავის შეცნობა იმ ახალ რეალობაში, რომელიც იხატება რომანში. სიმბოლურად, მწერალი ქმნის პერსონაჟის ნიღაბს, ირგებს, მერე შეჰყავს წარმოსახულ სამყაროში და აკვირდება, სხვადასხვა სიტუაციაში რას მოიმოქმედებს, რა არჩევანს გააკეთებს: “შენ ფანტომი ხარ, ეული ცთომილი ალი, ცივი ნათება, კოსმოსის ჯურღმულში მობორიალე და არც ქრები და არც ენთები, არამედ დაუსრულებლად დაბორიალობ ბნელში და არავინ იცის, სად მიგიყვანს ეს მარადიული მოგზაურობა”.… სათქმელს მოაქვს რიტმი და ამიტომაც დასაწყისი პოეტური პროზასავითაა. აქ დახატულია, ზოგადად, ადამიანი, როგორც სამყაროში დაკარგული, მარადი მოგზაური ჭეშმარიტების ძიებაში.
საგულისხმოა, რომ რომანი იწყება გმირის ფიზიკური გამოღვიძებით და სულიერი გამოღვიძებით მთავრდება. ალბათ, შემთხვევითია, მაგრამ სწორედ ამგვარად იწყება და მთავრდება გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული”. იქაც გამოტანჯული გმირი ბოლოს იწყებს ახალ ცხოვრებაზე ფიქრს. რომანის ბოლო თავს სწორედ ასე ჰქვია “გზა Vita nuova_სკენ”: “თამაზი აღარ იყო, იგი სხვა იყო… მის წინ დიდი ძლიერი სინათლე გამოჩნდა”. აქამდე მას აწუხებდა კითხვა: “სად ხარ, ღმერთო?” ახლა კი ბუნების წიაღში გასხივოსნებულმა სივრცეებს გასძახა: “შენ ხარ! შენ ხარ! შენ ხარ!” თამაზი უსახელოს უყვიროდა” (გრ. რობაქიძე, `ჩაკლული სული~). ზურაბ ლავრელაშვილის გმირიც ბუნებაში, სინათლის ავსებული ფიქრობს: “რაც უნდა გადამხდეს, ვიცი, რომ ის მოვა. ვისაც სახელი არა აქვს”.
მათე მახარებელი წუხდა: “მელთა ხურელი უჩნთ და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძისა კაცისასა არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნესო”. ამ შემთხვევაში, გმირი მზადაა, რომ ღმერთი მას ჩამოეყრდნოს: “და ვეტყვი: აჰა, მზად ვარ შენს შესახვედრად! წამოდი და ერთად ვიაროთ”.
ეს რომანი ერთგვარად ჰერმეტულია, გმირის მეტამორფოზა ხდება გარკვეულ ჩაკეტილ სივრცეში, საიდანაც გამოდის ახლად შობილივით. ამგვარი ლიტერატურული მოდელის პარადიგმაა თომას მანის “ჯადოსნურ მთა”. რა თქმა უნდა, არის გადაძახილ პლატონისეულ მღვიმესთანაც, საიდანაც
გამოსვლას ცდილობს პერსონაჟი. რომანში ერთმანეთს უპირისპირდება: გონება და ინსტინქტი, ბუნებრიობა და ხელოვნურობა. ნიცშე აღიარებდა სულის სამ ცვალებას, რომელთაც მეტაფორულად უწოდებდა აქლემის, ლომისა და ბავშვის „მდგომარეობას“. აქლემი სიმბოლურად მოვალეობებით შებორკილი, ღვთისმოსავი, მცნებათა აღმსრულებელი ადამიანია, ლომი ილაშქრებს და უარყოფს ტრადიციულ ღირებულებებს, ნიჰილისტია, ბავშვი ახლის დასაბამია, შემოქმედებაა, პოზიტიური თავისუფლებაა (“ესე იტყოდა ზარატუსტრა”).
რომანის დასაწყისში პერსონაჟი ლომს შეესაბამება, თუმცა არის მინიშნება, რომ იგი ისევე ცხოვრობდა, როგორც სხვები (ე.ი. აქლემის მდგომარეობაც ირეკლება: “შენ მოვალე ხარ“ _ მისთვისაც იყო ცხოვრების წესი) და აღწერილია, როგორ, რა გზით გადადის ბავშვის მდგომარეობაში, სულიერი სისუფთავისა და უმანკოების სტადიაში, როცა ეხსნება შინაგანი მზერა და ხედავს დაფარულს, რაც იწვევს სამოთხის მონატრებას, ბუნებასთან შერწყმის წყურვილს. სახარებისეული “სასუფეველი გულთა თქვენთა შინა არს” გმირისთვის ცოცხალ განცდაში ეწერება.
ბოლო ეპიზოდში გმირი ტანსაცმელსაც იხდის. სამოსის გახდა _ დედიშობილა ყოფნა _ მიანიშნებს როგორც სულიერი სამოსის წყურვილზე, ღმერთით შემოსვაზე, უძღები შვილივით
მამასთან დაბრუნების წყურვილზე (როგორც
გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველშია”), აგრეთვე, ცივილიზებულობისაგან განძარცვაზე, მატერიალური სამყაროს დაძლევაზე.
გმირის მეტამორფოზის სქემა ნაცნობია. იგი გადის შინიდან სიახლის საძებნელად, უპირველესად, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შესაცნობად. “შინ” არ არის მისი საყრდენი. ე. ი. ეს არის ადამიანი, რომელსაც მეტის დანახვა, შეცნობა სწყურია, ამიტომაც მცირე ბარგის მეტი არაფერი მიაქვს: “არც სინანული, არც მონატრება ვინმესი”. ეს რომ სხვაგვარი სურვილია, მჟღავნდება გმირის ფიქრში: “ერთი სული მაქვს, აქაურობას გავეცალო, თუნდაც ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი სიცოცხლით...”. აქაც მოგზაურობის პარადიგმული მოდელი გათამაშდება, გმირს უნდა გადახდეს გარკვეული ხიფათები, რათა საკუთარი თავი გამოცადოს. “ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და ღმერთს მიაგნოს ბოლოს” (კონსტანტინე გამსახურდია, “დიდოსტატის მარჯვენა”). “იყო კი ეს მგზავრობა გაქცევა? ხსნა? რაღაცის დასაწყისი თუ დასასრული? გაუთავებლად უნდა ვიბორიალო, სანამ რაიმე ნავსაყუდელს არ მივადგები”, _ ფიქრობს გმირი. ამ რომანში ეს ხიფათი უფრო შინაგანია. პერსონაჟი ებრძვის საკუთარ ხორციელ ინსტინქტებს. საფიქრებელია, რომ ის სწორედ ამ ინსტინქტებს გაექცა, მაგრამ ბრძოლა, პირიქით, უფრო გაუმძაფრდა. ვნებებთან ჭიდილი ერთ-ერთ უმთავრესი თემაა ლიტერატურაში. მწერალი ახერხებს დამაჯერებლად წარმოაჩინოს ყოველი ნიუანსი.
ეს არის ინტელექტუალური რომანი, სავსე რემინისცენციებითა და ალუზიებით. მიუხედავად ამისა, მსუბუქად იკითხება, რადგან ქვეტექსტებშია გადატანილი აზრის სიმძიმე და მისტიკურობა. ასე რომ, თხრობის თვალსაზრისით, ნამდვილად მაღალ ოსტატობას ავლენს ზურაბ ლავრელაშვილი.
რომანის დრო-სივრცული მოდელი სავსებით რეალისტურია. მწერალს მოქმედება გადააქვს მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციების ხანაში, რითაც ამძაფრებს ქაოსურობის შეგრძნებას და ადამიანის დაკარგულობას. ამით მოჩვენებითად დისტანცირებას ახდენს თავისი თავისა თუ დღევანდელობისაგან: “გაზეთი გავშალე _ ომი საზღვარგარეთ, მღელვარება რუსეთში, რაბინდრანათ თაგორი ევროპაში”. ამავე დროს, სწორედ ამ დროს მსჭვალავდა ახალი იდეოლოგიების დაბადების ხანა, რომელთაც ფესვები საუკუნეთა სიღრმეში ჰქონდათ გადგმული. უპირველესად, ეს არის ნიცშეანური Uუღმერთობის ხანა.
რომანში თხრობა წარიმართება აწმყოში, თითქმის არ ჩანს წარსული. გმირი მართლაც ჩვენ თვალწინ იბადება და იცვლება. რომანის მთავარი გმირი ექიმი ბარჯაძეა. იგი ბოლომდე უსახელოდ რჩება, ასევე უსახელოა მისი ანტითეზა პერსონაჟი ლომოური. სახელის დარქმევა ნიშნავს მისი რეალური მყოფობის აღიარებას, რადგან მას თავი არა აქვს ნაპოვნი, ალბათ ამიტომაცაა უსახელო.
ექიმი უკავშირდება მწერლობას, რადგან მწერლის ფუნქცია და მოვალეობა ხშირად გაიაზრება, როგორც ადამიანთა სულის მკურნალისა. აქედან მინიშნება მაცხოვარზე, რომელიც ადამიანთა სულების უპირველესი მხსნელი და მკურნალია. რომანში თვითონ ცივილიზებულობა გააზრებულია, როგორც სნეულება. ექიმის ამგვარ სახეს ხატავს ფრანც კაფკა მისტიკურ ნოველაში “სოფლის ექიმი”. აქ მთხრობელი სოფლის ექიმია, რომელსაც ზამთრის ერთ პირქუშ დღეს ავადმყოფთან გამოიძახებენ. პაციენტის მშობლები ვერაფერს გააგებინებენ. ექიმი ვალს იხდის და ავადმყოფს გასინჯავს, ერთი შეხედვით, სასიკვდილოს ვერაფერს აღმოაჩენს, თანაც, ავადმყოფი ბიჭი შეევედრება, თავი დამანებე, დაე, მოვკვდეო. ყველაფერი იხატება რეალისტურად, ბუნებრივად, ყოფითი დეტალებით, მაგრამ მკითხველს არ ტოვებს უჩვეულოს შეგრძნება. „მეც კი მინდა სიკვდილი. რას ვაკეთებ ამ უსასრულო სუსხიან გაუთავებელ ზამთრის დღეებში“, _ ფიქრობს ექიმი. ჩნდება მაცხოვრის ალუზია. „რეცეპტების გამოწერა ადვილია, მაგრამ ადამიანების შეცნობა რთული“_ ექიმის ეს ფიქრი ამხელს ცხოვრების პარადოქსულობას. ადამიანებმა იციან, როგორ მოიქცნენ, მათ აქვთ ამის მზა „რეცეპტები“ ბიბლიური მცნებების სახით, მაგრამ მაინც გამუდმებით ცდებიან. იმედგაცრუებული მშობლები ექიმს არ უშვებენ და ბიჭის კიდევ გასინჯვას სთხოვენ. ექიმი ხელმეორედ გასინჯვისას აღმოაჩენს, რომ ბიჭს მარცხენა ფერდთან თეფშისოდენა გახსნილი ჭრილობა აქვს, საშინლად გახრწნილი და მატლებით მოფუთფუთე (ისევ მინიშნებაა სახარების ეპიზოდზე, მაცხოვარს რომ ფერდში შუბი ჩასცეს). მოულოდნელად იცვლება ავადმყოფის განწყობილებაც, იგი ექიმს გადარჩენას სთხოვს, თითქოს მასში ჩვეულებრივ ექიმს კი არა, მაცხოვარს შეიცნობს. ექიმი საგონებელში ვარდება, რადგან გრძნობს, ბიჭის გადარჩენა შეუძლებელია, ახლობლები კი ექიმის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვენ. გარედან ისმის სოფლის გუნდის ხმა:
„გააძრეთ ტანზე, მან უნდა განკურნოს სნეული,
და თუ არ განკურნავს, მოკალით.
ის ხომ ექიმია, ის ხომ ექიმია მხოლოდ“.
კვლავ ჩნდება ადამიანთაგან ჯვარცმული მაცხოვრის სახე. კაფკა ხატავს ფანტასმაგორიულ სურათს. ექიმს აწვენენ ავადმყოფის ლოგინში ჭრილობის მხარეს, მაგრამ ექიმი კი არ კრთება, პირიქით, სიამოვნებს სითბოს შეგრძნება. „აბა მე რა შემიძლია? ეს არც ჩემთვისაა იოლი“, _ ასე უპასუხებს ბიჭს განკურნების თხოვნაზე. „გინდა მაგ ბოდიშით მომიქონო თავი და მე გიშველო? მე, რომელიც ამ მშვენიერი ჭრილობით დამასაჩუქრა ცხოვრებამ? და მხოლოდ ეს გამაჩნია ამქვეყნად?“ _ ასე უცნაურად იწყებს ბიჭი ლაპარაკს, ექიმი კი აქაურობიდან თავდაღწევას ცდილობს. მოახერხებს კიდეც, ცხენები კვლავ უეცრად ჩნდებიან და კაცი სახლიდან გამოიპარება, მაგრამ თავდახსნამდე შორია, ცხენები იღლებიან, ქურთუკი რაღაცას გამოედება და ექიმი უკაცრიელ სითეთრეში მარტოდმარტო რჩება. შორიდან კვლავ ჩაესმის სიმღერა: „გაიხარეთ, ავადმყოფებო, ექიმი თქვენსავე საწოლშია“. მოთხრობა სასოწარკვეთილი ექიმის გოდებით სრულდება: „ვინ შეიწუხებს ჩემთვის თავს! როგორ მოვტყუვდი! ვიღაცის ცრუ გამოძახილს ავყევი და დავღუპე ყველაფერი“. ასე გამოხატა კაფკამ ადამიანთა ურწმუნოებითა და უღმერთობით გამოწვეული სულიერი სიცარიელის ტკივილი. ექიმიც ისევე განწირულია, როგორც ავადმყოფნი. ადამიანი თითქოს თვითვე დევნის და ჯვარს აცვამს თავის მკურნალს.
მსგავსი განცდები და ასოციაციებია ზურაბ ლავრელაშვილის რომანშიც. აქ რეალურად ერთი პერსონაჟის თავგადასავალია, რომანისთვის თითქოს ცოტაა, მაგრამ სისავსის შეგრძნება მაინც არის. პერსონაჟი ლომოური, სიმბოლურად, ექიმის ბნელი მხარეა, არაცნობიერი, ოღონდ პერსონიფიცირებული. ერთგან ეუბნება კიდეც ლომოური ბარჯაძეს: “მე და თქვენ ერთნი ვართ, ეს არ დაგავიწყდეთო”.
“ღვთის ქმნილებათა შორის მხოლოდ ადამიანს შეუძლია ცოდვის ჩადენა. რას ნიშნავს
ეს? ჰარმონიის რღვევას” (ნიკოს კაზანძაკისი, „აღსარება გრეკოსთან“, გვ. 443). დარღვეული ჰარმონია აღელვებს ბარჯაძესაც, რომელიც ეძებს “ხიდებს” ჰარმონიულობის აღსადგენად. ფრედიმ კი თავისთვის მიაგნო ამ ხიდს, ამიტომაც იზიდავს ბარჯაძეს იგი, არადა სწორედ იმიტომ მიიწვიეს, რომ გაქცეული ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნოს. ამას ფრედი სიკვდილს არჩევს, რომანის გმირისთვის კი ფრედის სიკვდილი მხოლოდ ხორციელი ცხოვრების დასაsრულად გაიაზრება.
მთავარი გმირის სულის ხატვისას არის გადაძახილი ფროიდთანაც. ზიგმუნდ ფროიდი “ფსიქოანალიზის ნარკვევში” საუბრობს “მეს” უმთავრეს მახასიათებლებზე. მემკვიდრეობით მიღებულ, უპირველეს ყოვლისა კი, სხეულის ორგანიზაციიდან მომდინარე ლტოლვებს უწოდებს “იგის”. დროთა განმავლობაში ტვინში შეიქმნა განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელიც შუამავლობს “იგისა” და გარესამყაროს შორის. სულიერი ცხოვრების სწორედ ამ სფეროს უწოდებს მეცნიერი “მეს”. “მეს” უპირველესი ამოცანა თვითდაკვირვებაა. გამოცდილება კი გროვდება მეხსიერებაში. “იგის” შინაგანად უპირისპირდება იმით, რომ აღწევს ლტოლვების მოთოკვას, მათზე გაბატონებას. “მე” წყვეტს, შეიძლება თუ არა მათი დაკმაყოფილება – გადაიწიოს დროში თუ საერთოდ დაითრგუნოს. ფროიდის აზრით, ბავშვობის პერიოდის ნალექი “მეში” წარმოქმნის განსაკუთრებულ ინსტანციას, რომელშიც არსებობას განაგრძობს მშობელთა ზემოქმედება და მას უწოდებს “ზე-მეს”, რომელსაც “მე” ანგარიშს უწევს. “მეს” მოქმედება, ფროიდის მიხედვით, მაშინაა სწორი, როცა ის ერთდროულად აკმაყოფილებს იგი-ს, “ზე-მესა” და რეალობის მოთხოვნებს. “იგი” და “ზე-მე”, განსხვავების მიუხედავად, მსგავსნიც არიან: ისინი წარმოადგენენ წარსულის ზეგავლენას. “იგი”-სთან დაკავშირებულია ლტოლვები – სხეულებრივი მოთხოვნები. ფროიდმა ორი უძირითადესი ლტოლვა გამოარჩია – ეროსი და დესტრუქცია (სიყვარულისა და სიკვდილის ლტოლვები), ამიტომაც პერსონაჟის არსებაში ერთმანეთს გადაეწვნება სიყვარული და სიკვდილი. რომანში მწერალი ხატავს ბარჯაძის სულში მიმდინარე კონფლიქტს: “მე”-ს. “ზე-მე”-სა და “იგი”-ს შორის.
“მე “ ხშირად უძლურია: “გონებას მხოლოდ სურვილების მოთოკვა ძალუძს, მაგრამ ქვეყნიერებასთან ვერ შემარიგებს”, “ილუზიების ტყვე ვარ”. ცნობილია ის ფაქტი, რომ ფროიდი აღიარებდა და წუხდა, მის მიერ ადამიანის შინაგანი სამყაროს ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა არტურ შნიცლერს (ავსტრიელ იმპრესიონისტს) ამ გზის გაუვლელად, შემოქმედებით პროცესში ეძლეოდა. ერთ წერილში, 1922 წელს ფროიდი წერდა შნიცლერს, რომ მას თავის ორეულად აღიქვამდა. იგი მწერლის ნაწარმოებებში თავის ნააზრევსა და კვლევის შედეგებს ხედავდა. ფროიდის აზრით, მწერალი იმავე მასშტაბითა და სიღრმით, როგორც თვითონ, სწვდებოდა და გადმოსცემდა არაცნობიერს ადამიანში. ზუსტად ასახავდა მასში მიმდინარე შინაგან ფსიქიკურ პროცესებს და მათ განპირობებულობას ორი ძირითადი ძალის – სიყვარულისა და სიკვდილის მიერ“.
ზურაბ ლავრელაშვილის რომანში ლომოური დაახლოებით ამასვე ეუბნება ექიმს: “ვინმე პროვინციელი მწერალი შესაძლოა უკეთ იცნობდეს ადამიანის ზნეს, ვინემ მთელი თქვენი ექსპერიმენტული ფსიქოლოგია”. დარღვეული მთლიანობის აღსადგენად რომანში ბუნებასთან სიახლოვის გზაა დახატული: “ხე, ქვა, ჩიტი, ღრუბელი და ვარსკვლავები ჩვენი მასწავლებლები არიან”, “მინდა ჰაერს შევერიო და მზეში გავლღვე”. გმირი ნამდვილ ნეტარებას მხოლოდ ბუნებაში შეიგრძნობს. იგი მთელ წარსულს არარაობად მიიჩნევს და იჯერებს “უმიზეზო არსებობის” სიხარულს. უკვირს, აქამდე სად იყო? ტანას წყალში მობანავე კი თითქოს ახლად იშობა, თავისუფლდება წარმავალი ღირებულებებისაგან: “მოწყვეტილ ფოთოლს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე რუსეთ_გერმანიის ზავს”. საერთოდ, რომანში ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი წუთები შთამბეჭდავადაა აღწერილი. აქ არის აღიარებაც იმისა, თუ როგორ ძარცვავს და ანადგურებს ქალაქი (სიმბოლურად, ცივილიზაცია) ადამიანის სულს, ართმევს თავისუფლებას, ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს. პერსონაჟი ბუნების ნაწილად როცა შეიგრძნობს თავს, აღარც სიკვდილის ეშინია და აღარც სინდისი _”ყველაზე დიდი მაჯლაჯუნა”_ტანჯავს. მხოლოდ ამის შემდეგ განიცდის ბარჯაძე ადამიანებთან ახლო ყოფნის სურვილსაც, რადგან კაციც ბუნების ნაწილია. თუმცა სანეტარო წამები დიდხანს არ გრძელდება და სინამდვილე კვლავ ძალადობს, რასაც მოაქვს მარტოობის მტანჯველი განცდა. ადამიანი ბუნების, რწმენის გარეშე მარტოა. ბუნების აპოლოგიაა რომანის ბოლოსაც, როდესაც გმირი მუხას ეხვევა; “ამიტომაც მიყვარს ხეები: არასოდეს გკითხავენ, ვინა ხარ და რა გინდა; უნდა მიხვიდე და შველა სთხოვო”. კონსტანტინე გამსახურდიას “დიონისოს ღიმილში” ერთ თავს ჰქვია “ჰიმნები ხეებისადმი”. სავარსამიძე ხეებს ევედრება: “მასწავლეთ, ჩემო კარგებო, როგორ უნდა იცოცხლო უჩივლელად, უდარდელად, უშიშრად და როცა ჟამი მოვა... იქვე წაიქცე ... და შენივ ცხედრით დაფარო ეს შენივე მიწის ნაჭერი”.
რომანში ძალიან სუფთად და ლამაზად იხატება ბუნება: “თბილი და ვარსკვლავიანი ღამე იყო. აბრეშუმის ჰაერს სიგრილე ექსოვებოდა. მთების წვერებზე მთვარე ამოცურდა, სხივები დაღვარა”. ამგვარად იქმნება ტრადიციული კონტრასტი შეურყვნელ ბუნებასა და ადამიანის შერყვნილ სულს შორის.
რომანის სიუჟეტი ზომიერადაა ჩახლართული. ექიმი ატენში ჩადის საქმოსან სიეზმანთან, რომელსაც სურს ექიმმა მისი ოჯახიდან გაქცეულ ძმისშვილს უმკურნალოს, რეალურ ცხოვრებას დაუბრუნოს. ეს ძმისშვილი, სახელად, ფრედი, უცნაურია, სექტისმაგვარი აქვს ჩამოყალიბებული. სწორედ მასთან ურთიერთობა შეცვლის გმირს, რომლისთვისაც ფრედისთან და მარიასთან შეხვედრა იქცა ერთგვარ კატალიზატორად (მარია და ფრედი, სიმბოლურად, ღვთისმშობელსა და ძე ღვთისაზე მიანიშნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან თავიანთი პარადიგმებისაგან (როგორც ცნობილია, სიმბოლოებისთვის დამახასიათებელია მხატვრულ სივრცეში ამგვარი ტრანსფორმაცია). ფრედი უნებურად გვახსენებს ფიოდორს, ე. ი. დოსტოევსკის და მიანიშნებს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ მწერალმა მასზე სულიერი ძიებების თვალსაზრისით. ლომოური ფრედიზე ამბობს: “სწორედ მეორედ მოსული ქრისტეა... ნამდვილი ლიტერატურული ტიპი...”
სამყაროსთან გაჩენილი უფსკრულის ამოსავსებად ბარჯაძეს ძიების გზაზე შემოეყრება მარია და მოეჩვენება, რომ მისი სიყვარული იხსნის, რადგან ქალის თვალებშიც “ზეცის წიაღი ჩანს”: “გონებით შევთხზე და შეთხზულს მარია ვუწოდე... ცხოვრება სხვაა, ის ჩვენს წარმოსახვას არ ემორჩილება”.
XX საუკუნის ლიტერატურაში აქტიურად შემოიჭრა ქალის, როგორც ერთდროულად, მეძავისა და წმინდანის სახება. გავიხსენოთ ფოლკნერის რომანი “რეკვიემი მონაზვნისთვის”. ამ რომანშიც მეორდება ეს ლიტერატურული პარადიგმა. მარია, ერთი მხრივ, ბარჯაძეს გზას უხსნის ბუნებისკენ, მეორე მხრივ, მრუშობის ჭაობში ითრევს: “მარიასადმი ჩემი ლტოლვა ნაზი და წმინდაა. წმინდა?! ავაზა ისევ აბორგდა ჩემს სულში”.
მარია, საზოგადოდ, გარდა ზემოხსენებულისა, ლიტერატურაში ხშირად არის მარადქალურობის, მშვენიერების, ბუნებრიობის, ამაღლებულობის სიმბოლო. აქ კი მარია ექიმის ხორციელი ინსტინქტების ბრძოლის ასპარეზზე მთავარი მეტოქეა, იგი ერთდროულად განასახიერებს ეროსსაც და თანატოსსაც. მწერალი ეროსის, ხორციელი ლტოლვის, მეტაფორულ სახეს ქმნის. ეს არის ავაზა. პანთერა, ავაზა, ლეოპარდი და ვეფხვი ერთი რიგის სიმბოლოები არიან და განასახიერებენ, საზოგადოდ, ამქვეყნიურობის, ხორციელების,
მატერიალურის ძალადობას ადამიანის სულიერებაზე, ირაციონალურზე. გმირი გამუდმებით ცდილობს ინსტინქტის, ავაზის დამორჩილებას (დანტესაც „ღვთაებრივ
კომედიაში“ სულიერი განვითარების გზაზე
მგელსა და ლომთან ერთად, ლეოპარდიც გადაეღობება). მხატვრულად საინტერესოდ და ოსტატურადაა დახატული ეს ბრძოლები. გმირი ხან იმარჯვებს, ხან მარცხდება: “ჩემი მეობა შელახულია. სამარცხვინო გრძნობების მონა ვარ”. “ორად გავიხლიჩე”. “სიკვდილზე უძლიერესი ინსტინქტი” ჯაბნის და გონების მოჩვენებით ძლიერებას ნიღაბს ხდის. რომანში ერთგვარი დეტექტიური ხერხიცაა გამოყენებული მარიას აგენტობაზე ეჭვის თვალსაზრისით.
სიეზმანის ოჯახში ერთმანეთს ხვდებიან ექიმი და ლომოური და მსჯელობენ როგორც პოლიტიკურ, ასევე, უმთავრესად ფილოსოფიურ-რელიგიურ თემებზე. ამ მსჯელობებზე რომანში დიდი აქცენტია გაკეთებული. მიხეილ ჯავახიშვილმა “ჯაყოს ხიზნებში” მსგავს თემებზე სასაუბროდ თეიმურაზს მოპაექრედ ნახუცარი ივანე დაუყენა. ლომოურიც ოდნავ სქემატური სახეა, რადგან ის მხოლოდ ბნელი ფონია, გმირის შიდა მხარეა ზედაპირზე წამოტივტივებული.
საინტერესოა ლომოურის აფორისტული გამონათქვამები: “თავისუფლად რომ ვაზროვნებ, პოლიტიკაში ამიტომაც არ ვერევი”. მის მიერ რევოლუციის კრიტიკას (“ეგ თქვენი რევოლუციაც ისეთივე წყლის ნაყვაა, როგორც კაცობრიობის მთელი ისტორია”...) მოჰყვება თანასწორობის იდეის აპოლოგია_ “ვინ გამოიცნოს, როგორ და რისთვის შექმნა უფალმა ყოველი ჩვენგანი თავისივე მსგავსად, თუკი თანასწორობა არ ექნებოდა ნიმუშად”.…
ლომოური, უმეტეს ინტელექტუალთა მსგავსად, ნიჰილისტია, ცინიკოსი და ტრადიციულ ღირებულებათა უარმყოფელი, ერთგვარი მეფისტოფელური სახეა. ქართველებს სიზარმაცეს უკიჟინებს; “ტექნიკური პროგრესი გვეხამუშებაო, მოძალადეები ვართ, ყოველი ჩვენგანი თავის ბუნებაზე ძალადობსო“. ლომოური ამბობს, რომ ნიცშე წაუკითხავს. ეს უთქმელადაც იგრძნობა მის საუბარში. მისთვისაც ადამიანი ავადმყოფი ცხოველია, რომლის ევოლუცია ჯერ არ დასრულებულა. ეს სენი კი ნიჰილიზმია. მისთვის მიუღებელია ადამიანის მოქცევა ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებულ მორალურ ღირებულებათა მარწუხებში. იგი მეტაფიზიკურ სკეპტიკოსად მიიჩნევს თავს და სწამს სიცოცხლე ღმერთის გარეშე, იგი “არაფრობის მაღიარებელი” ტრაგიკული, მარტოსულია. იგი თავისებურად იაზრებს სახარებისეულ ამბებს. მისი მტკიცებით, ჯვარცმის შემდეგ მოციქულებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან აღარავინ მოუწოდებდა, „იფხიზლეთო”, იუდასა და პეტრეს ქცევა ესახება პარადიგმებად: “თითოეული ჩვენგანიც ამ ორ არჩევანს შორის მერყეობს: ან გასცეს თავისი ღმერთი, ან უარყოსო”.
რომანში ცივილიზაცია და რწმენა დახატულია როგორც ცეცხლი და ყინულივით შეუთავსებელი. ეს აწამებს ბარჯაძეს და საფიქრალს უჩენს. ლომოური წამოსწევს წინ თემას ილუზიისა და სინამდვილის ურთიერთმიმართების შესახებაც. ეს მწერლის მთავარი საფიქრალია. პერსონაჟის მსგავსად, თვითონაც “ნაკითხია და თითოეულ საგანსა თუ მოვლენას აუცილებლად ლიტერატურულ შესატყვისს მოუძებნის... თითქოს განუზრახავს, ქვეყნიერება მხოლოდ ლიტერატურულ ფაქტად აქციოს”.
ცხოვრება, ქვეყნიერება, მწერლისთვის მეტატექსტია_ რომელშიც ჩაწერილია სხვა ტექსტები. ზურაბ ლავრელაშვილი თავის პერსონაჟებსაც სწორედ ამ მეტატექსტის კონტექსტში წარმოაჩენს.
„სიმბოლო ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს რაციონალურ სამყაროსა და მისტიკურ სამყაროს შორის“ (იური ლოტმანი, „სიმბოლო კულტურის სისტემაში“), ამიტომ მწერალი ხშირად მიმართავს სიმბოლოებს. რომანში გმირი მიატოვებს ყველაფერს და მთებისკენ გარბის. სიმბოლურად, ეს ნიშნავს, რომ ბუნებაში უნდა დასრულდეს მისი სულის მეტამორფოზა, თუმცა გმირის ტანჯვა არ მთავრდება სრული სინათლის მიღწევით. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ეს არის სწორედ მღვიძარება. როდესაც პერსონაჟი ბოლოს ტყისკენ აღმართს აუყვება, იგი ნაცნობ ადგილას საყდარს ვეღარ დაინახავს, ის მან ახლიდან უნდა ააგოს თავის სულში. სიფხიზლე ტკივილთანაა დაკავშირებული. ცნობილ მითში პრომეთეს არწივი ღვიძლს უკორტნის, რომ მღვიძარე იყოს. ეს მისი სასჯელია. ბარჯაძე გრძნობს, როგორ ღვივდება მის სულში სიცოცხლისა და თავისუფლების მცენარე, ამიტომაც აღარც ლოდინისა და აღარც დამარცხების აღარ ეშინია: “რაც უნდა გადამხდეს, ვიცი, რომ ის მოვა. ვისაც სახელი არა აქვს. ვინც ჩვენ გვგავს და ჩვენზე მეტია”. რომანის მთავარი სათქმელიც ესაა: მწერალს სჯერა და მკითხველსაც არწმუნებს: “სიბნელეში სინათლე იმალება. სინათლე უნდა დაინახო. ამისთვის უნდა იფხიზლო”.
-------------------------------------------------------
დაბეჭდილია, წყარო: https://mastsavlebeli.ge/?p=37989
No comments:
Post a Comment