Translate

Sunday, December 27, 2020

პრობლემები და ესთეტიკა – კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ სწავლებისთვის

 

მაია ჯალიაშვილი



ქართულმა ქრისტიანულმა ხელოვნებამ არაერთი „ქვის ბიბლია“ (ვიქტორ ჰიუგო) შექმნა, მათ შორის, ბევრი იქცა მწერალთა შთამაგონებლად, მაგრამ ამჯერად სვეტიცხოველს გამოვარჩევთ, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ რომანის „პერსონაჟად“ აქცია. ერთი შეხედვით, პასუხგაუცემელი კითხვა: „რა ხელმა ააგო?“ (გალაკტიონი, „ქებათა ქება ნიკორწმინდას“) კონსტანტინე გამსახურდიას რომანით  ერთ მშვენიერ  „პასუხად“ იქცა. ამ რომანში მწერალმა გამოიყენა  ევროპული თუ ქართული ისტორიული   რომანის ტრადიცია, გამოგონილი და ისტორიული მასალის იმგვარი სინთეზი შექმნა, რომელმაც მკითხველი მოთხრობილ ამბავთა „რეალობაში“ დააჯერა.  „ოცზე მეტი საუკუნის განმავლობაში არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში. ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არანაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვრის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას, მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე“, – მწერალი ამ სტრიქონებით კარგად გამოხატავს, რამ უბიძგა რომანის შესაქმნელად. მან ნაწარმოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა:

  1. ხელოვნების უკვდავების იდეა;
  2. საქართველოს თავისუფლების იდეა (ისტორია და თანამედროვეობა).

ხელოვნების უკვდავების იდეა მან  ხუროთმოძღვარ კონსტანტინე არსაკიძის მხატვრული სახის შექმნით წარმოაჩინა. მას თვალწინ ჰქონდა სვეტიცხოველი, როგორც  საქართველოს ერთიანობისა და დიდი რწმენის სიმბოლო, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი, ამიტომ მიზნად დაისახა, ეჩვენებინა, რა ვითარებაში როგორ და ვის მიერ იქმნება მსგავსი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურის სახეს წარმოაჩენენ.

ტაძართან დაკავშირებით რა ისტორიული წყაროები გააჩნდა ავტორს?

  1. ხალხური გადმოცემა (ეპიგრაფად წარუმძღვარა ეს ლექსი რომანს);
  2. სვეტიცხოვლის კედლის წარწერები და ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული მარჯვენა;
  3. ეპოქის კონტექსტის შესაქმნელად ქართული, ბიზანტიური და  სხვა ისტორიული წყაროები და ქრონიკები;
  4. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხელთ ჰქონდა წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანების, მის მიერ ხის სვეტიცხოვლის აგების, შემდეგ ვახტანგ გორგასლის მიერ ამავე ადგილას ქვის ეკლესიის აგების ამბები. თუმცა, რომანში  ტაძრის მშენებლობის მხოლოდ  მეთერთმეტე საუკუნის მოვლენები გააცოცხლა, რადგან ხელოვნება და თავისუფლება ერთმანეთთან დააკავშირა და უპირველესი, ერის სასიცოცხლო იდეალები გამოხატა:
  5. მეფე გიორგი I იბრძვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის;
  6. ხუროთმოძღვარი არსაკიძე აშენებს სულიერი თავისუფლების გამომხატველ ძეგლს.

ტაძარზე მარჯვენის გამოსახულება ლეგენდის ამბავს ამტკიცებდა (თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამგვარი გამოსახულებები ერთგვარი ავტოგრაფის ფუნქციას ასრულებდა), დაქარაგმებული წარწერა, რომელშიც ავტორმა არსაკიძე ამოიკითხა (ისტორიკოსები არსუკისძეს ხედავენ) და სახელად კონსტანტინე დაარქვა, ამგვარად,  მწერლისეული ალტერ ეგოს დატვირთვა შესძინა.

რომანში  ავტორი ქმნის მრავალმხრივ განტოტვილ ამბავს არსაკიძისას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, როგორც ხელოვანი. ეს ზრდა მიმდინარეობს როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარემოსა და საზოგადოებასთან ბრძოლასა და წინააღმდეგობაში (გიორგი მეფე, მელქისედეკ კათალიკოსი, შორენა კოლონკელიძე, დედა და სხვ.).

რა ეხმარება არსაკიძეს სულიერ-შემოქმედებით ზრდაში?

  • რწმენა იმისა, რომ შექმნის ისეთ ღირებულ ძეგლს, რომელიც უკვდავებას მოუტანს;
  • ტაძარი დროს „შეებრძოლება“, საუკუნეებს გაუძლებს;

3)    მისი შექმნილი საზოგადოებას გამოადგება.

ეს რომანში შესანიშნავად არის გამოხატული კონცეფციურად და კონკრეტულად  შემდეგ ციტატებში: „ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“. „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება“.

ხელოვნების უკვდავების იდეის წარმოსაჩენად ავტორმა გამოიყენა ბიბლიური იაკობის სახე და მას სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა.

ვინ არის იაკობი? ის არის ისაკისა და რებეკას შვილი, ესავის ტყუპისცალი. ძმასთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა, გადახვეწილიყო და გზაში გადახდა ისეთი ამბავი, რომელმაც ის სხვათაგან  გამოარჩია. მან ნახა საოცარი სიზმარი, იხილა ცამდე მიწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადი-ჩამოდიოდნენ. კიბის თავში კი უფალი იდგა, რომელმაც იაკობი დალოცა და შემწეობა აღუთქვა. ხანგრძლივი განშორებისა და ხიფათების შემდეგ იაკობი შინ დაბრუნდა, გზაზე ისევ სასწაული მოევლინა. ღამით მასთან გამოცხადდა უცხო და დილამდე ეჭიდავა. დილას უცხომ იაკობი აკურთხა,  უწოდა ისრაელი – „ღმერთთან მოჭიდავე“ და ხალხის მამამთავრობა აღუთქვა. ამ ბრძოლამ იაკობს თეძო დაუზიანა და დაკოჭლდა. იაკობი იყო კაცი, რომელიც ღმერთს შეებრძოლა.

ბიბლიური სიმბოლიკა მწერალმა რომანის მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად გამოიყენა. ღმერთთან „ჭიდაობა“ გულისხმობს მასთან გატოლების წადილს და უკვდავებასთან ზიარების წყურვილს.

რომანში ბიბლიური იაკობის სახე ორგვარად არის  წარმოჩენილი:

  1. მას ედარება არსაკიძე („იგი ისე ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს“);
  2. მასთან შედარებულია სვეტიცხოველი („სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“).

არსაკიძეს ამ შერკინებით მწერალი გამოხატავს იმ აზრს, რომ შემოქმედი ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც ღვთის შექმნილს გაუტოლდება და ამგვარად მოიხელთებს უკვდავებას. არსაკიძემ მოიპოვა უკვდავება, როგორც ხელოვანმა, ტაძარმა გაუძლო საუკუნეებს და ისიც მარადისობას ეზიარა.

არსაკიძე ღმერთთან მეტოქეობის გამო დაისაჯა  (სურათიც ხომ დახატა – იაკობის შერკინება ღმერთთან. ნახატზე იაკობს თავისი სახე მისცა), მაგრამ ამ მეტოქეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ღირებული, ადამიანი ხომ ღმერთს სწორედაც შემოქმედების უნარით ჰგავს და იმ თავისუფლებით, რომელსაც ყველაზე უკეთესად ხელოვნების შექმნის ჟამს შეიგრძნობს.

არსაკიძემ ყველაფერი, მათ შორის, შორენას სიყვარული, შესწირა ხელოვნების საქმეს.  მისთვის ტაძარი ქვა კი არა, ცოცხალი არსება იყო, რომელიც ზრდისა და სრულყოფილებისათვის უდიდეს, სხვასთან გაუყოფელ სიყვარულსა და თავგანწირვას ითხოვდა. ამიტომაც ვერ გადაწონა რეალური ქალის სიყვარულმა საბედისწერო სასწორი.  ამიტომაც ვერავის მისცა სული არსაკიძემ. რომანის ბოლოს შთამბეჭდავად ხატავს მწერალი ამ მსხვერპლშეწირვას: „დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი“.

ნაწარმოებში ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ორიგინალურობის იდეაც შესანიშნავად წარმოჩნდება. გიორგი ბერძენი ხუროთმოძღვრების მიერ წარმოდგენილ ტაძრის მაკეტებს  დაიწუნებს: „გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე“.

რომანში გიორგი მეფე განასახიერებს ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უპირველესია, ამიტომაც ებრძვის ასე ბიზანტიას. მწერლის განსაკუთრებულმა სიყვარულმა და აღტაცებამ განაპირობა ის, რომ იგი რომანის მთავარ გმირად იქცა. ამ შემთხვევაში, სვეტიცხოვლისა და გიორგის ბედიც რაღაცნაირად ერთმანეთს გადაეჯაჭვა, რადგან სწორედ გიორგის მეფობის დროს აშენდა ის იმ ფორმით, როგორადაც დღემდე მოაღწია, თუმცა მრავალგზის დაინგრა და რესტავრირდა. მწერალი ბოლოსიტყვაობაში წერს:  „ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი. სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე კურაპალატი.

ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართამმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს „უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, ქართულ ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი. მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი დიდი მდუღარება ჩემი სულისა“.

მწერლის ენობრივი სტრატეგიაც განსხვავებულია და ემყარება მის მიერვე მოსწრებულად ნათქვამს: „წინ, მერჩულისაკენ“, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ დროისთვის (მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სოცრეალიზმის ლიტერატურის) გაღატაკებულ-გაშაბლონებული ენის გამდიდრებას არქაიზმებითა თუ პოეტური ნეოლოგიზმებით. რომანში  ენა იმგვარადაა სტილიზებული, რომ, ერთი შეხედვით, ხელოვნურობის იერი დაჰკრავს, განსაკუთრებით, მის სინტაქსს, რომელიც, ამავე დროს,  მუსიკალურობას მატებს სტრიქონებს. პოეტური პროზისთვის დამახასიათებელი ლირიზმი, რიტმულობა, მეტაფორულობა, ფერადოვნება  ერთგვარი მანერულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მოჩვენებითია და ზუსტად შეესაბამება რომანის რეალისტურ-რომანტიკულ სულისკვეთებას.

როგორც ცნობილია, რომანში შეფარულად გამოხატულია  ბიზანტია-რუსეთის იგივეობა. ორივე იმპერია იტაცებდა საქართველოს ტერიტორიას, ქრისტიანული რწმენის სახელით დამოუკიდებლობას ართმევდა, ენას კრძალავდა და იდენტობის გამომხატველ ყოველგვარ მოვლენას ებრძოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი რომანი, რა თქმა უნდა, შეფარულად გამოხატავდა პროტესტს ამავე რეჟიმის მიმართ, რადგან საქართველოს ერთობა მასთან ძალადობრივი და იძულებითი იყო. ამიტომაც მეფე გიორგი წინააღმდეგია ყოველივე ბიზანტიურისა:

  1. „ძაღლთაპირს“ უწოდებს ბასილი კეისარს და არ აპირებს მის მორჩილებას: „ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“;
  2. კეისრის ნაჩუქარი სამეფო მწვანე ეტლით მწევრები დაჰყავს;
  3. ბერძნული სახელის მქონე მალემსრბოლ ანაქსიმანდრეს სახელს უცვლის და პიპას არქმევს;
  4. სასახლეში ბერძნულად არ ლაპარაკობს, არც ჩამოსულ სტუმრებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცის;
  5. იწუნებს ბიზანტიელ ხუროთმოძღვრებს და სხვ.

ბიზანტიონის „სიდამპლეს“ მამამზეს სახლთუხუცესი ტოხაისძეც არაერთი მაგალითით ადასტურებს და ფიქრობს, რომ მეფე გიორგის სისასტიკე სწორედ ბიზანტიაში ასწავლეს.

მიუხედავად ამისა, გრიგოლ რობაქიძემ  ცალკეული ეპიზოდის გამო 1939 წ. დაწერილი   ეს რომანი მაინც საბჭოთა რეჟიმის პირობებში ერთგვარ `დათმობად~ მიიჩნია.  მან დაიწუნა და გაუგონარ მკრეხელობად მიიჩნია გიორგი მეფის მიერ ძელიცხოვლის ხატის მოწამვლის ამბავი. ამგვარად,  მისი აზრით, რომანში `1. მეფე `გაბითურებულია~ – რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს? 2. `გაბითურებულია~ ხატიც – რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ? ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში“.

რობაქიძის აზრით, შესაძლოა რომელიმე ქართველი მეფე ვერ იდგა თავის მეფურ სიმაღლეზე; ამის მაგალითებსაც ვხედავთ საქართველოს ისტორიაში, ხოლო აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს `ხელმწიფების~ იდეაც არის `გაკაწრული~, ის იდეა, რომლითაც გამართულია `ცხოვრება ქართლისა~, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავი და თავი აქ ხატის შელახვაა. `სვეტიცხოველი~ საკრალური შუაგულია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის… მცხეთის გვერდით ეგულებოდათ კარდუს საფლავი; მცხეთაში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული… აქ გამოჭრა წმინდა ნინომ ჯვარი, რომელსაც თავისი თმები მოახვია… მცხეთა უძველესი დედაქალაქი იყო საქართველოსი, მის წიაღში განისვენებენ მეფენი და მთავრები. არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ აქ აგებულ ტაძარს `სვეტიცხოველი~ დაერქვა, გასაგებია ისიც, რომ ქართველთა განცდასა და შეგნებაში ამ სვეტის გარდამქმნელი ძალა `გასაგნდა~, როგორც სასწაულმოქმედი ხატი. და აი, გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული. რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია. ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთს წვეთს საწამლავისა შეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას `დათმობა… ამ დათმობით `მოწამლა~ მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოეთის ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ `დათმობას~ იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა~.

გრიგოლ რობაქიძემ წერილში „სულის დაშლა“ მწერლური ოსტატობაც დაუწუნა გამსახურდიას. იგი წერს: „აქ მხოლოდ ჩემს პირველ შთაბეჭდილებას გავაცნობ მკითხველს:

  1. ეპიურ ნაწარმოებში `მთელი~ ისე უნდა სჩანდეს, როგორც კამარა მოვლებული განფენილი ლანდშაფტი; ამ რომანში კი დეტალები ნთქავენ მთელს.
  2. ისტორიული რომანი მეცნიერული კვლევა არაა, ცხადია, იქ არყოფილსაც აქვს ადგილი. ხშირად სწორედ ამას, ხოლო არყოფილი ისე უნდა იყოს იქ გადმოცემული, თითქო იგი მართლაც ყოფილიყოს; ეს მოითხოვს დიდს ვიზიონერულ ნიჭს, აუცილებელს გზნებისათვის წასულის `სულიერი ჰავისა~; წარმოსახული, ამ შემთხვევაში არაყოფილი, უნდა იყოს სახიერებული ვითარ ნამდვილი: ესე იგი როგორც ყოფილი. გამსახურდიას რომანში კი მრავალი სცენები `ზღაპრების~ შთაბეჭდილებას სტოვებენ.
  3. რომანში ყოველი ამბავი ცოცხლად უნდა იყოს თხრობილი, ეს თავისთავად ცხადია. ხოლო იქ, სადაც მოთხრობილია საუკუნეებში გადასული ამბავი, ეს `ცოცხალი თხრობა~, ასე ვთქვათ, შორეთიდან უნდა ჰქროდეს. ესე იგი, ამბის აღქმევისას ერთგვარი `მანძილი~ უნდა იყოს დაცული. აქ კი ხშირად ისეა ამბავი თხრობილი, თითქო იგი გუშინ მომხდარიყოს. ეს სხვათა შორის ზემო მუხლში ნათქვამითაც აიხსნება: თუ ვერ წვდები წარსულს ვიზიონერულად, მაშინ ძალაუნებურად შეგაქვს იქ `ჰავა~ აწმყოსი.
  4. მეორე ნახევარი რომანის იმპრესიონისტულ-ფელეტონისტურად არის გაშლილი, რის გამოც მოთხრობა ჰკარგავს ეპიურ ნელ განფენილობას, ეგზომ აუცილებელს წარსულის გადმოსაცემად“.

მიუხედავად გრიგოლ რობაქიძის დიდი ავტორიტეტისა, მისი ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საკამათოდ მივიჩნიოთ, თუმცა ფიქრისა და განსჯის კარგ მიზეზს გვთავაზობს.  მკითხველი შეიძლება გააოცოს ერთი მწერლის მიერ მეორის ამგვარმა შეფასებამ, ნაკლზე ხაზგასმამ,  მაგრამ თან კრიტიკული აღქმისა და აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს.




პირველად დაიბეჭდა ინტერნეტგაზ. „მასწავლებელში“_ http://mastsavlebeli.ge/?p=18019


No comments:

Post a Comment