მაია
ჯალიაშვილი
„ბრწყინვალე სამშაბათია, წირვა ეს-ეს არის დასრულდა,
ტკბილი, მშვიდი დღეა, მზე ანათებს, ჟინჟღლავს, ლიმონის ყვავილი სურნელს აფრქვევს, ხეები
იკვირტება, ბალახი იწვერება, ქრისტე ამოდის მიწის ყოველი ბელტიდან“,_ ვკითხულობთ ნიკოს კაზანძაკისის სტრიქონებს რომანში
„ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ და სულში საოცარ
სიმშვიდესა და უტკივილო სევდას ვგრძნობთ. მეოცე საუკუნის ამ ბერძენი მწერლის ნაწერებში
კარგად წარმოჩნდება თანამედროვე სამყაროში
კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირება და ამ ნიადაგზე წარმოშობილი გაუცხოების პრობლემები.
ამ რომანშიც, რომელიც ახალი ბერძნულიდან შესანიშნავად თარგმნა მაია კაკაშვილმა,
მკითხველი შეიგრძნობს სიკეთის არსს და ყოფის ამაოების დაძლევის გზებსაც შეიმეცნებს.
უილიამ
ბლეიკი ერთ ლექსში წერს: „ქვიშის მარცვალში სამყარო დაინახე, მინდვრის ყვავილში სამოთხე
იხილე, შენს ხელისგულზე _ უსასრულობა, ერთ წამში კი _ მარადისობა!“. ყოველივე ამის შესაგრძნობ-დასანახავად კი ადამიანს
მომადლებია სიტყვა, ამიტომაც ვაჟა-ფშაველა მწერლობას „წმინდა ხელობად“ მიიჩნევდა, რადგან
კარგად აცნობიერებდა სიტყვასთან, ლოგოსთან ურთიერთობის პასუხისმგებლობას. სიტყვის ძალა
და ენერგია უნდა მიმართულიყო ადამიანში სულიერი საწყისების გასაღვიძებლად, რათა კაცობრიობას
დეჰუმანიზაციის საშიშროება გადაელახა. ყოველ მწერალს ამისთვის საკუთარი გზა აქვს არჩეული,
ზოგი ანგელოზებს ხატავს და ზოგი _ დემონებს, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, მიზანი
ერთი უნდა იყოს: მკითხველის კათარზისი და ხსნა.
ჯვარცმის
მისტერია ყოველი აღდგომის დღესასაწაულზე მეორდება. ეს საიდუმლო ადამიანის გულის ჭიდილს
ასახავს უირველესად. ეს ჩვენს გულებში იტანჯება,
იმარხება და კვლავ აღორძინდება რწმენა. ნიკოს კაზანძაკისი თავისი რომანით მკითხველს
კიდევ ერთხელ დააფიქრებს მარადიულ კითხვებზე: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
რომანის მოქმედება ერთ ბერძნულ სოფელში, ლიკოვრისში, ხდება, რომელიც წუთისოფლის ერთგვარი მოდელია თავისი
ადამიანური სიჭრელით. ეროვნული და პიროვნული თავისუფლება ერთმანეთს გადაეწვნება: „ქრისტე აღსდგა! სამშობლოც აღსდგება მკვდრეთით!“.
რომანის
სიუჟეტური ქარგა უცნაური ამბის გარშემო ვითარდება. სოფლის მღვდელი გადაწყვეტს უძველესი ტრადიციის აღდგენას, რომლის მიხედვითაც,
ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ თანასოფლელებიდან ხუთი-ექვსი კაცი უნდა აირჩიონ, რომლებიც
ვნების კვირაში ქრისტეს ვნებას გააცოცხლებენ. ასეც ხდება. სოფლელებიდან აირჩევენ მოციქულებს: პეტრეს,
იაკობს, იოანეს, იუდა ისკარიოტელს და მარიამ მაგდალინელს. „ვინ შეძლებს, მთელი წელიწადი გული წმინდად შეინახოს
და ჯვარცმული ქრისტე განასახიეროს“? ქრისტედ
შეარჩევენ ცისფერთვალა ქერა მწყემს მანოლიოსს, რომელიც
ადრე ტაძარში ეხმარებოდა მღვდელს. რომანში წარმოჩენილია, როგორ შეცვლის ეს „როლები“
განმასახიერებლებს, განსაკუთრებით, მანოლიოსს, რომელიც „ხორბლის ნაზი ღეროსავით ნათელს ეწაფებოდა და ნათლით
იკვებებოდა“.
რომანი
სავსეა დრამატული ეპიზოდებით, რომლებიც წარმოაჩენენ სამყაროში არსებული ბნელი და ნათელი
ძალების ბრძოლას ადამიანთა გულებში. ნიკოს
კაძანძაკისი ამ რომანშიც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილის სტიქიაშია. ფრაზების მეტაფორულობა, თხრობის
რიტმი და ენერგეტიკა, პოეტური გზნება ყოველივე იმისა, რასაც აღწერს, მკითხველზე გასაოცარ
შთაბეჭდილებას ახდენს. თხრობაში შემოჭრილი ბიბლიური, ძველი და ახალი აღთქმისეული ალუზიები
და რემინისცენციები მკითხველს ეხმარება მხატვრული ტექსტის დროისა და სივრცის სიღრმისეულ აღქმასა და გააზრებაში. პესონაჟები კონკრეტული
ადამიანები არიან, იმავდროულად, ერთგვარი სიმბოლოები, რომლებიც სამყაროს კანონზომიერებებს
გამოავლენენ. რომანი სავსეა ადამიანთა სულში ატეხილი ქარიშხლებით, რომლებიც ხან ღუპავენ მათ, ხან კი ააღორძინებენ,
ახლიდან შობენ, გულის, სულისა და გონების
თვალს უხელენ. მკითხველი ისმენს სამყაროს ათასგვარ ხმას, ყნოსავს ზღვიდან მოტანილი ქარისა თუ გადამწვარი
ბალახების ათასნაირ სურნელს, მათ შორის, ასეთსაც: იანოკოსი „ბნელ
ბოსელში შევიდა, სადაც მის საყვარელ ვირს
ეძინა და სიზმრებს ნახულობდა. გომურს ნეხვისა და ნოტიო კოსმოგონიური სითბოს სურნელი
ასდიოდა. ამგვარი სუნი ექნებოდაო, იფიქრებდი, შესაქმის პირველ წლებში სამყაროს“.
სოფელს
მოულოდნელად თურქებისაგან აოხრებული სხვა სოფლის შიმშილისაგან დაუძლურებული ლტოლვილები
მოადგებიან, რომელთაც გაძვალტყავებული მღვდელი ფოტისი მოუძღვებათ. მათთან ურთიერთობაში
წარმოჩნდება ადამიანური სიხარბის, გაუტანლობის, სისასტიკის უსაზღვროება. ერთ-ერთი პერსონაჟი,
იანაკოსი, ფიქრობს: „მართლაც, მხეცია
ადამიანი, რასაც უნდა, იმას აკეთებს, რომელ გზასაც უნდა, იმას ადგება. ჯოჯოხეთისა და
სამოთხის კარიბჭეები ერთმანეთს ეკვრის. ეშმაკს შეუძლია და შედის მხოლოდ ჯოჯოხეთში,
ანგელოზს შეუძლია და შედის მხოლოდ სამოთხეში, ადამიანს _ სადაც სურს!“
ეს
სოფელიც ისეთივე ჭრელია, როგორც სამყარო, ამიტომაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც
უბედურ ლტოლვილებს დახმარების ხელს გაუწვდიან, მათ შორის არ აღმოჩნდება ლევკორისის
მღვდელი, ამიტომაც გაიფიქრებს იანაკოსი: „გამოცანაა სამყარო.
დიდი გამოცანა. ღმერთი დემონისგან ვერ გაგირჩევია კაცს. ხშირად, უფალო მომიტევე, ერთი და იგივე სახე აქვთ“.
რომანის ყველა ამბავი საბოლოოდ მანოლიოსის ირგვლივ ერთიანდება. იგი დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილების გადატანის
ფასად უარს ამბობს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და ელიას ტაძარში განმარტოვდება, მაგრამ არა
საბოლოო სიმშვიდის, არამედ სულში მიმდინარე ბრძოლის გასაგრძელებლად, რადგან ფიზიკური ლტოლვებისა და ხორციელი ვნებების დათრგუნვა ჯერ
კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას: „როცა
წყალი მშვიდდება, იხრწნება, როცა მეტისმეტად მშვიდდება სული, ისიც იხრწნება“.
რომანში
სულიერი ცხოვრების არაერთი ამბავია ჩართული.
მანოლიოსს თავისი მოძღვრის, მანასეს ნაამბობი ახსენდება: ერთხელ განდეგილი ესტუმრა, წამით აღებდა თვალებს
და მერე ისევ ხუჭავდა. მანასემ უთხრა: გაახილე თვალები, მამაო, რომ ღვთის საკვირველი
საქმენი იხილო. მე თვალებს ვხუჭავ, _
უპასუხა მას ასკეტმა _ და მათ შემოქმედს ვხედავ“.
რომანი
მკითხველს აჯერებს, რომ თითოეულ ადამიანს მთელი
სამყაროს ხსნა შეუძლია. საგულისხმოა ეპიზოდი, როცა მანოლიოსი ფოტისს
ეკითხება:
„როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, მამაო?
_ადამიანების
სიყვარულით, შვილო ჩემო.
_ და
როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები?
_გარჯით,
რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ.
და
რომელია სწორი გზა?
_ აღმართი!“
მწერლის
აზრით, რწმენა ადამიანთა სიყვარულში მჟღავნდება. მანოლიოსს მოძღვარმა ესეც უამბო: ერთ ბერს ნატვრად ჰქონდა ღვთის წმინდა საფლავის მოლოცვა, მოწყალებას ითხოვდა და
რამდენიმე წელიწადში 30 ლირა მოაგროვა, კურთხევა მიიღო წინამძღვრისგან და გზას გაუდგა. ჯერ კიდევ
მონასტერს არ დაშორებოდა, რომ ჩამოძონძილი,
ფერმკრთალი, დადარდიანებული ადამიანი დაინახა, ბალახს აგროვებდა, ჰკითხა, მამაო, სად
მიდიხარო. წმინდა საფლავზე, ძმაო, მოსალოცად, ქრისტეს საფლავს რომ სამჯერ შემოვუარო
და თაყვანი ვცეო. ფული რამდენი გაქვსო? 30 ლირაო. ეგ ფული მე მომეცი, რადგან ჩემი ცოლ-შვილი
შიმშილობს. მე
შემომიარე სამჯერ და მერე მუხლებზე დაეცი, მეთაყვანეო. ბერი ასე მოიქცა და მონასტერში
დაბრუნდა.
ფოტისი
იგონებს: „ერთ ბერს ვკითხე, რომელიც უფსკრულის
პირას მარტო ცხოვრობდა, როგორ იპოვე გზა ხსნისა?_ აბა, რა ვიცი, მიპასუხა, _ ისე, რომ
ვერც გავიგე. ერთ
დილას ავდექი, ღამით ეწვიმა, ფანჯრიდან გადავიხედე. სულ ეს იყო. _ სხვა არაფერი, მამა
სოფრონიოს? _ სხვა რა გინდა, შვილო ჩემო, ღმერთი დავინახე ჩემი ფანჯრიდან!“
ფანჯრიდან
გაიხედო და ღმერთი დაინახო! _ ეს არის რომანის პათოსი! ამისთვისაა მოთხრობილი ყოველივე.
ყოველ ადამიანში მოიპოვება ნიადაგი და საზრდო იმისთვის, რომ იქიდან იუდა,
კაიაფა, პილატე, პეტრე, იოანე თუ ქრისტე დაიბადოს. მთავარია, რომლის დაბადებას შეუწყობ
ხელს, რომელს მიაწვდი მაცოცხლებელ წყაროს გასახარებლად. დიდი წვალებით, მაგრამ მაინც, მანოლიოსის გულში ქრისტე იბადება,
იგი სოფლელებს კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებს, ეხმარება მღვიმეებში
გახიზნულ ლტოლვილებს, თუმცა თანასოფლელელი ბობოლები უპირისპირდებიან. ბოლოს მანოლიოსს აჯანყების მეთაურობას
აბრალებენ, ყოველგვარი ბოროტების მიზეზად მიიჩნევენ. მას ჯერ ეკლესიაში მღვდელი გრიგორისი შეაჩვენებს, თურქი აღა კი მოკვლას ბრძანებას გასცემს. პანაიოტაროსი, იუდას
როლისთვს რომ შეარჩიეს, დანას გაუყრის, ბრბო დაგლეჯს. წამებულის
სხეულს მღვდელ ფოტისს მისცემენ, რომელიც მანოლიოსს მთაზე, ელიას სამლოცველოსთან დაკრძალავს.
მკითხველს კი მწერალი საფიქრელად უტოვებს მღვდელ ფოტისის
კითხვას: „უკვე ორი ათასი წელი ახლოვდება და კვლავაც... კვლავაც ჯვარს გაცვამენ.
როდის დაიბადები, ჩემო ქრისტე, რომ აღარ ეცვა ჯვარს, რომ ჩვენთან ერთად იცოცხლო სამარადისოდ?“
დაბეჭდილია: http://mastsavlebeli.ge/?p=10083
No comments:
Post a Comment