Translate

Wednesday, February 10, 2016

მარგინალები _ ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ სწავლებისათვის

მაია ჯალიაშვილი  




კლასიკურ მხატვრულ ტექსტებს განსხვავებული კუთხით წაკითხვა და ინტერპრეტაცია აცოცხლებს.  ამ ნაწარმოებებს აქვთ განსაკუთრებული უნარი ნებისმიერ დროსა და სივრცეში აქტუალობისა. სწორედ ამგვარი მოთხრობაა „ოთარაანთ ქვრივი“.
 „ჩვენ იმნაირები ვართ, რანაირებადაც გვაქცევს სამყარო. თუ ჩვენს სულს დეტალს შევადარებთ, მაშინ სამყარო ყალიბი იქნება, რომელშიც სული ჩამოისხმება და რომლის ფორმასაც იგი ინახავს. ეჭვს გარეშეა, რომ არსებობა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესია“, _ წერს ესპანელი მოაზრონე ხოსე ორტეგა ი გასეტი.   ეს ურთიერთობა კი მრავალფეროვანია. ზოგი ცხოვრების დინებას მიჰყვება, ზოგი კი _ ეწინააღმდეგება. ასე იქცევა ზოგი მარგინალად და ზოგი „ადამიან-მასად“. ილიას „ოთარაანთ ქვრივში“ კარგად არის წარმოჩენილი მარგინალობის   სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები. მარგინალობას იწვევს, ერთი მხრივ, გარკვეულ სოციალურ ფენათა შორის   დაპირისპირება, მეორე მხრივ, ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფში განსხვავებულ ზნეობრივ ღირებულებათა არსებობა. ილიას პერსონაჟების მარგინალობა ხასიათდება იმით, რომ ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ იმ სოციალური ჯგუფის ზნეობრივ ღირებულებებს, რომელშიც ცხოვრობენ. მათ გააჩნიათ ინდივიდუალური წარმოდგენები ყოფიერების უმთავრეს საკითხებზე, ამიტომაც მათი ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან არის გაუცხოებული, ხშირად დაპირისპირებული და კონფლიქტური. ამ თვალსაზრისით, „ოთარაანთ ქვრივში“ პირობითად   გამოიყოფიან ორი ტიპის მარგინალები: აქტიური და პასიური მარგინალები. აქტიური მარგინალები არიან ოთარაანთ ქვრივი და გიორგი, რომლებიც აღიქვამენ და გაიაზრებენ   რა მარგინალობას, არ ცდილობენ საზოგადოებასთან დაახლოებას საკუთარ ღირებულებათა დათმობის ხარჯზე, არამედ, პირიქით, მიისწრაფვიან საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა და საკუთარი შეხედულებების გატანისკენ. სწორედაც რომ, საკუთარი იდეალების აღიარებისკენ. მათი ძალა ემყარება მხოლოდ რწმენასა და სინდისს, ერთგვარ იდეალურ იმპერატივებს, მაშინ, როდესაც საზოგადოება პიროვნებათა მხრიდან განხორციელებული „შეტევის“ მოსაგერიელებლად და თავდასაცავად ეყრდნობა და იყენებს პრაგმატულ საშუალებებს. მოთხრობაში წარმოჩენილი ეგზისტენციალური პრობლემები   სწორედ ამ მარგინალთა და საზოგადოების დაპირისპირებაში გამოიკვეთება.
ოთარაანთ ქვრივი შეგნებულად არის განზე გამდგარი   იმ საზოგადოებისგან, რომელიც მისთვის მისაღებ ზნეობრივ ღირებულებებს ვერ ან არ აღიარებს. ამიტომაც მათ შორის არის ან შიში, ან კიდევ გაუცხოება.  ბევრისთვის გაუგებარი იყო ამ ქალის საოცარი ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარი ღირსების, არამედ სხვათა თავმოყვარეობის დასაცავად. სოფლის ფასადურ სიკეთეს უპირისპირდება ქვრივის დაფარული, არა თვალშისაცემი, ხშირად დაუნახავი, მწარე სიტყვებს ამოფარებული სიკეთე. გიორგისაც ვერ უგებს სოფელი, ან გიჟია, ან ღვთისგან მოგზავნილიო. თავად არჩილს კი მისი სინდისნამუსიანი ქცევის ფენომენი აუხსნელად მიაჩნია და დასტურად ჰამლეტის სიტყვებს მოიხმობს, ბევრი რამ არის ამქვეყნად, ფილოსოფოსებს რომ არც კი დასიზმრებიათო.
სულ სხვაგვარად აიხსნება სოსია მეწისქვილის მარგინალობა. იგი არის პასიური მარგინალი, მას სოფელი აბუჩად იგდებს და იშორებს, როგორც მიუღებელს. ამ თვალსაზრისით, სოფელი თავის აგრესიას ახორციელებს პიროვნების მიმართ, რომელსაც თავდაცვის უნარი არ გააჩნია, მაგრამ იგი მაინც ნებაყოფლობითი მარგინალია და სოფლის გაცივებულ გულში თანაგრძნობის გაღვიძებას ცდილობს სიტყვებით: „ცოდო ვარ, ცოდო“ . ამ მოთხრობაში მარგინალიზაციის გზა ორი მიმართულებით წარიმართება, ერთი მხრივ, მარგინალი საზოგადოების ზედაპირზე, წინა რიგში, ყველას დასანახავად, პატივსაცემ, თუმცა მოსარიდებელ და გაუგებარ პიროვნებად წარმოჩნდება (ოთარაანთ ქვრივი და გიორგი), მეორე მხრივ, მარგინალი საზოგადოების ფსკერზე ეშვება და გაირიყება ცხოვრებიდან (სოსია მეწისქვილე).
ქართული ლიტერატურიდან ცნობილ მარგინალებად შეიძლება დავასახელოთ: თარაშ ემხვარი (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, დათა თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“), თეიმურაზ ხევისთავი (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები”), ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა (ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და   „სტუმარ_მასპინძელი“ … მსოფლიო ლიტერატურიდან: დონ კიხოტი (სერვანტესის „დონ კიხოტი”), თავადი მიშკინი და ნიკოლაი სტავროგინი (დოსტოევსკის „იდიოტი“ და „ეშმაკნი“), ჰამლეტი (შექსპირის  „ჰამლეტი“ ) და სხვა. მარგინალობის პარადიგმაა იესო ქრისტე, რომელიც საზოგადოებამ გაინაპირა და  მისი ახალი იდეალები საეჭვოდ და მიუღებლად მიიჩნია. მაცხოვარი თვითონვე გამოარჩევდა რჩეულებს. ასე რომ, სხვადასხვა ტიპის ქრისტიანი მარგინალები რომელიმე კუთხით   იმეორებენ იმ გზას, რომელიც მაცხოვარმა გაიარა.
რა თვისებები აქცევს ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის მარგინალებად?  „ოთარაანთ ქვრივში“ ზედმიწევნითაა გამოკვეთილი და ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი დეტალებით ახსნილ-განმარტებული პიროვნებისა და საზოგადოების რთული ურთიერთობის ცალკეული ასპექტი.  ოთარაანთ ქვრივის ზნეობა ქრისტიანული რწმენით ნასაზრდოებ და სინდისით ნაკარნახევ პრინციპებს ემყარება. ის ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი გულისა და გონების კარნახით და არავითარ ანგარიშს არ უწევს სოფელს, საზოგადოებას, რომლის მრავალი ნაბიჯი განპირობებულია ფარისევლობით, უსამართლობითა თუ შენიღბული ბოროტებით. მას აქვს საკუთარი, ყველასგან განსხვავებული შეხედულებები.
სოფელი აღიარებს მის ძალას, რომელიც მხოლოდ სულიერ „ძალაუფლებას” ემყარება. “ოთარაანთ ქვრივის კარ_მიდამოში” მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად” . მწერალი ამგვარი ჰიპერბოლით ხაზს უსვამს, თუ რა რანგშია აყვანილი ქვრივის ნება. მისი წინააღმდეგობა მხოლოდ დაუმორჩილებელ, ადამიანზე აღმატებულ ბუნების სტიქიურ ძალებს შეუძლიათ, ან კიდევ ღვთაებრივ ინსტანციას (“მზე”). ასე რომ, ქვრივის “ძალაუფლება” ერთგვარად ზღუდავს თანასოფლელებს, რადგან ისინი მის ნებას ემორჩილებიან, ვერ არღვევენ მისი პიროვნების ნებით შემოსაზღვრულ ჩარჩოებს. იგულისხმება, რომ სხვა შემთხვევაში, სხვებთან, თანასოფლელებთან ურთიერთობაში მათთვის ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. საგულისხმოა, რომ ამ დაუწერელ წესს ემორჩილებიან სოფლის ოფიციალური ხელისუფალნიც (ნაცვალი თუ იასაული). ოთარაანთ ქვრივს ყველას დასანახად წამოუმართავს თავისი დაურღვეველი და ხელშეუხებელი ციხე-კოშკი, არა ქვითკირით, არამედ ნებისყოფითა და სულიერი ძალებით ნაშენი, რაც მოწმობს მასზე, როგორც ძლიერ პიროვნებაზე. “დეე, ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო” _ ეს არის გამოწვევა სოფლის მიმართ. ქვრივი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და არ უფრთხის, რომ მარტოა და უპირისპირდება მთელ სოფელს. საკითხავია, რისი იმედით? უპირველესად, ღვთის (რომელსაც ის წარამარა არასოდეს ახსენებს) და პატიოსნების, სამართლიანობის, სიყვარულის, სიკეთის იმედით. ამ შემთხვევაში, იგი ერთგვარ იდეალისტადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომელსაც იდეის (სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვების) უფრო სჯერა, ვიდრე რეალობისა. თანაც იგი ქალია, ეს კი მისგან მეტ ძალასა და ენერგიას საჭიროებს ტრადიციულ ქართულ პატრიარქალურ შეხედულებათა საზოგადოებაში, სადაც ძალაუფლების მატარებელი, ძირითადად, კაცია.
ოთარაანთ ქვრივი სოფლელთა თვალში, მართლაც, სხვანაირია, მაგრამ რა იწვევს შიშს? ალბათ, იგივე, რაც ღვთის შიშს იწვევს _ ცოდვის მხილების, ბოროტების ვერდაფარვის შიში. ოთარაანთ ქვრივის თვალი ხომ შეუმჩნეველს არ დატოვებს არაფერს გამრუდებულს _ თავისი იქნება თუ სხვისი. სწორედ ეს სხვისთვის გულშემატკივრობა აფრთხობს და აშინებს სოფელს.  თანაც, სოფელმა იცის, რომ ოთარაანთ ქვრივი თავისას ყოველთვის გაიტანს, არავის დაეჩაგვრინება, რკინის ქალამანს ჩაიცვამს, რკინის ჯოხს აიღებს ხელში და ხელმწიფემდე მივა. ეს იდიომი, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ ქვრივი არაფერს შეუშინდება და სამართალს იპოვის. ამავე დროს, რკინის ქალამნები ქვრივის   სიმტკიცესა, დაუღლელობასა და შეურყევლობაზე მიანიშნებს, რკინის ჯოხი კი ღვთის სჯულზე, როგორც ეს მეორე ფსალმუნის მეცხრე მუხლშია ნათქვამი: “ჰმწყსნე იგინი კუერთხითა, რკინისაითა”. წმიდა მამათა განმარტებით, “კუერთხ რკინისა ეწოდების მცნებათა სჯულისათა, რამეთუ ყოველივე ბრძანება ღვთისა ძლიერ არს, ვითარცა რკინა, და შემმუსვრელ წინააღმდგომთა მისთა” (“ფსალმუნთა განმარტება ” , წიგნი I, თბ. 1996, გვ. 8). ასე რომ, ქვრივის ქადილი საღვთო სჯულის კანონს ეყრდნობა.
რას ერიდებიან სოფლელები, რატომ მათაც არ იარეს გუბერნატორამდე? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის შიში ხელისუფლების მიმართ (გზირი, დიამბეგი, იასაული _ სახელმწიფოს ძალადობას ახორციელებენ და მის ნებას განასახიერებენ. მეორე რიგში, ეს არის შიში მასზე აღმატებულის (ძალაუფლებრივი თუ ქონებრივი თვალსაზრისით) მიმართ. მესამე რიგში, ეს არის ლაჩრობა, სიმხდალე ადამიანებისა, რომელნიც ღირსების შელახვას იოლად ეგუებიან და არ ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას.
ოთარაანთ ქვრივი ამ სამივე შიშს გადალახავს და, ამასთან ერთად, ამსხვრევს საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას ფულის ყოვლისშემძლეობაზე. “ფული რა არის? ხელის ჭუჭყია”. ამგვარად, ფულის ჭუჭყთან გაიგივებით ის მთლიანად უარყოფს მას, როგორც ადამიანური ღირსების „საზომს“. თუმცა მისი საზოგადოებრივი ფუნქცია და ღირებულება კარგად ესმის („ხუთი ქისა“). ოთარაანთ ქვრივი საზოგადოების სტერეოტიპულ შეხედულებებთან მებრძოლ რაინდს ემსგავსება, ამიტომაც  შეადარეს იგი “კაბაგადაცმულ ილიას”.
ოთარაანთ ქვრივი პიროვნებაა, დარწმუნებული საკუთარ თვალსაზრისთა ჭეშმარიტებაში, სხვაგვარად, არ იქნებოდა იგი ასეთი უკანდაუხეველი. ამავე დროს, იგი სხვათა ღირსებასაც იცავს, როცა ეს სხვანი არაფრად აგდებენ ამავე ღირსებას. ამის დასტურია ეპიზოდები, რომლებშიც მოთხრობილია, თუ როგორ გაიკითხავს ქვრივი გლახა-მათხოვრებს. ის სიკეთეს ღვთის და არა ადამიანთა დასანახავად აკეთებს. პირიქით, არიდებს კაცთა თვალს. ამ შემთხვევაში, ის პირდაპირ იცავს სახარებისეულ მცნებებს.  მისმა დამამცირებელმა სიტყვებმა უნდა შეძრან გლახას გული, დაობებული და მიძინებული, გამოაღვიძონ მასში ღირსების გრძნობა. ოთარაანთ ქვრივი გლახაში ღვთის შვილს, დაცემულსა და განადგურებულს, ხედავს, გული შესტკივა და ცდილობს ფეხზე წამოყენებას, ოღონდ ამისთვის თავისებური გზა მოუძებნია, უფრო მეტი დამცირებისა და შეურაცხყოფისა. დაახლოებით, მსგავს “მეთოდს” მიმართავს შარლ ბოდლერის მინიატურის ერთი გმირი (“მივასიკვდილოთ უპოვარნი”): კაბარეში შესვლისას მათხოვარს, ჩვეულებისამებრ, კი არ ჩაუგდებს გამოწვდილ ქუდში ფულს, არამედ კარგად მიბეგვავს. მოტივაცია კი ასეთია: “თანასწორად მხოლოდ იგი უნდა ჩათვალო, ვინც დაგიმტკიცებს ამას, და თავისუფლების ღირსიც მხოლოდ ის არის, ვინც ბრძოლით მოიპოვებს ამას”. კბილებჩამსხვრეული, თვალებჩალურჯებული მათხოვარი დიდხანს ითმენს უცხოსგან ცემა-ტყეპას, მერე უცებ “გამოიღვიძებს”. “მე დავინახე, რომ ეს ნანგრევი გაცოცხლდა”, შემდეგ სიძულვილით სავსე მზერა ესროლა დამჩაგვრელს და ლაზათიანად მიბეგვა საპასუხოდ.“ ამრიგად,_ ამბობს პერსონაჟი, _ ჩემი ენერგიული წამლობით მე სიამაყე გავუღვიძე მას და დავუბრუნე იგი სიცოცხლეს”. ვფიქრობთ, ოთარაანთ ქვრივსაც რაღაც მსგავსი “წამლობის მეთოდი” აქვს. იგი მწარე, სალანძღავი სიტყვებით ამცირებს ადამიანს, რათა მასში ჩაკლული სიამაყე და თავმოყვარეობა გააღვიძოს, თუმცა ეს დიდი მსხვერპლის ფასად უჯდება, პილპილმოყრილად უთვლიან სიკეთეს.
მარგინალს უნდა სჯეროდეს, რომ თვითონ განასახიერებს ჭეშმარიტებას. რწმენა აბსოლუტური პიროვნულობისა აუცილებელია, რომ საკუთარი თავი დამოუკიდებელ სუბიექტად გაიაზრო, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამგვარი აბსოლუტურობა? დეკარტი თავისი ცნობილი გამოთქმით ამას ადასტურებს: “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”. შესაბამისად, თვითშემეცნება არის გზა პიროვნულობისკენ.
გიორგიც აქტიური მარგინალია, რადგან ცდილობს თავისი პრინციპების ცხოვრებაში გატანას, არ აშინებს   მარცხი, იმდენად თავდაჯერებულია. “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა” _მისი ზნეობის საყრდენია. იგი რაინდული ბუნებისაა, რადგან დაჩაგრულს ესარჩლება და სამართლიანობისთვის იბრძვის, ამიტომაც მისი სახის არქეტიპად აკაკი ბაქრაძემ მიიჩნია როგორც მაცხოვარი, ასევე   წმინდა გიორგი.
სოსია მეწისქვილის მარგინალობა ილიასთვის პასუხგაუცემელ, “წყევლა-კრულვიან” საკითხავად იქცა. სიმბოლურად, სოსია მეწისქვილე გამოხატავს, საზოგადოდ, ამ სამყაროში ადამიანის მარგინალობას, მის გაუცხოებას სამყაროსთან, მარტოსულობასა და მიუსაფრობას. სოსია ამიტომაც არის ერთგვარად სქემატური, ხელოვნური სახე მოთხრობისა, რადგან იგი უფრო იდეაა, რომელიც სამყაროში ადამიანის დაკარგულობას, უცხოობას წარმოაჩენს. “მართლა რომ ცოდოა,_ ამბობს ილია მასზე, მაგრამ იქვე მიაყოლებს: “მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო” . აქ შეხმიანება ჩანს პასკალთან: “რა უბადრუკნი ვართ, როცა ჩვენსავე მსგავსთა შორის დავეძებთ საშველს: ჩვენებრ უბედურნი, ჩვენებრ უმწეონი, ისინი ვერას გვიშველიან. ადამიანი მარტო კვდება, მაშასადამე, სიცოცხლეშიც მარტოსულად უნდა იცხოვროს”  _  და ეკლესიასტეს მარადიული საკითხავთან. ასე რომ, სოსია მეწისქვილე გამოხატავს “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოს” იდეას.
ოთარაანთ ქვრივი, გიორგი, სოსია მეწისქვილე, არჩილი და კესო საზოგადოების უმცირესობაა. ისინი გამოეყოფიან ადამიან _ მასას, რომლის არსი ხოსე ორტეგა ი გასეტიმ   წარმოაჩინა წიგნში “მასების აბოხი” . ეს პერსონაჟები არ არიან ისეთნი, როგორებიც   ყველანი. მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შეფასება. ისინი შეგნებულად ირთულებენ ცხოვრებას, რადგან უამრავ მოთხოვნას უყენებენ საკუთარ თავს და, ამგვარად, თავიანთი არსებობის აზრსა და მიზანს შეიმეცნებენ.
დაბეჭდილია: http://mastsavlebeli.ge/?p=7905


No comments:

Post a Comment