Translate

Friday, January 21, 2011

მაია ჯალიაშვილი ცისფერყანწელებზე

საავტორო უფლება დაცულია
მაია ჯალიაშვილი

ქართული პოეზიის დენდები _ცისფერყანწელები
`სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები~_ნიკოლო მიწიშვილის ეს მეტაფორა საოცარი სიცხადითა და ვნებით გამოხატავს ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის არსსა და მიზანს. საქართველოში დიდ ხანს მზადდებოდა პირობები, რათა 1916 წ. გაშლილიყო ქართული პოეზიის სრულიად ახალი, ერთი შეხედვით, უცხო თესლიდან აღმოცენებული მშვენიერი ცისფერი ყვავილი „ცისფერი ყანწებისა“. უფრო გვიან კი, 1924 წ. გაზ. „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძე ამაყად აცხადებდა: „დარჩენა ხსენება იმ ორდენისა, რომელსაც შეადგენს 13 კაცი და ისტორიული ანალოგიით, როგორც ცამეტმა ასირიელმა მამებმა საქართველოში დასთესეს ორთოდოქსი ქრისტიანობა, ისე ცისფერყანწელებმა ნამდვილი პოეზია“. ჭეშმარიტად ახდა პოეტის წინასწარმეტყველება.
ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის რაინდები, „ცისფერი ძმობის“ წევრები, იღვწოდნენ ქართული პოეტური სიტყვის აღორძინებისა და განახლებისათვის, საქართველოს სულიერი კულტურის გამდიდრება-გამრავალფეროვნებისთვის, რაც, მათი აზრით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართველი ერის მომავალ სიმტკიცეს, ერთიანობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
პოეზიაში სამყაროს პოეტური ათვისების ახალი ფორმების დაძებნა, ევროპული სიმბოლისტური სკოლის პრინციპების გათავსება, ჭეშმარიტი ლექსისკენ მიბრუნება მხატვრული ფორმის, რითმის, რიტმის, სახეების თვალსაზრისით; ქართული კულტურის „ევროპის რადიუსით“ გამართვა, პოეზიის ოქროს ხანისათვის პირობების მომზადება, ცისფერყანწელების, ე.ი. ქართული სიმბოლისტური სკოლის თეორიული საყრდენების შექმნა და მისი პრაქტიკულ-სახეობრივი ხორცშესხმა პოეზიასა თუ პროზაში; ერთიანი ქართული კულტურის აღმავლობა, ერთი სიტყვით, მხატვრული შემოქმედების დიდი გარდატეხა; უმთავრესად კი მაინც პოეტის, როგორც იდუმალ კოსმიურ სამყაროსთან ორგანულად წილნაყარი არსების, როგორც მისტიკური ქვეყნის დემიურგის, „ქიმერების აშორდიის“ როლის აღდგენა და წინ წამოწევა – ეს იყო „ცისფერი ძმობის“ შემოქმედებისა და მოღვაწეობის უპირველესი საფიქრალი.
ცისფერყანწელები თავიანთ თავს სიმბოლისტებს უწოდებდნენ და თეორიული წერილებით, მანიფესტებითა თუ მხატვრული შემოქმედებით ცდილობდნენ ამ ახალი სკოლის დანიშნულების გამართლებას. მანამდე საქართველოში არ არსებობდა ლიტერატურული სკოლა, როგორც ასეთი – თავისი პროგრამით, მანიფესტით, პლატფორმით... ცისფერყანწელებს ყოველივე ეს ჰქონდათ.
ისინი არ უარყოფდნენ, რომ სიმბოლიზმი უცხოეთიდან შემოვიდა, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ჩვენში მზად იყო ნიადაგი მოდერნიზმისათვის, რომლის ერთ ძლიერ შენაკადს სწორედ სიმბოლიზმი წარმოადგენდა. ამას ყანწელები ხსნიდნენ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის აქტიორული სულით. სიმბოლიზმი, მათი აზრით, იყო ფილოსოფია ნიღბისა. ეს აქსესუარი კი ქართველ ხალხს ორგანულად ჰქონდა შეთვისებული, „მას უყვარდა თეატრალიზაცია ცხოვრების“ (ტიციან ტაბიძე). პოეტები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სამყაროს უცნობი ნიღაბი ჰქონდა აფარებული. სიმბოლისტური პოეზია მათ „ქვეყნის პირობითობას“ ნათლად შეაგრძნობინებდა და უღვიძებდა სურვილს „მახინჯი ნიღაბი გადაეხადათ მისი უთქმელი ზედაპირისათვის“ (სანდრო ცირეკიძე) და სამყაროსა თუ ადამიანური ყოფის უხილავ სიღრმეებს ჩასწვდომოდნენ.
ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს: „ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით შეხვდა, მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოებაო“. მანვე შეაქო და შეათამამა „მეამბოხე“ პოეტები.
1859 წელს ვიქტორ ჰიუგოს მიუწერია „პროტესტანტ“ ბოდლერისთვის: „...რას აკეთებთ თქვენ, პირადად, როცა ესოდენ საოცარ ლექსებს წერთ, იმდაგვარს, როგორიცაა „მშვიდი მოხუცი“ და „დედაბერი“. თქვენ ამდიდრებთ ხელოვნების ცის თაღს ახალი, მიცვალებულივით უფერული სხივით, თქვენ ჯერ განუცდელ ჟრჟოლას იწვევთ“. ეს სიტყვები ახალი პოეზიის მიღებას ნიშნავდა, თუმცა დიდი მწერალი „ორიგინალური“ შემოქმედის ბევრ პოეტურ პრინციპსა თუ შეხედულებას არ იზიარებდა.
ცისფერყანწელები დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდნენ. ისინი სიხარულით შეხვდნენ 1918 წლის 26 მაისს და ტკივილით განიცადეს 1921 წლის ანექსია. შალვა აფხაიძე წერდა 1919 წელს: „საქართველომ ნახა თავისი თავი და პოლიტიკურ აღორძინებასთან ერთად დაიწყო ქართული ხელოვნების რენესანსი“.
ა. ჯორჯაძისა და კ. აბაშიძის პოლიტიკურ იდეალებთან სიახლოვე ააშკარავებს ცისფერყანწელთა ჭეშმარიტ მამულიშვილობას. მათ მძლავრად ჰქონდათ გადგმული ფესვები მშობლიურ მიწაში და ყოველგვარი პოეტური სიახლე ისევ და ისევ ქვეყნის სულიერი თუ ფიზიკური აღორძინებისთვის სურდათ. უდიდესი ტკივილით ჟღერს ტიციან ტაბიძის სტრიქონები: „მე-19 საუკუნის დასაწყისში ხდება უკანასკნელი ტეხილი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელმაც განსაზღვრა მთელი შემდეგი ყოფნა. საქართველომ დაკარგა თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ. ამ დღიდან ყოველი დღე თითო ლურსმანს უმატებს მის კუბოს. თანდათან მტკიცება რუსეთის გავლენა ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაზე. ძველი ქართული სული მძლავრობს, მაგრამ აღდგომის მაგიერ იფერფლება“. ეს იწვევდა მათ ნაღველსა და უნუგეშობას, მაგრამ იმედის ნაპერწკალი არ ქრებოდა და სულის შებერვას ელოდა, რომ აალებულიყო. გიორგი ლეონიძე წინასწარმეტყველებდა: „ბედისწერით ივნო საქართველო და დღეს მზევდება თავისუფლებით, უსათუოდ სულიც დაუბრუნდება საკუთარ სხეულს, როგორც ნაზამთრალი მერცხალი გაზაფხულიან სამშობლოს“.
საქართველოს მესიანიზმს ქადაგებენ ცისფერყანწელები. მათ გაიზიარეს ა. ჯორჯაძის ესთეტიკური შეხედულებანიც. მისი „მშვენიერი ტყუილი“,_ შემოქმედების მეთოდი, ასახავდა მარადიულობასა და უსაზღვროებას. ტ. ტაბიძის აზრით, ა. ჯორჯაძეს შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ხელოვნება სძლევდა ეროვნულ პარტიკულარიზმს და რეალურ ცხოვრებას ოცნებითა და სიცრუით შეავსებდა.
1918 წლის 26 მაისს იზეიმა საქართველომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება. „ცისფერი ყანწები“, როგორც ლიტერატურული სკოლა, უკვე ორი წელია არსებობდა. ეს იყო მისი აყვავების წლებიც. შალვა აფხაიძე წერდა: „განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ – სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“. ყანწელები თვლიდნენ, რომ როგორც რუსთაველის „მოწყვეტილმა“ სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას – სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდები აესახა – ამისათვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული თუ დაჟანგული. სიმბოლიზმს უნდა აემაღლებინა ქართული ენის ემოციური მნიშვნელობა.
ყანწელებს სწამდათ, რომ სიმბოლიზმს ბევრი კარგი რამის მოტანა შეეძლო ქართველი ერისთვის. მათ სურდათ, რომ საქართველო გადაექციათ უსაზღვრო მეოცნებე „ქალაქად“. ოცნებადაკარგული ხალხისთვის ესწავლებინათ განწმენდილი გზა მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ, ედიდებინათ მშვენიერება, თავისუფლება, აეღორძინებინათ რაინდობა და სიჭაბუკე, შეექმნათ ახალი, გაბედული, ზოგჯერ გაუგებარი და უცნაური სიტყვები... აემაღლებინათ ქართველი ერი, დავიწყებული, მაგრამ დიდების ღირსი და გაეოცებინათ ქვეყნიერება... (პ.იაშვილი. „პირველთქმა“). იყო ამ პროგრამაში ბევრი რამ უცხო ძველებისთვის, რომლებიც ვერ იწამებდნენ „მეხურ მისტერიებს“, „ორგიას“, ბოჰემას, ვერ მიხვდებოდნენ დამსხვრევის მშვენიერებასა და იდუმალებას. თავის დროზე შარლ ბოდლერიც წერდა ერთ ლექსში: „არის ჩვენში სილამაზე, რომელიც უცხოა ძველებისთვის“.
გრიგოლ რობაქიძე 1916 წელს წერდა: „საქართველოს რენესანსი დაიწყო, წარმოვთქვი ერთხელ და ამ სიტყვების სიმართლეს დღითი დღე ვგრძნობ. მაგრამ რენესანსი ჯერ კიდევ ქაოსისა და ფორმის ბრძოლაში აშკარავდება და კიდევ დროა საჭირო, რომ ფორმამ სძლიოს სავსებით ქაოსსა. ეს ფიქრები მებადება, როცა შევსცქერი უახლესი ხელოვნების ზრდას“.
გრიგოლ რობაქიძე იყო ცისფერყანწელების უპირველესი მოძღვარი და მეტრი_ფრიად განსწავლული, მაღალი ინტელექტის, დახვეწილი გემოვნების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს ნაზიარები, უკეთილშობილესი ბუნების კაცი. სწორედ მისმა ლექციებმა ნიცშესა თუ ფრანგულ პოეზიაზე მოუმზადა ნიადაგი ქუთაისელი ახალგაზრდების „ამბოხს“.
„სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა“, _ წერდა ტიციან ტაბიძე. იგი გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის პირველ მოციქულს და მოდერნიზმის სხარების სიტყვიერად მქადაგებელს უწოდებდა: „გრიგოლ რობაქიძის აქაფებული სიტყვა, აღმაფრენი ფანტაზია, თვალისმომჭრელი სახეები ძვირფასი მოგონებაა ჩვენი ახალგაზრდობისა. პირველად იმან შეგვახედა იოჰანაანის მოჭრილ თავს, პირველად იმან მოგვასმენინა ნიცშეს მწვალებელი სიტყვა“. ტიციანის აზრით, საქართველოში პირველმა სწორედ გრიგოლ რობაქიძემ დაწერა სიმბოლისტური ლექსები.
თვითონ გრიგოლ რობაქიძის წერილებიდანაც ჩანს, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღოდა მას ქართული სიმბოლისტური სკოლის შექმნაში. 1918 წ. იგი წერდა: „პოეტური სიტყვისა თუ ესთეტიკური ცდების სფეროში ჩემი ლიტერატურული გზა იმით აღინიშნა, რომ მე ქართველი ხალხის ცნობიერებაში შემოვიტანე ევროპაში ჩამოყალიბებული და რუსეთში გართულებული სიმბოლისტური მსოფლშეგრძნება. მე ყოველთვის იმ მსოფლგანცდას ვემხრობოდი, რომ აღმოსავლეთი ევროპულ დასავლეთზე უფრო სიმბოლურია და ვფიქრობდი იმთავითვე, რომ საქართველო, როგორც ერთგვარი ნატეხი აღმოსავლეთისა, ბოლომდე განსაზღვრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლიზმის ხაზებში. ამის დადასტურებას მე ვპოულობდი რუსთაველის მხატვრულ ფენომენში, რომლის გენია, ჭეშმარიტად, ქართული მხატვრული სიტყვის ამოუწურავ პოტენციას წარმოადგენს. აქედან ჩემი წმინდა მხატვრული ხასიათის ამოცანა იყო ევროპული სიმბოლიზმის ტექნიკით, _ ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობით ვხმარობ, _ ქართული აღმოსავლეთის სიღრმისეული წვდომის შემოქმედებითად განსახიერება“.
ცისფერყანწელთა სკოლის მიზანი იყო სიმბოლოების საშუალებით იდუმალი, უხილავი სამყაროს წვდომა (ადამიანის შინაგანი სამყარო, მიღმა სამყარო, საგანთა და მოვლენათა ნოუმენები), ამასთანავე, მათი ამოცანა იყო _ „სილა გაეწნათ“ პოეზიაში გაბატონებული რუტინის, ფილისტერობისა და ესთეტიკური ბარბაროსობისთვის. სული შთაებერათ ქართული სიტყვის - „გადამწვარი მუგუზლისთვის“ _ და ათონელი მთაწმინდელების დარად თავგამოდებული მუშაკობით გადაერჩინათ გიორგი მერჩულისა და რუსთაველის ნალოლიევებ-ნასათუთევი სიტყვები. ქართული კულტურისთვის ისე ვებრძოდით ლიტერატურულ ფეოდალიზმს, როგორც გიორგი სააკაძეო, _ წერდა ტიციან ტაბიძე. როგორც გ. მერკვილაძე შენიშნავს, ამ დროს ქართული ლექსის განახლების პროცესი უკვე დაწყებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ალექსანდრე აბაშელის და სხვათა შემოქმედებაში, მაგრამ „ცისფერყანწელებმა სცადეს მისთვის უფრო გამძაფრებული ხასიათი მიეცათ, გარკვეულ ესთეტიკურ-ვერსიფიკატორული სკოლის ფარგლებში მოექციათ იგი“.
სიმბოლისტების პრობლემები შეეხებოდა უმთავრესად ხელოვნების, მორალის, რელიგიის სფეროს. როცა ერთხელ მალარმესთვის უთხოვიათ აზრი გამოეთქვა ფრანგებისა და გერმანელების დაახლოებაზე, რომელიც მაშინ უნდა მომხდარიყო, პოეტს „აპოლიტიკურად“ უპასუხნია: „ჩემთვის საკმარისია ის, რომ ბოდლერი ითარგმნება გერმანულ ენაზე და ვაგნერს ტაშს უკრავენ პარიზშიო“. ყანწელებისთვის არც ისე უცხოა პოლიტიკა, რადგან ისინი საქართველოს ხვალინდელი დღის იმედით სულდგმულობდნენ და მათ წერილებსა თუ მხატვრულ შემკოქმედებაში ხშირად იელვებდა ამგვარი საკითხები. თუმცა ისინი, მაინც, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სიტყვას „ასალაშინებდნენ“ და მის ესთეტიკურ ფასეულობას აღადგენდნენ. მართალია, ფრანგული სიმბოლისტური სკოლა უკვე აღარ არსებობდა, როცა ასპარეზზე ყანწელები გამოვიდნენ, მაგრამ ისინი მაინც იმ პირველწყაროებს ეწაფებოდნენ, თარგმნიდნენ და ითავსებდნენ შარლ ბოდლერს, სტეფან მალარმეს, პოლ ვერლენს, არტურ რემბოს... ტიციან ტაბიძე წერდა: „ნაციონალური აპერცეპციის ძალით ერი ითვისებს იმას, რასაც იმასთან ახლობელი კავშირი აქვს“. მისივე აზრით, მომავალ დიდ ქართველ შემოქმედში უნდა „შეერთებულიყო“ რუსთაველი და მალარმე. რუსთაველს იგი იაზრებდა, როგორც ქართული კულტურის ტრადიციას, მალარმეს კი – ევროპისას.
ფრანგი ლიტერატორი რემი დე გურმონი მიიჩნევდა, რომ სიმბოლისტური სკოლის ძირითადი პრინციპები იყო: ა) ინივიდუალიზმი, ბ) შემოქმედების თავისუფლება, გ) დასწავლილი ფორმულების უარყოფა, დ) ანტინატურალიზმი, ე) ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი, უცნაურისადმიც კი, ვ) იდეალიზმი, ზ) სოციალური ფაქტების უგულებელყოფა, თ) მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემა, რომელიც ერთ ადამიანს მეორისგან განასხვავებს, ი) საგნებსა და მოვლენებში არსებითის დაჭერა და გადმოცემა.
ცისფერყანწელები იღებდნენ ამ განმარტებას ზოგადად და თავიანთ წერილებში უფრო შლიდნენ და აზუსტებდნენ ზოგიერთ პუნქტს. ისინი ცდილობდნენ, მოეძებნათ სამყაროს „ათვისების“ ახალი ფორმები. ტიციან ტაბიძე შენიშნავდა ერთ წერილში არსებით საკითხს: „სიმბოლიზმის, როგორც პრიმატი „როგორის რაზე“ _ გაუგებრობაა. ამგვარი დასმა საკითხის მიუღებელია, რადგან იგი გულისხმობს განცალკევებას იქ, სადაც კონკრეტულად არსებობს მხოლოდ ერთიანობა, მაგრამ ფორმას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება“. მისი აზრით. სიტყვამ დიდი ხანია დაკარგა ღირებულება და გადაფასდა. ამას კი პირველმა ყურადღება გრიგოლ რობაქიძემ და არჩილ ჯორჯაძემ მიაქციეს.
„იყო თუ არა ქართული სიმბოლიზმი? _ კითხულობდა გურამ ასათიანი და იქვე პასუხობდა: _ რასაკვირველია, იყო. საწინააღმდეგოს მტკიცება მე პირადად კადნიერებად მიმაჩნია, ვინაიდან ასეთი მტკიცება ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ლიტერატურული მემკვიდრეობის სერიოზულობას რაც, კერძოდ, ცისფერყანწელებმა დაგვიტოვეს“.
„ცისფერი ყანწები“ წლების განმავლობაში გმირულად ეწეოდა მძიმე ჯვარს პოეზიის გოლგოთაზე. ტიციან ტაბიძე წერდა ერთგან, ყანწელები უფრო მეტს ფიქრობდნენ თავიანთ სახელზე, ვიდრე აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავის“ დაწერაზეო. მისი აზრით, მათი ძმობა იყო მისტიკური და მის კონსტიტუციას მხოლოდ სიკვდილი დაწერდა. სიკვდილი კი, მართლაც, დიდი გულმოდგინებით წერდა ამ ისტორიას... ნინო ტაბიძე იხსენებდა: „როცა თბილისში გამოვიდა სერგეი ესენინის ლექსების წიგნი, ერთი ეგზემპლარი მე მაჩუქა, გაიჭრა თითი და ფურცელზე თავისი სისხლით წააწერა: „გიყვარდე მე და გიყვარდეს „ცისფერი ყანწებიო“. თითქოს ეს გენიოსი პოეტიც გრძნობდა ამ „სისხლიან“ ისტორიას“.
ცისფერი, პირველქმნილი ფერი, ამაღლებულის სიმბოლოა. „ცისფერი ყანწები“ პოეზიის ალეგორიაა. მისი საშუალებით ჩვენს პოეტებს განეხვნებოდათ იდუმალების კარიბჭენი და მარადიულსა და მიღმიურს მიეახლებოდნენ, კოსმიური მუსიკითა და მშვენიერებით ივსებოდნენ („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს“ - გალაკტიონი). „ცისფერ ყანწებად“ შეიძლება თვითონ პოეტებიც მოვიაზროთ, მათი სხეულები – ყანწები – ივსება ზეციური სასმელით – ცისფერით – პოეზიით და ისინი სიმბოლოების საშუალებით სამყაროს ჭეშმარიტებას, მის ღვთაებრივ არსს ეზიარებიან. ისინი ხომ თავს თვლიდნენ გამორჩეულებად, ზეციური ნადიმის მონაწილეებად, რომელთაც ხელეწიფებოდათ ცისფერი ყანწებით იმგვარი „დათრობა“, როცა მუზები ხდებიან სახილველ და იდუმალება საცნაურ.
როგორც თ. ვასაძე აღნიშნავს, სიმბოლიზმის სკოლამ ცისფერყანწელებს სინამდვილის პირველაღმომჩენთა, პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცა~.
ცისფერყანწელები უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი თავით. ამის მიზეზიც ჰქონდათ. ასპარეზი ევიწროებოდათ და ფონის უქონლობას უჩიოდნენ. „ერთი მხრივ იმან, რომ ყანწელებს უხდებოდათ არა თავისი საქმის კეთება, მეორე მხრივ, სამოქალაქო ომის ცეცხლმა და რევოლუციამ, რომელმაც მოუსწრო საქართველოში ამ პოეტების შემოქმედების დაწყებისას და ამასთან ეს რევოლუცია ორგანულად არ იყო გამოტანჯული ქართველი ხალხისგან, არამედ მოვიდა ფოსტით პეტროგრადიდან (რაც ამჩნევია პროლეტარ-დემოკრატ პოეტებსაც) და აგრეთვე ქართულმა სამხრეთის ბუნებამ, რომელიც აკანონებს ზარმაცობას და უფრო მწვავედ აყენებს სიცოცხლის პრობლემას, გამოიწვია ის, რომ ყანწელებს არ უთქვამთ საჯაროდ თავისი სიტყვა, როგორც ამისთვის იყვნენ მოწოდებულნი“ (ტიციან ტაბიძე).
მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს მშვენიერი ნაწარმოებების შექმნა და „სიმბოლისტურ სკოლასაც“ გააძლებინეს ამ „გაუსაძლის“ ქვეყანაში. ყანწელები ქვეყნიერებას აღიქვამდნენ, როგორც ესთეტიკურ ფენომენს, როგორც სიმბოლოს, რომელიც მოითხოვდა შთაგონებულ გამოცნობას, ბუნება მათთვის ტაძარი იყო, სადაც ყოველი მხრიდან იყურებოდნენ სიმბოლოები (ვალერიან გაფრინდაშვილი). ეს იყო სრულიად ახლებური მიდგომა სამყაროსადმი. ყველაფერი გარშემო სიმბოლურად იქნა მოაზრებული. ყოფნა-არყოფნის, ცხოვრების აზრის და სხვა მარადიული კითხვებიც ახლებურად გახმიანდა. პიროვნების სამყაროსთან მიმართების ახალი წახნაგები გამოჩნდა.
ყანწელებს თავიდანვე მოაზრებული ჰქონდათ თავიანთი ლიტერატურული მოღვაწეობის მიზნები და ამოცანები. მათ ორიგინალური აზრები, მეამბოხე წარმოდგენები `შეკრიბეს~ და გააერთიანეს „სკოლაში“. მართალია, მათ ჰქონდათ უკვე ფრანგი „წინაპრებისა“ და რუსი „მეგობრების“ გამოცდილება, მაგრამ მათი გამოსვლის სიძნელეს ეს არ ამცირებდა. ამ სკოლის წარმომადგენლობა ნიშნავდა არა მხოლოდ საერთო პრინციპების საფუძველზე აზროვნებას, არამედ საერთოდ ცხოვრებას (აქედან ყანწელების საოცარი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ამას „მტრებიც“ აღნიშნავდნენ ყოველთვის). სწორად შენიშნავს გურამ ბენაშვილი, რომ „ცისფერყანწელები უფრო ხშირად შინაგანი შთაგონებით ქმნილი პოეტურ მეტიდაციებს, წინაპართაგან მომდინარე მარადიულ ინერციას დიდი სულიერი გაწვალების ფასად ეუფლებოდნენ, რათა ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელი სიახლეებისთვის მიეცათ გზა, ესეც მათი გმირობა იყო და არა ნაკლი. რაც შეეხება ყველასთვის თვალშისაცემ მათ შემოქმედებითსა და პიროვნულ „ექსცესებს“, ეს უფრო მათი საკუთარი „სხეულის წერტილის“ სივრცეში დამკვიდრების ცდას წარმოადგენდა, ვიდრე მშვიდი შემოქმედებითი გონის ნაყოფს“.
შესაძლოა, ახალი პოეტური სკოლა იყო ხელოვნური, მაგრამ თავისთავად სამყაროსგან რაიმეს გამოყოფა, სულერთია ეს იქნება მატერიალურ თუ სულიერ სფეროში, ხელოვნურობას ვერ დააღწევს თავს. სკოლის შექმნა უკვე გულისხმობდა ამას. მთავარია, რომ ცისფერყანწელებმა მოძებნეს, შეარჩიეს, გამოიგონეს, შეთხზეს, ჩამოაყალიბეს თავიანთი აზროვნებისა და ცხოვრების ორიგინალური სტილი და მას უწოდეს „სიმბოლისტური“. საქართველო ამ დროს ისეთივე ქაოტური ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც მთელი ევროპა. მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი. დამთავრებული იყო „დიდი ეპოქა“. როგორც გალაკტიონმა თქვა. იბადებოდა ახალი. რევოლუცია მოდიოდა ნგრევით. აქ უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა ნგრევის შედეგს, მთავარი თვით ნგრევის პროცესი იყო, რომელიც სულიერ სამყაროში უდიდეს ძვრებს იწვევდა. „ევროპის ქარი“ საქართველოში ძალუმად უბერავდა, ხშირად რუსეთის ტრამალებით დამტვერილი, ზოგი პირდაპირ გადმოქროლილი. ქუთაისში განგებით თავს იყრიან ახალგაზრდები, რომელთაც მძლავრად აქვთ ეს ჰაერი შესუნთქული. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, სერგო კლდიაშვილი, ლელი ჯაფარიძე... შემდეგ ამ ჯგუფს შეუერთდნენ: შალვა კარმელი, გიიონ საგანელი, ივანე ყიფიანი, რაჟდენ გვეტაძე, გიორგი ლეონიძე... ზოგი რუსეთში, ზოგი უცხოეთში განსწავლული, ბავშვობიდანვე გატაცებული ლიტერატურით. ბუნებრივი ნიჭი, სიახლის წყურვილი, ევროპის მაჯისცემა მათში საოცარ ძვრებს იწვევს. ნაპერწკლებზე კი ნავთს ასხამს გრიგოლ რობაქიძე და ხანძარი ჩნდება ქართულ პოეზიაში. ახალგაზრდა პოეტებს ეუფლებათ ექსპერიმენტების, ორიგინალური მხატვრული აზროვნების ძიების სურვილი. ლექციები გრიგოლ რობაქიძისა – იხსნება გზა, ჩნდება ნათელი გამოსავალი... „ვულკანი“ უნდა ამოიფრქვას გარდაუვალად. შესაძლოა დაპირისპირება ძველ სამყაროსთან, ძველ ლიტერატურასთან... ამ დროს უკვე დიდი ხანია დაწერილია ჟან მორეასის მანიფესტი, საფრანგეთში დაივიწყეს სიმბოლისტთა კოშმარული ხილვები, რუსეთი აღარ ბობოქრობს ბრიუსოვისა და ბელის „გამოხდომებზე“... ქუთაისელი პოეტები გრძნობენ, რომ მათი შინაგანი განწყობილება, მისწრაფებები ყველაზე უკეთ სიმბოლიზმის ჩარჩოებში ეტევა. იმისთვის, რომ თვით სკოლის სახელწოდებაც ორიგინალური ყოფილიყო, ირქმევენ „ცისფერ ყანწებს“... ვალერიან გაფრინდაშვილი იტყვის შემდეგ: „ჩვენ გავიზარდეთ ტიუტჩევზე, ვაჟასა და ბოდლერზე“. მრავლისმეტყველი ფრაზაა.
როგორც ლალი ავალიანი სამართლიანად შენიშნავს: „სიმბოლიზმმა გადახედა წარსულის მემკვიდრეობას, მაგრამ ვერ მოირგო მისი „ჟანგიანი ჯავშანი“: ახალი ფორმების ძიებამ ის მიიყვანა „ფასეულობათა გადაფასებამდე“. რაც, აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და რუსული სიმბოლიზმის, ძირითად ტენდენციასაც წარმოადგენდა“.
სიმბოლიზმმა, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც გარკვეული ეპოქა შექმნა. სანდრო ცირეკიძის მიერ თარგმნილ სტეფან მალარმეს ერთ პატარა მოთხრობაში, რომელსაც „მომავლის ფენომენი“ ჰქვია, შევხვდით ისეთ სტრიქონებს, რომლებიც შეიძლება ახლა უკვე ისტორიად ქცეული ქართული სიმბოლისტური მწერლობის მიმართ გავიმეოროთ: „როდესაც ყველა მოიჯერებდა გულს უკვე დაწყევლილ კეთილშობილ არსების ცქერით, ზოგი გაბრუნდებოდა გულგრილად, რადგან ვერ გაიგებდა, სხვები გულდაწყვეტილნი, ცრემლიანი წამწამებით მორჩილად გახედავდნენ ერთმანეთს. მაშინ, როდესაც ამ დროთა პოეტები იგრძნობენ მათი დამქრალი თვალების ახალ ანთებას და მკრთალი დიდების წუთს ეწვევათ რიტმი და მთვრალი ტვინით მიიჩქარიან ლამპასთან, რომ თავდავიწყებით იცხოვრონ ეპოქაში, რომელიც ემსახურებოდა სილამაზეს“.
მართლაც, უპირველეს ყოვლისა, სილამაზის მსახურნი იყვნენ ცისფერყანწელები.
ცისფერყანწელთა შემოქმედება გაჟღენთილია არტისტული მანერებით, რომანტიკული პოზებით, ორიგინალური და უჩვეულო წარმოსახვებით, რაც მათ გამოყოფს, გამოარჩევს და გამოაცალკევებს ქართველ მგოსანთა კრებულიდან. მათი პოეზია შერწყმული იყო მათსავე პირად ცხოვრებასთან, ყოფით ურთიერთობებთან. ისინი მთელი არსებით წარმოადგენდნენ საოცარ ნაზავს პოეტურობისა და დენდიზმისას, ამიტომ მათი ნაწარმოებები აღბეჭდილი იყო უცხო ანდამატით, რომელსაც შეიძლება პოეტური დენდიზმი ვუწოდოთ.
ტიციან ტაბიძე თავის „ავტოპორტრეტში“ აცხადებს:
`აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდადზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს „დივიგაციონს“.
„უაილიდის პროფილიანი“ ცისფერთვალა პოეტი დენდია, რომელიც გულგრილად უყურებს ირგვლივ ყოველივეს, რადგან მას თავისი, მხოლოდ მისთვის არსებული, განსაკუთრებული სამყარო აქვს, სადაც მის მიერ შექმნილი გმირები, ლანდები სახლობენ. აგრეთვე ისინიც, რომლებიც კლასიკური თუ უახლესი ლიტერატურიდან მისთვის საყვარელ პოეტურ სახეებს წარმოადგენენ.
დენდობა დამახასიათებელი იყო ფრანგის სიმბოლისტებისთვის. ისინი, უპირველესად, პროტესტანტები იყვნენ და ამ გზითაც გამოხატავდნენ საზოგადოებასთან დაპირისპირებას. განსაკუთრებით ცნობილია შარლ ბოდლერის დენდიზმი, რაშიც ის ხედავდა თავის ესთეტიკურ იდეალს.
შარლ ბოდლერი მეტრი იყო არა მხოლოდ ფრანგი, არამედ ქართველი სიმბოლისტებისთვისაც. მისი აზრები, შეხედულებები, პოეზია წარმოადგენდნა მათთვის შთაგონების წყაროსა და კანონიკას. ვალერიან გაფრინდაშვილი: „ჩემს წინ ბოდლერი გადაშლილი, ვით სახარება“. ან კიდევ, ტიციან ტაბიძე: „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“.
თანამედროვეთა გადმოცემით, შარლ ბოდლერის ქცევა ხშირად ჟონგლიორობას წააგავდა. იცვამდა ძალზე ყურადღების მისაქცევ კოსტიუმებს, უყვარდა პარადოქსები, მუდამ აფორისტულად გამოთქვამდა აზრებს და ყოველთვის საზოგადოების საწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდა. იქცეოდა აქტიორივით. ერთხელ სტუმრად მწვანედ შეღებილი თმებითაც კი მისულა. თაყვანს სცემდა ყოველივეს ხელოვნურს. ეს იყო მისი ცხოვრებისა და შემოქმედების პრინციპი. როცა ერთხელ მისთვის უკითხავთ, თუ მოსწონდა ერთი ქალის თმები, მას უპასუხნია, მომეწონებოდა, პარიკი რომ ყოფილიყო, მაგრამ თმები ბუნებრივია და ეს საშინელებააო. ეს იყო, რა თქმა უნდა, მისი პოზა, რომლითაც ის გამოირჩეოდა საზოგადოებისაგან.
შარლ ბოდლერის მიერ ხელოვნების ბუნებაზე მაღლა დაყენება ახალი პოეტური სკოლის ერთ-ერთ პრინციპად იქცა. ამიტომ შემოიჭრა პოეზიაში ქალაქური „ლანდშაფტები“ _ მცენარეთა, მთების, ზღვების ნაცვლად ქუჩები, ასფალტი, ოთახი, სარკე. ბოდლერს ერთ საუბარში უთქვამს: „მე ვინატრებდი წითლად შეღებილ მდელოებს, ლურჯად შეღებილ ხეებს“. შემდეგ არტურ რემბო ასეთ მდელოებზე ლექსებს დაწერს, XX ს-ის მხატვრები მათ დახატავენ. ქანდაკება ბოდლერისთვის მეტს ნიშნავდა, ვიდრე ცოცხალი სხეული, ტყის დეკორაცია – ვიდრე ბუნებრივი ტყე.
სიმბოლისტი პოეტები, უპირველესად, ცდილობდნენ ადამიანის შინაგანი საყაროს პეიზაჟების შექმნას.
პოეტური დენდიზმის ძირითადი პრინციპები ასე შეიძლება გამოიკვეთოს:
1. ხელოვნურობის პრიმატი (მხატვრულ შემოქმედებასა და ცხოვრებაში).
2. ორიგინალურობა (შემოქმედებაში, ცხოვრებაში, ჩაცმაში, ქცევაში და საერთოდ ყველაფერში).
3. საკუთარი „მე“-ს გამორჩეულობის განსაკუთრებული შეგრძნება.
4. პოეტური ნიღბების სიყვარული (სხვადყოფნის მისტერიით საკუთარი შინაგანი სამყაროს წვდომა).
5. ბოჰემა.
6. სიმახინჯის ესთეტიზება და სხვ.
ცისფერყანწელების შემოქმედების გაცნობისას თუ შეცნობისას უნდა გავითვალისწინოთ ეს პრინციპები, სხვაგვარად სრულყოფილად ვერ ვეზიარებით მათ მშვენიერ ხელოვნებას.
დენდიზმი ყოველ მათგანთან, რა თქმა უნდა, თავისებურად გამოვლინდა. ვალერიან გაფრინდაშვილის აზრით, მაგალითად, მალარმეს დენდობა, უპირველეს ყოვლისა, აისახებოდა მისი პოეზიის თეთრ ფერში, რაშიც იკვეთებოდა მისი ამპარტავანი სევდა.
სიმბოლისტურ პოეზიას მრავალი სიახლე მოჰქონდა. „პირველი სიახლის“ პოეტი კი შარლ ბოდლერი იყო. მანვე შექმნა ეს სიტყვა და პირველად იხმარა 1859 წელს (მოდერნი). იგი თურმე ბოდიშს იხდიდა ახალი სიტყვის შემოღებისათვის, მაგრამ საჭიროდ თვლიდა თანამედროვე პოეზიის უჩვეულობის გამოსახატავად. ამ „უჩვეულობის ბაცილამ“ კი ბევრი პოეტი „დაასნეულა“ ჯერ საფრანგეთში, მერე სხვა ქვეყნებსაც გადასწვდა და როცა ეგონათ, მოქანცული და მკვდარი იყო, „შხამიანი მოწამვლის“ ნიშნები მაშინ გამოაჩნდათ ქართველ პოეტებს და ისევ აღორძინდა მოდერნი პოეზიაში. ფრანგმა მწერალმა და კრიტიკოსმა ბარბე დ ორევილიმ საგანგებო წიგნი უძღვნა დენდიზმს. მისი აზრით, დენდიზმი იყო თანამედროვე მოვლენა და მის არსებით ნიშანს თვალშეუდგამი სიამაყე წარმოადგენდა. იგი დენდიზმს ერთგვარ სოლიპსისტობადაც მიიჩნევდა, ობიექტურ სამყაროში მხოლოდ პირადი „მე“-ს ასახვად. მაგალითად, ოსტენის აზრით, შარლ ბოდლერს არ სურდა გამოსვლა თავისი „მე“-ს საზღვრებიდან. „ის თითქოს თავისი ლექსების საშუალებით „მე“-ს ასეირნებდა მთელ მსოფლიოში“.
ყოველივე ამის გამოხატულებას ჩვენ ვპოულობთ ცისფერყანწელთა შემოქმედებასა და ცხოვრებაში. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარეობდა მათი პოეზიის ძირითადი თავისებურებანი, რომელთა შორის აღსანიშნავი იყო საკუთარი პოეტური პოზისა თუ ნიღბის ძიება.
ვალერიან გაფრინდაშვილი მიიჩნევდა, რომ პოეტისათვის აუცილებელი იყო პოზა, როგორც ფორმა მისი შემოქმედებისა. მისი აზრით, სწორედ პოზა წარმოადგენდა ყოველი პოეტის ნიჭის უტყუარ მაჩვენებელს. ვინც მოძებნიდა თავის პოზას, მხოლოდ იგი იქნებოდა ღირსი პოეტის სახელის ტარებისა. პოეტური პოზა მათ ქცევასა და ჩაცმულობაშიც უნდა გამოკვთილიყო. ცისფერყანწელები ჯერ კიდევ ქუთაისში გამოირჩეოდნენ თავიანთი ექსტრავაგანტულობით. ხშირად ტეხდნენ შარსა და დავიდარაბას, ქუჩაში ხმამაღლა კითხულობდნენ ლექსებს. განსაკუთრებული გემოვნებით იცვამდნენ. „მათ მხარს არ უგდებდა კოლაუ ნადირაძე, რომელიც ყოველთვის დენდივით იყო გამოწყობილი ახალ კოსტუმში, ჰქონდა ისეთი ჰალსტუხი, რომლის მსგავსი არავის არ გააჩნდა ქუთაისში და ყველას თვალს სჭრიდა,“ - იგონებდა შალვა აფხაიძე.
ცისფერყანწელები აცხადებდნენ, რომ ვისაც პოეტური პოზა არ გააჩნია, მას არ შეიძლება ჰქონოდა სინამდვილესთან პოეტური დამოკიდებულება. მათთვის ლირიკა იყო ავტოპორტრეტი, მაგრამ არა ფოტოგრაფიული, რადგან ფოტოგრაფია გულისხმობს გამეორებას, ავტოპორტრეტი კი პოზას. ამ პრინციპით იწერებოდა ცისფერყანწელების როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის პორტრეტები.

მათი სხვათაგან განსხვავებული ცხოვრება და ქცევა ბევრის თვალში ჯამბაზობის ასოციაციას იწვევდა. ამაზე შენიშნავდა ტიციან ტაბიძე: „თქვენ ამტკიცებთ, რომ ისინი შეგნებულად ჯამბაზობენ, მაგრამ კარგი: თუ საუკეთესო ახალგაზრდობა საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისთვის“. ამგვარ იარლიყებს ტიციანი პოეტების მიმართ უდიდეს ტერორს უწოდებდა.
ვალერიან გაფრინდაშვილს თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ მიაჩნდა ყურმოჭრილი ვან გოგი, რომელმაც, ვიდრე თავის ავტოპორტრეტს დახატავდა, სარკის წინ ყური მოიჭრა. უნდა გამოხატულიყო ორიგინალური პოზა, მისი სულიერი თავისთავადობის გამომსახველი. სწორედ ეს ხიბლავდათ ყანწელებს, რომელთა აზრითაც, ხელოვნება არ ემორჩილებოდა სინამდვილეს. პოზას ლირიკაში ისინი მიიჩნევდნენ სიმბოლურად. მათი აზრით, პოეტის „მე“ გამჟღავნდებოდა მხოლოდ გარკვეულ პოზაში. პოეტური პოზა იყო ცისფერყანწელების ორდენი თავისთავად, სახელწოდება, მათი გერბები და გვარების ჰერალდიკა. ეს იყო, როგორც ტიციანი ამბობდა, ბოჰემური, მისტიკური ძმობის ორდენი.
ახალი პოეტური სიტყვის ძიება, სიახლეებისაკენ სწრაფვა მათში ბადებდა ორიგინალურ სახეებს. ადრე, ალბათ, ასე არავინ დაწერდა.
`ჩემთვის სამშობლო სახვევია
მშრალი ბალღამის.
დაწყევლილი მინდვრებს გაუმზადებს
მშიერ კალიებს~ (ტ.ტაბიძე: „მღვდელი და მალარია“)
ან კიდევ:
`ისევ კედლები აქვითინდნენ თეთრი გედებით
და როგორც თოვლი, დაიფერფლა ჩემი ქეიფი (ვ.გაფრინდაშვილი: „თეთრი ნაბადი“)
ცისფერყანწელები „გაცვეთილ“ სიტყვებს პირვანდელ სინედლეს უბრუნებდნენ, ხშირად ბუნდოვან სიტყვათკავშირებს ისინი პოეზიის არისტოკრატიულობის დამადასტურებლად მიიჩნევდნენ. სანდრო ცირეკიძის აზრით, კარგ პოეტს შეიძლება მხოლოდ ერთი მკითხველი აღმოჩენოდა და რომ პოეზია იყო კონუსი, რომლის მწვერვალზე მხოლოდ ერთეულები ადიოდნენ.
ვალერიან გაფრინდაშვილი აცხადებდა: „ლირიკა არავისთვის სავალდებულო არ არის, ის არისტოკრატიულია ზედმიწევნით“. მათი მრავალი პოეტური სახე მოითხოვს ინტელექტს, დაწმენდილ, შეუცდომელ პოეტურ გემოვნებას.
ეს არისტოკრატიულობა ნიშნავდა რეალურიდან უფრო დაშორებას, სამყაროს ცენტრად საკუთარი „მე“-ს წარმოდგენას. ეს „მე“ კი პოეზიაში ცნაურდებოდა მრავალსახოვანი ნიღბების საშუალებით. ცისფერყანწელთა აზრით, ჭეშმარიტი ლირიკა ტრიალებდა თავის ჯადოსნურ წრეზე – ნიღაბაფარებული, თეატრალიზებული, ამიტომ ვერ საცნობი. დავაკვირდეთ, როგორ ინიღბება პოეტი, მისი შინაგანი სამყარო გრიგოლ რობაქიძის ერთ ლექსში. ამავე დროს ეს შენიღბვა უფრო გამოკვეთს და წარმოაჩენს დაფარულს:
`ჰელლადის შვილი ვარ ერთგული მე „ამორფატის“.
სავნებო მსხვერპლად გამზადილი ვით სავსე თასი.
და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს.
თასზე თასს ვამსხვრევ, რომ ავმართო კიდევ ათასი,
თავაღებული მე სარკე ვარ ყველა თვალების
და მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების~ („ავტომედალიონი“)
თავის წიგნში „ხელოვნური სამოთხე“ შარლ ბოდლერი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ავტორის კმაყოფილებისთვის სულაც არ იყო საჭირო, რომ მისი წიგნი ვინმეს გაეგო, გარდა იმისა, ვისთვისაც იწერებოდა. შემდეგ ამ აზრს უფრო უკიდურესად ავითარებდა და აცხადებდა: „ბოლოს და ბოლოს, განა აუცილებელია, რომ წიგნი დაიწეროს ვინმესთვის? მე მაგალითად, ძალიან მცირედ მიტაცებენ ცოცხალი არსებანი, მე მსურდა მხოლოდ დამეწერა მკვდრებისათვის...“
ცისფერყანწელთა ერთგვარ პოეტურ პოზას გამოხატავდა სახელების გადაკეთება: ტიტე – ტიციანი, პავლე – პაოლო, ნიკოლოზ – კოლაუ – ნიკოლო და სხვა. ისინი, როგორც დენდებს შეჰფერით, თავს გამორჩეულად მიიჩნევდნენ და ამას გამოხატავდნენ შემოქმედებაში. ტიციანი წერს:
`და ბალაგანის მოვკვდები მეფედ.
რაღაც მეფური იყო ჩემს სულში,
დაგვიანებულ ხმად შემიერთეთ
თქვენ, ვინც მღეროდით მზეზე წარსულში~.
თუმცა ეს იყო მეფის თეატრალური მანტია – პოეტის სიამაყეს მაინც აკმაყოფილებდა. დეკორაციული სასახლის ფონზე ხდებოდა ახალ პოეტთა ღირსებათა წარმოჩენა. პოეტური პოზა თვალნათლივ აჩენდა მათ არტისტულ ბუნებას. პოეტური ნიღბებით მოევლინენ ისინი თავიდანვე მკითხველებს. ნიღაბს თავის ესთეტიკა და ფილოსოფია ჰქონდა. მისი არსის გასარკვევად გრიგოლ რობაქიძის „ფალესტრა“ უნდა გავიხსენოთ, სადაც იგი წერს: „მე“. აქ მარხია ყოფის საიდუმლო. უმწარესი, რადგან სიკვდილია იგი, უტკბილესი – რადგან სიცოცხლეა იგი. თითქმის ერთსადაიმავე დროს თვითონ ყოფა მარადი ქცევაა, მუდმივი ცვლა. უწყვეტი დენა. ამ დენაში, ამ ცვლაში, ამ ქცევაში ცხადდება და ცნაურდება „მე“, „პირი“, მარადი ქცევა, მუდმივი ცვლა. ქცევა და ცვლა რის? და აქ იჭრება ხელუხლებელი „სახე“. ხატი (არა სალოცავი), დემოკრიტეს „გარსი“, პინდარის „აიდოლონ“, გერმანული „აბბილდ“, ნიშანი ამ სახისა არის მასკა, ნიღაბი და დააკვირდით, იმ კულტებში, სადაც ცვლა ყოფის საიდუმლოდ არის გამოცხადებული, ქცევა მასკით ხდებოდა. მაგ. დიონისეს კულტი. „მე“ უნდა გაიხსნას, უნდა გაირღვეს, არსი უნდა გადავიდეს ყოვლადში. პიროვნება უნდა ეზიაროს ზეპიროვნულს. ეს არის დიონისოს ფენომენი და მერე როგორი იყო რიტუალი ამ ფენომენის? მასკის აფარება, მასკის, რომელიც დიონისოს სახავდა. „მე“ უნდა გაირღვეს, რომ ზიარ იქნას ყოვლისა. ეს „გარღვევაც“ მასკურ ხდებოდა~.
ესთეტიკის რანგში აყვანილი ნიღაბი მათთვის ხან არსებული, ხან გამოგონილი, ხან კიდევ უკვე არსებული ლიტერატურული სახეებია: პიერო, კოლომბინა, ჰამლეტი, მალდორორი, ოფელია, ელენე დარიანი...
ისინი ხან ერთი, ხან მეორე ნიღაბს იფარებენ, თითქოს მათი შემოქმედება ერთი რაღაც საიდუმლო რიტუალის აღსრულებას წარმოადგენდეს და ამ ცვლაში ცდილობდნენ საკუთარი `მე~-ს გარღვევას, გახსნას და სამყაროს არსის წვდომას, საიდუმლოს გამოცნობას, მოვლენათა და საგანთა გაფარული მხარეების ხილვას.
მათი შემოქმედება მასკარადსაც წააგავს ხშირად, რადგან მათ გარდა სხვადასხვა ნიღბით შემოდიან ფრანგი პოეტები და ლიტერატურული გმირები. ტიციან ტაბიძე ერთი პოეტური საღამოს გახსენებისას შენიშნავს: `ამ ღამეს გრიგოლ რობაქიძემ გახსნა თავისი მასკა: ამ ღამეს ის არ იყო მთაწმინდელი, ღვაწლით შემოსილი, მასში სძლია პოეტის უკიდურესობამ: ეს იყო წმინდა ანტონის ცდუნება~.
პოეტური პოზა იყო პაოლოს მეტად მკაცრი `ჟესტი~ კლასიკური ხელოვნების მიმართ – უარყოფის თეატრალიზებული გამოხატვა:
`პაოლო იაშვილს – მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა – შექსპირს უარი,
რა ვქნა, თუ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი,
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი~.
ეს იყო დენდური სიამაყე, არ დაემჩნია გაოცება და ამავე დროს ხელოვნების ახალი კერპები წარმოეჩინა. ამგვარად ესხმებოდა ხორცი სიმბოლისტური სკოლის პრინციპებს მხატვრულ სიტყვაში.
პოეტური დენდიზმის უარსებითესი ნიშანი იყო ე.წ. ბოჰემა. ცისფერყანწელთა ცხოვრებასა და პოეზიაში მკვეთრად წარმოჩინდა ამგვარი განწყობილება. ბოჰემა გამოხატულება იყო იმავე პრინციპისა, რასაც პოეზიაში ახორციელებდნენ. სიახლე – ცხოვრებაში, უარყოფა – სიმშვიდისა, კონსერვატიზმისა, ნორმისა, კანონისა... ვალერიან გაფრინდაშვილის აზრით, ვინც პოეზიაში რევოლუციონერია, ის აუცილებლად ბოჰემად იქცეოდა, რადგან მას თავს დაესხმოდნენ საზოგადოებისა და მწერლობის ფილისტერები. აბა, როგორ აიტანდნენ ამგვარი მკითხველები პოეტის გულწრფელობის ასეთ გამომჟღავნებას:
`მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
საქართველოში ცხოვრება ხომ თვითმკვლელობაა.
ამიტომ გვიყვარს საქართველო ჩვენ თავდადებით,
ამიტომ მოგვწონს და შეგვინდობს ჩვენ ეს ობობა (ტ. ტაბიძე: `ნინა მაყაშვილს~)
თუმცა, უნდა ითქვას, რომ არ ერიდებოდნენ ყანწელები არავის რისხვას. კარგად უწყოდნენ, რომ ყოველგვარი სიახლე მსხვერპლს მოითხოვდა. თანაც გვერდით ედგათ გრიგოლ რობაქიძე, რომელიც თავისი ძალუმი სიტყვით ამხნევებდა და მაგალითს აძლევდა:
`ბოჰემა~ გულისხმობდა თრობასაც. კაფეებში `მთვრალი~ პოეტები უმღეროდნენ თავიანთ მშვენიერ მუზებს, მაგრამ ღვინო მხოლოდ გარეგნული რამ იყო. ბოჰემაში მთავარი იყო შინაგანი თავისუფლება, რომელიც პოეტური სახეებისა და წარმოსახვების `ზღვარგადასულობაში~, უცნაურობასა და უჩვეულობაში მჟღავნდებოდა.
ბოჰემური იყო არტურ რემბოს მთვრალი ხომალდის `აღსარება~:
`ვნახე გასვრილი მზე მისტიური საშინელებით,
იისფერ სხვის ხმელ ჩონჩხებით, რომ ანათებდა,
ტალღებს, რომ ჰგავდნენ აქტიურობს უძველეს დრამის,
რომელნიც ფართოდ აგორებდნენ ფარდების ცახცახს~ (პაოლო იაშვილის თარგმანი)
ტიციან ტაბიძის შემდეგი სტრიქონები:
`ორპირი ლპება – როგორც ლეში ლევიაფანის,
რიონის ფშანებს აედევნენ გრძელი ყანჩები,
მოიღუნება ჩემი სული – წნელი ლაფანის,
მხოლოდ ყანჩები – ჭაობების მჭლე ლავანჩები (`მღვდელი და მალარია~)
ბოჰემამ გასაქანი მისცა `მეამბოხე~ პოეტების სულში აბრიალებულ ცეცხლს, რომ არ `გადაბუგულიყვნენ~ შინაგანად. ასე იქმნებოდა აალებული სტრიქონები, რომელთაც ხშირად ქუჩის, შმორისა და ჭვარტლის სუნი ასდიოდათ. ასეთი იყო ცხოვრება... ბოჰემა კი გზა, რომლითაც პოეტები გაურბოდნენ სინამდვილეს.
სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი იყო სიმახინჯის ესთეტიზება. ამ ფენომენის გააზრებისთვის მეტად საინტერესოა ვალ. გაფრინდაშვილის ესე `ტერორ ანტიკუს~. მისი აზრით, სიმახინჯის ფერისცვალობის სასწაული ხდება მხოლოდ ლირიკაში. იგი მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისგან ლამაზსა და მშვენიერს. ამ უკანასკნელს იგი ხელოვნების კატეგორიად მიიჩნევს. მისი აზრით, ხელოვანს შეუძლია, მახინჯი შეიყვანოს ხელოვნების სფეროში და მშვენიერ მოვლენად აქციოს. `ესთეტიურია ის ემოცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მახინჯიდან ხელოვნებაში~.
ცისფერყანწელებს სიმახინჯე ესმოდათ, როგორც სიმბოლო და როგორც ირონია. ისინი მახინჯს აღიქვამდნენ როგორც მოვლენის ზედაპირს, როგორც ფანტასტიკურ ნიღაბს. ყანწელები სიმახინჯეს მშვენიერის ყველაზე ირონიულ ნიღბად მიიჩნევდნენ.
ცისფერყანწელებს მიაჩნდათ, რომ `ხელოვნებაში ხდება ერთმანეთს ორი წინააღმდეგი მოვლენა – მახინჯი და ლამაზი და ამ მისტიურ შეხვედრიდან იბადება ახალი ესთეტიკა~ (ვალერიან გაფრინდაშვილი).
ვალერიან გაფრინდაშვილი მახინჯს ვაჟურ საწყისად მიიჩნევდა, ლამაზს კი ქალურად. მისი აზრით, პუშკინის `ქეიფი ჟამიანობის დროს~, ტიუტჩევის მალარია, ედგარის მოთხრობები, ბოდლერის ყვავილები, აპოკალიპსი და გოიას სურათები მახინჯის გამარჯვება იყო ხელოვნებაში. იგი თვლიდა, რომ სინამდვილე თავისთავად იყო მახინჯი, ლირიკა კი ამართლებდა და მასში ნახულობდა თავის იდეალს. მახინჯს, როგორც უცნაურობისადმი წყურვილს, ვალ. გაფრინდაშვილი მიიჩნევდა ხიდად სინამდვილესა და საიქიოს შორის.
ცისფერყანწელები თავიანთ შეხედულებებს არ აცხადებდნენ ერთადერთ ჭეშმარიტებად. ამაზე ცხადად მეტყველებს ერთერთი მათგანის სიტყვები: `შეიძლება მომავალმა ესთეტიკამ სრულიად უარყოს ის ხელოვნება, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ~ (ვალ. გაფრინდაშვილი).
სიმბოლისტებს სჯროდათ, რომ ხელოვნება გარდაქმნიდა სინამდვილეს და ყოველგვარ სიმახინჯეს ხელოვნებაში გააკეთილშობილებდა.
`დღეს პოეზია ქმნის ახალ მითებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა თავისი კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიექტებს ეძებს თავისი შემოქმედებისათვის . ძველი მითები არავის არ სწამს, იმავე დროს ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი.~ _ წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი. მითის წყურვილმა კი ცისფერყანწელები მითის მქმნელებად აქცია. ამით ისინი გამოეხმაურნენ მსოფლიო სიმბოლისტურ სკოლას, რომელმაც მხატვრული აზროვნება მითის ქმნადობას გაუთანაბრა.
ქალაქის ქუჩების, `მოწამლული~ ჰაერით გაჟღენთილი კაფეებისა და ბოჰემური ყოფის პირმშო იყო მათი ლირიკა და ახალ სამყაროსაც განსხვავებული პოეტური ხერხებით, პრინციპებითა და მეთოდით ქმნიდნენ. ფრანგ `პროტესტანტ~ პოეტთა მსგავსად ქართული ლირიკის რაინდებმაც მოიწადინეს ახალი პოეტური სამყაროს შექმნა და თავიანთი შემოქმედების მეთოდად სიმბოლიზმი აღიარეს. `ცისფერი ყანწები~ ისე გრძნობდნენ თავს, როგორც ქვეყნის შემოქმედი შექმნის პირველ დღეს, როცა აგრაგნილი ქაოსი ეძებდა ფორმას. _ ასე გაიხსენებს ქართულ პოეზიაში `ჯვაროსნული ომის~ დასაწყისს ტიციან ტაბიძე.
მათ ქვეყანას სხვანაირი თვალით შეხედეს და გადაწყვიტეს, წარმავლობისაგან ეხსნათ იგი, ამით ისინი უკვდავებას ეზიარებოდნენ. მათთვის სინამდვილე არსებობდა უპირველესად პოეზიაში და ისინი შეუდგნენ ახალი პოეტური სინამდვილის შექმნას. როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, ეს იყო უფრო მითო-მქმნელი სინამდვილე, ვიდრე ნამდვილი. იგი იყო ზღაპარი, ლეგენდა, მითი. `მითო-მქმნელი სინამდვილე არ არის უბრალო ოცნების ნაყოფი: მას საკუთარი გულისხმიერი სინამდვილე აქვს: იგი არყოფილია, მაგრამ საყოფელი, იგი არა-ნამდვილია, მაგრამ შესაძლებელი. იგი არარსებულია, მაგრამ საარსებო.~ გრიგოლ რობაქიძის აზრით, მითი არ არის ნამდვილ-ყოფილი, არამედ იდუმალ-ყოფილია: თითქო ოდესმე სადღაც ზმანებულ სინამდვილეში კიდეც მომხდარიყოს მითიურ განცდილი და ახლა მხოლოდ ვიგონებდეთ მას განცვიფრებული.
ყანწელები უკვდავებასთან ზიარების წყურვილმა ახალი პოეტური მითოლოგიის შექმნამდე მიიყვანა, რადგან პოეზიას სჭირდებოდა ორიგინალური სახეები, უცხო მუზები და შთამაგონებელი წყაროები, მათ ის გამოძებნეს, შექმნეს და დაამკვიდრეს. 1914 წლიდან ქართული პოეზია დაშორდა რეალობას და ცისფერყანწელებმა გამოაცხადეს ფანტასმაგორიისა და მითის კულტი. მათ სურდათ, რომ ქართულ პოეზიას გადაელახა ეთნოგრაფიისა და სინამდვილის ვიწრო ნაპირები. მათ მოიწადინეს წარსულ გმირთა პანთეონის გადახალისება. პაოლო იაშვილი წერდა, რომ ყანწელები შეხვდნენ ქართული კულტურის უკვდავ კერპებს, მაგრამ სიამაყის ცეცხლით ანთებულებს არ სურდათ მათთვის ლოცვების შეწირვა. მათ სწამდათ, რომ სასიხარულო განათება იყო მხოლოდ მათში. ცისფერყანწელებმა წარმართთა მსგავსად შექმნეს ახალი `კერპები~, რომელთაც მსხვერპლად თავიანთ პოეტურ ქმნილებებს სწირავდნენ. ეს კერპები, უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ფრანგი პოეტები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენდნენ მათს სულიერ მოძღვრებასა და შთაგონების წყაროებს, შორეულ ვარსკვლავებსა და უახლოეს მეგობრებს. `ბოდლერ, მალარმე, თქვენს შესახებ მეამბა მსურდა ფოთის მთვარისთვის, მაგრამ საწყალს აწვალებდა სურდო და მალარია~ - წერდა გრიგოლ რობაქიძე ლექსში `სპლინი~. `ვერლენი, ბოდლერი, მალარმე! ამ სამებაში მე ყველა მიყვარს~ - იფიცება პაოლო იაშვილი.
ცისფერყანწელები დაეძებდნენ ისეთ სახეებს, რომლებიც იძლეოდნენ მარადისობის წინათგრძნობას. მათ აღარ აკმაყოფილებდათ ძველი მითები და თქმულებები, მათ შექმნაში ხომ თვითონ არ მიუღიათ მონაწილეობა. ისინი კი შემოქმედებას მიელტვიან, თვითონ სურთ იყვნენ პოეტური ქვეყნიერების მხატვარნი თუ ამშენებელნი. თანამედროვე პოეზია ხომ ნაკლებად იყენებდა წარმართულ და ქრისტიანულ სახეებს. ცისფერყანწელების მითი, რა თქმა უნდა, არ იყო მითი ტრადიციული გაგებით. ეს იყო მითი, რომელიც მათი პოეტური სამყაროს გამართლებად იქცა.
შარლ ბოდლერი თავის ერთ წერილში შენიშნავდა `მხატვარი გამოდის მხოლოდ თავისი თავიდან, მომავალ საუკუნეებს ის უტოვებს მხოლოდ თავის შემოქმედებას. ის პასუხს აგებს მხოლოდ თავისი თავის გამო. ის კვდება და არ ტოვებს შთამომავლობას. სანამ ცოცხლობდა, თვითონ იყო თავისი თავის ბატონიც, სულიერი მოძღვარიც და ღმერთიც~. სიმბოლისტებთან პოეტი იქცა თითქოს სამყაროს ცენტრად და მის მამოძრავებელ ძალად. მათთვის ლირიკა იყო `თეატრი თავისთვის~ და საჭირო იყო უმძაფრესი ფანტაზია, რადგანაც ლირიკოსი თვითონ გახდა ამ თეატრის მსახიობი, რეჟისორი, ავტორი და მაყურებელი. ყანწელებისათვის პოეზია თვითონ არის თავისი მსხვერპლი და ჯალათი, რომელიც იწვის თავის საკირეში და არაფერს არ სესხულობს ცხოვრებიდან. სიმბოლისტებისათვის უბრალო სინამდვილე კი არ იყო შემოქმედების წყარო, არამედ გასიმბოლოებული სინამდვილე. სამყარო მათ ესმოდათ, როგორც პოეტური მეტაფორა და გამუდმებით ცდილობდნენ მის ამოხსნა-გამოცოცხლებას. `უაილდმა სთქვა: სიძულვილი საზოგადოებისა თანამედროვე ხელოვნებისადმი არის კანიბალის გახელება, რომლიც ხელოვნების სარკეში იხედება და თავის თავს ვერ ნახულობს~ (ვალერიან გაფრინდაშვილი). კანიბალს თავისი თავი შეიძლებოდა დაენახა კლასიკურ ნაწარმოებებში, ძველი შემოქმედნი ახლოს იდგნენ თავიანთი შემოქმედების საგანთან. სიმბოლისტებმა კი, როგორც თვითონ ამბობდნენ და ამტკიცებდნენ, შექმნეს მარადისობის პერსპექტივა. მათთვის კაცობრიობის ისტორია წარმოდგა, როგორც ერთი მთელი კონკრეტული ეპოქების გარეშე. ისინი დროსა და სივრცეს ნებისმიერად გადადგამდნენ. სომბოლიზმი იყო ძიება იმ პარალელებისა, რომელიც შარლ ბოდლერმა პირველად აღიარა თავის `შესაბამებაში~. მან თავის პოეზიაში ერთმანეთს დაუკავშირა ფერი, ხმა, სუნი, განწყობილება, სხეული და მათი შეკავშირებით შექმნა სიმბოლოები, რომელთა საშუალებით უნდა ამოხსნილიყო სამყაროს ფენომენი. იგი ერთ წერილში შენიშნავდა: `მე არ ვიცი, არსებობს თუ არა მეცნიერულად დაფუძნებული ცხრილი ფერისა და შეგრძნების შესაბამისობის ამსახველი, მე კი ასეთ რამეს განვიცდი: როცა მახსენდება ნაწყვეტი ჰოფმანის `კრეისლენიანადან~ მე ვხედავ შესაბამისობას ფერებს, ბგერებსა და სუნს შორის. მგონია, რომ ისინი ერთნაირი იდუმალებით წარმოიშვნენ სინათლის სხივიდან და ამიტომ უნდა გაერთიანდნენ უცნაურ ჰარმონიაში. განსაკუთრებით ჯადოსნურ ზეგავლენას ახდენს ჩემზე შუქ-წითელი მიხაკი, ჩემდაუნებურად ვიწყებ ოცნებას და მესმის, შორიდან როგორ იზრდება, ხან მიილევა ჰაბოის ხმები~.
`შესაბამება~ იქცა ახალი პოეზიის მთავარ პრინციპად. მისი საშუალებებით სამყარო სულ სხვანაირად იქნა მოაზრებული. ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: `იქ, სადაც უწინ ბატონობდა სულთანივით ამაყი ვიქტორ ჰიუგო, ახლა არის თანამედროვე პოეზიის პანი-ვერლენი, რომელიც ცხოვრობს ყავახანაში, ჰოსპიტალში და საპყრობილეში~. პანი იყო ანტიკურობის დასასრულობის ღმერთი და იგი იქცა მთელი სამყაროს სინონიმად. ვალერიან გაფრინდაშვილი როცა ვერლენს პანს უწოდებს, ფიგურალურად გამოხატავს მისით პოეზიაში ახალი ერის დაწყებას. პანის სიკვდილისა და ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ პოეზია მთელი საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა მითოლოგიური სახეებით, თუმცა არ სჯეროდა ეს მითოლოგია. ქრისტიანობამ შექმნა ახალი, საკუთარი მითოლოგია, რომელმაც გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა ხელოვნების შინაარსი. აქ არის ერთგვარი პარალელი. ძველი ხელოვნების პანი მოკვდა და დაიწყო ახალი ერა. `ახალი ქრისტე~ იყო ხელოვნება, რომელიც პარიზში დაიბადა და მისი `ქადაგება~ მალე მთელ ქვეყნიერებას მოეფინა. მის დაბადებას ხელი შეუწყო კაცობრიობის მთელმა ისტორიულმა თუ კულტურულმა განვითარებამ, განსაკუთრებით კი ლიტერატურამ და ფილოსოფიამ. ნიცშეს ზარატუსტრა ქადაგებდა ღმერთის სიკვდილს. მისი აზრით, ქრისტე მოკვდა და მასთან ერთად მისით განპირობებული ზნეობრიობაც, რადგან ქრისტე თვითონ იყო ხორცშესხმული ზნეობა. ნიცშე ქადაგებდა ზე-ადამიანის მოლოდინს და ზნეობრივად თვლიდა იმას, რაც ხელს შეუწყობდა მის მოვლინებას. ამავე დროს, ეს ყველაფერი მოიაზრება არამატერიალურ სფეროში. როგორც ანდრეი ბელი განმარტავდა: `თავი რომ დაგვეღწია წყვდიადის ახალი ნაკადისაგან, ნიცშე მოგვიწოდებდა ახალი გმირობისაკენ. ის მოელოდა შემოქმედების ახალ ქმნილებებს, ახალ კერპებს, რომ მათი საშუალებებით ებრძოლათ ადამიანებს წყვდიადთან. მისი აზრით, ადამიანებს უნდა შეექმნათ საკუთარ სულში კიდობანი და მასში გამოეზარდათ გმირი~.
ფრანგი პოეტი ჟიულ ლაფორგი ერთ ლექსში წერდა, ნუთუ არ შეიძლება ღმერთის გადაკეთებაო. ეს იყო ირონია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო რწმენადაკარგულ ადამიანთა მიმართ. სიმბოლისტებმა კი თითქოს ღმერთი `გადააკეთეს~ ხელოვნებად. ცისფერყანწელებმაც ახალი პოეზია გაიხადეს რელიგიური გაღმერთების საგნად. თვითონ კი თავი მის მოციქულებად მიაჩნდათ. ტიციან ტაბიძე წერდა:
`ახალი ქრისტეს ოთხი დავრჩით
მახარობელი,
პაოლო, გრიგოლ, ვალერიან,
მე – იოანე~ (`დროშა ქომერიელთა~)
აქვე გვახსენდება ვალერიან გაფრინდაშვილის სტრიქონები:
`ავახელ თვალებს და გაჰქრება ლანდთა ღრუბელი,
ჩემს წინ ბოდლერი, გადაშლილი, ვით სახარება.
გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ვრუბელი,
სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება~ (`ინტერიერ-პირველი~)

ცისფერყანწელები ქმნიან ახალ პოეტურ მითოლოგიას, ახალ კერპებს იდგამენ სათაყვანებლად. მასალა: ეროვნული ისტორია და მსოფლიო პოეზიის შედევრები, ფრანგი პოეტები თავიანთი ქმნილებებითა და ბიოგრაფიებით, წიწამური, ბირგამის ტყე, ოფელია, დონ-კიხოტი, პიერო და კოლომბინა, სააკაძე, ვაჟა – ტიციანის სიტყვით, `პანის ღვთაებრივი მჭვრეტელი, ხევის ნიაღვრით დასოლებული მუზით, რომლისთვისაც ბუნება ემბაზიც იყო და, საქორწინო სარეცელიც და კუბოც~. ეს აძლევს მათ შემოქმედებას განუმეორებელ ელფერს. მათი პოეტური სამყაროს ორიგინალობას ახალი მითოლოგიის საფუძველზე შექმნილი პოეტური სახეები განაპირობებენ უპირველესად. მათი შემოქმედების წყაროდ იქცევა ყველაფერი, რისი პოეტური ასოცირებაც შესაძლებელია რაიმესთან. თვით ცხოვრების წვრილმანებიც კი, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება ზოგადსაკაცობრიულ ტკივილამდე ამაღლებულიყო.
ჯერ კიდევ ფრანგი პარნასელების ლირიკაში გაჩნდა მისწრაფება პოეზიაში პოეტის სახელის განდიდებისა. სიმბოლისტებთან კი პოეტის სახელი გადაიქცა ლეგენდად, მითად. `ლეგენდარული სახელები, - წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი, - როგორც ქიმერები, ისე სდარაჯობენ პოეზიას. ისეთი სახელები, როგორიცაა ბართლომეს ღამე, საფირონი, პატმოსი, სტრადივარიუსი, კალიოსტრო უფრო აღვიძებენ და ახელებენ პოეზიას, ვიდრე დიდი ურაგანები~. ეს სახელები პარალელურ შეფარდებაში შედიან სამყაროს სხვა მატერიალურ თუ სულიერ მოვლენებთან. მათი საშუალებით იქმნება სიმბოლოები და პოეტური წარმოსახვა უფრო მდიდრდება და მრავალფეროვნება.
ტიციან ტაბიძე:
`დისერტაციას დავამზადებ
მე ამ საგანზე,
ყვითელი თვალი მონგოლების
და სააკაძე~ (`მღვდელი და მალარია~)
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ცისფერყანწელების პოეზიაში ხდება დროთა და სივრცეთა თავისებური, ორიგინალური გადანაწილება. აქ დრო გაიგება არა მხოლოდ ისტორიული, არამედ როგორც გამოგონილი – მხატვრული სამყაროსი. შექსპირის ტრაგედიის `მაკბეტის~ ბირგამიის ტყე პარალელურად ეფარდება ქალდეას აჩრდილს, რაც ქმნის ახალ პოეტურ ასოციაციებსა და განწყობილებებს. ამგვარი პრინციპებით პიერო ლედი მაკბეტთან ერთად წარმოდგება პოეტის წარმოსახვაში.
ტიციან ტაბიძე კი პოეტური წარმოსახვით ჰაფიზის ვარდს დებდა პრუდომის ვაზაში, ხოლო ბესიკის ბაღში რგავდა ბოდლერის ბოროტების ყვავილებს, რითაც საუკეთესოდ გამოხატავდა ახალი პოეტური სკოლის პრინციპებს. პოეტთა სახელები დაიბურა მითიური საბურველით, გადაიქცა გამოცანად, რომელიც მომავალმა ლექსებმა უნდა ამოხსნან. ეს სახელები იმარხავენ უფრო მეტს, იდუმალს, ვიდრე ის გამომჟღავნდება გამოთქმისას.
ცისფერყანწელთა აზრით, სრულიად არ იყო საჭირო, რომ პოეზია ამოწურულიყო მხოლოდ რეალურად არსებულ პოეტთა სახელებით. ეს სახელები, როგორც მითები, ძვირფასი იყო მათთვის, მაგრამ პოეტს შეეძლო შეექმნა ახალი მითი (აშორდია, რობაქიძე, ელენე დარიანი...). მათი აზრით, უფრო მითის შექმნა თუმცა უფრო ძნელი იყო, სამაგიეროდ უფრო მეტი ღირებულება გააჩნდა.
პაოლო იაშვილმა შექმნა ელენე დარიანის მითი და ქართულ პოეზიაში ახალი პოეზიის მხევალი `მოავლინა~
ახალ ლირიკას უნდა გამოეყენებინა ყველა საოცნებო სახელი: ისტორიული, გეოგრაფიული თუ ლიტერატურული, ქალაქებისა თუ ძვირფასი ქვებისა და ამ სახელებიდან შეექმნა ახალი მითები. პაოლო იაშვილის `წითელი ხარი~ და `ფარშევანგი~, კოლაუ ნადირაძის `ყვითელი მალაელი~, ტიციან ტაბიძის `ორპირი~ და `მალარია~ - ეს იყო ახალი პოეტური მითები.
ახალი პოეტური მითოლოგიის `მასკარადში~ ცისფერყანწელებმა დიდი გაბედულებით შეიყვანეს ერთმანეთი.
ცისფერყანწელებმა ინტიმი აამაღლეს პოეზიამდე და პირად გრძნობებს მისცეს უნივერსალური ხასიათი. მათ კერძო ტკივილი ზოგადსაკაცობრიო გახადეს. თუმცა მათთვის ცნობილი იყო ერთმანეთის ბიოგრაფიის ყოველი წვრილმანი, ისინი მაინც ქმნიდნენ მითებს ერთმანეთზე. ქართველი პოეტებისათვის კარგად იყო ცნობილი ფრანგ პოეტთა ურთიერთდამოკიდებულება. სიკვდილის სარეცელზე მწოლი არტურ რემბო ვერლენის ლექსებს კითხულობდა, ვერლენი კი სიკვდილამდე აღმერთებდა რემბოს და ლექსებს უძღვნიდა.
ფრანგი პოეტები ყანწელების პოეზიაში თითქოს მეორედ დაიბადნენ.
ცისფერყანწელებმა არ დაუცადეს მომავალ პოეტებს, რომლებიც გააზღაპრებდნენ, როგორც გმირებს და თვითონ შეიყვანეს ერთმანეთი პოეზიაში, როგორც პოეტური სახეები.
ტიციან ტაბიძე: `ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,
ფარშევანგების შემოჰკრა ალყა,
და ოფელიამ თვალი მოავლო,
ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა (`ბირგამიის ტყე~)
ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში `სახელების მაგია~ წერს, რომ თანამედროვე პოეზიაში უმთავრესი და არსებითი – სახელებია, რომელთა გამოკლებით ბევრი რამ დააკლდებოდა მას და საუკუნეებით უკან დაიხევდა. მისი აზრით, თუმცა ჯერ არავის გამოეცხადებინა სახელების კულტი, მაგრამ შესაძლოა პოეზიაში გამოჩენილიყო ისეთი სკოლა, რომელიც სწორედ სახელს აღიარებდა თავისი პოეტიკის მთავარ ხაზად. მისი აზრით, ქარრთულ პოეზიაში სახელების მაგია გამართლებული იყო ყანწელების `გაქანებული~ სახელებით და აგრეთვე მათი პოეზიით. გრიგოლ რობაქიძის ვასაკა უკვე შეიცავდა თავის სახელში ფანტასტიკას, ხოლო ლოტრეამონის მალდორორი საშინელების აპოთეოზი იყო და ისმოდა, როგორც `ნევერმორი~.
ახალ პოეტურ მითოლოგიაში ხდება სახელების არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ ბგერწერული აღქმაც. პოეზიაში ხომ ყველაზე უკეთ ცნაურდება სახელთა ასტრალური სხეულები. გრიგოლ რობაქიძე წერილში `სიტყვის როია~ რამდენიმე სახელის ასტრალურ სხეულს წარმოაჩენს: `მარია დორვალ: ოქროს თმები ლოკავენ შიშველ თეთრქაფა სხეულს. დოლენა: სირბილე მიწის ძუძუების. როგნედა: სკვითის სიგიჟე სლავურ მოდუნებაში. ოფელია: შეშლილი ფოთლები მდინარეში. ჯიოკონდა: დაეჭვების ღიმილი სივაჟეში. თამარ: გათვალვა დედოფლის ... ქალდეა: ჰალუცინაცია ხაშმით. საგარეჯო: გარუჯული განდეგილი. ორპირი: რასსების ჯვარედინი. გელათი: სინათლე... შარლ ბოდლერი: გენია სპლინში. დორიან გრეი: ლანდი სარკეში ჩარჩენილი. ირრუბაქიძე: მოურავი მოურეველი~.
ცისფერყანწელთა შემოქმედებაში პოეტთა სახელებთან გათანაბრებულია ნაწარმოებთა არა მხოლოდ გმირები, არამედ სათაურებიც. სანდრო ცირეკიძის აზრით, ქმედითი სათაურები თანაბარი იყო თვითონ წიგნისა და თავისთავად წარმოადგენდა ესთეტიკურ ღირებულებას. ასეთ ღირებულებად იქცა ბოდლერის `ბოროტების ყვავილები~, `მთვარის საჩუქრები~, რემბოს `მთვრალი ხომალდი~, ლაფორგის `სამგლოვიარო მარში მიწის სიკვდილზე~, პაოლოს `წერილი დედას~, ტიციანის `ქალდეას ქალაქები~ და სხვა. ეს სათაურები იქცნენ თავისთავად მოვლენებად და გახდნენ პოეტთა მუზების ნავთსაყუდელი თუ ორიგინალურ სახეთა წყაროები.
ცისფერყანწელები ყოველ საგანსა თუ მოვლენაში განჭვრეტდნენ წარმავლობის ნიღბით შემოსილ მარადიულობას, როგორც სანდრო ცირეკიძე წერდა: `პოეტს მინიჭებული აქვს იგრძნოს იმათ (საგანთა და მოვლენათა) გადაღმა დიდი პარალელი უკვდავების~.
ცისფერყანწელები ჩვენს წარმოსახვაშიც შემოდიან, როგორც მითები, სიცოცხლეშივე გაუკვდავებულნი ერთმანეთის პოეზიაში.
ცისფერყანწლებს სწამდათ, რომ ხელოვნება შეასრულებდა ახალი ღმერთის მოვალეობას. მათ პოეზია აღიარეს, როგორც თავისთავადი ჭეშმარიტება. წინასწარმეტყველური შთაგონებით წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი: `ხელოვნება გააღმერთებს მთელ ქვეყანას და როგორც ქრისტე განკურნავს კაცობრიობას ყველა სენებიდან~. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდნენ ცისფერყანწელები, წმინდა პოეზიის რაინდები და ამ გზით ეზიარნენ უკვდავებას.
დაბეჭდილია წიგნში 'ცისფერყანწელები_ 100 ლექსი~, გამომც ინტელექტი, 2007


მაია ჯალიაშვილი გრიგოლ რობაქიძის ''გველის პერანგზე''

საავტორო უფლება დაცულია
ექსტაზის ფენომენი


(გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგის" მიხედვით)

`რა საჭიროა გამოცნობა?! გზნებაა საჭირო~,_ ამბობს გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~ ერთი პერსონაჟი. სწორედ გზნებით მიიწვდომება დაფარული, ჭეშმარიტი. სიცოცხლეს, ცხოვრებას, წარსულს იგზნებენ რომანის გმირები და ამ გზით ეზიარებიან ღვთაებრივს, უკვდავს, წარუვალს. გზნებას კი მოაქვს ექსტაზი_ადამიანის განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობა, რომელიც თავდავიწყებას, აღფრთოვანებას, აღტკინებას, ერთგვარ გახელებას გულისხმობს. რუსთველისეული მიჯნურიც ხომ გახელებულია: `მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა~. `ვერ_მისახვდომი~ თანაბრად შეიძლება იყოს `საღმრთო სიახლეცა~ და `კეკლუცთა ზედა ფრფენაც~.
ქართველი მოდერნისტები ექსტაზს ექსპრესიონიზმის ქმედით ფორმად მიიჩნევდდნენ. `ხელოვნება¬_ეს დაჭერაა საგნებზე ღვთის კვალისა. იგი იჭერს ღვთიურ ნომოსს სამყაროსას. მაგრამ რა გზით? მხოლოდ ექსტაზით. ექსტაზით უნდა გაარღვიოს სულმა ტრანსცენსი. მხოლოდ მაშინ იხილავს იგი ღმერთს~. [გრ. რობაქიძე, `ექსპრესიონიზმი~, ჟ. `კავკასიონი", #1, 1924].
სწორედ ამგვარად, ექსტაზით გაარღვევს ხოლმე არჩიბალდ მეკეშის სული ტრანსცენსს და იგზნებს არყოფლს, მაგრამ საგულვებელს, ხან წარსულს `იყნოსავს~, ხან მომავალს. ექსტაზისას დრო თითქოს ჩერდება. `არის მხოლოდ წარსული, აწმყო მიმქრალია. მომავალი ხანდახან თუ იელვებს, როგორც აზრი თუ ფიქრი. არის მხოლოდ წარსული და ისიც_როგორც ზმანებულის მოგონება~.
ექსტაზისას `ასტრალური ლანდები გალურსულნი და თვალებდანისლულნი გაგუდულან და შინაგან იყურებიან~. სწორედ ექსტაზისას `ამოვარდება~ არჩიბალდი რეალობიდან და ირეალურში `გადაინაცვლებს`. ასეთ დროს მისთვის გასაგები და ახსნილი ხდება სხვა დროს გაუგებარი და გონებისთვის მიუწვდომელი: `ეხლა იგი წინაპარშია თვითონ და ხედავს: ხილვას სინას მთაზე_მოგზაურობას უდაბნოში_გახელებას და მცნებათა დაფის დახეთქებას_ჯიუტი და ურჩი ხალხის დაურვებას_ისრაელის წყევას_უკანსკნელ სიმარტოვეს კაცისას. გზნობს ნაღვლს მისას.~ ექსტაზისას დაიძლევა ეჭვი ადამიანობის არარაობისა და ცხოვრების ამაოებისა. ადამიანი თავს შეიგრძნობს ღვთაების ნაწილად, ღირებულად. მთელის წიაღში ის იძენს თავისუფლებას, სიწმინდეს. `გველის პერანგის~ პერსონაჟები ხშირად განიცდიან ექსტაზსს და ამგვარი ემოციური მდგომარეობისას_თავდავიწყებულნი ჰპოვებენ `თავს~. ექსტაზი აღიქმება, როგორც ერთგვარი მისტერია, რომლის განცდისას ადამიანი ეზიარება საიდუმლოს.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლური კულტურა კრიზისმა მოიცვა. `ღმერთის სიკვდილმა~ გააუფერულა და გააუფასურა უმაღლესი ღირებულებანი. ქრისტიანულმა ზნეობამ საყრდენები დაჰკარგა. ღვთიური, ზეგრძნობადი, ტრანსცენდენტური უარყო ადამიანმა და საკუთარ თავს მიენდო. ადამიანში ჩაქრა ღვთაებრივი ნაპერწკალი და ღვთის კვალი გაქრა სამყაროში. `ესე იტყოდა ზარატუსტრაში~ ნიცშემ სრულყოფილი ადამიანის_`ზეკაცის~ რწმენა იქადაგა პატარა ბედნიერებას, უგუნურ იდეებს დახარბებული ადამიანის სანაცვლოდ.
ექსპრესიონისტებმა მიზნად დაისახეს ჩაკეტილი სივრცის გარღვევა. მათ ღვთაებრივს გაუხსნეს გზა ცხოვრებაში. საგნებზე ღვთის კვალის ჩენა და ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის გაღვივება აქციეს მწერლობის საგნად. ექსპრესიონიზმმა `გააცოცხლა~ ექსტაზის ფენომენი და თავისი ხელოვნების ხერხემლად აქცია. დაღლილობა, კრიზისი უნდა დაძლეულიყო ადამიანის სულში აფეთქებით, რომელიც წალეკავდა ძველს, მკვდარს და ააღორძინებდა ღვთაებრივს.
ექსტაზის ფენომენი ყველა მითის, კულტის, რიტუალის უცილობელი ნაწილი იყო. ქართულ მოდერნისტულ რომანში უხვად შემოიჭრა მითი, ზღაპარი ლეგენდა_ამან კი სულს გზა გაუხსნა სიღრმისაკენ.
ადამიანი ეზიარება მარადისობას, მაგრამ საჭიროა განსაკუთრებული მდგომარეობა ამ ზიარებისთვის. განსაკუთრებული მდგომარეობა კი მიიღწევა `თრობით~_სიტყვით, საქმით, სიყვარულით, რელიგიით, პოეზიით. გახელებას, ექსტაზს ხშირად იწვევს მხურვალე მზე, დიდი შუადღის ჟამს დაყუდებული, საგნებს რომ აორებს და ადამიანს თავის სხვა მეს შეახვედრებს. სწორედ ამ მზემ `დაუშანთა~ გონება დანტესა და ნიცშეს. მზე გრიგოლ რობაქიძის რომანშიც წარმოდგინდება, როგორც მეტაფორა, რომელიც გმირის ძიების გზაზე თავის უდიდეს როლს თამაშობს.
ექსტაზისას ადამიანი თავისუფლდება ყველაფერ იმისაგან, რაც მას ამ სოფელთან აკავშირებს, განიძარცვება მიწიერი სურვილებისგან, ვნებებისგან. ჩვეულებრივი სმენისგან, ხედვისაგან და იმსჭვალება უხილავის, დაფარულის წყურვილითა და მოლოდინით.
საკუთარი თავის პოვნა "სხვაში გადასვლის" გზით არჩიბალდ მეკეშისთვის ის საიდუმლოა, რომლის მიწვდენასაც ცდილობს, ამიტომ იზიდავს აღმოსავლეთი. აქ ჰაშიში ექსტაზის მისაღწევი უმოკლესი გზა იყო. "მოწევს ერთი და გადასცემს მეორეს მოსაწევ ტარს, მეორეც მოსწევს და გადასცემს მესამეს... მეექვსე მეშვიდეს. ასე: სანამ ტარი პირველს არ დაუბრუნდება. ამ რიგით ჰქმნიან მაგიურ რკალს. აქ იჭერენ თვალღია ზმანებას. აქ არის საიდუმლო აღმოსავლეთის თანაყოფისა და ერთყოფისა.~
არჩიბალდი ხვდება `თვალებში გახელების კიაფით~ ამღვრეულ დერვიშს, რომელიც `ყველას უცქერის და არავის ხედავს~. თითქოს `უხილავს უსმენს და ელის მისგან ნიშანს~. არჩიბალდსაც სწყურია უხილავის მოსმენა, მასაც სურს მისი ნიშნის ხილვა, მაგრამ `ცივილიზაციის სამოსელი~ ამძიმებს, მისი რაციონალური გონება ვერ `იტევს~ სამყაროს მეტაფიზიკურ სიმსუბუქეს, ამიტომაც ცდილობს თავდაღწევას, გაქცევას. გრძნობს, რომ ზეპიროვნულს ვერ მისწვდება, თუ ვერ დასძლია პიროვნული. არადა, მას გზნება უნდა იმ თესლის, თაურფენომენის, რომელიც ყოველ ნაწილშია და მთელის არსებას განაპირობებს.
ერეკლე ტატიშვილი ექსტაზს `ადამიანის სულის ექსტრადიქციად, ხორცის გარეშე ნავარდად და განდგომად~ მიიჩნევდა. 1
მოდერნისტი მწერალი განიცდის თავის ინდივიდუალურ რიტმს, იმავდროულად, სამყაროსას_უნივერსალურს. (არჩიბალდი სფეროთა მუსიკას უსმენს). ამ რიტმთა ერთმანეთთან დაკავშირება, შეთანხმება იდუმალში, ღვთაებრივში, მისტიურში ჩართვას ემსგავსება. ინდივიდუალური რიტმი ჰარმონიულად ეთანხმება სამყაროსას და ადამიანი გრძნობს მასთან ერთობას_სწორედ ამ დროს ხდება გზნება და არა შემეცნება. გზნება ემოციით, ინტუიციით ლოგიკის, ცნებების, სიტყვების გარეშე. ინტუიციით მიწვდენა კი ყველაზე მძაფრად ექსტაზის მდგომარეობაში ხორციელდება.
`გველის პერანგი~ მთლიანად აღიქმება, როგორც მწერლის ერთგვარი `ექსტაზი~. აქ პერსონაჟები ხშირად ხორცის გარეშე დანავარდობენ~. არჩიბალდ მეკეში გამუდმებით აღგზნებულია_ზმანებათა, ხილვების, თვალღია სიზმრების გარემოშია. მის გარშემო სამყარო თითქოს ხილულ ფორმებს კარგავს, დნება, იცვლება. ის, რაც მომავალში უნდა მოხდეს, იმის სუნს გრძნობს. ამგვარი ექსტაზით განიცდის იგი ირუბაქიძეთაA გვარის ისტორიას. მას გადაედება პეტრიძის `შინაგანი წვა~_`ცეცხლი მამალი~ მასშიც დაენთება. არჩიბალდი გზნებს შუაგულს. `დაცილება: ყოველ საგანს_ყოველ არსს_ყოველ მოვლენას. საკუთარ `მესაც~, ყვინვა და ჩაძირვა სიღრმით და სიგანით: შორსშორს_ზესკნელში თუ ქვესკნელში. მზის დიდი გაჩერება ბიბლიისა. ფოთლის ურხევლობა. გარინდება და გაქვავება: გალხობა და გადნობა. `პიროვანის~ დაკარგვა. გაქრობა ყოველ `მაიის~ და ხილვა `ერთის~_რომელიც ყველაშია როგორც `მამა~ წარმომშობი: სულისჩამდგმელი და ამმოძრავებელი.
არჩიბალდი ექსტაზს განიცდის ქართული სიმღერის მოსმენისას თუ ქართული ცეკვის ნახვისას, ყველაფერი ქართული მასზე მაგიურად მოქმედებს და აღვიძებს მასში `ფესვების~ მონატრებას.
ექსტაზი უკავშირდება დიონისურს, რომელსაც მოაქვს ნაწილის მთელთან ზიარების მწველი განცდა. დიონისური გახელება ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. ალექსანდრე მაკედონელის `შევარდნა~ ეკბატანაში თუ სოლეიმან ბრწყინვალის ცხენის შეგდება აია_სოფიაში კაცში დიონისურს `აამეტყველებს~ და საკუთარ არსებაშივე ჩამარხულ უდიდეს ენერგიას გამოათავისუფლებინებს.
გახელება, ექსტაზი ერთდროულად ქმნის და ანგრევს კიდეც. პიროვნებაზეა დამოკიდებული, საით მიმართავს უჩვეულო ძალას_შიგნით თუ გარეთ. `პეტრე დიდის გახელებამ ფინის ტბებიდან ამოატივტივა `პეტერბურგი, რომელიც `დოსტოევსკის ეპილეფსიამ პატმოსის კუნძულად გადმოანთხია~.
არჩიბალდს აწვალებს ფიქრი `ძირებზე~, რომელიც ერთ დიდ მტანჯველ გამოცანად გადაჰქცევია. ძირებთან მისვლამ მას უნდა აპოვნინოს ცხოვრების საზრისი: `ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო~, როგორც გურამიშვილი ამბობდა. ძირებამდე მისასვლელი გზა კი განტოტვილია მის სულსა, გულსა და გონებაში. გულით ის სამშობლოს ფესვს დაეძებს, გონებით_ადამს, სულით კი ღმერთს. გზის ასეთი მრავალშრიანობა განაპირობებს ძებნის სირთულეს. არჩიბალდი ძირითადად ირეალურ სივრცეში მოძრაობს, ფიზიკური გადანაცვლება მხოლოდ გარეგანია და ტონუსის მიმცემი. `არჩიბალდ მეკეშს `ძირები~ არა აქვს: აქ იგი უძიროა. მიდის უკან: შორსშორს დაუსრულებლივ. ყველაფერი ლანდი. ყველაფერი ნასახი. გუნება_რომელსაც სიცხადეში ვერ დაიჭერ. გუნება_რომელსაც ვერც სიზმარეთში დაიჭერ. ეგებ მაშინ დაიჭირო: როცა სიცხადე ზმანებულს გადაეჭრის. არის აქ საიდუმლო ზღვარის ძაფი. ამ ძაფს ხედავ ძილიდან გამოსული, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაღვიძებული.~
ხშირად გრძნობს არჩიბალდი რღვევას, გაორებას, გასამებას... გახუთებას. ეს `სხვები~ და, იმავდროულად, `თვითონ~ ერთმანეთს `ზომავენ~ და სწორედ ამგვარი ფანტასმაგორიული ხილვისას იშვის განცდა უხილავთან ზიარებისა.
ტაბა ტაბაი_სპარსი, ჰინდუ თუ ეგვიპტელი_ქადაგებს, რომ ცოდნა არ გადაიცემა, რომ `ცოდნას თვითონ უნდა მიაგნო~. მედიტაციების რთული ხლართების შემდეგ `მიხვდება~ არჩიბალდი ერთისა და მთელის ურთირერთდამოკიდებულების არსს. როცა ტაბა ტაბაიმ არჩიბალდს სეფორეს მიერ იაგვესთვის შვილის წინადაცვეთილი ნაწილის მიგდების საიდუმლო აუხსნა, მეკეში მიხვდა, რომ `მამა~ გარეთ კი არ უნდა ეძებნა, არამედ საკუთარ არსებაშივე აღმოეჩინა.
ტაბა ტაბაი გამუდმებით ექსტაზის მდგომარეობაშია, ამიტომაც უჭირს მისი პორტრეტის დახატვა არჩიბალდს. "ცხვირი_ადამიანის, ბაგე_ადამიანის. ყველაფერში_ხაზი პიროვნების. თვითონაც პიროვნება: ქვეყანაზე ერთხელ მოვლენილი. მთელი ყოფა_ახლო და ხელსახლები. და მაინც: შორს წასული. ყოფა სადღაც გადასხმული თუ გადაღვენთილი. შუადღისას როცა მზე ხელდება_ცხენი ცხელ უძრაობაში გადაყირავდება. მაგრამ ტაბა ტაბაი ცხენი არაა. იგი სხვაა. კაცი და მოჩვენება. პიროვნება და ლანდი. სახე და მასკა. ყოველს დაცილებული: ეგებ მისთვის_რომ იხილოს ყოვლის წარმომშობი.~
სპარსეთში არჩიბალდი თვრება საოცარი სივრცეებით, თითქოს `ადამის თვალი~ ეხილება და გზნებს გარდასულსა და ჩავლილს. ~კლდეები აყუდებულან ვით ასტრალური ლანდები და შინაგან იყურებიან გალურსულნი. იგონებენ ყოფილს თუ ზმანებულს?! უთუოდ: მისთვის არიან ასე დამძიმებულნი და გარინდებულნი. ხსოვნა შორსწასული_ქვავდება~.
ჰამადანის ფანტასმები არა მხოლოდ არჩიბალდს ატყვევებს, არამედ სხვებსაც, მათ შორის, ოლგას, რომელიც შორიდან მოტანილი სიმღერის ხმებით იგზნებს გულის ჭეშმარიტ არსს. `თარს უკრავს ვიღაც... უნდა აიცრა ირანის მზე ტანზე... უნდა იხილო მზისგან ამწვარი ტიტველი კლდეეები... უნდა გაიგუდო მყუდროებით... … უნდა გადხვიდე ყოფილში. . . მხოლოდ მაშინ გაიგებ თარის ხმას... აქ არის გულის დაფერფვლა... აქ არის თვითოონ გული: ამოვარდნილი და ცხელ ქვიშაზე სისხლად დაღვარული~.
სამშობლოს დიდ ხნის უნახავი თამაზ მაყაშვილი თავის ნამოსახლარში იგზნებს: `ესაა დროის შეწყვეტა. არა: საუკუნეეების დაბრუნება. თითქო წინაპარი აღსდგა ძველისძველი და ეხლა თავის ნამოსახლს დაჰყურებს ათასი წლებიდან. ამ წამს თამუნჩო გვარია თვითონ. მის ყოფაში ხერხემლად გაწოლილი. თამუნჩო გასუდრულია როგორც ფრინველი.~
თბილისის სახე რომაში შემოიჭრება, როგორც ექსტაზისას განცდილი ხილვა. ხომალდივით მოქანავე ქალაქის `ბოდვაში~ ირეკლება მისი ბედი და ისტორია. `ქალაქი ხომალდი ამრეზილია და აღრენილი. ჩერდება: ზმორებით გამოდის ჰაშიშით მოგვრილ ზმანებისგან. ნერწყვი წუთხეა. პირში სიმლაშე. თვალებში_გახუნება: თვითონაც ხედავენ მხოლოდ გახუნებულს. ყურებში გარჩენილია უჟმურის: `ხი. ხი. ხი.~ მზე არსად არის. სხეულები იხსნებიან და იხრწნებიან. გუნებაში ~არ ყოფნაა. ყოფა უგემურია. ხომალდი წყალქვეშა კლდის ახლოა. უნდა_მიერტყას: დაიმსხვრეს: ვიღაც კიდეც უძახის: სმენაში: `ხი_ხი_ხი~. ხომალდი უკან მოიხედავს უეცრად_ტფილისი ხედავს: ათას თვალებში თვალებს_ივერიის ქალწულის თვალებს~.
გრიგოლ რობაქიძე წერდა, რომ ექსპრესიონიზმს მთელი ენერგია უნდა მიემართა საგნის გარდაქმნისაკენ, გამოეყვანა იგი ქაოსიდან და შეეცვალა მისი შინაგანი არსი. ამგვარად, ხელოვანსა და საგანს შორის მყარდებოდა `არაჩეულებრივი~ კონტაქტი, ადამიანი ავლენდა სულის აქტივობას. `გველის პერანგში~ გამოვლინდება სწორედ სულის აქტივობა, რომლის საშუალებითაც გმირი საგანთა არსს იგზნებს_აღიქვამს მათ, როგორც ცალკეულებს და, იმავდროულად, მთელის ნაწილებს. ირანის პლატოს მყუდროებაში, ხავსიანი სიპების სიგრილეში, არჩიბალდი მარადისობის არსს განიცდის, როგორც ხელშესახებს. "მთელი მარულა ვარსკვლავების. მეწამული ღელე უკუნეთში ინთქმება და თვალი_მისადმი გაყოლებული_მთელ არეს იჭერს როგორც უხილავ მარადს. რომლის სხეული ყურით თვალებით პირით ეს მცენარეა ის ქვაა ეს ვარსკვლავია ის ბალახია."
უშუალოდ კოსმიურ ყოფას შეერთებული ადამიანი წარმოგვიდგება არჩიბალდ მეკეშის სახით, რომელიც უბრალოდ კი არ ფიქრობს თავის თავსა თუ სამყაროზე, არამედ განიცდის.
`გველის პერანგში~, როგორც თვითონ გრიგოლ რრობაქიძე წერდა, განცდა არ მიიმართება მარტივი გზით. უარყოფს რა დეტალებს, სწვდება საგანთა და მოვლენათა შუაგულს. რომანში გამოსახვის ხერხები იმგვარია, რომ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება გახელებას, სიცხარეს, ხილვას, ექსტაზს. მწერალი ამგვარად ახერხებს არა წამის, არამედ მარადისობის მოხელთებას. სული თითქოს ომს უცხადებს თვითმპყრობელ მატერიას, რეალური ფაქტების წინააღმდეგ ილაშქრებს და არღვევს `ყოველდღიურობის ფიზიკას~, მხოლოდ ასეთი გზით აღმოაჩენს საგნებზე ღვთის კვალს. სიტყვაში გამოვლენილი ახალი ძალის, გამოთქმის ახალი რიტმითა და ექსტაზით მწერალი იჭერს `ღვთიურ ნომოსს~.
დაბეჭდილია მაია ჯა~ლიაშვილის წიგნში ''ქართული მოდერნისტული რომანი'', გამომც. ''წყაროსთვალი'', 2006

Saturday, January 15, 2011

მაია ჯალიაშვილი მამა არჩილის ლექსებზე

საავტორო უფლება დაცულია

მაია ჯალიაშვილი


`ჩვენ ვიბადებით, რათა მიწყივ ზეცას ვესწრაფდეთ~მამა არჩილის ლექსები _ ლოცვები
`

სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ,
სულ არიან და ცხორება~
(იოანე, 6, 63).
`და ზეცა გულში კვლავ იხედება~
გალაკტიონი


"როცა მიმწუხრი ფრთებს შემოახვევს მოციქულების ძველებურ ტაძარს", მაშინ მამა არჩილი `წმინდა ტრაპეზთან ქედდადრეკილი~, `სამგალობლოდ ხმადაწმენდილი~ შეუდგება `სერაბინთ მსგავსად~ ღვთის დიდებას და აგიზგიზდება `ტაძარში ცეცხლი საღმრთო ლოცვების~. ამგვარად წარმოგვიდგება მამა არჩილის (მინდიაშვილის) სულიერი პორტრეტი, მისივე ლექსის სტრიქონებით დახატული, პეტრე-პავლეს ტაძრის ფონზე, იასამნისფერი ცის სილაჟვარდეში.
ღვთის მიმართ აღვლენილი მისი ლოცვები ხშირად პოეტურ სტრიქონებად იქცევიან და იძენენ ლექსის ფორმას, გულში ვერდატეული `უფლის უკიდეგანო სიყვარული~ რითმებითა და რიტმების თანხლებით გადმოედინებიან `ღელვა-გვემული ფრთებდამსხვრეული მწირობის მწარე წუთისოფელში~ (`ქმნილებაა შენი~).
მისი ლექსები _ `ზესთასოფლის ნატვრით~ ნასაზრდოები ლოცვებია. მას ცხოვრება წარმოუდგება, როგორც მარადიული `გზაჯვარედინი~ _ `მივმართავთ ზესკნელს _გზას ჯვარის მკიდველს ანუ თუ ეშმას ჩვენს დამაქცევარს~.
მამა არჩილი ჰიმნოგრაფების უძველეს ტრადიციას მისდევს და ღვთის დიდებას პოეტური ენით აღავლენს. დავითის ფსალმუნები ხომ უმაღლესი პოეზიაა. ყოველი ჭეშმარიტი პოეტი მიესწრაფვის იმ საიდუმლოს გამოსახვას, ხილული სამყაროს მიღმა რომაა. მისი გულისთქმა `ცის იქით ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება~ (ბარათაშვილი).
მისი ლექსები ლოცვებია არა მხოლოდ სათქმელის თვალსაზრისით, არამედ სტრუქტურითაც, მის ყოველ ლექსში, პირდაპირ თუ შეფარულად, ყოველთვისაა დაცული: უფლისადმი მიმართვა, თხოვნა და დიდება.
მამა არჩილის პოეზიას ორი წყარო ასაზრდოებს, პირველი: ბიბლია და მეორე: ქართული პოეზია, უპირველესად _ გალაკტიონი. ორივე წყაროს მწყურვალივით არის დაწაფებული და ამიტომაც მისი სტრიქონებიც `მშობელივით~ სადა და წმინდაა, შეურყვნელი, პირველშობილი ფერებით მოქარგული.
ამ პოეზიის კითხვისას იღვიძებენ სახარებისეული პასაჟები. განა პოეზიასავით არ აღიქმება იოანე ღვთისმეტყველის სახარების დასაწყისი: `პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი~. ამ სიტყვის ერთგული, უღალატო და ღირსეული რაინდია მამა არჩილი. იგი ცდილობს გამოთქვას ის ერთი მიჯნურობა `რომელსა ტრფიალნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან~ (რუსთაველი).
იგი ნამდვილი პოეტია, რუსთველისეული გაგებით, რადგან მისი პოეზია სიბრძნის შემცველია, `საღმრთო საღმრთოდ~ გასაგონი და `მსმენელთათვის დიდი მარგი~.
თვითონ იესო ქრისტე, შროშანებზე მოსაუბრე ღმერთი, განა სწორედ სიტყვის იდუმალ ძალას არ აზიარებდა მსმენელს, როდესაც საოცარი გზნებით მსჭავალავდა მათ გულებს, მადლითა და სინათლით ავსებდა: `თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა~ (მათე, 5, 14). ამიტომაც წარმოუდგებოდა იგი ქრისტიან არაბ მწერალს ჯიბრან ხალილ ჯიბრანს პოეტად: `მის დუმილში ველური უდაბნო იმზირებოდა, საუბარში კი მოხასხასე წალკოტი ყვაოდა... ერთხანს მეჩვენებოდა, რომ პოეტი ვიყავი, მაგრამ ერთხელ, როცა ბეთანიაში მას გადავეყარე, ვიგრძენი, რა დღეშია ერთადერთსიმიანი საკრავის პატრონი იმის წინაშე, ვისაც მორჩილებენ სამყაროს ორკესტრები. მის ხმაში იყო ყველაფერი: ელვის სიცილი, წვიმის ცრემლი და ხეთა მხიარული სიმღერა ქარში~ ( `იესო ძე კაცისა~).
მამა არჩილი თავისი პოეზით ეხმიანება დავით წინასწარმეტყველს, ყოველ სულს ღვთის ქების წყურვილით რომ აღავსებდა, დავით აღმაშენებელს, `გალობანი სინანულით~ რომ გამოიგლოვა ადამიანური ცოდვები, დავით გურამიშვილს, ამქვეყნიური ცოდვის ჯურღმულიდან რომ ივედრებოდა გადარჩენას.
ამ `შეხმიანებასთან~ ერთად, მამა არჩილი ცდილობს თავისი საკუთარი ხმა მიაწვდინოს უფალს, მისკენ მიმავალ საღვთო ბილიკებს თავისი ნატერფალიც დაამჩნიოს. ამის დასტურია მისი ლექსების ახლახან გამოცემული კრებული, ~შეტირილი~ (2010 წ.) რომ ჰქვია. ავტორი ახალ ორიგინალურ ფორმაში მოაქცევს ზემიმართულ ტირილს. თითქოს შეტირილი ერთი გაბმული და დაუსრულებელი ტირილია, მიწიდან, კაცთა ცოდვილი ბაგეებიდან გადმომსკდარი და ღვთისკენ მიმავალი. მდინარეები თავდაღმა ეშვებიან, ცრემლიც ქვემოთ მოისწრაფვის, აქ კი პირიქითაა: მონანული გულიდან აღმომსკდარი გოდება ღვთისკენ მიიმართება, ეს ტირილი ამხელს დაცემული ადამიანის სასოწარკვეთასაც და ხსნის იმედსაც.
ასე შესტირის მამა არჩილის ლექსთა ლირიკული გმირიც (ავტორის ალტერ ეგო) ზეცას და იქიდან მოელის შველას:
`მომგონებელი
სასუფევლისა
დაკარგულ ედემს
გული სტიროდა~.
იქნებ ეს `შეტირილი~ შთაგონებული იყოს `ვეფხისტყაოსნის~ სტრიქონებითაც. გვახსენდება ნესტანის საძებრად მიმავალი ავთანდილი, მარტოსული და დაღლილი, უფალს, ერთადერთ პატრონს მინდობილი: `მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: აჰა, მზეო, გეაჯები, შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესსა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა~.
ეს `მზეა~ მამა არჩილის პოეზიაში, რომელსაც შესტირის და ევედრება. მზე ხან უფალია, ხან _ ღვთისმშობელი.
ამ კრებულის ყველა ლექსი ერთი `შეტირილის~ მცირე ნაკადებია, სწორედაც რომ ნაკადები, ამიტომაც არის, რომ სტრიქონები და სიტყვები ერთმანეთს ისე მიჰყვებიან, არ აბრკოლებთ სასვენი ნიშნები. ამ შემთხვევაში, ავტორისთვის სწორედ ეს მნიშვნელობა ენიჭება პუნქტუაციაზე უარის თქმას. ერთი ამოსუნთქვით მიედინება ლექსი, როგორც ტირილისას, ძალიან რომ გაგიჭირდება, იქ ამოისუნთქავ, უფრო ზუსტად, ამოიკვნესებ და ეს შეყოვნება, ჩასუნთქვა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ამოაყოლო ნაგვემი გულის ტკივილები. მას სჯერა: `ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით~ (ლუკა, 6, 21).
ერთ ლექსს სწორედ `შეტირილი~ ჰქვია, რომელიც აღსარებაა ღვთის წინაშე. მასში თავმოყრილია ყველა ის ტკივილი, რომლებიც სხვა ლექსებშია განფენილ-განტოტვილი.
`დღეს ქარი ჰქროდა
ისე სასტიკად...~.
ქარი ვნებებისა და ცოდვების სიმბოლოა, ასე ევედრებოდა ბარათაშვილიც `არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა, არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა...~ (`ლოცვა~).
ეს ის ქარია, სახარებაში მოციქულებს რომ შეაშფოთებთ, ხოლო უფალი დააწყნარებს და ეტყვის: `და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.~ (მათე, 8, 26).
ლირიკულ გმირს აშფოთებს, ერთი მხრივ, დროის წარმავლობა, წლების ქარით გამქრალი, მეორე მხრივ, ამაოების ქარი, სასუფეველს რომ განაქარვებს. ლექსში მოთქმა-გოდებაა დაკარგული მამულისა; რეალურისა და ზესთასოფლიურისაც. საზოგადოდ, ამ პოეზიაში რელიგიური სახე-სიმბოლოები ორმაგადაა კოდირებული და მათში ირეკლება ეს ქვეყანაცა და საიქიოც.
ავტორის წარმოსახვა არღვევს დროის სამანებს და განიცდის ცხოვრებას, როგორც ზღვას, რომელიც დანთქმით ემუქრება, ისიც ხომ იმ ნავშია, მოციქულნი რომ ისხდნენ, მასაც შეაკრთობს და შეაცახცახებს მძლავრი, დაუნდობელი და ყოვლისწარმხოცი ტალღები:
`უფალო ჩემო მეც დავინთქმები
უფსკრულთა ჩემთა ცხოვრებისათა
ვით ძველოდესმე პეტრე დაინდე
დაინდე ჩემი სიჭარმაგეცა
ამაოების ამის სოფლისგან
გამომიხსენ მე~.
პეტრეს სახეს მოჰყვება გახსენება იმ ეპიზოდებისა, რომლებიც სახარებაში პეტრეს შესახებ მოგვითხრობენ. სწორედ პეტრე იყო ის მოციქული, რომელმაც პირველმა აღიარა იესო, როგორც ღმერთი. მას უცვალა სახელი რაბიმ და სიმონის ნაცვლად უწოდა პეტრე-კლდე. სწორედ პეტრესეულ აღმსარებლობას დაეფუძნა ეკლესია. მაგრამ სწორედ ამ პეტრემ სამგზის უარყო მოძღვარი, სანამ მამალი იყივლებდა. ლექსთა ავტორსაც აკრთობს `სახეში შეყრილი ფოთლები~, ძლიერი წვიმისგან დასველებული, თითქოს საკუთარი დაფლეთილი სულის ნაკუწები და მოუხმობს მშველელს:
`გამომიხსენ მე
და გამიყვანე
უვნებობის მშვიდ უდაბნოში~.
`უვნებობის უდაბნო~ ორიგინალური ხატია და სიმბოლურად სასუფეველს განასახიერებს. უვნებობა ხომ უსურვილობაა; სწორედ ამას სთხოვდა ავთანდილი უფალს: `მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო~.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე მიმართავდა საკუთარ გვემულ სულს: `ჯერეც გარჯა მოგიწევს, განვლი ცხოვრებას - ამ შენთვის სავსებით უცხო დინებას, ველურ ნაღვარევს, აბობოქრებულ ოკეანეს, განუწყვეტელი ქარებისაგან ხან აქ, ხან იქ ყალყზე რომ დგება. ხშირად ვყოფილვარ საკუთარი განუსჯელობით ღელვა-გვემული, ზოგჯერ კი ჩვენი ცხოვრების მტერს - დემონს მოუგვრია შფოთი~ (`გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე~).
ამ პატარა კრებულში თავმოყრილი ლექსების უმეტესობა გაზაფხულზეა დაწერილი, მაშინ როცა სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ურიგდებიან, როცა თან ჯვარს ეცმება და თანვე აღდგება უფალი. მისთვის მარტი
`გიჟმაჟი თვეა
ამღვრეული
და ფათერაკი
ამადაც აცვეს ჯვარს
უფალი
ჩვენი
იესო
სწორედ ამ თვეში
აღბორგებულთ
და ჭკვა-გადასულთ~ (`ალუბლის სიბრძნე~).
ჯვარცმის მისტერიის იდუმალებითა და გზნებით არის გამსჭვალული მამა არჩილის პოეზია. გაზაფხული მისთვის სიმბოლოა თვით უფლისა, რომელიც მარადის, ყოველწამიერად ევნება ადამიანთა გულში. თვითონაც, როცა სულში ზამთარს შეიგრძნობს, სიმბოლურად, ცოდვას ემონება, როგორც დავით აღმაშენებელი აღიარებდა: `მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი~ (`გალობანი სინანულისანი~). მასაც ყინვა სუსხავს, ხოლო სინანული ისევე აატირებს, როგორც ვაზს _ აპრილის ბოლო დღეები. თვითონ მას კი `გაზაფხული~ სინანულის ცრემლებს ჰგვრის და თანვე სიხარულსაც, რადგან ეს მაცოცხლებელი ცრემლები `დაბერებულ~ გულს გაანედლებს და ააყვავებს, ამიტომაც წერს:
`ვტირი
მერამდენე განახლებაზე~ (`სიკვდილი სიცოცხლისთვის~).
ეს მარადიული განახლება, რაც პოეტის გულში ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას გულისხმობს, აძლევს სიცოცხლეს აზრს და გულს კი წყაროს უშრეტი სიყვარულისთვის.
უფლის მუდმივი ხსოვნის მანიშნებელია სტრიქონი: `გული გაზაფხულს ატარებდა ყინვა და ქარში~. სწორედ ეს `გაზაფხული~ აძლებინებს მას ცხოვრების `სიცარიელეში~. უკვე მერამდენედ, ზამთრის, ე.ი. ცოდვების სუსხს გადარჩენილი კვლავ და კვლავ ახლად აღმოაჩენს ჭეშმარიტებას:
`სიკვდილი მხოლოდ სიცოცხლისთვის
ჰგიეს
და
არის~.
ეს სტრიქონები ეხმიანება პავლეს სტრიქონებს: `მარადღე მოვკუდები~ (I კორ,15, 31), `ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა~ (რომ, 6,11), ხოლო სიკვდილის აუცილებლობა _ იოანე ღვთისმეტყველის სტრიქონებს: ` ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს~ (იოანე, 12, 24). თუმცა ლექსებში ხანდახან მაინც გაკრთება ეჭვი, რომელიც დიდი რწმენის თანმხლებია:
`რად დამეხურა გული ამგვარად
გაზაფხულიც კი აღარ მახარებს
განსაცდელებმა პირად-პირადმა
კატაკლიზმებმა ამა სოფლისა
პირქვე დამამხეს
და ამატირეს~.
გვახსენდება ჯვარზე გაკრული უფლის სიტყვები: `ელი! ელი! ლამა საბაქთანი~, რაც ნიშნავს: `ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე~ (მათე, 27, 46), გალაკტიონი რომ ამგვარად გამოთქვამდა `რომ დავიღალე მე ამ კუბოში~.
თუმცა სულს ახსოვს და ენატრება სამშობლო _ სამოთხე:
`ამ მთათა მიღმა
ცთომილთა მიღმა
რომ დააფუძნა
ღმერთმა მაღალმა~ (`აწ და მარადის~).
ამიტომაც კვლავაც მორჩილად იღებს ჯვარს და წამიერ შედრეკას `თავის უარყოფით~ და უფლის დიდებით დაამარცხებს. ისევ იესო გვახსენდება, გეთსიმანიის ბაღში განმარტოებული, მოსალოდნელი საფრთხის წინაშე ადამიანურად შემკრთალი და სისხლის ცრემლებით მოტირალი: `მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; და თითქოს თავისივე სიტყვებით `გამოფხიზლებული~ მოაყოლებს ამოკვნესას: `ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ~ (მათე, 26, 39).
მამა არჩილის ერთ უსათაურო ლექსში, რომელსაც მთლიანად მოვიყვანთ, შთამბეჭდავი სისადავით არის წარმოჩენილი ჯვარცმის ტრაგედიის ძალმოსილება. მკითხველი შეიგრძნობს იმ ტკივილს, რომლითაც მთელი სამყარო იმსჭვალება. `ლურჯი იასამანი~ გულისშემძვრელი სიმბოლოა ყოველი ცოცხალი არსისა, რომელიც ღვთის სიყვარულით ხარობს:
`წითელ პარასკევს
ვკითხულობდი
`ღვთისმშობლის ტირილს~
გადავსებული იყო მრევლით
წმინდა ტაძარი
მოულოდნელად
თვალი ვკიდე
ლურჯ იასამანს
მწუხარებით რომ მომდგარიყო
საკურთხეველთან
თითქოს ცრემლებით დასიებულ
მის ლურჯ ყვავილებს
როგორაც თვალებს
ემჩნეოდათ
დიდი წუხილი
ღვთისმშობლის თანა
დასტიროდნენ
მაცხოვარს
ჯვარცმულს
გარდამოხსნიდან
სამარემდის
მიაცილებდნენ~.
`მიამბე რაიმე ღმერთზე, დაო ნუშის ხეო~, _ ასე მიმართა ცხოვრებისა და ზამთრის ყინვისაგან გათოშილმა ფრანცის ასიზელმა გაშიშვლებულ ხეს და პასუხად: ნუშის ხე აყვავდა. ამ ლეგენდას ლამაზ ამბად ჩართავს ნიკოს კაზანცაკისი წიგნში `აღსარება გრეკოსთან~.
მამა არჩილიც თავისი ლექსებით ისევე უშუალოდ, სადად გვიამბობს ღმერთზე, როგორც ის ნუშის ხე, რომელიც ღმერთზე ფიქრმა და ოცნებამ ააყვავა.
`მე მენატრება ბეთანიაში
მახლობლად წმინდა მონასტერისა
მედგას სენაკი~, _ვკითხულობთ ლექსში `ზრახვა მარტისა~. საოცარი სიმშვიდე იღვრება ამ სტრიქონებიდან. ერთი შეხედვით, თითქოს ასე იოლად განსახორციელებელი `ზრახვა~ აქ მიუწვდომელი, სანატრელი გამხდარა პოეტისთვის. იქნებ იმიტომაც, რომ ეს, უბრალოდ, ფიზიკურ სივრცეში მონიშნული ადგილი კი არაა, არამედ ზეციური სამყაროს ანარეკლია, მისი ჩრდილია. როგორც პავლე წერდა: `რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე~ (Iკორინთ, 13, 12). ბეთანიის მონასტერთან სიახლოვეს სენაკის დადგმა მიანიშნებს ღვთის სიახლოვისკენ, სასუფეველისკენ სწრაფვას.
იესო ქრისტემ სწორედ ბეთანიაში, რომელიც იერუსალიმთან ახლოს იყო, ნახა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, აქ მიეგება მას ლაზარეს დამწუხრებული და მართა, რომელმაც მდუღარე ცრემლებით აუწყა, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდაო. იგივე გაუმეორა მწუხარებისაგან სასოწარკვეთილმა მარიამმაც. მაშინ `აცრემლდა იესოც~ _ და მკვდრეთით აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე (იოანე, 11, 17-45).
სწორედ ბეთანიაში, სიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობისას სცხო დედაკაცმა იესო ქრისტეს ძვირფასი ნელსაცხებელი და როგორც უფალმა მოწაფეებს აუწყა, ამგვარად, ამ უცხო, უბრალო დედაკაცმა დიდი სიყვარულით `მოამზადა~ `ხორცნი მისნი დასაფლველად~ (მათე, 26, 6-13).
პასექამდე ექვსი დღით ადრე კი, როგორც მოგვითხრობს იოანე, იესო ბეთანიაში ლაზარეს ოჯახს ესტუმრა სერობად, აქ მარიამმა სცხო ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი (იოანე, 12, 1-11).
ამიტომაც ოცნებობდა გალაკტიონი: `წამყე ბეთანიისაკენ... მე აქ უნდა დავესახლო~ (`წამყე ბეთანიისკენ~), ხოლო უფრო ადრე, ბედისაგან დაჩაგრული გრიგოლ ორბელიანი სწორედ ამ მონასტერში, თამარის გაცრეცილი ფრესკის წინ მუხლმოყრილი იგლოვდა შავი ყორნის კლანჭებით დაფლეთილ საქართველოს და წუხდა: `ნუთუ ესღა გვაქვს, ვხედავთ რასაცა?... ტაძარს დარღვეულს~. დარღვეული ტაძარი, სიმბოლურად, ურწმუნოების გამომხატველიცაა.
ლაზარესთან სულიერი ნათესაობა იგრძნობა მამა არჩილის უსათაურო ლექსში, (კრებულიდან `უფალი მოვალს~, 2008). იგი ემსგავსება `მართალ ლაზარეს~, მასავით სიკვდილით ევნება, საიქიოში დემონები ცოდვებს შავ წიგნებად გადაუშლიან, მიმოიხილავს საზვერეებს, ჭვრეტს ქერაბინთა ფრთებზე აღმართულ უფლის საყდარს და სასწაულებრივი `სასოებით, რწმენითა და სიყვარულით~ აღვსილი, სააქაოში მრევლს მოუთხრობს ნანახ-განცდილის შესახებ (***`გზაგასაყარზე ვდგავარ მდუმარედ~).
მამა არჩილი, თავისი პოეზიით, გამოხატავს სწრაფვას ზესთასოფლისკენ. იგი ცდილობს, ნიუანსობრივად წარმოაჩინოს, როგორ მიისწრაფვიან ფიქრები ზეცისკენ, როგორ მიარღვევენ `სამზღვარს~, რათა შეიგრძნოს წარუვალის სიდიადე: `ცისა ფერს
ლურჯსა ფერს
ახუნებს სამოთხე
იქ რაც არს
იმის მსგავსს
ენა ვერ გამოთქვამს~ (`ზე ცაზე~). რა თქმა უნდა, გვახსენდება ბარათაშვილის `ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს~. ბარათაშვილისთვის ეს პირველქმნილი ფერია, ესე იგი, მისთვის ამ არაამქვეყნიური ფერისაა სამოთხე. იგი ამ ფერს ემიჯნურება და ერთგულებს. მამა არჩილისთვის კი ცისა ფერი, ლურჯი ფერი ხუნდება სამოთხის წარმოდგენაზე, სამოთხის `ფერადოვნების~ გამოთქმა კი ენას არ ძალუძს. წმინდა პავლეს `წერილები~ თუ შეგვაგრძნობინებენ მხოლოდ. ცის ფერი მამა არჩილისთვის მხოლოდ ხილული თვალისთვის სახილველი ფერია, რომელიც `ზესთასოფლის კარიბჭეს~ ფარავს. წუთისოფელი მისთვისაც პლატონისეული გამოქვაბულია, რომლის `ტყვეობაში~ მყოფნი კედლებზე აჩრდილებს უყურებენ და არაფერი უწყიან სრულყოფილი, ნამდვილი სამყაროს შესახებ. თვითონ კი რწმენის გზით თავს აღწევს ამ ტყვეობას და `სამოთხეს~ ჭვრეტს წარმოსახვით.
ამ ლექსებში, ერთი მხრივ, მოჩანს დაღლილობა, `ადამიანური ურთიერთობებით~, ამ დაღლილობას ამძაფრებს მიწიერი ტვირთი _ გარდაუვალი სიბერე, ხორცის დაუძლურების ( `ამ ასაკის ძონძი და ფლასი~) თანხლებით:
`ერთხელ როგორღაც გადაღლილმა
წიგნზე დახრილმა
სარკმელს მივხედე საკუთარი თავი შევიცან
მინამ არეკლა ჰაბიტუსი ძალზედ ნაცნობი
მობერებული მთლად ჭაღარა
თვალებჩამქრალი
თვალთა უპეებს რომ მივსებდა მიმწუხრის ბნელი~ (***`ერთხელ...~)
თუმცა ხორციელი დაუძლურებისა თუ დაქანცულობის პარალელურად საოცარ ენერგიას იკრებს სული, რომელსაც სტანჯავს: `ვერ გავამართლე მოვლინება ჩემი ამქვეყნად~. წლებით ნაგროვი გამოცდილება, ტანჯვით ავლილი აღმართები აჩენენ მწვერვალზე ასვლის განცდას, საიდანაც იოლად აიტყორცნება სული ზეციური სანახებისაკენ.
მამა არჩილი ახერხებს სიტყვიერ ქსოვილში მოიხელთოს ის ღვთაებრივი განცდა, რამელიც მხურვალე ლოცვის ჟამს ღმერთთან წამიერი მიახლებისას იბადება და ამგვარად გამოთქვამს:
`ღმერთს ვუერთდები თუმც კი ვრჩები ადამიანად
ღმერთი კი ღმერთად
საოცარი არის შეგრძნება
ჩვენ ვიბადებით რათა მიწყივ ზეცას ვესწრაფდეთ
ნაპერწკალივით~ (`ზრახვა მარტისა~).
ამგვარი ფიქრებისას ბუნებრივად ჩნდება სახე იობისა, რომელმაც უკიდეგანო მოთმინებით და ღვთის უღალატო სიყვარულით ეშმაკი დაამარცხა.
ამ ლექსებში ხდება ავტორის ერთგვარი ფერისცვალება, მის გულში აღდგება წუთისოფლის ამაოებათა სისასტიკით `დაგლეჯილი ღმერთი~ (გრიგოლ რობაქიძე). წმინდანთა ხატებანი მას, როგორც პიროვნებასა და შემოქმედს, სრულყოფენ. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ, `სახისმეტყველებით თანახატქმნაზე~, როდესაც ადამიანი ემსგავსება რომელიმე წმინდანს, ან ცდილობს მიემსგავსოს, როგორც იდეალურ ხატს, ასევე ცდილობს მამა არჩილი მიჰყვეს წმინდანთა კვალს, ფიზიკურსა თუ სულიერს და თანახატიქმნება იდეალთან:
`წმინდა უქმობა~ ნაზიანზელის
შემაძლებინე უფალო ჩემო
მისებრი ჭვრეტა ღვთიურ აზრების
ზესთა ცათასა ხილვების მჩენო~ (***)
ნატვრა, რომ შეძლოს `მისებრი ჭვრეტა~, ხორციელი ცხოვრების ერთგვარი მწვერვალია, რომლისკენაც სიზიფესავით მძიმედ და ტანჯვით მიემართება, რათა მწვერვალზე ასულმა წამიერად იგრძნოს `მზის~ სიახლოვის უნეტარესი წამი და შემდეგ კვლავ დაღმართზე დაუგორდეს ლოდი _ სიმბოლურად _ ხორციელი ცხოვრება. `ღმერთთან შეხვედრის~ ხსოვნა და მოლოდინი კვლავ ფეხზე წამოაყენებს, სასწაულებრივ ძალას შთაბერავს და კიდევ ერთხელ შეავლებინებს თვალს მწვერვალისთვის, საიდანაც უმზერენ წმინდანთა სულები და თავისკენ მიიხმობენ, სწორედ ეს `მიხმობა~ აიძულებს კვლავ ზე აღმართოს მზერა, ზურგზე მოიგდოს უმძიმესი ლოდი ყოველდღიური საზრუნავებისა (რეალურად _ სულიერი მოძღვრისა, მასზე მინდობილი მრევლის `ცოდვათა~ კურნების ტვირთი) და კვლავ შეუყვეს აღმართს, `ჭმუნვის ალის~ (აკაკი) გასანელებლად, რათა სიცოცხლე იგრძნოს და სიკვდილმა ვეღარ შეაშინოს.
ამ შემოქმედებას მსჭვალავს წყურვილი; `ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ~. ამიტომაც არის, რომ ამ ლექსთა კითხვისას გვახსენდება ეფრემ ასურის `აღსარება~: `გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს~ და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: `გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე~ (`სინანულის საგალობელი ცხოვრების მიმწუხრზე~). იოანე ოქროპირი: `ნუ დაუბრუნდებით ამქვეყნიურ ამაო გარჯას. გეშინოდეთ ღვთისა და იცოდეთ, რომ სიმდიდრე წარმავალია, დიდება - ფუჭი, სილამაზე - ცვალებადი, მშვენიერება - განქარვებადი, ყოველივე ამა სოფლის დიდება ამაო, რომელიც სიზმარივით დავიწყებას მიეცემა, კვამლის მსგავსად გაიფანტება და აჩრდილივით გაქრება. ამისთვის თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს“ (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ამად არს ყოველი კაცი ხორციელი“ (ფსალმ. 38, 6) (`სოფლის წარმავლობისათვის, სიკვდილისა და სასჯელისათვის~).
ამ ლექსების ერთი შთამბეჭდავი სახე-სიმბოლოა აყვავებული ალუბალი, იგი არაერთ ლექსში გაკრთება და ამხელს პოეტის სწრაფვას იდეალისკენ. `ლურჯ აპრილში~ სარკმელთან აფეთქებული ალუბალი თითქოს მთლიანად ავსებს სივრცეს, ასე რომ, ქალაქი, თავისი ურბანისტული ლანდშაფტებით, სადღაც ქრება და სამყაროში რჩებიან ორნი; ის და გადაპენტილი ალუბალი _ მისი ერთადერთი სულიერი მეგობარი. მას იზიდავს მისი უმანკო სითეთრე, რომელიც დასტურია უცოდველობისა. მისი ცქერა ახსენებს სამოთხეს, სადაც შემოსილი იყო სწორედ ამგვარი უმანკოებით, ამიტომაც გრძნობს თანაზიარობას მასთან, ის მისი სულის ტოლია, რომელიც გაზაფხულობით ეწვევა ხოლმე დროებით, რათა შეაგრძნობინოს სხვა ფერთა სიკაშკაშისა თუ ელვარების მოჩვენებითობა. ის ახსენებს მას იდუმალ ჟამს, როდესაც უფალმა ხორცი შეიმოსა, ამიტომაც სურს დაიმახსოვროს მასთან შეხვედრის ყოველი წამი და აღბეჭდოს მშვენიერ სტრიქონებად:
`შევუერთდე
უმანკო მდუმარებას
მიუწვდომელ მხარეში~.
როგორც აკაკი ეძიებდა `საყვარლის საფლავს~ ვარდის კოკორში, ბულბულსა თუ ვარსკვლავში, ასე დაეძებს ისიც გულამოსკვნილი და აღმოაჩენს უპირველესად აყვავებული ალუბლის სიქათქათეში:
`გარეთ კი გარეთ ჩაბნელებულ
სარკმლის გადაღმა
თეთრად ჰყვაოდა ალუბალი
ჰგავდა პატარძალს~ (*** `ერთხელ როგორღაც~).
აქ ალუბალი, სიმბოლურად, ქრისტეს სასძლოა, პატარძალია, გონიერი ქალწული, რომელიც სიბნელეშიც თეთრად ანთია, ფხიზლობს და მოელის შუაღამის სიძეს, მაცხოვარს, რათა ღირს იქმნეს ზეციურ ქორწილში, სამოთხეში შესვლისა. ამიტომაც ასეთი ვნებითა და გატაცებით წერს მამა არჩილი ალუბლის ყვავილზე, ასე იზიდავს მისი შეურყვნელი სითეთრე, თითქოს მასთან სიახლოვე მასაც გადაჰფენს ამ უჩრდილო ნათელს, ეს არის, როგორც გოეთე იტყოდა, `არჩევითი ნათესაობა~. ამიტომაც ჩნდება ერთ ლექსში ასეთი შთამბეჭდავი სახე:
`აქათქათდა თეთრად მიდამო
როგორც წმინდანი
თეთრად ჰყვავის
ხე ალუბალის~ (`ალუბლის სიბრძნე~).
ალუბლის წმინდანთან შედარება ცხადყოფს ამ ყვავილის მისიას, იტვირთოს `ღვთის სიტყვის~ შეხსენება მოკვდავთათვის, გაბედოს და აყვავდეს არეულ, გიჟ მარტში, თავი გაწიროს, გადალახოს ამ თვის სიავე, ამღვრეულობა და ღვთის კურთხევა გაამართლოს, თეთრად გადაპენტილმა ჩასახოს იმედი აღდგომისა და ხსნისა. ამიტომაც გაჩნდა ასეთი ამაღელვებელი სტრიქონები:
`რასაც
ვერ ვჰპოვებ
ადამიანში
აღმოვაჩინე
მე
ალუბალში~. (*** `აქ ჩემს სარკმელთან~).
პოეტი ხედავს ღვთაებრივ სულს ალუბალში, ამიტომაც სარკმელთან მომდგარ ალუბალს ეალერსება, ტკბება მისი სიახლოვით, აკვირდება დაბერილი კვირტებიდან სიცოცხლის დაბადებას და მკითხველსაც გადასდებს ამ შეხვედრის სიხარულს... და მამა არჩილის სიცოცხლე თითქოს ამ ორ მოვლენას _ ალუბლის აყვავებით ტკბობასა და მისი აყვავების სევდიან მოლოდინს შორის მოექცევა.
ყვავილი უფლის სიმბოლოა, `ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა~ (იოანე საბანისძე).
მამა არჩილის პოეზიაშიც ყვავილი უფალზე მიანიშნებს. ყვავილები სამოთხის სიმბოლოცაა, ამიტომაც გაკრთებიან ხშირად ამ პოეზიაში იის, ზამბახისა თუ იასამნის სახებანი. მამა არჩილის პოეზიის უპირველესი ფერებიც ესაა: იისფერი და თეთრი. თეთრი ღვთაებრივ უმანკოებას განასახიერებს და მის უპირველეს მოციქულად აყვავებული ალუბალი ევლინება პოეტს, იისფერიც სამყაროს იდუმალებაზე, სამოთხეზე მიანიშნებს.
`იის უფაქიზეს სურნელს
ვერ ივიწყებს სული~ (*** `იის უფაქიზეს სურნელს~).
ეს სურნელი სამოთხისეულია, ამას ვერ ივიწყებს სული და ცდილობს ამქვეყნიური ამაოების შერყვნილ, დაბინძურებულ ჰაერში ის უნაზესი სურნელი გამოარჩიოს და მოჰყვეს, როგორც სოლომონი `ქებათა ქებაში~: `სულნელებელსა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით~. (სოლომონი, 1,4).
იესო ქრისტემაც ქადაგებისას არაერთხელ `მიახედა~ მოციქულები შროშანისკენ და მაგალითად დაუსახა: `და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი~ (მათე, 6, 28-29).
ამ ლექსებში მძაფრი დაპირისპირებაა წარმავალისა და წარუვალისა. ლექსში `ტაძარში ცეცხლი, გარეთ სიბნელე~ კონტრასტულადაა წარმოჩენილი, თუ როგორ აღევლინება მორჩილი მრევლის მიერ მხურვალე ლოცვები, გარეთ კი სიბნელეა:
`ტაძარში ცეცხლი საღმრთო ლოცვების
გარეთ სიბნელე ამ დაღლილ სოფლის~.
ეს ლექსები გულიდან ამოსული წრფელი აღსარებებია, მხურვალე ლოცვებია. ოსიფ ბროდსკი წერდა: “ბახს საოცრად გაუმართლა. ღმერთის შესაქებად ქორალებს ან კანტატას წერდა და უშუალოდ უზენაესს მიმართავდა. დღეს, როცა პოეტი იმავეს მოინდომებს, იძულებულია, ირიბ მეტყველებას მიმართოს”.
`ნისლი მატებდა ბებერ სივრცეს იდუმალებას
და მხარს უბამდა დაღლილ სულის ჩუმ მდუმარებას~_წერს მამა არჩილი და ხატავს, როგორ ამოიზრდება ცოდვების ნისლში ყოვლის მიმტევებელი `უხილავი ღმერთის~, ხატი, როგორ შეიგრძნობს `მადლის შეხებას~ და თვალწინ ჩაუქროლებენ სამყაროს შექმნისა და სამოთხიდან ადამ და ევას გამოდევნის სურათები (*** `ნისლი მატებდა~).
ლექსში `წერილი უფალს~ `ზეცით ნასაზრდოები~ სწრაფვაა `ტკბილი იესოსკენ~. ეს სწრაფვა მას სიკვდილის წყურვილით განმსჭვალავს, მაგრამ `ნუგეშისცემული კვლავ მხნევდება~ და ამშვიდებს განცდა: `ჯერ მანდ დარჩი და მემსახურეო~.
მიწიერი მამულის სიყვარულითა და მისი ხსნის იმედითაა გამსჭვალული ლექსი `ქართველთა მისია~. ავტორი იხსენებს `მანდილის ქრისტიანებად~ წოდებულ, `მაცხოვრის კვართის მცველი~ ქართველი ერის ორიათასწლიან ისტორიას, ხატავს აწმყოს და წინასწარმეტყველებს კიდეც: `ლაზარე-საქართველო~ აღსდგება მკვდრეთით და
`ქართველი ერი დაიმწყემსება
და სიცოცხლის წყლებთან საბოლოოდ
და მოუბრუნებლად მიიყვანება ამენ ამენ ამენ~.
ყურადღებას იქცევს პოემა `უფალი მოვალს~ (დაბეჭდილია 2008 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების პატარა კრებულში), რომელიც ეხმიანება იოანე მოციქულის სიტყვებს: `რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს~ (იოანე, 5, 25). ეს არის ლექსად დაწერილი ქადაგება. მასში გულისშემძვრელად არის გადმოცემული ღვთისმშობლის შობის ამბავი. მისი მართალი მშობლების, სიბერწის გამო დაღონებული იოაკიმესა და ანას განცდები, მათი ღვთისმოსაობა. მთხრობელის ტონი მშვიდი და ამაღლებულია, მკითხველსაც გადაედება იერუსალიმის მკაცრ უდაბნოში მდუღარე ცრემლებით მლოცველი იოაკიმის გულისწუხილი და სასოება. ნიუანსობრივად არის წარმოჩენილი და დახატული სულის უფაქიზესი მოძრაობები. მაგალითად:
`შორის დაფნათა იჯდა მოწყენით მართალი ანა,
მან თვალი ჰკიდა, ჩიტი დაფრინდა,
თავის ბარტყებთან და გადეფარა~, _ზუსტად და ნათლად წარმოაჩენს თბილი ცრემლებით თვალდანამული ანას გულისცემას.
ავტორი ამაღელვებლად ჰყვება ღვთისმშობლის ბავშვობაზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა დახატული ის ეპიზოდი, როდესაც ოთხი წლის მარიამი (რომელსაც, აღთქმისამებრ, აქამდე მიწაზე ფეხი არ დაუდგამს) მშობლებს ტაძარში მიჰყავთ, ფსალმუნთა გალობით როგორ აივლიან კიბის საფეხურებს და როგორ გასხლტება გოგონა წმიდათაწმიდისკენ.
ავტორს არ გამორჩება არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ექსპრესიული თხრობა კულმინაციას აღწევს, როდესაც წმინდა ქალწულის უბიწო წიაღით ქვეყნიერებას მხსნელი მოევლინება. პოეტი ზედმიწევნით მიჰყვება ოთხთავს და ემოციური დეტალებით ოდესღაც მომხდარ სასწაულებს ახლაც განაცდევინებს მკითხველს. როდესაც ჯვარცმის ამბავს გადმოგვცემს, ეხმიანება დავით გურამიშვილს, რომელმაც `დავითიანში~ გააცოცხლა ეს ეპიზოდი (`ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო~...). ამბის დასასრულს კი თავის დამოკიდებულებას ამაღლებული სტრიქონებით გამოხატავს:
`მიდღეინდლამდე დგანან ტაძრები_
ღმერთს ადიდებენ და ჩვენ განგვწმედენ
ისინი სჩანან, როგორც ანძები
დაუმსხვრეველი ხომალდებისა~.
პეტრე და პავლე მამა არჩილის გამორჩეულად საყვარელი მოციქულნი არიან. ღვთის განგებითაა, რომ სწორედ პეტრე-პავლეს ტაძარში მოღვაწეობს, აქვე, ამ ეზოშივე ააგებინა ახალი ტაძრები, მყუდრო და საამო, ცოდვილთა შემწედ და საოხად. ამ ტაძრებში სწირავს მსხვერპლს და უფლის სიტყვას ქადაგებს მოუღლელად.
მისი ქადაგებები ცალკე საუბრის თემაა, მას აქვს მგზნებარება და ხატოვანება იოანე ოქროპირისა, სიღრმე გრიგოლ ღვთისმეტყველისა, სიყვარული პავლესი, გულისშემუსვრილობა იობისა. და კიდევ: პოეტურობა, რაც ხან ზედაპირზეა და ხან კიდევ შეფარულად. მაგალითად, აი, ერთი ქადაგების დასაწყისი: `როგორ ემთხვევა ერთმანეთს ეს მოწყენილი ამინდი გვიანი ზამთრისა, მდუმარება ტაძარში, სინანულის საგალობლები და სახარების დღევანდელი საკითხავი წმ. ლუკასაგან~ (`უძღები შვილის კვირიაკე~).
Aაღსანიშნავია, რომ მამა არჩილს არაერთი წმინდა მამის ქადაგებანი და სწავლანი აქვს ნათარგმნი შესანიშნავი ქართულით, მათ შორის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა.
რა გზა გაიარა მამა არჩილმა, როგორც შემოქმედმა?
1997 წელს აგნისანის (ა. რატიშვილის) ფსევდონიმით გამოსცა წიგნი, რომელშიც გააერთიანა ლექსების ციკლი _ `თანააზრი~ და ოთხი ნოველა. წიგნს დართულ წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძემ შესანიშნავად წარმოაჩინა მამა არჩილის პოეტური ხელწერის ძირითადი თავისებურებანი.
ეს იყო პოეტურ სამყაროში მგზავრობის დასაწყისი, ერთგვარი გზაჯვარედინი, რომელზე შეყოვნებულსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი, თუ რა გზას გაჰყვებოდა. სწორედ ამ ფიქრიანი შეყოვნების ანაბეჭდია ეს წიგნი, რომელშიც ჩანს გაორებული კაცი, ხორცსა და სულს შორის გახლეჩილი, ღვთაებრივ ჰარმონიას მონატრებული და მისი მაძიებელი. ახალგაზრდა კაცი ირგებს სხვადასხვა ნიღაბს და ცდილობს ამგვარად ჩასწვდეს ცხოვრების აზრს, საკუთარი მოვლინების მიზანს. ყურადღებას იქცევს ავტორის ენობრივი სამყარო, სათქმელის გამოხატვის ხაზგასმულად მეტაფორული ენა, სხვადასხვა კოდის _ ლიტერატურული, რელიგიური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური _ სიუხვე. მხატვრულ სახეთა რაგვარობით ენათესავება ცისფერყანწელების პოეზიას. იგრძნობა ქედმოხრა ფრანგი სიმბოლისტების წინაშე. მათი სახელები არაერთგზის გაიელვებენ და ხელს უწყობენ ავტორს, წარმოაჩინოს თავისი წუხილი თუ სიხარული. ამ ლექსებში მოჩანს არჩილ მინდიაშვილი, როგორც ესთეტი, მას თანაბრად აქვს გამახვილებული თვალი (ამის დასტურია ფერწერული სახეები) და ყური (საინტერესო რითმები, რიტმები, სხვადასხვა ფორმა (ყურადღებას იქცევს რამდენიმე სონეტი).
აღსანიშნავია ოთხი ნოველაც, რომლებმაც წარმოაჩინეს არჩილ მინდიაშვილი, როგორც პროზაიკოსი. იგი შესანიშნავი მთხრობელია და დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნის. მას, აგრეთვე, ეხერხება ოსტატური აღწერა საგანთა თუ მოვლენათა, ღრმა და საგულისხმო მსჯელობა ეგზისტენციალურ საკითხებზე. მის თხრობას თავისებურ სიმსუბუქესა და სილაღეს მატებს მახვილგონივრული დაკვირვებანი, მოსწრებული ირონიის თანხლებით. ამ წიგნში ხშირად გაიელვებენ ლიტერატურის, ფერწერის, ფილოსოფიის კორიფეთა სახელები, რაც ამხელს, ერთი მხრივ, ავტორის, განსწავლულობას, სიყვარულს მეტაფიზიკისადმი და, რაც მთავარია, მის არტისტულობას, სიტყვიერი თამაშის ხელოვნებას. საგულისხმოა, რომ წიგნის ბოლოს ამ ლექსებისა და მოთხრობების შემქმნელი (მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თემატურად მრავალფეროვანია, ლირიკული გმირი ერთია, სხვადასხვა ლექსსა თუ მოთხრობაში განსხვავებული ნიღბით წარმოჩენილი), ამ შემთხვევაში, ნოველა `განშორების~ გმირი თომა ბრონტინი თავს იკლავს. ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ამ წიგნმა წარმოაჩინა მტანჯველი და სულისშემხუთველი, სასოწარმკვეთი გზაჯვარედინიდან გასვლა, გათავისუფლება და კონკრეტული გზის არჩევა. `ცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ~ _ არჩილ მინდიაშვილმა `სცნო~ ეს ჭეშმარიტება, ღრმა ინტელექტისა და გამორჩეული ესთეტიკური იდეალების მატარებელმა, არჩევანი გააკეთა, მეორედ იშვა, როგორც მამა არჩილი. წარსული კი ცხოვრების წიგნში ჩაიწერა და დარჩა, როგორც ლამაზი ნაკვალევი.
სწორედ ამის განცდამ დამაწერინა წლების წინათ ეს ლექსი ~და მოუღლელად იქადაგებ~, რომელიც მამა არჩილს მივუძღვენი:
`ოდეს ვერარა ჰპოვე ქვეყნად
ღირსი ქებისა,
თუმც მოიწვართე მზისა ქვეშე
სიბრძნე მრავალი.
გულისხმა ჰყავი სიბრძნე ერთი
ზეაღმავალი
და მეყვსეულად შეიმოსე
კვართი ზეცისა.
გვემული ფრიად
ბნელ ძალთაგან ბოროტებისა.
ვედრებითა და სიყვარულით
გაალღობ რისხვას.
სინათლის რტოებს გამოსტაცებ
ტალღას ვნებისას
და მოუღლელად იქადაგებ
სიმართლეს ღვთისას.
მიაყურადებ ბნელ ღამეში
ღვთისმშობლის ლოცვას,
თვალთ გაგიცრიცავს
მოვარდნილი ცრემლების შხეფი.
ზეციურ მამულს სასოებით
აღაპყრობ მზერას
და მიწიერი საქართველოს
შეგაკრთობს ბედი~.
ხიდი კი, რომელიც ძველსა და ახალს შორის არის გადებული, გალაკტიონის ხატითაა გაცოცხლებული, ეს ერთადერთი სიმბოლოა, რომელიც მას `ახალ ცხოვრებაში~ ისეთივე მგზნებარებით ენუგეშება, როგორც წინათ.
გალაკტიონი მისი თანმდევია, შთამაგონებელი, ამიტომაც ხშირად მის ლექსებს სწორედ მისი სტრიქონები აქვს ეპიგრაფად, იქნებ იმიტომ, რომ გალაკტიონის თვალით დანახული მშვენიერება აღელვებს, რადგან გრძნობს უფლის ხელს მის სტრიქონებში, მხოლოდ `სულისა წმიდისა მიერ~ კარნახით დაწერილს შეიძლება ჰქონდეს ასეთი ძალა, მოასმენინოს მკითხველს იდუმალი ხმებით ავსებული სამყაროს ჰარმონია, დაანახვოს იისფერი, ვარდისფერი თოვლი და ივლისისფერი ყინვა. შაგრძნობინოს, რომ `შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო~ (`ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა~).
`აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები, კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით, დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი~ _წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (`გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე~), ამ სიტყვებს ეხმიანება მამა არჩილი თავისი გულისთქმით.
ერთ ბოლო ლექსში, `თანამედროვეობის კალეიდოსკოპი~ რომ ჰქვია, მამა არჩილი შთამბეჭდავად ხატავს დროის მაჯისცემას, კატაკლიზმებს, მსოფლიო რომ შეარყია:
`მე ესრედ ვგონებ
მისწვდა კრავი
ბეჭედს მეექვსეს~.
ლექსს აზრობრივ სიღრმეს ანიჭებს აპოკალიფსის რემინისცენციები. პატმოსის ჭალაში განმარტოებულ, ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეს, ღვთისმშობლის შვილობილს ალბათ თავადვე აძრწუნებდა წინასწარმეტყველური ხილვები: `და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს~ (გამოცხადება, 6, 12-14).
თუმცა სიცოცხლის გაქრობის `მრუმე ფიქრებს~ აქარწყლებს ლექსის ბოლოს აელვარებული ხატება ლურჯად აყვავებული იასამნისა, უფლის მწყალობელი თვალებით რომ იმზირება და გულში მინავლებულ ხსნის ნაპერწკალს აღვივებს.
გარდაუვალ სიკვდილზე ფიქრმა დაბადა `ანდერძი შვილებს~ _ ამ ლექსში მამა არჩილი ანდერძს უბარებს ხორციელსა და სულიერ შვილებს, სთხოვს, რომ არ დაივიწყონ `ტკბილი იესო~, ერთმანეთი უყვარდეთ და მათი ფიქრის საგანი უკვდავება იყოს. თვითონ კი ერთი ნატვრა აქვს, ტაძრის მახლობლად მიებაროს მიწას, საფლავის ქვაზე სადა წარწერით:
`წირვა უყვარდა
ქადაგებდა
ჟამით-ჟამამდე~.
ამ ლექსშიც, სხვათა მსგავსად, მოჩანს უსაზღვრო სიყვარული მასზე მინდობილ `შვილთა~ მიმართ.
მამა არჩილის ლექსები _ ლოცვების კითხვისას მკითხველი შეიგრძნობს, როგორ განიძარცვება მიწიერი საზრუნავებისაგან, როგორ მაღლდება და განიწმინდება სული, როგორ ეუფლება სიმშვიდის ნეტარი განცდა, როგორ ურიგდება სიკვდილს, რადგან იგი წარმოუდგება ჭეშმარიტი, მარადიული სახლის კარად, რომლის მიღმა ბედნიერი მამა მიელის უძღებ შვილს, და ეს მოლოდინი ისეთი წარმტაცი და ყოვლისმომცველია, რომ გამოუთქმელი სიხარულით აღავსებს მისკენ მიმავალს.

აპრილი, 2010
დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენს მწერლობაში'',#10, გვ. 35-41; 2010
საავტორო უფლება დაცულია

Wednesday, January 12, 2011

მაია ჯალიაშვილი ბესიკ ხარანაულის ახალ რომანზე ``სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა``

მაია ჯალიაშვილი
``უძებნი შვილის`` პოეტური პარადიგმა


ბესიკ ხარანაულის რომანის ``სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა``მიხედვით


`ჩვენს სინამდვილეში არსებობს ისეთი უხილავი განზომილება, სადაც ერთადერთი და განუწყვეტელი პროცესი მიმდინარეობს: მამა შვილს ეძებს: შვილი მამას, მკვდარი ცოცხალს და წარსული აწმყოს. მიმდინარეობს განუწყვეტელი რიტუალური დიალოგი ცისა და მიწისა, სიკვდილისა და სიცოცხლისა და უძებნი შვილი კი ყველას ავიწყდება.
ამ განზომილებაში ჩვენი სულები ცხოვრობენ და ჰღვრიან ოფლს განუწყვეტელ ძიებაში.
იკითხავთ: _ როდის ხდება ეს?
გიპასუხებთ: _ როცა უნებურად თავს მოიკითხავთ, როცა უნებურად თავი გავიწყდებათ, როცა არ იცით, რას ფიქრობდით, როცა გგონიათ, რომ დაბნეული ხართ, როცა რაიმეს მოულოდნელად მიაჩერდებით და არ იცით, რატომ...~ (ხარანაული 2010: 426), _წერს ბესიკ ხარანაული ახალ რომანში `სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა~, რომელშიც ეს თემა _ ძიებისა _ ცენტრალურია.
მწერლისთვის მთავარია, რომ არ შეწყდეს ~რიტუალური დიალოგი ცისა და მიწისა~, რაც გულისხმობს ადამიანის (ერის) ჰარმონიულ არსებობას დროსა და სივრცეში. ამ დიალოგის შეწყვეტა ადამიანს (ერს) შუაზე გახლეჩს და დაღუპავს. ეს დიალოგი აუცილებელია, რათა დრო იყოს ერთიანი, თორემ თუ ~დროთა კავშირი დაირღვევა~, მაშინ ადამიანი (ერი) თავგზააბნეული ატომივით დაიკარგება.
`აბა, გაიხედეთ, ყოველი არსი ქვეყანაზე განა თავისი ნამდვილი გვარ-სახელის საძებრად არ არის გარეთ გამოსული?! და მეც, ყველა სულელური მიზეზითაც კი ჩემს თავს არ ვეძებ?!
-დედითა ვარ?
-მამით?
-ქარით ვარ მოღებული?
-თუ ჰიპერბოლათი და მეტაფორით~? (ხარანაული 2010: 51)
ამგვარი კითხვებით ავტორი გააღწევს მატერიალური ყოფის საზღვრებიდან და გადადის პოეზიაში, რომელშიც იგი, სწორედაც რომ, `ქარით არის მოღებული~ ან `ჰიპერბოლით და მეტაფორით~. პოეტური ნიჭია მისი მშობელი, ნიჭი, რომელმაც ის იმად შექმნა, რაც თუ ვინც არის – კონკრეტულ დრო-სივრცეს სხეულებრივად მიჯაჭვული, მაგრამ სულიერად მარადიულობასთან წილნაყარი. `ქარით მოღება~ ხალხური პოეზიის ხატია, იგი, უპირველესად, გამორჩეულს გულისხმობს, რომლის მამა `რეალურად~ არ არსებობს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახარებაში დაწერილს: `არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს~ (იოანე, 1, 13), (ახალი აღთქმა 1991: 177). ქარი შეიძლება სულიწმინდის სიმბოლოდაც გავიაზროთ, `რომელი ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს მადლით~ (`მრწამსი~). იოანეს სახარებაში ვკითხულობთ; `სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან~ (იოანე 3, 8), (ახალი აღთქმა 1991: 180).
მწერალი ამის თაობაზე თავის დაკვირვებას ასე აზოგადებს: `ყველა გმირი ობლობითაა ამოზრდილი. ყველა ამბობს – არც ისე დაკარგული ვარო, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის თავის ვინაობა~ (ხარანაული 2010: 405).
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ `ქარია საქართველო~ (ლექსი `სად არიან შვილები, შვილები სად არიან~), მაშინ ქარით `მოღება~, როგორც საქართველოს შვილობა, ისე უნდა გავიაზროთ.
ამ წიგნის მთავარი გმირი პოეტია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის საზრისს ძიებაში ხედავს. იგი ზღაპრის გმირივით გადის `შინიდან~ და დაეხეტება უსასრულო დრო-სივრცეში მამის, ბავშვობის, სიყვარულის, სინათლის, ადამიანობის... მოსაძებნად, ძველი ფასეულობების გასახსენებლად თუ ახლის აღმოსაჩენად. ეს ძიება დაუსრულებელია სიცოცხლესავით, რადგან ამ ძიების პროცესში ის გადაიქცევა სიმბოლოდ. ასე რომ, თვითონ ძიება, როგორც რომანის ხერხემალი, განაპირობებს ტექსტის კომპოზიციურ ფრაგმენტულობას და აზრობრივ სიღრმეებს, მის ფილოსოფიურ-რელიგიურ შეფერილობას. თვითონ ძიება კი `იწერება~ წიგნად, რომელიც იგივე პოეზიაა და მისი სტრიქონები არასოდეს შეწყდება, რადგან ის მთავარი წიგნის `სამყაროს წიგნის~ ნაწილია.
რომანში ~შვილიც~ და `მამაც~ მრავალმნიშვნელოვანი ცნებებია. შვილი გულისხმობს კონკრეტულ დრო-სივრცეში მცხოვრებ ადამიანსაც, ვთქვათ, თვითონ მთხრობელს, ზოგადად, ქართველს და, იმავე დროს, ნებისმიერ ადამიანსაც. მამაც _ ხორციელი მშობელიც არის, ეთნოსიც, უფალიც, ზოგადად, კაცობრიობაც, პოეზიაც. ასე რომ, ეს მრავალმნიშვნელობა რომანში ქმნის ერთმანეთზე წაფენილ შრეებს, რომელთა კონტექსტში ეს თემა სხვადასხვანაირად გაიაზრება. შეიძლება ითქვას, ეს რომანი პალიმფსესტურია. მწერალი თხრობისას გადაინაცვლებს სიღრმისკენ და `კითხულობს~ თითქმის `გადაშლილ~, ე.ი. დავიწყებულ ტექსტებს.
რომანი ჯვარსახოვანიცაა, როგორც რეზო სირაძემ არაჩვეულებრივად შენიშნა: `ჯვარსახოვნება მეტ-ნაკლებად ყოველ ტექსტშია, სულიერების იერარქიულობისდა შესაბამისად~. `ტექსტის ჰორიზონტალური მდინარება დროში ხდება, სულიერი ვერტიკალის შეგრძნება კი მყისიერი შეიძლება იყოს. გასტონ ბაშლიარი წერდა: `პოეზია წამიერი მეტაფიზიკააო. იგი წამიერებას ეძებს, ის ქმნის წამიერებას.. და მხოლოდ ვერტიკალურ დროში შეყოვნებული წამით იძენს პოეზია განსაკუთრებულ ენერგიას. არსებობს წმინდა პოეზიის წმინდა ენერგია და იგი განიფინება ვერტიკალურად ფორმისა და პიროვნების დროში~ (სირაძე 2008: 8). ამგვარი `ენერგიითა~ დამუხტული ეს რომანი. ჰორიზონტალურ ჭრილში ავტორის `ხორციელი~ თავგადასავალი წარმოჩნდება, ვერტიკალურში კი სულიერი _ ამ ორივეს გადაკვეთის წერტილი კი მწერლის გულია, მწერლისა, რომელიც როგორც პოლ ვალერი წერს `თავისივე ფიქრების ჯვარზეა გაკრული~.
ბესიკ ხარანაულის ახალ რომანში, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ `რიტუალური დიალოგია ცისა და მიწისა~, რათა უძებნი შვილი მოძებნოს მამამ. ეს კი შეიძლება მოხდეს მხოლოდ `წიგნში~, რომელსაც ამჯერად ბესიკ ხარანაული თხზავს, რათა საკუთარი თავი ჯერ თვითონ იპოვოს, ამგვარად, გახდეს `ხილული~ უფლისთვის. მწერალმა ერთ ინტერვიუში აღნიშნა: `მე სანამ ცოცხალი ვარ, არ შევწყვეტ ბრძოლას იმისათვის, რომ გავიგო, ვინა ვარ, საიდან მოვდივარ... ადამიანს აქვს უფლება ეცადოს, მეტი არაფერი შეუძლია~ (ხარანაული 2010გ: 1).
თავის პოვნა კი, უპირველესად, გულისხმობს საკუთარი თავის, როგორც ერის `სახის~ გაცნობიერებას.
`ჩემი წიგნი რეალობის ასახვა არაა~, _ აფრთხილებს მწერალი მკითხველს და გულწრფელად გაუმხელს, იმდენი ვიკითხე ჰიპერბოლებისა და მეტაფორების პოეზია, ანდრეზები და თხელ-თხელი ბროშურები და ნარკვევები მათ ცხოვრებაზე, რომ ავად გავხდი. ასაკმაც ხელი შემიწყო: სინამდვილე ვეღარ მაკვირვებდა. ამ წიგნებმა კი სარკით მომიტანეს წარსული...~ (ხარანაული 2010: 427). ამ სარკეში დაინახა მან საკუთარი თავი, როგორც უძებნი შვილი. და რადგან `დრო ისე კარგად არაფერში არ ინახება, როგორც წიგნში~, (ხარანაული 2010: 427) თვითონაც წიგნი დაწერა. `თუ სამყარო წიგნია, ადამიანიც მნიშვნელოვანი ნაწარმოებია~ (ხარანაული 2010: 429). საკუთარ თავს, როგორც წიგნს, ისე კითხულობს, რათა შემდგომ ეს გახდეს საფუძველი `სამყაროს წიგნის~ შემეცნებისა. იგი ამ რომანს `ცხოვრებაში შესატყუებელ წიგნს~ უწოდებს, ხოლო ცხოვრება გაიაზრება, როგორც რეალობაზე აღმატებული, წარმოსახვაში გამრავალფეროვნებული და გამდიდრებული.
დიდი გზა გაიარა მწერალმა, რომ საკუთარი თავი აღექვა, როგორც `უძებნი~. ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ `ამ ბოლო წიგნის გამო გავმეცნიერდი კიდეც, იმდენი რამ წავიკითხეო~ (ხარანაული 2010ბ:). აქ `გამეცნიერება~ ირონიას გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ თანვე მინიშნებასაც რაღაც მნიშვნელოვანზე. ასე `გამეცნიერდა~ ერთ მშვენიერ დღეს ვაჟა-ფშაველას გველისმჭამელი მინდია და შეიცნო სიცოცხლის არსი.
როგორც აღვნიშნეთ, მრავალ მნიშვნელოვან სახეთაგან რომანში გამორჩეულია `უძებნი შვილის~ პოეტური პარადიგმა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ყოველი სიტყვა `პოეტური ნაწარმოებია~ (ბორხესი 2010: 23), ეს სინტაგმა `უძებნი შვილი~ უმაღლესი რანგის პოეზიად წარმოჩნდება – გამოთქმის ორიგინალურობით, ხატოვანებით, სიმბოლურობით, ფილოსოფიური სიღრმით. პოეტის მიერ დაწერილ ამ `ენციკლოპედიურ რომანში~, რომელიც `პოეზიისა და პროზის პირშესაყარზეა~, მწერალი ქართველთა ეთნოსის ძირებს ჩრეკს და აანალიზებს.
რამ აქცია ბიბლიური `უძღები შვილი~ `უძებნად~?
უძღები შვილის პარადიგმა ხელოვნებაში და, კონკრეტულად ლიტერატურაში, ძალიან მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი, ქართულ ლიტერატურაში ამის საუკეთესო მაგალითი გურამ დოჩანაშვილის `სამოსელი პირველია~. მისი მთავარი გმირი, დომენიკო, ბოლოს და ბოლოს, ბრუნდება მამის სახლში, რადგან ასეთია `ღვთაებრივი კანონზომიერება~.
ბესიკ ხარანაულის უძებნი შვილი ეხმიანება ბიბლიურ პარადიგმას და, რა თქმა უნდა, იმეორებს ნაცნობ გზას, მაგრამ აქ სიახლეა, უძღები (ძე შეცდომილი) უძებნად იქცევა.
ეს უძებნი შვილი მწერლის ალტერ ეგოა, მწერლისა, რომელიც ქართველთა ეთნოსის კონკრეტულ სახედ წარმოჩნდება რომანში. ის ჯერ უძღებია, რადგან `დავიწყებული~ აქვს `ფესვები~, მაგრამ იწყებს გახსენებას, გააზრებას, შემეცნებას და, ამგვარად, დაადგება გზას შინისაკენ, მაგრამ აქ ახლი დაბრკოლება ჩნდება, მას აღარ ელის `მამა~. ის დაკარგულია, თანაც, ნაგავსაყრელზე.
`ღმერთს უყვარს განწირული, მაგრამ არ უყვარს, ვინც განწირულებას ეგუება. ღმერთმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ: როცა შვილი მამას ედავება, მამა ჭაბუკდება, აგრეთვე იცის, ცუდი შვილი _ საყვარელია~ (ხარანაული 2010: 135).
უხსოვარი დროიდან თვალმიუწვდომელ მერმისამდე გაშლილ დრო-სივრცეში მოგზაურობს ბესიკ ხარანაული და ნანახ-განცდილს-წაკითხულ-წარმოდგენილ შთაბეჭდილებებს საოცარი გზნებითა და ვნებით გადმოგვცემს.
იგი უამრავ `მედ~ დაშლილი წარმოგვიდგება და მოხეტიალე ზეისტორიულსა თუ დროულ სანახებში _ ქართველი კაცის კულტურაში; ზეპირსა თუ დაწერილში, ზღაპარ-მითებში, ლეგენდებში, ანდრეზებში, წეს-ჩვეულებებში, ტრადიციებსა და წარმოდგენებში. მწერალი ცდილობს ყოველივეს, რეალურსა და წარმოსახულს, მისწვდეს და მოიხილოს. ამის საშუალებას მას სიტყვა აძლევს _ მეტაფორებსა და ჰიპერბოლებში გაცოცხლებული. ამიტომ მისი სტილი ამ რომანში ხატოვანია, სიმბოლური. ეს არის პოეტის დაწერილი პოეტური რომანი `პოეზიიისა და პროზის პირშესაყარზე~.
მთელი წიგნი მკითხველთან დიალოგია, ოღონდ არა შეფარული, არამედ ჯიქური და პირდაპირი. და ვის იგულვებს წერით დამაშვრალი ავტორი მკითხველად? ყველას _ პოეტსაც და `მხვნელ-მთესველსაც~, ვისაც სიმამაცე შესწევს სიტყვასთან პირისპირ დგომისა, მისთვის თვალებში ჩახედვისა, `აზრის აღებ-მიცემობისა~ (ილია).
წიგნის სახელწოდება ერთგვარი საიდუმლოა, რომელიც მკითხველს ამოცნობისკენ უბიძგებს: `სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა~. ეს `ანუ~ ერთგვარ საზღვარს ავლებს ამ ორ ნაწილიან სათაურში. იგი თავიდანვე მიანიშნებს, რომ სათაურის პირველი ნაწილი პაროდიულია, რაინდი და ჯორი ცასა და დედამიწასავით შეუფერებელია, რიცხვი სამოცი კი წიგნის კითხვისას `ამოიხსნება~. სათაურის მეორე ნაწილი კი მკითხველის გზამკვლევია _ აქ ყველაფერი ჰიპერბოლებისა და მეტაფორების საშუალებით იქნება წარმოჩენილი, უფრო ზუსტად, თვითონ ჰიპერბოლები და მეტაფორები იქნებიან მთავრი `გმირები~, ხან მთხრობელნი, ხან მონაწილენი. რა თქმა უნდა, ბესიკ ხარანაულისთვისაც ყველაზე მთავარი ჰიპერბოლა, ან მეტაფორა თვითონ სამყაროა, ცხოვრება და ადამიანია. თითოეული კი უამრავი ჰიპერბოლისა თუ მეტაფორის მრავალფეროვანი `ნაზავია~.
იოანეს სახარების დასაწყისი: `პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი~ ადამიანის მიერ აღქმული ჰიპერბოლაცაა და მეტაფორაა, რადგან ბოლომდე ვერ სწვდება და ვერ შეიმეცნებს ღვთის არსს.
ძიების სულითაა წიგნი თავიდან ბოლომდე გამსჭვალული. წიგნის გადაშლისას მკითხველი ჯერ სარჩევს ხვდება, რომელიც ულამაზესი, საიდუმლოებით მოცული ჭიშკარივითაა, ზედ ამოტვიფრული ორნამენტებითა და ნიშნებით. `სიმღერა სათაურებისა~ _ ამგვარადაა შემოთავაზებული სათაურთა ჩამონათვალი, რომელიც პოეზიაა და მკითხველს წინასწარ განაწყობს წასაკითხად, ცნობისმოყვარეობას უღვიძებს და მოლოდინს უმძაფრებს. ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე წერდა: `ქმედითი სათაური თანაბარია თვითონ წიგნის და თავისთავად წარმოადგენს ესთეტიკურ ღირებულებას~ (ცირეკიძე 2010: 158). ამ წიგნში სწორედ ამგვარი სათაურებია, თანაც ორიგინალურად შემოთავაზებული. აქ არის მეტაფორული, სიმბოლური სათაურები, აგრეთვე, სათაურები_სენტენციები: მაგალითად: `ჰიპერბოლების წინაშე ცივილიზაცია პაროდირდება~, `რაც კი არსებობს, ანალოგის ძალით არსებობს~, `საზღვარი ნამცეცებისთვისაც საზღვარია~, `ყველა დრო სისხლიანი იყო~, `ზნეობა ქარიშხალივით მრისხანეა~, `წინ წარსულია~, `ადამიანებმა სიტყვა დაამძიმეს~, `გენიას უკვირს, რომ ცხოვრება სხვებს ეკუთვნის~, `ყოველი სიტყვა –ნათქვამი _ არის მოკლება წყვდიადისა~, ~პოეტი მოხუცია~ და სხვა.
წიგნი ექვსი სიმღერისგან შედგება და თითოეულში ბევრი პატარა ამბავია. ყოველ სიმღერას თავისი სახელწოდება აქვს, ლამაზი და ორიგინალური. ესენია: 1. `სიმღერა პირველი _ დაწერილი უჟმურის მელნით და ხანაც მუშკ-ამბრ-სურნელოვანითა~, 2. `სიმღერა მეორე _ ლექსიკონისა, 3. `სიმღერა მესამე _ ალმასის მთებისა, ანუ კავკასიური საგა ბესარიონ გაბუურისა~, 4. `სიმღერა მეოთხე _ ორი ხანდაჯმულისა~, 5. `სიმღერა მეხუთე _ უძებნი შვილისა~, 6. `სიმღერა მეექვსე _ ავტორისა, ანუ ცხოვრებაში შესატყუებელი წიგნი~.
ამგვარი კომპოზიცია ნოსტალგიაა Uუძველესი წიგნებისა _ გილგამეშიანი, ილიადა და ოდისეა, სიმღერა ნიბელუნგებზე. შეიძლება ამ `სიმღერებით~ მწერალი მიანიშნებს იმ დროზეც, როდესაც სიტყვა არ იწერებოდა და მხოლოდ წარმოითქმოდა, ან იმღერებოდა და ასე გადაეცემოდა თაობებს.
სარჩევის გაცნობა საკმარისია იმისთვის, რომ თვალწინ წარმოგიდგეს ჟანრულად ეკლექტური ნაწარმოები, რომელშიც ძიება მრავალმხრივ არის განტოტვილი. ავტორი ერთგვარად აზუსტებს, როდესაც, სატიტულო ფურცლის შიდა მხარეს მოკრძალებულად მიაწერს _ ეთნოფილიური რომანიო. თუმცა ეს მინაწერი მკითხველს წიგნის გასაღებადაც შეიძლება გამოადგეს. მთავარი ძარღვი, მართლაც ესაა, ძიება და მოხილვა საკუთარი ერის, ეთნოსის ფესვებისა. ამ წიგნში თითქოს თვითონ ქართული ეთნოსი გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს. აქ არის გადაძახილი ილიას `უკვდავ სულთან~, პოემა `აჩრდილში~ რომ ესაუბრება ავტორს ერის აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე. ამ თვალსაზრისით, გრიგოლ რობაქიძესაც ეხმიანება: `წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა: მის გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოსს, მის ჰეროულ თავგადასავალს, მის ხალას სტილს სიცოცხლისა, წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით, და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას~ (რობაქიძე 2009: 319). ეს ფესვები ბესიკ ხარანაულს, უპირველესად, Fფშავ ხევსურთა ფოლკლორში ეგულება, რომელსაც `ღმერთთან ნაწილიანი~ ხალხი ქმნიდა (ხარანაული 2010: 37).
ყურადღებას იქცევს წიგნის ეპიგრაფი:
`ყმათად ნაბრძანები აქვს:
_მომიხვიდოდეთო!
_რატომ არ მოუხვალთ?!~
პირველი, რასაც გაიფიქრებს მკითხველი, ეს არის ის, რომ ამ სიტყვებში სიმბოლურად ღვთისა და კაცობრიობის ურთიერთობა ირეკლება. ღმერთდაკარგულ ადამიანებს აღარ ესმით მშობლის ძახილი, მწერალი კი, როგორც `ღმერთთან მოლაპარაკე~, მასთან ახლოს მყოფი, `შუაკაცი~_ ფხიზლად თვალს ადევნებს და მარად შეახსენებს, რომ უნდა `მოუვიდნენ~. მაგრამ ეს არა მარტო მამა-ღმერთის, არამედ საკუთარი `ეთნოსის ძახილიცაა~ (ხარანაული 2010: 430). ძველად კი, სანამ წგნების დაწერას დაიწყებდნენ, ადამიანები `საკუთარი ეთნოსის ამბავს წიგნებში კი არ ეძებდნენ, თავში ეფურცლებოდათ~ (ხარანაული 2010: 431)
U`უძებნი~ _ არაჩვეულებრივი სისავსით გამოხატავს ტრაგედიას ცხოვრებაში დაკარგული ადამიანისას, რომელიც ღმერთმაც მიატოვა და უპატრონოდ დარჩენილი დასაღუპავადაა განწირული, მას არავინ, თვით ღმერთიც აღარ ეძებს, როგორც დაკარგულ ცხვარს. ის არაარაობაა, უსახელო და უარსებო. ეს სინტაგმა `უძებნი შვილი~ თანამედროვე კაცობრიობის სულიერი ავადობის ზუსტ დიაგნოზად წარმოგვიდგება.
იგი არის `ცივილიზაციისაგან განდევნილი კულტურის შვილი~ (ხარანაული 2010: 433). როგორც მისივე პერსონაჟი შიო, რომელიც ფიქრობდა, რომ `წიგნები უნდა დაფრინავდნენ~ და იხატება ფანტასმაგორიული სურათი: ფანჯრიდან წიგნები თავდახსნილი ფრინველებივით მიფრინავენ, მაგრამ `ნაგავსაყარზე იყო ფინიში~ (ხარანაული 2010: 434)
მამის ძიების გზაზე პოეტი უპირველესად მიემგზავრება `ბავშვობაში~, `ოქროს ხანაში~ (ნოვალისი), რათა ახსნას `დაკარგვის~ მიზეზები და გარემოებანი.
მთავარი ბავშვობის ერთი ძვირფასი მოგონებაა: როგორ შეაშინა მთხრობელი სამოცმა, ჯორზე ამხედრებულმა, გასაყიდი ცოცხებით დატვირთულმა, რაინდმა. რა იყო მწერლისთვის ბავშვობა: `ო, რა ლაღი და თამამი ვიყავი. ვგრძნობდი სივრცეს, რომელშიც უნდა გავზრდილიყავი. ყოველი ბავშვი ხომ მრავალია, ერთი არ არის, მერე შედენის ხოლმე ცხოვრება, ერთს მიაკუთვნებს და ერთი ხდება~ (ხარანაული 2010: 429). სწორედ მაშინ დაიკარგა, `ბავშვობაში~ და `ნაგავსაყარის ქვეყანაში~ აღმოჩნდა ტყვედ. ბავშვობა მთხრობელისთვის სამოთხეა, ხოლო დიდობა _ ტყვეობა, თანაც ნაგავსაყრელზე, რომელიც ცხოვრების სიმბოლოა. მისი აზრით, ცივილიზაციამ ქვეყნიერება ნაგავსაყრელად აქცია. ეს ეხმიანება ჟან ბოდრიარის თვალსაზრისს: `ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით. მთელი ბუნებრივი გარემო ნარჩენებად იქცა, ანუ გამოუსადეგარ, უსარგებლო სუბსტანციად, რომელსაც, როგორც გვამს, ვერ ვიშორებთ~... `თავად ისტორია აღმოჩნდა საკუთარ სანაგვეზე გადაგდებული, სადაც თავს იყრიან არა მხოლოდ ჩვენს მიერ განვლილი, არამედ მიმდინარე მოვლენებიც~ (ბოდრიარი 2010: 1).
უნდა გავიხსენოთ, რომ ცხოვრება როგორც ნაგავსაყრელი, წარმოჩენილია ზურა მესხის რომანში `სპაზმები~, რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრების `დამახინჯება~ გამოიწვია თავში მოხვედრილმა ნაგვის პარკმა: ~მე მაქვს სპაზმები. ხუთი წლის რომ ვიყავი, მაშინ დამეწყო. მაშინ დავიწყე ნაგვის დანახვა და მთელი სიდამპლეების~ (მესხი 2009: 1).
წიგნში ძიების გზაზე ჩნდება სკეფსისიც: `თავის ეთნოსს დაუწყებს ძებნას... და სადღა არის!~ (ხარანაული 2010: 409). ეს ეხმიანება ოთარ ჭილაძის რომან `გოდორს~, რომელშიც იტალიიდან ჩამოსულ ელჩს საქართველო თავის ადგილას აღარ ხვდება.
`ნაგავსაყრელზე~ პოეტს `ჰიპერბოლა და მეტაფორა~ გამოუჩნდებიან მხსნელებად და წაიყვანენ სიცოცხლის სხვადასხვა შრის მოსახილვილედ, როგორც დანტეს მიუძღოდა ვერგილიუსი. სწორედ `ჰიპერბოლა და მეტაფორა~ წარმოჩნდებიან ავტორის ნამდვილ `მშობლებად~ ახალ რომანში. ასე პოეტურად იხატება ქართველთა ეთნოსი. სწორედ ამ ეთნოსის შვილია იგი, მაგრამ ფესვებს მოწყვეტილი, დაკარგული და მშობელთა მონატრული, მათ მაძიებლად ქცეული.
მკითხველიც ავტორთან ერთად იმოგზაურებს `შემეცნების~ გზებზე და `აღმოაჩენს~: `სულ ნაქსოვია სამყარო. დედამიწა აბრეშუმია~ (ხარანაული 2010: 46).
ნაგავსაყრელი არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, `დიდობის~ სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ, ბავშვობის სამოთხეს უპირისპირდება დიდობა, როგორც ნაგავსაყრელი, ამიტომაც ოცნებობს მწერალი საკუთარ თავთან, როგორც ბავშვთან, შეხვედრაზე. სხვათა შორის, ამის შესახებ საუბრობს ერთ ინტერვიუში: `ერთი სურათი გადამიღო დედაჩემმა, ყელზე აბრეშუმის ბანტით, მის მერე ვეხვეწები ყველას ეს ბანტი მომიტანონ, ტრაქტორს მოგიტანენ, მაგრამ იმ ბანტს ვერავინ მოგიტანს. მინდა რომ ის ვიყო, იმას ვერ დავშორდები, დედაჩემს, ჩემს ბავშვობას, იმის იქით ნაბიჯი არ მინდა~ (ხარანაული 2010გ: 1).
რადგან ~ძიებაა~, უამრავი კითხვაცაა, მაგალითად, ამგვარი:
`რატომაა სამყარო უთვალავჯერ უფრო მხატვრული,
ვიდრე პოეტის მიერ დაწერილი რაცგინდა წიგნი?~ (ხარანაული 2010: 43)
და პასუხიც ამავ წიგნშია:
`ღმერთმა მხატვრულობა მიუსაჯა სამყაროს,-
რომ არ დაშლილიყო,
რომ ღმერთმა იხმარა პოეტური სიზუსტე,
რომ ღმერთმა პოეზიით გაზომა და აწონა ყველაფერი~ (ხარანაული 2010: 43).
ამიტომაც მისი შემეცნება მხოლოდ პოეზიით შეიძლება:
`დასაბამიდან,
სადაც არ უნდა მოხვედრილიყო ადამიანი-
ზესკნელში თუ ქვესკნელში,
ზღაპარში თუ ანდრეზში
ან, თუნდ მთვარეზე დაედგა ფეხი,
ყველაფერი, ნანახიცა და განცდილიც,
პოეზიის ენით გამოჰქონდა~ (ხარანაული 2010: 42).
თვითონაც ასე იქცევა და სამყაროს შექმნის ამბავს ასე იწყებს:
`დასაბამიდან იყო ჰიპერბოლა და მეტაფორა. ისინი იყვნენ ღმერთის სიტყვაში, როგორც საისრეში.
რადგან ღმერთი სახე კი არ იყო, არამედ _სიტყვა.
და ჰიპერბოლა და მეტაფორა _ ღმერთის სიტყვაში,
როგორც საისრეში.
და სტყორცნა ღმერთმა ერთი ისარი და აღნიშნა შეუძლებელი
და უწოდა მას ჰიპერბოლა.
მეორე ისრით მან აღნიშნა შესაძლებელი,
და უწოდა მას მეტაფორა
და უწოდა მათ ცა და მიწა.
დაასახლა ისინი ერთად,
დაუწესა ურთიერთსწრაფვა
და დაუთქვა ერთმანეთის შეუსაბამობა... (ხარანაული 2010: 41)
ეს არის ბესიკ ხარანაულის `პატარა აღმოჩენა ჰაერივით აუცილებელი~ მისი ახლი წიგნისთვის. ეს არის მისეული ინტერპრეტაცია `შესაქმისა~, რადგან მისთვის `სამყაროც სიტყვაკაზმული უსასრულობაა~, რომლის გამოთარგმანება ყველაზე უკეთესად პოეზიას შეუძლია. მას სჯერა, სამყაროს დანგრევა ისევე შეუძლებელია, როგორც გილგამეშის, ჰომეროსის, რუსთაველის, დანტესა და შექსპირის სტრიქონებისა~ (ხარანაული 2010: 42). კიდევ რა აერთიანებს სამყაროსა და პოეზიას? `ორივე მიუღწეველია~. `სამყარო, ბროწეულის ნაყოფივით რომ დამწიფდა, მერე განიმარცვლა~ (ხარანაული 2010: 43)
ეს `განმარცვლა~ აღწერილია ბიბლიაში, რომელიც იმდენია, რამდენიც მკითხველი (ბორხესი 2010: 22).
ლეგენდების, ანდრეზების (`ანდრეზი ნამდვილ ას, ამბავი _ მაგონილ! _ არაა საკვირველ~ (ხარანაული 2010: 169) კითხვამ, და საერთოდ, ეთნოსის წარსულში მოგზაურობამ მწერალს შეაცნობინა საკუთარი ერის `არსი~, მას, რასაც აქამდე პოეზიაში იდუმლად, შეუცნობლად განიცდიდა და გადმოსცემდა, ახლა სახელი დაარქვა, თუმცა ჩვეულებრივად მაინც ვერ შეძლო `მოგზაურობისას~ ნანახი შთაბეჭდილებების გადმოცემა და მეტაფორებად და ჰიპერბოლებად აღიქვა ყოველივე: სულიერნიცა და უსულონიც, ადამიანებიცა და მათ მიერ შექმნილი ამბებიც. `ჩვენ ადამიანები აღარ ვართ, ჩვენ ვართ პერსონაჟები~ (ხარანაული 2010: 409)
ისტორიის გარიჟრაჟზე, როცა ქვეყნიერება იყო ბავშვი, ყველაფერს სიწმინდის შარავანდედი ეხვია, მაშინ ანგელოზები ადამიანებს ელაპარაკებოდნენ.
სწორედ საქართველოს `ბავშვობას~ ხატავს მწერალი, როცა იქმნებოდა მითები და ლეგენდები, ანდრეზები, ფოლკლორი. წიგნში ამიტომაც დიდი ადგილი ეთმობა ხალხურ გადმოცემებს, მწერალი ხან დიალექტითაც ჰყვება ამა თუ იმ ისტორიას, რათა მუსიკა და სურნელი შეუნარჩუნოს მონათხრობს. აქ ჩანს აღტაცება ვაჟა ფშაველას ეთნოგრაფიული ჩანაწერებით, მწერალი აკაკი შანიძესაც ხშირად მოიხმობს, რადგან მისთვის მათ მიერ დაწერილ ეთნოგრაფიულ მასალაშია ქართველის `ბავშვობა~, ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელი ხანა სიცოცხლისა. აქ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ხერხს იყენებს მწრალი და ამ ანდრეზებს ვრცელ ციტატებად ჩართავს. ეს ისეთი შთამბეჭდავი ამბებია, მრავალ მკითხველს, თუ თხზვის ნიჭი მიუმადლებია უფალს, შეიძლება შთაგონების წყაროდაც ექცეს.
მთხრობელი რადგან თავს მიიჩნევს `უძებნ შვილად~, ნაგავსაყრელზე გარიყულად, ამიტომ თავდასაღწევად, ღვთის დასანახავად წერს იმ ფესვებზე, რომლებიც ასაზრდოებენ კონკრეტულად, ქართველობას და ზოგადად, ადამიანურობას. თომას მანი ადამიანურობას წმინდა გრაალს უწოდებდა და თავისი რომანის, `ჯადოსნური მთის~, პერსონაჟი ჰანს კასტორპი მიაჩნდა ერთ-ერთ მის მაძიებელ რაინდად (მანი 2008: 95). ამგვარ რაინდად შეიძლება მივიჩნიოთ ამ წიგნის მთხრობელიც.
უძებნ შვილად თვითონ საქართველოც შეიძლება გავიაზროთ. რატომ უნდა მოძებნოს მამამ `უძებნი~ შვილი _ საქართველო? რა ღირსია `მამის უარმყოფელი~ და `ნაგავსაყრელს~ შეგუებული?
თუ რატომ არის ღირსი, რომ მოიძებნოს, ამის შესახებაა რომანი. ქართული ეთნოსი ღირსია გადარჩენისა, იმიტომ, რომ მისი ნამდვილი სახეა ფოლკლორი: რომელშიც მათი სული ირეკლება. თვითონაც ამ ეთნოსის ნაწილია და ამიტომაც იმის დასტურად, რა `შეუძლია~ ქართველს, თხზავს ამ რომანს:
`დიდი ხანია მინდა შევერწყა ჩემს ეთნოსს, ჩემს ხალხს, რადგან ადამიანი ვერც მათ გარეშე გადადგამ ნაბიჯს საკუთარი თავისკენ.
`სხვა გმირობა~ გინდა!
ერთი შეხედვით, რა ცოტაა ეს ~სხვა გმირობა~:
_ ერთი წიგნი და ერთი საქციელი~ (ხარანაული 2010: 100).
ავტორი შთამომავალია კავკასიონის მთებში მოსახლე ტომებისა, `რომელთა ციხე-სახლები თუ ციხე-სოფლები შორიდან ციდან ჩამოცოცებულებსა ჰგავდა~ (ხარანაული 2010: 55.) და ვინ იყვნენ ეს ტომები? `ერთხელაც რომ ვახსენო, მაშინვე გაიღვიძებს საშინელი ურჩხული – ისტორია და მეც შემჭამს და იმათაც-ჩემში~ (ხარანაული 2010: 55). ამიტომაც არქმევს მათ მეტაფორებსა და ჰიპერბოლებს: `მთებზე და კლდეებზე გაძვალდა ამათ სახეები~ (ხარანაული 2010: 56). ეს ხალხი სიპრიპილებზე (`მწვერვალებიდან აფცქვნილი კლდის სიპები~) წერდა თურმე თავის თავგადასავალს. სულ 60 ფირფიტაა უნახავთ. ერთზე - მორიგე ღმერთის დახაზული სოფელ-ლაბირინთის გეგმაა, `აქ შემოთავაზებულია იდეა ისეთი მეგა-სოფლისა, რომელიც ერთდროულად ქვეყანაც იქნებოდა, სოფელიც და ქალაქიც, წარსულიც, აწმყოც, მომავალიც~ (ხარანაული 2010: 59). დანარჩენ ორმოცდაცხრამეტზე _საგმირო, სამონადირეო, სასტუმარმასპინძლო და სვა წეს-ადათები ეწერა. `ჰიპერბოლებისა და მეტაფორების ქვეყანა ბუერას ფოთოლივითაა ჩამოფარებული საქართველოზე: იქიდან უგრილებს და იფარავს ბარს სამივ მხრივ~ (389). აქედან იყო მეტაფორელი პოეტი ფოთოლაანთ მერცხალა (ხარანაული 2010: 391)
ავტორი წარმოსახვით ჩაჰყვება უშორესი დროის ბილიკებს, რათა ხელახლა შეიგრძნოს კავკასიის, `ენების მთის~, ხმები და სურნელი. აქ ყველაზე უკეთ ჩანს: `მთვარე წიწილებივით გამოუძღვება ვარსკვლავებს, რომლებიც სულ რაღაცას იკენკებიან მიწაზე მოსახლე კაცის თვალებში~ (ხარანაული 2010: 49). აქაც იყო `კაცობრიობის დასაწყისი~.
კავკასიის მთებში შეიქმნა ზეპირი გადმოცემა, `ანდრეზი~, რომელიც `უკვდავი წყალივით უწყვეტლად მოედინება სამყაროს შექმნისდროინდელი მყინვარებიდან და არავითარ ცვლილებებს არ ექვემდებარება~ (ხარანაული 2010: 53).
მწერალი საოცარი ვნებით და გატაცებით აღწერს, როგორი იყო უძველესი სახლი, ჩაუმქრალი კერიით, როგორ იზრდებდნენ `კაი ყმები~, ფშავ-ხევსურები და ძმანი მათნი, იგივე ჰიპერბოლები და მეტაფორები, როგორი ღირსეულები იყვნენ, როგორ უყვარდათ, როგორ იბრძოდნენ. მწერალი, როგორც აღვნიშნეთ, უხვად იყენებს ეთნოგრაფიულ მასალას.
ეთნოსის მოტრფიალეთაგან ავტორი გამოარჩევს ყმაწვილ-მეტაფორა ვაჟა-ფშაველას, რომელიც გაზეთ `მოამბეში~ აქვეყნებდა ჰიპერბოლებისადმი მიძღვნილ კორესპონდენციებს. მერე დაწერა `სამი გენიალური პოემა, რომლებშიც აღწერილია ტანჯული იდეალიზმი ჰიპერბოლისა და მისი შეუსაბამოობა მეტაფორულ სინამდვილესთან~. ავტორი ვაჟას მიიჩნევს ორსახოვან მთის შვილად; უკიდურეს რეალისტად და უკიდურეს იდეალისტად (ხარანაული 2010: 164). რომანში ჩართულია სხვადასხვა `ტექსტი~, რომლებშიც ჩანს ძველთა სიხარული და გასაჭირი. მაგალითად, `ჭირის წყენა~-მიცვალებულის დატირება, საოცარი ფერადოვნებითა და ემოციურობით გადმოცემული: `შენ ოღონდ ცოდვას ნუ ჩაიდენ და სიკვდილი – ედემია~. (ხარანაული 2010: 67).
`ვინ იყვნენ ისინი, ვიდრე ჩემის წყალობით ჰიპერბოლად და მეტაფორად შეირაცხებოდნენ?~ _ კითხულობს მწერალი და მკითხველს არაჩვეულებრივი ხატოვანებით უყვება საქართველოს მთებში მცხოვრებ ტომთა ამბებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, როგორ შეერწყა აქ ერთმანეთს წარმართული წარმოდგენები და ქრისტიანობა. მწერალი დეტალურად აღწერს, როგორი იყო ხატის ნაგებობა, როგორ ტარდებოდა სხვადასხვა რიტუალი. საინტერესოა მისი დაკვირვება ხუცესის დამწყალობნების ტექსტზე, რომელშიც `მამა ჩვენოს~ კვალს ამოიცნობს (ხარანაული 2010: 75).
რომანში რამდენჯერმე ჩართულია `საეპოსო მასალა~ - `ჯვარ-ხატის გამძღოებზე და ხევისბერებზე~ ,,ტყვეებით ვაჭრობაზე~, `გმირზე და მის აჩრდილზე~, `ხატის მაამურებზე~.... რომლებშიც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი: `აი, ასეთები იყვნენ: ერთმანეთს სახელს ეცილებოდნენ~ (ხარანაული 2010: 88).
მწერლისთვის მთავარი სინამდვილე კი არა, `ჯვარცმული ოცნება და ადამიანის მეტაფიზიკური ამბოხია~ (ხარანაული 2010: 93). თავში, რომელსაც `სინამდვლის წინააღმდეგ ~ ჰქვია, პოეტურად გამოკვეთილია, რა არჩევანის წინაშე დააყენა ქართველი მწერალი კულტურათა გზაჯვარედინზე ცხოვრებამ: `ვიდრე კალამს ხელში დაიჭერდი, ამ სივრცეებში უკვე არსებობდა პოეზია და პროზა, რომლებსაც თავიანთი კულტურების სახელები ერქვათ _აღმოსავლური და დასავლური.
შენ არც ერთ ამ სივრცეში არ დაბადებულხარ, შენი ადგილი იქ არის, შენი ადგილი არმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების პირშესაყარზეა _ აღმოსავლურ-დასავლური ლექსისა და რომანის პირშესაყარზე.
ამიტომაც გაუძელ ორთავ სივრციდან მომდინარე ტკბილ ხმათა ცდუნებას, გახსოვდეს უპირველესი მესიტყვის ანდერძი, რომელმაც კარგად იცოდა ამ ორივე ჟანრს შორის თავისი ადგილი:
_ ნუ მიაცივდები ერთ რომელიმე ჟანრს,
შენი ადგილი ამ ჟანრების პირშესაყარზეა~ (ხარანაული 2010: 93).
აქ არის გამოძახილი XX საუკუნის 20-იან წლებში გამოკვეთილი დისპუტისა, საითკენ უნდა აეღო გეზი ახალ ქართულ კულტურას: აზიისკენ თუ ევროპისკენ. ორივე თვალსაზრისს ჰყავდა მომხრენი, აზიისკენ `დაბრუნებას~ არჩევდნენ ვახტანგ კოტეტიშვილი, ვალერიან გუნია და სხვ., ხოლო ევროპისკენ _ ვალერიან გაფრინდაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე და სხვ., თუმცა ამ დისკუსიაში გამოიკვეთა მთავარი _ ევროპული და დასავლური კულტურის სინთეზი. ჯერ კიდევ 1917 წელს წერდა გრიგოლ რობაქიძე: `ქართული ნადიმით ვიხდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილს, _ და ნადიმი იგი მთავარი ჰანგია ჩვენი ნაბეჭდი სიტყვისა~ (`ქართველ მწერლებს~) `საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის: ჩვენ ვიწვით აღმოსავლეთის ფიქრმორეული შუადღით, როცა მზის ღელეთა მარმაშში პანი იბადება მძიმედ მთვლემარე; ჩვენ ვერთვით დასავლეთის საშიშარ სიცხადეს, საცა თვალღია ფანტასმაგორიებში ”ძეობა” იკვეთება ძლევამოსილი. ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა~ (`ქართველ მწერლებს~) `ჩვენ გვწამს... შედუღება დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურისა~ (შალვა აფხაიძე `ქართული პოეზიის პერსპექტივები~, 1919).
რომანში გამოკვეთილია კავკასიონის ყინულოვან მთებს მიკრული კუთხის შვილების ბუნება. მათ არ სწამდათ სინამდვილე, ამიტომაც შექმნეს შეუდარებელი ფოლკლორი. აქ `ყველაფერი, რასაც მიწაზე ვერ მოერეოდა ადამიანი, რომ არ დაკარგულიყო, ცაში აინაცვლებდა, ანუ ზღაპარში~ (ხარანაული 2010: 96).
მწერალი გვიყვება, რომ ეს `ტომები, ანუ ჰიპერბოლები და მეტაფორები... ფხოველების საერთო სახელით გვეცნობიან ისტორიაში~ (ხარანაული 2010: 104). აქ ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და მწერალი ჩამოთვლის მათ ისე, რომ გაგონდება გიორგი ლეონიძის `მუხლადი, ბედაური... სიტყვა~. მკითხველის თვალწინ გადაიშლება ბუნებასთან და უხილავ სამყაროსთან ჰარმონიულად შერწყმული ადამიანების ცხოვრება. `ცასაც რომ არ ვეკიდოთ ადამიანები და იქ ძრომით არ ვსუმბუქდებოდეთ, ჩვენს სიმძიმეს დედამიწა რას გაუძლებდა!~ (ხარანაული 2010: 112).
რომანში წარმოჩენილია XIX საუკუნიდან როგორ დაიწყეს `ჰიპერბოლების ჩაუხედავ წიგნში~ ცხვირის ჩაყოფა ათასი ჯურის მწერლებმა, მოგზაურებმა, ეთნოგრაფებმა, გეოლოგებმა. `წარსული მაშინ მოკვდება, როცა მას არ ითამაშებენ აწმყოში~ (130. ამ `თამაშისვის~ ავტორი რომანში ჩართავს ა. ზისერმანის, ა. რადეს, რაფიელ ერისთავის, ა. გრენის,, ვ. პოტოს ჩანაწერებს.
მთის `ჰიპერბოლებსა და მეტაფორებს კახეთის ბარი კვებავდა~ (ხარანაული 2010: 141) და იყო ჰარმონია მთასა და ბარს შორის.
მწერალი განსაკუთრებულ ყურადღღებას ამახვილებს `ქარიშხალივით მრისხანე ზნეობაზე~, რომელიც ამ ადამიანებს აწრთობდა.
წარსული მწერლისთვის `წმინდათაწმინდაა~, ამიტომაც ასეთი სიფრთხილით მიუყვება მის ბილიკებს და მკითხველსაც დაატარებს: აცნობს ისტორიამდელ თუ ისტორიის შემდგომ პერიოდში მცხოვრებ ქართველთა მატერიალურსა და სულიერ ცხოვრებას, მათ მისწრაფებებს, ოცნებებს. ის წარსული არ ასვენებს მას: `აღგვბეჭდე, გამოგვაჩინეო!~ (ხარანაული 2010: 15).
რადგან ჰიპერბოლებს თავიანთი ამბები არა დაწერილ, არამედ დაუწერელ ანდრეზებში აქვთ `ხატისა და ჯვრის ბოლომდე გაუშიფრავ ენაზე გამხელილი, ან ლექსად ნათქვამი~ (ხარანაული 2010: 163), ამ ლექსებისა და ანდრეზების ლაბირინთებში ამოგზაურებს მწერალი მკითხველს.
~თმა-ყვითელი რუსეთის იმპერიამ~ ამ ხალხს თავისი დაღი დაამჩნია. რომანში წარმოჩენილია `ჰიპერბოლების გმირული ბრძოლა თავისუფლებისთვის. `ნამდვილ ციხედ იქცა ცხოვრება~ (ხარანაული 2010: 174).
საკუთარი თავის პოვნისა და შემეცნების გზაზე მნიშვნელოვანია მთის `ლექსიკონთან~ ზიარება. მწერლის აზრით: `მეცნიერება იმიტომ გაჩნდა ქვეყნად, რომ მწერლობამ გაქურდოს~ (ხარანაული 2010: 205). ეს შეიძლება `ჩიტის ცოდვად~ ჩანდეს, ამიტომაც მეორე თავი რომანისა `სიმღერა მეორე-ლექსიკონისა~ წარმოაჩენს ქართული ენის სიმდიდრეს. აქ ცალკეულ სიტყვის ხატოვან განმარტებასთან ერთად (სიტყვები ფოლკლორისაა), ჩართულია სხვადასხვა ამბავიც, რომლებიც ამ სიტყვების სამყაროში შეჰყავს მკითხველი. ეს არის თავბრუდამხვევი მოგზაურობა `წინ-წარსულისკენ~ `უნცრუათ ლეკოს ძის შედგენილ ლექსიკონში~.
კიდევ ერთი პერსონაჟია რომანში ქართული სიტყვის შემნახველი _ ბესარიონ გაბუური, რომელსაც ეძღვნება მესამე თავი; `სიმღერა მესამე- ალმასის მთებისა ანუ კავკასიური საგა ბესარიონ გაბუურისა~ (ავტორი უხვად იყენებს სხვადასხვა მასალას, მათ შორის, წიგნისას: `ბესარიონ გაბუური – "ხევსურული მასალები", აკაკი შანიძის რედაქციით).
ბესიკ ხარანაულის დაწერილი წიგნი თვითონვეა, რომელშიც ბევრ `საკვირველებას~ იხილავს მკითხველი, მათ შორის, გაეცნობა `ჩიტის სკინტლზე აშენებული ქალაქის~ ამბებს. ჯერ სიტყვაა და მერე სხვა ყველაფერი, ამიტომაც, რომ გამართლებულიყო ნათქვამი: `ჩიტის სკინტლზე ქალაქი აშენდებაო~. მწერალი, როგორც თვითო წერს, ძალიან `გემრიელად~ თხზავს ყოველი ქვეყნის, მათ შორის, იქნებ საქართველოს `შობის~ პაროდირებულ `ამბავსაც~.
მწერლისთვის მთავარია, რომ კაცს ახსოვდეს ~ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო~ (გურამიშვილი), ამიტომაც მიიჩნევს, დღეს ახალ ამბები კი არ უნა იყოს მთავარი, არამედ დედამიწის თავს გადახდენილი კატასტროფების, ომების, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის.... შეხსენება.
`ყოველწამიერ გარემოში ცხოვრობს კაცი და იქიდან მგზავრობს~(ხარანაული 2010: 396).
`ყველაფერთან უნდა მიხვიდე, როგორც პირველად~ (ხარანაული 2010: 400)
`ჩვენ რომ სამყაროში შევეშვით, სუყველგან გზას და ბილიკს დავტოვებდით~ (ხარანაული 2010: 40
წიგნის პირველი სიმღერა _ `დაწერილი უჟმურის მელნით და ხანაც მუშკ-ამბრ-სურნელოვანითა~ სენტენციით იწყება: `იმისთვისაა ადამიანი, რომ ისწავლოს, განა რომ იცოდეს~ (ხარანაული 2010: 9). ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული აზრია, მაგრამ დაფიქრებისთანავე დავეთანხმებით მწერალს. მართლაც, სწავლა დაუსრულებელი პროცესია, სიცოცხლეა თვითონ, ცოდნა კი დასრულებაა, რაღაცის საბოლოოდ შეცნობა, ე.ი. სიკვდილი, ამიტომაც არის ადამიანი მუდამ მშიერ-მწყურვალი შეცნობისათვის. სოკრატეც ამიტომ ამბობდა: `მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო~. სამყაროს იდუმალება, სიბნელე მით უფრო ღრმავდებოდა, რაც მეტს შეიცნობდა. ამ წიგნში მწერლის კალამი ხან უჟმურშია ჩაწობილი და ხან სურნელოვან მუშკ-ამბრში. სურნელი მაშინ ასდის კალამს, როცა ძველ ქართველებზე წერს, მათ ზნესა და ადათებზე, თანამედროვეობაზე წერისას კი ეს სურნელი სადღაც ქრება.
მთელი წიგნი `სწავლაა~, მწერალი სტრიქონს ჯოხივით მოიმარჯვებს და გაიბილიკებს წარმოსახვის სამყაროში. წარმოსახვაში ეგულება მწერალს ადამიანის დაღუპვისა და გადარჩენის გზაც.
მწერალს გმირობად მიაჩნია ადამიანებში ცხოვრება, მაგრამ ვერც უადამიანებოდ ყოფნა წარმოუდგენია. ამიტომაც იბადება პათეტიკა: `ღმერთო, ნუ მომაშორებ მე ადამიანობას, ღმერთო იხსენი ჩემი ადამიანობა~. მწერალი ბიბლიურ მცნებათა დაცვის ძალას სთხოვს უფალს, ოღონდ ერთი რამის დამატებით: `რომ სიტყვას~ გაუფრთხილდეს, რადგან `სიტყვაში ვიქნები და სიტყვა მაცოცხლებს~. აქ სიტყვა უფალია უპირველესად.
მთელი რომანი `უძებნი შვილის~ ფიქრთა ნაკადებია, ერთმანეთს რომ იწვევენ, შესაბამისად, მწერალი სხვადასხვა მხრივ განტოტავს თავის სათქმელს: `დედამიწის სარკე მისი ისტორიაა, მაგრამ დედამიწა სარკეში არ იხედება~ (ხარანაული 2010: 15).
ეს ძიება წარმოჩნდება, როგორც თამაში. `ყველაზე დიდი განწმენდა თამაშია~ (ხარანაული 2010: 406) `ხელოვანი იმთავითვე მორალური კი არა, არამედ – ესთეტიკური არსებაა. რომ მისი არსისეული ინსტიქტი თამაშია და არა სიკეთე, დიახ, რომ ის მთელი ნაივურობით აძლევს თავს უფლებას, მორალის საკითხთა დასმითა და მისი ანტინომიებით დიალექტიკურად ითამაშოს მხოლოდ~ (მანი 2010ბ: 1). თამაში ამ რომანსაც ირონიულ ელფერს ჰმატებს და ხშირად ბადებს, თუნდაც, ამგვარ პარადოქსს: `ისეთი დაწერე, რომ არავინ არ წაიკითხოს~ (ხარანაული 2010: 482). ეს გვახსენებს ასევე `მოთამაშე~ ფრიდრიხ ნიცშესაც, რომელმაც თავის წიგნს `ესე იტყოდა ზარატუსტრა~ მიაწერა: `წიგნი ყველასთვის და არავისთვის~.
საკუთარი თავის ძიებას უნდა ასულდგმულებდეს რწმენა, რომ `შენს ხალხს და შენს ენას უნდიხარ, ადამიანი ერთენოვანია~ (ხარანაული 2010: 465).
ხანგრძლივი ძიების ერთი შედეგი რომანში ასეა გამჟღავნებული: `ვგრძნობ, რომ ორივე ვარ _ ჰიპერბოლაც და მეტაფორაც~ (409), ასე რომ, პოეზიაა მისთვის ერთადერთი რეალობა, რომელშიც იგი თავს პოულობს. თუმცა ეს პირობითი `შედეგია~, რადგან `ჰიპერბოლაცა~ და `მეტაფორაც~ კვლავაც შეუცნობელ სიღრმეებს ამხელენ.

გამოყენებული ლიტერატურა

ახალი აღთქმა 1991: ახალი აღთქმა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1991
ბოდრიარი 2010: ბოდრიარი ჟან, ქალაქი და სიძულვილი, ჰტტპ://ლიბ.გე/ბოდყ_ტეხტ.პჰპ?319
ბორხესი 2010: ბორხესი ხორხე ლუის, ჟურნ. `ჩვენი მწერლობა~, #20, 2010
მანი 2008: თომას მანი, წინათქმა `ჯადოსნური მთისა~, ჟურნ. `ქართული სიტყვა~, #2, თბილისი, 2008
მანი 2010ბ: თომას მანი, ხელოვანი და საზოგადოება, ჰტტპ://ბურუსი.წორდპრესს.ცომ/2010/10/02/ტჰომას-მანნ-7/
მესხი 2009: მესხი ზურა, ჰტტპ://ზიგოტა.წორდპრესს.ცომ/2009/05/17
რობაქიძე 2009: გრიგოლ რობაქიძე, მიმართვა ქართველ ხალხს, წიგნში, ქართველი მწერლები სკოლაში, გამომცემლობა `საქართველოს მაცნე~, თბილისი, 2009
სირაძე 2008: სირაძე რეზო, კულტურა და სახისმეტყველება, გამომცემლობა `ინტელექტი~, 2008
ხარანაული 2010: ხარანაული ბესიკ, სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა, გამომცემლობა `სეზანი~, თბილისი, 2010
ხარანაული 2010ბ: ხარანაული ბესიკ, ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან, `ბესიკ ხარანაულის ჯორზე ამხედრებული რაინდები და მომავლის მკითხველი~, ჰტტპ://არილი2.blogspot.com/2010/08/ბლოგ-პოსტ_5345.ჰტმლ
ხარანაული 2010გ: ხარანაული ბესიკ, `მთვრალი მიწისმზომელი~. ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან, ჟურნ. `ცხელი შოკოლადი~, ლიტერატურა, 25 იანვარი, http://სჰოკოლადი.გე/ნოდე/3071?პაგე=2, 2010,
ცირეკიძე 2010: სანდრო ცირეკიძე, `სათაური პოეზიაში~, წიგნში `რაინდთა ლანდები~, ქუთაისი, 2010
საავტორო უფლება დაცულია