მაია
ჯალიაშვილი
სიჩუმისა და მეხსიერების დიალოგი: მამა-შვილის ურთიერთობის გრადაციები (დენიზ უტლუს რომანზე „აღარასოდეს იქნები მარტო, მამა“)
შესავალი
ქართული
და მსოფლიო ლიტერატურა გამოირჩევა მამისა და შვილის წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ამსახველი
არაერთი ნაწარმოებით, რომლებშიც ეს მრავალშრიანი თემა ვარიაციულად არის წარმოჩენილი. მათ შორის უნდა განვიხილოთ თანამედროვე
გერმანულენოვანი თურქი მწერლის, დენიზ უტლუს, რომანი „აღარასოდეს იქნები მარტო, მამა“, რომელშიც
ავტობიოგრაფიული ფაქტები, მოვლენები მწერლის
ფანტაზიით არის გამდიდრებული და მხატვრულად გადამუშავებული. ამ რომანში მამა-შვილის
ურთიერთობა არ განისაზღვრება მხოლოდ მატერიალური დრო-სივრცით, არამედ მეტაფიზიკურ განზომილებასაც
მოიცავს. ეს ურთიერთობა მამის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტ მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს. მამის
დაუდუმებელი ხმა რომანში გმირის მეხსიერების მთავარ მამოძრავებლად და მის მორალური ორიენტირად წარმოჩნდება. მამის ხმაში ვლინდება ის ფასეულობები, რომლებიც მან შვილს ცხოვრების გზის გასაკვალავად და იდენტობის განსასაზღვრავად გადასცა. რომანი შესანიშნავმა
და გამოცდილმა მთარგმნელმა მაია პეტერ-მირიანაშვილმა თარგმნა, რომელმაც მას ქართულ სალიტერატურო სივრცეში
ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ რომანმა 2024 წელს ევროკავშირის ლიტერატურული
პრიზი მოიპოვა.
მამის
ხმა- იდენტობის განმსაზღვრელი
რომანში წარმოჩენილია არა მხოლოდ
მამა-შვილის ინტიმური ამბები, რომლებიც ოჯახის ტკბილ-მწარე ისტორიას
ასახავს. არამედ ამ კონტექსტში
გააზრებული უნივერსალური თემებიც: ხსოვნის არსი, იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვ. მამის
„ხმა“ (სახე) მთხრობლისთვის, რომელიც მწერლის
ალტერ ეგოა, უმთავრესია იდენტობის დასადგენად.
ეს ხმა ღრმად და ძლიერად არის ჩაბეჭდილი მის
ბავშვობაში და მთელ მის ცხოვრებას ჩრდილივით დაჰყვება. რომანი აგებულია გარდაცვლილი მამის მოგონებებზე. მთხრობელი ჰყვება
მამის ამბებს და, ამასთან ერთად, წარმოაჩენს, როგორ იზრდება თვითონაც, როგორ ყალიბდება
პიროვნებად. იგი თითქოს ყვინთავს „მოგონებათა და წარმოსახვათა ზღვაში“ და ვეღარ არკვევს,
რომელია ნამდვილი მამა: მოგონებებიდან გაცოცხლებული თუ წარმოსახული? „ეს
უფრო სიზმარს, წყალში საუბარს ჰგავს, როდესაც მოგონებებისა და წარმოსახვის მდინარეები
ერთ ზღვაში ჩაედინება“ (უტლუ, 2025, გვ. 158). ის ერთ ეპიზოდში დედას ეუბნება, რომ სურს მამასავით ხიფათებითა და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება
გაიაროს, რათა შემდეგ „მოსაყოლი“ ჰქონდეს.
აქ ჩანს, რომ მამა არის ბიძგი, რომ მწერალი იყოს და საკუთარი გამოცდილება სხვას, მკითხველს,
გაუზიაროს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას მოსწონდა, როგორ შთამბეჭდავად ჰყვებოდა
მამა: „მამაჩემისთვის არ არსებობდა გამოკვეთილი ზღვარი მის ბავშვობასა და ზღაპრების ენას შორის. მოგონებები და მოყოლილი ამბები ერთი და იმავე სამყაროდან მოდიოდა“
(უტლუ, 2025, გვ. 45). ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ თხრობის ნიჭი მამისგან
გამოჰყვა. იგი ცამეტი წლის
იყო, როდესაც მამამისს ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. ამ მოვლენამ მოზარდი ბიჭი
შეძრა და ისეთ თემებზე დააწყებინა ფიქრი, რომლებზეც აქამდე არასდროს უფიქრია. მამასთან მოსანახულებლად რომ მიდიოდა, გრძნობდა,
მამა თვალებით ეუბნებოდა,
რომ უყვარდა და მარტო არასდროს დატოვებდა.
გმირის
ცნობიერებაში დაიბადა ფიქრი სიკვდილზე, მარადიულობასა თუ სხვა ეგზისტენციალურ საკითხებზე.
მის მეხსიერებაში რეალურად განცდილი და წარმოსახული
ერთმანეთს გადაეწნა: „მამაჩემის ამბავი იმდენად ხშირად
გამოვიხმე ჩემში, რომ ეს აღარაა მისი: უკვე ძნელია განსხვავების პოვნა, სადაა ამ ამბის
რეალურად განცდილი ბირთვი და სად - მოგონებებისა და მოყოლის დროს დამატებული... ალბათ
სწორედ ამაშია მეხსიერების უსასრულობა, თხრობისაც“ (უტლუ, 2025, გვ.157). მოგონებათა
ამ ნაკადში მამის სახე სიმბოლური მნიშვნელობებითაც დაიტვირთა. ხანდახან თითქოს იშლებოდა
ზღვარი მასა და მამამისს შორის, თითქოს ამქვეყნიურ
„როლებსაც“ ცვლიდნენ იმგვარად, რომ მამას შვილად წარმოიდგენდა: „ადამიანი, რომელსაც მე წარმოვისახავ, უფრო შვილივითაა
და არა პირიქით“ (უტლუ, 2025, გვ. 157). მამის „ძიება“ მისთვის საკუთარი თავისა და
სამყაროს შემეცნების გზად იქცა. „მე უკვე
ის ვარ, ვინც მამაჩემის ინსულტის მერე გავხდი“ (უტლუ,
2025 , გვ. 10). მამის მიერ განვლილი ცხოვრებისეული
გზა იქცა იმის მაგალითად, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს, იბრძოლოს და ყოველი
წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგეს. მამამისმა რთული გზა განვლო: თურქეთიდან გერმანიაში
ჩამოვიდა და ემიგრანტად იქცა. იგი მამას
არა მხოლოდ წარსულში, არამედ მარადიულობაშიც დაეძებს და ამ გზაზე მის ცნობიერებაში
აქტიურად შემოიჭრება მეტაფიზიკური სამყარო თავისი აუხსნელი „კანონზომიერებებით“. ერთ ეპიზოდში გმირი ფიქრობს, თუ
რა ხდის ტყეს უფრო განსაკუთრებულს: მისი ფოთლები თუ ფოთლებს შორის არსებული
სივრცე? შემდეგ დაასკვნის: „ფოთლებს შორის
სიცარიელეა, მაგრამ ამ არარსებობაშია რაღაც განუმეორებელი მონახაზი. ჩვენ ფოთლები ვიყავით,
მამაჩემი _ ფოთლებს შორის სიცარიელე. ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ფოთლებს აღიქვამს
და არა მათ შორის სივრცეს“ (უტლუ, 2025, გვ. 131). ამ სტრიქონებში ღრმა ფილოსოფიური აზრია პოეტურად გადმოცემული.
ფოთლებია ყოველივე ის, რაც ზედაპირზეა, ჩანს,
რაც მოძრაობს, ხმაურობს (სიტყვები, ქმედება,
ხილული ურთიერთობები, პიროვნებები). ფოთლებს შორის სიცარიელე კი დაუნახავი და არარსებულია, მაგრამ განმსაზღვრელი სივრცეა, რომელიც რეალურად
ქმნის ფორმას, სიმეტრიას, სიღრმესა და სუნთქვას. ეს კითხვა მკითხველსაც დააფიქრებს: არის თუ არა ჩვენი
ყოფა მხოლოდ იმით განსაზღვრული, რაც გვაქვს და რასაც ვაკეთებთ,
თუ იმითაც, რაც არ გვაქვს, რაც ვერ ვთქვით, რაც დავკარგეთ? ამიტომაც ეს კომპლექსური
და სევდისმომგვრელი ფრაზა: „ჩვენ ფოთლები ვიყავით, მამაჩემი_ ფოთლებს შორის სიცარიელე“
_ მამის არყოფნას კი არ აუფასურებს, არამედ,
პირიქით, სწორედ ამ არყოფნას ღირებულებას ანიჭებს, როგორც ხილულსა და უხილავს შორის დამაკავშირებელს. მამა აძლევს „მოძრაობის“ (ფიქრის) შესაძლებლობას
(ფოთლები ხომ სივრცის გარეშე ვერ იშრიალებენ);
ეს გმირს უბიძგებს, რომ გაიაზროს საკუთარი განსხვავებულობა (თითოეული ფოთოლი ხომ უნიკალურია);
ეს სივრცე თან ზღუდავს და, იმავდროულად, ათავისუფლებს
კიდეც. მამა აჩრდილივითაა, რომელსაც ვერ გაექცევი. ამან შესაძლოა ჰამლეტისა და მამამისის
აჩრდილის ურთიერთობაც გაგვახსენოს. ეს რომანი თავიდან ბოლომდე ერთგვარი მოგზაურობაა ამ „არარსებობის ფორმის გაშიფრვისკენ“. მამის დუმილი,
მასთან ემოციური მიუწვდომლობა, შვილის ტკივილის წყაროა, მაგრამ, ამასთანავე, სწორედ ამ არარსებობაშია ფარული
ზეგავლენის ძალა.
დენიზ
უტლუ ეხმიანება როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ
ფილოსოფიურ თვალსაზრისებს, როდესაც ხატავს მამას, როგორც არა აქტიურ ფიგურას, არამედ
მას იმ უხილავ სივრცედ წარმოაჩენს, რომელშიც შვილი თავის
„ფორმას“ იძენს. გარდაცვლილი მამა თანაარსებობს მასთან წიგნებით, მუსიკით, ტკივილითა და სიყვარულით. ავტორისეული
თვალთახედვით, სწორედ სულიერი, უხილავი სამყარო გვაქცევს ისეთ ადამიანებად, როგორებიც ვართ. ამან ჯეიმს ჯოისის
მოთხრობა „მკვდრებიც“ შეიძლება მოგვაგონოს, რომელშიც წარმოჩენილია გარდაცვლილი სატრფოს გავლენა ახალგაზრდა ქალზე.
მამის „არარსებობა“ გმირის არსებობის უძლიერეს საყრდენად იქცევა, რადგან არც მამა და
არც შვილი არასოდეს იქნებიან მარტონი (როგორც სათაურშია გამოტანილი), ისინი „ერთნი“
არიან.
მწერალი
ეხმიანება ლაო-ძის („დაო დე ძინი“) თვალსაზრისსაც: „ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ
ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის“; „უდიდესი სისავსე სიცარიელეს ჰგავს,
მაგრამ მისი მოქმედება ამოულეველია“ (ლაო-ძი, 1983, გვ. 110). ეს გულისხმობს არსისა
და არარსის, ხილულისა და უხილავის, მატერიისა და ფორმის მარადიულ დიალოგს, რომელიც
წარმოაჩენს არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს, არამედ ცხოვრების, სიყვარულის, მეხსიერებისა
და არსებობის არსს. ამგვარი ფიქრი მამა-შვილის მისტიკურ ურთიერთობაზე გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგსაც“ მოგვაგონებს,
რომელშიც არჩიბალდ მეკეში დაეძებს მამას და ამ გზაზე მამაშვილობის ფენომენის არსს ჩაუღრმავდება.
მაგალითად, იგი ფიქრობს: „მამა და შვილი ერთად ერთიმეორეში. მამა: „ერთი“. შვილი: მამა
და თან „სხვა“. მამა: სამყაროს შინაგანი ხერხემალი. შვილი: განზე დგომა. გადაცდენა.
მამა: აუცილებლობა. შვილი: თავისუფლება. პირველი: მსჯელი და მწყევარი. მეორე: შემტევი
და უძღები. ყველგან: ქვაშიც და მცენარეშიც. და ამ შეხლაში: სამყაროს ყოფა. და ყველა
მამებში: საერთო მამა. უსახელო“ (რობაქიძე,
1991, გვ. 31).
გმირის
ცხოვრებაში მამა ავადმყოფობის გამო ვეღარ მონაწილეობს
და ვეღარც ლაპარაკობს, მაგრამ სწორედ ამ უხმო, უჩინარი არსებობით მაინც დიდ გავლენას
ახდენს შვილზე, რომელიც ფიქრობს იმ ყველაფერზე, რაც მამასთან ერთად განიცადა. მისი
მოყოლილი ამბები, რჩევა-დარიგებები, აკრძალვები თუ თანხმობები ახალ მნიშვნელობას იძენს.
გმირი ხშირად მამისეულ სამოსსაც იცვამს, თითქოს ამგვარად მის ტყავში ჩაძრომა სურს,
მისი თვალით, სულითა და გულით ცდილობს სამყაროს აღქმას. თან მამისგან განცალკევებაც საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოკვეთა უნდა. ეს სურვილი,
ერთდროულად მამას ჰგავდეს და მისგან განსხვავდებოდეს,
წარმოაჩენს კიდევაც სიცოცხლის მარადიულობის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სამყაროს
განვითარება სპირალურია.
დენიზ
უტლუს რომანი გარდაცვლილ მამასთან შვილის ცოცხალ ურთიერთობას წარმოაჩენს. მამა მისთვის
ფროიდისეული სუპერეგოს სიმბოლოცაა, რადგან ის კარნახობს ქცევის წესს და ყოველთვის გრძნობს
მის მზერას. რომანში მამა წარმოჩნდება არა
მხოლოდ როგორც ბიოლოგიური მშობელი, არამედ მისი ლინგვისტური, კულტურული და რელიგიური
იდენტობის განმსაზღვრელიც. თურქული ენა მათი
დედაენაა, არაბული _ მამის დედის, ბებიის ენა,
გერმანული კი მათი ცხოვრებისა და სოციალური ურთიერთობების ენად იქცა. ამას დაემატა ფრანგული ენაც, რომელიც მამას უყვარდა და შვილსაც მისი შესწავლისკენ უბიძგა. „მაგრამ
ფრანგული მაინც უცხო ენად დარჩა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად გულში
მწვდებოდა, თითქოს მამაჩემის ხმაც ჟღერდა ამ
ენაში...“ (უტლუ, 2025, გვ. 46). აქ ენა წარმოჩნდება, როგორც ერთგვარი „ხსოვნის პრიზმა“, რომელშიც მამის დაკარგულ ხმა
კვლავ გაისმის, თითქოს მამის დაუსრულებელი ფრაზა შვილში გრძელდება. რომანში
ენის საკითხი
არა მხოლოდ
კულტურულ, არამედ
იდენტობის კონტექსტშიც არის გააზრებული.
ავტორისთვის არაბული,
თურქული, გერმანული
და ფრანგული
სხვადასხვა ეტაპზე
განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ. მაგალითად,
ფრანგული ენა
აღიქმება, როგორც
მამის „ხმოვანი
ჩრდილი“; „ალბერ
კამიუს ხმა
მამაჩემისას წააგავდა“.
ალბერ კამიუ პროტაგონისტის
საყვარელი მწერალია. საერთოდ, ფრანგული ლიტერატურა მისი მთავარი სულიერი საზრდოა. ეს ენობრივი მრავალფეროვნება ქმნის მამის ხმის მრავალხმიან რეზონანსს. „ათი წლის განმავლობაში, როცა მამას მხოლოდ თვალებით შეეძლო ლაპარაკი და არა პირით, მას მხოლოდ თურქულად მივმართავდი... ვფიქრობ, მარტოობის წლებში მამა საერთოდ არ იღებდა ხმას და თუ ლაპარაკობდა, ალბათ მხოლოდ გერმანულად. ეს მისი მარტოობის ენაც იყო...“ (უტლუ,
2025, გვ. 5). შვილს მამა ჯერ „ენებით“, შემდეგ კი სიჩუმით უკავშირდება. ეს სიჩუმე შვილს გადაეცემა, როგორც „ტრავმული მემკვიდრეობა“, იმავდროულად, როგორც იდენტობის საძიებო სივრცე. მამის სახე, მისი თვალების მოძრაობა შვილს ეხმარება, იფიქროს თავის წარმოშობაზე, გვარზე,
წინაპრებზე, ისტორიულ მეხსიერებაზე, ბებიის არაბულ ენაზე. ეს უხმო ურთიერთობა შვილს საკუთარ ფესვებთან აკავშირებს. მამა ცდილობს, შვილი
დაარწმუნოს თავისი ენისა და კულტურის ღირებულებაში, მაგრამ თვითონვე უჭირს ერთგულება, თითქოს არც ერთ ენას ბოლომდე არ „ეკუთვნის“.
„მაშინაც კი, თუ მოახერხებ
მშობლების რელიგიას რამენაირად მისდიო, შენი შვილები ამას აღარ გააკეთებენ... აქ, გერმანიაში,
ჩვენს კულტურასთან დამაკავშირებელი ჯაჭვი ისედაც ირღვევა“ (უტლუ,
2025, გვ. 4).
მთხრობლის
საბოლოო იდენტობა არ არის დაკავშირებული არცერთ კონკრეტულ ენასთან, არც თურქულ, არც გერმანულ, არც არაბულ ან ფრანგულ ენასთან.
იგი თითქოს ენების გადაკვეთის წერტილშია, გზაჯვარედინზე. ამგვარად იქმნება ავტორის
„მეს“ „ენობრივი“ ხერხემალი, რომელიც მისი სულიერი მთლიანობის საყრდენი ხდება. „მამისთვის
თურქული, გარკვეულწილად, იგივე იყო, რაც ჩემთვის გერმანული, და ჩემთვის თურქული, რაც
მისთვის არაბული — ენა, რომელიც დედასთან გვაკავშირებდა, განსხვავებული იმ ენისგან,
რომლითაც ცხოვრებაში მივაბიჯებდით და საკუთარ „მეს“ ვეძებდით“ (უტლუ, 2025, გვ.
5). ამ მნიშვნელოვანი ფრაზით წარმოჩნდება, რომ იდენტობის ძიება დაუსრულებელია, რომელიც
გზადაგზა მამასთანაც და საკუთარ თავთანაც მიგვიყვანს.
მამის ხმა, როგორც მორალური ორიენტირი
მამა მისთვის მორალური ავტორიტეტი
და ეთიკური შეხედულებების წყაროა. მამა ბავშვობიდანვე
ხან მკაცრად და ხანაც ლმობიერად უნერგავდა ღირებულებებს, რომლებიც ხანდახან წინააღმდეგობრივიც
ჩანდა, მაგრამ შვილისთვის დაუწერელი კანონივით
იყო. მამის ხმა ემსგავსებოდა „სასამართლოს“, რომელიც განსჯიდა, ამხელს, ასწავლის,
თუ როგორ უნდა იცხოვროს. ეს ხმა ღვთის ხმასაც
ემსგავსებოდა. ერთხელ, როცა პურის პატივისცემას უქადაგებდა, ისიც უთხრა, რომ პური ღმერთია
და ღვთის წარმოდგენა „ადამიანის წარმოსახვის უნარს აღემატება“. შემდეგ ხელები მაღლა აღმართა და ჰაერში შემოხაზა წრე, არასრული,
რადგან საჩვენებელი თითის ნაწილი აკლდა: „ღმერთი ენერგიაა, ძალაა. ის ყველასა და ყველაფერშია“
(უტლუ, 2025, გვ. 74).
მთხრობელი იუნუსია, რაც დელფინს
ნიშნავს. ამიტომ აქვს განცდა, რომ „ზღვას დაატარებს“. მამამისს პოეზია უყვარდა და მეორე
სახელად ემრეს დარქმევაც უნდოდა. იუნუს ემრე შუა საუკუნეების თურქულენოვანი სუფი მისტიკოსი
პოეტი იყო. მამას უყვარდა „უცხო სახელები,
გამოუთქმელი ასოები“. ამგვარადაც, მამა თითქოს „უკარნახებს“, რომ პოეზიასთან სიახლოვე
არ დაკარგოს.
სიცოცხლეში მამა შვილს ესაუბრებოდა მორალზე, რელიგიაზე, ვაჟკაცობაზე, განათლებაზე,
მუსიკასა და ათას სხვა რამეზე. ის შვილისთვის ავტორიტეტი იყო. ერთ ეპიზოდში, როდესაც
მამა შვილს შიშს შეატყობს, ეტყვის: „როგორი იმედგამაცრუებელი ვინმე ხარ, მშიშარა, უსუსური...
გმირობის ნატამალიც კი არაა შენში, კაცობას ბევრი გიკლია. შენ რა ჩემი ვაჟი ხარ?..
“ (უტლუ, 2025, გვ. 12). აქ მამა „კაცობას“
სიმამაცესა და გადაწყვეტილების მიღების უნარს უკავშირებს. მამის მიზანია შვილის „კაცად
ქცევა“. ეს კი უამრავი დილემის (მორალური, სოციალური და სხვ.) გადაჭრით უნდა განხორციელდეს.
ეს სიტყვები შვილის გონებაში რჩება და შემდგომ
თვითრეფლექსიისას ხმამაღლა ან ჩურჩულით კვლავ გაისმის მის ცნობიერებაში. მამის ხმა,
შემდეგ მისი სიჩუმე და ბოლოს მხოლოდ გახსენებული სახე ქმნის მთხრობლის იმ „მემკვიდრეობას“, რომელსაც
ის მთელი ცხოვრება აცოცხლებს საკუთარ გონებაში. ამიტომაც ყოველ საკუთარ ნაბიჯს ღირსების
პრიზმაში განიხილავს, განსჯის და აფასებს.
ხანდახან ეს მძიმე ტვირთიცაა, რადგან მუდმივად თან სდევს დანაშაულის გრძნობა,
მაგრამ სხვაგვარად ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.
მამა ხანდახან გემოვნებასაც უწუნებს,
ეს ეხება წიგნებსა თუ მუსიკას: „რა აბსურდია!" _ იყვირა მამამ: „რაში გჭირდება
მსგავსი ზღაპრები, რომლებიც ყალბი კერპების წინაშე დაგაჩოქებენ? საკუთარ თავში უნდა
ჩაიხედო - მხოლოდ იქ არის ჭეშმარიტი ამბები დამარხული“ (უტლუ, 2025, გვ. 3). მამის ხმა ამ სიტყვებში უკომპრომისო მორალურ პოზიციად
არის წარმოჩენილი. იგი დასავლურ კულტურას ყალბად
მიიჩნევს და ჭეშმარიტებად მხოლოდ თვითჩაღრმავება მიაჩნია. მამა შვილს ეთიკურ ჩარჩოს უქმნის, რომლითაც, ერთი
შეხედვით, შვილს არჩევანის თავისუფლებას ართმევს და თითქოს ავტორიტარულია, მაგრამ,
მეორე მხრივ, მშობელი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ამგვარად აზღვევს იმ შეცდომებისაგან,
რომლებიც თვითონ დაუშვა თვითგამორკვევის გზაზე. მამის მაკონტროლებელი ხმა უპირველესად,
მზრუნველობასა და თანაგრძნობას ავლენს. წინადაცვეთის დროს ამშვიდებს: „თუ გადაიტან,
აღარაფრის უნდა შეგეშინდეს... მანამდე კი შენთან ვარ და დაგიცავ“ (უტლუ, 2025, გვ.
4). აქ მამა შვილის შიშს სიტყვით ებრძვის და ღრმა ემოციურ მხარდაჭერას
უცხადებს, მშობლის ხმა კი გმირს მორალურ ძალას მატებს.
მამა შვილს ცოდნა-განათლების აუცილებლობას
შეაგონებს, ასწავლის, რომ ძალისხმევას ყოველთვის აქვს ფასი: „ეს ისეთი რამაა, რაც მთელი
ცხოვრება თან ახლავს ადამიანს... წარმოიდგინე მუსიკა, როგორც თანმხლები მეორე ნახევარი...
ენასავით, მეგობარივით“ (უტლუ, 2025, გვ. 7). მამა ამ გზით შრომის ეთიკას აზიარებს. ბიჭს შეაგნებინებს, რომ ნიჭი ფუფუნება კი არა, პასუხისმგებლობაა. მამის
ხმა აქ შრომას მორალურ მიზანთან აკავშირებს. მამის ინსულტის შემდეგ ბიჭის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება: თავიდან როცა მამის ხმა ქრება, ის თითქოს მორალურადაც სუსტდება.
ახლა ბავშვს თავად უწევს მორალური კომპასის პოვნა, მაგრამ მამის მიერ ჩამოყალიბებული
ზნეობრივი ჩარჩოები კვლავ რჩება, რადგან მამა მასთან თვალებით საუბარს განაგრძობს.
შემდეგ მორალური ხმა დუმილმა ჩაანაცვლა და
პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო მეტად გაიზარდა.
რომანში ხშირად გვხვდება მამის რჩევები, როგორც სენტენციები, დარიგებები, რომელთაც
ზოგჯერ ირონიული ან სენტიმენტალური შეფერილობა
აქვთ. მაგალითად: „მუსიკა მეგობარია“, „ვინც კაპიკის ფასს არ იცნობს, ტალერის ღირსიც
არაა“, „თუკი მოიწადინებ, შეგიძლია მილიონერი გახდე“, „ჭეშმარიტება მაშინაც განაგრძობს
არსებობას, როცა მას წაშლიან“. ეს უკანასკნელი ღრმად ფილოსოფიური აზრია და უპირველესად
გულისხმობს, რომ ჭეშმარიტების საზომი ადამიანი არ არის. ის მისგან დამოუკიდებლად არსებობს.
მისი „წაშლა“ კი მხოლოდ ილუზიაა. ჭეშმარიტებას
ადამიანი კი არ ქმნის, არამედ მხოლოდ აღმოაჩენს და, თუ მას რაიმე პირადი განზრახულობით
„წაშლის“, დაივიწყებს, ან უარყოფს, ამით მხოლოდ დროებით საფარველს აფარებს მას. მზე
რომ ჩადის, ის კი არ ქრება, არამედ დროებით მიეფარება. ასეა ჭეშმარიტებაც.
მამის სახე შვილის სინდისის ხმად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ
განმსჯელი, არამედ ცხოვრების რთულ ვითარებებში
მორალური მხარდამჭერია. როგორც კი მამა კარგავს მეტყველების უნარს, მათ შორის ხიდი ხმოვანი აღარ არის, ის „სიჩუმის ენად“ გარდაიქმნება. „ათი წლის განმავლობაში,
როცა მამას მხოლოდ თვალებით ლაპარაკიღა შეეძლო და არა პირით, მას მხოლოდ თურქულად მივმართავდი...“
(უტლუ, 2025, გვ. 191). ენობრივ სიჩუმეს ჟესტები და მიმიკები ცვლის (მაგ. თვალის
დახუჭვა-გახელა და სხვ.). რომანში მამის ხმა პერსონიფიცირდება და ფრაგმენტებად ვლინდება:
ცალკეული რჩევების, ფრაზების, სიტყვების, ემოციების სახით. მიუხედავად იმისა, რომ მამა
დიდხანს ავად არის და ფიზიკურად ვერ საუბრობს, მისი ხმა მაინც აგრძელებს არსებობას:
„მამა უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, მაგრამ მის თვალებში მთელი ენა ცოცხლობდა“. ბიჭი მამამისს
დროდადრო ყურანს ხმამაღლა უკითხავდა. ამ გზით, ის თითქოს მასთან ღრმა სულიერი კავშირის
ძიებაშია. მამამისს შეყვარებულზეც კი უყვება: „საწოლთან მდგარმა, მამას ჩემს მეგობარ
გოგონაზე ვუამბე. მან თვალები გაახილა და ისევ დახუჭა“ (უტლუ, 2025, გვ. 137).
წყლის
კონცეფცია რომანში
მთხრობელს
მამასავით უყვარს წყალი, ბავშვობიდანვე გრძნობს მასთან ერთობას. თითქოს პირველყოფილი
ინსტინქტით მიიზიდება მისკენ. წყალი მისთვის „სულიერი სამშობლოა“, სადაც თავს მყარად
გრძნობს: „მომწონდა წყალთან კავშირი: ჩემი ფილტვები მიძინებული ლაყუჩები იყო. წყალში
თავს შინაურულად ვგრძნობდი... იქ ქრებოდა საზღვარი შიდა და გარე დუმილს, ჩემსა და სამყაროს
შორის“ (უტლუ, 2025, გვ. 8). ამ ფრაგმენტში წყალი „შინაგანი საზღვრის“ გადალახვის საშუალებაა.
წყალთან შერწყმის სურვილი ფსიქოანალიტიკურად გულისხმობს როგორც პირველსაწყისთან, სიმბოლურად,
დედის საშვილოსნოში დაბრუნებას, იქ, სადაც ჯერ არ არსებობს განსხვავება მესა და სამყაროს
შორის. მთხრობლისთვის ცურვის სწავლა ერთგვარი „ინიციაციის რიტუალია“, რადგან თითქოს
იზრდება და გარდაისახება. ამ ყველაფერს კი წინ უძღვის შიში, ტკივილი, მარცხი და ხოლო
ბოლოს - მიღწევა, საკუთარ თავში რწმენის მოპოვება და თავდაჯერებულობა. ცურვის მასწავლებელი
ეუბნება: „ყველაფერი უკვე ნასწავლი გაქვთ... ახლა მთავარია, საკუთარ თავს სძლიოთ“.
საკუთარი თავის ძლევა მთელი რომანის საკვანძო საკითხია. ცურვის შესწავლას გმირის დაკაცება
მოჰყვა. „ორივენი შესანიშნავად ვცურავდით. უკვე - მეც... მე და მამას შორს გაცურვის
არ გვეშინოდა“ (უტლუ, 2025, გვ. 66). ღია ზღვაში ერთად გაცურვა უპირისპირდება სხვა
საოჯახო სცენებს, რომლებშიც მამა დომინანტად ან გაუცხოებულად წარმოჩნდებოდა. ცურვისას
კი თითქოს გათანაბრდნენ. როცა მთხრობელი ცურავს ქალწულის კოშკიდან სანაპიროსკენ, ეს
გულისხმობს გზას თავისუფლებისკენ. „იმ ზაფხულს... ერთად შევცურეთ ღია ზღვაში... მხოლოდ
იმ სიმღერის წყალობით შემიძლია გავიხსენო, თუ რომელი ზაფხული იყო ეს“ (უტლუ, 2025,
გვ. 18). აქ ზღვა თავშესაფარია დროისა, როგორც მარსელ პრუსტთან „მადლენის ნამცხვარი“.
წარსული შეგრძნებებით ცოცხლდება. ასე წარმოჩნდება წყალი, როგორც ტრანსცენდეტული სივრცე,
როგორც მეხსიერებისა და დროთა კავშირის ალეგორიაა.
რომანის
ფინალურ ეპიზოდში მწერალი ზღვასაც ხატავს. მამა შვილს ქვიშისგან გაკეთებულ ციხე-სიმაგრეში
სარკმელს აკეთებინებს. სიმბოლურად, ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი არ უნდა ჩაიკეტოს
თავის ნაჭუჭში და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარკმელი მაინც, რათა საზოგადოებასთან, სიცოცხლესთან
ურთიერთობა არ დაკარგოს. „სამყარო სიცოცხლითაა გაჯერებული, ზეკის სახეზე მზესავით იბადრება
ღიმილი“. „ვინც ერთი წამით მაინც შეხებია დედამიწას, სამუდამოდ რჩება აქ“, - ფიქრობს
ზეკი და ღრმად სუნთქავს, თითქოს მთელი სამყაროს საკუთარ სხეულში შესრუტვას ლამობს.
„ცხოვრებას ზღვის გემო აქვს!“ (უტლუ, 2025, გვ. 190).
ნივთებსა
და ფოტოებში დარჩენილი წარსულის კვალის ძიება
რომანში
მამასთან დამაკავშირებლად ნივთები (მაგალითად, საათი, გიტარა) წარმოჩნდება, რომელთაც მწერალი იყენებს მამისა და შვილის ემოციური
დიალოგის გასამართავად. მიუხედავად ოჯახის
ფინანსური სირთულეებისა, მამამ შვილს საოცნებო გიტარა უყიდა. გმირისთვის ბავშვობის საჩუქარი ზრდასრულობაში მამისკენ მიმავალ გზად იქცევა. ასევეა საათიც, რომელიც
მამისგან დარჩა. ეს საგნები თითქოს აუდიო-ვიზუალური რეზონანსის მატარებლად იქცნენ.
მაგალითად, სიჩუმეში საათის წიკწიკი მას მამამისის სუნთქვის რიტმს აგონებს. მამა შვილს არწმუნებდა, რომ, მიუხედავად რელიგიური
აღმსარებლობისა, მას სუფთა გული ჰქონდა და საიქიოში ბეწვის ხიდზე გავლისას ანგელოზები დაეხმარებოდნენ. ეს იმედი
მოჰყვება საათის
წიკწიკს წლების
შემდეგაც. ძველი, ნაცნობი საგანი
ახალ ფუნქციას იძენს, ფიზიკურად დაკარგულთან სულიერ
კავშირს აღადგენს.
რომანში
მეხსიერების აღდგენის მძლავრი საშუალებაა ფოტოები, რომლებიც ერთგვარ „ინტიმურ არქივს“
ქმნიან. ფოტოები ხანდახან ამოყვინთავენ ხოლმე რომანში და მოაქვთ ჩავლილი, გამქრალი
დროის სურნელი, ნოსტალგიის თანხლებით. მთხრობელი მამისა და დედის მოგონებებით აღადგენს
წარსულს, ხანდახან ამაში ფოტოებიც ეხმარება, თუმცა მას არ შეუძლია ფოტოზე ასახული მამის ფიქრების წაკითხვა.
ფოტო დახშული კარია, რომლის მიღმაც თვალს მოჰკრავ
წარსულს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღიქვამ. ფოტო დროს ყინავს, სუნთქვას აცლის, ამიტომაც
სევდისმომგვრელია ფოტოების თვალიერება. ფოტო წარმოაჩენს მამის გარეგნულ სახეს და არა
მის შინაგან სამყაროს. შესაბამისად, ძნელია გარკვევა, რა იყო წყარო სახეზე გამოხატული
ღიმილისა: თავისუფლება, შიში, იმედგაცრუება თუ სიყვარული. „ფოტოზე ვუყურებდი მამას,
რომელიც სხვა ადამიანთან ერთად იყო. მათ შორის რაღაც სიახლოვე ჩანდა. მაგრამ ვერ ვიტყოდი,
რა სახის მეგობრობა იყო, ძმობა, სიყვარული?“ (უტლუ, 2025, 71). ფოტო არ იძლევა გარკვეულ
პასუხებს, მხოლოდ მიანიშნებს მათზე. ამიტომ მთავარი და არსებითი ყოველთვის მიუწვდომელი
და დაფარული დარჩება. ფოტო იჭერს ჩავლილ წამს,
რომელიც აღარ არის და ვერასდროს
განმეორდება. მამის ფოტოები იდენტობის გარკვევის ირიბი გზაა, რადგან მამის ფოტოსეულ
სახეს იმას ეკითხება, რაც თვითონ აწუხებს და რაც საკუთარი ვინაობის გაგებაში დაეხმარება.
ფოტოები არა მხოლოდ მამის წარსულის გასაღებია, არამედ მისი საკუთარი მეს შეცნობის საშუალებაც. ის ეძებს მამასთან გარეგნულ მსგავსება-განსხვავებებს. მთხრობელი წუხს, რომ ფოტო ვერ გადმოსცემს, რას გრძნობდა მამა გადაღებისას? რატომ გადაიღო? ვინ იყო ფოტოს ავტორი? რაც ყველაზე მტკივნეულია: რის თქმა ვერ მოასწრო
შვილისთვის? ფოტოზე იყო ღიმილი, მაგრამ ვერ ხსნიდა, გულწრფელი იყო თუ რაღაცის შემნიღბავი. ფოტოზე მხოლოდ
იმ „რაღაცის“ კვალი ჩანდა. შვილი ცდილობს ამ „რაღაცას“ სახელი დაარქვას, მაგრამ ფოტო, გაჩერებული დროითა და დადუმებული ხმებით,
არასდროს გვაძლევს მთლიანად „წაკითხვის“ უფლებას. ფოტო ხსოვნის დუმილია და ამ დუმილის
სიყვარული. ფოტოები მნახველს სწორედ იმითაც
იზიდავს, რომ ბოლომდე არ ამხელს საიდუმლოს, რომელსაც ინახავს სამარადჟამოდ.
ფოტო, მართალია, ვერ ჰყვება ყველაფერს, მაგრამ
ამხელს იმდენს, რომ მისი თვალიერებისას გულში ჩაგეღვაროს
სითბო. ფოტო ასახავს არყოფნას, რომელიც იდუმალი ყოფნაა. ამგვარად, ფოტოები დროის ამონარიდებია,
რომლებიც მამის ფიზიკურად არსებობას ადასტურებენ,
მაგრამ მის სულიერ ცხოვრებას ვერ ხსნიან; შვილი
ამ ფოტოებით წარსულში შეღწევას ცდილობს, მაგრამ რაც უფრო დიდხანს აკვირდება,
მით უფრო ხვდება, რომ ბევრი რამ დარჩება დაუნახავი
და გაუცნობიერებელი. მიუხედავად ამისა, რომანში
ფოტოები მაინც წარსულის აღდგენის მნიშვნელოვანი მცდელობაა.
რომანში
ასოციაციური თხრობის პრინციპია გამოყენებული. მწერალს ამ გზით სურს გმირის ცხოვრების
არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, მეტაფიზიკური
დროის რუკა დახატოს. მთხრობელი არ გვიყვება ამბავს წარსულიდან აწმყოსკენ, არც პირიქით,
არამედ წარსული და აწმყო ერთმანეთს კვეთს, ავსებს. გმირს ზუსტად არ ახსოვს, თავისი
ცხოვრების ზოგიერთი ამბავი მამის ინსულტის
შემდეგ მოხდა თუ მანამდე, ამიტომაც თხრობის
დრო არ ემთხვევა რეალურ დროს. ეს არის დამახსოვრებული
დრო, რომელიც ემოციით, შეგრძნებებით მიმდინარეობს და არ ემთხვევა დროულ კალენდარს.
მთხრობელი
ხშირად ჩერდება ისეთ დეტალებზე, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოა ქრონოლოგიურად, მაგრამ
განსაზღვრავს გმირის შინაგან ცვლილებებს. მაგალითად, ეს იქნება, სურათი, მზერა, სიმღერა, გიტარის ხმები, ფერადი ფანქრები.
ეს დეტალები წარსულიდან წამოტივტივდება და აწმყოში იჭრება, ან პირიქით, აწმყო ნათდება
წარსულის ძველი კადრით. რომანში დროის მონაკვეთები
ერთმანეთს მიზეზ-შედეგობრივად კი არ უკავშირდება არამედ ემოციური ასოციაციებით: სიმღერის
მელოდია, მზის შუქი, წყლის ტალღა, გიტარის ხმა და სხვ. ავტორისთვის მნიშვნელოვანია
არა ის, თუ კონკრეტულად როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა, არამედ რა ცვლილება გამოიწვია ამან ადამიანში. რა გავლენა მოახდინა ამ მოგონებამ? თხრობის ერთგვარი წრიული სტრუქტურა კი ქმნის განცდას, რომ მოგონება კი არ ცოცხლდება, არამედ
ყოველ ჯერზე ხელახლა იწერება. მამა არასდროს
ამბობს პირდაპირ "მიყვარხარ", მაგრამ მთხრობელი ამ სიყვარულს მაინც კითხულობს.
ის თითქოს გამოუთქმელსაც აღიქვამს სწორედ ისე, როგორც ლაო-ძი "სიცარიელეში ფორმას"
ხედავდა. ამ დაქსაქსული დროის ფრაგმენტების ერთმანეთთან დაკავშირების გზით გმირი პიროვნულად იზრდება და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს.
მკითხველი თითქოს გაღებული სარკმლიდან იხედება მთხრობლის გულში, მის შინაგან სამყაროში.
ყურადღებას
იქცევს რომანის ეპიგრაფად ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის
„პატარა უფლისწულიდან“ აღებული ეს ფრაზა: „კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან
მოვიდა იგი ამ უდაბნოში“. ეს მკითხველს დააფიქრებს მამის წარსულსა და მის ცხოვრებისეულ
ფილოსოფიაზე. ამ ფრაზით იწყება ძიება, რომელიც უტლუს რომანის თხრობის მთელ სტრუქტურასაც განსაზღვრავს. უდაბნო მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა
და უპირველესად ცხოვრებას გულისხმობს. ეს არის მამის მარტოობის, გაუცხოებისა და სიჩუმის
სივრცეც. როგორც ეგზიუპერის მფრინავი ვერ მიხვდა, საიდან მოვიდა პატარა უფლისწული,
ასევე მთხრობელი ბოლომდე ვერ იაზრებს, როგორ
მოიცვა მამამ მისი სული, გული და გონება. „საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში“ _იდენტობის მთავარი
კითხვაცაა, რომელსაც შლეიფივით მოსდევს სხვა
კითხვები: ვინ არის, რა კაცია მამაჩემი? რა გზა გაიარა ჩემამდე მოსასვლელად? რა მოიტანა
თავისი უდაბნოდან ჩემს უდაბნოში? რა გამოჰყვა წარსულიდან, თურქეთიდან, ბავშვობიდან? დენიზ უტლუს მთხრობელი მთელი რომანის
განმავლობაში ცდილობს დააკავშიროს მამის უცნობი წარსული იმ ცხოვრებისეულ ფრაგმენტებთან, რომლებიც
თვითონ აქვს განცდილი. ეპიგრაფი კითხვად გადაქცეული
სულიერი რუკაა, რომელიც კითხვის პროცესში თანდათან
ფერადდება, გამოიკვეთება, მაგრამ ბოლომდე არ
ამოიხსნება. ეს ეპიგრაფი გამოხატავს მიგრაციისა და კულტურული გაორების გამოცდილებასაც და იმის იმედსაც, რომ შეიძლება ნაწილობრივ
მაინც ჩავწვდეთ ჩვენს ძვირფას ადამიანთა ბედის ხლართებს და მათთან მიჯაჭვულობის, სიყვარულის
არსს. ეპიგრაფსა თუ რომანის სხვა საკვანძო ფრაზებით აღძრულ კითხვებს შეიძლება სრულყოფილად
ვერ ვუპასუხოთ, მაგრამ მთავარი ის ფიქრის ნაკადებია, რომლებიც რომანის კითხვისას ჩნდება
და გვიბიძგებს საგნებსა და მოვლენებში ჩაღრმავებისკენ.
მწერალი წერს, რომ ხშირად რომანის გმირებს ისე იხსენებს, როგორც ნამდვილ ნაცნობებს
და ვეღარ გრძნობს, რა განსხვავებაა წიგნის პერსონაჟებსა და რეალურ ადამიანზე მოგონებას
შორის. მისი აზრით, წიგნის ბოლო ფურცელი ადამიანის ცხოვრების უკანასკნელ
საათს ჰგავს. „თუმცა წიგნის ხელახლა წაკითხვა და მის გმირებთან შეხვედრა კვლავ შეგიძლია,
რეალური ადამიანი კი მხოლოდ მოგონებებში რჩება“. მამამისთან დაკავშირებით კი შიშობს,
რომ მეტს ვეღარაფერს მოიგონებს და უკანასკნელი გვერდის ჩათავების შემდეგ მამა საბოლოოდ
მიატოვებს: „ნუთუ მოახლოებულია მომენტი, როცა მოგონებების ამ წიგნის წაკითხვით ჩემი
უმამობა სრულფასოვანი გახდება... რამდენჯერ
ან რა სახით შემიძლია ჩემში მოგონებების გამოხმობა?“ (უტლუ, 2025, გვ. 157). ეს
უპასუხო კითხვაა.
მამასთან ურთიერთობის სიღრმისეული
კვლევისა და გააზრების მცდელობა გმირს დედასთან დამოკიდებულებაზე ჩააფიქრებს. სარტრის
რომანის, „სიტყვების“ კითხვისას ის ამ ფრაზასაც მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას,
რომელიც მის გამოცდილებას ასახავს: „მამის სიკვდილის მერე სარტრი აღარავის არ უნდა
დამორჩილებოდა. გარდა ამისა, ის გათავისუფლდა ეჭვებისგან, აგრესიისგან, დედა ახლა მხოლოდ
მას ეკუთვნოდა“ (უტლუ, 2025, გვ. 144). აქ ფროიდისეული „ოიდიპოსის კომპლექსის“ ანარეკლიც
შეიძლება დავინახოთ.
ისევე როგორც მთხრობელს, მამამისსაც
ცხოვრების გზაზე უამრავი ადამიანი შეხვდა, რომელთაც თავიანთი კვალი დატოვეს სულსა თუ
მოგონებებში. ერთი ასეთი ადამიანია ქართველი ახალგაზრდა მეზღვაური ფეჰმი, რომელსაც
ზეკი (მამა) გემზე ყოფნისას დაუმეგობრდა. ფეჰმი ფანდურზე უკრავდა და გულშიჩამწვდომად
მღეროდა. ფეჰმი მისი სევდიანი ისტორიების გამზიარებელი და თანმგრძნობელი გახდა.
გმირს საკუთარი თუ მამის იდენტობის
გარკვევაში მხატვრული ლიტერატურაც ეხმარება. მაგალითად, გრაფი მონტე კრისტო (დიუმასეული
„ჩაკეტილი კაცის სინდრომით“) მამამისს აგონებს:
„გრაფი მონტე კრისტო განდევნილი იყო. უსამართლოდ წაართვეს სიყვარულიცა და ახალგაზრდობაც.
მარტო დარჩა, სამოგზაუროდ წავიდა და ახლა საზოგადოებაზე შურის საძიებლად დაბრუნდა“
(უტლუ, 2025, გვ.171). გმირის ცხოვრებას ავსებდნენ და ამრავალფეროვნებდნენ წიგნები
(მათ შორის, მაქს ფრიშის „შტილერი“, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“,
ჟან-პოლ სარტრის „სიტყვები“, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“, ალბერ კამიუს „უცხო“, პაულ
ცელანის ლექსები და სხვ.) ლიტერატურული ნაწარმოებები სწორედ იმ ტკივილს ასახავენ, რომლებიც
თან მოჰყვება შინაგან ტრანსფორმაციას, საკუთარი თავის შემეცნებას და არსებობის გამართლების
ძიებას.
რომანი
უამრავ საფიქრალსა და კითხვას აჩენს, რომელთა პასუხებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე
მოიძებნება. სიცოცხლე ლაბირინთია და მასში რომ არ დავიკარგოთ, ახლობელი ადამიანები
თავიანთი ხილული თუ უხილავი მეგზურობით გვეხმარებიან.
ამ რომანით შვილი ქმნის სამყაროს, რომელშიც
მამის ხმა, სავსე ტკივილით, ნოსტალგიითა და სიყვარულით, მარადიულ
ექოდ გაისმის.
გამოყენებული
ლიტერატურა
ლაო-ძი
„დაო დე ძინი“, თარგმნა ლერი ალიმონაკმა. გამომცემლობა
„საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983
რობაქიძე გრ. „გველის პერანგი“, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი,
1991
უტლუ
დ. „აღარასოდეს იქნები მარტო, მამა“, გერმანულიდან თარგმნა მაია პეტერ-მირიანაშვილმა, გამომცემლობა „იბისი“, თბილისი, 2025
Maia
Jaliashvili
The Dialogue of Silence and Memory: Gradations of the Father-Son Relationship (on Deniz Utlu's novel "You Will Never Be Alone, Father")
Abstract
This
paper offers a close literary analysis of Deniz Utlu’s novel „You Will Never Be
Alone, Father“, exploring the complex relationship between a son and his dying
father through themes of silence, memory, identity, and inheritance. The
narrative is shaped by a fragmented structure that mirrors the son’s inner
search for meaning and belonging. The father, mostly silent and emotionally
distant, becomes a central figure through absence rather than presence — a
presence that lingers in photographs, gestures, and incomplete stories. Drawing
on philosophical reflections and literary intertexts, including works by
Antoine de Saint-Exupéry, Max Frisch, Franz Kafka, and Paul Celan _the paper
examines how literature and language help the narrator articulate the inarticulable.
Water, swimming, and the sea function as metaphors for transformation and
self-knowledge, while photography serves as a silent archive of unknowable
pasts. The essay ultimately argues that the novel’s power lies in its capacity
to portray intimacy through quietness and rupture, and in its insistence that
identity is shaped not only by what is said, but by what remains unsaid.
Keywords: Deniz Utlu;
Memory, Identity, Literary Inheritance
No comments:
Post a Comment