Translate

Sunday, October 31, 2021

ცხოვრების გამოცანები (პაულუს ჰოხგატერერის რომანი „სიცოცხლის სიტკბოება“)






ცხოვრება სავსეა ათასგვარი ხიფათითა და დაბრკოლებით. ბავშვობიდანვე ეჩვევა ადამიანი სამოთხისა და ჯოჯოხეთის ერთდროულ არსებობას. ყველა სიხარული და ტკივილი ილექება ქვეცნობიერში და სხვადასხვა გზით ვლინდება. პიროვნების ჩამოყალიბებაზე კი ბევრი რამ ახდენს გავლენას: ოჯახი, გარემო, პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული მოვლენები. გაუცხოება, უსაზრისობა, თაობათა ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული, მეგობრობა, სამსახური, წარსული, აწმყო და მომავალი _  სწორედ ამ თემებს უტრიალებს თანამედროვე ავსტრიელი მწერალი პაულუს ჰოხგატერერი თავის გახმაურებულ რომანში „სიცოცხლის სიტკბოება“. ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეების მხატვრულ გამოსახვას ისიც უწყობს ხელს, რომ ავტორს ფსიქიატრიული გამოცდილებაც აქვს.  იგი რამდენიმე რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია. მისმა ამ რომანმა კი  ევროსაბჭოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.

რომანს ეპიგრაფად უძღვის ჯონ ლოკის სიტყვები: „რადგან ბავშვებში შიშის გამომწვევი მთავარი მიზეზი ტკივილია, შიშისა და საფრთხის წინააღმდეგ გამოწრთობისა და შეიარაღების საუკეთესო საშუალებაა, შევაჩვიოთ ისინი ტკივილის ატანას“. შიშისა და ტკივილის სპექტრი კი მრავალგვარია. განსაკუთრებით მძაფრი და ამოუხსნელი სიკვდილთან შეხვედრაა. რომანის მხატვრულ განზომილებაში გაშლილია, რეალური და მეტაფიზიკური საფრთხეები რა გავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე. სხვადასხვა სიუჟეტური ხაზი, რომლებსაც ავითარებენ და ამდიდრებენ განსხვავებული პერსონაჟები, თავს იყრიან ცენტრალური ამბის, მკვლელობის, ირგვლივ.

რომანის პოსტმოდერნისტულობა მჟღავნდება, უპირველესად, ორმაგ კოდირებასა და თხრობის რაკურსთა ცვალებადობაში. ნაწარმოების სტრუქტურა კოლაჟურ-მოზაიკურია, სხვადასხვა პერსონაჟთა ამბების ნაკრებია.  რომანს საინტერესო კომპოზიცია და სტრუქტურა აქვს, თავების სახელწოდებად გამოტანილია რიცხვები_0-დან  23-ის ჩათვლით, ყოველ თავში განსხვავებული პერსონაჟები ჩნდებიან, თავიანთი ისტორიით, სიხარულითა და ტკივილით, თავგადასავლებით, შეხედულებებით. ისინი თავიანთი გეოგრაფიულ-სივრცული არეალით დაკავშირებული არიან კრიმინალურ დრამასთან. ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ  გიმნაზიის მასწავლებელს კლასში 23 მოსწავლე ჰყავს, ყველა ბავშვი სხვადასხვა ბუნების, ინტერესებისაა. არავინ იცის, რა ელით, რა გამოცანებს უმზადებთ ცხოვრება,   ზოგი ამოხსნის და თავისუფლების გზას აირჩევს, ზოგი  ვერა და ფსიქოპათად იქცევა. ამ ბავშვებს შორის არიან რომანის უცნაური პერსონაჟებიც:  კატარინაც და ბიორნიც.  ყურადღებას იქცევს მწერლისეული თხრობის მანერაც: ავტორისეული და  პერსონაჟთა თხრობა ერთმანეთს გადაეწვნება და, ამგვარად, მკითხველს ექმნება მოვლენათა თანადამსწრეობის ეფექტი.

რომანი საოცრად კინემატოგრაფიულია, მონტაჟური ტექნიკით, ახლო და შორი ხედების მონაცვლეობით მკითხველი დეტალურად აღიქვამს პერსონაჟთა სახეზე აღბეჭდილ უმცირეს მოძრაობას, ემოციურ განწყობასა თუ გარემოს ცვალებადობას.

მწერალი დეტექტიური ამბის თხრობით, თანმდევი სასპენსებით გამუდმებულ დაძაბულობაში ამყოფებს მკითხველს. გამოძიების პროცესში მკითხველი გრძნობს, რომ პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს დამნაშავე.  თანვე, ზედაპირულად და  ქვეტექსტურად, ამ „გამოძიებასთან“ ერთად, მკითხველის ფიქრის ნაკადები მიემართება თითოეული პერსონაჟის სულის სიღრმეებისაკენ. მწერალი ახერხებს ყოფითი დრამების ეგზისტენციალურ ჭრილში დანახვასა და გამოხატვას. ამგვარად, იგი თანამედროვე „აბურდულ“ სამყაროში გამძაფრებულ გაუცხოების ტკივილს გამოხატავს. რომანის ერთ ეპიზოდში ვკითხულობთ: „მინდა მოვეხვიო, გულში ჩავიკრა“, _ გაიფიქრა ჰორნმა. უკვე იცოდა, რომ ამით დიაგნოზიც დასვა _ დეპრესია. ამ დროს პაციენტს წამალს უნიშნავენ. არადა დეპრესიულის ერთადერთი სურვილია, გულში ჩაიკრან“. ჩახუტება,  სითბო, გულწრფელი თანაგრძნობა, სიყვარული აკლიათ ადამიანებს.

რომანი ქალაქგარეთ ოჯახური მყუდრო გარემოს აღწერით იწყება, ეს ერთგვარი პრელუდიაა. 86 წლის  ბაბუა და შვილიშვილი, შვიდი წლის გოგონა კატარინა, ერთმანეთს ეთამაშებიან. შვიდი სიმბოლურად ბავშვობის ციკლის დასასრულის მაუწყებელია.  მწერალს ბავშვი ამგვარად გამოჰყავს „სამოთხიდან“ და ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთში შეჰყავს. ეს თამაში თითქოს თავიდანვე სიმბოლურად მიანიშნებს ცხოვრებისეულ დიდ თამაშზე, რომელშიც ასევე  გაგორდებიან კამათლები,  მოთამაშეებსაც  ან გაუმართლებთ ან არა, როგორც რეალურ ყოფაში. ეს ერთგვარი ნულოვანი საწყისია, ზამთრის სითეთრის ფონით, საიდანაც შემდეგ სხვა რიცხვები და ფერებად დაშლილი პერსონაჟები წამოიშლებიან. პირველსავე თავში იკვრება თხრობის კვანძი, ბავშვის ოცნებისეულ, ლამაზ, ლაღ, წარმოსახვებით სავსე სამყაროში სიმახინჯე შემოიჭრება. გოგონა ეზოში მკვდარ ბაბუას პოულობს, რომელსაც თავი გასრესილი აქვს.  გოგონა მკვლელობის მთავარი მოწმეა, პირველად მან ნახა მოკლული და ამან თავზარი დასცა, დაადუმა.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ  მკვლელობა 26 დეკემბერს მოხდა, საშობაო დღეებში.  ამ დროს ხომ სამყაროში  განმეორდა მისტერია, ქრისტე დაიბადა, რათა სამყაროში სიყვარული და სიმშვიდე კვლავ აღორძინდეს, თანამედროვე ადამიანის ქაოსურ არსებობას ცოტა ხნით მაინც აზრი და მნიშვნელობა შესძინოს, ხანმოკლე საშობაო რიტუალებით ადამიანი საკრალურს, მარადიულს აზიაროს. ადამიანებს, ყოფით წვრილმანებში ჩაკარგულთ ხელიდან უსხლტებათ მთავარი.  სიმბოლურია კრიმინალური პოლიციელის, კოვაქსის რჩევაც: „გაითავისუფლეთ თავი ფიქრებისგან და, უბრალოდ, დააკვირდით გარემოს. ნურაფერზე გაამახვილებთ ყურადღებას და სწორედ მაშინ დაინახავთ ყველაზე მნიშვნელოვანს“.

შემთხვევითი არც ის არის, რომ ერთი პოლიციელი შემდეგ, მსხვერპლის დანახვისას, იტყვის: „როგორ ჯვარცმულივით წევს“. ყოველი მკვლელობა და სისასტიკე ქრისტეს ჯვარცმის მისტიკური გამეორებაა, ღვთის წამებაა. კრიმინალურ პოლიციელსაც, ლუდვიგ კოვაქსს, რომელმაც დანაშაულ უნდა გახსნას, ჯვარცმული წამებულები გაახსენდა.  რამდენიმე ეპიზოდში საეკლესიო სივრცეც იხატება. ადამიანები ღვთის შემწეობას მოელიან, თუმცა სახარებისეული ამბები და ფრაზები თითქოს ცოცხალ ზემოქმედებას ვეღარ ახდენენ ადამიანებზე. თითქოს ღმერთი აკაკუნებს მათი გულის კარებზე, მაგრამ ისინი ჩაკეტილან თავიანთი ეგოს სამყაროში და შიშით ვეღრც ამ კაკუნს გრძნობენ და რომც გაიგონონ, გულის კარის გაღებისთვის თითქოს არც ძალა და არც რწმენა არ ეყოფათ.  

რომანი მკითხველში ბევრ კითხვასა და დიდ საფიქრალს აღძრავს, პასუხების ძიებაში კი საკუთარი თავის შემეცნების გზაზე დგება და სულის სიღრმეებისაკენ მიემართება.  მთავარი ამბები გოგონასა და ამ მკვლელობის გარშემო ტრიალებს.   სიუჟეტური თვალსაზრისით, ორ ძირითად კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რა დაემართა გოგონას, რომელიც ამ ამბის შემდეგ ხმას არ იღებს და ვინ მოკლა მისი ბაბუა, სებასტიან ვილფერტი, ერთი უბრალო მოხუცი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა. თითქოს დროთა კავშირიც დაირღვა, როგორც ჰამლეტი იტყოდა.

მწერალი რომანში  ყველა პერსონაჟის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნის. ერთ-ერთია ზემოთ ნახსენები რომანტიკოსი პოლიციელი კოვაქსი, რომელსაც  უყვარს ვარსკვლავებზე ტელესკოპიით დაკვირვება. ერთი თანამშრომელი იტყვის: „ჩემი შეფი ვარსკვლავთმრიცხველი გახდაო“. მისთვის არც ის იყო სულერთი, რომ მისი კოლეგები ამით წამდაუწუმ აღიზიანებდნენ. ერთხელ სტრეკმა ჰკითხა: „მაინც, რისთვისაა კარგი საათობით ტელესკოპში ყურებაო“. მან უპასუხა: „ღმერთს ვეძებ - ამისთვისაა კარგიო“. ყველას ენა ჩაუვარდა. ამის მერე აღარც არაფერი უთქვამთ“. ესეც სიმბოლურად აღიქმება. ღმერთს აღარავინ ეძებს და, რაღა თქმა უნდა, არც მისი სამსჯავროში ეიმედებათ, ამიტომ ადამიანებში გახშირდა მანიაკალური დეპრესიები.

თხრობაში ნელ-ნელა იჭრებიან ახალი პერსონაჟები, თავიანთი ყოფით, ფიქრებით. ეს კი ამბებისა და მოვლენების  ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ჭრილებს ქმნის, რომელთა საშუალებით იცვლება მატერიალუ-სულიერი გარემო და დრო. ყველა პერსონაჟს თავისი საფიქრალ-სატკივარი აქვს. ასეა ექიმი ფსიქიატრი ჰორნიც, რომელიც გაუცხოებულია სამყაროსგან, ამბობს კიდეც: „თავს შინ ვერსად ვგრძნობ“. მისი აზრით, მხოლოდ სიყმაწვილეშია ადამიანი ბედნიერი, „როცა შინაგან თავდაჯერებულობას გრძნობს და ჰგონია, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლია“. საავადმყოფოს სივრცე მწერალს იმისთვის შემოაქვს, რომ პაციენტთა ისტორიებით ადამიანური ყოფის სპექტრი გაამრავალფეროვნოს. ეს ათასგვარი ცხოვრებისეული მიზეზით ფსიქიკადარღვეული ადამიანები, უცნაური ვნებით, იდეით შეპყრობილი, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციებით გონებაარეული და გაუბედურებული ადამიანები მისგან მოელიან შველას.   აქ არის ახალგაზრდა პაციენტიც, რომელიც „ამტკიცებდა, რომ მისი ახალდაბადებული გოგონა ეშმაკი იყო“. სტუდენტი ჰაიდემარია, რომელსაც „დეპრესია უტევს“ და თვითმკვლელობის მეთოდებზე ფიქრობს. „იცით, ყველაზე საშინელება რა არის? _ განაგრძო ჰაიდემარიამ ცოტა ხნის შემდეგ, _ როცა ადამიანი გრძნობს, როგორ კარგავს თავს. იმას, რაც კარგი გგონია შენში, ბოლომდე რომ გამოგწოვენ. და ბოლოს, ადამიანისგან რჩება მხოლოდ ცარიელი ტომარა, სხვა არაფერი“.

წარსული ტრავმები რომ არ იკურნება, ეს კარგად წარმოჩნდება, მკვლელის ამბითაც. იგი  ჰორნის პაციენტთაგან ერთ-ერთია,  77 წლის იოახიმ ფუქსი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. იგი ჯერ ფოსტალიონად მუშაობდა, მერე მეფუტკრეობამ გაიტაცა.  ის ჰყვება ამბავს ფუტკრების ტკიპის შესახებ და მერე ამას ასე აზოგადებს:  რაღაც მწერია. კეფაში ჩაგაფრინდება, გამოგწოვს სისხლს და დაგასახიჩრებს, _თქვა იოახიმ ფუქსმა. ძალიან გადაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.“ რომანის თავში ,„ოცდაორი“ რომ ჰქვია, ფოქსი თვითონ ჰყვება მკვლელობის ამბავს. იგი  დაწვრილებით ჰყვება ჩადენილი სისასტიკის შესახებ, რომელიც მისი ძველი ჭრილობის მალამოდ იქცა. როგორც ირკვევა, მეორე მსოფლიო ომის დროს ის პასიურად მონაწილეობდა უდანაშაულო ადამიანების დასჯაში. მისმა ძმამ კი მის თვალწინ, უფროსის  ბრძანებით, ერთი ოჯახი დაარბია მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვის ნახატებს შორის თეთრი დროშა დაინახა.  მამა_შვილი ჩამოახრჩვეს. ძმამ ამ ამბის შემდეგ თავი მოიკლა. თვითონაც წლების მერე, არაერთხელ სცადა თავის ჩამოხრჩობა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებამ აქცია ის ჰორნის პაციენტად: „დიდხანს ვიფიქრე, იქნებ მეც ასე მოვქცეულიყავი. საქმე ისაა, რომ ნახევარიღა დავრჩი. იმის სახე, ვინც ეს ბრძანება გასცა, ყოველდღე თვალწინ მედგა. თანაც ვიცოდი, სად შემეძლო მისი პოვნა. ერთხელაც უკან მივდიე. ვერ მიცნო. მისთვის მხოლოდ ერთი უცნობი ვიყავი, შავი ჩანთით...“. როგორც ჩანს, ის უცნობი ფაშისტი მოკლული მოხუცი სებასტიან ვილფერტი იყო. ექიმს სჯერა, „პოსტტრავმული სიმპტომები შეიძლებოდა ათწლეულების შემდეგაც ამოტივტივებულიყო. თანაც უფრო ძლიერადაც კი“.

მწერლის აზრით, დრო ტკივილს ვერ აქრობს, არსებობს სულიერი ტრავმები, რომლებიც არასდროს იკურნებიან. განსაკუთრებით სახიფათო ძალადობის  ეპიზოდებია, რომლებიც ამახინჯებენ სულს, ადამიანში სისასტიკეს ბადებენ. რომანის ერთ ეპიზოდში იოახიმ ფუქსი ექიმ ჰორნს გაყვითლებულ ფოტოს აჩვენებს, რომელზეც ფორმიანი  ყმაწვილი ჯარისკაცები აღბეჭდილიყვნენ:  „ორი ჯარისკაცი ისე ჰგავდა ერთმანეთს, ტყუპები გეგონებოდათ. ყველას აშკარად ეტყობა, უბედურად გრძნობენ თავს“, _ გაუელვა ჰორნს. წინ იდგა ერთი ვიღაც, რომლის სახეც აღარ გაირჩეოდა. მის ადგილას მხოლოდ თეთრი ლაქა ანათებდა. თითქოს ვიღაც ხელს ხშირად უსვამდა იმ ადგილს. ალბათ ფოტოების დათვალიერებისას საკუთარ თავს წარამარა თითებით ეხება და ამგვარად სურს ამ ფოტოდან თავისი სახის წაშლა... ჰორნს ესმოდა იოახიმისა, რატომაც სურდა იმ დროიდან საკუთარი თავის ამოშლა“.

რომანში ეკლესიის სივრცეც იხატება, სულიერი საზრდოსთვის მოცემული ადამიანები მატერიალურს ვერ აღწევენ თავს. „შეხეთ ღმერთის კრავს! იგი საკუთარ თავზე იღებს სამყაროს ცოდვებს“. მღვდელიც ტრავმირებულია, მამამ ბავშვობაში მიატოვა და რელიგიაში იპოვა შვება. ეკლესიაში ჯერ თერთმეტი ადამიანია და მერე მე-12 შეემატება.სახარებისეული ამბები და ციტატებიც ბუნებრივად ქმნიან ახალ სააზროვნო სიბრტყეებს და რომანის ქვეტექსტურ შრეებს აღრმავებენ. 

ექიმ რაფაელ ჰორნისა და მოკლულის შვილიშვილის, კატარინას,  გზებიც ამგვარად გადაიკვეთება.  ჰორნი ცდილობს საუბრებით გოგონა შოკიდან გამოიყვანოს და საბოლოოდ ახერხებს კიდეც ამას: „ბავშვის წინა ვიზიტი გაახსენდა. გოგონა შებოჭილი იყო. ინჰიბიცია - ესაა ფენომენი, რომელსაც ამოუხსნელი გაორება ან შიში იწვევს. შიში ბავშვებში სხვადასხვა სახით ვლინდება. ჰორნმა დაუშვა, რომ თავად იდგა მოხუცის წინ, რომელსაც ტრაქტორმა გადაუარა თავზე და მარტო ამის წარმოდგენამაც კი ენა წაართვა“.

რომანი პოლითემატურია. თანამედროვეობისთვის  სხვადასხვა აქტუალურ საკითხთა შორის წარმოჩნდება მოხუცთა თავშესაფრების თემაც, რომელიც  ადამიანთა გაუცხოების უფრო გამოკვეთს: „ავსტრიის მოხუცებულთა სახლები სიმახინჯის განსახიერებაა. კაცი სამართლიანი თუა, უნდა აღიაროს, რომ მოხუცთა თავშესაფრები შვეიცარიაში, გერმანიასა და ნორვეგიაშიც ასეთივე მახინჯია. თავად კი არ უნახავს. ისე, ნორვეგიაში ალბათ ყველაზე ნაკლებ, გერმანიაში კი, სავარაუდოდ, ასეა. უამრავი ჩარაზული აივანია. ეშინიათ, სკლეროზიანი მოხუცები არ გავიდნენ და არ გადახტნენ. შესასვლელში პალმები და უზარმაზარი ფიკუსები დგას, რომლებზეც ჯოხებზე ჩამოცმული ნაჭრის თუთიყუშები დაუმაგრებიათ“.

პერსონაჟთაგან ყურადღებას იქცევს  „ღამის მორბენალი“, ბაუერი, რომელიც გარემოს გამძაფრებული აღქმით გამოირჩევა, ის ამჩნევს  სირბილისას შემხვედრ და გაელვებულ შენობებს, აბრებს, ხეებს, ფანჯარაში გამკრთალ ადამიანებს, ფიქრებიც ასე თავბრუდამხვევად იცვლებიან. ეს სირბილი თითქოს თანამედროვე ადამიანის მთავარი განმსაზღვრელია, ამ სიჩქარეში სადღაც ეკლესიის გუმბათიც გაკრთება, როგორც სამყაროდან გასაქრობად განწირული სულიერების სიმბოლო. სტრიქონები სიმღერისა, რომელსაც პერსონაჟი უსმენს („ღამის მამა...“) კარგად ასახავს ადამიანის ბნელ ქვეცნობიერს, სულის უფსკრულებს: „თვალის დახამხამებაში ბილიკი წვრილ-წვრილ, მავთულისებრ ძაფებად იქცა და მის თავში ჩაიხლართა. სულ მალე ისიც კი გადაავიწყდა, რომ ამ შავ უფსკრულში ყველაფრის ნამსხვრევებად მქცეველი ეშმაკი სახლობდა“. ბაუერმა ექიმ ჰორნს უთხრა ერთხელ: „გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელ სხეულში ასაფეთქებლები მიწყვია და ერთ დღესაც ყველა ერთდროულად აფეთქდება“. კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა: დღედაღამ დარბოდა და თან თავისი აიპოდით მუსიკას უსმენდა.  იგი სხვას ადანაშაულებდა თავის ტანჯვაში. ჰორნმა სცადა წარმოედგინა, როგორ იდგა ბაუერი  კლასში და უხსნიდა მოსწავლეებს სივრცეში განზომილებების ამბებს. შიგადაშიგ კი ისეთ რაღაცებსაც ამბობდა, გაკვეთილს სულ რომ არ შეეფერებოდა.  ის წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არ არსებობდა არანაირი უკმაყოფილება, არანაირი ამბივალენტობა, არანაირი კონფლიქტი“.

რომანში საინტერესო პერსონაჟთაგან გამორჩეულია სულით ავადმყოფი ბიჭი, ბიორნი, ის მშობლებს, გარემოს თავისებურად აღიქვამს. უსიყვარულო გარემოა მათ ოჯახში. მისი ძმა დანიელ გაზელიკი „სიცარიელით ამოვსებულ თვალებიანი“ მოძალადეა,  რომელიც ბიორნს იარაღად იყენებს.  მასწავლებელი ასე  იხსენებს დანიელს: „თვალები მხოლოდ მაშინ თუ აენთებოდა, როცა კლასში ვინმე ტიროდა. გაახსენდა, როგორ დაუფლითა გვერდით მჯდომს დანიელმა წიგნები, როგორ ჩალეწა კარადის კარი. მასწავლებლებმა აშკარად შვებით ამოისუნთქეს, როცა მამამ მათი თხოვნით თავისი ვაჟი სასულიერო გიმნაზიიდან საშუალო სკოლაში გადაიყვანა. ახლაც თვალწინ ედგა თორმეტი წლის დანიელი, ერთხელ რომ უთხრა: „ყველა მღვდელი ჯვარს უნდა აცვან. ასე ამბობს მამაჩემი. მეც ასე ვფიქრობ“. დანიელი ფსიქოპათად ჩამოყალიბდა და სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ციხეს დაუსხლტა. დედას არ აინტერესებდა ბავშვის სწავლა-განათლება, მამა ფიზიკურად სჯიდა. ეს ოჯახური გარემო ხელლს უწყობდა მოზარდში ცხოველური ინსტიქტების გააქტიურებასა და სააშკარაოზე გამოტანას, მგლური კანონებით ცხოვრებას უნერგავდა. „სამყარო უსამართლოა, _ თქვა დანიელმა, - სამყაროსთვის აბსოლუტურად სულერთია, მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხარ თუ არა“.  ამიტომ, ამ ლოგიკით, თითქოს შურისძიება უნდა მთელ სამყაროზე. ბიორნს დანით მალულად  ქათმებს, იხვებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს, კატებს ახოცვინებს. ტრაქტორგადავლილი ფუტკრის სკები როცა ნახა კოვაქსმა, თქვა: „ალბათ ის აკეთებს ამას, ვისაც სიცოცხლის სიტკბოება აკლია“.   

რომანი ვერდის „აიდას“ ტრიუმფალური მარშის ფონზე მთავრდება. კოვაქსს მობილურის ზარად აქვს დაყენებული ეს მუსიკა.  იგი თაფლისფერ ტბას გაჰყურებს და ქარს ელოდება. სიმბოლურად, ქარი სულს განასახიერებს, რომელმაც ადამიანს სიცოცხლის სიტკბოება უნდა განაცდევინოს, რათა დაძლიოს საკუთარ არსებაში  ცხოველური საწყისი. თაფლისფერი კი იმ მკვლელ მეფუტკრეს უკავშირდება, იოახიმ ფუქსს,  რომელიც გოგონამ იცნო და ჰორნთან საუბარში  „თაფლის კაცად“ მოიხსენია. მკითხველს სჯერა, სიცოცხლის ნამდვილ სიტკბოებას მხოლოდ სული შეაგრძნობინებს ადამიანს, სული, რომლის გარეშე ყოველივეს აზრი ეკარგება. სიტკბო და სიმწარე კი ცხოვრების ორი ძირითადი „საყრდენია“.  

რომანი  შესანიშნავად თარგმნა ამ საქმეში  გამოცდილმა მაია პეტერ-მირიანაშვილმა და გამომცემლობა „იბისმა“ გამოსცა (2021 წელი). ქართველ მკითხველს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციებს.


წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=30991; ინტერერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 29 oqtomberi, 2021


 

 

 

 


No comments:

Post a Comment