Translate

Tuesday, June 21, 2016

პაემანი მზესთან (როსტომ ჩხეიძის წიგნზე „მზის საფეხურები“ )



 

                       მაია ჯალიაშვილი

              


ფერებითა და ექოებით სავსე სამყაროში შემოქმედი ცდილობს საზრისის პოვნას. იგი თანაბარი ინტენსივობით ენდობა რაციონალურ გზებსა თუ ირაციონალურ შეგრძნებებს, რათა თავისი კვალი აღბეჭდოს  მოუხელთებელ წუთისოფელში. პოეზია ისედაც იყო როსტომ ჩხეიძის განსხვავებული, უჩვეულო  სტილური მანერის მახასიათებელი. მისეული აღქმა ხილული თუ უხილავი სამყაროსი, რეალური თუ წარმოსახული საგნებისა და მოვლენებისა, პროზის ჩარჩოებშიც ავლენდა ავტორის ესთეტიზმს, ლექსისთვის ნიშნეულ სინატიფეს, მრავალფეროვან რიტმსა და შთამბეჭდავ ხატოვანებას. ამიტომაც ასე ლაღად და მსუბუქად შექმნა ლექსები პროზად _ მზის საფეხურები. აქამდე უიტმენის, ელიოტის, ვერლენის გამორჩეული თარგმანებიც  მოწმობდნენ ორიგინალური ტექსტიდან  პოეტური სტრიქონების გადმოთარგმანების მის განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარს.

მისი სურვილი თუამბიციური ოცნება, როგორც ბოდლერი იტყოდა, “პოეტური პროზის სასწაულის შექმნისაწარმატებით ასრულდა და მკითხველს მიეწოდა ავტორისეული ფიქრები, განცდანი და ვნებანი, სიხარული და ტკივილი, იმ წამის ანასხლეტები, სივრცისა და დროის მიღმა რომ დაბორიალობენ დავიწყებული ჩრდილებივით და გამოხმობას, გახსენებას ელიან.

მკითხველს თვალსა და გულს მოსტაცებს ამ იმპრესიონისტული ჩანაწერების მშვიდი ფერადოვნება, ღრმა ფილოსოფიურ-რელიგიური ფიქრების სიმბოლურ-მეტაფორული, თანვე მსუბუქი, ჰაეროვანი და სევდიანი სამოსელი, შორეთში გაელვებული წამის ექსტაზის პოეტურ პროზაში მოხელთების ავტორისეული ოსტატობა. შეიძლება დაკარგული დროის პოვნა? აქაც მარსელ პრუსტისეული მეტაფიზიკური გამოცდილებით, ლაზარესავით აღდგებიან მკვდარი და დავიწყების სასაფლაოზე დამარხული წარსულის სურათები და ავტორის იდუმალ შეძახილზე _ “გამოვედ გარეთ” _ პოეტურ სახეებად გამოეფინებიან.

მზის ხილული და უხილავი ღვარებით სავსეა სტრიქონები. მზის ნატეხებად მიმობნეულან პროზით დაწერილი ლექსებიცხოვრებისეული და სამყაროსეული ხმებითა და სურნელით სავსე პერგამენტებიმკითხველმა   ავტორის სულის პალიმფსესტებივით რომ უნდა წაიკითხოს და შეიგრძნოს მისი გულის ჭიდილის ამბები.

გრიგოლ რობაქიძეს არ დაუწერია რომანიმზის ნარქენი”, მაგრამ სწორედ ასე დაარქვა ერთ თავსგველის პერანგში”, რომელშიც მზის რქენა სიყვარულის ყვავილობის, სიყვარულის თავბრუდამხვევი პაემნის ნიშანია. როსტომ ჩხეძისმზის შვილებიცგვახსენდება, მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, რომელშიც მზის მითოლოგიურ-რელიგიური, სიმბოლური და მეტაფორული სახეები პოეტური გზნებით არის გადმოშლილი.

ამ ლექსებში შეხვდებით მგრძნობიარე, წარმოსახვასა და რეალობის ზღვარზე მოქანავე ლირიკულ გმირებს, ავტორის ალტერეგოებს, რომლებიც განცდების მრავალფეროვნებით, სიღრმეებითა და დრამატიზმით, ენათესავებიან ეგზიუპერის პატარა მეოცნებე უფლისწულს, მეხდაცემული ფუღუროსთვის მინდობილი ფანტასტიკური ამბებით, უიტმენის პოეზიის კოსმოსთან წილნაყარ ლირიკულ გმირს, ბალახის ფოთოლთა მუსიკას რომ უსმენს, “ვეფხისტყაოსნისავთანდილს, სიმღერით ქვასაც რომ აუთრთოლებს გულს, სერვანტესის მწუხარე სახის რაინდ დონ კიხოტს, ვაჟას მინდიასავით ყვავილებთან მოლაპარაკეს  და... ლიტერატურულ სივრცეშიუნათესავოგუგუნას, ხე რომ გადაარჩინა მასზე ღვთისმშობლის ხატის დაკიდებით და ამგვარად ხე ტაძრად, ღვთის საკურთხევლად აქცია.

ავტორი თითქოს ვერ ეგუება ბედისწერისაგან წუთისოფელში შემოგზავნას, არღვევს ყოფის საზღვრებს და სიტყვის ჯადოსნობით პერსონაჟად გადაიქცევა. ყოველ ლირიკულ გმირში მოჩანს გარდასახული ავტორი, რომლისთვისაც ეს ლექსები, ისევე, როგორც მისი სხვა ნაწერები, საკუთარი თავის, სამყაროსა და ღვთის შემეცნების გზებია. ამ გზებზე გაიყოლებს ის მკითხველსაც და საოცარ პოეტურ სანახებს აზიარებს.

მზე _ სამყაროს ყველაზე ამოუცნობი საიდუმლო _ ავტორისთვის ყოფის მისტერიებში გზის გამკვლევად ქცეულა, სწორედ მისი ბილიკების აღმოჩენა დააძლევინებს წუთისოფლის კარნავალურობას, მზის უსაზღვრო საფეხურებს მიჰყვება და გრძნობს, როგორ განიძარცვება თანდათან მიწიერი სხეულისაგან და სული გრძნობს ჭეშმარიტ თავისუფლებასთუმცა ჯერ მხოლოდ წარმოსახვით, მაგრამ ეს იდუმალი შეგრძნება მას ეხმარება სიკვდილის შიშის დაძლევაში. სწორედ ეს შიში უბიძგებს, უკან მოიხედოს და ყველა შეგრძნება, რომლებმაც მისი სულის უშორესი სიმები შეარხია, დავიწყებას გადაარჩინოს. ბავშვობის უმანკო და დაულაქავი წიაღიდან ამოზიდოს ხილვათა დარი მოგონებები და სიტყვების ყოვლისშემძლე ძალით, მისი მაგიითა და ჯადოსნობით გარდაქმნას წარმავლობა, მარადისობის გრილ სანახებს შეეფაროს ცხოვრების უდაბნოების სიცხისაგან გათანგული.

ამ ლექსების ლირიკული გმირისთვის სამყარო, დედამიწა, სხეული ქცეულა მცირე თუ დიდ სატუსაღოებად, პლატონისეულ გამოქვაბულებად და მისჯია სამუდამოდ მობორიალე ჩრდილების დევნა, თუმცა არ შეგუებია ტყვეობას და ოცნებას გაჰყოლია ნამდვილი მზის აღმოსაჩენად, იაკობის კიბეც დაულანდავს ზეცამდე მიწვდენილი, ზედ ამავალ-ჩამავალი ანგელოზებით და მთელი სისავსით შეუგრძნია ხილულისა და უხილავის ერთიანობა. და თუ სადმე გზაჯვარედინი დაულანდავს, ყოველმხრივ დაღუპვის წინასწარმეტყველებით, კიდევ ერთხელ დარწმუნებულა ნიცშესეული მეტაფორის სიბრძნეში _ “ადამიანი უფსკრულს გადებული ხიდია”.

წიგნის ეპიგრაფად გამოტანილი აპოკალიფსის სტრიქონები საშიშ ექოებად ხმიანობენ: დამწიფებულ ყურძენს დაკრეფენ და საწნახელში ჩაწურავენ. “თვალი ჩასულია მტევანში”_ მზემ დაამწიფა, ამიტომაც გარბის ლირიკული გმირი მარანში და იქ თავახდილ ქვევრში კვლავ იხილავს სიზმარში დაკარგულ მზეს: “კიდეც ამოჭრილიყო იქიდან მზე, ტალღათა კამკამსა და ლივლივს ამოჰყოლოდა და ისე აბრდღვიალებულიყო, მარტო მარანი და კარმიდამო კი არა, მთელი სამყარო გადაენათებინა” (“მზე წყვდიადში”). თვითონაც ერთი ასეთი მტევანივით ჩაიწურება და ჩაიკარგება დავიწყების უფსკრულში, მაგრამ დაწერილი სიტყვები გადაარჩენენ, ეს სიტყვებივე დაათრობენ და კვლავ აზიარებენ სიცოცხლის მშვენიერებას.

მზესთან პაემანი ღმერთთან შეხვედრაა, ამიტომაც ასეთი ვნებითა და გატაცებით მიუყვება მის საფეხურებს, ბიბლიური სოლომონივით აქებს და ადიდებს საყვარელს, თავდავიწყებული მიჯნურივით დაეძებს მის ნატერფალებს. იცის, რომ ეს პაემანი დასასრულიც იქნება, მაგრამ მისი წყვდიადიდან ახალი, შუაღამის მზე ამოანათებს, უცნობი კარი შეიღება და თავისი გმირივით იხილავსვარსკვლავებით გადაჭედილ ზეცას გადაბრდღვიალებული მზის სივარვარეში”. მანამდე  კი  კვლავინდებურად მორჩილად მიუყვება მზის საფეხურებს... და კვალზე ტოვებს ამ მთრთოლარე სტრიქონებს, სიცოცხლის ქარაგმულ ანაბეჭდებს: “მარადისობის სუნთქვა რომ მოაქვს _ წამებად დაწნეხილი და მტევნებივით გულსავსე”.