Translate

Saturday, December 19, 2015

მწერლის შურისძიება

მაია ჯალიაშვილი




მხატვრული ლიტერატურა მრავალ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის, იმგვარსაც, როდესაც პერსონაჟებისა და მოთხრობილი ამბების გზით მწერალი შურს იძიებს იმ ადამიანებზე, რომელთაც რაიმე სახის ტანჯვა და ტკივილი მიაყენეს, დაამცირეს და შეურაცხყვეს. ეს შურისძიება თეთრი ფურცლების განზომილებაში უსისხლო და უმტკივნეულოა, თუმცა ავტორს ეხმარება ვენდეტაზე მტანჯველი ფიქრის ბორკილებისგან გათავისუფლებაში. მკითხველთა თაობები ჩხრეკენ და ეძიებენ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებით იმპულსებს, ბიოგრაფიის დეტალებს აანალიზებენ, ავტორის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს უკირკიტებენ და ამ გზით ცდილობენ მისი ჩანაფიქრის გაშიფვრას, თუმცა ბევრი რამ მაინც დაფარული რჩება. მკითხველს ისღა რჩება, მოთმინებით დაელოდოს იღბლიან „გამომცნობელს", თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი საიდუმლოებები არ აბრკოლებენ მხატვრული ტექსტის აღქმასა და გააზრებას, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველს უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს, მწერლის ხელნაწერებში ჩაკარგულ დაფარულ მნიშვნელობებს მოაქვთ სულ სხვაგვარი განცდა. როგორც სახარება ამბობს, არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს. მწერლებსაც დროდადრო შეიპყრობთ ხოლმე საკუთარი „ცოდვების" გამხელის სურვილი, მართალია, ისინი თავიანთ ნაკლს და ხინჯს პერსონაჟთა დაშიფრულ სახეებს აფარებენ, მაგრამ ხანდახან იმ საიდუმლოსაც უმხელენ ხოლმე მკითხველებს, თუ რა იყო ამა თუ იმ პასაჟისა თუ პერსონაჟის შექმნის იმპულსი.

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟია, რომელთა პროტოტიპების შესახებ თვითონ ავტორებმა დაგვიტოვეს ინფორმაცია. ზოგის შთაგონების წყარო კი მკითხველთა ინტერპრეტაციების საგანი გახდა.
ორჰან ფამუქი თავის წიგნში „სხვა ფერები" ერთ პატარა თავს სწორედ ამ თემას უძღვნის. ამ თავს „ლიტერატურული მართლმსაჯულება" ჰქვია. მწერალი იხსენებს ბავშვობაში ერთმა თანატოლმა ბიჭმა ჰასანმა როგორ ესროლა შურდულით ქვა და თვალთან გაარტყა. ფამუქი გაიზარდა და დაავიწყდა, როგორც იტყვიან, მაგრამ ასე არ მოხდა. ჰასანმა მის წიგნებში ამოყვინთა და ბოროტების განსახიერებად იქცა. მისი რომანების უმრავლეს ბოროტ პერსონაჟებს ჰასანი ჰქვიათ. მოსწავლეობისას ერთი მოძველბიჭო თანაკლასელი ჰყოლია, რომელიც დასვენებაზე ჩაგრავდა და აწვალებდა. იმ ბიჭი მსუქანი იყო და ამის გამო მუდამ ოფლიანობდა. წლების მერე, როცა მწერალმა უარყოფითი გმირები შექმნა, ეს ოფლიანობა დამღასავით გადასცა.
ფამუქი იგონებს, როგორ არ უყვარდა, როდესაც დედას ხორცის საყიდლად მიჰყვებოდა, რადგან საოცრად ეშინოდა ყასბებისა, რომლებიც დასისხლიანებული ხელებითა და დანებით სულ რაღაცას ატყავებდნენ, ჭრიდნენ და ანაკუწებდენ. მათზეც იძია შური: „ჩემს ნაწარმოებებში ყასბები უკანონოდ ხოცავენ ცხოველებს და სისხლიან, შავ-ბნელ საქმეებში მონაწილეობენ".
მწერალი ამგვარ შურისძიებას „უმანკო სამართლიანობას" უწოდებს. მკითხველმა ამ აღიარების შემდეგ უკვე იცის, თუ რატომ ხშირად არიან მის რომანებში უარყოფითი პიროვნებები ბანკირები, მასწავლებლები, ჯარისკაცები და უფროსი ძმები. ასე გარდაისახნენ ჯალათებად, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო დალაქები, რომლებიც პატარა ორჰანს უსულგულოდ ჭრიდენ თმას.
ცხენები კი განსაკუთრებით უყვარდა ყოველთვის, ამიტომაც მის ნაწარმოებებში ისინი „საუკეთესო როლებს" ასრულებენ. ისინი „მგრძნობიარენი, ფაქიზები, სევდიანები, სპეტაკები, და, ხშირ შემთხვევაში, ბოროტების მსხვერპლნი არიან".
„ბოროტებას მე მარტო ვებრძვი და ამას ძალიან ჩემეულად ვაკეთებ, ისე, რომ მკითხველი ვერც კი ამჩნევს და ამგვარ შურისძიებას ლამაზად მიიჩნევს! _ წერს იგი. მისი აზრით, ლიტერატურული სამართლიანობა თავის მწვერვალს საბავშვო წიგნების დასასრულსა და სათავგადასავლო კომიქსებში აღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გმირი ბოროტებას ამარცხებს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „ეს დარტყმა ამისთვის და ამისთვის... ეს კი ამისათვისო". მწერალი მკითხველს ამასაც გაუმხელს: „მე, როგორც რომანისტი, ერთ ასეთ ხერხს ვიყენებ: მანამ ვწერ ბოროტი ჰასანის ან ყასბის მიერ ჩადენილი ყოველი საზიზღარი საციელის შესახებ, სანამ მათ პანიკა არ მოიცავთ, ხელიდან დანას არ გააგდებენ და ატირებულები მაღაზიის დალაგებას არ დაიწყებენ. „გემუდარები, ძმაო, ასე მკაცრად ნუ მექცევი. მე ცოლ-შვილის პატრონი ვარ!".
თუმცა მწერალმა იცის, რომ შურისძიება შურისძიებას ბადებს. მის ნაწარმოებებში ავებად არიან გამოყვანილი ძაღლები, რომლებიც რატომღაც მას მთელი ცხოვრება დევნიან. რომანებშიც ასე დახატა, ისინი მწერალთა სულიერად ახლოს მყოფ გმირებს ყოველ კუთხე-კუნჭულში უსაფრდებიან და შიშის ზარს სცემენ. ძაღლებმაც თავისებურად იძიეს შური, თითქოს მისტიკურად იგრძნეს მწერლის შურისძიების შესახებ: „ორი წლის წინ რვა თუ ცხრა ძაღლმა „მაჩქა-პარკის" კუთხეში მიმიწყვდია და თავს დამესხა. გეგონებოდათ, ჩემი წიგნები წაკითხული ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ლიტერატურული სამართლიანობის სახელით მათ დასჯას ვითხოვდი, რადგან ისინი ხროვად დაეხეტებიან ყველგან, განსაკუთრებით სტამბოლის ქუჩებში".
მწერალი გარდა ამ სამაგიერო შურისძიებისა, სხვა რამეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ლიტერატურული მართლმსაჯულება სხვა საფრთხესაც შეიცავს, თუ თავის ნებაზე მიუშვი, შეიძლება არა მხოლოდ წიგნი, ნაშრომი, არამედ, თავად ცხოვრებაც კი დაგინგრიოთ: „შურისძიება ლამაზადაც შეიძლება. ამგვარმა შურისძიებამ შეიძლება მხოლოდ გაალამაზოს თქვენი წიგნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღაც ახლოს ყოველთვის ჩასაფრებულები არიან ძაღლები, რომლებმაც ხელოვანი ნებისმიერ წუთს შეიძლება მიიმწყვდიონ კუთხეში და თავიანთი ბასრი კბილები ჩაასონ".
ფამუქი ფიქრობს, რომ სწორედაც მკითხველი უბიძგებს მწერალს შურისძიებისკენ. მას სურს ცხოვრებისეული უსამართლობა მხატვრულმა სიტყვამ გადალახოს და დაძლიოს: „ისინი ელიან, რომ ხელოვანი ყოველთვის შურს იძიებს ბოროტებაზე".

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=315



Saturday, December 5, 2015

პიროვნება და მორალური მართლმსაჯულების ფენომენი

მაია ჯალიაშვილი


ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი  გოჩას“ მიხედვით

მორალური მართლმსაჯულების ფენომენი მრავალმნიშვნელოვანია. მისი არსი განისაზღვრება პიროვნების არჩევნით. პიროვნება მორალური მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი ფიგურაა.ოდითგანვე ადამიანური საზოგადოება ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ტრადიციების, ჩვევების, დაწერილი თუ დაუწერელი წეს-კანონების მიხედვით.

ადამიანი მორალური არსებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი, უპირველესად, იმ უზენაეს ზნეობრივ კანონებს ემორჩილება, რომლებსაც მას სინდისი კარნახობს.  ეს „კარნახი“ კი შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-კანონებს.

ბიბლიური წიგნებია ქართული კულტურის მასაზრდოებელი და ბუნებრივია ზნეობის მთავრი ორიენტირიც.

მორალური მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითია  სახარებისეული იგავი მეძავი ქალის შესახებ. იოსე ქრისტემ ხალხს, რომელმაც დასასჯელი მეძავი ქალი მიუყვანა, უთხრა, ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო. ვერც ერთმა ვერ გაბედა ქვის სროლა. ეს მეტყველებს ხალხის მაღალ ზნეობაზე. „ნუ განიკითხავთ“ _ სახარებისეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლებაა. ადამიანი სხვის ნაკლსა და ხინჯს უფრო იოლად ხედავს, ვიდრე თავისას, შესაბამისად, სხვის დასასჯელად დაუყოვნებლივ მზადაა, მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ჩახედვა და თვიდასჯა ემძიმება.

მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ამგვარი მაგალითებით. გავიხსენოთ მეფე ოიდიპოსი, დანაშაულის შეგრძნებისა და მისი გამოსყიდვისთვის თვალებს რომ ითხრის.

თვითდასჯა_ მორალური მართლმასაჯულების მთავარი გამოხატულებაა.

ამ შემთხვევაში, პიროვნება და საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს. საზოგადოებას ყოველთვის წარმოადგენს ვინმე _ მეფე, ბელადი, ხევისბერი თუ, უბრალოდ, ნდობით აღჭურვილი ადამიანი.

დამნაშავე შეიძლება დასაჯოს საზოგადოებამ გარკვეული ზნეობრივი შეხედულების მიხედვით, ან ადამიანმა დაისაჯოს თავი ამავე მიზეზით. ცნობილი ლინჩის წესი ადამიანთა მიერ ქაოტურ, ინსტიქტებზე დაყრდნობილ შურისძიებას გულისხმობს, რაც მიუღებელია ზნეობრივი ადამიანისთვის, ამიტომაცაა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანში სხვისთვის ნასროლი ქვა ეშმაკის ქვადაა მოხსენებული („ეშმაკის ქვა“).

ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება მდიდარ მასალას იძლევა ამ თვალსაზრისით  კვლევისათვის.

„ხევისბერი გოჩას“ მთავარი ზნეობრივი ფორმულაა: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“.  ეს გულისხმობს კერძო პიროვნების ზნეობრივ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, მამის, წინაპრების, გვარის, თემის, ერის წინაშე. პასუხისმგებლობათა ველი პიროვნულობის ზრდასთან ერთად ფართოვდება და მთელ სამყაროში გაიშლება.

„იდეალური ბედნიერება, აბსოლუტური ჰარმონია შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. ეს არის თავისუფლება, სამართალი, ადამიანური ღირსება, კეთილშობილება და სინდისი და თუ ძველი თემობა შესანიშნავი იყო, ეს არა იმის გამო, რომ იგი უზრუნველყოფდა ცალკეულ პიროვნებათა ბედნიერების აბსოლუტურ პირობებს, არამედ იმიტომ, რომ მასში შენარჩუნებული იყო ადამიანურობის ეს მაღალი პრინციპები“ (ასათიანი 2004: 196)

გერონტი ქიქოძე წერილში „ცხოვრება და ზნეობრივი იდეალი“ აღნიშნავს: „სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება თავისუფლებისა და სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის“.

ერთი მხრივ, დგას პიროვნება, თავისი მისწრაფებებით, სურვილებით, ვნებებით და, მეორე მხრივ, საზოგადოება, განსახიერება ტრადიციებისა, წეს-ჩვეულებებისა, წინაპრებისა.

ხევისბერ გოჩასაც და ონისესაც არჩევანი აქვთ გასაკეთებელი:  ხევისბერი გოჩას რჩევით, შვილმა არჩევანი უნდა გააკეთოს წარსულის სასარგებლოდ-მომავლისათვის, რომელშიც მას წილი არ ექნება. ონისემ უარი უნდა თქვას ძიძიაზე და საზოგადოებას ზნეობრივი საფრთხე არ დაემუქრება, სხვისი ოჯახი არ დაინგრევა, ცოლი ქმარს არ უღალატებს და ყველაფერი თავისი რიგით წავა. თუ ონისე დაუჯერებს მამას, ტანჯვის გზას აირჩევს, თუ არ დაუჯერებს, მაინც დაიტანჯება_ მართალია, ტანჯვის წყარო და მიზეზი სხვადასხვა იქნება, მაგრამ ეს სულიერი ტკივილის ხარისხს არ განასხვავებს.

ონისემ თეორიულად სწორედ მამის მითითებეული გზა აირჩია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყვა.  სასამართლომდე მან ჩადენილი დანაშაულისთვის (ძიძიასთან გატარებულმა ღამემ მისი მოძმენი შეიწირა) მორალურად დაისაჯა თავი, როდესაც მტერს მარტოდმარტო ეკვეთა. მაგრამ გადარჩა და თვითდასჯა ვერ განხორციელდა. სასამართლოზე, როდესაც მან  აღიარა თავისი დანაშაული, ფაქტობრივად, თვითმკვლელობა ჩაიდინა, ესეც მორალური მართლმსაჯულების გამოხატულება იყო, მას სინდისი არ აძლევდა ნებას, გაჩუმებულიყო. სინდისს, როგორც ილია ამბობს, პატარა ღმერთს,  ვერსად გაექცეოდა. ასე რომ, სანამ მამა მოუსპობდა სიცოცხლეს, მან ეს თვითონვე განახორციელა თეორიულად, ხევისბერის მოქმედება მხოლოდ პრაქტიკული განხორციელება იყო ამ განზრახვისა. მამა სწორად მიუხვდა შვილს და ამ მკვლელობით ის სულიერი სიკვდილისგან (შერცხვენილი სიცოცხლისგან) გადაარჩინა. ის ხმამღლა ამბობს ონისეს სათქმელს, როდესაც აღელვებული, აცახცახებული სათემო შეკრებაზე აცხადებს:

ის ამგვარად თავსაც ისჯის, მართალია აკაკის „გამზრდელივით“ არ იკლავს თავს, მაშინ გამოვიდოდა, რომ ვერ გაუგო შვილის გულის ძახილს, მაგრამ ესეც იგივე თვითმკლვლელობაა. ამიტომაც არის, რომ სასჯელის განხორციელების შემდეგ გოჩა ჭკუიდან იშლება და მალევე იღუპება.

რატომ მოკლა გოჩამ შვილი? იმიტომ, რომ ეხსნა ორივეს (თავისი და შვილის) სულები ტანჯვისაგან. მას, ამ შემთხვევაში, როგორც ხევისბერს, არ ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები  სამაგალითო დასჯისა _ (ხევისბერმა მამამ თემის კაცებთან შეუთანხმებლად (როგორც ცნობილია, ისინი გამოესარჩლნენ ონისეს) მოუსპო სიცოცხლე საკუთარ შვილს. ის მოქმედებდა, როგორც მშობელი (თავზე მეტად რომ უყვარდა შვილი) და ზრუნავდა მის მომავალზე. ამგვარი „ზრუნვა“ გასაგებია იმ კულტურის საზოგადოებისთვის, რომელიც აღზრდილია „ვეფხისტყაოსნის“ იდეალებზე,  „ნაძრახ სიცოცხლეს“ სიკვდილს რომ არჩევს.

გუგუამ, რომელიც ონისესავით ეჭვმიტანილი იყო ღალატში, თავი მოიკლა. მანამდე ის გოჩამ თემისგან მოკვეთა.ხევისბერმა  რატომ არ გამოუტანა მას იმგვარივე განაჩენი, ხომ ამბობს, რომ ისიც შვილივით უყვარს? ამ შემთხვევაში, არ  მოხდა მის გონებაში გუგუასა და მისი გულისთქმის იმგვარი შეხვედრა, ერთგვარ აფეთქებას რომ გამოიწვევდა.

გერონტი ქიქოძე ზემოთ დასახელებულ  წერილში წერს: „წინააღმდეგობა აუცილებლობასა და თავისუფლებას შორის იგივე წარსულისა და მომავლის წინააღმდეგობაა ადამიანის ხელში, ის დისჰარმონიის და ტრაგიზმის უდიდეს წყაროდ უნდა ჩაითვალოს“ (ქიქოძე  )

ამ წინააღმდეგობის ველი კი აწმყოა, რომელიც, მრავალთა აზრით, არც კი არსებობს, რადგან ყველწამიერად კვდება და იბადება.  აწმყო ტრანსფორმირდება წარსულად და, იმავდროულად _ მომავლად. ეს არის ყოველწამიერი გზაჯვარედინი, რომელსაც წარსულისა და მომავლის გზების გადაკვეთა ქმნის. სწორედ ამ გზაჯვარედინზე აღმოჩნდება ხოლმე პიროვნება, ერთგვარი „აფეთქების“ წერტილში, რომელიც მას უბიძგებს, ერთი შეხედვით, გაუგებარი, მოულოდნელი,  აფექტური გადაწყვეტილებისაკენ. სწორედ ამგვარ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა ხევისბერი გოჩა და მის გონებაში აუცილებლობისა და თავისუფლების შეჯახებამ საოცარი ენერგია გამოაფრქვია, ენერგია, რომელიც ერთდროულად სპობდა და აღორძინებდა სიცოცხლეს. ონისე მოკვდა და დაიბადა როგორც ლეგენდა, ისევე როგორც ხევისბერი მოკვდა და დაიბადა, როგორც ლეგენდა. სწორედ ამიტომაც აქვს ამ ამბავს ასეთი დიდი გამოძახილი ადამიანის გულში და  უფრო გასაგები ხდება კანტის ცნობილი გამოთქმა „პრაქტიკული გონების კრიტიკიდან“: ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით, რაც უფრო ხშირად და დაბეჯითებით ვაზროვნებ მათზე. ესენია ვარსკლავიანი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“.

უამრავი რამ დაწერილა ხევისბერ გოჩას საქციელის ასახსნელად, მათ შორის გამოვარჩევთ აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისს. მან ერთმანეთს შეადარა „ხევისბერი გოჩა“, პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“ და ნიკოლაი გოგოლის „ტარას ბულბა“. იგი წერს: „თუ ზნეობრიობის თვალით შევხედავთ ალ. ყაზბეგის, გოგოლის, პროსპერ მერიმეს აღწერილ შემთხვევებს, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლაა (ან შვილის მიერ მამის მოკვლა), მაგრამ ევისბერმა გოჩამ ძღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდისდაცემით. მან გონება დაკარგა. თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს სულიერ სამყაროში შვილისადმი თანაგრძნობის მისხალიც კი არ აღმოჩნდა“. „შვილის მოკვლით  მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რადგან ანადგურებს საკუთარ მომავალს, ეს ნათლად იხატება მოთხრობაში, როდესაც ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჟდება“ „მამამ, რომელმაც შვილი მოკლა,  დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი.  ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა. აკაკი წერეთლის გამზრდელი სჯის დანაშაულს, მაგრამ არ არღვევს არსებობის მარადისობის კანონს, წარსულის სახელით არ კლავს მომავალს“. „დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პრონციპით ცხოვრობს ადამიანი _ დანაშაულის გამოსყიდვისა თუ შურისგებისა? ცალკეული პიროვნება იქნბა თუ მთელი საზოგადოება, არ შეიძლება ცხოვრობდეს შურისგების პრინციპით. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა-პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. სიყვარულით შედუღაბებული საზოგადოება კი მტკიცეა და მომავლიანი.

„გამზრდელის“ პერსონაჟებისთვის პრინციპია შენდობა და დანაშაულის გამოსყიდვა. აკაკის აზრით, დანაშაულის ზნეობრივი გამოსყიდვა ადამიანს შეუძლია მონანიებითაც (საფარ ბეგი), პატიებითაც (ბათუ) და თვითდასჯითაც (ჰაჯი-უსუბი). შურისძიებით კი დანაშაული არ გამოისყიდება., მხოლოდ დანაშაულის ერთი სახეობა შეიცვლება მეორეთი. ამიტომ ჰაჯი-უსუბის ზნეობრივი პრინციპი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ხევისბერის, ტარას ბულბასა და მატეო ფალკონესი“ (ბაქრაძე 2008: 328).

გია არგანაშვილის აზრით: „მსაჯულები თავს არიდებენ მძიმე პასუხისმგებლობას და უკვე აშკარად ღალატობენ თავიანთ მოვალეობას.
 
უმრავლესობის მხრიდან მოვალეობისადმი თავის არიდება, ცალკეული ადამიანებისგან თავის გაწირვას ითხოვსახლა გოჩამ უნდა გაწიროს თავი, რათა, თემის უპასუხისმგებლო საქციელი, საკუთარითავგანწირვითგადაფაროს.
 “_
გოჩაუ,_სცადეს მოხუცის შეყენება...”გოჩა  გაცეცხლებულია, კიდევ უფრო მეტად მსაჯულთასაქციელით...

“_უნდა მოკვდეს,შეუბრალებლად..” დრო აღარ ითმენს, კიდევ მცირედი დაყოვნება და ტრაგედია შეიძლება ფარსად იქცეს. “და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოიქცეთ...მემიყურეთ...”  მსაჯულებმაც ნახეს, რომ გოჩამ ის გაბედა რაც მათ ვერ გაბედეს. თემმა, თავისი გაუბედაობით, ხევისბერი დაღუპული თანამოძმეების, შერცხვენილი გვარის და ოჯახის, შეურაცხყოფილი მამის შურისმაძიებლად აქცია. მოხუცის შეჩერება ვერავინ შეძლო.
 
აქვე შევნიშნავთ, რომ არც ონისეს უცდია მახვილის არიდება.
 
იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა...რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა“.

გურამ ასათიანის აზრით, ამ მოთხრობაში შვილის მოკვლის მოტივი აშკარად აქცენტირებულია. „ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ამაღლებს და თავისებური შარავანდედით მოსავს გოჩას სახეს. სწორედ ეს მოქმედება და არა რაიმე სხვა აქცევს მას ხევისბერ გოჩად, რადგან ამ აქტით იხსნება მთლიანად მისი ხასიათი. მაგრამ სწორედ აქვე ხდება უაღრესად ნიშანდობლივი გარდატეხაც. ამ აქტის აღსრულების შემდეგ გოჩა კარგავს მთელ თავის სიდიადეს. იგი შეიშლება, ხდება უმწეო, შესაბრალისი _ სრული ანტიპოდი თავისივე ხასიათისა. რით უნდა აიხსნას ასეთი გარადატეხა გოჩას ხასიათში? ჩვენი ფიქრით, ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეიძლება: ის, რაც გააკეთა გოჩამ, აღემატება ადამიანის ძალას და ბუნებას.. ის მწვერვალი, რომელზედაც მან ფეხის შედგმა გაბედა, ძალზე ციცაბო აღმოჩნდა უბრალო მოკვდავი ადამიანისათვის, რათა  მას თავი შეეკავებინა ამ სიმაღლეზე. ყაზბეგი აღტაცებულია თავისი გმირით, მისი ხასიათის განსაცვიფრებელი მთლიანობით და სიძლიერით, მისი ურყევი რწმენით და ნებისყოფით, მაგარამ, ამავე დროს, იგი თითქოს ჩვენთან ერთად შეძრწუნებულია ამ ზეადამიანური ხასიატის მოქმედებით“ (ასათიანი 2004: 195).

როსტომ ჩხეიძის აზრით, ხევისბერ გოჩას სიტყვები სასამართლოზე ბიბლიას ეხმიანება, ღმერთი რომ ეუბნება კაენს: „შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“. „ეს ჭეშმარიტება ადამიანისთვის ყოველთვის ნათელი ყოფილა,  გამოუთქვამს თუ არ გამოუთქვამს, მკვლელობისა თუ ხოცვა-ჟლეტის შემსწრეს, ყოველთვის ეს უგულისხმია, რომ სისხლის მიწაში კი არ ჩაიღვრება, ზეცაში ადის უხილავი ბილიკით _ ადამიანისათვის ეს უკვე აღარ არის ბიბლიური ფრაზის გამეორება, მისთვის ეს თანდაყოლილი ცოდნაა, წინაპართაგან ნაანდერძევი. გოჩასთვისაც ასევე შესისხლხორცებულია _მას სჯერა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ღალატმა თუ უგულისყორობამ არაერთი მოხევე გასწირა, _ ყველაფერი უზენაესმა ძალამ უნდა განაგოს, თვითონ კი ღვთის ნება უნდა გააცხადოს, როგორც ხევისბერმა, ვინც შუამავალია ზეცასა და ხალხს შორის.

„მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს!“

ვიდრე შვილსაც არ დაინდობდეს, ვისმა თავდავიწყებამ უნებლიეთ დაღუპა ამდენი ვაჟკაცი, გოჩა სასტიკ სასჯელს დაადებს გუგუას, ვისაც ღალატი ტყუილუბრალოდ ბრალდება), სასჯელს _ არა სიკვდილს, არამედ მოკვეთას თემისაგან, განდევნას, მიუსაფრობას. ეს რატომღა გავიხსენე? კაენსაც ეს სასჯელი ერგო უფლისაგან. ასე მიეზღო პირველ ცოდვილს წუთისოფელში: „ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას, დევნილი და მიუსაფარი შეიქმნები ამ ქვეყანაზე“  (ჩხეიძე  2004: 188).

გუჩა კვარაცხელიას აზრით, გოჩას, როგორც მამას, შვილის _ ონისეს სიცოცხლის დაცვა ევალებოდა, მაგრამ სიცოცხლე ორია: ფიზიკური და სოციალური. „ხევისბერი გოჩა, როგორც მამა, ორივე სიცოცხლის სადარაჯოზე დგას, მაგრამ უფრო მეტად დაჰკანკალებს მსი სწორედ სოციალურ სიცოცხლეს („ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“. „თუ სიკვდილი შეგემთხვევა, ისიც უფლის ნებაა... ერთხელ ნაშობი ერტხელ მოკვდების! მაგრამ ვაჟკაცურად კი მოკვდი.... ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს“. „ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე, ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს“).

_ონისე ეხლავე მკვდარია!_ ამბობს ზარდაცემული ხევისბერი, როცა ონისეს მარცხს ეიტყობს, მან, როგორც მსაჯულმა, იცის, რომ ონისე მოღალატე არ არის, მაგრამ როგორც მამა, გრძნობს უსაშინლეს სიმართლე _ ონისე უნდა მოკვდეს; ეს ერთადერთი გამოსავალია უბედური შვილისათვის, უნდა მოკვდეს ახლავე და უნდა მოკვდეს მამის ხელით, სხვა ამ ცოდვას ვერ დაიდებს და სხვისი გაჩენილის მიმართ ვერც იმ ჯოჯოხეთურ სიბრალულს იგრძნობს, რომლის გამო ხევისბერი ვერ იმეტებს ონისეს უღირსი არსებობისთვის, გაუნელებელი სატანჯველისთვის.

ამგვარად, თუ ხევისბერ გოჩას, როგორც მსაჯულს, ონისეს მოკვლის უფლება არ ჰქონდა, მას, როგორც მამას, რომელიც ვერაფრით ააცდენდა შვილს სოციალურ სიკვდილს, ისღა დარჩენოდა, შეეწყვიტა მისი ნაძრახი სიცოცხლე, რომელიც ფიზიკურ სიკვდილზე უფრო მტანჯველია, რადგან საკუთარ ფიზიკურ სიკვდილს ონისე უკვე ვეღარ განიცდიდა. მას განიცდიდა სხვა _ მის სოციალურ ატომში ყველაზე ახლოს მდგომი  _ მამა. ამ განცდის შედეგიც _ გოჩას ჭკუაზე შეშლა _ ლოგიკური და ბუნებრივია“ (კვარაცხელია 2004: 207).

 

დამოწმებული ლიტერატურა

 

ასათიანი 2004: 196 ასათიანი გურამ, ალექსანდრე ყაზბეგი, ქართველი მწერლები სკოლაში, ტ.1, თბილისი 2004

ბაქრაძე 2008:  ბაქრაძე აკაკი,  აკაკი წერეთელი,ქართველი მწერლები სკოლაში, ტ.1, თბილისი 2008

კვარაცხელია 2004:  კვარაცხელია გუჩა, ალექსანდრე ყაზბეგი, ქართველი მწერლები სკოლაში, ტ.1, თბილისი 2004

ჩხეიძე 2004: როსტომ ჩხეიძე, ყაზბეგიანა, თბ. 2008

გია არგანაშვილი, ხევისბერი გოჩა აიძულეს საკუთარი შვილი მოეკლა, http://lib.ge/book.php?author=394&book=9592