Translate

Wednesday, April 18, 2012

კეთილი სილამაზე

          მაია ჯალიაშვილი
                  
                     კეთილი სილამაზე

         შთაბეჭდილება _ არჩუაშვილის მინიატურებზე

ვარდისფერი, ლურჯი, იასამნისფერი, სევდიანი   საღამოები... ნაცნობია.
გალაკტიონის ხავერდის ყდიანი  საღამო, უძველესი წიგნის სურნელი რომ ახლავს, განუმეორებელია...
მაგრამ არის კიდევ უამრავი, სხვა ფერისა და ხმოვანების, გემოსა და სუნის საღამოები...
მაგალითად, ირმა არჩუაშვილის `ცრიატი საღამოები~. სწორედ ამ სახელწოდების ციკლიდანაა ეს საოცრად თბილი მინიატურები. ცრიატი დღე არის, ღრუბელაშლილი _ ასე განმარტავს ამ ლამაზ სიტყვას სულხან-საბა `სიტყვის კონაში~. მათი კითხვისას კი ფიქრები აგეშლება და ტკბილ-მწარე მოგონებებში გაეხვევი.
რეზო ინანიშვილი წერდა: `კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას~. ასეთი კეთილი სილამაზე აღმოვაჩინე ირმა არჩუაშვილის მინიატურებში. სულ შვიდი მინიატურაა. მათი კითხვისას კვირის შვიდი დღესავით ჩაივლიან შთაბეჭდილებები. შვიდი ხომ სრულყოფილების გამომხატველი რიცხვია. შვიდ დღეში შექმნა უფალმა სამყარო და შექმნილი თვითონვე მოეწონა. ეს სამყარო ჩვენთვის დიდი გამოცანაა, რომელსაც ათასნაირად ვუტრიალებთ და სიცოცხლე წარმოგვიდგება, როგორც გამოცნობის სევდიანი გზა, სიკვდილი რომ დაასრულებს და თავისი ბნელი ხელებით მოგვაწვდის ნათელ გასაღებს.
ამ მინიატურებში ისეთი დახვეწილი სტრიქონებია, ზუსტი, შუქიანი, გამომხატველი... ამას ჰქვია სიტყვის შეგრძნება. თანაც, ხომ ცნობილია, რა ძნელია მოკლედ, ლაკონურად სათქმელის გამოხატვა,  ისე, რომ, არაფერი დაიკარგოს. უპირველესად, სიტყვის სული უნდა შეგაგრძნობინოს მწერალმა.
კითხულობ და მოგწონს, ირმა არჩუაშვილი როგორ ხედავს, როგორ ხატავს დეტალებს, როგორ ანიჭებს ღირებულებას ყოველივეს... როგორ აჩერებს დროს... აყოვნებს წუთიერად, რათა მზერამ შეისვენოს და აღიქვას, განიცადოს...
ეს  მხოლოდ სოფლის სურათები არაა, ეს წუთისოფელია, წარმავალ საგნებზე აღბეჭდილი.
ჯაზის მრავალფეროვანი რიტმივით შემოიჭრებიან ეს შორეული ხმები.  როგორი რბილი და თბილი ნოტები ჩაგესმის  ყოველი მინიატურიდან. თანაც, ეს მინიატურები არ არის დასათაურებული, რადგან ეს მთელის, ცრიატი საღამოების ფრაგმენტებია. ცალკეული სურათი, წარმოსახვაში გაცოცხლებული, ერთი,  ადამიანის დროში არსებობის ტკივილის გამომხატველი, მარადიული თემის იმპროვიზაციებია.
ამ მინიატურებში ყოველივე რაღაც ნაცნობს, თანვე დავიწყებულსა და იდუმალ ხმას გამოსცემს. `მიდიან, მიღერღეტობენ საღამოს ცრიატში...~,_ ასე იწყება პირველი მინიატურა და ამ პირველივე სტრიქონით მწერალი ახერხებს გაგიყოლიოს სფლის მტვრიან შარაგზაზე, თამაშით დაღლილი ბიჭები რომ მიუყვებიან...
  ხმები... ხმების მოზაიკა... მშობელთა ძახილი, ბოგირად გადებულ თუნუქიდან ამსხლტარი ნაბიჯები, ქვების რახარუხი, გაანჩხლებული ძაღლები, გოგონების შემკრთალი კივილი, წყაროს რაკრაკი და ღუმელზე შემოდგმული ქვაბებისა და ტაფების არახრახებული სახურავები... ამ  ხმაურიან მუსიკაში უცებ გამოკრთება  დედის ნაზი ვოკალი  _ ჩიტი თავის ბუდეში _ ეს, ალბათ, ყველას  ბავშვობის საღამოს მისამღერიცაა.
`არ ვიცი, კიდევ წააწყდებით თუ არა სოფლებში მსგავს სურათებს. ჩემი ბავშვობა კი სავსე იყო ასეთი ცრიატი საღამოებით~, _ ვკითხულობ ამ ნაღვლიან სტრიქონებს და ვფიქრობ, არც მე ვიცი, მაგრამ ეს საღამოები  უკვე აღარასოდეს დაიკარგებიან, რადგან მწერალმა სიტყვებით შთაბერა სული..
`გჭერიათ მუჭში ახლადგამოჩეკილი წიწილა ან ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი, იმათი ცახცახი და თრთოლა შეგიგრძნიათ?~ _ გვეკითხება მწერალი. ეს შეგრძნება აუცილებელია, რათა მიუხვდე მწერალს, როცა ის საოცარი სიფაქიზით, გრაფიკული ნახატივით,  მოხაზავს სამოცდათვრამეტი წლის პაპის სახეს, `გახეხერავებული რომ დგას~. შენელებული კადრივით ხატავს მწერალი მისი ხელის მოძრაობას, ჯიბიდან პიტნის კანფეტს რომ იღებს.
დაუვიწყარი დეტალია `დედაჩემის ნამზითვარი ჩალისფერი გარდერობი~ და მასში შენახული `მოზრდილი, ოდნავ ხორკლიანი, გამძლე შავი ტყავისგან შეკერილი ჩანთა, მყარი სახელურის ქვეშ გაყრილი ოქროსფერბალთიანი შესაკრავით~.
ან კიდევ ყვითლად `აბურბურებული~ ცაცხვი. ეს ყვითელი ისეთი კაშკაშაა და ტკბილი, ისეთი ცოცხალი, თითქოს შენც ხელით ეხები მის სურნელოვან  ტოტებს.
მიტოვებული სახლის ნაღველი... ეზო-ყურეს ყოველი დეტალი: `წყაროსთან რო ბებერი, მეწლეური კეხურა ვაშლი იდგა, დიდხანს იავადა, იწვალა და ამ გაზაფხულის ქარებზე წელში გადატყდა. აღარც ხეჭეჭურსა და კომშს უწერია დიდი დღე _ სულ დაუფუტუროვდათ გულ-მუცელი, აქა-იქღა თუ მოიბამენ რამდენიმე კუჟარმაჟარ ნაყოფს~.
აქ არის  დარდი უპატრონო `კარტუზზე~ და  მწერლის სინანული: `თან მაინც ჩაეყოლებინათ, ან ვინმესთვის ეჩუქებინათ, უფრო მადლი არ იქნებოდა?!~
   ეს მინიატურები ლექსიკის ფერადოვნებით, ხსოვნაში შემონახული ძველი, დიალექტური ან თავისებურად მოქცეული ნაცნობი სიტყვებით, ახალ ელფერს რომ იდებენ, სოფლისა თუ ქალაქის გარეუბნის ეპიზოდებით, უპირველესად, რეზო ინანიშვილის პროზას გვაგონებენ. გიორგი ლეონიძის `ნატვრის ხეც~ გაგახსენდებათ. მთავარი კი ის სიყვარულია, რომელიც ამ მინიატურების კითხვისას გულში გეღვრებათ და გათბობთ.
ასე რომ, ირმა  ერთგვარი ნეორომანტიკოსია ჩვენს პრაგმატულ,  სისატიკითა და გულგრილობით სავსე დროში,  და ერთი იმ ავტორთაგანი, მკითხველს სიკეთის სილამაზეს რომ აზიარებს.

8     თებერვალი, 2012
დაიბეჭდა ჟურნ. `ჩვენი მწერლობა~, #7;  6 აპრილი, 2012