Translate

Monday, January 31, 2011

მაია ჯალიაშვილი, ტაოკლარჯეთული დღიური

მაია ჯალიაშვილი

ტაოკლარჯეთული დღიური

2008 წლის ოქტომბერი

ზოგჯერ წამი გადასწონის საათს.
ზოგჯერ საათი დღეს ეთანაბრება.
ზოგჯერ დღე ერთი, ვითარცა მთელი ცხოვრება.
ასეთი დღეების მხურვალებით დაიფერფლა სული ტაო-კლარჯეთის სანახებში.
`გურჯისტანის ვილაიეთში~ ჩავდივართ გურჯები, როგორც უცხოები. მაგრამ რატომ ღელავს და შფოთავს გული ასეთი ნეტარებით, თითქოს დიდი ხნის უნახავ სახლში ბრუნდება?!

იონამ სამი დღე დაჰყო გველეშაპის მუცელში და იქიდან განწმენდილი გამოვიდა.
სამი დღე იყო დაფლული მაცხოვარი აკლდამაში, შემდეგ აღდგა და კაცობრიობას მხსნელად მოევლინა.
სამი დღე. ცხოვრება სავსეა სიმბოლოებით.
სამი დღე დავდიოდით ტაო_კლარჯეთის მიდამოებში, როგორც დაკარგული ედემის მაძიებლები. სამი დღის შემდეგ ქალაქის ბუღსა და ხვატში შევიგრძენი, რომ ჯოჯოხეთში დავბრუნდი, რიტმულ ერთფეროვნებაში.
ის სამი დღე კი დავყავი სხვა განზომილებაში, მარადისობაში, ან უკეთ, მარადისობის მიწიერ გამვლინებაში. ამიტომაც,
ხორცით განვეშორე ტაო_კლარჯეთს, მაგრამ სულით მარადის მივეჯაჭვე.
ახლა შევიგრძენი დაკარგული სამშობლოს ტკივილი.
თითქოს მახვილით მომაკვეთეს სხეულიდან ხორცი და ყორნებს მიუგდეს საჯიჯგნად.

ტაო_კლარჯეთი. რას ნიშნავს მშრალი რიცხვების უდაბნო სულისთვის?! საქართველოს მესამედი შთანთქმულა საუკუნეთა უფსკრულში.
ეს უტყვი რიცხვები ღრღნის გონებას: XVI საუკუნეში თურქებმა მიიტაცეს მშიერი მგლებივით. მერე დათვივით დააცხრა რუსეთი. მერე.. ახლა... `მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი~.
ახლა ოქტომბერია, 2008 წლის მწიფე ოქტომბრის შუაგული. როცა ფერებს ეტყობათ ღვთის ხელი. თითქოს ახლახან დაუსვა მხატვარმა ფუნჯი ტილოზე და სისველე არ შეშრობია ნახატს, ამიტომაც ასეთი ნოყიერი და სავსეა ყოველი ზურმუხტი და ლაჟვარდი, ჩალა და ბროწეული...

ბანა

ბანა უნდა ნახო, რომ მიხვდე მარტოსულობის ტკივილს.
მთებითა და კლდეებით შემოსალტულ სცენაზე დგას ხანმრავალი განდეგილივით და სამოსის ნაფლეთებს დროის ნიავი უფრიალებს.
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას.
ნუ ვინ დაიჩიველბს უთვისტომობას.
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი_ბანა.
დანგრეული და გაცვეთილი, დრო კვლავაც ეხლება მძლავრი ტალღებივით. ის კი ანძებდამსხვრეული და აფრებდახეული ხომალდივით დგას ოკეანის შუაგულში და დამორჩილებას არ აპირებს. სანამ ერთი ქვა თუ ლოდი დარჩება მის საძირკველს, მანამ არ დახუჭავს ლაჟვარდისფერ თვალებს, მანამ გააცილებს დღისით მზესა და ღამის მთავრეს ერთგული რაინდივით.
ოქტომბრის ამ ჯადოსნურ პალიტრაზე ყველა ფერი შემოუკრებია შემოქმედს. მწიფე ქლიავი და ყვითელი ქარვა, გაცრეცილი სადაფი და ბრდღვიალა შვინდი, ბროწეული და მბჟუტავი ნაკვერჩხლები, მელნისფერი მაყვალი და მოლისფერი.
სურნელოვანი და გემრიელი ფერებით პურდება თვალი

გაშლილ ვაკეზე, ოდნავ შემაღლებული გორაკიდან სევდიანი მზერით გვეგებება ბანა. ის არ ითხოვს მოწყალებას. ამაყი და შეუდრეკელია მისი დანგრეული სხეული, რადგან სულით მტკიცეა და შეურყეველი.
ტაოს დიდი ხუთეულის ერთი რაინდი. XI საუკუნის ამაყი მოციქული. თავის ძმებს: ოშკს, ხახულს, იშხანსა და ოთხთა ეკლესიებს დროდადრო ფიქრით ეხმიანება. დაუზარებელი ქარები დააფრიალებენ ძველი მეგობრების გაცრეცილ და დაცრემლილ ბარათებს.
ბანაში დაუწერიათ ჯვარი ბაგრატ მეოთხესა და ბიზანტიელ ელენეს.
ამ სისხლით გაპოხილ მიწაში დღესაც ყრია ბაგრატიონთა ძვლები.
ბანა გაჯერებს დარდის სიდიადეში.

ხახული

ის ქალწულივით მიიტაცეს. უცხო სამოსით შემოსეს და ფეხქვეშ გაუშალეს შირაზისა და ქაშანის ხალიჩები. იმზირება ახლა ცხრათავიანი დევის კოშკში დამწვდეული ქალწულივით და მოელის მხსნელს, რომელიც არა ჩანს.
მაგრამ
ვერაფერი დაადნობს ამ გასალკლდევებულ მოლოდინს.
მოლების ხმამაღალი რიტმული ღაღადი დაურღვევს გაყუჩებულ მყუდროებას.
ერთგული ქარი შორიდან მოუტანს საგალობლის ნაფლეთებს
და ილოცებს ხახული
უღარღილოდ წარმოთქვამს ფსალმუნებს და დაელოდება
უსაზღვროებას შერწყმია მისი მოლოდინი.
მაინც დგას ქალწული ხახული_დაწინდული ამაყ საქმროს ელის.
მანუგეშებელ მზერას მოგვაპყრობს დაფეთებული მზერით.
რაა, ჩვენ რაა, თვალებდახრილნი გვერდით ჩავუვლით, სამოსის კალთებს ვემთხვევით და მის დაჭრილ გულში ჩავიხედავთ.
გულზე დაუფენიათ ჭრელი ხალიჩები, მაგრამ ჭრილობიდან დადენილ სისხლს მხოლოდ მშობლიური ცრემლის მალამო შეაჩერებს.
ის კი ჯერ არ ჩანს.
ხახულის მეჩეთში ახლა მოლები ლოცულობენ.
აქ წერდნენ თავდახრილი ბერები პერგამენტზე ღვთის დიდებას.
ნათელ თამარს ხახულისთვის შეუწირავს შამქორის ბრძოლიდან ჩამოტანილი მტრის დროშა.
ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი რელიეფი_ მუსლიმთა მორიდებასა და პატივისცემას იწვევდა. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, სოფლის მკვიდრნი მას მარიამს უწოდებდნენ და შვილიერებას, სნეულთა განკურნებას შესთხოვდნენ.
არწივი მკერდზე გამორჩეულობის ნიშანი.
ხახულის არწივი, ტაძარზე თითქოს დასასვენებლად ჩამომჯდარი, ნაბრძოლი და დაღლილი, ბრჭყალებში მონადირებული კურდღლით. ქრისტიანული სიმბოლიკით: არწივი ძლიერებასა და ძალაუფლებას განასახიერებს, თანვე ამაღლებასა და აღდგომას. კურდღელი კი მორწმუნის სიმბოლოა
არწივი ზეცაში აიტაცებს ღმერთს მინდობილ სულს.
არწივის თავზე სხივებად გაშლილი შარავანდედი და მის ფეხთქვეშ ულამაზესი წნული ორნამენტები სამოთხის მონატრებაა.
ამ არწივის დინჯი მზერა მოგვაცილებს, გვამუნათებს და გვამხნევებს.
ის არის ერთადერთი დარაჯი დატყვევებული ხახულის სულისა, რომელიც ოსტატმა ხახულის ღვთისმშობლის ხატში მოამინანქრა.


ოშკი

გაცვეთილ ყავარჯენზე ჩამოუყრდნია ერთი მხარი.
შენგრევია მკერდი. X საუკუნეში მეფე დავით მესამე კურაპალატისა და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის ძალისხმევით ნაგები.
დასცვენია ხორცი,
მაგრამ თვალებს ელვარება არ დაუკარგავთ და როცა შორეულ ნათესავი მოინახულებს, ძველებურად წამოიმართება შესაგეგებლად
და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს, რომ ქარს მიუმსხვრევია დუღაბით შეკრული მკლავები.
დროს ჩამოუშლია გაშლილი მხრები.
მაგრამ სხეული, ნატიფი და აღნაგი მაინც დგას.
გამთენიისას მოჟივჟივე ჩიტების გუნდად მოევლინებიან ანგელოზები და ცისკრის ლოცვას იგალობებენ.
გუგუნით აჰყვება ტაძარი.
ხმაც დასჟანგებია, მაგრამ
ხანდახან
თუ მოადგება შორეული მგზავრი სამშობლოდან და მოიკითხავს
შემცივნებულ გვერდებს დანთებული სანთლით შეუთბობს,
კვლავაც დაახვევს თავბრუს მნახველს მცენარეული ორნმენტებით, ფრინველთა და ცხოველთა დახვეწილი გამოსახულებებით, ნატიფი რელიეფებით, დეკორატიული ცუქურთმებით.
ოშკის ლავრაში მორვაწეობდა იოვანე-თორნიკე.
აქ გადაიწერა `ოშკის ბილია~ დასხვა მრავალი სულის საოხი ხელნაწერი.
მაშინ კასაც დაეწმინდებ ხმა და
აღარ შეაშინებს შორეთის მდუმარება.
სალ კლდეებში გაისმება მის დაწმენდილი და წკრიალა ხმა.
გაიღვიძებენ კედლებში ჩაკირულ წმინდანთა აჩრდილები
და მთელ სამყაროს გაათბობს მათი ლოცვა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.



ხანძთა

წარსულს ქარებივით გავედევნებით.
გზა, რომელიც საკუთარ თავს შეგამეცნებინებს.
გზაში წყაროა, ორიოოდე ნაბიჯიღა რჩება ხანძთამდე.
სურნელოვანი ქონდრის აყვავებული ბუჩქები მიუყვება ვიწრო გზას. აქ მხოლოდ ფეხით უნდა ახვიდე,
ტერფებზე აიკრა აქაური მტვერი და მერე იმ წყალთან შესვენებულმა იგრძნო,
ვიღაც გაწვდის წყალს ზემოდან, რომელიც წარსულია.
წყალი ანკარაა და მაცოცხლბელი...
ვეწაფებით და კვლავ გვწყურია.
შემოდგომაა. ოქტომბრის თვრამეტი.
აფერადებულან ხეები.
წითლად ბრდღვაილებს ნეკერჩხალი.
ხანძთა თავმოკვეთილია პავლე მოციქულივით, გული კი კვლავ უფეთქავს
ნეტარ არის სულით გლახაკი.
ეს არ არის ლეგენდა.
გიორგი მერჩულეს ნაამბოობი, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთ დამ ის მოწაფწთაგან.
დედაენასავით წასაკითხი `ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა~.
საქორწინე კრებული შორეთს იკარგება.
`ზეცისა კაცი და ქვეყნის ანგელოზი~_ფსალმუნის გალობასავით ღრმა და ტბილი წარმოსათქმელი.
`უადბნოთა ქალაქმყოფელი~-ორსიტყვიანი პოეზია... ფილოსოფიურ_რელიგიური ლირიკა. მირონის ნაკვალევი ატყვია ლოდებს. IX საუკუნეში ბერების ხელით რუდუნებით აშენებულს. ერისკაცთა დახმარებით განმტკიცებულს.

კვლავაც მოისმის გრიგოლ ხანთელის მოუღლელი ლოცვა საუკუენთა წიაღრიდან.
ღამღამობით ცის კაბადონზე ვარსკვლავთა შორის ერთის ბრწყინვალება იატცებს თვალს. ახლა ვიცი, ის `უდაბნოს ვარსკვლავია~. ცაში გაფრენილი გრიგოლ ხანძთელის სული.
ღამღამობით დაფლეთილი სხეული შეჰყურებს ამ ვარსკვლავს და ჩვენი მზერა ერთდება.

ეს ლექსი კი ხანთის ნახვამდე დავწერე:
ხანძთა

ის მიტოვებულს
ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის
ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა,
ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა_
ხერხემალგადამსხვრეული.
სველ ქუთუთოებს
ძლივს ასწევს მაღლა
ფსალმუნთა სითბოს
მონატრებული.
და დახავსებულ
ხმით ღმერთს ადიდებს
ლოცვებში
ჩამდნარ_ჩანაცრებული.






დოლისყანა


მზეზე დაჭორფლილა მისი სხეული. ფერადი ქვებით შეკრული მისი სხეული კვლავაც იზიდავს მნახველს.
განა რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?!
შენიანის მზრუნველი და მოსიყვარულე მზერა_ასე იაფი და იოლად მოსაპოვებელი.
დოლისყანისთვის გაძვირებული.
უბედური?!
არ დაიჩივლებს, წამითაც არ დასცდება საყვედური.
ეგ არის, ცრემლი უნებართვოდ დაუგორდება ღაწვებზე,
ვარსკვლავები ხმამაღლა წაიკითხავენ მის გულის ფიქრებს და
ბნელ ღამეს გაბზარავს სასოწარმკვეთი კვნესა
დღით ცრემლის ნაკვალევს ამოაშრობენ თბილი და ტკბილი მზის სხივები.
გათამამდებიან ბალახები და ტანის ხვრას დაუწყებენ, თავიანთი ფესვების საბუდრად გაიხდიან ანგელოზების სამყოფელს,
სად გაფრენილან ანგელოზები?!
იქნებ არსად.
არსად...
***
ღამით ძილგგატეხილს თუ უცნაური ხმა შემოგესმება,
იცოდე, ეს ტაო_კლარჯეთში მიტოვებული ტაძრები გიხმობენ
ეს მათი ვედრება არღვევს მყუდროებას...
იფხიზლე- ქარსა და ღრუბლებს მოციქულებად გიგზავნიან.
შენ კი მათი ენა დაგვიწყებია და
გაურკვევლობა გაშფოთებს.
ახლა ხომ იცი, რატომ ირღვევა სიმშვიდის გალავნები შუაღამისას...
იცი და გეშინია, წარმავლობის მძლავრმა ტალღამ სამუდამოდ არ შთანთქას ის, რასაც შენი საშობლო ჰქვია...

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''შეხვედრა წიგნში'', 2009

მაია ჯალიაშვილი კატო ჯავახიშვილის პოეზიაზე

მაია ჯალიაშვილი
იქნებ სამყარო მხოლოდ ჩვენი სიზმარია

კატო ჯავახიშვილის კრებულზე `მარცხნივ~, 2010

`ხაოიან ენას ავუსვამ
მელნისფერ გზას და
სტრიქონ-სტრიქონ დავიწყებ თოვას~, _ ეს სტრიქონები პოეზიაა, თავისი მშვენიერი ბუნდოვანებით, მკითხველს რომ რაღაც უჩვეულოსა და უცნაურის შესაგრძნობად განაწყობს. ამ მეტაფორით ვეცნობით პოეტს (ლექსი `მყვირალობა~). ჩვენ უმალ შევიგრძნობთ პოეზიის იდუმალებას, სილამაზეს და მხოლოდ შემდგომ ვცდილობთ გაგებას, თუმცა, მთავარი მაინც ის ემოციაა, რომელიც გადამდები სევდის თანხლებით შემოიჭრება გულში და მზერასა და ფიქრს რაღაც უხილველის დასანახავად გაგვიფაქიზებს. წარმოსახვაში სიურრეალისტური სურათები წამოიშლებიან – თუნდაც ასეთი ¬_ ციდან იისფერი სტრიქონები ბარდნის და ეს თვითონ პოეტია, რომელიც ამგვარად ცდილობს ყველგან, ყოველივეში განეფინოს, რათა შეიგრძნოს სიცოცხლის არსი, რომ უფრო იოლი დასაძლევი გახდეს მარტოობა, რომელსაც ასე ხატავს პოეტი: გაზაფხულის მწვანე მინდორზე დგას კუბო, რომელიც თვითონაა (`ეს კუბო მე ვარ~). ეს ეხმიანება გალაკტიონის სტრიქონს: `რომ დავიღალე მე ამ კუბოში~. შენ, მკითხველო, რომელმაც იცი სიტყვის ფასი, უნდა იცნო ჭექა-ქუხილის ხმაში მარტოსულის `ბღავილი~, მიჰყვე `სიკვდილში გაუხრწნელი მარტოობის~ სუნს... და, თუმცა ისიც საკითხავია, `მარტოსულობის~ ასეთი მტკივნეული შეგრძნების გარეშე შეიქმნება თუ არა რაიმე ღირებული. და თუ `ლუკმა-ლუკმად~ არ გაიცოხნი თავს, ალბათ, ვერც ვერაფერს დაწერ სულისშემძვრელს.
კატო ჯავახიშვილის პოეზიაში კი ხშირად შეხვდები სულისშემძვრელს. პოეტი საოცარი ვნებითა და გატაცებით წერს სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, ყოველივე იმაზე, რასაც ყოველწამიერად ჰაერთან ერთად ისუნთქავს მოკვდავი. მისი სტილი მეტაფორულია, ის დაეძებს საგანთა და მოვლენათა შორის ფარულსა და უცნაურ შესატყვისობებს, რათა დროთა ტრიალში გაცვეთილ გრძნობებს ფერი და ელვარება დაუბრუნოს.
ამ კრებულის ყველა ლექსი მდიდარია სათქმელით, ფერებით, სურნელით, მუსიკით. ყოველი ლექსი მკითხველს აღძრავს ფიქრისკენ, რადგან მის გარეშე შეუძლებელია სრულყოფილი განცდა იმისა, რასაც დახვეწილი სტილით ქმნის პოეტი. ამიტომაც მკითხველის ინტელექტსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაგვარ ესთეტიკურ ტკბობას განიცდის ამ კრებულის კითხვისას. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ამ ლექსებმა ჩემს სულსა, გულსა და გონებაში გამოძახილი ჰპოვეს და ეს წერილიც ამ შთაბეჭდილებათა მხოლოდ მკრთალი ანარეკლია.
კატო ჯავახიშვილისთვის, პოეზია დროში არსებობის ტკივილის დაძლევაა. მასაც, როგორც საზოგადოდ, ყველა პოეტს, ნიჭის წყალობით, მარადისობის პერსპექტივიდან დანახული მედინი ყოფიერება გაუსაძლისი ნაღველით აღავსებს და უჩენს გაქცევის, თავდაღწევის სურვილს და ისიც გარბის სიტყვებში, რომლებისგანაც აშენებს ლექსების ქალაქებს, სოფლებს, სიცოცხლეს, სიკვდილს... პოეზიის სამყაროში ის თავისუფლდება იმ ყველაფრისგან, რასაც ცხოვრება თავს ახვევს. აქ ის თავიდან ალაგებს `სიცოცხლეს~ და ამ გზით აღბეჭდავს თავის არსებობას.
`დრო არც იწყება, არც მთავრდება,
მხოლოდ დღეები დგანან ჩრდილში ასომთავრულად~, _ წერს ერთ ლექსში (`გაორება~). პოეტისთვის დროც სიცოცხლის მეტაფორაა მხოლოდ. ნეტარი ავგუსტინე გვახსენდება: `არის სამი დრო: აწმყო წარსულისა, აწმყო აწმყოსი და აწმყო მომავლისა. ეს რაღაც სამი დრო მხოლოდ ჩვენს სულში არსებობს და სხვაგან ვერსად ვერ ვხედავთ მათ. აწმყო წარსულისა _ მეხსიერებაა, აწმყო აწმყოსი – უშუალო ჭვრეტა, აწმყო მომავლისა კი მოლოდინი~. კატო ჯავახიშვილი სწორედ ამგვარად განიცდის დროს – იგი აწმყოშია, თან წარსულსა და მომავალში, რადგან მუდმივად იხსენებს წარსულს, მუდმივად ჭვრეტს და მუდმივად ელოდება. დროის ამგვარად განმცდელი ადამიანისთვის სამყარო გამჭვირვალე ხდება და დაფარული ხელშესახები.
დროის გამაერთიანებელი პოეტის `მეა~, რომელიც დარღვეულ-დაფლეთილ ჩვენს დროებაში ცდილობს იქცეს ერთგვარ შემაკავშირებლად და ამას ახერხებს იმით, რომ კონკრეტულ ტკივილსა და სიხარულს აზოგადებს. ჩვეულებრივ დროს კი პოეზიის დროდ გარდაქმნის, რომელიც მისი `გარდასახვებისა~ და `წარმოსახვების~ შესაბამისად იცვლება. ის დროსაც ისევე ეთამაშება, როგორც სივრცეს. ორივეს თავისუფლად, ლაღად შლის, ერთმანეთში ურევს, უშორესსა და უახლესს ერთმანეთთან აწყვილებს და ქმნის ფანტასმაგორიულ სახეებს. ამ გზით ის უპირველესად ცდილობს, შეიცნოს თავისი მე, რომელიც გამუდმებით იცვლება, რადგან ცხოვრების კარნავალი მასაც აიძულებს სხვადასხვა ნიღბის მორგებას:
`ცხადში კი ვდგავარ:
ერთი ფეხი ალთას მიდგას, მეორე_ბალთას,
ქვეშ სამყარო გაიშალა, ქალაქ-ქალაქ
ქარ-ქარ
ერთი მუჭით ვაგროვე და მეორეთი ვფანტავ...~ (`გაორება~).
`რა არის პოეზია, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით,_ წერს ილია, _ მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიცა. პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი... ვიცით, რომ იგი ხატებაა ჩვენთა გრძნობათა, გულის-თქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით, ხილულთა და არა ხილულთა. ვიცით, რომ მისგან მოხიბლულს კაცს “ავიწყდება საწუთროება”, მის მიერ გატაცებული “გულის-თქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს, ზენა არსთ სამყოფთ”... პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი ~(ილია ჭავჭავაძე, `პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ~, გაზ. “ივერია”, 1886 წელი, #139). ვფიქრობთ, კატო ჯავახიშვილი სწორედ ამ უცნაური მადლით მოსილია. მისი ყოველი ლექსი არის ერთგვარი ექსტაზი, როდესაც პოეტი შთაგონებით ავსებული, უცნაური ენერგიით დამუხტული, თვალახილული, სმენაგაფაქიზებული და გულგახსნილი სამყაროს იდუმალ ხმებს მიაყურადებს. იგი გრძნობს სიცოცხლის მფეთქავი ძარღვის რიტმს. ეს არის მოულოდნელი `ავსება~ _ სწორედ ასე ჰქვია კრებულის პირველ ლექსს, ავსება მოულოდნელი განცდით, რომელიც სიკვდილის შიშს დააძლევინებს:
`ნუ გეშინია,
ყველა კართან მივა სიკვდილი~, _ ამ სიტყვებით პოეტი დედამიწას ამშვიდებს. საგულისხმოა, რომ მკითხველი ხდება არა პატარა და კერძო, არამედ კოსმიური ტკივილის მონაწილე. ეს კი მას წინასწარმეტყველივით ქვეყნიერებისთვის რაღაც მნიშვნელოვანის საქადაგებლად აღძრავს. ამ დროს უძველეს მისან-ქურუმებს ემსგავსება, ბაგეზე ნაკვერჩხლებად რომ უღვიოდათ სიტყვები:
`ყველა გზასა და გზაზე ყველა ნასახლარს სმენა!
ყველა ველსა და სოფლებსა და ქალაქებს სმენა!~
ცნობილი ფაქტი, დედამიწის ორბიტიდან 8 სმ. გადახრა იქცა მისი შთაგონების წყაროდ, იმპულსად, რომ დაფიქრებულიყო `მეტასტაზებით დაფესვილი დიდი გლობუსის~ ბედზე.
როგორც პოეტი ფიქრობს, დედამიწა ადამიანებმა დაავადეს, სიმსივნესავით გაიდგეს მასში ფესვები, `დაიძრნენ სულიდან~ და `ყოფაქცევაში ორიანი~ დაიმსახურეს.
აქ არის გადაძახილი ნიცშეს ზარატუსტრასთან, რომელმაც ზუსტად შეაფასა ადამიანის ამგვარი მდგომარეობა: `მიწას, – თქვა მან,– გარსი აქვს და ამ გარსს სნეულებანი. ერთ ამ სნეულებათაგანს, მაგალითად, `ადამიანი~ ეწოდება~.
ეს ლექსი, აგრეთვე, გვაგონებს ემილ ვერჰარნის ლექსს `სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე. შეტყობინება~. შავ სიჩუმეში `ოქრორქიანი ვარსკვლავების კორტეჟი ცაზე~ მიაცილებს გარდაცვლილ დედამიწას: `შენ არ ყოფილხარ! შენ იყავი მხოლოდ ჩვენება!~ (ვალერიან გაფრინდაშვილის თარგმანი). კატო ჯავახიშვილის ლექსშიც ამგვარი განცდაა: `იყო ამბავი – ჩვენ რომელიც გამოვიგონეთ~.
ლექსში გაისმის მოწოდება: სწორება `მარცხნისაკენ~: რატომ მარცხნისაკენ? ალბათ, იმიტომ, რომ გული მარცხნივ არის და გულია ადამიანის ჯოჯოხეთიცა და სამოთხეც.
პოეზია, ხელოვნება კი წუთისოფლის გულია, საიდანაც დროდადრო ამოიფრქვევა ცეცხლი, არა დამწველი, არამედ განმწმენდი. ჭეშმარიტ ხელოვნებას ხომ შეუძლია კათარზისის გამოწვევა. სწორედ ამიტომაც გაიაზრებოდა პოეზია ყოველთვის რელიგიის უახლეს ნათესავად, ხოლო ბიბლიის შემქმნელნი _ პოეტებად.
დედამიწის დაღუპვის სურათი იხატება სხვა ლექსშიც `აპოკალიპსი~: `ანგელოზები აფარებენ შავ მემორანდუმს
მეშვიდე ცასთან~,
`პირველსახეს იბრუნებს ფერი
გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით~.
`მარცხნივ ~ _ კრებულსაც ასე ჰქვია და ბოლო ლექსსაც, რომლის ლირიკული გმირი მარადქალურია, ნაყოფიერი საწყისი სამყაროსი, როგორც თვითონ სიცოცხლე, რომელიც მიმართავს შემოქმედს, მისცეს ძალა, გადაურჩეს სიკვდილს, რომელიც ასე შთამბეჭდავად და ორიგინალურადაა დახატული: `აქვე გზისპირას ზის უშნო კაცი და სველ ბელტებს ყლაპავს~. ცხოვრება კი სათონეა (ეს ეხმიანება ვაჟა-ფშაველას: `ამ წუთისოფლის თონეში ბევრი სხვა გამოცხობილა~ (`სიმღერა~). ლექსი ასოციაციებით არის დაწნული, სიმბოლოები ერთმანეთს ჩრდილებს ჰფენენ. `თონეში პური ჩააკარი~ _ მანამდე კი წუთისოფლის დოლაბზე დაიფქვა სული, რომელიც პურად უნდა იქცეს (თუნდაც კუტად), რათა მერე ვიღაცას `საზრდოდ~ ექცეს:
`გულზე დანა-მე,
გულზე დამისვი, მკერდმოჭრილი სხეულიდან ტკივილი რომ ვაწოვო პირმშოს~. ჩნდება სახარებისეული `არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი~. აქ სწორედ ამ ტკივილით ნაშობ, დასერილ, თუნდაც ჯვარცმულ – სიტყვა პურით საზრდოობაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს პოეტი, რომლის პოეზიაში სიტყვების მიერ მოქსოვილი მხტვრული სახეები მისგან დამოუკიდებლად იძენენ მნიშვნელობებს. ამ ლექსში თითქოს სამოთხიდან გამოძევებული ევა ევედრება შემოქმედს.
კატო ჯავახიშვილის ლექსები ძალიან მდიდარია სიმბოლოებითა და სხვა მხატვრული სახეებით, ეს კი მკითხველს მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უქმნის. შესაძლოა ხშირად ცალკეული სიმბოლოს ახსნა არც დაემთხვას ავტორის თავდაპირველ ჩანაფიქრს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია, რომ სწორედ ამ ინტერპრეტაციათა წყალობით ლექსი იძენს სიცოცხლეს. ყოველი მკითხველი, შეიძლება ითქვას, თავისი სულიერი სამყაროთი ახალი კონტექსტია, რომელშიც, ვინ იცის როგორ გადაიშლება ლექსის პოეტური ხატები.
კრებულის ოთხ ციკლში: `მლაშე ტბა~, `შუშის ქალაქი~, `მარტონი~, `მარცხნივ~, როგორც სულიერი ქეყნიერების ოთხ კიდეში მოგზაურობს პოეტი. ორ ციკლს შორის არის შეყოვნება, სახელწოდებით `თეზისი (მედიტაცია)~. თუმცა, მთლიანობაში, ეს არის მედიტაციური პოეზია _ პოეტის მზერა მუდმივად მიმართულია არსებობის სიღრმეებისკენ, სიცოცხლის ფესვებისკენ.
ამ ლექსების ლირიკული გმირი `თავისისა ცნობისაგან~ ხშირად ვარდება `ჭირში~. ერთ ლექსს, სახელწოდებით `გამოსვლა~, ვეფხისტყაოსნის სიტყვები აქვს ეპიგრაფად: `თუ თავი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები~. თუმცა, ეს `თავის ხლება~ ხანდახან გაუსაძლისად მტკივნეულია და ჩნდება წარმოსახვაში ბრეიგელისა თუ ბოსხის ნახატების მსგავსი კოშმარული ხილვები: `წაიღე ჩემი თავი მიხსენი ცოცხლადყოფნისგან,
მკვდარი რომ უფრო შემიყვარო~.
აქ გვახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები: `ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისთვის მკვდრებად და ღვთისთვის ცოცხლებად~ (რომაელთა, 6, 11). ცოცხლად ყოფნა ცოდვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც სურს პოეტს მისგან გათავისუფლება. ამ ლექსშიც და სხვაგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ირეკლება რელიგიურ-ფილოსოფიური განცდები. სხვანაირად შეუძლებელიცაა, რადგან ეგზისტენციალურ საკითხებზე ფიქრობს პოეტი:
`ყველა ღამიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე _
რომ შეგიყვარო...
ყველა კედლიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე,
ყველა სიზმრიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე,
ყველა დროიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე
...
რომ დაგიბრუნო~ (`მგზავრი~).
აქ სიტყვები გამეორების გზით მაგიურად იმუხტებიან. სულის ღმერთთან შეერთების წყურვილად აღვიქვამ ამ ლექსს.
კრებულის ზოგადი შთაბეჭდილების მიხედვით კი, პოეტის წარმოსახვისა თუ ცხოვრების უპირველესი საყრდენი ქრისტიანული ფასეულობებია.
ამ პოეზიაში ერთი გამოკვეთილი თემა _ ძიებაა, რომელიც სხვადასხვა ლექსში განსხვავებულად განიტოტება. იგი მარადიული მგზავრია:
`დღეს უფრო მეტი უნდა იარო,
გზაზე ქარისგან დაწიხლული წლები შემოგხვდეს
მტვერი ავარდეს და ქუდმოხდილ ცაში აგროვო,
და როცა ღრუბლებს მოშივდებათ წვიმის სიმშრალე,
თვალთ შეაყარო.
შენ ჩაიარო და არ გაჩერდე~ (`მგზავრი~).
გამეორება აქაც ლექსს ლოცვასა თუ შელოცვას ამსგავსებს ერთდროულად. აქ სრულიად მოულოდნელია პოეტური სახე `წვიმის სიმშრალე~, ისინი ხომ ერთმანეთს გამორიცხავენ, მაგრამ პოეზიაში ხდება ამგვარი სასწაულები, ხილულ, მატერიალურ სამყაროში დაუკავშირებელი საგნები და მოვლენები აქ თამამად და თავისუფლად წყვილდებიან. ამგვარი ოქსიმორონები ხშირად გვხვდება კატოს პოეზიაში და ისინი ქმნიან, ერთი მხრივ, მოულოდნელ დაძაბულობას, მეორე მხრივ კი, პოეტის ოსტატობას ამხელენ.
ეს `წვიმის სიმშრალე~ უცრემლებო ტირილს მაგონებს. `შენ ჩაიარო და არ გაჩერდე~... კი ასოციაციებს ააფეთქებს _ მაგონებს მაცხოვარსაც, რომელსაც `არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნეს~.
საზოგადოდ, კატო ჯავახიშვილის პოეზია ასოციაციურია _ ფიქრთა ნაკადები გამუდმებით ეხლებიან და განიზიდებიან ერთმანეთისაგან და მკითხველიც მის ლექსში ისე ვარდება, როგორ მორევში, რომლის თავბრუდამხვევი ტალღები, არ იცი, სად გამოგრიყავენ. თანამედროვე ქართულ პოეზიაში იგი, ამ თვალსაზრისით, ლია სტურუას ენათესავება.
სხვადასხვა კოდი (ლიტერატურული, რელიგიური, ფილოსოფიური) _ უხვად არის კატო ჯავახიშვილის პოეზიაში, რაც მკითხველისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მიუხვდეს და მიჰყვეს აზრისა თუ ემოციის მდინარებას. ეს ინტელექტუალური პოეზიაა ჩახლართული მეტაფორულობით, ერთდროულად რომ იზიდავს და განიზიდავს კიდევაც მკითხველს.
პირველივე სტრიქონი ლექსისა `ცხვარი~: `ვიშვები მკვდარი~ _ იწვევს ისეთ რეაქციას ჩემი ფიქრებისას, რომ შემდეგ ყველაფერი ამ კონტექსტში მიედინება. მაგონდება გურამიშვილის, ერთი შეხედვით, პარადოქსული: `ცოცხალნი შობენ მკვდართა და მკვდარნი ცოცხალთა ბადებენ~ (გურამიშვილი). თუმცა, ბიბლიური კონტექსტი გაურკვევლობის სიბნელეს არღვევს. მკვდრად შობა სახარებისეულად პირველცოდვის დაღით დაბადებულს გულისხმობს, რომელსაც მოკვდავი თავს ვერ დააღწევს. ამ ლექსის მიხედვით, თვითონ პოეტია ცხვარი, შესაწირავი და სჯერა: `თეთრი ხელები ჩემთვის ილოცებენ~.
კატო ჯავახიშვილის პოეზიაში სამყარო ფერს იცვლის, რათა სხვანაირად ააღელვოს ყველაფრისგან, მათ შორის, სამშობლოსგან გაუცხოებული ადამიანი.
`გველივით შემომეხვიე და არ განმაგდო.
შენი საშოდან შობილი,
შენს გესლში მინდა ჩავწვე~ (`რეკვიემი სამშობლოს~).
ასე უცნაურად არის გაცხადებული სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება. ამან გაგვახსენა ტიციან ტაბიძის სტრიქონი: `ჩემთვის სამშობლო სახვევია მშრალი ბალღამის~ (`მღვდელი და მალარია~).
კატო ჯავახიშვილი თავისი ესთეტიკით ეხმიანება სიმბოლისტურ პოეზიას. რომელთათვისაც `პოეზია ენერგიაა, ქმედებაა, გადალახვაა საზღვრების. პოეზია მაშინვეა, როდესაც ათვისება იღებს მისნურ ხასიათს~ (სანდრო ცირეკიძე, `პოეზიის ნაპირები~). ერთი სიტყვით, პოეტი ახერხებს არა ლამაზი პათეტიკით, არამედ გატანჯული მეტაფორებით დახატოს, როგორ სტკივა სამშობლო: `ლავიწის ძვალზე – ცხელ წალამზე
სული აგაცვი.
გაბზარულ გზაზე იდგა ჭიქა _ ღამე
ქვესკნელი~.
ამ კრებულში ბევრი ტკივილია:
სოხუმის დაკარგვის ტკივილს ასეთი მეტაფორით გადმოგვცემს; `გვამებისთვის სველ ბელტებად შლიდნენ სარეცელს~ (`გაქცევა~).
ახლობლის დაკარგვით; `არ შემოხვიდე ჩემს ჯოჯოხეთში
ახლად ამოყრილ თევზებივით
გულაღმა წვანან ჩემი ფიქრები~ (~გა-მო ღვი-ძე-ბა~).
კიდევ რა სტკივა?
მიტოვებული ვენახები (`ვაზის ტირილობა~) _ ამ ლექსში თითქოს იერემია გოდებს და მოთქვამს;
`და ვაი, შენს ფუძეს, ბერიკაცო,
რომ აკვანში ჩაკრული ტალავრად წამოგდგომია თავს
და შენ კი ისევ
არტახებს ჩეჩავ.
და ვაი შენს ტალავერს ბერიკაცო,
რომ ცრემლი ქვასავით გამაგრებია
და ვეღარცა ტირის~.
კატო ჯავახიშვილი გრძნობს სიტყვის ასტრალურ სხეულებს, როგორც რობაქიძე იტყოდა. სიტყვა მისთვის ცალკე სამყაროა, რომელშიც მოგზაურობს დ ნანახ-განცდილს მეტაფორებად ამოწერს. ამიტომაც წამოიშლებიან მისი ყოველი ლექსის კითხვისას ფანტასმაგორიული სურათები.
`ვარ მიწა,
მიწა ვარ მე,
აიხსნება ყველა წყევლა და
იტვირთებს ზეკაცი ცოდვას ყველასას...
აიხსნება ყველა წყევლა და
დაილურსმება ერთი სხეული ყველასთვის~ (`იოანე~).
მისი ფიქრების ველს კრავს და ამთლიანებს ჯვარი – მისი სიცოცხლის სიმბოლო. სხეულებრივი არსებობით მატერიალურ სამყაროში ჰორიზონტალურად განფენილი, ხოლო სულიერად ზევით, ზეცისკენ ღვთისკენ მიმართული. რევაზ სირაძემ `ჯვარსახოვნება~ უწოდა ფიქრთა ამგვარ მდინარებას. ჯვრის მკლავების გადაკვეთის წერტილში იბადება პოეზია, რომელიც თანაბარი ინტენსივობით ირეკლავს ცასაც და დედამიწასაც.
`კირიონ~ _ ამ ლექსში საოცარი სითბოთი და სიყვარულით იხატება კათალიკოს კირიონის სახე. ირღვევა დროთა სამანი და პოეტის თვალწინ წარმოისახება წამებული ბერი:
`ივნისის თვეში სენაკს ერთი სანთელი ენთოს
ღმერთო, შენ გესავ,
ორმოც დღეს მარტო ლოცულობდეს,
ღმერთო, შენ გესავ,
ივნისის თექვსმეტს უღალატონ პურით და ღვინით,
ივნისის თექვსმეტს მონასტერთან
გაწითლდეს მთვარე~.
`პურითა და ღვინით ღალატი გვაგონებს საიდუმლო სერობას, როდესაც ქრისტე მიმართავს მოციქულებს: ერთი თქვენგანი გამცემსო. `მთვარის გაწითლება~ კი მიანიშნებს მიღმური სამყაროს გლოვაზე.
ლექსში `მლაშე ტბა~ საოცარი ხატოვანებით, უჩვეულო მეტაფორებით იხატება პოეტის სწრაფვა ამაღლებულისაკენ. `მლაშე ტბა~ მისი სულის სიმბოლოა. იგი `უშენობისგან შეციებულ წუთისოფელში~ თითქოს მფარველ ანგელოზს მიმართავს, რომ ხელი მოჰკიდოს. `ჩემ შიგნით ახლა ნაკრძალია~- ამგვარად სურს გამოხატოს გაუცხოება ყველასგან. ლექსი ჩამოყრდნობილია 4 სტრიქონზე, რომლებიც მისეული `ნეტარებებია~:
1. ნეტარ არს კაცი – ჩემამდე რომ ვერ მოაღწია. მიღწევა ნიშნავს დასასრულს. ვერმიღწევა კი სიცოცხლეა, რომელიც სულს მარადის აღვიძებს და იწვევს გზისკენ.
2. ნეტარ არს დილა – მამლის ყივილს თუ ვერ მოესწრო. მამლის ყივილი ქრისტეს გაცემის პარადიგმაა, ამიტომაც დილა მამლის ყივილამდე- უცოდველობის სიმბოლოა.
3. ნეტარ არს მტრედი – სამრეკლოში თუ ვერ შეფრინდა. აქ ჩანს თანაგრძნობა ყველა იმ უმანკო სულის მიმართ, რომელნიც საწადელს ვერ აღწევენ.
4. ნეტარ არს ღმერთი, ჩემამდე თუ შემოაღწია.
ეს სტრიქონები ბუნებრივად ეხმიანება პირველ ფსალმუნს:
`ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. 2. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. 3. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. 4. უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს. 5. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში. 6. რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება~.
კატო ჯავახიშვილის სტრიქონში `ნეტარ არს ღმერთი, ჩემამდე თუ შემოაღწია~. მოულოდნელად იცვლება რაკურსი. კაცი, მტრედი, დილა _ მიწის, წუთისოფლის `შვილები~ არიან და მოულოდნელად შემოიჭრება `ნეტარ არს ღმერთი~, ამგვარად განიცდება ის, როგორც `მამა~ და `მშობელი~. ამგვარი განცდა ზეცისა საოცარი სითბოთი გამსჭვალავს ლექსს.
ამ სტრიქონში პოეტი წარმოაჩენს ტკივილს უფლისას, რომლის სიცოცხლეს კვებავს ადამიანთა სიყვარული. სადაც არ არის სიყვარული, იქ, როგორც გრიგოლ რობაქიძე წერს `ჩაკლულ სულში~, ღმერთი იფლითება, ამიტომაც დაარქვა რომანის ერთ თავს სწორედ ასე: `ღმერთის ტკივილი~.
`სასუფეველი ადამიანთა გულებშია~. ღვთის ნეტარება მჟღავნდება მის მიერ შექმნილის მოწონებაში, როგორც შესაქმეშია: `დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე~ (დაბადება, 1, 31). ადამიანები კი ამ სიხარულს ართმევენ უფალს, როდესაც მისი სახლიდან თავგზააბნეულნი გარბიან `უძღები~ შვილებივით.
როგორც პავლე მოციქული წერს: `ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისთვის მკვდრებად და ღვთისთვის ცოცხლებად~ (რომაელთა, 6, 11), რათა ღმერთმაც ინეტაროს.
ამ ლექსში სხვაც ბევრი რამ იქცევს ყურადღებას, მათ შორის, მეტაფორები: `გადალამბული ბუმბულიდან წვეთავს სიცოცხლე..~, ლაზარეს სახე და ფიქრი თვითმკვლელობაზე.
პოეტისთვის ხილული სამყარო ილუზიაა და მოჩვენება, როგორც გალაკტიონი იტყოდა `ყოველივე ქარია და ჩვენება~. ეს კარგად ჩანს ლექსში `Nონ-შტოპ~. რომელიც სხვათაგან იმითაც განსხვავდება, რომ საინტერესოდ არის გაწყობილი და გარითმული. გამეორება ამ ლექსშიც, ერთი მხრივ, კეთილხმოვანებისა და, მეორე მხრივ, ფიქრის ჩაღრმავებას იწვევს:
`წარმოიდგინე~ ამ სიტყვის გამეორებით პოეტი გამორიყავს მკითხველს დროის შეჩვეული მდინარებიდან, ნაცნობ საგანთა ტყვეობიდან გამოათავისუფლებს და სხვა დრო-სივრცულ განზომილებაში შეჰყავს, რათა დააფიქროს:
`ჩვენია სული, თუ უბრალოდ შემოგვისახლეს~
`წარმოიდგინე, რომ პოეტებს ჩვენ მხოლოდ ვგავართ...
...როცა ერთმანეთს უმიზეზოდ ვუღარიბდებით~.
პოეტის შექმნილი ახალი სიტყვა `ვუღარიბდებით~ საუკეთესოდ გამოხატავს ერთმანეთისგან გაუცხოებას.
`შუშის ქალაქი~ სიმბოლოა თანამედროვე ცივილიზაციისა. აღარაფერი აღარ არის მყარი და ხანგრძლივი, ყველაფერი, უპირველესად, ურთიერთობები იოლად იმსხვრევა და იფანტება. ადამიანები დადიან თვალებში შუშის ნამსხვრევებით და ზეცის დანახვა უჭირთ. სტრიქონები ამხელენ ნამდვილი გრძნობების მონატრებას:
`ამ ღამით ქარაშოტს ელიან ქალაქის
ვიტრაჟში მომწყვდეულ ქვაფენილს დაბზარავს სიბერე,
გადავცდეთ სიჩუმეს, მოვისხათ აპრილის ხალათი
და მერე ნამდვილი ცრემლებით ტირილი მაჩვენე~.
ამ ლექსების რიტმული მონახაზი უმეტესად ექსპრესიულია. ექსპრესიის განცდას ამძაფრებენ ალიტერაციები:
`მე... მხოლოდ ამ ერთხელ,
ამ ერთ ხელს
იმ ორის მაგიერ
გაწყვეტილ ღამეში
წყვეტილად
ლოცვა რომ მასწავლე,
მე... მხოლოდ ამ ერთხელ,
ამ ერთ ხელს
კანკალით შეგახებ~ (`სამხრეთი~).
ამ კრებულის ფურცლებზე ყვავიან `თვალებით გამრავლებული ლექსები _ ბეგონიები~ _ `სასრულის საწყისად~ (`ბეგონია~).
ყოველი ლექსის დასასრული – მკითხველის გონებაში ახალი ფიქრის დასაწყისია და ასე გაგრძელდება მუდამ:
`იქნებ სამყარო მხოლოდ ჩვენი სიზმარი არის
და მაშინ, როცა ჩვენ ნამდვილად გაგვეღვიძება
აღარ დაგხვდება~ (`ჟანა~).
`ნამდვილ გაღვიძებაზე~ ფიქრია კი წყაროა შთაგონებისა.
ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი. მთავარია, რომ ამ ლექსების კითხვისას
`ალილუია! იდგა ღმერთი ჩვენ შორის~ (`დუბლი~).
19/10/2010


Sunday, January 30, 2011

მაია ჯალიაშვილი გოდერძი ჩოხელის რომანზე ''მგელი''

კაცი ყვავილით მგლების რკალიდან

(გოდერძი ჩოხელის რომანი `მგელი~, მეორე გამოცემა, თბ. 2002)

გოდერძი ჩოხელის პროზა პოეტურია.
პოეტურია მისი რომანი `მგელიც~, რომელშიც, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, რიტმისა და რითმის გარეშე მოდის ირაციონალი და მთავარიც ეს არის. მწერალი ცდილობს უხილავის მოხელთებას და რომანის მთელ მხატვრულ სისტემას ამ ძიებას უსადაგებს.
რომანის მთავარი გმირი ლუკა, მწერლის ალტერ-ეგო, მთხრობელის ნიღბით შემოდის ტექსტში და წუთისოფლის ხლართებში გარკვევას ცდილობს. ამ ნიღაბს სხვათაგან უპირველესად გამოარჩევს დიდი გაკვირვებული და სუფთა თვალები.
რომანი წარმოადგენს საკუთარი ცნობიერების მიმოხილვას, სადაც უხვადაა დალექილი როგორც პირადი, ასევე ერისა თუ კაცობრიობის გამოცდილების არქეტიპები.
მწერალი ერთგვარ ტრანსში აგდებს თავის გმირს და ამისთვის უქმნის შესაფერის გარემოს. ლუკა მარტოდმარტო რჩება თოვლით გადათეთრებულ ტყეში. იქმნება პირველყოფილი სიწმინდის განცდა. `იდუმალ გარემოში იყო გახვეული ლუკა~, `ღვთაებრივ სიჩუმეში უცებ გაკრთებოდა მოძრაობის წამი და მიწისკენ შრიალით წამოვიდოდა თოვლის ფანტელები. ეს ხმა ჰგავდა ზეციურ საგალობელს~. და ამ უჩვეულო გარემოში იწყება გმირის თვითჩაღრმავება, ფიქრი მიიმართება შორეული წარსულისაკენ, ფესვებისკენ. ლუკას ხეობაში მარტო დარჩენის მიზეზი ხომ ადამიანთა უსულგულობაა. სამყაროდან იკარგება, სადღაც ქრება სიწმინდე. რატომ? რა ემართებათ ადამიანებს? იწყება ძიება პასუხისა და ლაბირინთში ჩნდება ძაფი, რომელმაც შეიძლება სიცხადემდე მიაღწევინოს მწერალს_ადამიანთა შორის მომრავლდნენ მგლები. და ასე იქმნება ლიტერატურული მითი ადამიანი-მგლისა. ისინი, ადამიანი-მგლები ყველგან არიან, ქალაქშიც და სოფელშიც. `ვინ იცის, რამდენჯერ გადაჰყრია მგელს. ზოგმა შემთხვევით ჩაუარა ქუჩაში, ზოგმა... იქნებ დაძრწიან დღისით და ღამით სამგლო საქმეებით დატვირთულნი~, `მგელი რომ შეჭამს ადამიანთა წილ სიყვარულს, კაცივით მათ შორის იტრიალებს და ნელ-ნელა გამოსწოვს, რაც რამ წმინდაა მათ შორის~.
რაკი აზრი, როგორც ილია იტყოდა, ერთხელ გამოიკვანძა, იმას რაღა შეაჩერებდა და ლუკას ცნობიერებაში ზვავივით დაეშვა ფიქრები. მას გაახსენდა ბავშვობისდროინდელი სხვადასხვა ამბავი, რომელიც ადასტურებდა მის ვარაუდს, რომ ადამიანთა შორის მგლებიც დადიოდნენ და სწორედ ისინი ჩადიოდნენ ბოროტ საქმეებს.
თხრობაში ნოველებივით იჭრება ეს ამბები, რომელთაც ერთიან მხატვრულ ქსოვილში თავისი ფერი და რიტმი აქვთ, მაგრამ თანვე ცალკე დამოუკიდებლადაც წარმოგვიდგებიან. ამბავი მგელქალასი, ბებერი `პატარძლისა~, ჯარჯისა, გარსიასი, ქუდიანი ფაცა მგლისა... ლუკა ყველგან შეიგრძნობს მგლის სუნს. სისხლით მთვრალ მგელ-ადამიანებს სულ ახლახან თავდაღწეული კვლავ შიშით მოელის მათ თავდასხმას.
ქალაქში როგორც ჯოჯოხეთის რკალში, ისე შედის ლუკა, რათა ცხოვრების გამოცდილება მიიღოს და ბოროტება ზღაპრისა და ლეგენდის სივრცეში კი არა, რეალურ ურთიერთობებში გამოსცადოს.
თუ აქამდე ლუკასთვის არსებობდა მხოლოდ სოფლის (წუთისოფლის ერთგვარი მოდელი) განზომილება, სადაც ბუნება სრულ ჰარმონიაში იყო ადამიანთან, ახლა მის ცნობიერებაში შემოიჭრა სხვა, ერთგვარი ბოროტი განზომილება, რომელმაც მისი ჩანთქმა დააპირა. ამიტომაც გარბის ლუკა ქალაქიდან და იწყება გაცნობიერება_გააზრება ცხოვრებისა. ასე რომ, მთელი ეს მოგზაურობა ქალაქიდან სოფლისკენ არის ცდა შინ დაბრუნების გზით შემეცნება სამყაროს, ცხოვრების, სიცოცხლის არსისა. ბავშვობაში მოსმენილი ტექსტების ხელახალი წაკითხვა იწყება და აქამდე საიდუმლო ნიშნების გაშიფვრა-ამოცნობა. მკითხველისთვის ეს ერთგვარი ზიარებაა უცნაურთან, ამოუხსნელთან. ზღაპრის, სიზმრის, ოცნების, წარმოსახულის სიტყვიერი ქსოვილიდან წერილობით ტექსტში მოძრაობისას მწერალი ცდილობს შეუნარჩუნოს ნაამბობს გემო და სურნელი დაწერილში. შეიძლება ითქვას, რომ მწერალი ამას აღწევს. ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირი გზით და ცოცხლობდა მხოლოდ ნაამბობში (რაც გულისხმობდა ერთი ამბის უთვალავ ვარიანტ-ვარიაციას, კონკრეტულ გარემოსა და თვითონ მთხრობელის ბუნებას), მწერალმა აქცია დაწერილად, ამით თითქოს გაადვილა და მხოლოდ ერთი გაგებისთვის `გაწირა~ ნაამბობი, მაგარამ ასე არ ხდება, რადგან არსებობს მკითხველი, როგორც განუმეორებელი ინდივიდუალობა (ისევე, როგორც მთხრობელი), რომელიც კვლავ იწყებს ცნობილი ამბის ხელახალ კონსტრუირებას თავის ცნობიერებაში, დაწერილი ალეგორიების, სიმბოლოების, მეტაფორების თავისებურ გააზრებას. ასე, რომ მკითხველიც, მთხრობელის მსგავსად, ქმნის ინტერპრეტაციათა დაუსრულებელ რიგს. ნაამბობმა კვლავ შეინარჩუნა პირვანდელი ხიბლი და დაწერილის გზით შესაძლებელი გახდა ერთდროული კონტაქტისა არა მსმენელთა ვიწრო წრესთან, არამედ მილიონობით მკითხველთან. თუმცა `ნაამბობიც~ პირობითია, რადგან მწერალი ვინმეს ნაამბობს სუფთა სახით კი არ იყენებს, არამედ თვითონ იმგვარად ქმნის ამბავს, რომ გგონია, ეს თაობიდან თაობას გადაცემული ლეგენდაა, მითია, ზღაპარია.
ქალაქში ლუკა თითქოს პოულობს შიფრს იმ ამბების, ე.წ. ტექსტების ამოსახსნელადაც, რომელის მას სოფელში ბავშვობიდან ესმოდა.
ლუკა აცნობიერებს, რომ არსებობენ ადამიანი-მგლები და ამის დასტურად უამრავი ამბავი ახსენდება. ეს არის ცხოვრების შემეცნება-გააზრების მტკივნეული პროცესი, და თანვე სიცოცხლის ღირებულებაზე დაფიქრებაც. როგორც კამიუ იტყოდა, ღირს კი სიცოცხლე იმად, რომ ადამიანმა ბოლომდე გალიოს? მწერლის პასუხი დაუეჭვებელია და მტკიცე. ღირს! რადგან არსებობენ ადამიანები, რომელთაც ყვავილი უჭირავთ ხელში სანთელივით და სინათლითა და სიყვარულით სიბნელესა და სიძულვილს ამარცხებენ.
თვითონ მწერალია უპირველესად ასეთი ადამიანი, ამიტომაცაა, რომ მიუხედავად საზარელი მგლური ამბებისა, რომანი მაინც სიკეთითა და სინათლით არის სავსე.
ლუკას სიკვდილ_სიცოცხლის შემეცნების გზაზე ერთგვარ შემწედ მოევლინება თევდორე. ეს სახე იმით არის საინტერესო, რომ თევდორე თვითონ იყო მგელი და მისი ნაამბობი პირად გამოცდილებას ემყარება. ასე რომ, მწერალი შიგნიდან ხსნის ბოროტების არსს. მგელი იგივე ეშმაკია, რომელიც ცდილობს წარსტაცოს უფალს ცხვრები-ადამიანები.
მგლადყოფილი თევდორე, თავისი უჩვეულო თავგადასავლით, ლუკას და მკითხველსაც შექმნილი თითქოსდა ჩაკეტილი წრიდან (მგლების რკალი) გამოსავალს აპოვნინებს. ღმერთი არასოდეს მიატოვებს ადამიანს, ოღონდაც ადამიანს ახსოვდეს იგი. ეს ხსოვნა კი გამოხატება მხოლოდ სიკეთის ქმნაში. მადლი განწმენდს და ფრენას შეაძლებინებს ადამიანს. რომანში ერთი ულამაზესი ამბავია, თევდორეს მამასთან, თანდილასთან დაკავშირებული. ეს კაცი ვერასგზით ვერ მიდრიკეს და გადაიბირეს ბოროტმა ძალებმა და თანდილა კი არ გარდაიცვალა, არამედ აყვავდა და სურნელოვან ყვავილებად მიმოიფანტა. სწორედ ამ ყვავილმა იხსნა თვითონ თევდორე დაღუპვისაგან და ამ ყვავილსვე გადასცემს ლუკას, როგორც რწმენისა და სიყვარულის სიმბოლოს, თანვე რეალურ ძალას ბოროტების შესამუსრავად. ლუკა ამ ყვავილით ხელში ჯერ საკუთარ სოფელში ამარცხებს ცოფს, ხოლო შემდეგ მთელ ქვეყნიერებაზე მიემართება ბოროტების დასამარცხებლად. ეს თითქოს მისი მისიაა, რადგან იგი გამორჩეულია, ნაწილიანია, გავიხსენოთ, რომ ლუკას მარცხენა მხარზე ფრთაგაშლილი არწივი ახატია. ბავშვობაში კი თეთრწვერა მოხუცი ესიზმრა და ყვავილი გადასცა. ყვავილი რომანში მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა და მასში ირეკლება არა მხოლოდ სიკეთე, არამედ ღვთისმშობელი. ანაც ყვავილის ერთგვარი ტრანსფორმირებული, მიწიერ-ხორციელი სახეა, რომელიც ლუკას გულს სიყვარულით აღანთებს. საინტერესოა მწერლის დაკვირვება ადამიანთა ბუნებაზე. კაცთა შორის მგლებიც არიან და სხვა მწერთა თუ ცხოველთა მსგავსნიც. `ასე დაუწესებია ღმერთს ლუკავ, ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ზოგი ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სულ სხვის სისხლსა სწოვენ, სხვანი კი ერთთავად მახეს აგებენ. ზოგი კიდევ პატარა ციცინათელად გაუჩენია. იწვის, ანათებს, თავისთვის იწვის, ცეცხლი უკიდია, არაფერს კი არ სწვავს თავის თავის მეტს. მთელ ღამეს კი ათბობს იმისი შუქი. ასეა, ასე დაუწესებია დამბადებელს~.
`რომ არა წმინდა სამება, სამგლეთად გადაიქცეოდა მთელი დედამიწა, ვერა ხედავ, ისედაც როგორ მომრავლდნენ მგლები, მძორად იქცა ქვეყანა~,_ეუნება თევდორე ლუკას და უამრავ ამბავს უყვება მგელ_ადამიანთა ავი საქმეების შესახებ. `სადაც სული წმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება~. და ასე იმართება ქვეყანა მგლური კანონებითა და სამართლით.
თევდორეს სჯერა და ლუკასაც არწმუნებს, რომ ადამიანები ყველანი ყვავილის ჩამომავლები არიან, მაგრამ დავიწყებული აქვთ და ამიტომაც არიან ასეთი ბოროტები და უბედურები. ფესვის, ძირის, იგივე ყვავილის ძიება და პოვნა ადამიანის უპირველესი საფიქრალი უნადა იყოს, რადგან ეს იქნება დაფიქრება მარადიულ კითხვაზე, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, მხოლოდ ამის გაცნობიერების შედეგ შეიძლება ფიქრი მომავალზე. ეს კი შემოქმედი მამის წიაღში დაბრუნების ცდაცაა. რწმენა აძლიერებს ადამიანებს და ჯვარი იცავს უწმინდურებისაგან. თევდორეს ერთ ღამეს როდესაც ადგილის დედას მიებარა, პირჯვრის გადაწერა დაავიწყდა და მგლების კერძი გახდა. მათ იგი წითელ მგლად აქციეს. წითელი ამ შემთხვევაში სისხლის, აგრესიის, ძალადობის სიმბოლოა. მწერალი, რა თქმა უნდა ამ წითელ მგელში სისხლიან საბჭოურ ეპოქასაც გულისხმობს, როდესაც სასტიკად იდევნებოდა რწმენა, იბღალებოდა სიწმინდეები. რომანში ამ თემასთან დაკავშირებით ერთი არაჩვეულებრივი ეპიზოდია დახატული. პატარა ლუკამ სკოლა გააცდინა და აღდგომას სასაფლაოზე წავიდა. მეორე დღეს დირექტორმა ამის გამო სასტიკად დასაჯა. წითელი კვერცხები აჰკიდა, ზურგზე მუყაო მიაკრა წარწერით ~ქრისტე აღდგა~ და ასი წრის შემორბენა უბრძანა. ბაშვები ყიჟინითა და სიცილ_ხარხარით მისდევდნენ. დაღლილობისაგან დაცემულს დირექტორი წამოადგა, წამოაყენა და ჩაეკითხა: `აბა, აღსდგა ქრისტე?~ `ჭეშმარიტად, მასწავლებელო~,_ამოილუღლუღა ლუკამ.
ცხადია, თევდორეს სახლში კვლავ წამოუტივტივდება ლუკას ფიქრი, რატომ ვერ შეინარჩუნა ბავშვობისდროინდელი სიწმინდე და რწმენა, რაც საოცარ ძალას ანიჭებდა, ნუთუ მადლი მასაც სხვებივით უმოწყალოდ შემოეფანტა. და ჩნდება საზარ ეჭვი: `ნუთუ აღარსად არის ღმერთი~, ან რატომ ვეღარ ფრინავენ ადამიანები? და ეუფლება უსაშველობის, ხაფანგში მომწყვდეულობის განცდა. `წრეშია მოქცეული. ირგვლივ მგლებია. მშველელი არ ჩანს. ვინ გაიყვანს ამ წრიდან? თუმცა არსებობს ერთი იოლი გზა: `დანებდი, შენც მგლად იქეცი, შენც იმათ წრეში ჩადექი და სხვას ჩაუსაფრდი. განა ერთი და ორი მგელია შენს გარშემო~. მაგრამ ამ მაცდუნებელ გზას მაშინვე უარყოფს ფიქრშიც და განუდგება. ჩათვლემილს კი ცეცხლმოდებული დედამიწა დაესიზმრება, მეორედ მოსვლა. სასოწარკვეთილი ხალხი და უცებ გამოჩნდება `დაკარგული ღმერთი~. `უცოდველნი ამოფრინდით~_გაისმის მისი ხმა და აღმა წავიდა ხალხი, ლუკაც მათ შორის. `წადი, იპვე ყვავილი~,_ მხარზე ხელი დაადო ღმერთმა და ლუკა ძირს დაეშვა. ამის შემდეგ სახიფათო ეჭვი დაიძლია, მედი გაუჩნდა და სიმშვიდე დაეუფლა. `სადაც ძაღლია, ძროხები, ადამიანი და ახალმოსული თოვლი, იქ აღარ შეიძლება ავი ფიქრი~. თუმცა, მტანჯველი ფიქრი მაინც არ ასვენებს, უპირველეს ყოვლისა, კი ფიქრი სიკვდილზე, რომელიც მგელივით მოუხტება ხოლმე ადამიანს. `ბებერ მგელსა ჰგავს. აღარაფერი რომ აღარ უთბობს ბებერ გულს და იმდენჯერ მოთხვრილა სისხლით, ახლა მთელი ლაშ_პირი წითელი აქვს. ბებერმა მგელმა არ იცის შეცოდება~. უღვთო სიტყვაც იგივე სიკვდილია და ლუკა შედის სიკვდილზე ფიქრის ლაბირინთში, საიდანაც თავი ჯერ არასოდეს არავის დაუღწევია. ამიტომაც დროზე გამობრუნდება_`მოვა და გავიგებ~. მანამდე კი უნდა იცოხლოს და მგლების რკალი გაარღვიოს. თევდორე ეუბნება: `ქალაქი სავსეა მგლებით, სადაც კი წავსულვარ, მთელ ქვეყანაზე მგლის სუნი ტრიალებს~. თუმცა რომანში არის ერთი ამბავი, როდესაც ორმოში ჩავარდნილ მონადირეს მგლები დაინდობენ. გადარჩენილი კაცი კი მაინც უსულგულოდ ჩახოცავს.
მწერალს სჯერა, მიუხედავად ბოროტებისა და მგლების სიმრავლისა, მადლი მაინც გადასწონის უკეთურებასა და ცოდვას, რადგან თაობიდან თაობას გადაეცემა რწმენა_ყვავილი. ლუკასნაირი ნაწილიანი ადამიანებიც არ დაილევიან ქვეყანაზე.
`სოფელი აავსო ყვავილის სუნმა,
წამოვიდა ლუკა,
დადიოდა სოფელ_სოფელ,
დადიოდა ქალაქიდან_ქალაქში,
დადიოდა ანას სიყვარულით ანთებული.
ხელში ყვავილი ეჭირა და მის დანახვაზე გარბოდნენ მგლები, გარბოდნენ სოფლებიდან, გარბოდნენ ქალაქებიდან. მგლებისგან იცლებოდა ქვეყანა~.
ლუკა ჩვენს ქალაქშიც მალე გამოჩნდება, ყვავილით ხელში...
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', 2006

Friday, January 21, 2011

მაია ჯალიაშვილი ცისფერყანწელ სანდრო ცირეკიძეზე

საავტორო უფლება დაცულია
მაია ჯალიაშვილი


ხის საჯვარეში ანთებული სანთელი _ სანდრო ცირეკიძე


`სანდრო ცირეკიძის შემოქმედება იყო ფარდის შერხევა, რომლის იქით იმალება გამოუთქმელი~ _ ეს გრიგოლ რობაქიძის სიტყვებია. მართლაც, სწორედ მიღმურის, მისტიკურის გზნება და გამოთქმაა სანდრო ცირეკიძის შემოქმედება.
`სანდრო ცირეკიძე იყო სანთელი არა ფიგურალური, სანთელი ანთებული ხის საჯვარეში უცნობი ხელით. სიგრილე, სიმარტოვე, იდუმალება ირგვლივ, როგორც სამარეში~ _ ეს სიტყვებიც გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის და მათში ხატოვნად წარმოჩენილია სანდრო ცირეკიძის პოეტური სულის ძირითადი თვისებები, მის მინიატურებსაც რომ ახასიათებთ.
სანდრო ცირეკიძე ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთი ერთგული „რაინდი“ იყო. „ცისფერი ძმობის“ სხვა წევრებთან ერთად იღვწოდა პოეტური სიტყვის აღორძინებისა და განახლებისათვის, საქართველოს სულიერი კულტურის გამდიდრება-გამრავალფეროვნებისთვის, რაც, მათი აზრით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართველი ერის მომავალ სიმტკიცეს, ერთიანობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ცირეკიძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სიმბოლისტური სკოლის სრულყოფილი აღქმა თუ შემეცნება, კერძოდ კი, ქართული სიმბოლისტური პროზისა, რომლის ყველაზე თამამი „ექსპერიმენტატორი“ იგი გახლდათ.
სანდრო ცირეკიძემ, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული კლასიკური პროზის ტრადიციები, მეორე მხრივ კი, ხორცი შეასხა ახალ მოდერნისტულ შეხედულებებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციული მხატვრული აზროვნებისაგან.
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან შეძლო მრავალმხრივ გამოევლინა თავისი ნიჭი. იგი წერდა შესანიშნავ მინიატურებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მომცრო კრებულის გამოცემა მოასწრო, სახელწოდებით `მთვარეულები~ (1921 წ.). სანდრო ცირეკიძემ თავისი თარგმანებითაც გაამდიდრა ქართული ლიტერატურა. ამ გზით დიდი დახმარება გაუწია ქართველ მკითხველს ფრანგ სიმბოლისტ მწერალთა გასაცნობად.
იგი იყო რედაქტორ-გამომცემელიც. ქუთაისში საგანგებოდ დაარსა ცისფერყანწელთა გამომცემლობა `კირჩხიბი~ და გამოსცა კიდეც პოეტური კრებულები: კოლაუ ნადირაძის `ბალდახინი~ და ვალერიან გაფრინდაშვილის `დაისები~. იგი იყო ჟ. `შვილდოსნის~ რედაქტორი და ჟ. `მეოცნებე ნიამორების~ თანარედაქტორი.
თავისი ესეებით კი სანდრო ცირეკიძემ გაამდიდრა ქართველ სიმბოლისტთა თეორიული წარმოდგენები ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. ხშირ შემთხვევაში, იგი გვევლინება ახალი პოეზიის ერთგვარ კომენტატორადაც კი, რადგან მის ესეებში მოცემულია ახსნა იმ ძირითადი პრინციპებისა, რომელთა საფუძველზე ხორციელდებოდა სამყაროს სრულიად ახლებური პოეტური გააზრება.
სანდრო ცირეკიძემ თავისი შემოქმედებით დახვეწა და გაამდიდრა მინიატურის ჟანრი. `ლაია~, `მოზაიკის ღვთისმშობელი~, `მთვარეული~, `პირიმზე~, `მუნჯი მოციქული~, `რაინდთა ლანდები~ და სხვა _ ეს მინიატურები იყო ახალი სიტყვა ამ ჟანრში. მწერალმა უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება ირეალობაზე და სინამდვილე წარმოაჩინა, მხოლოდ როგორც ნიშანი, სიმბოლო, ფარდა, რომლის იქით იმალებოდა გამოუთქმელი. მისი მინიატურები პოეტურია, უფრო თეთრ ლექსებს ჰგავს. დაფარულის შეგრძნება და გამოხატვა იყო მისთვის მთავარი. მას სჯეროდა სამყაროს ფენომენალობისა და პოეტური ხატებით, მეტაფორებით, სიმბოლოებით ცდილობდა საგანთა და მოვლენათა არსში წვდომას, იდუმალის ახსნასა და გადმოცემას.
სანდრო ცირეკიძის შესახებ არაერთი საგულისხმო გამოკვლევა დაიწერა, მათ შორის, ლალი ავალიანისა, სალომე ნიკოლეიშვილისა, მაკა ჯოხაძისა, ელგუჯა თავბერიძისა, თინანო თევზაძისა და სხვებისა. მისი შემოქმედების კვლევა გაგრძელდება, რადგან, მიუხედავად მცირე მემკვიდრეობისა, სანდრო ცირეკიძის შემოქმედება იძლევა ღრმა და მრავალხრივი ძიების საფუძველს.
სანდრო ცირეკიძის პოეტურ სამყაროში წაშლილია ზღვარი წარმოსახულსა და რეალობას შორის. გმირები თანაბრად განიცდიან როგორც ნამდვილ, ასევე სიზმარეულ, ოცნებისეულ სამყაროს. სანდრო ცირეკიძის შესახებ შეიძლება გავიმეოროთ სიტყვები, რომლებიც ვალერიან გაფრინდაშვილმა მალარმეზე თქვა: `იგი იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი თავისი ოცნების და ცხოვრება, როგორც უვარგისი სუფლიორი სამუდამოდ უარყოფილ იქნა პოეტის მიერ~.
სანდრო ცირეკიძის მინიატურებში ბევრი რამ ხშირად აგებულია სიზმრისეულ პრინციპებზე. აქ არის გარკვეული ბუნდოვანება, ნახევარტონები და გამოცანები, მკითხველი უნდა მიჰყვეს მინიატურისეულ განწყობილებებს და ემოციურად განიცადოს სათქმელი. მწერლისთვის უმთავრესი იყო მშვენიერებისთვის ეზიარებინა მკითხველი. მშვენიერება კი მას ეგულებოდა წარმავალ საგანთა და მოვლენათა მიღმა, ამიტომ ცდილობდა უჩინარის მოხელთებას და მარადიულთან ზიარებას.
მის მინიატურებში ჩანს ძიება სიტყვათა ფარული `შესაძლებლობების~ აღდგენისა, გაცოცხლებისა. იგი ხშირად იყო `ძუნწი~ წერისას, უფრთხილდებოდა, არჩევდა, ნაკლებად იმეტებდა სიტყვებს, ამიტომ `სიჩუმის მოციქულსაც~ უწოდებდნენ მეგობრები.
სიმბოლისტები, საზოგადოდ, ცხოვრებას გაიაზრებდნენ, როგორც დროებით `სადგომს~, წარმავალს, როგორც ციხეს და მიელტვოდნენ იქითა, მიღმურ სამყაროს. არამიწიერი, ზეციური, ამაღლებული მოვლენები ხიბლავდათ. როგორ ესახებოდათ მათ ხსნა? უმეტესობა სულის განწმენდის, ზნეობრივი გაკეთილშობილების გზას მიიჩნევდა უპირველეს გადამრჩენად. გიორგი ლეონიძე წერდა: `თითოეული ჩვენგანი აღივსი საღვთო სიყვარულით და წყურიელნი ვეძებთ სულის დამალულ ოთახებს~. ამ სიტყვებში ნათლად ჩანს ცისფერყანწელთა მისწრაფება, ეზიარონ საღვთო სიკეთესა და მშვენიერებას. ქრისტეს სიყვარული, როგორც უმაღლესი და უფაქიზესი გრძნობა, წყალქვეშა დინებასავით გასდევს სანდრო ცირეკიძის მინიატურებს.
რელიგიური თემები მახლობელი იყო სიმბოლისტებისთვის, ტომას სტერნზ ელიოტი ესეში `ბოდლერი ჩვენს დროში~ წერს: `იგი მთელი არსებით ქრისტიანია... ბოდლერი თავს ანებებს ქრისტიანობის გარეგნული ფორმების ერთგულებას და სულიერი გუმანით ბუნებრივ ქრისტიანად რჩება~. ასეთი ბუნებრივი ქრისტიანები იყვნენ ცისფერყანწელები. თუმცა, მათ იმგვარი სიმძაფრით არ შეუსხამთ ხორცი რელიგიური თემებისთვის, როგორც რუს სიმბოლისტებს, თეურგების სახელით რომ იყვნენ ცნობილნი (ვიაჩესლავ ივანოვი, ალექსანდრე ბლოკი, Aანდრეი ბელი, დ. მერეჟკოვსკი...)
ლაია და მოზაიკის ღვთისმშობელი _ ასე შეიძლება წარმოჩნდეს სანდრო ცირეკიძის მინიატურების მიხედვით გარდამავალი ხაზი მიწიდან ზეცისკენ, ბნელიდან ნათლისკენ, შავიდან თეთრისკენ. მწერალი ქმნის ორი უმშვენიერესი ქალის _ ლაიასა და ღვთისმშობლის სახეებს. ერთი გარეგნული ბრწყინვალებისაა, მეორე _ სულიერი. ლაია _ თვითონ ეს სახელიც თითქოს ამქვეყნიურ ამაოებათა ანარეკლია _ მაცდუნებელი და მიმზიდველი. პირველად მინიატურა `ლაიაში~ წარმოდგება მისი ხატება და შემდგომ დაჰყვება მწერალს უჩინრად, როგორც მარადიული ადამიანური სისუსტე _ იყოს სურვილთა მონა. ლაია თავისი ვნებიანობითა და ავხორცობით ამორძალს მოგვაგონებს, რომელიც ცხელი და ხარბია სიყვარულისთვის. ლაია სიმბოლოა, რომელიც თანდათან იხსნება, სცილდება ნიღაბი და წარმოჩნდება მისი ჭეშმარიტი არსი.
ლაიას მზიური ნიშანი აქვს _ ოქროს თმები. ამ დაღით სცნობს მას `პოეტი~: `ბაზრის ქუჩაზე ცხოვრობდა ლაია~. ბაზარი საუკეთესოდ გამოხატავს ადამიანურ ვნებათა ქაოსს, ყოფიერების ჭაობია იგი და კაცთა გამტალახიანებელი. ბაზარში სიმბოლურად მოიაზრება ადამიანთა ცხოვრების ის ეტაპი, როცა ზნეობა დაცემულია, ღირებულებები გაუფასურებული. ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან. ამიტომაც ლაია სწორედ ბაზრის ქუჩაზე ცხოვრობს. `ლაიას არ უყვარდა მზიანი დღე~. მისი სილამაზე მხოლოდ ღამეში წარმოჩნდებოდა, ეს სილამაზე კი მოჩვენებითი და ილუზიური იყო. ღამე ხომ, როგორც ილია წერდა: `ადამიანის დამფრთხალ გონებას უბედურებას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე~. მინიატურაში აღწერილია ლაიას თაყვანისცემის თითქმის წარმართული რიტუალი, რომელიც გამოხატავს ადამიანთა სულიერ მონობას. `ლაიას თმებს ფიცულობდა მთელი ქალაქი~ _ ამგვარად იხატება ადამიანთა ზნეობრივი დაცემის შთამბეჭდავი სურათი. მინიატურაში უმძაფრესი ხატოვანებითაა წარმოჩენილი სატანის სამთავროში ადამიანთა უპირველესი სალოცავი ხატება. `რომელმან ჰქმნეს ცოდვაი, მონა არს იგი ცოდვისა~ (იოანე, 8, 34).
სანდრო ცირეკიძის ზოგიერთი მინიატურის კითხვისას ჩნდება სახარებისეული ასოციაციები. ეს ბუნებრივია, რადგან ქართული მწერლობის ყველაზე ნაყოფიერი მასაზრდოებელი ხომ ყოველთვის ბიბლია იყო. გიორგი ლეონიძე შენიშნავდა: `თუ შელინგის დოქტრინით ახლა დგება ეკლესია იოანესი _ სამყარო სიყვარულისა და ენთუზიაზმისა (I _ სინთეტიური _ პეტრესი, II _ პავლესი _ეპოქა დოქტრინებისა). ჩვენმა ეკლესიამ არ იცის ერესები, არც ცხარე დოქტრინები. იგი თავიდანვე იყო ეკლესია იოანესი~.
როცა სანდრო ცირეკიძე აღწერს თმაგაშლილი ლაიას ბაზარში გამოჩენას და ხალხის სიხარულს, ეს მიანიშნებს ადამიანთა ვნებებში ჩაძირვაზე. `ბაზრის~ მცხოვრებნი დაბრმავებულნი არიან და შეპყრობილნი ანგარებით, სიხარბით, ღალატით და სხვა ათასგვარი სიბილწით. დასაღუპავად განწირულ ხალხში მაინც ნაპერწკალივით ბჟუტავს სურვილი გადარჩენისა. ამ ნაპერწკალს წარმოაჩენს მწერალი, როდესაც წერს: `შუა ბაზარში ტაძარია~. ასე იწყება მინიატურა `მოზაიკის ღვთისმშობელი~. ისევ ბაზარი, ოღონდ აქ უკვე `ცენტრში~ ტაძარია და არა ლაია. ტაძრის ძველ კედლებს ცხოვრების მღვრიე ტალღები ეხეთქებიან და ლაქავენ. `ცოდვებით მძიმეა ძველი კედლები~_ ვკითხულობთ მინიატურაში. ტაძრის სიმყუდროვეს დარაჯობს ღვთისმშობელი: `სათნოა თვალები მოზაიკის ღვთისმშობლის~ _ და თვალწინ უმალ გელათის მონასტერი წარმოგვიდგება. წმინდა მარიამის თვალთა სიღრმიდან ირეკლება ხსნის გზა. მწერალი საოცარი ხატოვანებით წარმოაჩენს, რომ `ნოტიოთი და საკმევლით სუნთქავენ ფრესკის გამხდარი წმინდანები~. მინიატურაში ერთმანეთს ერკინება ბნელი და ნათელი. ყურადღებას იქცევს შეშლილი დიაკონის სახე, რომელსაც ღვთისმშობელი შეჰყვარებია. იგი წირვის დროს ოცნებობს კიბეზე, რომ `ასწვდეს და კოცნით დაფაროს შიშველი ფეხები~. აქ სიტყვა კოცნაა და არა ამბორი, ამიტომაც მკითხველი ზუსტად წარმოიდგენს დიაკვნის სულში დატრიალებული ქარიშხლის ტრაგიკულობას. ბაზარმა დიაკონიც ჩაითრია ორომტრიალში და თავის მსხვერპლად იქცა. ტიციან ტაბიძე წერდა: `არავის ვმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა. ასეთი იყო აღთქმა ქართველი ერისა~. ამ აღთქმის დარღვევა მოჩანს მინიატურაში.
სანდრო ცირეკიძე თავისი დროის შვილი იყო და არც მისთვის იქნებოდა უცხო ლაიას ოქროსფერი თმების ჯადოსნური ძალა თუ ბაზრის ტყვეობა, ამიტომაც განსაკუთრებული სიმძაფრით სიკვდილის წინ იგრძნო რწმენის შიმშილი. შალვა აფხაიძე იგონებდა: `მიშველეთ! მიშველეთ! ძმებო, ვკვდები. ასეთი იყო სანდრო ცირეკიძის ყოველი წერილის ეს ტრაგიკული აკორდი. არ დამავიწყდება ერთი წერილი, რომელიც მივიღე მისგან ამ ხანში (სანდრო ამ დროს აბასთუმანში იწვა ჭლექით დასნეულებული). მე ვწერდი პოეზიაზე, ახალ მიმართულებაზე და სხვათა შორის დავსძენდი, მალე ქრისტიანულ მისტიციზმს მივიღებ-მეთქი. მომწერა პასუხი: ჩემო შალიკო, შენი წერილი დღეს მომიტანეს მხოლოდ. ორი კვირაა მაღალი ტემპერატურა მაქვს და ჯერ კიდევ ვერ დავიმორჩილე. მართლა, შენ მისტიციზმზე მწერ, იქნებ ამ მხრით მე გაგასწრო. მე მალე ღმერთს ვიწამებ, რა სასაცილო ამბავია, როდესაც ამბობ, ხვალ ღმერთს ვიწამებო, მაგრამ მე ამ გზით მივდივარ~. ამ გზაზე ის თავისი მწერლობით დიდი ხანია იყო დამდგარი, ეს ირონია კი საკუთარი ცხოვრებისკენ იყო მიმართული. სანდროს ძალიან უყვარდა თურმე პაოლო იაშვილის ლექსის `წერილი დედას~ ეს სტრიქონები:
`ღმერთო, აპატიე,
მე თუ ვერ მიშველი, _
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი~.
სანდრო ცირეკიძემ ადამიანთა სულიერი სიცარიელე და უმიზნობა წარმოაჩინა მინიატურა `ლოთში~. აქ გამოიკვეთა ყოფნა-არყოფნის პრობლემაც. ლოთი სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც ცხოვრებას სათამაშოდ უქცევია. `წითელი სიმღერა~, როგორც მოჩვენებითი ბედნიერების სიმბოლო, მას საყრდენს უკარგავს და უფსკრულის პირას აყენებს. უცებ გამოფხიზლებული კი შეიგრძნობს: `არარაობა ხარხარებს ჩუმად, ისე ჩუმად, რომ არც კი ისმის~, `ეი! _ შეღრიალა ლოთმა და წამოიწია გასაქცევად, მაგრამ ვერ დაიძრა და ისევ აზლუქუნდა უფრო მწარედ, უიმედოდ~.
ადამიანმა ტანჯვის გზით უნდა სრულყოს სული, გადაურჩეს ლაიას მომხიბვლელობას და მოზაიკის ღვთისმშობლის წინ მოინანიოს ცოდვები. მინიატურა `ბერში~ სწორედ ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტი გზის მპოვნელი ადამიანი წარმოსახა: `ლოცვით მობუტბუტე ხეები მიჰკვრიან მის მოღუშულ ბინას. ისინი სოფელს ეფარებიან. წმინდა ადგილს უმალავენ~. ბერი განმარტოებით ცხოვრობს, თოხნის, მიწას `ვალს ახდევინებს~ და გამოუთქმელ სიხარულს განიცდის:
` _ დიდ ხარ, უფალო! _ სასოებით შეჰღაღადა ვერცხლის ღრუბლებით მოფენილ იდუმალ სივრცეს და მერე სიბრალულით გახედა ფოთლებს იქით, დაბლა...
_ საცოდავები! _ ჩაილაპარაკა და თოხს დაეყრდნო~.
აქ ორიოდე შტრიხით საოცარი სიზუსტით არის წარმოჩენილი ბერის სულიერი სამყარო, მისი დამოკიდებულება ცხოვრებასა და ადამიანებთან.
ღრმადმორწმუნის კრძალვითა და რიდითაა გამსჭვალული ამ მინიატურის ყოველი სტრიქონი, ბერის მხურვალე ლოცვით თითქოს მთელი სამყარო იჟღინთება და უხილავად გაცისკროვნდება.
`ნეტარ არიან, რომელთა არა ვუხილავ და ვრწმენე~. ამგვარი ნეტარი და წმინდა ადამიანის ხატებაა მინიატურაში `მოხუცი~. იგი თავისი კეთილშობილებით სახარებისეულ მოციქულებს მოგვაგონებს. მწერალი მის პორტრეტს არ აღგვიწერს. არც მას გვაცნობს, უბრალოდ, ხატავს როგორი დამოკიდებულება აქვს ბუნებას მის მიმართ და ამგვარად წარმოჩნდება მოხუცის უჩვეულოდ სავსე შინაგანი სამყარო: `გახელებული მდინარე გიჟივით მორბის, ნაპირების დამსხვრევას ლამობს და გამოვა თუ არა ამ პიტალო შემორაგულიდან, შედგება, თითქოს წმინდანს შეხედაო. ამ ადგილას მოხუცი ზის და მთელი გულისყურით მიშტერებია მდინარეში ჩაგდებულ ანკესს~. მოხუცი სიმბოლური სახეა სიცოცხლის ჭეშმარიტი საზრისის მაძიებლისა. ადამიანი ხომ გამუდმებით, ტანჯვით, მოთმინებით უნდა ეძიებდეს ხსნის გზას. არის თუ არა მოხუცის მეთევზეობა შემთხვევითი? რა თქმა უნდა, არა, მაცხოვრის პირველი მოწაფენიც ხომ მეთევზენი იყვნენ, რომელნიც მან `კაცთა მესათხევლედ~ აქცია. მოხუცი დიდხანს ზის ნაპირზე, `სპეტაკი, მადლიანი სახე უღიმის და სასოებით დასჩერებია სალოცავად შემდგარ მდინარეს~. საოცარი ხატია სალოცავად შემდგარი მდინარე _ ეს სტრიქონი ფსალმუნს ეხმიანება: `ყოველი სული აქებდეთ უფალსა~. მოხუცს სჯერა, რომ დიდ წვერას დაიჭერს. გაღმა ნაპირიდან მაცქერალთ კი სასასცილოდ არ ჰყოფნით მოხუცის მოთმინება. `უეჭველად დაიჭერ, არა?_ უკანასკნელად ვკითხე კეთილ მოსაუბრეს. _ უეჭველად, _სიცილით მომიგო და ლოცვით მოჩურჩულე წყალს გადაჰხედა. გზაში კიდევ მესმოდა მისი იმედიანი ხითხითი~.
ეს მოხუცი თავისი სიჯიუტით ჰემინგუეის მოთხრობა `მოხუცი და ზღვის~ ბებერ მეთევზე სანტიაგოსაც მოგვაგონებს. ისიც ისეთივე ჟინით და გატაცებით მისდევდა უზარმაზარ თევზს გაშლილ, უკიდეგანო ზღვაში, რომელსაც, როგორც ცხოვრებას, უნდა გამოევლინა იგი, როგორც ადამიანი: `მაინც დავუმტკიცებ, რა შეუძლია და როგორი გაძლება აქვს ადამიანს~.
სანდრო ცირეკიძის შემოქმედებაში რეალობა წარმოჩნდება, როგორც ნიღაბი ან ფარდა, რომლის მიღმა იყურება იგი და მკითხველსაც შეაგრძნობინებს უხილავს. ჯონ სტაინბეკი წერდა: `სხვადასხვა მეცნიერებამ სამყაროს სხვენზე აზიდა ის საგნები და მოვლენები, რომელთაც ახსნა ვერ მოუძებნა. ჩვენგან აუხსნელი საგნები კი მაინც განაგრძობენ არსებობას ჩვენი ლოცვა-კურთხევის გარეშე. რასაც ვერ ვხსნით, არც გვინდა დავინახოთ, ხოლო ამასობაში საგანთა და მოვლენათა უდიდესი ნაწილი მიგდებული გვაქვს ბავშვებისთვის, გიჟებისთვის, სნეულებისა და მისტიკოსებისთვის, რომელთაც თვით საგანი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მისი ახსნა~.
სანდრო ცირეკიძეს, როგორც ჭეშმარიტ შემოქმედს, საგნები და მოვლენები უფრო აინტერესებს, ვიდრე მათი ახსნა, ამიტომაც ხედავენ მისი გმირები უხილავს. მინიატურა `მთვარეულში~ მთავარი გმირი გიჟია, რომელიც სწორედ თავისი სიგიჟის გამო გახსნილია ირაციონალური სამყაროსთვის. მისთვის უცხოა განსჯა და, შესაბამისად, სამყაროს აღქმა დანაწევრებულად, კეთილად და ბოროტად, ან ნათლად და ბნელად. იგი მთვარის სინათლეს აგროვებს, როგორც საჩუქრებს, როგორც განძს. ამ განძს, რა თქმა უნდა, მატერიალური ღირებულება არ გააჩნია. იგი სულის საზრდოა. ამ მინიატურის მკითხველი თითქოს ბრუნდება ჰარმონიულ სამყაროში, სადაც სიმშვიდე და უმანკოება ერწყმის ერთმანეთს. თუმცა ამავე მინიატურაში არის `გამოფხიზლებაც~ _ შეხლა რეალურ ცხოვრებასთან, როდესაც დუქანში შესული გიჟი ასანთის კოლოფებში განძს ვეღარ პოულობს. ეს განძი მას ამ ცხოვრებაში არ გამოადგება, მაგრამ მთავარია, რომ მან იგრძნო და დაიჯერა მისი არსებობა. დოსტოევსკი წერს `დანაშაულსა და სასჯელში~: `რამდენად უფრო ძლიერ ავად არის ადამიანი, იმდენად უფრო მეტი საშუალება ეძლევა იმ ქვეყანასთან შეხებისა~. აქ ავადობა გულისხმობს მატერიალური სამყაროსგან დაშორებას.
სიზმარეული ყოფაა ასახული `რომანშიც~, რომლის გმირი რეალურ, უფერულ, უსიხარულო ცხოვრებას ჩაუნაცვლებს სიზმარს, რომელიც სავსეა სიცოცხლის მრავალფეროვნებით და, რაც მთავარია, სიყვარულით. პოლ ვერლენი ლექსში `სიზმარი~ წერს: `სიზმარი მიყვარს იმიტომაც, / რომ ჩემი იდუმალი სამყარო მხოლოდ მისთვისაა მისაწვდომი~.
მინიატურა `ჯაგლაგას~ გმირიც გაურბის რეალობას. იგი ყველასგან ათვალწუნებული, მარტოსული და უბედურია. ჯაგლაგა ტყეში გარბის და მუხასთან პოულობს საერთოსა და სიმშვიდეს, მაგრამ რეალურ სამყაროში მათი `გამთლიანება~ მაინც არ ხდება, რადგან ჩნდება საბედისწერო შავი ვარსკვლავი _ სიკვდილის სიმბოლო. ჯაგლაგას არ შეუძლია თავის სიყვარულს ყველაფერი შესწიროს, ამიტომაც უარიყოფება მუხის მიერ, `ვერ გადასცდება საზღვარს და ვერ შეურთდება მარადისობას~.
გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~ გმირი ტაბა-ტაბაი არიგებდა არჩიბალდ მეკეშს: `ქვეყანა რომ ისუნთქო, საჭიროა ოცნება~. სწორედ ამგვარად `ისუნთქავდა~ ქვეყნიერებას სანდრო ცირეკიძე. მისი მინიატურების პერსონაჟთათვის განუყოფელია ოცნება და რეალობა. ოცნებისეული პირიმზე, როგორც სიმბოლო მარაქალურობისა, მის მინიატურაში `პირიმზე~ გამოჩნდება და წარმოჩნდება როგორც უდაბნოში სიყვარულის მაძიებელთა `მასპინძელი~. ის ბროლის კოშკში იწვევს რჩეულებს და ბედნიერებას ჩუქნის. პირიმზის ორეულია ლურჯთვალა (`ლურჯთვალა~), რომელიც მყინვარის დათოვლილ კოშკში ცხოვრობს და რომელსაც პოეტები და მხატვრები ეტრფიან. ერთ მშვენიერ დღეს კი მეცნიერმა დურბინდით გახედა მყინვარს და იქ ვერაფერი დაინახა: `იქ მარტო თოვლი იყო.
და ათასობით დურბინდი მიაჩერდა კოშკს.
ლურჯთვალა არსად ჩანდა.
ათასობით მოხსენებას კითხულობდნენ ცრუ დედოფალზე, ცრუ მგოსნებზე~.
ტექნიკის განვითარებამ ადამიანს დაუხშო სულიერი თვალი. მხოლოდ ფერმკრთალმა ჭაბუკმა დაამსხვრია თავისი დურბინდი, იგი `მთვარიან ღამეში ისევ ხდავდა ლურჯ შუქს, თეთრ თოვლზე მოციალეს~. ეს შუქია ხელოვანთა შთაგონების წყარო, ეს შუქია, ადამიანს მატერიალურ სამყაროში რომ აძლებინებს, ეს შუქია, რომ აოცნებებს. ეს ახალგაზრდა ჭაბუკი სიმბოლოა პოეტისა, რომელიც არ სჯერდება იმას, რასაც ხედავს და ხილულის მიღმა ჭვრეტს. მას არ სჭირდება საგნის რწმენისთვის მისი დანახვა, მთავარია, რომ გულის თვალებით ხედავს და განიცდის. სანდრო ცირეკიძის მეოცნებე პერსონაჟები ასე ემშვიდობებიან ლურჯთვალას: `გვაპატიე, რომ ასეთი ცუდია ქვეყანა~. პირიმზე კი კვლავ ბროლის კოშკშია და უხვად ასაჩუქრებს სტუმრებს ბედნიერებით.
სანდრო ცირეკიძე თავის დაღლილ ფიქრებს წარსულში ავანებდა და მის მინიატურებში წარსული იღვიძებს, სუნთქავს და ცოცხლობს, რათა არ გაწყდეს დროის ერთიანი ჯაჭვი.
სანდრო ცირეკიძის წარმოსახულ სამყაროში იხატება წარსული დროება. მწერალი წუხს გარდასულ დიდებაზე, დაკარგულ რაინდულ სულზე. ეს კარგად ჩანს მინიატურა `ნანგრევში~. ნანგრევი დგას მარტო და `მალული ცრემლით დანამულ თვალებს განებივრებულ მტრებს აშტერებს~. მაგრამ საკმარისია, შეეხოს შემოქმედის მზერა, რომ წამსვე აღდგება, აბჯარასხმული მეომრებიც გადმოდგებიან ქონგურებიდან. მინიატურაში კონტრასტულად არის წარმოჩენილი აწმყო და წარსული, რაც ტკივილს ამძაფრებს. დღიურში ჩაუწერია სანდროს: `18 ოქტომბერი... გუშინ მე და შალიკო (შალვა აფხაიძე) ფეხით გეგუთში ვიყავით. ძალიან ვისიამოვნეთ. გეგუთის ციხეშივე დავწერე მინიატურა `ნანგრევი~, რომელიც ამ საღამოს რედაქციაში მივიტანე~. სანდროს ძლიერ ჰყვარებია წარსულის ნატერფალებზე სიარული. დიდხანს იჯდა ხოლმე თურმე ბაგრატის ტაძრის ეზოში და ნაღვლიანად შესცქეროდა ჩამოქცეულ გუმბათს. ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა სანდრო ცირეკიძეზე: `პოეტი დგას დაჩოქილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან და იხედება წარსულში. ცირეკიძე არ არის ბანალური პესიმისტი, მაგრამ მისი სევდა სიმბოლური ფენომენია., რადგან მას არ სჯერა ეს ქვეყანა და საგნებს იქით იხედება... პოეტს შეუძლია შექმნას მხოლოდ ბუტაფორია იმ იდეალური მსოფლიოსი, რომელსაც ეშურება პოეტი-ოცნება. თითქოს ქვეყანა ეკითხება პოეტს, როგორც მის ლეა ლე ეკითხებოდა ლაფორგს, იტყვის თუ არა ის რეკვიემს, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება არის რეკვიემი~. გიორგი აბზიანიძე წერდა: `ბაგრატის ტაძარი იყო მისთვის მედიუმი, რომელიც საუკუნეების უნაპირო უფსკრულიდან მოაჩვენებდა ანთებულ ოქროს ეპოქას მთელი თავისი ზვიადობით, სიძვირფასით და ბრწყინვალებით~.
სანდრო ცირეკიძის გატაცება წარსულით, ლანდებთან ლაციცი ნაცნობი იყო მისი მეგობრებისთვის, ამიტომაც მიძღვნილ ლექსებში სწორედ წარსულის გამოტირება ისმოდა. კოლაუ ნადირაძე ასეთ სტრიქონებს უძღვნიდა:
`შედიხარ ჩუმად. გრილი ტაძარი,
მოთაფლისფერო სახე მამების,
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების~.
მინიატურა `რაინდთა ლანდებშიც~ წარმოსახულ წარსულში გვახედებს მწერალი. იგი ხატავს ხავსიან ნანგრევს, რომელიც ახლა `მოჩვენებათა სასახლეა~, თუმცა მისი მეოცნებე მზერის შეხებისთანავე ნანგრევი აღდგება და კვლავინდებური დიდებით იმოსება. შარლ ბოდლერი წერდა: `შეიძლება თქვენ მკითხოთ, დარწმუნებული ხარ, რომ მართალია შენი ლეგენდა? მაგრამ მე რა მესაქმება სინამდვილესთან, რომელიც ჩემ გარეშეა. თუკი წარმოსახვა დამეხმარა, მეგრძნო, რომ ვცოცხლობ, ვცხოვრობ და საშუალება მომცა შემეცნო საკუთარი თავი~. ასე შეიცნობდა საკუთარ თავს სანდრო ცირეკიძე წარსულთან მიახლებით.
სანდრო ცირეკიძისთვის წარსული და აწმყო განუყოფელია. ამ თვალსაზრისით, ეს მინიატურა გვაგონებს უილიამ უორდსუორთის ლექსს `ჩვენ შვიდნი ვართ~. გამვლელი ეკითხება სოფლის პატარა გოგონას, რამდენი და-ძმა ხართო. შვიდნი ვართო: ორი სოფელში ცხოვრობს, ორი ზღვაშია გასული და ორიც საფლავში წევსო. გამვლელს გააკვირვებს გოგონას უცნაური პასუხი და კვლავ ჩაეკითხება, ის კი გულუბრყვილოდ კვლავ იმასვე გაუმეორებს და `ვერც წარმოუდგენია საფლავში ჩაწოლილი და-ძმა სათვალავიდან გამორიცხოს~ (როსტომ ჩხეიძე `როცა შვიდნი ვართ~).
ამგვარივეა სანდრო ცირეკიძის დამოკიდებულება წინაპრებისადმი, ისინი მას მუდამ სათვალავში ჰყავს და თავისი მინიატურებით მკითხველსაც ამგვარად აჯერებს. ამის თაობაზე წერდა ალი არსენიშვილი: `ის ხომ შეუდარებელი განმგრძობი იყო თუნდაც ბაგრატის ტაძრის აწ მოჩვენებითი ზვიადობისა. ბაგრატის ნანგრევების ჩუმი ტრფიალი სწვავდა მას. იგი მთელი დღეები იდგა მის წინ და პირანეზეს გეგმებით ახდენდა ბაგრატის რესტავრაციას. მან იცოდა ყველა პატარა ქვის ნამტვრევის წინანდელი ნამდვილი ადგილი. უთუოდ თავის იშვიათ ბედნიერ წუთებს განიცდიდა იგი, როცა მოელანდებოდა ბაგრატი აღდგენილი და თავისი თავი მაშინდელ მგოსანთან და ფილოსოფოსთან მოსაუბრე. ისინი უთუოდ გამონახავდნენ საერთო ენას. ჩუმი სანდრო არაფრით არ გაამჟღავნებდა საუკუნეთა განსხვავებას~.
სანდრო ცირეკიძე ცდილობდა ჩასწვდომოდა სიცოცხლის საზრისს, ცხოვრების მიზანს. საყოველთაო გაუცხოება, ურწმუნოება და ყოფიერების აბსურდულობის შეგრძნება სტანჯავდა და ამ ტკივილს მინიატურებში გამოხატავდა. მის შემოქმედებაშიც შემოიჭრა სპლინი _ ეგზისტენციალური ნაღველი. სპლინი ჰკლავთ ამავე სახელწოდების მინიატურის გმირებს, რომელნიც `დადიან მოკუნტულები და ლაპარაკობენ გინდენბურგზე, ფიქრობენ ქარსა და გამხმარ ფოთლებზე~.
სპლინმორეულ პერსონაჟთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგის~ ამერიკელი მილიარდერი ფერგიუს ურვოორი. იგი ყოველ წელს ევროპიდან იწვევდა შემოქმედ ადამიანებს `ხელოვნურ სამოთხეში~ _ კომფორტულ კუნძულზე დროის სატარებლად და განყენებულ თემეზე სასაუბროდ. ის ასე ფიქრობდა: `ღმერთმა ალბათ მისთვის გააჩინა ქვეყანა, რომ სპლინი მოერია. ფერგიუს ურვოორი ჰკლავს სპლინს დაჟინებით, სანამ სპლინი თვითონ არ მოჰკლავს მას~.
სპლინითაა გაჟღენთილი სანდრო ცირეკიძის მინიატურები: `კენტი~, `პეიზაჟი~, `რომანი~, `ეპილოგი~, `ნოქტიურნი~, `შემოდგომის ქარი~, `ორი სურათი~, `სიზმარი~, `ცეცხლი~, `ფერდოზე~ და სხვა. სპლინმორეული პერსონაჟები `დადიან მოთენთილები. ლაპარაკობენ სიყვარულზე და თვალები შავ დიაკონს არ სცილდება. იცინის ვიღაცა. სხვებიც იცინიან. მთვარე ათეთრებს კუბოს დუქნის დარაბაზე. ვიღაცა მიდის შუა ქუჩაში. დადიან ჯგუფად ფილაქანზე... ეშინიათ სახლის, მარტოობის! არა აქვს ბოლო ამ ღამეს~. სერგო კლდიაშვილი წერდა: `არის ქუთაისი თავისი ნანგრევებითა და სპლინით~.
ადამიანის ყოფიერი თუ მეტაფიზიკური არსებობის საზრისის ძიება ჩანს მინიატურაში `ზედმეტია~. სანდრო ცირეკიძის აზრით, ყოველი ადამიანი ღვთის შვილია და არავინ არის ზედმეტი, ყველას აქვს თავისი ადგილი და თავისი წილი ბედნიერება.
მინიატურა `მუნჯ მოციქულში~ ჩანს გმირის დაეჭვებულობა სიცოცხლის ყოველგვარ მშვენიერებაში. მუნჯი მოციქული ადამიანის თანმდევი ბოროტი სულია, მის გრძნობათა და განსჯათა ამრევი.
როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი მარტოსულობას, ეჭვებს, როგორ მოპოვოს თავისუფლება? ამ კითხვებზე ფიქრია მინიატურაში `შემოდგომის ქარი~. არტურ რემბო თვის მთვრალ ხომალდს, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, ათქმევინებს: `სივრცეში მოხეტიალეს – მე მეცოდება ევროპა თავისი შეღობილი ნავსადგურებით~. ამგვარადვე ბოჭავთ სანდრო ცირეკიძის გმირებს ყოფითი წვრილმანების არტახები და ისინი გარბიან ქართან ერთად თვალუწვდენელი სივრცეებისკენ. მინიატურაში `ზღვაზე~ შთამბეჭდავად არის წარმოჩენილი გმირის შინაგანი ჭიდილი, ყოფითობისაგან თავდაღწევის წყურვილი და თანვე გაურკვევლობის წინაშე შიში: `ნუ, ნუ მეუბნები, მეგობარო! განა მე კი არ ვიცი, რომ ის სინათლე მოჩვენებაა და ბნელი. მძლავრი, შეუბრალებელი ბნელი ჩახუტებია ქვეყანას. განა მე კი მწამს, რომ ქარიშხლით დამთვრალ ქვეყანას ბოლო დაკარგვია. არა და, ეს ტალღათ გმინვა მოჩვენების მსხვერპლთა მოთქმაა. ისინი წყევლას უთვლიან ბოროტ განგებას და თავისკენ გვეძახიან... ვიცი, არც ჩვენს პაწია ნავს უწერია ბედის წიგნში მარადიული გზის გალევა და მოჩვენებული სინათლის დაჭერა...~ (`ზღვაზე~).
სანდრო ცირეკიძის მინიატურებში თითქოს შეერთდა მუსიკა და ფერწერა და სიტყვიერად გამოვლინდა. სიტყვა მასთან არა მხოლოდ გარკვეული სემანტიკის შემცველია, არამედ ფერია, მელოდიაა.
სანდრო ცირეკიძე პოეტი იყო აზროვნებითა და წარმოსახვებით. ბავშვობაში წერდა ლექსებს, მაგრამ შემდეგ პროზამ გაიტაცა, ცდილობდა, მალარმეს მსგავსად, თავისებური ნაზავი შეექმნა პროზისა და ლექსისა და მიაღწია კიდევაც ამას.
ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: `სანდრო ცირეკიძე პოეტია ჩემთვის. ის წერს პოემებს მინიატურის სახით~. მისი მინიატურები, მართლაც, პროზისა და პოეზიის ზღვარზეა, მსგავსად, სტეფან მალარმესა და შარლ ბოდლერის პოეტური პროზისა.
სანდრო ცირეკიძის აზრით, წინადადებაში სიტყვების თავისებური დალაგებით შეიძლება შექმნილიყო სათუთი, გრძელი რიტმი, ასეა, მაგალითად, მის მინიატურა `მთვარეულში~:
`დამწვარ დუქანში ღამეს თვალი დაუხუჭავს~.
ამ სტრიქონში მარცვლების: და- დუ- დუ- თანაზომიერი გამეორება ქმნის ღამის სიჩუმის ილუზიას. თითქმის დუდუნით წარმოითქმის მთელი ფრაზა.
`ქალაქის ბაღის ჭლექიანი ხეები ინაზებიან მთვარის ნათელში~.
ქალაქი თითქოს ჭლექს ერითმება, მთვარე _ ნათელს. ყოველივე ეს კი ქმნის საოცარ მუსიკალურ რიტმს.
ადრევე შენიშნა სერგო კლდიაშვილმა სანდრო ცირეკიძის მინიატურათა უჩვეულო არქიტექტონიკის შესახებ: `სანდრო ცირეკიძეს აქვს თავისი პრინციპები კომპოზიციისა. სტრიქონები ჩქარა მთავრდება წერტილით, მაგრამ წინადადება დასრულებული და ნათელია. ყოველი სტრიქონი სინთეზია მრავალი წინადადებისა, რომელიც შეიძლებოდა დაწერილიყო და მხოლოდ ამ სინთეზს გვიჩვენებს მწერალი~.
სანდრო ცირეკიძე ერთმანეთისგან განარჩევდა ხმოვნებისა და თანხმოვნებისგან შექმნილ რიტმს, ამ უკანასკნელს ბევრისთვის რთულად და ხელმიუწვდომლად მიიჩნევდა. მისი აზრით: `მეტად მახვილი სმენა უნდა, რომ აითვისო წყნარი, მგლოვიარე დენა თანხოვნებისა. ერთი ინტენსივობისა და მგვანი ტონალობის ბგერები ხვდებიან ერთმანეთს მეზობლობის აღმართ-დაღმართებში და სულის ქანაობას აბრუნებენ ერთ სწორ ხაზზე მუსიკის ლაიტმოტივით~.
მას თვითონ სწორედ ამგვარი მგრძნობიარე და მახვილი მუსიკალური სმენა ჰქონდა, ამიტომ უწოდა მას ვალერიან გაფრინდაშვილმა მინიატურის უნაზესი მოცარტი.
სანდრო ცირეკიძის მინიატურების რიტმულ სამყაროზე საინტერესო გამოკვლევა აქვს თინანო თევზაძეს. მან მინიატურა `ზამთრის ქიმერაში~ უჩვეულო სიმეტრია აღმოაჩინა თანხმოვნებს შორის და ამის მიხედვით გრაფიკული სქემები გამოკვეთა. ისიც აღნიშნა, რომ დაუჯერებელია, ავტორს სიტყვები წინასწარ ამ სქემის მიხედვით შეერჩია და დაელაგებინა.
გრიგოლ რობაქიძეE რითმას ირაციონალური ენერგიის მატარებლად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ სწორედ მისი საშუალებით წარმოჩნდებოდა ირეალური სამყარო, თუმცა, მისივე აზრით, რითმაში მაინც იყო რაღაც გამოანგარიშება, ამიტომ იგი შემოქმედის ძლიერების გამოხატულებად მიიჩნევდა, ურითმოდ წარმოჩენილიყო ირაციონალური.
სანდრო ცირეკიძის შემოქმედებაში სწორედ ურითმოდ ჩნდება ირაციონალი. მისი პროზა ეყრდნობა არა ხილულ, არამედ უხილავ რიტმულ კანონზომიერებებს.
სადრო ცირეკიძის მინიატურებში მუსიკასთან ერთად, ფერებიცაა, ძირითადად, ეს არის დანისლული, ღრუბლიანი დღის ფერები, ამიტომაც ჩნდება მისი პროზის კითხვისას ჩუმი ნაღველი, მარტოობისა და უსაშველობის განცდები.
სანდრო ცირეკიძის დახვეწილ, მოხდენილ და მომხიბლავ სტრიქონებს მკითხველისთვის მოაქვთ იდუმალების განცდა. რაზეც უნდა წერდეს იგი, წარსულსა თუ აწმყოზე, ადამიანებსა თუ ბუნებაზე, სათქმელს ყოველთვის შესაბამისი რიტმითა და მელოდიით გადმოსცემს. ვალერიან გაფრინდაშვილისთვის, მისი უმთავრესი მელოდია იყო ჩუმი და ნაზი, როგორც `დედოფლის მომხიბლავი გაზმორება~. იგი მის პროზაში სამგლოვიარო სურნელებას გრძნობდა და ბრუვდებოდა მისი სიტყვებით: `მისი პეიზაჟი მოთენთილია, როგორც გობელენი~.
რა იყო ამ მელოდიურობის წყარო? სანდრო ცირეკიძემ იცოდა, რომ პროზაში ლექსზე მეტად მოქმედებდა ერთი კანონი _ გამონაკლისი კანონიდან. იგი წერდა: `უცნაური შვენებაა რიტმის ერთნაირი დენისას მის მოულოდნელ დარღვევაში~. იგი ცხოვრებაშიც გატაცებული ყოფილა მუსიკით, განსაკუთრებით, კლასიკურით. პეტერბურგის უნივერსიტეტში იგი ისმენდა ლექციებს ვაგნერის მუსიკალურ შემოქმედებაზე. შალვა აფხაიძე იგონებს: `სახალხო სახლში შალიაპინი მღეროდა. ძნელი იყო მის სპექტაკლებზე მოხვედრა. გადავწყვიტეთ ცოცხალ რიგში ჩადგომა. იყო ზამთარი, ყინვა და ცივი ქარი. სამი დღ-ღამე ვიდექით რიგში ერთმანეთის შენაცვლებით. მაშინ მოვისმინეთ შალიაპინის ჯადოქრული ხმა. სანდრომ თეატრში ცუდად იგრძნო თავი, სპექტაკლის ბოლომდე აღარ დარჩა, შინ წამოვიდა. დავბრუნდი თეატრიდან, თვალში მეცა წამოწოლილი სანდრო და სისხლი, ტაშტზე დაქცეული~.
ჭლექით გამოწვეული შინაგანი განცდები, სიკვდილთან ყოველდღიურად მიახლოების გრძნობა თავისებურად მოჟონავდა მის მინიატურებში. სევდის, წარმავლობის, მიუსაფრობის განწყობილებათა წყარო ესეც იყო.
როგორც აღვნიშნეთ, სანდრო ცირეკიძემ უდიდესი ყურადღება გაამახვილა სიტყვათა მუსიკალობასა და ფერწერულობაზე, მან გაამრავალფეროვნა მინიატურა რიტმის თვალსაზრისით. მან შექმნა ორიგინალური `სონეტი პროზით~. საზოგადოდ, ის ჟანრებზე მაღლა პოეზიას აყენებდა, რომელიც შეიძლება გამოვლენილიყო ნებისმიერ ფორმაში. მის მინიატურებში სხვადასხვა გზით შექმნილი უმშვენიერესი რიტმებია. მისი პროზის დახვეწილ, მოხდენილ და მომხიბლავ სტრიქონებს მკთხველისთვის მოაქვთ იდუმალების განცდა.
ფრანგი პოეტები შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, სტეფან მალარმე, ლოტრეამონი, ჟიულ ლაფორგი, პოლ ვერლენი... ცისფერყანწელთა კერპები იყვნენ. ხშირად ბაძავდნენ კიდეც, მაგრამ მთავარი იყო, რომ ისინი თარგმნიდნენ ახალ პოეზიას და ცდილობდნენ ქართული კულტურის `ევროპის რადიუსით გამართვას~. ეს იყო კეთილშობილური მიზანი, ქართული კულტურა დაებრუნებინათ ევროპულ არეალში. ცისფერყანწელები, მართალია, ეთაყვანებოდნენ ფრანგებს, მაგრამ მათ სამშობლოშიც ჰყავდათ მისაბაძნი, უპირველესად, რუსთაველის, გურამიშვილის, ბესიკის, ვაჟა ფშაველას სახით. რაც შეეხება სულიერ ნათესაობას, ვფიქრობ, სანდრო ცირეკიძე ცხოვრებითა და შემოქმედებით რაღაცნაირად ჩამოჰგავდა ჟიულ ლაფორგს, რომლის პოეზიასაც კარგად იცნობდა და აფასებდა. ამავე დროს, ისინი წააგავდნენ როგორც გარკვეული თემების, ასევე ამ თემათა მხატვრული დამუშავების პრინციპებითაც. თუმცა ამგვარ ნათესაობაზე საუბარი პირობითია, მაგრამ ხელს უწყობს იმ ძირითადი ტენდენციების გამოკვეთას, რითაც გამოირჩეოდა ორივე შემოქმედი. ჩემს წიგნში `თაობიდან თაობამდე~ (გამომცემლობა `ლომისი~, 1994) ამის საკითხზე ერთი თავი მაქვს, რომელშიც ვცდილობ დავძებნო პარალელები მათ შემოქმედებაში.
როგორ იცხოვრა სანდრო ცირეკიძემ?
იგი ქუთაისში დაიბადა 1894 წელს. დიდ ხანს უცნობი იყო მისი დაბადების თვე და რიცხვი. მხოლოდ წელი იყო აღნიშნული იმ მცირერიცხოვან წერილებში, რომლებიც მას ეხება. ამის შესახებ დუმდა ენციკლოპედიაც. ჩვენ შევეცადეთ ამის დადგენას. საქართვლოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიის არქივის ფონდებში აღმოჩნდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის 1894 წლის მეტრიკული წიგნის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სანდრო (ალექსანდრე) გიორგის ძე ცირეკიძე დაიბადა 1894 წლის 2 სექტემბერს (სცსსა, ფ. 489. აღ.II. საქ. 32).
ოჯახში ოთხი და-ძმანი იყვნენ. ოჯახური მყუდროება დედის გარდაცვალებამ დაარღვია. ზღაპრის გმირივით განიცადა დედინაცვალი... სულ ცოტა ხანში კი მისი მზერა ოჯახის ვიწრო სარკმელს გასცილდა და ვრცელ სამყაროში გადაიხედა. ბავშვური, უმანკო მზერით შეეცადა იქ გამეფებული წყვდიადის გარღვევას და იდუმალ ნაგრძნობი `სინათლის ჩანჩქერების~ ხილვას... მერე, რომ მოიზარდა, დღიურში ჩაწერა: `წერის სურვილმა ჩემში ძალიან ადრე გაიღვიძა. შვიდი-რვა წლისა ვიქნებოდი, მე რომ წერა დავიწყე. ჯერ, რასაკვირველია, კარგ ლექსებს ვერ ვწერდი, მაგრამ მერე თანდათან უკეთესდებოდნენ, პირველად სხვა მწერლებს ვბაძავდი...~
ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა. ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლე ყოფილა. განსაკუთრებით მათემატიკური საგნები ემარჯვებოდა თურმე. სიყვარულით კი ყველას ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ერჩია. მეგობრობდა გიორგი ჟღენტთან და შალვა აფხაიძესთან, რომელსაც ამ პერიოდთან დაკავშირებული საინტერესო მოგონებები აქვს წიგნში `მახსოვს მარადის~.
იზრდებოდა სანდრო ცირეკიძე და მძაფრდებოდა მის ნაღველი. ქართულ ენას სკოლაში მხოლოდ მეექვსე გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი, ისიც, კვირაში ერთხელ. უჭირდა ქვეყანას... პოეტური შტრიხებით წარმოაჩენს მაკა ჯოხაძე თავის წერილში `სანდრო ცირეკიძე~ სანდროს განცდებს: `რა გაძლებს ექვსი საათი. გასკდება გული, აბა, რა იქნება ქართული ლიტერატურის გაკვეთილამდე. მერე მოხუცი, ჭლექით დაავადებული ჩიმაკაძე მოწკურული თვალებით წაიკითხავდა სანდროს პატარა ლექსებს. კეფაზე გვირგვინს დაუფარავდა გამხმარი მტევნით და ჩუმად, ლოცვასავით ჩუმად იტყოდა: რამხელა სევდა აქვთ, ღმერთო, ამ ბავშვებს. ღმერთო, როდის დაკარგავენ ეს ბავშვები ამ სევდას. ვერ მოასწრო ამ სევდის დაკარგვა სანდრო ცირეკიძემ. ასე ნაღვლიანი და დარდიანი მიიბარა ქართულმა მიწამ~.
მოწაფეობის დროსვე გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა `მიჯნურნი~ გაზ. `კოლხიდაში~ (1911). ამან უსაზღვროდ გაახარა. შემდეგ კი ბეჭდავდა მინიატურებს, კრიტიკულ-ლიტერატურულ წერილებს, თარგმანებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში (`კოლხიდა~, `იმერეთი~, `ერი~, `ჩვენი ერი~, `მეგობარი~, `ბახტრიონი~, `რუბიკონი~, `თეატრი და ცხოვრება~, `ცისფერი ყანწები~, `შვილდოსანი~, `მეოცნებე ნიამორები~, `კავკასიონი~, `ქიმერიონი~).
როგორც ზემოთაც ვახსენეთ, სანდრო ცირეკიძეს განსაკუთრებით უყვარდა ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. ხშირად სეირნობდა ამ ადგილებში, ფიქრობდა, ოცნებობდა. ხიბლავდა და იტაცებდა ქუთაისის დიდებული ისტორია. მოწამეთას გრილ სავანეში იქარვებდა ნაღველს.
წიგნებს დაწაფებულმა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. გიორგი ჟღენტსა და შალვა აფხაიძესთან ერთად გაემგზავრა ქალაქში, რომელიც, გრიგოლ რობაქიძის ხატოვანი თქმით, `პეტრე დიდის სიფილისტურმა გახელებამ ფინის ტბებიდან ამოატივტივა და დოსტოევსკის ეპილეფსიამ პატმოსის კუნძულად გადმოანთხია~.
ცივმა ქალაქმა თავისი მკაცრი ბეჭდით დაშანთა სანდროს ჯანმრთელობა. გიორგი ჟღენტი იმავე წელს შეეწირა პეტერბურგის ნესტს. ციებაშეყრილი სანდრო დადიოდა უცხო ქალაქში და ღრუბელივით ისრუტავდა ახალსა და საინტერესოს. მუზეუმები... ბიბლიოთეკები... თეატრები.... სენმა იმძლავრა და იძულებული გახდა კიევის უნივერსიტეტში გადაეტანა საბუთები, ისევ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მისი ფილტვები კი უკვე დაღრღნილი ჰქონდა ჭლექს. დამამთავრებელი გამოცდები ვერ ჩააბარა სენის გაძლიერების გამო. ამ დროს რევოლუციაც მოხდა და სანდრო მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ქუთაისი... ახალი აზრები... ოცნებები... მეგობრები... ყოველივე ეს შეიკრა და `ცისფერყანწელთა~ ძმობად გადაიქცა. დაიწყო დიდი, აქტიური ლიტერატურული ცხოვრება...
`სახლი აქვს რიონის პირად. ნოტიო ოთახი. კედელზე მალარმეს პატარა პორტრეტი ღარიბ გახუნებულ ჩარჩოში. მეორე ოთახში კედელზე გარდაცვალებულ მამის სურათი. ჰყავს წითელი ძაღლი, რომელიც ყოველთვის უყეფს ვალერიან გაფრინდაშვილს... ახლა წიგნებს ჰყიდის _ თავისი წიგნი ჯერ არ გამოუცია. თავდაჭერილი და ძუნწი მწერალია. სწერს ნაშუადღევს და საღამოს ლამპის სინათლეზე~ _ ეს სტრიქონები ვალერიან გაფრინდაშვილს ეკუთვნის. ამ მოდერნისტულ სურათში ცოცხლადაა წარმოჩენილი ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა და საქმიანობდა სანდრო ცირეკიძე.
`ავადმყოფსა და ხელმოკლეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხმარებოდა და-ძმა, განსაკუთრებით კი ძმა _ კალისტრატე, რომელმაც პირადი კეთილდღეობა ანაცვალა საკუთარ ძმას~ (ლალი ვალიანი).
მისი ყველაზე უახლოესი მეგობარი კი ფიქრები იყო, მოწყენილობა _ ერთგული ძაღლი, რომელსაც ვერ მოიშორებდა, მინიატურების სამყარო, საითკენაც მიიწევდა, მოგზაურობდა, ისვენებდა, სადაც თვდავიწყებით უყვარდა და მერე ისევ ბრუნდებოდა სიტყვის ჯადოსნური სამყაროდან ჩვეულებრივ ყოფაში.
სენი კი უფრო ეკიდებოდა. მუშაობას მაინც არ წყვეტდა, შალვა აფხაიძის გადმოცემით, სისხლსა და ხველაში ამზადებდა გამოკვლევას ბაგრატის ტაძრის შესახებ. ნაშრომი კიევის უნივერსიტეტში უნდა წარედგინა.
1920 წელს ქუთაისში მისი ინიციატივით და რედაქტორობით გამოვიდა ცისფერყანწელთა ლიტერატურულო ჟურნალი `შვილდოსანი~, რომლის არსებობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სამი თვის განმავლობაში გამოსცა სულ სამი ნომერი ორ წიგნად: ერთი იანვრის თვეში და მეორე _ თებერვალ-მარტში. ესეც დიდი ვაჟკაცობა იყო, რადგან ჟურნალის გამოცემა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, მატერიალური სახსრები არ ჰქონდა.
1920 წლის 19 დეკემბრით დათარიღებულ წერილში სერგო კლდიაშვილი სანდრო ცირეკიძეს წერდა: `ძვირფასო სანდრო, თბილისი უფრო გულმხურვალედ შეხვდა `ნიამორებს~ (ჟ. `მეოცნებე ნიამორები~ ქუთაისში გამოვიდა 1919 წელს. პირველ ნომერს ვალერიან გაფრინდაშვილთან ერთად სანდრო ცირეკიძეც რედაქტორობდა. გამოცემა გაგრძელდა 1924 წლამდე. სულ თვრამეტი ნომერი გამოვიდა_მ.ჯ.) და `შვილდოსანს~, ვიდრე წარმოსადგენი იყო და გვეგონა. ყველას უხარია და აღტაცებულია... ჟურნალისთვის ყველა იძლევა მასალას. ტიციანი წერილს გვპირდება. მგონი შალვა აფხაიძეც აპირებს. ლექსები ხომ ბჟირივით მოგვივა. გრიგოლ რობაქიძის მისამართს ამ ორ დღეში შემოგთვლი. ეხლა საქმეზე: კოოპერატივიდან სულ მოკლე ხანში მივიღებთ ფულს~.
ჟ. `შვილდოსნის~ გამოცემა რომ დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ეს სანდრო ცირეკიძის გრიგოლ რობაქიძისადმი მიწერილი წერილიდანაც ჩანს: `მართალია, `შვილდოსანს~ ნაკლი უფრო აქვს, მაგრამ ერთი ღირსებაც აქვს უეჭველად. ცისფერყანწელებს (და მათ ეპიგონებს) გაჩუმება აღარ შეჰფერის. დროა საქართველოში პოეტის სახელის პრედენტენტი თუნდაც `შვილდოსნის~ პრიმიტიულ სასწორზე აიწონოს... კიდევ უფრი საჭიროა დადებითი მუშაობა და თეორიული კვლევა და პოპულარიზაცია. ბევრი მტერი გავიჩინეთ. შეცდომები მეტი დავუშვით. თბილისელი მეგობრები იმდენად არ გვეხმარებიან (ვერ მოიცალეს) და სამმა კაცმა ვერაფერი შვძელით. შეიძლება მეოთხე ნომერი აღარ გამოვიდეს, რადგან მასალები არ მოგვაწოდეს. სწორედ აქაა ჩემი თხოვნა...~
ჟურნალის სამი ნომრის გამოცემის შემდეგ სანდრო ცირეკიძემ ვეღარ შეძლო მეოთხის გამოცემა. ამ ამბავს დიდი ხმაური გამოუწვევია. სერგო კლდიაშვლი სწერდა სანდრო ცირეკიძეს: `შვილდოსნის~ მასალების დაბრუნების და შენი გადაწყვეტილების ამბავი ელვასავით გავარდა.... `შვილდოსნის~ ლიკვიდაციის ამბავმა ცუდი შთაბეჭდლება მოახდინა ყველაზე.... შემოგითვალეს რაღაც-რაღაცეები, ვითომ დასამშვიდებელი, მაგრამ ისეთები, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაწყენინოს და ამიტომ არ გწერ. როცა ჩამოხვალ. გეტყვი... მინდოდა სააღდგომოდ გამომეგზავნა შენთვის ფული, მაგრამ არ მომცეს.... `შვილდოსანს~ ნუღა გამოსცემ. გამოსცეს, ვისაც უნდა. შენ იმიტომ კი არ სცემდი, რომ თავს ირთობდი. აბასთუმანში შენი წასვლა მოვაგვარეთ. გვპირდებიან~ (08.04. 1920).
ეს სტრიქონებიც ღრმა ტკივილის შემცველია. ცისფერყანწელთა ნაწილი უკვე თბილისში მოღვაწეობდა. ქუთაისში მარტო დარჩენილ `ძმებს~ ორმაგად დააწვათ მხრებზე ლიტერატურული ცხოვრების რიტმი. ისინი მოვალენი იყვნენ, არ ჩაექროთ აქ დანთებული პოეზიის კოცონი. უპირველესად, სანდრო იღვწოდა ამისთვის. არ ზოგავდა თავის გამოფიტულ, ჭლექიან ფილტვებს, აგროვებდა მასალას, არჩევდა, საგამომცემლო საქმეებს აგვარებდა. ჟურნალის დახურვამ მას გული მოუკლა.
ვალერიან გაფრინდაშვილი ერთ წერილში სანდრო ცირეკიძეზე ხატოვნად შენიშნავდა: `ქუთაისის დაისიდან ისე იყურება, როგორც მალარმეს გაყინული გედიო~.
თუმცა ჟ. `შვილდოსნის~ მხოლოდ სამი ნომერი გამოვიდა, იგი ქართული მწერლობის ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლად იქცა. 1922 წ. გაზ. `ბარრიკადში~ ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა სანდრო ცირეკიძეზე: `ის ძველი ყანწელია და ბრძოლაში ერთხელაც არ დაუხევია უკან. ამას მოწმობს მისი ჟურნალი `შვილდოსანი~. თავის ღარიბ გვარს სანდრო ცირეკიძემ მოუპოვა ლიტერატურული აზნაურობა და ის ამ შემთხვევაში თვითონ იყო თავისი თავის აშორდია~.
ამ ჟურნალში იბეჭდებოდა როგორც ორიგინალური, ასევე თარგმნილი მასალა. მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა ქართულ ენაზე გასცნობოდა ევროპული და რუსული სიმბოლიზმის შესანიშნავ ნიმუშებს. ეს ჟურნალი ცისფერყანწელთა სკოლის მატიანეა. მისმა დახურვამ სანდროს სევდა გაუმძაფრა. ყოველივე ეს კი მის მხატვრულ სამყაროში აისახებოდა.
როგორც ზემოთაც ვახსენეთ, სანდრო ცირეკიძემ თავისი სახსრებით ქუთაისში ჩამოაყალიბა ცისფერი ყანწების ლიტერატურული სკოლის გამომცემლობა `კირჩხიბი~, სადაც დიდი მონდომებით დაბეჭდა ქართველ სიმბოლისტთა პირველი კრებულები. გამოსცა ქართველ პოეტთა ანთოლოგია. ოცნებობდა საკუთარი სტამბის დაარსებაზე.
შალვა აფხაიძე იგონებდა: `სტამბა იყო მისი გატაცება. არსად არ გრძნობდა თავს ისე ამაყად, როგორც აქ. მისი ოცნება სტამბის შეძენა იყო: `ნეტავის ისე არ მოვკვდებოდე, რომ სტამბა არ შევიძინოო,~_მეტყოდა. დარწმუნებული ვარ მისი სიცოცხლე მთელ ლითოგრაფიაში რევოლუციას მოახდენდა. შემუშავებული ჰქონდა კიდევაც პროექტი ახალი ქართული ანბანისა~.
სანდრო თითქმის მთელ დღეს სტამბაში ატარებდა თურმე. თავზე ადგა ასოთამწყობებს, მბეჭდავებს, მკინძავებს. აქ ყოფნისას შვებას განიცდიდა, საღებავთა სუნი თითქოს ძალასა და ენერგიას მატებდა.
სანდრო ცირეკიძემ ვალერიან გაფრინდაშვილსა, კოლაუ ნადირაძესა და შალვა აფხაიძესთან ერთად თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს `ლექსები და პროზა~. ამასთან დაკავშირებით იგონებდა სერგო კლდიაშვილი. ერთ მშვენიერ საღამოს, ქალაქგარეთ, პატარა წისქვილში შეკრებილან ქუთაისელი ახალგაზრად პოეტები. 1919 წელი იყო. პაოლო ჩამოვიდა არგვეთიდან ქუთაისში ერთი დღით, მერე ტიციანის დეპეშაც მოსულა _ თბილისიდან ჩამოვდივარო და პაოლოც დარჩენილა. ტიციანის ჩამოსვლა აღუნიშნავთ სწორედ მეგობრებს ამ წისქვილში: `ჩამოვსხედით სიმინდით სავსე ტომრებზე. სანდრო ცირეკიძემ საიდუმლოდ მითხრა, რომ გამზადებული აქვს სიურპრიზი ტიციანისა და პაოლოსთვის. გახსნა პატარა შეკვრა და ჩამოარიგა თავისი გამოცემული ლექსების კრებულ ქართულ ენაზე. პირველი ეგზემპლარები იყო, რომლებიც სახელდახელოდ დაამზადებინა სტამბაში და აქ წამოიღო მეგობრებისთვის.
_ღმერთო ჩემო!_ლამაზად გამოცემულ წიგნს ფურცლავს ტიციანი და ჩუმად ამბობს: სად წისქვილი და სად მალარმე... რამ გაფიქრებინათ ქუთაისში მისი გამოცემა?
ტიციანის ტუჩებს ღიმილი არ შორდება, კიდევ რაღაც უნდა თქვას, მაგრამ მის ნაცვლად, სანდროს ისე ეხვევა, თითქოს რაიმე დანაშაულს პატიობდეს~.
მალარმეს პოეზიის თარგმნა, ვალერიან გაფრინდაშვილის სიტყვით, სანდროსთვის იყო `უკანასკნელი ცხადება. როგორც იუველირი თლიდა ის ფაზისის წყლისაგან განბანილ სიტყვებს~.
სანდრო ცირეკიძემ თარგმნა სტეფან მალარმეს `მომავლის ფენომენი~, `შემოდგომის ჩივილი~, `ზამთრის კანკალი~, `ყალიონი~ და სხვა. იგი, თარგმნიდა, აგრეთვე, შარლ ბოდლერის მინიატურებს: `უცხოელი~, `მოხუცი ქალის სასოწარკვეთლება~, `მხატვრის სააღსარებო ლოცვა~, `ხუმარა~.
ალი არსენიშვილი ხატოვნად შენიშნავდა: `მისი სულის უმაღლესი წირვა იყო სტეფან მალარმეს გედის შემოცურვა ქართულ საოცნებოში, მაგრამ ამ გედმა თან წაიყვანა სანდრო წმინდა გრაალს და მით მოგვტაცა გასაღები მისი პოეზიის შიფრისა~ (ჟ. კავკასიონი, 6, 2, 1924).
მალარმეს ლექსების თარგმანებში მას დიდ დახმარებას უწევდა ელო ნაზარიშვილი, რომელიც შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას და ცისფერყანწელებს ბწკარედებს უკეთებდა.
როგორც ანთოლოგია, ისე მალარმეს კრებული, სანდრომ გამოსცა მშვენიერ ქაღალდზე და დიდი გემოვნებით. ამ საქმეში მას ეხმარებოდა, აგრეთვე, რაჟდენ გვეტაძე, რომელიც სტამბაში მუშაობდა.
მალარმეს ლექსები იმ დროს ჯერ რუსეთშიც არ იყო გამოცემული და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი პოეტებისთვის.
სანდრო ცირეკიძეს დასაბეჭდად გამზადებული ჰქონია ელენე დარიანის (პაოლო იაშვილის) ლექსები და ქართველ პოეტთა ლექსიკონი, მაგრამ ვეღარ მოასწრო.
ტიციან ტაბიძის აზრით, სანდრო ცირეკიძის გამოცემები შესრულებული იყო ევროპული სტილით. მანამდე კი ლექსების წიგნს ვერ გაარჩევდით აგრარულ Gთემაზე დაწერილი ბროშურებისგან. სანდრო უდიდესი ყურადღებით ეკიდებოდა ყოველ ნაბეჭდ სტრიქონს, ყოველ ასოს. ტიციან ტაბიძე იგონებს, თუ როგორ ჩაუსწორებია მას საკუთარი ხელით გრიგოლ რობაქიძის ლექსში `პანი~ ერთი ასო. ეს ლექსი დაიბეჭდა მის მიერ გამოცემულ ათასტირაჟიან ანთოლოგიაში. ტიციანი წერდა: `დარჩება ალბათ საქართველოში პოეტისა და გამომცემლის სახელი _ ყველაზე უფრო მის მეგობრებში. ჩვენმა დრომ ბევრი გამომცემელი გაამდიდრა. სანდრო ცირეკიძეს შეუძლია გაიმეოროს დორიან გრეიდან ანტრეპრენიონის სიტყვები: მთელი სიცოცხლე იშრომო გამდიდრებისთვის, რომ უეცრად გაკოტრდე შექსპირზე. შექსპირის მაგიერობას, რასაკვირველია, პოეზია გასწევს~.
სანდრო ცირეკიძის თაოსნობით, ქუთაისში ჩამოყალიბდა მწერალთა გაერთიანება _ `მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი~. მისი მიზანი იყო როგორც ნაწარმოებთა გამოცემა, ასევე ლექციებისა და ლიტერატურული საღამოების ჩატარება.
1921 წელს სანდრო ცირეკიძემ გამოსცა თავისი მინიატურების მცირე კრებული, `მთვარეულების~ სახელწოდებით. უდიდესი სიმკაცრით შეაჩია ყველა მინიატურა, მხოლოდ ბოლო დროს შქმნილი ნაწარმოებები შეიტანა, რომლებშიც მკვეთრად იყო წარმოჩენილი ახალი პოეტური პროზის თავისებურებანი.
სერგო კლდიაშვილი თავის რეცენზიაში წედა: `მთვარეულებმა~ დაგვანახა სამყარო ჯერ არვისგან დანახული. ცირეკიძის თვალმა სხვანაირად დაინახა ის და თავისებურად გადმოგვცა... ცირეკიძე უკანასკნელი სიტყვაა ქართულ პროზაში. ქართული პროზისთვის ახალი გზა იწყება და შემდეგ წარმოუდგენელია საქართველოში პროზა, რომელსაც არ ახასიათებდეს სიტყვის ყნოსვა და მათი გახელება. ეს ახასიათებს `მთვარეულების~ ავტორს~.
სანდრო ცირეკიძისთვის მარტოობა იყო ერთადერთი რეალობა. სიკვდილის ლანდი კი, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, `ყოველ ღამე ეზომებოდა~. ის კი თავისი პერსონაჟივით გამოდიოდა ოთახიდან და ცივ ქუჩებში დახეტიალობდა: `გათენებამდე დაბორგავდა თოვლიან ქუჩებში. ბრილიანტებად ბრწყინავდა გაყინული ფიფქი. სმოკინგზე, თმაზე ათოვდა მეოცნებეს.
აშენებდა სასახლეებს, ქალაქებს.
ფარნის ქვეშ ატირდა თეთრ დეოფალზე~ (მინიატურა `ზამთრის ქიმერა~).
მისი სიმარტოვე ეფინებოდა საგნებს, ცაცხვებს, ნანგრევებს.... ყველაფრი იმოსებოდა მუქი ჩრდილებით. ნაადრევი სიბერე და ჭკნობა ეპარებოდა ყოველივეს.
`ქუჩაში და წვიმაში აიშლებიან ლანდები.
ისმის გარდაცვალებული მღვდლების აკანკალებული ხმები, ზარის ძახილი... (მინიატურა `ნატურ მორტ~).
ამ ძახილმა სანდრო ცირეკიძე შეაკრთო, გამოაფხიზლა... მოზაიკის ღვთისმშობლის ხატში ამიცნო სიცოცხლის აზრი და მიზანი და თითქოს შეუმსუბუქდა სიკვდილთან ჭიდილი, მიენდო ღმერთს და შვებაც ერთბაშად იგრძნო...
მაინც არ ისვენებს. ქუთაისში მწერალთა კავშირის დაარსებისთვის ზრუნავს.... ხან თბილისშია, ხან ქუთაისში. მეგობრებსაც არ შეუძლიათ უიმისოდ. პაოლო იაშვილის წერილიდან: `სანდრო, ძვირფასო! შენი ჩამოსვლა თბილისში გვჭირდებოდა ძლიერ. შენ ყოველთვის მოგაქვს საოცარი სინაზე და ამვე დროს აფეთქება ჩვენს ორდენში~.
ერთმანეთთან დასაკავშირებლად არ ერიდებიან არავითარ ხერხს. ერთმა აღაშფოთა კიდევაც ზოგიერთი ლიტერატორი. გაზ. `ბარიკადის~ ქრონიკაში პირველ ადგილზე ეწერა ასეთი განცხადება: `ვალერიან გაფრინდაშვილს, ნიკო ლორთქიფანიძეს, სანდრო ცირეკიძეს, კოლაუ ნადირაძეს. მასალები დაგვიანდა. ოთხშაბათს ქუთაისში ჩამოვალთ~.
ძალიან აწუხებდათ მეგობრებს სანდროს ავადმყოფობა, ეხმარებოდნენ.... სანდრო ხან ქუთაისში ისვენებდა, ხან აბასთუმანში ებრძოდა სენს.
1923 წლის გაზ. `რუბიკონი~ (#11) აქვეყნებს ცნობას, რომელშიც წერია: `სრულიად საქართველოს ახალი მწერლობის კავშირი მართავს მართავს ხელის მოწერას თავისი წევრის სანდრო ცირეკიძის წიგნის გამოსაცემად. წიგნში მოთავსებული იქნება პროზა და კრიტიკული წერილები. ნაწილი შეგროვილი თანხისა მოხმარდება სანდრო ცირეკიძის აბასთუმანში გამგზავრებას. კავშირის საბჭო~.
ჩქარობდენენ მეგობრები... სენიც ჩქარობდა.... 1923 წლის ზაფხულის დამდეგს ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს. ფიქრობდნენ, ისევ აბასთუმანში გაგზავნას, მაგრამ ექიმთა გასინჯვამ გამოარკვია, რომ მისი ადგილიდან დაძვრა აღარ შეიძლებოდა. შალვა აფხაიძე იგონებდა, მიუხედავად იმისა, რომ აღარ შეეძლო ლაპარაკი, მაინც მეკითხებოდა საქართველოზე, პოეზიაზე, საერთაშორისო მდგომარეობაზეო... ჭლექი მეორე ფილტვსაც მოედო, ვეღარ სუნთქავდა. მის საწოლს არ შორდებოდა უფროსი ძმა კალისტრატე, რომლის ხელებში გარდაიცვალა წყნარად და მშვიდად...
იდგა 1923 წლის 15 ივნისი... თბილისში ნაღველს ამძაფრებდა ახალგაზრდა მწერლის სიკვდილი.... ქაშუეთის ეკლესიაში გადმოასვენეს არამიანცის საავადმყოფოდან. ყოველდღე იმართებოდა პანაშვიდები. სამშაბათს გაასვენეს ვერის სასაფლაოზე. სანდრო ცირეკიძის მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად ექციათ აქაურობა.
ცისფერყანწელებმა დაიტირეს იგი, როგორც ღვიძლი ძმა.
ბევრი იყო ცრემლები და ყვავილები....
დრო კი მიდიოდა დაუდგრომლად....
სასაფლაო მალე ბალახმა დაფარა.
1934 წელს ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი შემჩნევა. სწორედ ამ წლის 15 იანვარს ტფილისის საბჭოს კომუნალური განყოფილების სახელზე დაიწერა ასეთი განცხადება:
`ძველი ვერის სასაფლაოზე, სადაც ამჟამად ბაღი შენდება, არის საფლავი მწერალ სანდრო ცირეკიძისა. გთხოვთ, მისი საფლავი დაცულ იქნეს იმავე სახით, როგორც ამ სასაფლაოზე დამარხულ სხვა მწერლების საფლავები.
მწერალთა კავშირის მდივანი: ბ. ჟღენტი.
საქმეთა მმართველი: ირ. ქავჟარაძე.
(ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრ. სახ. არქივი, ფ.8, აღ. 1, საქ. 399).
ვერ დაიცვეს.... დღეს აღარ ჩანს საფლავის კვალი....
დარჩა ფიქრები, ხელნაწერები. შეწყვეტილი აზრები და სტრიქონები.
სანდრო ცირეკიძის სიცოცხლეც ერთ მინიატურას დაემსგავსა და იგი თავისივე პოეტური დამყაროს მარადიულ, განუყოფელ გმირად იქცა.
ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა, საქართველოში XX საუკუნის პირველ მეოთხედში მოიკიდა ფეხი. მის მცველებად და ,,წმინდა რაინდებად'' ,,ცისფერყანწელები'' მოგვევლინენ. ქართული სიმბოლისტური სკოლის ნიადაგზე ახალი შინაარსი და ფერი შეიძინა ამ ჟანრმა. გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა შესანიშნავ ესეებში აისახა ის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები, რომლებიც საფუძვლედ დაედო მათ შემოქმედებას. ამ მხრივ, საინტერესოა სანდრო ცირეკიძის ესსეებიც, რომლებიც ფარდას ხდიან ქართული სიმბოლისტური პოეზიის მრავალ ბუნდოვან საკითხს, აზუსტებენ და ნათელს ჰფენენ ამ მიმართულების მხატვრულ აზროვნებასა და ლიტერატურულ კრედოს.
სანდრო ცირეკიძის ესსეებში საინტერესოდ და საფუძვლიანადაა განხილული პოეზიისა და პოეზიასთან დაკავშირებული საკითხები: რას წარმოადგენს პოეზია, რა მიმართებაშია სამყაროსთან, რა კავშირი აქვს ხელოვნებასთან, მეცნიერებასთან, რელიგიასთან.
ყოველმა ეპოქამ თავისებურად ხსნიდა პოეზიას, მაგრამ მისი არსი, როგორც იდუმალის, ამოუცნობისა და მიუღწეველისა, მაინც ერთი და იგივე რჩებოდა. მალარმეს აზრით, ,,პოეზიაში უნდა იყოს საიდუმლო, თვით პოეზია არის უხილავი იზიდა, ქვეყანა შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც სიმბოლო მხოლოდ, ყოველ შემოქმედებას თავზე უნდა ადგეს ორეულივით~'' (ვ. გაფრინდაშვილი).
ესეში ,,პოეზიის ნაპირები~'' სანდრო ცირეკიძე განმარტავს პოეზიის არსს, ადგენს მის საზღვრებს. იგი წერს: ,,სამთავრო პოეზიის არ არის შემოხაზული საბოლოოდ, პოეზიას ყოველთვის სჩაგრავდნენ და პოეტის სახელს სცვეთდნენ ათასნაირად. იმას გაუჩნდა მეტოქეებიც და მეზობლებიც~. ამ ფრაზებიდან ჩანს სანდრო ცირეკიძის დამოკიდებულება, ზოგადად, პოეზიისადმი. მისი აზრით, პოეზიის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრა შეუძლებელია. პოეტი პოეზიის მხოლოდ გარკვეული კუთხით წარმომჩენია. ფრანგ პარნასელ თეოდორ დე ბანვილისთვის პოეზია თავისებური ნარკოზი იყო, რომელსაც პოეტისთვის უნდა დაევიწყებინა აუტანელი სინამდვილე. თავის დროზე ლესინგმაც სცადა პოეზიის საზღვრების დადგენა ფერწერასთან და ქანდაკებასთან შედარების გზით (`ლაოკოონი~). სანდრო ცირეკიძეს თვით პოეზიის არსში ჩაწვდომა სურს. იგი აღნიშნავს, რომ ,,პოეზიას ურევენ ლექსთა წყობაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და პუბლიცისტიკაშიც კი. ერთი შეხედვით, პოეზია, მართლაც, იოლად შეიძლება გაიგივდეს ხელოვნებასთან. მისი აზრით, ,,პოეზია-ენერგიაა, ქმედობაა, გადალახვაა საზღვრების~. ამ ფორმულაში ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი პოეზიის არსი, მხოლოდ მისი გამოვლენის ნიშნებია. ,,პოეზია მაშინვეა, როდესაც ათვისება იღებს მისნურ ხასიათს და მისი თქმა ფერებით და ხმებით არაა სავალდებულო~. ამ ფრაზებიდან უკვე ჩანს ამოსავალი წერტილი, საიდანაც იხსნება პოეზიის არსი. ეს არის სამყაროსთან დამოკიდებულების ფორმა. პოეზია არის სამყაროს მისნური ათვისება და არა გამოთქმა. თუმცა, შეიძლება ,გამოითქვას'' კიდეც. ,,პოეზია განცდაა და მისი გამოთქმა შეიძლება პეტრარკას სონეტით, პროზით, სიმფონიით, უაიტსლერის საღებავებით~. საგანთა იდუმალი მხარეების წარმოჩენას მიიჩნევს სანდრო ცირეკიძე პოეზიად. მას მიაჩნია, რომ პოეზია აღიძვრება მაშინ, როცა ადამიანი, შეგნებულად თუ ინტუიციურად, ეჭვს შეიტანს რეალურ სამყაროში, არ დააკმაყოფილებს ხილვად საგანთა ცქერა და მათ მიღმა გადაიხედება: ამგვარი წამები პოეზიით არის აღსავსე, რადგან ადამიანს ამ დროს ეუფლება არაჩვეულებრივი არაყოფითი, არაყოველდღიური, არაამქვეყნიური განცდა, რადგან მოვლენებს იქით ჭვრეტა და საგანთა ჭეშმარიტ არსში ჩაღრმავება ადამიანის სულს სულ სხვაგვარად აფორიაქებს და აღელვებს. გვახსენდება ეგზიუპერის აფორისტული ნათქვამი: ,,ყველაზე მთავარი და ყველაზე მშვენიერია ის, რასაც თვალით ვერ დაინახავ~. სანდრო ცირეკიძე ამბობს, რომ მთავარია სამყაროსთან დამოკიდებულება, რეალური საგნების `ათვისება~ იღებდეს მისნურ ხასიათს, მერე კი ეს მისნური შთაბეჭდილებები შეიძლება გაფორმდეს ფერებითა და ხმებით და ასე შეიქმნას მუსიკა, მხატვრობა, ან კიდევ დარჩეს გამოუთქმელი, მხოლოდ უშუალოდ მჭვრეტელი სულის კუთვნილებად. კიტა აბაშიძე, რომელიც ბევ რამეში ეთანხმებოდა ცისფერყანწელებს, წერდა: `პოეტისთვის მოვლენას ათასგვარი სახე აქვს და ყოველ წამში მოვლენის იმ სახეს მოგვაჩვენებს, რომელსაც იგი ხედავს წარმოდგენითი ძალის შემწეობით იმ წუთის პოეტურ ექსტაზში~. სანდრო ცირეკიძის აზრით, პოეტურმა განცდამ შეიძლება მიიღოს ირონიის სახე და მიიღო კიდეც სიმბოლისტ პოეტებთან. ,,ირონია შეიძლება მივიდეს თქმის უარყოფამდე და უნდა მოველოდეთ ამაყ პოეტებს, რომლებიც აღარ გამოსთქვამენ თავიანთ განცდებს. ჭეშმარიტი პოეზიის ორღობე მიდის ამ უფსკრულისკენ~. ირონია, რომელიც პოეტებს შეაგრძნობინებს თავიანთი განცდის განუმეორებლობას, იმ ღვთაებრივ ნიჭს, რომელიც ერთეულთა ხვედრია. ამას თან ერთვის ისიც, რომ ამგვარი განცდები ხშირად არ წარმოადგენს რაიმე ღირებულს მათთვის, ვისაც იგი ერთხელაც არ განუცდია. ,,რემი დე გურმონს ,,ნიღაბთა წიგნის~'' შესავალში გაკვრით წამოსცდება, რომ უკანასკნელი გამართლება პოეზიის არის ირონია'~' (ტ. ტაბიძე). ,,დიდი განცდები აღარ დაიმტვერება ვიტრინებში მუშტრის მოლოდინში და ფილისტერებს აღარ დასჭირდებათ იუბილეების გადახდა პოეტებისათვის~, _ წერს სანდრო ცირეკიძე. იგი ფიქრობს, რომ არ ღირს, პოეტი გაისარჯოს ფილისტერისათვის, რადგან ასეთი ადამიანისთვის ,,მისაწვდომია მხოლოდ უშუალო განცდა, განცდა ფიზიოლოგიური. ის ხუთი გრძნობის გალიაშია და ყველა სიმფონიები ბეთხოვენის მისი ყურის ბარაბანს არ სცილდება~. პოეზია კი არ თავსდება ხუთი გრძნობის საზღვრებში, საჭიროა სულ სხვა, გამოუთქმელი და სახელდაუდებელი გრძნობა. აქედან წარმოიშვა სიმბოლისტებთან პოეზიის არისტოკრატიულობის ცნება.
სანდრო ცირეკიძე განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ ,,პოეზია არაა ნაწილი ხელოვნებისა~'' (,,პოეზიის ნაპირები~). იგი ხელოვნების სამთავროდ აღიარებს სტილს, ფორმას და მიიჩნევს მას მაიას საფარველად; ხელოვნებას აქვს გრძნობათა ინსტინქტური გამოცნობის შესაძლებლობა და ეძებს ყოველთვის მისაღებ და ადვილ ფორმებს. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნება არის ტექნიკა, მიღწევა; ის დინამიური კი არაა, არამედ სტატიურია – თავის უმაღლეს საფეხურზე; ასეთ საფეხურად იგი ასახელებს ხელოვნების მარადიულ ფორმებს: ფუგას, სონეტს, კორინთის და იონის კოლონებს; ფორმა განსაკუთრებულ როლს არქიტექტურაში თამაშობს, რადგან აქ უფრო მკვეთრად ჩნდება ხელოვნების ხასიათი: ,,დაკანონებული ფორმები და კომპოზიციები ორეულებივით მეორდებიან დროსა და სივრცეში~. ხელოვნებას საქმე მხოლოდ მატერიალურთან აქვს, იგი არჩევს ფერებს, ხაზებს ისე, რომ თვალს აამოს, სმენა დაატკბოს – ხელოვნებას სხვა აზრი არა აქვს; სანდრო ცირეკიძის აზრით, ხელოვნური ნაწარმოები შეიძლება იყოს თავისთავადი, მარტოოდენ ფორმა – უშინაარსო; იგი შეიძლება შედევრიც იყოს ოსტატობით, მაგრამ პოეზიას მაინც ვერ მიაღწევს, მეცხრე ცის გადაღმა ვერ გადაგვახედებს, ხელოვნება არის ხელოვნებისთვის და პოეზიასთან არავითარი კავშირი არა აქვს; მისი მნიშვნელობა იმგვარივეა, როგორც ,,ზაფხულში ტკბილი ლიმონათის~; ცირეკიძე ხელოვნებას მოჯამაგირედ მიიჩნევს, რომელიც თავისი ლამაზი ფორმებით ,,ტანსაცმელივით მიდის საცვეთად პუბლიცისტიკასთან, ფილოსოფიასთან, არითმეტიკასთანაც კი~. იგი ხელოვნებას პასიურ მონას ადარებს, რომლის ერთადერთი მისია ის არის, რომ ადამიანის ხუთ გრძნობას მორიდებით გაუსწროს წინ და მის სასიამოვნოდ გაალამაზოს ყოველივე: მეცნიერება, რელიგია, ქუჩები, ოთახის მორთულობა. მიუხედავად პოეზიისა და ხელოვნების ასეთი გამიჯვნისა სანდრო ცირეკიძე შესაძლებლად მიიჩნევს მათ შორის თანამშრომლობას: ,,ბედნიერ მომენტებში ისინი მეგობრებივით ხვდებიან. პოეზიასთან თანამშრომლობა ყოველთვის ამაღლებდა ხელოვნებას~. ამგვარად, სანდრო ცირეკიძე პოეზიას ხელოვნებაზე მაღლა აყენებს.
სანდრო ცირეკიძე ესეში ,,პარალელები~'' წერს: ,,მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფიის და მეცნიერების, მათი თავისებურად დალაგება სტილიზაცია და მოდერნიზმი. მაგრამ არიან სხვები, რომლებმაც ქვეყანას უცნაურად შეხედეს; რადგან ,,მოვლენებს იქეთ საგნები იზმორებიან უცხონი~. როცა საგანი ისეა ასახული, როგორც არის, ეს ჯერ კიდევ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მთლიანად იქნეს შემეცნებული, რადგან ,,სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებებით დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა. აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპარატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა~. სანდრო ცირეკიძე პოეზიისთვის აქ მეტად არსებით აზრს გამოთქვამს: პოეტი არ შეიძლება ენდოს მხოლოდ თვალებს. რადგან ის, რისკენაც მიისწრაფვის მისი შემეცნება, არ შეიძლება მატერიალური იყოს. სიმბოლისტი ვალერი ბრიუსოვი თავის თეორიულ ნაშრომში `იდუმალების გასაღები~ წერდა: `სინამდვილე მოჩვენებაა. მეცნიერება ყალბია. ცხოვრებას, სინამდვილესა და ცნობიერებას შორის არაფერია საერთო. თვალი გვატყუებს, მიაკუთვნებს რა მზის სხივის თვისებას ყვავილს, ყური გვატყუებს, მიაჩნია რა ჰაერის რხევა მოწკრიალე ზარის თვისებად. მთელი ჩვენი ცხოვრება გვატყუებს. გონება და მეცნიერება უძლურნი არიან გამოააშკარავონ ეს სიცრუე~.
სანდრო ცირეკიძე ერთ სიბრტყეზე ათავსებს პოეზიას და რელიგიას, რადგან ისინი იხედებიან მოვლენათა გადაღმა და რადგან ,,ორი თვალი ადამიანისა დაძველდა~, ,,მათთვის შეიქმნა ათვისებისა და გამოთქმის ახალი ფორმები~. სანდრო ცირეკიძე აღნიშნავს რელიგიისა და პოეზიის არსებით სხვაობასაც. ადამიანი უსაზღვრო სამყაროში თავგზააბნეულ კომეტას რომ არ დაემსგავსოს, ეძებს გარკვეულ საყრდენ წერტილს. ამ წერტილთან მიმართებით იყოფა მათი გზები: რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს უკვდავებას. პოეტმა კი თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. მან დაიჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას. აქედან მოდის პოეტისა და მორწმუნის ცხოვრების სხვადასხვაობა. პირველი – მარადიულ ტანჯვაშია, რადგან დაეძებს არა ჭეშმარიტ ღმერთს, არამედ მის ბუტაფორიას. ბუტაფორიები კი მრავალგანაა და მრავალსახოვანია, ამიტომ პოეტის ცხოვრების მუდმივი თანამდევი ხდება ეჭვი და ყოფნა-არყოფნის მტანჯველი კითხვა. მორწმუნისათვის კი, რაკი ერთხელ აირჩია ჭეშმარიტი გზა, უკვე აღარაფერი რჩება საეჭვო და საჭოჭმანო. იგი იწყებს სულის მომზადებას მარადიული ცხოვრებისთვის და მთელი მისი სიცოცხლე ამ გარკვეულ მიზანსაა დაქვემდებარებული. სანდრო ცირეკიძე მოგვისა და პოეტის შედარებისას უპირატესობას მეორეს ანიჭებს, რადგან სამყაროში ის უფრო მეტ თავისუფლებას იჩენს: პოეტს მინიჭებული აქვს უნარი, იგრძნოს სამყაროს გადაღმა უკვდავების დიდი პარალელი; პოეტი სათითაოდ ამართლებს და ფასს აძლევს სახეებს; ~მოვლენა პოეტის რეკომენდაციით _ დადაღული ღირებულებაა~. ,,ვაძლევ ქიმერებს მე – პოეტი აზნაურობას~, _ წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი.
პოეტს რეალურ ყოფაში შემოაქვს ქიმერის სახე. როგორც თვითმყოფადი და ანიჭებს უსაზღვრო თავისუფლებას; პირველ შემთხვევაში, მოვლენებს იქით ხედავს მათ ნამდვილ ან მიახლოებით არსს, ან ნიშნების, სიმბოლოების საშუალებით ამოიცნობს და საკუთარ სამყაროში შემოაქვს, როგორც ,,დადაღული ღირებულება~, მეორე შემთხვევაში კი, ქმნის სრულიად ახალ სახეებს, რომელნიც ავსებენ, ამრავალფეროვნებენ რეალურ სამყაროს. ამავე დროს, ამ სახეთა შემწეობით არსებული საგნები და მოვლენები უფრო ნათდება და უფრო კარგად წარმოჩინდება მათი შინაარსი. ეს არის პოეტური ნათელხილვები, ადამიანებისთვის ერთ დროს ჩვეული და დამახასიათებელი, მაგრამ ეს სახეები ლიტერატურაში თავისებურად, სიმბოლოების საშუალებით აისახება. პირდაპირ არც შეიძლება გამოთქმა ან მინიშნება, იმიტომ, რომ ,,მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალგვარად~, ამიტომ სწორედ ამ მრავალგვარობის შემეცნებაა საჭირო და საგნის თუ მოვლენის მთელი მრავალფეროვნებით წარმოჩენა.
ერთი მოვლენა პოეტმა შეიძლება ათას სხვა მოვლენას დაუკავშიროს და ყოველი კავშირისას ეს პირველი გამოჩნდება სულ სხვადასხვაგვარად. მისი ერთი მხარე შეიძლება რეალურად გადმოიცეს, მაგრამ სხვა მხარე მარად იდუმალი რჩება და იმ მხარეს პოეტი სწვდება ინტუიციით, ან სახეების საშუალებით და შემდგომაც ასევე მინიშნებებით თუ სიმბოლოებით მოაქვს ჩვენამდე. სანდრო ცირეკიძე პოეტის მისიის სფეროს აფართოებს: რადგანაც პოეტს ხელეწიფება ღვთის დარი'' საქმიანობა, მოვლენების, პოეტური სახეების სახელდება. სამყაროში ყველაფერი წარმავალია, ეს მარადიული ცვალებადობა წყაროა ადამიანთა ტანჯვისა. შესანიშნავად ამბობს სანდრო ცირეკიძე: ,,პოეტმა უნდა შექმნას მაგარი ფონის ილუზია, რომ მილურსმოს წარმავალი~. დიდი პოეტები მუდამ ახერხებდნენ მარადიულობისა და წარმავლობისთვის გამოეტაცნათ მშვენიერი საგნები თუ მოვლენები მათი პოეზიაში აღბეჭდვის გზით. ,,ჭეშმარიტ მოვლენათა ჯვარცმა შეიქმს კათარზისს ბარათაშვილის სულისას~, - ასკვნის სანდრო ცირეკიძე. აქვე იგი აყალიბებს შემდეგ დებულებებს:
1. ადამიანის განცდას აქვს საფეხურები;
2. პოეტური თრთოლა იცვლება;
3. იცვლება პოეტური ხედვის ობიექტი;
4. იცვლება ხედვის მახვილობა;
5. პოეტები არიან სხვადასხვა სიმაღლის;
6. არის აღმართები და დაღმართები, მაგრამ საერთო ხაზი მაინც აღმართია.
სანდრო ცირეკიძე წერს: ,,ყოველი შემდეგი ეპოქა უფრო რთულია და ახალი~. ეს კარგად ჰქონდათ შეგნებული ქართველ სიმბოლისტებს და რადგან პოეზია ცხოვრებას ეფარდებოდა (ვალერიან გაფრინდაშვილი: ,,დღევანდელი პოეზია არის პოეზია ქაოსის, რადგან ქაოტურია თვით საზოგადოებრივი ცხოვრება~), სიმბოლისტები ცხოვრებასა და პოეზიას შორის ცალსახა მარტივ კავშირს უარყოფდნენ და არა მათ საერთო ერთიანობას. მათი პოეზია სხვა ეპოქებისაგან განსხვავებულ, უფრო რთულ და ახალ ეპოქას უნდა შეჰფერებოდა. სიმბოლისტები, ამას არა ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავდნენ წერილებში. სანდრო ცირეკიძეს უახლეს პოეზიის მაგალითები მოჰყავს დასტურად: ,,ფრანგმა პარნასელებმაც კი _ წმინდა ლიტერატურულმა სკოლამ _პოეზიის ახალი ბოროტების ყვავილები დაამყნეს. ჰიუგომ მისწერა ახალგაზრდა ბოდლერს _ ,,პოეზიაში თქვენ მოიტანეთ ახალი თრთოლვა~. ჰო, ბოდლერი. მალარმე – ესაა ხაზი ამ ახალი თრთოლვის. ,,ყორანი~, ,,ბოროტების ყვავილები~, ,,ზამთრის თრთოლვა~, შემდეგ ლაფორგი ირონიით და ტკივილით. მისი ჩივილი ჭეშმარიტად ახალი ხილვაა სამყაროს ,,გაბზარული ვაზის~.
სანდრო ცირეკიძე თავის ესეებში გამოთქმული დებულებებით მკითხველს ამზადებს და გზას უხსნის ცისფერყანწელთა შემოქმედებისაკენ. თეორიულად ასაბუთებს ქართველ სიმბოლისტთა არსებობის უფლებას. ცნობილია, რომ მათ სამწერლო ასპარეზზე გამოსვლას ბევრი ამრეზით შეხვდა; უამრავი გესლი და შხამიანი ირონია დაანთხიეს თავზე ქუთაისელმა თუ თბილისელმა ფილისტერებმა. სანდრო ცირეკიძე წერს: ,,ჩვენი ათვისების მთავარი გზები _ სმენა, მხედველობა, _– არაა ერთიანად ღია და გატკეცილი~. ეს უნდა შეეგნოთ და შეეთავსებინათ მათ მკითხველებს. ,,კულტურა, დისციპლინა სცვლის მშვენიერი ათვისების კანონებს~'' (ეგზიუპერი: ველურისთვის ნისლი მხოლოდ ნისლია, პოეტისთვის კი მთებზე ჩამოფარებული ფარდა). საჭირო იყო ამ ათვისების კანონების ცვლილების შემეცნება.
`ერთეულში ყოველთვის არის შესაძლებლობა ძველით დადაღვით და წყურვილი ახალი სპეტაკი ხილვის. ვაგნერი, სკრიაბინი, თავისუფალი ლექსი, იმპრესიონიზმი _ თავის დროზე საერთო დონეზე მაღლა დგომა იყო. არის კონუსი ოსტატობის~, _ წერს იგი. მისი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ პოეტი ჭვრეტს მოვლენებს მიღმა, ,,მისი აზროვნება მეტაფორულია~. პოეტი ეძებს ნივთების ფარულ დამოკიდებულებებს და ქმნის პარალელურ შეფარდებებს. სწორედ ამ ფარული დამოკიდებულებების ძებნა ქმნიდა პოეტური საქმიანობის სირთულეს. ქართველმა სიმბოლისტებმა თავიანთ საპროგრამო პრინციპად აღიარეს ბადლერის სონეტი ,,შესაბამისობა~, რომელშიც დაძებნილი იყო კავშირები და პარალელები შიდა და გარე სამყაროს შორის. დაახლოებით ამავე პრინციპზე იყო აგებული მალარმეს ,,ანალოგები~.
სიმბოლისტები სამოციანელებს ,,გარემოების საყვირობას~'' იმიტომ უკიჟინებდნენ, რომ მათ შემოქმედების აქცენტი სამყაროს ზედაპირზე გადმოიტანეს. როცა ისინი წინაპრებს რაიმეს უწუნებდნენ, ამით მხოლოდ საკუთარ განსხვავებებზე მიუთითებდნენ, მათ ღვაწლს კი ერისა თუ ეროვნული პოეზიის წინაშე სრულიადაც არ უარყოფდნენ. სიმბოლისტებმა პოეტური თვალი სხვა მხარეს, თვით პოეზიისაკენ მიმართეს. პოეზიის წყაროდ და მიზნად კი პოეტური შემეცნება გაიხადეს. პაოლო იაშვილი წერდა: ,,პროვოკატორები აქ იტყვიან, თითქოს ჩვენ ერის წინაშე მოვალეობას მეორეხარისხოვან საკითხად ვთვლიდეთ, ე.ი. თითქოს ჩვენთვის არ არის მთავარი მიზანი ის, რომ ვიყოთ პოეტები მხოლოდ ჩვენი ერისთვის. – პოეტი, რომელიც შემოქმედების მთავარ იარაღად მშობლიურ სიტყვას იღებს, რჩება თავისი ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერი მისი წინააღმდეგი იყოს... ჩვენი ფიქრი ყოველთვის მიმართული იყო მსოფლიო არესაკენ... სინდისიერად ვცდილობთ და ვამუშავებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიო პოეზიაში~.
ცისფერყანწელები ვერ ასწრებდნენ პოეტური სახეების დასრულებას, რომ უკვე მთლიანად იძირებოდნენ მასში. ისინი თვითონ პოეზიას იკვლევდნენ, სახეებით ქმნიდნენ და უკვე შექმნილს დამოუკიდებელ ღირებულებად აქცევდნენ, მიემართებოდნენ მისკენ, როგორც უცხოსკენ. ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა ,,ლირიკის ელიზიუმში~, რომ პოეზიაში ახალი სახელები შემოვლენ, რომ პოეზიის მუზები ახალ სახეებს მოემსახურებიან. იგი აღნიშნავდა: ,,ლირიკა ყველა ხელოვნებაზე უფრო უნივერსალურია და რევოლუცია პოეზიის უპირველეს ყოვლისა იწყება ლირიკაში~. ქართველმა სიმბოლისტებმა `ბრძოლა~ ლირიკით ამიტომ დაიწყეს.
სანდრო ცირეკიძის აზრით, პოეტი უფრო მეტად არიან დაახლოებული კოსმიურ სამყაროსთან, ვიდრე სხვები. ეს სიახლოვე, რასაც იგი სახეობრივი აზროვნებით ახერხებს, გამოარჩევს მას უბრალო მოკვდავებისაგან: ,,პოეტის სახეს ახლა დაეძებენ რითმების ხასიათსა თუ რიტმის ანომალიებში. ადამიანი იცნობა ყელსახვევის გამოსკვნით ან ახალუხის ფერით~. ამ მეთოდით მწერლის დასახასიათებლად შეიძლებოდა სიტყვების, ცალკე ხმების ან სასვენი ნიშნების სტატისტიკური გადარჩევაც. სხვადასხვანაირი მიდგომა პოეტის ამოსაცნობად საჭიროა იმისთვის, რომ მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალგვარად. სანდრო ცირეკიძე პოეტის დასახასიათებლად არ ირჩევს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდს. არამედ გამოყოფს სათაურს. იგი წერს: ,,ამ მხრივ, ყველაზე უფრო შესანიშნავია სათაური. თეოფილ გოტიეს თქმით, მოკლე და პოეტურ ფორმაში იგი დაასკვნის საერთო იდეას წიგნისას, აღნიშნავს მის ტენდენციებს. ჩვენ სხვანაირად ვიტყოდით: ბოლოს და ბოლოს პოეზია არის მოვლენათა იქით გადახედვა და სახელების დარქმევა საგნებისათვის.~' სანდრო ცირეკიძე ხაზს უსვამს იმას, რომ პოეტი არა მხოლოდ აღიქვამს ბუნებაში არსებულ საგნებს, რასაკვირველია, პოეტური სახეებით, არამედ იგი მოვლენებს მიღმა აღმოაჩენს ნამდვილ სახეებს და სახელებს არქმევს მათ; შეუმჩნეველსა და უხილავს საგნობრივ სახეს ანიჭებს სახელის დარქმევით, საგნობრივს მხოლოდ იმ აზრით, რომ აქამდე უხილავი ხდება სახილველი, მაგრამ არა ფიზიკურად, არა თვალით, არამედ აბსტრაქტული წარმოდგენით. ეს უფრო ზუსტად გულის ხედვაა. როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, სახელი ასტრალური სხეულია სახელდებულის. სახელის დარქმევით მოვლენა ,,იდაღება ღირებულებად~'' და სამყაროში ენიჭება არსებობის უფლება. უსახელოდ ჩვენთვის არ არსებობენ საგნები თუ მოვლენები. სახელდება მათი შობის აქტსაც უკავშირდება. როდესაც ნაწარმოებს ვარქმევთ სახელს, ამით ის რეალური არსებობის უფლებას იძენს, როგორც ერთი მთელი. სანდრო ცირეკიძემ ამით ხაზი გაუსვა სათაურის მნიშვნელობას, აქამდე ის ლოგიკურად მოვიდა, რადგან განაზოგადა საერთოდ სახელდების პრინციპი. თუ როგორ არქმევს პოეტი სახელს მოვლენას, ამით უნდა იწონებოდეს მისი ნიჭი: ,,ამ სასწორზე უნდა აიწონოს ყველა, ვისაც პრეტენზიები აქვს პოეტის სახელის ტარების~. პოეტობის ამგვარი გაგება გაიზიარეს ქართველმა სიმბოლისტებმაც.
მოვლენების დანახვა ნამდვილი სახით, რასაკვირველია, უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირ გადმოტანა ხელოვნებაში. სიმბოლისტებმა ეს რთული გზა შეგნებულად აირჩიესო, _ გვეუბნება სანდრო ცირეკიძე, მაგრამ ამით როდი ამტკიცებს, რომ ეს სიმბოლისტების ერთადერთი უპირატესობა იყო სხვებთან შედარებით; ,,ინტუიციით ამ გზასთან მისულა ბევრი ჭეშმარიტი პოეტი სხვა ჯგუფიდან~, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სიმბოლისტებისთვის ინტუიცია აღარ არის ისე ბრმა, ისინი ცდილობდნენ მის ამოცნობას და მის მეთოდად გამოყენებას სინამდვილის პოეტური გარდასახვისასო, - ასკვნის იგი.
სანდრო ცირეკიძის სიტყვებით: ,,პოეტი მოგვია და მისტიფიკატორი რამოდენიმედ~, რადგან მისტიფიკაციისა და რწმენის გარეშე შეუძლებელია მოვლენებს იქით გადახედვა. პოეტი ,,არ გვიჩვენებს ჭეშმარიტ ორეულს ქვეყნისას, ის მხოლოდ გვამცნობს მის შესაძლებლობას.~ აქ მეტად მნიშვნელოვანი დებულებაა ჩამოყალიბებული. არისტოტელე წერდა, რომ პოეტს ისტორიკოსისაგან, უპირველეს ყოვლისა, განასხვავებს შემდეგი: ისტორიკოსი გვიჩვენებს, თუ როგორ მოხდა ესა თუ ის ამბავი, პოეტი კი გვიხატავს, თუ როგორ იყო შესაძლებელი, რომ მომხდარიყო ეს ამბავი. სხვაობის დანახვა იოლია. ამ შემთხვევაში, როცა სანდრო ცირეკიძე ქვეყნის ჭეშმარიტი ორეულის მჭვრეტელებს მოგვსა და პოეტს ადარებს, გამოთქვამს აზრს, რომ პოეტი გვამცნობს მიღმურს მხოლოდ მის შესაძლებლობაში. ჩვენი სიმბოლისტი პოეტები როდი ფიქრობდნენ, რომ ისინი უცნაური სახეებითა და მინიშნებებით ქვეყნის ჭეშმარიტ ორეულს ხედავენ, არამედ ისინი ქმნიდნენ მხოლოდ მის შესაძლებლობას, ამიტომ გვხვდება ერთი და იმავე მოვლენის განსხვავებული სახეობრივი ასოციაციები. ჯერ არ-ქმნილი, ჯერ არ-დასახელებული მოვლენის სხვადასხვაგვარი სიმბოლოებით წარმოჩენა ემსახურება მასთან მიახლოებას.
ევროპულ პოეზიასა და ფილოსოფიასთან გარკვეულ სიახლოვეს ავლენს ცისფერყანწელთა შემოქმედება. სიმბოლისტურ პოეზიაში ერთგვარად გაერთიანდა მეცნიერების, რელიგიისა და ფილოსოფიის მიღწევები. ამიტომ ქართველი სიმბოლისტები სიმბოლოს არსზე საუბრისას მხოლოდ ერთგვარ მიმართებას არ ქმნიან სამყაროსთან, – მათთან სიმბოლო საშუალებაა რამდენიმე ფენის გახსნისა:
ა) ადამიანის შინაგანი სამყაროსი;
ბ) მიღმური სამყაროსი (ღმერთი, რელიგიური ასპექტები);
გ) საგანთა და მოვლენათა ნოუმენების ძიების.
ესეში ,,პარალელები~'' სანდრო ცირეკიძე ამახვილებს ყურადღებას სამყაროს მოვლენების პოეზიაში გარდასახვისა და ახალი პოეტური სამყაროს შექმნის საკითხებზე: ,,პოეზიაში მოვლენები იწმინდებიან და მარადიულის შრიალი ისმის მათ იქიდან~. ამგვარად, მისი აზრით, წარმავალი საგნები და მოვლენები, პოეზიაში ახალ პოეტურ ღირებულებებად გარდაქმნილნი, იქცევიან მარადიულად და ამით აღიდგენენ ჭეშმარიტ არსს.
ამავე წერილში ჩამოყალიბებულია მეტად საჭირო დებულებები სიმბოლისტური მწერლობის აღქმისთვის: პოეზიაში ,,ნივთები აითვისებიან, როგორც ნიშნები გამოუთქმელის და სახეები ხდებიან ღირებულებად~. აქ, გამოუთქმელის პოეზიაში ასახვის რამდენიმე საფეხური აღინიშნება. გამოუთქმელი გარკვეულ წილად განსახოვნდება ნივთებსა და მოვლენებში, რომლებიც ადამიანის მიერ აღიქმება სამყაროში, მაგრამ ნივთები აითვისებიან პოეტის მიერ არა თავისთავად, არამედ როგორც ნიშნები. ნიშანი კი მთლიანად ვერ მოიცავს, რასაკვირველია, საგანს. ამიტომ პოეზიაში სახეებად გარდაქმნილი ეს ნიშნები იძენენ თავისთავად ღირებულებას. სახეები ხდებიან არა როგორც მხოლოდ მეორეული, აბსტრაქტული და სუბიექტური, არამედ გამოუთქმელის პირდაპირი მინიშნებები. ე.ი. საგანში გამოუთქმელი კარგავს თავის არსებითობას, სახეში კი ყველაფერი აღუდგება. პოეზიაში აღდგება არა მხოლოდ საგანთა არსი, არამედ ის დაფარულიც, რაც რეალურად მატერიალურ სახეში არ არის განსახოვნებული. ეს შეუძლია პოეტს, რადგან მხოლოდ მას ძალუძს მოვლენებს იქით ჭვრეტა. საგნები თუ მოვლენები, ე.ი. ისინი, რომლებიც, ჩვეულებრივი ადამიანური თვალ-ყურით შეიმეცნება, წარმოადგენენ გარკვეულ ბარიერს გამოუთქმელის შესამეცნებლად, ეს თითქოს ბუნების თამაშია; პოეტი სწვდება ამ თამაშის არსს და თვითონაც პოეტური თამაშით, სახეობრივი არტისტიზმით მიდის გამოუთქმელის შემეცნებამდე.
სანდრო ცირეკიძე წერს: ,,პოეტია ის, ვინც იგრძნო ფენომენალობა სამყაროსი და აჩრდილი მარადიულის~. აქ ჩანს კანტის ფილოსოფიის გამოძახილი. ეს მეტად მრავლისმეტყველია. რადგან მიუთითებს, რომ ქართველ სიმბოლისტებს სიმბოლიზმი ფილოსოფიურადაც ჰქონდათ გააზრებული. ცნობილია, რომ კანტის ფენომენოლოგია წარმოადგენდა გარკვეულ წყაროს სიმბოლიზმისას. კანტის მიხედვით, არსებობენ საგნები თავისთავად, ე. ი. ადამიანებისაგან დამოუკიდებლად, რომელთა შემეცნება შეუძლებელია და არსებობენ საგნები ჩვენთვის, რომელთაც ადამიანი შეიმეცნებს. საგანს თავისთავად იგი უწოდებს ნოუმენს, ხოლო საგანს ჩვენთვის – ფენომენს. ,,წმინდა გონების კრიტიკაში~'' იგი წერს: ,,ჩვენ არ შეგვიძლია შევიმეცნოთ საგანი, როგორც ნივთი თავისთავად, არამედ იმდენად, რამდენადაც იგი არის გრძნობადი მჭვრეტელობის ობიექტი, ე. ი. როგორც მოვლენა. აქედან ცხადია, შემეცნების შემოფარგვლა მარტოოდენ გამოცდილების საგნებით და მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის გვრჩება შესაძლებლობა სწორედ იგივე საგნები გავიაზროთ, როგორც ნივთები თავისთავად, თუმცა ვერ შევიმეცნებთ, ნოუმენები მიიწვდომება მხოლოდ რწმენით და როგორც სიმბოლისტები წერდნენ, პოეზიის საშუალებითაც. პოეზია ხსნის საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ არსს. ქართველი სიმბოლისტები ხშირად უწოდებდნენ ამ სამყაროს ფენომენალურს და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათ ნოუმენების სამყარო აინტერესებდათ (ამ აზრს ეხმიანება ვ. გაფრინდაშვილი: ,,ეს პოეზია არ არის ფენომენალური, მისთვის ტიპიურია კანტის ნოუმენის ძიება~).
სანდრო ცირეკიძე წერს: ,,მოვლენებს იქით საგნები იზმორებიან უცხონი~.
პოეტი არსებით მოვლენებს მხოლოდ სახეობრივი აზროვნებით მისწვდება. მისი აზრით: ,,ნატურალისტის ერთიან ქვეყანას არ ემჩნევა ფენომენალობა. სანამ გვაქვს ერთი შეფარდება ,,ა~'' ,,ბ~''-სთან, იგი მაგარია და მძიმე, როდესაც ითქმის მისი თანასწორი ,,გ~'' შეფარდებული ,,დ~''-სთან, `როდესაც შეიქმნება რეალობის შესაბამისი სახეები, მაშინ იგრძნობა დენა ჟამთა და უცნაურად ამჩატებულ ნივთების კადრილს მიყვება დაბერებული სახე სამყაროსი. ფარდა გადაეხდება საიქიოს და მის წინ ვდგავართ ტრაგიკულ სილუეტებად~. ნატურალისტებისთვის უცხოა სამყაროს ფენომენალობა. ისინი საგნებს ასახავენ ისე, როგორც ხედავენ და შეიგრძნობენ. ისინი ვერ ჭვრეტენ საგანთა ჭეშმარიტ არსს. სანდრო ცირეკიძე სხვადასხვა შეფარდების მოძებნის აუცილებლობას მოითხოვს და ამით ილაშქრებს პოეტური დოგმატიკის წინააღმდეგ, რაც იმ დროის ქართული პოეზიისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
სანდრო ცირეკიძე ერთგვარად აერთიანებს საიქიოს და ნოუმენების სამყაროს. უფრო სწორად კი, როცა წერს, ,,ფარდა აეხდება საიქიოსო~ _ გულისხმობს, რომ პირველ საფეხურზე პარალელური შეფარდებებით დადგინდება ჯერ საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტი არსი, ხოლო შემდგომ საფეხურზე, როცა სამყაროში ყველაფერი ისე შეიმეცნება, როგორც ჭეშმარიტად არსებული, მოიხსნება უხილველობის ბარიერი და პოეზიაში გამოჩნდება საიქიო, როგორც ამხსნელი უკვე თვით ადამიანური არსისა, ადამიანური ნოუმენისაც. ამ ქვეყნის ,,მარადიულის'' აჩრდილად~ გამოცხადება კი პლატონის ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. სიმბოლისტი პოეტები რეალურ მატერიალურ საგნებს კი არ ასახავენ, არამედ მათ ჭეშმარიტ არსს, რომელთაც სწვდებიან მხოლოდ სიმბოლოების საშუალებით და ასევე სიმბოლოებით მოაქვთ ჩვენამდე.
ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: ,,დღეს პოეზია ლირიკაში სიმბოლურია, რადგანაც ლირიკას სწამს გარეგანი სინამდვილე, როგორც საშუალება და არა როგორც მიზანი, როგორც ფენომენი და არა როგორც ნოუმენი~. ეს სიტყვები ყველაზე მოკლედ, კონკრეტულად და ღრმად გამოხატავენ ქართველი სიმბოლისტი პოეტების პოეზიის არსს. ცხადია, ისინი სინამდვილეს არ უარყოფდნენ, როგორც თავისთავად არსებულ რეალობას, მაგრამ მათი დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარი იყო. სინამდვილისადმი დამოკიდებულება, როგორც საშუალებისადმი, ცვლის მისი ათვისების ფორმებსაც და სწორედ აქედან გამომდინარეობდა სიმბოლისტ პოეტთა მიერ სინამდვილის ახალ-ახალი ფორმებით ათვისების ძიება და ამ გზაზე მრავალი, ენობრივ-პოეტური ექსპერიმენტი. საეთოდ, ნებისმიერი სკოლის ლიტერატურა წარმოადგენს ძიებას, იდუმალისკენ სწრაფვას, მაგრამ ყოველთვის როდი ხდება იმ იდუმალის გააზრება ან შემეცნება. სიმბოლისტურ პოეზიაში კი, კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ, საგნები მოიაზრება, როგორც ნივთები თავისთავად, თუმცა მათი შემეცნება მაინც ვერ მიიღწევა. ასე რომ ყოფილიყო, პოეზიის იდუმალება ამოიცნობოდა და ლირიკის მიზანიც ამოიწურებოდა. სწორედ ეს დაუკმაყოფილებლობა ვერშეცნობის გამო, მარად და მარად წარმოშობს ახალ-ახალ პოეტურ სახეებს, სამყაროს მიმართ ახალ-ახალ დამოკიდებულებებს და თავისთავად განაპირობებს მისი პოეტური ათვისების ფორმების უსასრულობასა და მარადიულობას.
ამგვარად, სანდრო ცირეკიძემ ესეებში ასახა ის ძირითადი ესთეტიკური საკითხები, რომლებიც აღელვებდათ ცისფერყანწელებს, როგორც ახალი, სიმბოლისტური მიმდინარეობის წარმომადგენლებს.
ტიციან ტაბიძე წერდა: `მე ვათვალიერებ სანდრო ცირეკიძის დარჩენილ ხელნაწერებს და მიკვირს, რომ ჩვენს მშფოთვარე დროს შეიძლება კიდევ იყოს ასეთი მებრძოლი და თავგამეტებით ოსტატი. სანდრო ცირეკიძე გაჯერებთ, რომ არ არის ლეგენდა ქართული მოზაიკა. ქართველი მთწმინდელები და ქართველი გადამწერლები. გასაოცარია, რომ იგი, რომელსაც ყოველ ღამე ეზომებოდა სიკვდილი, აუწერელ სიღარიბეში ყველაფერს იმეტებდა მწერლობისთვის, გამოცემისთვის~.
დროს ყველაფრის წაშლა ძალუძს, მხოლოდ მხატვრულ სიტყვაში ხორცშესხმულ პოეტურ ფიქრს ვერაფერს შეჰბედავს.
დაბეჭდილია წიგნში ''სანდრო ცირეკიძე, რაინდთა ლანდები'', ქუთაისი, 2010